Facebook Twitter

30 მარტი, 2023 წელი №ას-1422-2022 ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ამირან ძაბუნიძე

თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - შ.პ.ს. „ს.ფ–ა“

მოწინააღმდეგე მხარე - ნ.მ–ძე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 06 ოქტომბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ნ.მ–ძემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - შ.პ.ს. „ს.ფ–ა“-ს მიმართ მატერიალური ზიანის - 1 697.12 ლარის და მორალური ზიანის - 10 000 ლარის დაკისრების შესახებ.

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 167.37 ლარის ოდენობით მატერიალური ზიანის ანაზღაურება დაეკისრა. სარჩელი მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.

4. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 06 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება. სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ მატერიალური ზიანის - 1199.75 ლარის და მორალური ზიანის - 10 000 ლარის ანაზღაურება დაეკისრა. გადაწყვეტილება დაეფუძნა შემდეგს:

5.1. 2018 წლის 4 აპრილს, 15-16 საათის ფარგლებში, მოსარჩელე ფეხით გადაადგილდებოდა დ. აღმაშენებლის გამზირზე, მეტრო „მარჯანიშვილის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ფეხით მოსიარულეთა სავალ ნაწილზე. მოპასუხის N321 სავაჭრო ჯიხურთან გავლისას ჩამოვარდა ამავე ჯიხურის რკინის კონსტრუქცია და მოსარჩელეს დაეცა თავზე, რამაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დაზიანება გამოიწვია.

5.2. მომხდარი ფაქტის შედეგად, მოსარჩელეს დაუდგინდა შემდეგი დიაგნოზი:

- S 06.0 ქალა-ტვინის დახურული ტრავმა, თავის ტვინის შერყევა.

- S 01.0 თხემის მიდამოს ღია ჭრილობა.

მოსარჩელეს ჩაუტარდა შემდეგი სახის დიაგნოსტიკური გამოკვლევები და კონსულტაციები:

- AADDIA თავისა და თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია (კონტრასტის გარეშე)(04/04/2018).

- თავის კომპიუტერული ტომოგრაფია.

- MB.9.26 ჰეპატიტი C ვირუსისB HCV Ab სწრაფი მარტივი ტესტი 04/04/2018.

- BL.6 სისხლის საერთო ანალიზი 04/04/2018; - MB.9.25 ჰეპატიტი B ვირუსის HBs Ag სწრაფი მარტივი ტესტი 04/04/2018.

- MB.9.236 ათაშანგი (სიფილისი) სწრაფი მარტივი ტესტი 04/04/2013.

- MB.9.35 შიდსი (HIV) Ab სწრაფი მარტივი ტესტი 04/04/2018.

პაციენტს მიეცა შემდეგი სახის სამკურნალო და შრომითი რეკომენდაციები:

- დიაკარბი 250 მგ (1 აბი ყოველ დილით დღეგამოშვებით 10 დღის განმავლობაში).

- პანანგინი 2 აბი დღეში 1 ჯერ დიაკარბის მიღების დღეებში.

- ინფორინი (1 აბი თავის ტკივილის შემთხვევაში).

- ორნოვინი (1 აბი დღეში 2 ჯერ დილა-საღამოს 1 თვე). წოლითი რეჟიმი 2 კვირა, ნევროლოგია, ამბულატორიული მეთვალყუროება, ნაკერის მოხსნა 5 დღეში.

5.3. შ.პ.ს. „რ.ჰ–ის“ მიერ 2018 წლის 23 აგვისტოს გაცემული N3134 ცნობის თანახმად, 2018 წლის 22 აგვისტოს მოსარჩელემ ექიმს თავის ტკივილის, თავბრუსხვევის, წონასწორობის დარღვევისა და გულისრევის ჩივილებით მიმართა. პაციენტის განმარტებით, 2018 წლის 4 აპრილს მიიღო ქალა-ტვინის დახურული ტრავმა, გონების დაკარგვითა და ღია ჭრილობით თხემის მიდამოში. ს.დ.ბ.-ს მიერ გადაყვანილი იქნა სტაციონარში, სადაც ჩაუტარდა თავის კტ კვლევა, რომელმაც იმ ეტაპზე პათოლოგია არ გამოავლინა.

