23 იანვარი 2023 წელი №ას-1172-2022 ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები - ი.ხ–ნი, ი.ნ–ა
მოწინააღმდეგე მხარეები - ო.კ–ი, თ.გ–ძე, ქ.მ–ძე, რ.ლ–ა, კ.ს–ა, თ.გ–ძე, ნ.ხ–ძე, ნ.ბ–ი
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 02 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - თანხის დაკისრება, სამკვიდრო ქონებაზე მესაკუთრედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ო.კ–მა, თ.გ–ძემ, ქ.მ–ძემ, რ.ლ–ამ, კ.ს–ამ, თ.გ–ძემ, ნ.ხ–ძემ და ნ.ბ–მა სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების: ი.ხ–ნის, ი.ნ–ას, ლ.ნ–სა და ლ.ნ–ას მიმართ, თანხის დაკისრებისა და სამკვიდრო ქონებაზე მესაკუთრედ ცნობის შესახებ.
2. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 11 მარტის გადაწყვეტილებით - თანხის დაკისრებისა და სამკვიდრო ქონებაზე მესაკუთრედ ცნობის თაობაზე სარჩელი, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ:
3.1. მოსარჩელე ო.კ–ის სასარგებლოდ მოპასუხეებს დაეკისრათ, ო.კ–სა და ა.ნ–ას შორის 2016 წლის 21 მარტს დადებული ვალის აღიარების შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 35000 აშშ დოლარის გადახდა, ეროვნულ ვალუტაში გადახდის დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული კურსის შესაბამისად, მამკვიდრებლის - ა.ნ–ას დანაშთი სამკვიდრო ქონებიდან თითოეულის მიერ მიღებული წილის პროპორციულად.
3.2. მოსარჩელეების: ო.კ–ისა და ქ.მ–ძის სასარგებლოდ მოპასუხეებს დაეკისრათ, ერთი მხრივ, ო.კ–სა და ქ.მ–ძეს, ხოლო, მეორე მხრივ, ა.ნ–ასა და ფ.ს–ვას შორის 2015 წლის 18 ნოემბერს დადებული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 35000 აშშ დოლარის გადახდა, ეროვნულ ვალუტაში, გადახდის დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული კურსის შესაბამისად, მამკვიდრებლის - ა.ნ–ას დანაშთი სამკვიდრო ქონებიდან თითოეულის მიერ მიღებული წილის პროპორციულად.
3.3. მოსარჩელე თ.გ–ძის სასარგებლოდ მოპასუხეებს დაეკისრათ, თ.გ–ძესა და ა.ნ–ას შორის 2014 წლის 22 ივლისს დადებული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 120 000 აშშ დოლარის გადახდა, ეროვნულ ვალუტაში გადახდის დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული კურსის შესაბამისად, მამკვიდრებლის - ა.ნ–ას დანაშთი სამკვიდრო ქონებიდან თითოეულის მიერ მიღებული წილის პროპორციულად.
3.4. მოსარჩელე რ.ლ–ას სასარგებლოდ მოპასუხეებს დაეკისრათ, რ.ლ–ასა და ა.ნ–ას შორის 2015 წლის 28 ივლისს დადებული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 5 000 აშშ დოლარის გადახდა, ეროვნულ ვალუტაში გადახდის დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული კურსის შესაბამისად, მამკვიდრებლის - ა.ნ–ას დანაშთი სამკვიდრო ქონებიდან თითოეულის მიერ მიღებული წილის პროპორციულად.
3.5. მოსარჩელე რ.ლ–ას სასარგებლოდ მოპასუხეებს დაეკისრათ, რ.ლ–ასა და ა.ნ–ას შორის 2015 წლის 16 ოქტომბერს დადებული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 10 000 აშშ დოლარის გადახდა, ეროვნულ ვალუტაში გადახდის დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული კურსის შესაბამისად, მამკვიდრებლის - ა.ნ–ას დანაშთი სამკვიდრო ქონებიდან თითოეულის მიერ მიღებული წილის პროპორციულად.
3.6. მოსარჩელე კ.ს–ას სასარგებლოდ მოპასუხეებს დაეკისრათ, კ.ს–ასა და ა.ნ–ას შორის 2015 წლის 23 დეკემბერს დადებული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 16 000 აშშ დოლარის გადახდა, ეროვნულ ვალუტაში გადახდის დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული კურსის შესაბამისად, მამკვიდრებლის - ა.ნ–ას დანაშთი სამკვიდრო ქონებიდან თითოეულის მიერ მიღებული წილის პროპორციულად.
