Facebook Twitter

ას-248-2023

10 მაისი, 2023 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თამარ ზამბახიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – რ.ა.ხ.ს.ო–ო (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ხ.მ–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 13 თებერვლის განჩინება

კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით შეგებებული სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 23 მაისის საოქმო განჩინებით მოპასუხე - რ.ა.ხ.ს.ო–ოს შუამდგომლობა თბილისის საქალაქო სასამართლოს არაგანსჯადობისა და შესაბამისი საერთაშორისო კომპეტენციის არ არსებობასთან დაკავშირებით, არ დაკმაყოფილდა. ამავე სასამართლოს 2022 წლის 08 ნოემბრის გადაწყვეტილებით ხ.მ–ის (შემდეგში მოსარჩელის) სარჩელი რ.ა.ხ.ს.ო–ოს (შემდეგში მოპასუხის) მიმართ თანხის დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 31 ოქტომბრის N2/32887-16 განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც „რ.ა.ხ.ს.ო–ოს“ აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილის გასხვისება შპს „რ. ა. ხ.ი. ა. ჯ–აში“ (ს.კ 204544154).

2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა. მოსარჩელემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება, ხოლო მოპასუხემ გასაჩივრებული გადაწყვეტილებისა და 2022 წლის 23 მაისის საოქმო განჩინების ნაწილობრივ გაუქმება (იმ ნაწილში, რომლითაც სასამართლომ დადგენილად მიიჩნია დავის განხილვის საერთაშორისო იურისდიქცია) და საქმეზე წარმოების შეწყვეტა ითხოვა საქმის განხილვის საერთაშორისო კომპეტენციის არარსებობის გამო.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 09 იანვრის განჩინებით რ.ა.ხ–ას საინვესტიციო ოგანოს სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 08 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი გასაჩივრების ვადის გასვლის გამო.

3.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 08 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე 2023 წლის 07 თებერვალს მოპასუხემ (რ.ა.ხ.ს.ო–ომ) წარადგინა შეგებებული სააპელაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება (იმ ნაწილში, რომლითაც სასამართლომ დადგენილად მიიჩნია დავის განხილვის საერთაშორისო იურისდიქცია) და საქმეზე წარმოების შეწყვეტა საქმის განხილვის საერთაშორისო კომპეტენციის არარსებობის გამო.

3.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 13 თებერვლის განჩინებით რ.ა.ხ.ს.ო–ოს შეგებებული სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

3.2.1. პალატამ მიუთითა, სსსკ-ის 379-ე მუხლზე, რომლის თანახმად, მოწინააღმდეგე მხარეს შეუძლია სააპელაციო საჩივრის გადაცემიდან 10 დღის ვადაში წარადგინოს შეგებებული სააპელაციო საჩივარი, მიუხედავად იმისა, განცხადებული აქვს თუ არა უარი სააპელაციო საჩივრის შეტანაზე. სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის ან მისი განუხილველად დატოვების შემთხვევაში შეგებებული სააპელაციო საჩივარი არ განიხილება და მიიჩნია, რომ შეგებებული სააპელაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩენილიყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 379-ე მუხლის შესაბამისად, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 09 იანვრის განჩინებით მისი სააპელაციო საჩივარი დატოვა განუხილველად.

3.3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 13 თებერვლის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა რ.ა.ხ.ს.ო–ომ.

3.3.1. კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ მისი სააპელაციო საჩივრის გასაჩივრების ვადის გასვლის გამო განუხილველად დატოვების შემდეგ, მოსარჩელის სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში წარადგინა შეგებებული სააპელაციო საჩივარი, თუმცა სააპელაციო სასამართლომ შეგებებული სააპელაციო საჩივარი განუხილველი დატოვა იმ საფუძვლით, რომ რადგან მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი, განუხილველად უნდა დარჩენილიყო მისი შეგებებული სააპელაციო საჩივარიც.

3.3.2. კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა სსსკ-ის 379-ე მუხლი. ვინაიდან, მხარის უფლება შეიტანოს შეგებებული სააპელაციო საჩივარი არსებობს ამავე მხარის მიერ ძირითადი სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლებისგან დამოუკიდებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

4. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

5. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მიერ, რ.ა.ხ.ს.ო–ოს შეგებებული სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერების საკითხი.

6. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

7. მოცემულ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორი შეგებებული სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინებას სადავოდ ხდის იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სსსკ-ის 379-ე მუხლი, ვინაიდან, მხარის უფლება შეიტანოს შეგებებული სააპელაციო საჩივარი, არსებობს ამავე მხარის მიერ ძირითადი სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლებისგან დამოუკიდებლად.

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს პირველი ინსტანციით გამოტანილი გადაწყვეტილება მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ სააპელაციო სასამართლოში (სააპელაციო საჩივარი).