მოსარჩელეს გაეწია შემდეგი სახის დიაგნოსტიკური გამოკვლევები და კონსულტაციები:

- ნევროლოგის კონსულტაცია.

- თავის ტვინის კტ კვლევა (04.04.18წ.).

პაციენტს ჰემატომის გამორიცხვის მიზნით თავის ტვინის მრტ კვლევის ჩატარების რეკომენდაცია მიეცა და დაენიშნა შემდეგი მედიკამენტები:

- პანტაპი (კუჭის დამცავი), დილით უზმოზე - 20 დღე;

- ბრენაქსი 500.0 1x დღეგამოშვებით - 10 დღე;

- ბრენაქსის შემდეგ ნეიროსერკი 24მგ. 2xჭ. შემდეგ - 1 თვე;

- ოქსივინი 1x ჭ. შემდეგ - 1 თვე, 6-7 სთ-მდე;

- კომპიგამ B – 10 ინექცია;

- რელადექსი, დილით, საუზმის შემდეგ - 2-3 თვე;

- სემილაქტი 50/20, დღეგამოშვებით, დილით, საუზმის დროს 1 ცალი, სულ 3 ტაბლეტი.

5.4. 2018 წლის 11 აპრილს მოსარჩელემ ნაკერების მოხსნაში გადაიხადა 20 ლარი და ექიმის დანიშნულების შესაბამისად შეიძინა შემდეგი მედიკამენტები:

- ორნოვინის ტაბლეტები - 43.07 ლარი (24/03/2020წ.);

- ორნოვინის ტაბლეტები - 29.71 ლარი (20/04/2018წ.);

- ორნოვინის ტაბლეტები - 37.26 ლარი (01/05/2018წ.);

- დიაკარბის ტაბლეტები - 1.50 ლარი, პანანგინის ტაბლეტები - 1.07 ლარი, ორნოვინის ტაბლეტები - 17.76 ლარი (სულ - 20.33 ლარი, 05/04/2018წ.);

- ორნოვინის ტაბლეტები - 17.00 ლარი (10/04/2019წ.).

5.5. საქართველოს შ.ს.ს. ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს მე-2 განყოფილებაში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის N006010719005 საქმეზე, მოსარჩელის 2018 წლის 4 აპრილს ჯანმრთელობის გაუფრთხილებლობით დაზიანების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეში მოსარჩელე დაზარალებულად ცნობილი არ არის.

5.6. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია, რომ მის ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული N321 ჯიხურიდან რკინის კონსტრუქციის ჩამოვარდნა გამოწვეული იქნა უბედური შემთხვევის - ძლიერი ქარის შედეგად. პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელისათვის ზიანის დადგომაში ბრალი მოპასუხეს მიუძღვის.

5.7. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ზიანი მართლსაწინააღმდეგო ქმედებით უნდა იყოს მიყენებული, წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც წესი, ზიანის ანაზღაურების საკითხი არ დადგება. მართლსაწინააღმდეგოდ მოქმედებს ის, ვინც არღვევს სამართლებრივ დანაწესებს, სამართლის ნორმათა მოთხოვნებს. მართლწინააღმდეგობა ობიექტური ნიშანია სამართალდარღვევისა და მისი არსებობა არაა დამოკიდებული მოვალის ცნობიერების ხასიათზე ანუ, აცნობიერებდა თუ არა მოვალე თავისი ქმედების სამართლებრივ ხასიათს. მთავარია, რომ მოვალის ქმედება არ შეესაბამება კანონის მოთხოვნებს. განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან სასამართლოს მიერ დადგენილია მოსარჩელისათვის ზიანის მიყენების ფაქტი, მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი შედეგსა და ქმედებას შორის, მოსარჩელის/აპელანტის პრეტენზია მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში პალატის დასკვნით გასაზიარებელი იყო.