3.7. მოსარჩელე თ.გ–ძის სასარგებლოდ მოპასუხეებს დაეკისრათ, თ.გ–ძესა და ა.ნ–ას შორის 2016 წლის 13 აპრილს დადებული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 16 000 აშშ დოლარის გადახდა, ეროვნულ ვალუტაში გადახდის დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული კურსის შესაბამისად, მამკვიდრებლის - ა.ნ–ას დანაშთი სამკვიდრო ქონებიდან თითოეულის მიერ მიღებული წილის პროპორციულად.
3.8. მოსარჩელე ნ.ხ–ძის სასარგებლოდ მოპასუხეებს დაეკისრათ, ნ.ხ–ძესა და ა.ნ–ას შორის 2015 წლის 12 ოქტომბერს დადებული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის - 11 600 აშშ დოლარისა და პირგასამტეხლოს - 250 აშშ დოლარის გადახდა, ეროვნულ ვალუტაში გადახდის დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული კურსის შესაბამისად, მამკვიდრებლის - ა.ნ–ას დანაშთი სამკვიდრო ქონებიდან თითოეულის მიერ მიღებული წილის პროპორციულად.
3.9. მოსარჩელე ნ.ბ–ის სასარგებლოდ მოპასუხეებს დაეკისრათ, ნ.ბ–სა და ა.ნ–ას შორის 2015 წლის 23 ივლისს დადებული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის - 5 000 აშშ დოლარისა და პირგასამტეხლოს - 194 აშშ დოლარის გადახდა, ეროვნულ ვალუტაში გადახდის დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული კურსის შესაბამისად, მამკვიდრებლის - ა.ნ–ას დანაშთი სამკვიდრო ქონებიდან თითოეულის მიერ მიღებული წილის პროპორციულად.
3.10. მოპასუხეები ცნობილი იქნენ მამკვიდრებლის - ა.ნ–ას კუთვნილი შემდეგი უძრავი ნივთების ½ ნაწილის მესაკუთრეებად:
- ქალაქი თბილისი, ................ სართული, ბინა №17, VI ბლოკი, ს/კ ........;
- ქალაქი თბილისი, ........, ს/კ...........;
- ქალაქი თბილისი, ........... ს/კ...........;
- ქალაქი თბილისი, ........., ს/კ .........;
- მცხეთა, სოფელი ..........., ს/კ ............;
- მცხეთა, სოფელი ..........., ს/კ ............;
- მცხეთა, სოფელი ..........., ს/კ ............;
- მცხეთა, სოფელი ..........., ს/კ ............5;
- მცხეთა, სოფელი მისაქციელი, ს/კ ............;
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 11 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა: ი.ხ–ნმა, ი.ნ–ამ და ლ.ნ–მ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 08 ოქტომბრის განჩინებით, მოპასუხე ლ.ნ–ას უფლებამონაცვლეებად ცნობილი იქნენ ი. და ლ. ნ–ები.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 02 ივნისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, შემდეგ ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძვლებზე მითითებით:
6.1. ა.ნ–ა გარდაიცვალა 2016 წლის 07 მაისს.
6.2. 2016 წლის 28 დეკემბერს ნოტარიუს ნ.მ–ის მიერ გაიცა სამკვიდრო მოწმობა (რეგისტრაციის №161472371), რომლითაც ა.ნ–ას კანონისმიერმა პირველი რიგის მემკვიდრეებმა ი.ხ–ნმა (მეუღლე), ი.ნ–ამ (შვილი), ლ.ნ–მ (შვილი) და ლ.ნ–ამ (დედა) საკუთრებაში თანაბარწილად მიიღეს სამკვიდრო ქონება - სამკვიდრო ქონებაში შემავალი აქტივები და პასივები, რომელიც ჰქონდა მამკვიდრებელს გარდაცვალების მომენტისათვის.
6.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილებით ი.ხ–ნი ცნობილი იქნა გარდაცვლილი ა.ნ–ას სახელზე რიცხული შემდეგი უძრავი ნივთების ½ ნაწილების მესაკუთრედ:
- ქალაქი თბილისი, ........... , ს/კ........... ;
- ქალაქი თბილისი, ........... , ს/კ ........;
- ქალაქი თბილისი, მიხეილ ........... , ს/კ........... ;
- ქალაქი თბილისი, ........... , , ბინა 17, ბლოკი 6, ს/კ ..........;
- მცხეთა, სოფელი ..........., ს/კ ............;
- მცხეთა, სოფელი ..........., ს/კ ............;
- მცხეთა, სოფელი ..........., ს/კ ............;
- მცხეთა, სოფელი ..........., ს/კ ............;
- მცხეთა, სოფელი ..........., ს/კ .............
