თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - ე.მ–ვა
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
დავის საგანი - ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურისა ანაზღაურება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
აღწერილობითი ნაწილი:ე.მ–ვამ სარჩელით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიმართ, სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენის, იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ე.მ–ვას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება. მოსარჩელე აღდგენილ იქნა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ........ საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე. ე.მ–ვას აუნაზღაურდა სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან (2018 წლის 3 ივლისიდან) სამსახურში აღდგენამდე პერიოდის იძულებითი განაცდური ყოველ თვეზე 720 ლარის ოდენობით.
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 20 დეკემბრის განჩინებით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც მოითხოვა განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 1 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა სააპელაციო სასამართლოს.
საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ დამატებით გამოკვლევას საჭიროებდა დასაქმებულის მხრიდან ვალდებულების დარღვევის შინაარსი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც განხილვის საგანია სკოლის დირექტორის/მოვალეობის შემსრულებლის მხრიდან ისეთი ვალდებულების დარღვევა, როგორიცაა - მოსწავლეებისათვის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორი განმარტავს, რომ მის მიერ ჩადენილი გადაცდომები არ წარმოადგენს შრომითი ხელშეკრულების „უხეშ“ დარღვევას, ამდენად, უსაფუძვლოა დისციპლინური სახდელის სახით სამსახურიდან გათავისუფლების გამოყენება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 2 თებერვლის განჩინებით ე.მ–ვას საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო, საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ ე.მ–ვას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის კანონიერება, მოსარჩელის თანამდებობაზე აღდგენის და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების საფუძვლიანობა.
საქართველოს შრომის კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის (სამართალურთიერთობის პერიოდში მოქმედი 37-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი) შესაბამისად, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ანდა შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებული დავის განხილვისას, აუცილებელია „Ultima Ratio“-ს („უკიდურესი საშუალება“) პრინციპის გათვალისწინება. „Ultima Ratio“-ს პრინციპის მიხედვით, დამსაქმებლის მხრიდან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტამდე გამოყენებულ უნდა იქნეს უფრო მსუბუქი ზომა, თუკი, ამის საშუალებას, ჩადენილი დარღვევიდან გამომდინარე, იძლევა მისი კანონიერი ინტერესი. ცხადია, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა წარმოადგენს უკიდურეს დისციპლინურ ღონისძიებას, რომელიც შესაძლოა დამსაქმებელმა გამოიყენოს დასაქმებულის მიერ ვალდებულების „უხეში“ დარღვევის შემთხვევაში. აქედან გამომდინარე, აუცილებელია, რომ დამსაქმებელმა გაითვალისწინოს, არამართლზომიერი ქცევის ანდა ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, სხვა, უფრო ნაკლებად მკაცრი დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესაძლებლობა (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 23 დეკემბრის №ას-949-2021 განჩინება).
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ შრომითი ურთიერთობის შენარჩუნებას აქვს პრიორიტეტი მის რღვევასთან შედარებით. ამდენად, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა არის უკიდურესი ღონისძიება, რომელიც გამოყენებული უნდა იქნეს გამონაკლის და მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში, მყარი საფუძვლის არსებობის პირობებში. „თითოეული დასაქმებულის საქმის ინდივიდუალური შეფასებისას გამოყენებული უნდა იქნეს ე.წ. „favor prestatoris“ პრინციპი, რაც დასაქმებულთათვის სასარგებლო წესით უპირატესობას ნიშნავს. სწორედ აღნიშნული პრინციპის გამოყენებისას, საჭიროა დამსაქმებლისა და დასაქმებულის მოთხოვნებისა და ინტერესების წონასწორობის დაცვა სამართლიანობის, კანონიერებისა და თითოეული მათგანის ქმედების კეთილსინდისიერების კონტექსტში“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 29 იანვრის №ას-891-2015 განჩინება). ამდენად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ შრომისსამართლებრივი ვალდებულების დარღვევის „უხეშად“ მიჩნევისთვის შეფასებულ უნდა იქნას ჩადენილი დარღვევის ხასიათი, სიმძიმე, შედეგი, დასაქმებულის პიროვნება და შემთხვევის ინდივიდუალური თავისებურებები.