5.8. სააპელაციო პალატის მითითებით, მოსარჩელის მტკიცების საგანში შემავალი გარემოებაა მოთხოვნილი ოდენობის ზიანის განცდის ფაქტის დადასტურება. პალატამ ყურადღება მიაქცია საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებას - PSP Pharma N237 წამლების ჩამონათვალს - გადასახდელი თანხის მითითებით, რომლის თანახმად, შ.პ.ს. „რ.ჰ–ის“ ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტების ღირებულება შედგენს 604.75 ლარს და არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომ ჩამოთვლილი მედიკამენტების შეძენის დასადასტურებლად მოსარჩელის მიერ მტკიცებულების სახით სრულყოფილად არ იყო წარმოდგენილი ქვითრები, რაც გამორიცხავდა მოპასუხისათვის ზემოაღნიშნული ხარჯის ანაზღაურების დაკისრებას.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, იმ პირობებში, როცა საქმეში წარმოდგენილი იყო ექიმის დანიშნულება და მედიკამენტების ღირებულების შესახებ ცნობა, დაზარალებულისათვის დამატებით უკლებლივ ყველა მედიკამენტის ყიდვის დადასტურების ვალდებულების დაკისრება ქვითრებით/გადახდის ჩეკებით, არაგონივრული და არათანაზომიერი მტკიცების ტვირთი იქნებოდა. ის, რომ მოსარჩელემ შეიძინა წამლები და მკურნალობისთვის ხარჯი გაწია, დასტურდებოდა შედეგით - ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებით. პალატამ ყურადღება მიაქცია აპელანტის განმარტებას, რომ 2018 წლის 4 აპრილის ტრავმის გამო, ექიმის მიერ გამოწერილი პრეპარატი „ორნოვინის“ მიღება მას პერიოდულად დღემდე უწევს (საქმეში წარმოდგენილია 2022 წლის 13 აპრილისა და 10 მაისის ქვითრები, რომელთა თანახმად, წამლების შეძენის ღირებულებამ ჯამში 89.16 ლარი შეადგინა).

5.9. სააპელაციო პალატის მითითებით, საქმეში არსებული სამედიცინო ცნობებითა და დანიშნულების ფურცლებით დადგენილი იყო, რომ მოსარჩელეს სამკურნალოდ დაენიშნა შემდეგი მედიკამენტები: (1). დიაკარბი 250 მგ (1 აბი ყოველ დილით დღეგამოშვებით 10 დღის განმავლობაში); (2). პანანგინი 2 აბი დღეში 1- ჯერ დიაკარბის მიღების დღეებში; (3). ინფორინი (1 ტაბ. თავის ტკივილის შემთხვევაში); (4). ორნოვინი (1 აბი დღეში 2 - ჯერ დილა-საღამოს 1 თვე). ასევე, (1). პანტაპი (კუჭის დამცავი), დილით უზმოზე - 20 დღე; (2). ბრენაქსი 500.0 1x დღეგამოშვებით - 10 დღე; (3). ბრენაქსის შემდეგ ნეიროსერკი 24მგ. 2xჭ. შემდეგ - 1 თვე; (4). ოქსივინი 1x ჭ. შემდეგ - 1 თვე, 6-7 სთ-მდე; (5). კომპიგამ B – 10 ინექცია; (6). რელადექსი, დილით, საუზმის შემდეგ - 2-3 თვე; (7). სემილაქტი 50/20, დღეგამოშვებით, დილით, საუზმის დროს 1 ცალი, სულ 3 ტაბლეტი.

PSP Pharma-ს მიერ 04/03/2021 წელს გაცემული ინფორმაციის შესაბამისად, მედიკამენტების: ბრენაქსი ამპ. 500მგ/4მლ N5, დიაკარბი ტაბ. 0.25მგ N30, დიაკარბი ტაბ. 0.25მგ N30, ინფორინი ტაბ. 400მგ N10, კოკარნიტი ამპ. N3, კოკარნიტი ამპ. N3, კომპლიგამი B NEW ამპ. 2მლ, N10, მეტაზერო ტაბ. 23. 75მგ, N30, ნეიროსერკი ტაბ, 24მგ N60, ორნოვინი ტაბ. N30, ოქსივინი კაფს 30მგ N20, პანანგინი დრ. N50, პანტაპი ტაბ. 40მგ N28, სემილაქტი ტაბ. 50/20 მგ N10 - საერთო ღირებულებაა 604.75 ლარი.

წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობითა და მათი ურთიერთშეჯერების, გამოკვლევის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად, პალატამ მიიჩნია, რომ დგინდებოდა ზემოაღნიშნული მედიკამენტების შეძენის/საჭიროების ფაქტი, შესაბამისად, დაზარალებულის მიერ გაწეული ხარჯის - 604.75 ლარის ანაზღაურება მოპასუხეს უნდა დაკისრებოდა.