6.4. 2018 წლის 27 დეკემბერს ნოტარიუს ნ.მ–ის მიერ შედგენილი იქნა სანოტარო აქტი 2016 წლის 28 დეკემბერს გაცემულ სამკვიდრო მოწმობაში, რეესტრით 161472371, ცვლილებების შეტანის შესახებ, რომლითაც თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 11.01.2018წ. გადაწყვეტილების საფუძველზე ცვლილება შევიდა 28.12.2016წ. სამკვიდრო მოწმობაში და დაზუსტდა თუ რა ქონება მიიღეს მამკვიდრებლის - ა.ნ–ას მემკვიდრეებმა, მათ შორის - დაკონკრეტდა, რომ ი.ხ–ნმა, ი.ნ–ამ, ლ.ნ–მ და ლ.ნ–ამ, როგორც გარდაცვლილი ა.ნ–ას პირველი რიგის მემკვიდრეებმა, საკუთრებაში თანაბარწილად მიიღეს შემდეგი უძრავი ნივთების ½ ნაწილები:
- ქალაქი თბილისი, ..........., ს/კ...........;
- ქალაქი თბილისი, ..........., ს/კ .........;
- ქალაქი თბილისი, მიხეილ ..........., ს/კ...........;
- ქალაქი თბილისი, ..........., ბინა 17, ბლოკი 6, ს/კ .........;
- მცხეთა, სოფელი ..........., ს/კ ............;
- მცხეთა, სოფელი ..........., ს/კ ............;
- მცხეთა, სოფელი ..........., ს/კ ............;
- მცხეთა, სოფელი ..........., ს/კ ............;
- მცხეთა, სოფელი ........, ს/კ .............
6.5. ზემოაღნიშნული უძრავი ნივთების ½ ნაწილი საჯარო რეესტრში ამჟამადაც ირიცხება გარდაცვლილი ა.ნ–ას სახელზე. ა.ნ–ას მემკვიდრეებს აღნიშნული უძრავი ნივთები საკუთრებაში არ დაურეგისტრირებიათ.
6.6. სააპელაციო პალატის მითითებით, 2016 წლის 21 მარტს ა.ნ–ასა და ო.კ–ს შორის სანოტარო წესით დაიდო ვალის აღიარების შესახებ ხელშეკრულება (რეგისტრაციის №160264648), რომლის თანახმად, ა.ნ–ამ (მოვალე) აღიარა, რომ მას ნამდვილად აქვს ო.კ–ის (კრედიტორი) ვალი, რომელიც შეადგენს 35 000 აშშ დოლარს. ხელშეკრულების თანახმად, დავალიანება წარმოიშვა 2016 წლის თებერვალში, რაც 2017 წლის 01 მარტამდე უნდა დაფარულიყო.
6.7. 2015 წლის 18 ნოემბერს, ერთი მხრივ - ა.ნ–ასა და ფ.ს–ვას, ხოლო, მეორე მხრივ - ო.კ–სა და ქ.მ–ძეს შორის, სანოტარო წესით დაიდო ხელშეკრულება (რეგისტრაციის №151264489), რომელიც დასათაურებულია, როგორც „სესხის ხელშეკრულება“ და რომლის თანახმად, ო.კ–მა და ქ.მ–ძემ ა.ნ–ასა და ფ.ს–ვას სესხის სახით გადასცეს - 35 000 აშშ დოლარი.
6.8. 2014 წლის 22 ივლისს ა.ნ–ასა და თ.გ–ძეს შორის, სანოტარო წესით დაიდო ხელშეკრულება (რეგისტრაციის №140769105), რომელიც დასათაურებულია როგორც „სესხის ხელშეკრულება“ და რომლის თანახმად, თ.გ–ძემ ა.ნ–ას სესხის სახით გადასცა - 120 000 აშშ დოლარი. სესხი გაიცა 03 თვით და მისი დაბრუნების ვადა 2014 წლის 22 სექტემბერს განისაზღვრა.
6.9. 2015 წლის 28 ივლისს ა.ნ–ასა და რ.ლ–ას შორის სანოტარო წესით დაიდო სესხის ხელშეკრულება (რეგისტრაციის №150806413), რომლის თანახმად, რ.ლ–ამ ა.ნ–ას სესხის სახით გადასცა - 5000 აშშ დოლარი. სესხი გაიცა ექვსი თვით და მისი დაბრუნების ვადა 2016 წლის 28 იანვარს განისაზღვრა.