სადავო შემთხვევაში, საკასაციო პალატა, სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერების შეფასებისას, ყურადღებას გაამახვილებს საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელიც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის:
- 2007 წლის 28 აპრილიდან ე.მ–ვა დროებით ასრულებდა დირექტორის მოვალეობას, ხოლო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 26 აპრილს №1/კ-374 ბრძანებით დაინიშნა სსიპ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ........ საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად;
- საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტში 2017 წლის 27 დეკემბერს შევიდა მოქალაქე ჯ.მ–ვის განცხადება, სადაც მითითებული საკითხების შესწავლის მიზნით გამოიცა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 14 თებერვლის №134 ბრძანება, სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის ინსპექტირების სამმართველოს სპეციალისტების მიერ სსიპ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ........ საჯარო სკოლის შემოწმების თაობაზე;
- საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის №2806181200 დასკვნის შესაბამისად სკოლის ტერიტორიაზე გადაადგილება დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მხრიდან არ კონტროლდებოდა, უსაფრთხოებისა და საკუთრების დაცვის მიზნით საჭირო ზომები არ მიღებულა: (ა) დაზიანებულია სკოლის ღობე; ბ) ფინანსური რესურსის არსებობის მიუხედავად, ორის ნაცვლად დასაქმებულია ერთი დარაჯი; გ) დაფიქსირებულია დღის მანძილზე მოსწავლეების მიერ სკოლის ტერიტორიის დატოვება;
- ამავე დასკვნის თანახმად, სკოლის ტერიტორიაზე აღმოჩენილ იქნა სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პრობლემა, რაც მოსწავლეთათვის საფრთხის შემცველია: ა) სკოლის ეზოში განთავსებულია დანგრეული, ნაწილობრივ მიწით ამოვსებული აუზი, რომელშიც ყრია ქაღალდები და შუშის ნამსხვრევები. აუზი არ არის შემოსაზღვრული; ბ) სკოლის ტერიტორიაზე მდებარეობს აგურით ნაშენი შენობა, რომელშიც განთავსებულია მაღალი ძაბვის ძველი ტრანსფორმატორი, არ აქვს კარი და არ არის დაცული მოსწავლეთა შეღწევისაგან; გ) ეზოში ასევე განთავსებულია საქვაბის შენობის ნანგრევები და საკვამური, რომელიც არ არის შემოსაზღვრული და არც დაცულია მოსწავლეთა შეხებისაგან; დ) სკოლის პირველი სართულის ფანჯრების ქვემოთ მდებარე შენობის საჰაეროები (4 სარკმელი) არ არის რაიმე სახით შევსებული ან დაცული მოსწავლეთა შეღწევისაგან; ე) სკოლის შენობის პირველ სართულზე დერეფანში აწყვია ლურსმნიანი ფიცრები, რომლებსაც სკოლა იყენებს შეშად. ადგილი არ არის შემოსაზღვრული და დაცული მოსწავლეების მიერ ფიცრებთან შეხებისაგან; ვ) სკოლაში სხვადასხვა ადგილას აწყვია მოჭრილი ძველი რადიატორები ისე, რომ არ არის შემოსაზღვრული და დაცული მოსწავლეების შეხებისაგან; ზ) საპირფარეშო განთავსებულია სკოლის ეზოში, სადაც არ არის მიყვანილი ელექტროენერგია, ჩამრეცხებს და ონკანებს წყალი არ მიეწოდება;
- სკოლის მიერ წარმოდგენილი 2018 წლის 23 თებერვლის №201073 ცნობის თანახმად, სკოლას 2016 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ბიუჯეტში ნაშთად ერიცხებოდა - 23413.00 ლარი, 2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით - 20394.00 ლარი, ხოლო 2018 წლის 14 თებერვლის მდგომარეობით - 23342.00 ლარი;
- ზემოაღნიშნულ დასკვნაში ასევე მითითებულია, სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევები და მრავალჯერადი ხარვეზები შესყიდვის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში: (ა) არაერთ შემთხვევაში, სკოლის მიერ სხვადასხვა საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოს შესყიდვის მიზნით გაფორმებული ხელშეკრულებების ვადა სულ მცირე 30 დღით არ აღემატება საქონლის მიწოდების ვადას; ბ) ზოგჯერ ხელშეკრულებებში არ არის მითითებული გამარტივებული შესყიდვის საფუძველი, ხელშეკრულების ვადა, შესყიდვის ობიექტის CPV კოდი, მხარეთა რეკვიზიტები; გ) 2016 და 2017 წლების შესყიდვის წლიურ გეგმებში შეტანილია ცვლილებები 2018 წელს, რაც მოწმობს გეგმის ფორმალურად შედგენას; დ) 2016 წლის 10 ნოემბრამდე შესყიდვების წლიური გეგმის წესი და ფორმა არ არის დამტკიცებული/შემუშავებული სკოლის დირექტორის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით და ა.შ.;
- საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 3 ივლისის №76/კ ბრძანებით სსიპ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ........ საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელ ე.მ–ვასთან შეწყდა შრომითი ურთიერთობა, საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
საკასაციო სასამართლო შეაფასებს შრომისსამართლებრივი ვალდებულების დარღვევის შინაარს და სიმძიმეს, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დასაქმებულმა პირმა - საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ვერ უზრუნველყო მოსწავლეებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობა ითვალისწინებს ბავშვებისთვის უსაფრთხო სასწავლო გარემოს შექმნის ვალდებულებას. „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მოსწავლის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნა გულისხმობს ნებისმიერი გარემოების აღკვეთას, რაც საშიშროებას უქმნის მოსწავლეთა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 1 ივლისის №ას-1153-1415-09 გადაწყვეტილება). ბავშვის უფლებათა კონვენციის მესამე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 1 ივნისის №ას-№ას-591-2020 განჩინება).