5.10. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის მითითება მასზე, რომ შ.პ.ს. „რ.ჰ–ში“ ნევროლოგთან კონსულტაციისთვის მან 15 ლარი გადაიხადა. წარმოდგენილი გადახდის ქვითრითა და ჩეკით დასტურდებოდა, რომ აღნიშნული თანხა გადახდილია მოსარჩელის მიერ. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ არასწორად იქნა დადგენილი, რომ ეს თანხა ს.ს.ი.პ. სოციალური მომსახურების სააგენტომ გადაიხადა. საქმეში არსებული ევექსის კლინიკის ქვითრით დგინდება, რომ ნევროლოგის კონსულტაციიის საფასური შეადგენს 50 ლარს, საიდანაც 35 ლარი გადაიხადა ს.ს.ი.პ. სოციალური მომსახურების სააგენტომ, ხოლო 15 ლარი ნაღდი ანგარიშწორებით გადაიხადა მოსარჩელემ. შესაბამისად, მოპასუხეს ნევროლოგის კონსულტაციის საფასურის ანაზღაურებაც უნდა დაკისრებოდა.

5.11. „აკადემიკოს ფ. თოდუას სამედიცინო ცენტრის“ მიერ გაცემული ანგარიშფაქტურით დგინდებოდა, რომ მოსარჩელეს ექიმმა დაუნიშნა AADGIA თავის ტვინის გამოკვლევა ანგიოგრაფიით (Verio/skyra-3T) და ZXXC20 თავის ტვინის დამატებითი მრტ კონტრასტირება, რომლის საერთო ღირებულება 560 ლარია. ეს თანხა მოსარჩელემ უსახსრობის გამო ვერ გადაიხადა და კვლევა მიუხედავად საჭიროებისა, ვერ ჩაიტარა. იმის გათვალისწინებით, რომ ექიმის დანიშნულებით დგინდებოდა, რომ პაციენტს - მოსარჩელეს, ესაჭიროებოდა ზემოაღნიშნული კვლევების ჩატარება, რომლის აუცილებლობა 2018 წლის 04 აპრილს მომხდარმა ფაქტმა გამოიწვია და ასევე, საქმეში წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურით დგინდებოდა, თუ რას შეადგენდა ასეთი მომსახურების ღირებულება, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ მისი ღირებულების - 560 ლარის გადახდაც უნდა დაკისრებოდა.

5.12. რაც შეეხება მოსარჩელის მიერ მოთხოვნილ სხვა თანხებს - ინგლისური ენის მოსამზადებელ კურსში გადახდილ - 50 ლარსა და ტაქსით გადაადგილებაში დახარჯულ - 300 ლარს, პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება ზემოაღნიშნულ თანხებთან მიმართებით და მიიჩნია, რომ აღნიშნული ხარჯების გაწევის დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმეში არ იყო წარმოდგენილი და ასეთის არსებობის შემთხვევაშიც, უნდა დადასტურებულიყო კავშირი აღნიშნული მომსახურების გაწევასა და მოსარჩელის ჯანმრთელობის დაზიანებას შორის.