6.10. 2015 წლის 16 ოქტომბერს ა.ნ–ასა და რ.ლ–ას შორის სანოტარო წესით დაიდო სესხის ხელშეკრულება (რეგისტრაციის №151142775), რომლის თანახმად, რ.ლ–ამ ა.ნ–ას სესხის სახით გადასცა - 10 000 აშშ დოლარი. ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა პროცენტი - ყოველთვიურად სესხის ძირი თანხის 1.5%. სესხის დაბრუნების ვადა განისაზღვრა 2016 წლის 16 იანვარს.
6.11. 2015 წლის 23 დეკემბერს ა.ნ–ასა და კ.ს–ას შორის სანოტარო წესით დაიდო სესხის ხელშეკრულება (რეგისტრაციის №151383762), რომლის თანახმად, კ.ს–ამ ა.ნ–ას სესხის სახით გადასცა - 16 000 აშშ დოლარი. ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა პროცენტი - ყოველთვიურად სესხის ძირი თანხის 3%. სესხის დაბრუნების ვადა 2016 წლის 24 აპრილს განისაზღვრა.
6.12. 2016 წლის 13 აპრილს ა.ნ–ასა და თ.გ–ძეს შორის სანოტარო წესით დადებული სესხის ხელშეკრულების (რეგისტრაციის №160374631) თანახმად, თ.გ–ძემ ა.ნ–ას სესხის სახით გადასცა - 16 000 აშშ დოლარი. ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა პროცენტი - ყოველთვიურად სესხის ძირი თანხის 4%. სესხი გაიცა სამი თვით და მისი დაბრუნების ვადა 2016 წლის 14 ივლისს განისაზღვრა.
6.13. 2015 წლის 12 ოქტომბერს ა.ნ–ასა და ნ.ხ–ძეს შორის სანოტარო წესით დადებული სესხის ხელშეკრულების (რეგისტრაციის №151125907) თანახმად, ნ.ხ–ძემ ა.ნ–ას სესხის სახით გადასცა - 11 600 აშშ დოლარი. ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში სესხის გადაუხდელობის ან გადახდის დაგვიანების შემთხვევაში, გადაუხდელი თანხის 0.15%, ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის. სესხის დაბრუნების ვადა 2015 წლის 12 დეკემბერს განისაზღვრა.
6.14. 2015 წლის 23 ივლისს ა.ნ–ასა და ნ.ბ–ს შორის სანოტარო წესით დადებული სესხის ხელშეკრულების (რეგისტრაციის №150791788) თანახმად, ნ.ბ–მა ა.ნ–ას სესხის სახით გადასცა - 5000 აშშ დოლარი. ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში სესხის გადაუხდელობის ან გადახდის დაგვიანების შემთხვევაში, გადაუხდელი თანხის 0.2%, ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის. სესხი სამი თვით გაიცა.
6.15. მოწმე ფ.ს–ვას ჩვენების თანახმად, მუშაობდა „ი.ე–ში“ მენეჯერად 8-9 წლის განმავლობაში. ქ.მ–ძემ და ო.კ–მა ა.ნ–ას „ი.ე–ში“ მიუტანეს ფული, რის საფუძველზეც გაფორმდა 35 000 აშშ დოლარის გადაცემის შესახებ ნოტარიული წესით დამოწმებული ხელშეკრულება. ფ.ს–ვა იყო უბრალოდ მოწმე და აღნიშნული ხელშეკრულების გაფორმებაში მონაწილეობდა იქიდან გამომდინარე, რომ იყო ა.ნ–ას ნდობით აღჭურვილი პირი და ო.კ–ის ნათესავი, პირადად მას თანხა არ მიუღია. ა.ნ–ასა და ო.კ–ს შორის იყო მოლაპარაკება იმის თაობაზე, რომ გარდა ზემოაღნიშნული 35 000 აშშ დოლარისა, ო.კ–ს უნდა მიეტანა კიდევ 35 000 აშშ დოლარი და შემდგომ 30 000 აშშ დოლარი, ხოლო, როდესაც 100 000 აშშ დოლარი შესრულდებოდა, ა.ნ–ამ შესთავაზა, რომ თანხის სანაცვლოდ შეიყვანდა „ი.ე–ს“ უკან მშენებარე რესტორნის 10%-იან წილში. ფ.ს–ვას განმარტებით, იგი ესწრებოდა მხოლოდ პირველი 35 000 აშშ დოლარის გადაცემას, რაც შეეხება მეორე 35 000 აშშ დოლარს, როგორც მისთვის ცნობილია, ა.ნ–ას ეს თანხაც მიღებული აქვს.