საკასაციო სასამართლო მხედველობაში იღებს საქმეში წარმოდგენილ დოკუმენტაციას - ადმინისტრაციული ორგანოს შიდა აუდიტის სამსახურის მიერ დასაქმებულის მიმართ მოკვლეულ ინფორმაციას და გაცემულ დასკვნას, ასევე მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ ახსნა-განმარტებებს და დადასტურებულად მიაჩნია, რომ ე.მ–ვამ უხეშად დაარღვია მასზე დაკისრებული შრომისსამართლებრივი ვალდებულებები. კერძოდ, დასაქმებულმა, როგორც სასწავლო დაწესებულების ხელმძღვანელმა პირმა ვერ უზრუნველყო სკოლის შენობაში და მიმდებარე ტერიტორიაზე მოსწავლეებისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნა, მიუხედავად იმ გარემობისა, რომ სკოლას 2016, 2017 და 2018 წლებში გააჩნდა გარკვეული ფინანსური შესაძლებლობები. ასეთ დროს რაიმე ნეგატიური შედეგის დადგომა არ არის საჭირო. დასაქმებულის არასათანადო პროფესიული ქცევის მაღალი ხარისხით შეფასებისა და დარღვევის უხეშად მიჩნევისათვის საკმარისი საფუძველია რეალური რისკის, საფრთხისშემცველი გარემოს არსებობა (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 1 ივნისის №ას-№ას-591-2020 განჩინება).
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ დასაქმებულის მიერ შრომითი საქმიანობის ფარგლებში დაშვებული გადაცდომა - მოსწავლეებისათვის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხისშემცველი გარემოს უგულვებელყოფა და პრევენციული ღონისძიებების განუხორციელებლობა უნდა შეფასდეს იმგვარ სამსახურებრივ გადაცდომად, რომელიც აუცილებელს ხდიდა მოსარჩელის მიმართ უკიდურესი ზომის - სამსახურიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლების გამოყენებას.
საკასაციო პალატა დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შენარჩუნების მიზანშეუწონლობის შეფასების თვალსაზრისით, დამატებით ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ე.მ–ვამ დაარღვია სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის, ასევე „საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის“ და „საბიუჯეტო ორგანიზაციების ბუღალტმრული აღრიცხვის და ფინანსური ანგარიშგების შესახებ ინსტრუქციის“ მოთხოვნები.
ამდენად, ზემოთ მითითებული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 3 ივლისის №76/კ ბრძანება კანონიერია და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი. შესაბამისად, ე.მ–ვას სარჩელი სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის დაკისრების ნაწილშიც დაუსაბუთებელია.
ამრიგად, განსახილველი დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი და წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრულ, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, ვინაიდან: საქმე არ მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ასევე, არ ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი; სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. ამდენად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული, საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ე.მ–ვას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილება;
3. ე.მ–ვას (პ/ნ ..........) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ლ.ძ–ის (პ/ნ ......) მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის (საგადახდო დავალება №7533, გადახდის თარიღი 20.02.2023წ.) 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. წულაძე
მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე
გ. მიქაუტაძე