5.13. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლზე მითითებით აღნიშნა, რომ მოსარჩელის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და იმ ფსიქიკური წნეხის გამო, რაც მას 2018 წლის 4 აპრილის მომხდარი შემთხვევის/ფაქტის შედეგად მიადგა, მორალური ზიანის - 10000 ლარის დაკისრების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლებიც ვლინდებოდა. პალატის განმარტებით, განსაკუთრებულ მტკიცებას არ საჭიროებდა ის გარემოება, რომ მოსარჩელისათვის დასმული დიაგნოზი (S 06.0 ქალა-ტვინის დახურული ტრავმა, თავის ტვინის შერყევა; S 01.0 თხემის მიდამოს ღია ჭრილობა) მნიშვნელოვან მორალურ ტკივილს გამოიწვევდა დაზარალებულში, მით უფრო მისი საქმიანობის (პედაგოგიური და სამეცნიერო საქმიანობა), ცხოვრების რიტმისა და წესის პირობებში. სამედიცინო ლიტერატურით და პრაქტიკით საყოველთაოდ ცნობილია, რომ ქალა-ტვინის ტრავმა – თავის ქალის და მისი შიგთავსის ტრავმატული დაზიანებაა, რომელსაც გააჩნია სხვადასხვა კლინიკური ფორმები: თავის ტვინის შერყევა; თავის ტვინის მსუბუქი ფორმით დაზიანება; თავის ტვინის საშუალო ფორმით დაზიანება; თავის ტვინის მძიმე ფორმით დაზიანება; დიფუზურ-აქსონალური დაზიანება; თავის ტვინის შეკუმშვა. მისი დამახასიათებელია სიმპტომებია: გონების დაკარგვა, თავის ძლიერი ტკივილი, გულის რევა და ღებინება, ძლიერი თავბრუსხვევა, რბილი ქსოვილების ჰემატომა, კრუნჩხვა, მეხსიერების დაკარგვა, სინათლის შიში, მეტყველების არევა, სიარულის არევა, მხედველობის დაქვეითება. ქალა-ტვინის ტრავმას შესაძლებელია მოჰყვეს შემდეგი სახის გართულებები: პოსტტრავმული ტკივილი; ეპილეპსია; ვეგეტატიური მდგომარეობა. დიდია ლეტალური შედეგის რისკი (https://tsamali.ge/daavadeba/qala-tvinis-travma/402).

6. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შემდეგ საფუძვლებზე მითითებით:

6.1. მოსარჩელეს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მოპასუხის არათუ ბრალეულობას, არამედ შესაძლო უბედური შემთხვევის ზუსტ ადგილმდებარეობას. საპატრულო პოლიციის მიერ შემთხვევის შესახებ ოქმი შედგა არა შემთხვევის ადგილას, არამედ - საავადმყოფოში. იმ შემთხვევაშიც კი, თუ დადასტურდებოდა კავშირი უბედურ შემთხვევასა და მოპასუხის კუთვნილ ჯიხურს შორის, მოპასუხის ქმედება ან უმოქმედობა უნდა ყოფილიყო ბრალეული, რასაც განსახილველ შემთხვევაში, ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად, მოპასუხისათვის მატერიალური ზიანის დაკისრების საფუძვლები არ არსებობდა.

6.2. მოპასუხეს უბედურ შემთხვევაში ბრალი რომც მიუძღვოდეს, საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტების ანალიზის საფუძველზე, მოსარჩელისათვის დამდგარ ქონებრივ ზიანს შესაძლოა წარმოადგენდეს მხოლოდ 167.36 ლარი (147.36 ლარი მედიკამენტების + 20 ლარი ნაკერების ამოღების). რაც შეეხება დანიშნულებაში მითითებულ სხვა მედიკამენტების საფასურს, ვინაიდან მოსარჩელეს ამ მედიკამენტების შეძენის დამადასტურებელი ქვითრები არ წარმოუდგენია, არც მათი საფასურის გადახდის ვალდებულება აქვს მოპასუხეს.

ამასთან, უსაფუძვლოა მოსარჩელის მიერ იმ მედიკამენტებისა და სამედიცინო მომსახურების ხარჯების წინასწარ მოთხოვნაც, რომელიც ჯერ არ გადაუხდია. საქმეში არ მოიპოვება იმგვარი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა ესაჭიროება თუ არა მოსარჩელეს ამჟამადაც ამ ხარჯების გაწევა და ასეთი საჭიროების შემთხვევაში - უკავშირდება თუ არა აღნიშნული 3 წლის წინ მომხდარ უბედურ შემთხვევას.

6.3. გასაჩივრებული გადაწყვეტილება უსაფუძვლოა მოპასუხისათვის მორალური ზიანის დაკისრების ნაწილშიც. ამასთან, დაკისრებული ოდენობა - 10 000 ლარი შეუსაბამოდ მაღალია. მორალური ზიანის სახით დაკისრებული თანხა ათჯერ აღემატება მატერიალური ზიანს, რაც ეწინააღმდეგება სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკას. აღსანიშნავია, რომ მოსარჩელეს უბედური შემთხვევიდან გამომდინარე, არ აქვს ჯანმრთელობის განგრძობითი პრობლემები. მას შესაბამისი მტკიცებულებებით დაავადების პროგრესირებადი ხასიათი არ დაუდასტურებია. დასმული დიაგნოზისა და ჯანმრთელობის დაზიანების ხარისხის გათვალისწინებით, სასამართლოს არ შეიძლება მიეჩნია, რომ ჯანმრთელობის დაზიანებამ გამოიწვია მისი ცხოვრების ჩვეული რიტმის შეცვლა და პროფესიული განვითარების დაქვეითება.