6.16. არ დასტურდება ა.ნ–ას მიერ 2015 წლის 12 ოქტომბერს მასსა და ნ.ხ–ძეს შორის, ხოლო 2015 წლის 23 ივლისს მასსა და ნ.ბ–ს შორის დადებული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, არსებული ფულადი ვალდებულების შესრულების ფაქტი. მოწმემ ნ.ფ–ძემ არ დაადასტურა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ა.ნ–ას შესრულებული აქვს სესხის ხელშეკრულებით ნ.ხ–ძისა და ნ.ბ–ის მიმართ ნაკისრი ვალდებულებები. მისი ჩვენების თანახმად, არ არსებობს რაიმე დოკუმენტი ნ.ხ–ძესთან და ნ.ბ–თან დადებული სესხის ხელშეკრულების გაუქმების შესახებ და არც შეიძლება არსებობდეს, რადგანაც თანხის დაბრუნების ფაქტს ადგილი არ ჰქონია.
6.17. სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, ა.ნ–ას არ შეუსრულებია 18.11.2015წ., 22.07.2014წ., 28.07.2015წ., 16.10.2015წ., 23.12.2015წ., 13.04.2016წ. 12.10.2015წ., 23.07.2015წ. სესხის ხელშეკრულებიდან და 21.03.2016წ. ვალის აღიარების შესახებ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულებები.
6.18. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, აპელანტი აღნიშნავდა, რომ 2016 წლის 21 მარტს ა.ნ–ასა და ო.კ–ს შორის დადებული ვალის აღიარების ხელშეკრულება გაფორმებული იქნა მხარეთა შორის 2015 წლის 18 ნოემბერს გაფორმებული სესხის ხელშეკრულების ერთგვარი უზრუნველყოფის მიზნით, კერძოდ, თუკი ა.ნ–ა არ დააბრუნებდა 18.11.2015წ. სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხას, მას დასაბრუნებელი ექნებოდა არა 35 000 აშშ დოლარი, არამედ - 70 000 აშშ დოლარი. აღნიშნულთან დაკავშირებით, პალატამ ყურადღება მიაქცია მოწმის სახით საქმეზე დაკითხულ ფ.ს–ვას ჩვენებას. მოწმემ განმარტა, რომ იგი ესწრებოდა მხოლოდ ო.კ–ისა და ქ.მ–ძის მიერ 18.11.2015წ. ა.ნ–ასათვის თანხის - 35000 აშშ დოლარის გადაცემის ფაქტს. რაც შეეხება მეორე 35000 აშშ დოლარს, როგორც მისთვის ცნობილია, ა.ნ–ას ეს თანხაც მიღებული აქვს, თუმცა, ამ თანხის გადაცემას იგი პირადად არ დასწრებია.
6.19. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა სარჩელზე თანდართულ 2016 წლის 21 მარტს ა.ნ–ასა და ო.კ–ს შორის დადებულ ვალის აღიარებისა და 2015 წლის 18 ნოემბერს ერთი მხრივ ა.ნ–ასა და ფ.ს–ვას, ხოლო მეორე მხრივ - ო.კ–სა და ქ.მ–ძეს შორის დადებულ სესხის ხელშეკრულებებზე და აღნიშნა, რომ იმ პირობებში, როდესაც, მოსარჩელეს ა.ნ–ას ფულადი ვალდებულების დასადასტურებლად წარმოდგენილი აქვს ზემოაღნიშნული ხელშეკრულებები, ხოლო მოპასუხის შუამდგომლობით დაკითხულმა მოწმემ, არათუ უარყო, არამედ - დაადასტურა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ა.ნ–ას ო.კ–ისაგან მიღებული აქვს 70 000 აშშ დოლარი, სამოქალაქო სამართალში მოქმედი მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპის შესაბამისად, მხოლოდ მოპასუხის ახსნა-განმარტება ვერ მიიჩნეოდა სადავო ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელ სათანადო და კვალიფიციურ მტკიცებულებად.
6.20. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, 2016 წლის 21 მარტს ა.ნ–ასა და ო.კ–ს შორის დადებული ვალის აღიარების ხელშეკრულება წარმოადგენს დამოუკიდებელ ხელშეკრულებას და მისი გაფორმებით არ მომხდარა 2015 წლის 18 ნოემბერს ერთი მხრივ ა.ნ–ასა და ფ.ს–ვას, ხოლო მეორე მხრივ ო.კ–სა და ქ.მ–ძეს შორის დადებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების უზრუნველყოფა (ვალდებულების დუბლირება).
