თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - გ.გ–ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - სს „ბ.კ–ი”
დავის საგანი - თანხის დაკისრება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 3 აგვისტოს განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
აღწერილობითი ნაწილი:სს „კ.ბ–მა” სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - გ.გ–ის მიმართ, მოპასუხისთვის 84112.61 ლარის დაკისრების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელე სს „კ.ბ–ის” სარჩელი დაკმაყოფილდა; გ.გ–ს 2012 წლის 25 ოქტომბრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისრა 40929.43 ლარის გადახდა, ხოლო 2013 წლის 22 იანვრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე 43183.18 ლარის გადახდა; გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ დავალიანების გადახდევინების მიზნით აღსრულება მიექცეოდა გ.გ–ის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება გ.გ–მა სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის
17 დეკემბრის განჩინებით სს „კ.ბ–ის“ უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სს „ბ.კ–ი“.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 3 აგვისტოს განჩინებით გ.გ–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ.გ–მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი აღნიშნავს, რომ სარჩელი ხანდაზმულია, ხოლო მის მიერ ნაწარმოები გადახდები ემსახურებოდა მხოლოდ პროცენტის (სარგებლის) გადახდას. ამასთან, კასატორის განმარტებით მას თანხები ანგარიშზე შეჰქონდა სხვა - „ოვერდრაფტის“ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესასრულებლად, თუმცა კრედიტორის თანამშრომლები მოვალის მიერ შეტანილ თანხებს თვითნებურად მიაქცევდნენ სადავო ხელშეკრულებების გადახდად. კასატორი ასევე სადავოდ ხდის საკრედიტო დაწესებულების მიერ მოვალის კუთვნილი საბანკო ანგარიშიდან თანხების ჩამოჭრის კანონიერებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 2 თებერვლის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო, საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ გ.გ–ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს მხარეთა შორის სესხის ხელშეკრულების შესრულების ფორმის კანონიერება და მოთხოვნის ხანდაზმულობა წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. იმავე კოდექსის 624-ე მუხლის მიხედვით კი, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „სესხი რეალურ ხელშეკრულებათა რიგს განეკუთვნება და ხელშემკვრელ მხარეთა უფლება-მოვალეობები ხელშეკრულების საგნის მოვალისათვის რეალურად გადაცემის მომენტიდან წარმოიშობა. თავის მხრივ, იგი ფორმასავალდებულო გარიგებას არ წარმოადგენს, თუმცა ფორმის არჩევა მტკიცების ტვირთზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 14 დეკემბრის №ას-361-343-2015 განჩინება).
საკასაციო პალატა, სასარჩელო მოთხოვნების საფუძვლიანობის შემოწმებისას, ყურადღებას გაამახვილებს საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელიც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის:
- 2012 წლის 25 ოქტომბერს, მხარეთა შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება, სამომხმარებლო კრედიტის გაცემის კრედიტით სარგებლობის ვადად განისაზღვრა 36 თვე, საკრედიტო თანხის მთლიან მოცულობად - 42800 ლარი, წლიურ საპროცენტო განაკვეთად 15%. კრედიტი სრულად უნდა დაფარულიყო 2015 წლის 25 ოქტომბერს;
- 2013 წლის 22 იანვარს, მხარეთა შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზის ხელშეკრულება. კრედიტით სარგებლობის ვადად განისაზღვრა 24 თვე, საკრედიტო თანხის მთლიან მოცულობად - 40000 ლარი, წლიურ საპროცენტო განაკვეთად - 15%. კრედიტი სრულად უნდა დაფარულიყო 2015 წლის 22 იანვარს;
- გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების და ასევე ცალკე გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებების 9.3. პუნქტების შესაბამისად, მსესხებელი აცხადებდა წინასწარ თანხმობას ბანკის სრულ უფლებამოსილებაზე მისი საბანკო ანგარიშებიდან უაქცეპტოდ ჩამოაწეროს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა გადასახდელი: პირგასამტეხლო არსებობისას, საკომისიო, პროცენტი და ძირითადი ვალი გადახდის დათქმულ ვადაზე;
- გ.გ–მა დაარღვია მოსარჩელესთან გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებები, რის გამოც 2012 წლის 25 ოქტომბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ერიცხება დავალიანება 40929.43 ლარის ოდენობით, ხოლო 2013 წლის 22 იანვრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 43183.18 ლარი;
- გ.გ–ი 2013 წლის 22 იანვრის ხელშეკრულების ფარგლებში, იხდიდა კრედიტს 2013 წლის 25 ოქტომბრიდან შემდგომ პერიოდში, ხოლო უკანასკნელი გადახდა განხორციელდა 2016 წლის 28 ნოემბერს. რაც შეეხება 2012 წლის 25 ოქტომბრის ხელშეკრულებას, მოპასუხეს განხორციელებული აქვს გადახდები, 2014 წლის 20 აპრილიდან შემდგომ პერიოდში, ბოლო გადახდა კი, განხორციელდა 2016 წლის 25 ოქტომბერს.