6.4. 2018 წლის 22 აგვისტოს ნევროლოგთან კონსულტაციისათვის გადასახდელი 15 ლარი ანაზღაურებულია დაზღვევის მიერ, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ ქვითარში, პაციენტს გადასახდელი თანხა არ უფიქსირდება, შესაბამისად, არც ამ თანხის ანაზღაურების საფუძველი იკვეთებოდა.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც საკასაციო საჩივარი დაუშვებელია:

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

11. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოპასუხისათვის მატერიალური და მორალური ზიანის დაკისრების მართლზომიერება.

12. ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე (პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი), 1004.1 (შენობის მესაკუთრე ვალდებულია აანაზღაუროს ის ზიანი, რომელიც შენობის ჩამოქცევის ან მისი ცალკეული ნაწილების ჩამონგრევის შედეგად წარმოიშვა, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ზიანი არ არის გამოწვეული შენობის არასათანადო მოვლით ან შენობის ნაკლით), 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება), 409-ე (თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება) და 413-ე (არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევებში დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისთვისაც) მუხლებიდან გამომდინარეობს.

13. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ 2018 წლის 04 აპრილს, მოპასუხის მფლობელობაში არსებული სავაჭრო ჯიხურიდან ჩამოვარდა რკინის კონსტრუქცია, რის შედეგადაც მოსარჩელის ჯანმრთელობას მიადგა ზიანი, კერძოდ, მოსარჩელემ მიიღო: ქალა-ტვინის დახურული ტრავმა, თავის ტვინის შერყევა, თხემის მიდამოს ღია ჭრილობა. აღნიშნულის გამო, მოსარჩელეს ჩაუტარდა სისხლის დიაგნოსტიკური კვლევები, თავისა და თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია, ნევროლოგთან კონსულტაცია, მიეცა მედიკამენტური მკურნალობის დანიშნულება; დანიშნული მკურნალობის ფარგლებში, მოსარჩელემ ნაკერების მოხსნაში გადაიხადა 20 ლარი, შეიძინა მედიკამენტები: ორნოვინის ტაბლეტები - 43.07 ლარი (24/03/2020წ.), ორნოვინის ტაბლეტები - 29.71 ლარი (20/04/2018წ.), ორნოვინის ტაბლეტები - 37.26 ლარი (01/05/2018წ.), დიაკარბის ტაბლეტები - 1.50 ლარი, პანანგინის ტაბლეტები - 1.07 ლარი, ორნოვინის ტაბლეტები - 17.76 ლარი (სულ - 20.33 ლარი, 05/04/2018წ.), ორნოვინის ტაბლეტები - 17.00 ლარი (10/04/2019წ.).

14. საკასაციო პალატას უსაფუძვლოდ მიაჩნია კასატორის პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, რომ მისი კუთვნილი ჯიხურიდან რკინის კონტრუქციის ჩამოვარდნა არ გამხდარა მოსარჩელის ჯანმრთელობის დაზიანების მიზეზი, გამომდინარე იქიდან, რომ საქმეში წარმოდგენილი მოპასუხის წერილებისა და სისხლის სამართლის საქმეზე მისივე წარმომადგენლების გამოკითხვის ოქმებით ერთმნიშვნელოვნად დგინდება, რომ მოსარჩელის ჯანმრთელობის დაზიანების მიზეზი, მოპასუხის კუთვნილი ჯიხურიდან რკინის კონსტრუქციის ჩამოვარდნა გახდა.

15. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის არც იმ პოზიციას, რომ მის მფლობელობაში არსებული ჯიხურიდან რკინის კონსტრუქციის ჩამონგრევა გამოწვეული იქნა უბედური შემთხვევის, კერძოდ, ძლიერი ქარის შედეგად და რომ მოსარჩელისათვის ზიანის დადგომაში მოპასუხეს ბრალი არ მიუძღვის.