6.21. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, დადგენილი იყო, რომ ა.ნ–ას არ შეუსრულებია მასსა და მოსარჩელეებს - ო.კ–ს, თ.გ–ძეს, ქ.მ–ძეს, რ.ლ–ას, კ.ს–ას, თ.გ–ძეს, ნ.ხ–ძესა და ნ.ბ–ს შორის გაფორმებული სესხისა და ვალის აღიარების ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები. კერძოდ, მას მოსარჩელეთათვის არ დაუბრუნებია ზემოხსენებული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე თანხა. დადგენილი იყო ასევე, რომ ა.ნ–ა გარდაიცავალა 2016 წლის 07 ივნისს, ხოლო მისი დანაშთი სამკვიდრო ქონება მიიღეს მოპასუხეებმა. მიუხედავად იმისა, რომ გარდაცვლილის კანონისმიერმა პირველი რიგის მემკვიდრეებმა საკუთრებაში თანაბარწილად მიიღეს მამკვიდრებლის დანაშთი სამკვიდრო ქონება, სამკვიდრო ქონება საჯარო რეესტრში კვლავ ირიცხება გარდაცვლილი ა.ნ–ას სახელზე, შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა სამკვიდრო ქონების მესაკუთრედ ცნობის თაობაზე საფუძვლიანი იყო და მართებულად დაკმაყოფილდა.
6.22. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობაც გონივრული იყო და სრულად შეესაბამებოდა მოვალის მიერ ხელშეკრულების დარღვევის ხასიათს.
7. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ი.ხ–ნმა და ი.ნ–ამ, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შემდეგ საფუძვლებზე მითითებით:
7.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინება დაუსაბუთებელია. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ სრულად იქნა უგულებელყოფილი კასატორთა პოზიცია, რომ 2016 წლის 21 მარტს ა.ნ–ასა და ო.კ–ს შორის დადებული ვალის აღიარების შესახებ ხელშეკრულება მხარეთა შორის 2015 წლის 18 ნოემბერს დადებული სესხის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით გაფორმდა და თუკი ა.ნ–ა არ დააბრუნებდა აღნიშნული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხას, მას დასაბრუნებელი ექნებოდა არა 35 000 აშშ დოლარი, არამედ - 70 000 აშშ დოლარი, შესაბამისად, ო.კ–მა ა.ნ–ას გადასცა მხოლოდ 35 000 აშშ დოლარი.
7.2. საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა უგულებელყვეს მოწმე - ფ.ს–ვას ჩვენების ის ნაწილი, სადაც მოწმე განმარტავს, რომ ა.ნ–ამ და ო.კ–მა მოილაპარაკეს, რომ გარდა 35 000 აშშ დოლარისა, ო.კ–ს უნდა გადაეცა დამატებით 35 000 აშშ დოლარი, შემდგომ კი 30 000 აშშ დოლარი, ხოლო 100 000 აშშ დოლარის შესრულებისას, ა.ნ–ა ერთ-ერთი მშენებარე რესტორნის 10%-იან წილში ხსენებული თანხის სანაცვლოდ შეიყვანდა. წინამდებარე ჩვენება ადასტურებს, რომ მხარეებს რეალურად სესხის ხელშეკრულების დადება არ განუზრახავთ.
7.3. სასამართლომ ყურადღების მიღმა დატოვა ის ფაქტი, რომ მოსარჩელეები ხელშეკრულებით სოლიდარულ მოვალეს - ფ.ს–ვას არ სთხოვენ თანხას, რაც საეჭვო და გაუგებარია.
7.4. სასამართლომ უსაფუძვლოდ არ გაითვალისწინა ა.ნ–ას მიერ ნ.ბ–ისა და ნ.ხ–ძის მიმართ არსებული ფულადი ვალდებულების შესრულების შესახებ კასატორთა მტკიცება.
