თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - ლ.კ–ძე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - შპს „ა.დ–ი“
დავის საგანი - თანხის დაკისრება
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 26 სექტემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
აღწერილობითი ნაწილი:ლ.კ–ძე სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხის - შპს „ა.დ–ის“ მიმართ და მოითხოვა თანხის გადახდის დაკისრება.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით ლ.კ–ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 26 სექტემბრის განჩინებით ლ.კ–ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ.კ–ძემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორი განმარტავს, რომ შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, მას ბონუსის სახით ეკუთვნოდა გარკვეული თანხის მიღება, რასაც შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა ვერ გამორიცხავდა. რაც შეეხება საგამონაკლისო პირობას, რომლითაც თანხის ანაზღაურების უფლება იზღუდებოდა, იგი, როგორც კანონსაწინააღმდეგო გარიგება, ბათილია და სასამართლოს არ უნდა გაეთვალისწინებინა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 6 თებერვლის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო, საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ ლ.კ–ძის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის პირობებში, ბონუსის სახით შრომის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძვლიანობა წარმოადგენს.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვითაც შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ, ხოლო ამავე კოდექსის მე-14 მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის მიხედვით, შრომითი ხელშეკრულების არსებით პირობას წარმოადგენს შრომის ანაზღაურება (მიეთითება ხელფასი, აგრეთვე არსებობის შემთხვევაში − დანამატი) და მისი გადახდის წესი. მითითებული სამართლებრივი ნორმები ადგენს შრომითი ურთიერთობის ფარგლებში ანაზღაურების განსაზღვრის აუცილებლობას. ამასთანავე, მიუთითებს მხარეთა მიერ ანაზღაურების სახეების და გადახდის წესის შეთანხმების შესაძლებლობაზე. ამდენად, მხარეები უფლებამოსილნი არიან თავისუფალი ნების გამოხატვით შეათანხმონ შრომითი ანაზღაურების პირობები, მათ შორის სახელფასო დანამატი და მისი გადახდის წესი.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ლ.კ–ძეს და შპს „ა.დ–ს“ შორის 2017 წლის 22 აგვისტოს დაიდო შრომითი ხელშეკრულება, ლ.კ–ძე დაინიშნა გაყიდვების აგენტის პოზიციაზე. იმავე დღეს დაიდო შეთანხმება ხელშეკრულებაში ცვლილება-დამატების თაობაზე; რომლის შესაბამისად, შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე, მოპასუხე მხარე ვალდებული იყო მოსარჩელის მიერ გაწეული შრომა აენაზღაურებინა როგორც ხელფასით, ასევე მოსარჩელისთვის კომპანიის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გაყიდული ღირებულების 1%-ის გადახდით. აღნიშნული შეთანხმების მე-2 პუნქტის თანახმად, თუ შრომითი ხელშეკრულება შეწყდებოდა დასაქმებულის სურვილით, ან დამსაქმებლის მიერ საქართველოს შრომითი კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“, „თ“, და „ი“ პუნქტის საფუძველზე დამსაქმებლის ვალდებულება ბონუსის გადახდის თაობაზე უქმდებოდა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის მომენტიდან.
ასევე დადგენილია, რომ 2019 წლის 24 აგვისტოს, ლ.კ–ძემ მიმართა შპს „ა.დ–ს“ 2019 წლის 5 სექტემბრიდან მათ შორის არსებული შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის მოთხოვნით.
ლ.კ–ძის სარჩელის საფუძვლიანობის შესამოწმებლად, საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს შრომის ანაზღაურების და გადახდის წესის თაობაზე მხარეთა შეთანხმების კანონიერებას. საგულისხმოა, რომ მხარეებმა შრომითი ანაზღაურების სახით დანამატის ოდენობა და გადახდის წესი შეათანხმეს სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში და დანამატის მიღების შემზღუდველი პირობაც შეათანხმეს ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად. პალატის მოსაზრებით, ბონუსის (დანამატის) ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ სადავო პირობა ნათლად და ერთმნიშვნელოვნად განსაზღვრავდა მხარეთა ნების შინაარსს და შესაბამისად, დამსაქმებლის უფლებამოსილების ფარგლებს. ამდენად, შრომითი ურთიერთობის დასრულების მომენტში დასაქმებულისთვის ცნობილი იყო მოპასუხის მიერ ბონუსის თანხის ანაზღაურებაზე უარის თქმის შესაძლებლობის შესახებ და სწორედ ასეთ პირობებში მიიღო შრმოითი ურთიერთობის დასრულების გადაწყვეტილება. გარდა ამისა, საგულისხმოა, რომ შრომითი ანაზღაურება პირს ეძლევა სამუშაოს სანაცვლოდ, ე.ი. როგორც წესი, შრომითი ურთიერთობის დაწყებიდან დასრულებამდე პერიოდისთვის; სადავო შემთხვევაში კი, მოსარჩელე ითხოვს არა შრომითი ურთიერთობის არსებობის დროს წარმოშობილი დავალიანების ანაზღაურებას, არამედ - საკუთარი სურვილით შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შემდგომ დამდგარი შედეგიდან გამომდინარე ბონუსის დარიცხვას. ასეთი თანხის გადახდის დაკავშირება კი შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლებთან არ აუარესებს დასაქმებულის მდგომარეობას და ვერ იქნება უკანონოდ მიჩნეული. ამდენად, დამსაქმებელს მინიჭებული ჰქონდა დასაქმებულისთვის ბონუსის გადახდაზე უარის თქმის უფლება, რაც საბოლოო ჯამში, დაუსაბუთებელს ხდის ლ.კ–ძის სარჩელს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განსახილველი დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი და წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრულ, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, ვინაიდან: საქმე არ მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ასევე, არ ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი; სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. ამდენად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული, საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად.
სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ლ.კ–ძის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 26 სექტემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. წულაძე
მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე
გ. მიქაუტაძე