საკასაციო პალატა შეაფასებს მხარეთა შორის შეთანხმებული კრედიტის გადახდის წესის კანონიერებას და განმარტავს, რომ აღნიშნული საკითხი მხარეებმა მოაწესრიგეს სახელშეკრულებო თავისუფლების მოქმედების ფარგლებში, კერძოდ, პალატა მიუთითებს, რომ ხელშეკრულებების თანახმად, მსესხებელმა იმთავითვე გამოხატა ნება კრედიტის დაფარვის მიზნით ბანკის მიერ მისი ანგარიშიდან თანხის უაქცეპტოდ ჩამოჭრის შესახებ. ამდენად, პალატის მოსაზრებით, აღნიშნული გადახდა და ბანკის მიერ თანხის უაქცეპტო წესით ანგარიშიდან ჩამოჭრა მიჩნეულ უნდა იქნეს მოვალის მხრიდან სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლით განსაზღვრული ვალდებულების არსებობის „სხვაგვარ აღიარებად“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 2 აპრილის №ას-386-2019 განჩინება).
რაც შეეხება მოთხოვნის ხანდაზმულობის საკითხს, საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მეორე ნაწილზე, რომლის მიხედვით, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია; 130-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად კი, ხანდაზმულობის ვადა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როცა პირმა შეიტყო ან პირს უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ამრიგად, კრედიტორმა დარღვეული უფლების აღსადგენად სასამართლოს დროულად უნდა მიმართოს, რადგან ხანდაზმული სასარჩელო მოთხოვნა, მოპასუხის შედავების შემთხვევაში, დაკმაყოფილებას არ ექვემდებარება.
განსახილველ შემთხვევაში, მსესხებლის მიერ ზემოთ განხილული წესით განხორციელებული პერიოდული გადახდების მომენტიდან მოსარჩელის მიერ სასამართლოსთვის სარჩელით მომართვამდე (სარჩელი წარმოდგენილია 2018 წლის 18 იანვარს) არ არის გასული ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა. შესაბამისად, მოპასუხის მითითება სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია, რაც მართებულად გახდა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველი დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი, მოპასუხეს მართებულად დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ სესხის ხელშეკრულების გადაუხდელი თანხის ანაზღაურება და წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრულ, დასაშვებობის მოთხოვნებს, ვინაიდან: საქმე არ მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; არ ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი; სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. რაც შეეხება სახელმწიფო ბაჟის საკითხს, კასატორს გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 1261.68 ლარი (გადასახდელი ბაჟის 30%), დარჩენილი თანხის გადახდა კი გადაუვადდა საკასაციო პალატის 2023 წლის 2 თებერვლის განჩინებით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. ამდენად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის გამო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის გათვალისწინებით, აღარ არსებობს კასატორისთვის დამატებით ბაჟის გადახდის დავალების, ან გადახდილი ბაჟის ნაწილის უკან დაბრუნების წინაპირობები.
სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ.გ–ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 3 აგვისტოს განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. წულაძე
მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე
გ. მიქაუტაძე