საკასაციო პალატა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1004.1 მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ შენობის ჩამოქცევის ან მისი ცალკეული ნაწილების ჩამონგრევის შედეგად წარმოშობილი ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, როდესაც ზიანი გამოწვეულია შენობის არასათანადო მოვლით ან შენობის ნაკლით, შენობის მესაკუთრეს ეკისრება.

საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, შენობის ჩამონგრევის შედეგად ზიანის დადგომაში ბრალის გამომრიცხველი გარემოების არსებობის მტკიცების ტვირთი ამ შენობის მფლობელს, მოცემულ შემთხვევაში კი, კასატორს ეკისრება, რომელმაც სათანადო მტკიცებულებებზე მითითებით ვერ შეძლო იმის დადასტურება, რომ შენობიდან რკინის კონსტრუქციის ჩამონგრევა არა შენობის ნაკლისა და მისი არასათანადო მოვლის, არამედ - ძლიერი ქარის გამო მოხდა. ამდენად, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მოსარჩელისათვის ზიანის მიყენებაში ბრალი კასატორს მიუძღვის.

16. საკასაციო პალატას დასაბუთებულად მიაჩნია ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა ზიანის ოდენობის განსაზღვრის ნაწილშიც, სახელდობრ:

საქმეში წარმოდგენილი ,,PSP Pharma №237" წამლების ჩამონათვალის და შ.პ.ს. „რ.ჰ–ის“ ექიმის დანიშნულებით დადგენილია, რომ კასატორის მიერ მოსარჩელისათვის მიყენებული ჯანმრთელობის დაზიანების სამკურნალოდ დანიშნული მედიკამენტების ღირებულება შედგენდა 604.75 ლარს. საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მჯელობას, რომ იმ პირობებში, როდესაც, საქმეში წარმოდგენილია ექიმის დანიშნულება და მედიკამენტების ღირებულების შესახებ ცნობა, დაზარალებულისათვის უკლებლივ ყველა მედიკამენტის ყიდვის დამადასტურებელი წერილობითი მტკიცებულების (ქვითრებით/გადახდის ჩეკები) მოთხოვნა, მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის არათანაზომიერად და უსამართლოდ გადანაწილება იქნებოდა. ამასთან, იმ პირობებში, როდესაც, დადასტურებულია, რომ მომხდარი შემთხვევის შემდეგ მოსარჩელის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა, საკასაციო პალატის მოსაზრებით, მოქმედებს პრეზუმფცია, რომ მოსარჩელემ მისთვის დანიშნული მკურნალობა ჩაიტარა და შესაბამისი მედიკამენტებიც შეიძინა. აღნიშნული პრეზუმფციის გამაბათილებელი მტკიცებულება კი, მოპასუხეს სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია.

17. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს იმ დასკვნასაც, რომ შ.პ.ს. „რ.ჰ–ში“ ნევროლოგთან კონსულტაციისთვის მოსარჩელემ 15 ლარი გადაიხადა. საქმეში წარმოდგენილი გადახდის ქვითრითა და ჩეკით დადასტურებულია, რომ ნევროლოგის კონსულტაციიის საფასური შეადგენდა 50 ლარს, საიდანაც 35 ლარი გადაიხადა ს.ს.ი.პ. სოციალური მომსახურების სააგენტომ, ხოლო 15 ლარი ნაღდი ანგარიშწორებით გადაიხადა მოსარჩელემ. შესაბამისად, მოპასუხეს ნევროლოგის კონსულტაციის საფასურის ანაზღაურება მართებულად დაეკისრა.

18. უდავოდ დადგენილია, რომ მოსარჩელეს ექიმმა დაუნიშნა თავის ტვინის მრტ კვლევა კონტრასტითა და ანგიოგრაფიის რეჟიმით, რომლის საერთო ღირებულებაც 560 ლარს შეადგენდა. ასევე, უდავოა, რომ აღნიშნული კვლევა მოსარჩელემ უსახსრობის გამო ვერ ჩაიტარა.

ვინაიდან, საქმეში არსებული მასალებით არ დასტურდება, რომ აღნიშნული კვლევის ჩატარების საჭიროება აღარ არსებობს, საკასაციო პალატას მიიჩნია, რომ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, 560 ლარის გადახდაც მართებულად დაეკისრა.

19. კანონმდებელი არ ადგენს ცალკეულ შემთხვევაში მორალური ზიანის ანაზღაურების ოდენობას, ეს საკითხი სასამართლოს შეფასებითი მსჯელობის საგანია და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, თავად შემთხვევის ინდივიდუალობისა და თავისებურების გათვალისწინებით უნდა გადაწყდეს.

არაქონებრივი ზიანის ოდენობის განსაზღვრის დროს ეროვნული სასამართლო ხელმძღვანელობს გონივრულობისა და სამართლიანობის კრიტერიუმებით. აღნიშნულ საკითხზე საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, ,,ჯანმრთელობის დაზიანებით გამოწვეული მორალური ზიანის ანაზღაურება სამართლიანი და გონივრული ოდენობით უნდა განისაზღვროს. შეუძლებელია, თითოეული ადამიანის ჯანმრთელობის ან სიცოცხლის ფასის განსაზღვრა, ამდენად, მორალური ზიანის ანაზღაურების მიზანი, გარკვეულწილად, განცდილი ტკივილისა და დისკომფორტის შემსუბუქებაა. კომპენსაციის ოდენობას განსაზღვრავს სასამართლო დაზარალებულის მიერ განცდილი სულიერი, ფიზიკური ტანჯვისა და ზიანის მიმყენებლის ბრალის გათვალისწინებით, თუ ზიანის ანაზღაურების მოცემული სახე ბრალეულ მოქმედებაზეა დამოკიდებული“ (იხ. სუსგ-ები: №ას-866-816-2015, 12.02.2016წელი. №ას-95-90-2013, 14.06.13წ. Nას-594- 562-2015, 06.11.2015წელი, Nას-797-940-2015, 10.09.2015წელი).

სამართლის მიერ დაცულ ერთ-ერთ სიკეთეს, რომლის ხელყოფის შედეგად დაზარალებულმა შეიძლება მოითხოვოს არაქონებრივი (მორალური) ზიანისათვის ანაზღაურება, წარმოადგენს ადამიანის ჯანმრთელობა. სხეულის დაზიანება ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენება ადამიანის სიცოცხლის იმგვარი ხელყოფაა, რომელიც დაზარალებულს არასრულფასოვნად და ზოგ შემთხვევაში, არაშრომისუნარიანად აქცევს, სხეულის და/ან ჯანმრთელობის ხელყოფით გამოწვეული მორალური ზიანი უშუალოდ სამართალდარღვევიდან შეიძლება არც გამომდინარეობდეს, არამედ მისი თანმდევი შედეგი იყოს (როგორიცაა უშედეგო მკურნალობა, ხანგრძლივი უმწეო მდგომარეობა, აქტიური ცხოვრების შეუძლებლობა, ცხოვრების წესისა და რითმის შეცვლა, მკურნალობის უშედეგობის გამო ცხოვრების ხალისის დაქვეითება, ნერვული დაძაბულობა, რაც პირს არასრულფასოვნების კომპლექსსა თუ სხვა ნეგატიურ განცდებს უყალიბებს), თუმცა, ასეთ დროს, სავალდებულოა, დასტურდებოდეს, რომ დაზარალებულის მორალური განცდები და სულიერი ტანჯვა სხეულისა თუ ჯანმრთელობის ხელყოფის შედეგია (იხ. სუსგ №ას-645-2019, 26 ივლისი, 2019 წელი).

ვინაიდან დადასტურებული ფაქტია, რომ მოსარჩელემ განიცადა ფიზიკური და სულიერი ტანჯვა, ტკივილი და დისკომფორტი ჯანმრთელობის დაზიანებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ მართებულად დადგინდა მორალური ზიანის ანაზღაურების წინაპირობები და, ასევე, გონივრულად განისაზღვრა მისი ოდენობა 10 000 ლარით.

20. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს.

21. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

22. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, ხოლო კასატორს გადახდილი აქვს საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი - 559.99 ლარი, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 559.99 ლარის 70% – 392 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შ.პ.ს. „ს.ფ–ა“-ს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. შ.პ.ს. „ს.ფ–ა“-ს (ს/ნ .....) დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 559.99 ლარის (საგადახდო დავალება №548, გადახდის თარიღი: 07.12.2022წ, გადამხდელის ბანკი - ს.ს. „საქართველოს ბანკი“) 70% – 392 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

თეა ძიმისტარაშვილი