7.5. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი არასწორად გაანაწილეს. გარდაცვლილის უფლებამონაცვლეები წარმოადგენენ ურთიერთობის სუსტ მხარეს. სასამართლო პრაქტიკა მტკიცების ტვირთის განაწილებისას, მტკიცების ტვირთს „ძლიერ“ მხარეს აკისრებს, რითაც გარანტირებულს ხდის შეჯიბრებით პროცესში მასთან „სუსტი“ მხარის პროცესუალურ თანასწორობას. სამწუხაროდ, ორივე ინსტანციის სასამართლომ უგულებელყო ეს მნიშვნელოვანი სტანდარტი და გარდაცვლილის უფლებამონაცვლეებს დააკისრეს იმაზე მძიმე მტკიცების ტვირთი, ვიდრე ისინი ან ნებისმიერი მათ ადგილას მყოფი სხვა სუბიექტები დაძლევდნენ.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც საკასაციო საჩივარი დაუშვებელია:
9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
11. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორებს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
12. პირველ რიგში, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კრედიტორთა მოთხოვნა მემკვიდრეებისათვის გარდაცვლილის ვალის დაკისრების თაობაზე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1484-ე მუხლის პირველი ნაწილიდან (მემკვიდრეები ვალდებულნი არიან მთლიანად დააკმაყოფილონ მამკვიდრებლის კრედიტორთა ინტერესები, მაგრამ მიღებული აქტივის ფარგლებში თითოეულის წილის პროპორციულად), 623-ე (სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი), 341.1 (იმ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, რომლითაც აღიარებულ იქნა ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა (ვალის არსებობის აღიარება), აუცილებელია წერილობითი აღიარება. თუ სხვა ფორმაა გათვალისწინებული იმ ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობისათვის, რომლის არსებობაც აღიარებულ იქნა, მაშინ აღიარებაც მოითხოვს ამ ფორმას), 417-ე (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის) და 418-ე (ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას) მუხლებიდან გამომდინარეობს.
13. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორთა მტკიცებას, რომ ვალის აღიარების შესახებ ხელშეკრულება 2015 წლის 18 ნოემბერს დადებული სესხის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით გაფორმდა და აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დამატებით 35 000 აშშ დოლარის დაკისრების საფუძველი, არ ვლინდებოდა.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ვალის არსებობის აღიარება უნდა აკმაყოფილებდეს გარიგების ნამდვილობის პირობებს. ხელშეკრულებაში გაწერილი უნდა იყოს მისთვის მახასიათებელი ყველა არსებითი პირობა: კრედიტორისა და მოვალის მონაცემები, მოვალის მიერ კრედიტორის წინაშე შესასრულებელი კონკრეტული ვალდებულება და მომავალში მისი შესრულების განზრახვა (იხ. ე.ბაღიშვილი, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, თბილისი 2019, მუხლი 341, ველი 12; შდრ. სუსგ №ას-1485-1401-2012, 11.11.2013წ.).
პირი უნდა აღიარებდეს გარკვეულ ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის არსებობას და კისრულობდეს მისი შესრულების ვალდებულებას. ვალის არსებობის აღიარების ხელშეკრულების თავისებურება სწორედ ისაა, რომ მასში ვალდებულების შესრულების მზაობა იკვეთება (სუსგ. №ას-1133-1079-2014, 30.09.2015წ.; №ას-226-213-2015, 18.05.2015წ.).
ვალის აბსტრაქტული (კონსტიტუციური) აღიარების, როგორც ვალდებულების წარმოშობის ახალი საფუძვლისაგან, უნდა გაიმიჯნოს ე.წ. ვალის დეკლარაციული (კაუზალური) აღიარება. დეკლარაციული ვალის აღიარების მიზანია არსებული ვალდებულების დადასტურება, მტკიცების პროცესის გამარტივება, შემდგომი დავის თავიდან აცილება, სადავო საკითხების მოწესრიგება, მათ შორის, ყველა იმ ფაქტისა, თუ არგუმენტის გაქარწყლება, რომელიც ვალის არსებობას გამორიცხავს, ან თუნდაც, ეჭვქვეშ დააყენებს (Sprau, in Palandt BGB Komm, 72. Aufl., 2013, §781, Rn. 2-6; ქ. მესხიშვილი, კერძო სამართლის აქტუალური საკითხები, თეორია და სასამართლო პრაქტიკა, ტომი I, თბილისი, 2020, გვ.11).
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2016 წლის 21 მარტს მამკვიდრებელსა და ო.კ–ს შორის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლით განსაზღვრული წესის შესაბამისად ვალის აღიარების ხელშეკრულება გაფორმდა. სახელდობრ, მამკვიდრებელმა აღიარა 35 000 აშშ დოლარის დავალიანების არსებობის ფაქტი და იკისრა მისი გადახდის ვალდებულება 2017 წლის 01 მარტამდე. ამასთან, მამკვიდრებლის მიერ მითითებულია, რომ „დავალიანება კრედიტორის, ო.კ–ის წინაშე, წარმოეშვა 2016 წლის თებერვალში“, შესაბამისად, ცალსახაა, რომ ხსენებული ხელშეკრულება 2015 წლის 18 ნოემბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებასთან კავშირში არ არის. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ რაიმე საწინააღმდეგო სათანადო მტკიცებულება, რომ ვალის აღიარების შესახებ ხელშეკრულებით უზრუნველყოფილი იქნა არა 2016 წლის თებერვალში, არამედ - 2015 წლის 18 ნოემბერს წარმოშობილი ფულადი ვალდებულება, საქმეში წარმოდგენილი არ არის, ხოლო მარტოოდენ კასატორთა განმარტებას, რომელსაც არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, წერილობითი მტკიცებულების - ვალის აღიარების შესახებ ხელშეკრულების საპირწონე და გამაბათილებელ მტკიცებულებად საკასაციო პალატა ვერ განიხილავს.
14. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს მოწმის ჩვენებაზე მითითებით კასატორის პრეტენზიას, რომ 2015 წლის 18 ნოემბრის სესხის ხელშეკრულების ფარგლებში ო.კ–ის მიერ მამკვიდრებლისათვის გადაცემული 35000 აშშ დოლარი წარმოადგენდა არა სესხს, არამედ - კომპანიის წილის ნასყიდობის თანხას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლის მიხედვით, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
იმ პირობებში, როდესაც, საქმეში წარმოდგენილი 2015 წლის 18 ნოემბრის ხელშეკრულებით დასტურდება, რომ ო.კ–მა 35 000 აშშ დოლარი მამკვიდრებელს სესხის სახით გადასცა, აღნიშნულის საწინააღმდეგოდ მოწმის განმარტება, რომ გადაცემული თანხა წარმოადგენდა ნასყიდობის ფასს, საკასაციო პალატას სადავო გარემოების სამტკიცებლად არასაკმარისად და არარელევანტურად მიაჩნია.
15. საკასაციო სასამართლოს უსაფუძვლოდ მიაჩნია კასატორთა პრეტენზია იმასთან დაკავშირებითაც, რომ მოსარჩელეები ვალდებული იყვნენ 2015 წლის 18 ნოემბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ფულადი ვალდებულების შესრულება მოეთხოვათ გარდაცვლილის მემკვიდრეების გარდა, სოლიდარული მოვალის - ფ.ს–ვასგანაც. ამ თვალსაზრისით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 465-ე მუხლის დანაწესზე, რომლის თანახმად, სოლიდარული ვალდებულების დროს კრედიტორს შეუძლია თავისი სურვილისამებრ შესრულება მოსთხოვოს ნებისმიერ მოვალეს როგორც მთლიანად, ასევე ნაწილობრივ. ვალდებულების მთლიანად შესრულებამდე დანარჩენი მოვალეების ვალდებულება ძალაში რჩება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კრედიტორი, კონკრეტულ შემთხვევაში - მოსარჩელეები, შეზღუდულები არ არიან ფულადი ვალდებულება ნებისმიერი სოლიდარული მოვალისაგან მოითხოვონ.
16. რაც შეეხება კასატორთა მტკიცებას ნ.ხ–ძისა და ნ.ბ–ის მიმართ მოვალის (გარდაცვლილის) მიერ ვალდებულების შესრულების თაობაზე, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოთა დასკვნას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, აღნიშნული პირების მიმართ მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ფაქტი, არ დასტურდება.
17. საკასაციო პალატას ასევე უსაფუძვლოდ მიაჩნია კასატორთა პრეტენზია, რომ ისინი წარმოადგენენ განსახილველი სამართალწარმოების სუსტ მხარეს, რაც ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებს მტკიცების ტვირთის განაწილებისას უნდა გაეთვალისწინებინათ. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ როგორც მოსარჩელეები, ისე - მოპასუხეები წარმოადგენენ ფიზიკურ პირებს, რომელთაც სამართალწამოების პროცესში თანაბარი საპროცესო უფლება-მოვალეობები გააჩნიათ, შესაბამისად, მტკიცების ტვირთის არასწორად განაწილების თაობაზე კასატორთა აპელირება, გაზიარებული ვერ იქნება.
18. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლი), კასატორებმა ვერ შეძლეს დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლიეს გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლეს მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორები მიუთითებენ. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
19. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
20. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. კასატორებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 28 სექტემბრის განჩინებით გადავადებული აქვთ საკასაციო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის - 6000 ლარის გადახდა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. ამრიგად, კასატორებს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ გადავადებული სახელმწიფო ბაჟის 30%-ის - 1800 ლარის გადახდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი.ხ–ნისა და ი.ნ–ას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. ი.ხ–ნს (პ/ნ .........) და ი.ნ–ას (პ/ნ ........) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 28 სექტემბრის განჩინებით გადავადებული სახელმწიფო ბაჟის _ 6000 ლარის 30%-ის – 1800 ლარის გადახდა.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები : ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი