თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - ნ.გ–ძე
მოწინააღმდეგე მხარე - ვ.ნ–ძე
დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, ქონებით სარგებლობისათვის კომპენსაციის დაკისრება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 10 თებერვლის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
აღწერილობითი ნაწილი:თ.ნ–ძემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - ნ.გ–ძის მიმართ, მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის მოთხოვნით.
ნ.გ–ძემ, ქონებით სარგებლობისათვის კომპენსაციის დაკისრების მოთხოვნით, შეგებებული სარჩელი წარადგინა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 აგვისტოს გადაწყვეტილებით თ.ნ–ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ხოლო ნ.გ–ძის შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; დაწესდა ფულადი კომპენსაცია მოსარჩელის საკუთრებაში არსებული №.... უძრავი ნივთის ნაწილის №... უძრავი ქონების მესაკუთრის, ნ.გ–ძის მიერ სარგებლობის თმენის ვალდებულებისათვის, ყოველწლიურად წინასწარ გადასახდელი 280 ლარის ოდენობით, თ.ნ–ძის კუთვნილი ნაკვეთით სარგებლობის ვადით. აღნიშნული გადაწყვეტილება თ.ნ–ძემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით თ.ნ–ძის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ახალი გადაწყვეტილებით თ.ნ–ძის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა მოსარჩელის კუთვნილი, თბილისში, ...... მდებარე №....... უძრავი ქონებიდან 71 მ2 ფართი და გამოთავისუფლებული გადაეცა მოსარჩელეს; ნ.გ–ძის შეგებებული სარჩელი კი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; დაწესდა ფულადი კომპენსაცია მოსარჩელის საკუთრებაში არსებული №........ უძრავი ქონებიდან ნაწილის (9 მ2) №01.72.14.044.262 მიწის მესაკუთრის მიერ სარგებლობის თმენის ვალდებულებისათვის ყოველწლიურად, წინასწარი გადახდით 31,5 ლარის ოდენობით, თ.ნ–ძის კუთვნილი ნაკვეთით სარგებლობის ვადით. აღნიშნული გადაწყვეტილება ნ.გ–ძემ საკასაციო წესით გაასაჩივრა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 30 მარტის განჩინებით ნ.გ–ძის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, დაუშვებლობის გამო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 24 იანვარს განცხადებით მიმართა ვ.ნ–ძემ, რომელმაც თ.ნ–ძის უფლებამონაცვლედ ცნობა მოითხოვა. განცხადებას თან ერთოდა თ.ნ–ძის გარდაცვალების მოწმობა და საჯარო რეესტრიდან ამონაწერი, რომლის მიხედვითაც, №...... უძრავი ქონების მესაკუთრეს ვ.ნ–ძე წარმოადგენდა (უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი - სამკვიდრო მოწმობა №221742066, დამოწმების თარიღი - 22.12.2022). გარდა ამისა, 2023 წლის 10 თებერვალს ვ.ნ–ძემ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში წარადგინა სამკვიდრო მოწმობა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 10 თებერვლის განჩინებით ვ.ნ–ძის განცხადება დაკმაყოფილდა; თ.ნ–ძის (აპელანტი, მოსარჩელე, მოპასუხე შეგებებულ სარჩელზე) უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა ვ.ნ–ძე. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ნ.გ–ძემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.
კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ ვ.ნ–ძე არ არის თ.ნ–ძის უფლებამონაცვლე; ამასთან, უფლებამონაცვლეობის საკითხი განხილულ იქნა ნ.გ–ძის მოწვევის გარეშე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 7 აპრილის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო, საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მოცემულ შემთხვევაში, საკვლევ საკითხს წარმოადგენს უფლებამონაცვლეების დადგენა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა და სხვა) სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. უფლებამონაცვლეობა შესაძლებელია პროცესის ყოველ სტადიაზე. ამრიგად, სამართლებრივი ურთიერთობის მხარეთა ცვლილება, დავის კატეგორიისა და სამართლებრივი ბუნების გათვალისწინებით, შეიძლება გახდეს საქმეში უფლებამონაცვლის დადგენის წინაპირობა. საპროცესო უფლებამონაცვლეობა პირდაპირ კავშირშია მატერიალური კანონმდებლობიდან გამომდინარე უფლება-მოვალეობების სხვა პირისთვის გადაცემის საკითხის დადგენასთან. საპროცესო უფლებამონაცვლედ მიიჩნევა პირი, რომელსაც მატერიალური კანონმდებლობიდან გამომდინარე, სამართლებრივი ურთიერთობიდან გასული მხარის უფლებები გადაეცა ან/და ვალდებულებები დაეკისრა. სწორედ ამიტომ, საპროცესო უფლებამონაცვლის დადგენისთვის აუცილებელია, განისაზღვროს უფლების სამართლებრივი ბუნება - რამდენად ექვემდებარება იგი სხვა პირზე გადაცემას. თუკი საქმის ერთ-ერთ მხარედ მყოფი პირის გარდაცვალების შემდეგ, სადავო სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე, დაუშვებელია უფლებამონაცვლეობა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქმის წარმოება უნდა შეწყდეს.
განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან უფლებამონაცვლეობის საკითხი წამოიჭრა მხარის გარდაცვალების გამო, გამოყენებულ უნდა იქნეს მემკვიდრეობის მომწესრიგებელი ნორმები. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის. ამრიგად, მემკვიდრე მემკვიდრეობის საფუძველზე იღებს მამკვიდრებლის გარდაცვალების მომენტისთვის არსებულ უფლებებს და ეკისრება მისი მოვალეობები მიღებული სამკვიდროს ფარგლებში. გამონაკლისის სახით, სამოქალაქო კოდექსის 1330-ე და 1332-ე მუხლებით განსაზღვრულია იმ სამართლებრივ სიკეთეთა ჩამონათვალი, რომლებიც მემკვიდრეობით გადაცემას არ ექვემდებარება.
კონკრეტულ შემთხვევაში, მხარეთა შორის სადავო არ არის, რომ განსახილველ სამართალურთიერთობაში (უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა; კომპენსაციის დაკისრება) დასაშვები იყო უფლებამონაცვლეობა. ასევე, საქმეში წარმოდგენილი სამკვიდრო მოწმობით დასტურდება, რომ თ.ნ–ძის სამკვიდრო სრულად მიიღო მისმა მეუღლემ - ვ.ნ–ძემ. ამრიგად, არსებობდა ვ.ნ–ძის თ.ნ–ძის უფლებამონაცვლედ მიჩნევის წინაპირობები.
საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ კანონმდებლის მიერ პროცესის ნებისმიერ ეტაპზე უფლებამონაცვლეობის დაშვება გულისხმობს უფლებამონაცვლის განსაზღვრის შესაძლებლობას სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების მიმართაც კი, თუმცა მხოლოდ ამავე გადაწყვეტილების აღსრულებამდე. განსახილველ შემთხვევაში კი, არ დასტურდება, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულებულია, უფრო მეტიც, კერძო საჩივრის ავტორი ამ საკითხს სადავოდ არც კი ხდის.
რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას, რომ უფლებამონაცვლეობის საკითხი განხილულ იქნა მისი მოწვევის გარეშე, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საპროცესო კანონმდებლობა მხარის უფლებამონაცვლის დადგენის საკითხის მხარეთა დასწრებით განხილვის სავალდებულოობას არ ითვალისწინებს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება გამოტანილია საპროცესო სამართლის ნორმების დაცვით და ვ.ნ–ძე მართებულად იქნა მიჩნეული თ.ნ–ძის უფლებამონაცვლედ. ამრიგად, არ იკვეთება კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძვლები.
სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ.გ–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 10 თებერვლის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. წულაძე
მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე
გ. მიქაუტაძე