9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 379-ე მუხლის თანახმად, მოწინააღმდეგე მხარეს შეუძლია სააპელაციო საჩივრის გადაცემიდან 10 დღის ვადაში წარადგინოს შეგებებული სააპელაციო საჩივარი, მიუხედავად იმისა, განცხადებული აქვს თუ არა უარი სააპელაციო საჩივრის შეტანაზე. სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის ან მისი განუხილველად დატოვების შემთხვევაში შეგებებული სააპელაციო საჩივარი არ განიხილება.

10. ამრიგად, მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა პროცესის მონაწილე სუბიექტს (მხარეებს, დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით მესამე პირებს) მათთვის არასასურველი შედეგის განმსაზღვრელი სასამართლო გადაწყვეტილებისგან თავის დაცვის ორ დამოუკიდებელ ინსტრუმენტს სთავაზობს: 1) სააპელაციო საჩივრისა და 2) შეგებებული სააპელაციო საჩივრის სახით. ამასთან, შეგებებული სააპელაციო საჩივრის აღძვრის შესაძლებლობა უზრუნველყოფს, რომ გადაწყვეტილებით ნაწილობრივ უკმაყოფილო პროცესის მონაწილეს მაშინაც კი შეეძლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის ეფექტის შეკავება, როდესაც ობიექტურ თუ სუბიექტურ მიზეზთა გამო, იგი მოკლებულია იმგვარი მძლავრი საპროცესო ბერკეტის გამოყენების შესაძლებლობას, როგორიც სააპელაციო საჩივარია. სუბიექტურ მიზეზში საკასაციო პალატა მოიაზრებს გასაჩივრების ვადის გასვლის ან გასაჩივრების უფლებამოსილების გამოყენებაზე უარის თქმის გამო სააპელაციო საჩივრის წარდგენის შეუძლებლობას, ხოლო ობიექტურ ფაქტორებში მოიაზრება ის საპროცესო წინაღობები, რომლებიც გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივრებს იმთავითვე დაუშვებლად მოიაზრებენ (ას-1233-2022, 21.10.2022წ.).

11. შეგებებული სააპელაციო საჩივრის ინსტიტუტი უფლების დაცვის დამატებითი საპროცესო საშუალებაა, რაც ნათლად ვლინდება სსსკ 379-ე მუხლის მეორე წინადადებაში - ძირითადი სააპელაციო საჩივრის გამო საქმისწარმოების შეწყვეტისა თუ მისი განუხილველად დატოვების შემთხვევაში, შეგებებული სააპელაციო საჩივარიც იზიარებს იმავე საპროცესო ბედს. ამგვარი შეზღუდვის არსებობის მიუხედავად, გასათვალისწინებელია კანონმდებლის ნება, რომ შეგებებული სააპელაციო საჩივარი უნდა წარმოადგენდეს უფლების დაცვის ქმედით ინსტრუმენტს.

12. შეგებებული სააპელაციო საჩივრის მიმართ სრულად ვრცელდება მხოლოდ და მხოლოდ ის მოთხოვნები, რომლებსაც კანონმდებელი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლით უდგენს ძირითად სააპელაციო საჩივარს, ასევე, სასამართლოს დამატებით ევალება მხარის მიერ 10-დღიანი საპროცესო ვადის დაცვის უტყუარად გამორკვევა. შეგებებული სააპელაციო საჩივრის შეტანისათვის კანონმდებელი ადგენს რა სპეციალურ წინაპირობებს, სასამართლოს არ აქვს რაიმე უფლებამოსილება, მისი განსახილველად დაშვებისათვის დააწესოს დამატებითი, კანონით გაუთვალისწინებელი საფუძვლები (იხ. სუსგ. ას-1175-2021, 17.03.2022წ).

13. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 379-ე მუხლის მიზნობრივი განმარტებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას მასზედ, რომ მხარის უფლება, შეიტანოს შეგებებული სააპელაციო საჩივარი, არსებობს ამავე მხარის მიერ ძირითადი სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლებისგან დამოუკიდებლად. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ მხარის მიერ სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის გასვლის გამო მისი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების მიუხედავად, მას აქვს შეგებებული სააპელაციო საჩივრის წარდგენის შესაძლებლობა სსსკ-ის 379-ე მუხლის შესაბამისად. აქედან გამომდინარე, მითითებული საფუძვლით შეგებებული სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება საფუძველს მოკლებულია.

14. მიუხედავად ზემოაღნიშნული მსჯელობისა, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არსებობდა რ.ა.ხ.ს.ო–ოს შეგებებული სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობა. კერძოდ, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლება აქვს მხარეს, რომლის საწინააღმდეგოდაცაა გადაწყვეტილება გამოტანილი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე მუხლის დანაწესი მოიაზრებს გასაჩივრების მსურველი მხარის იმ შესაძლებლობას, რომ ზემდგომი წესით მან იდავოს მხოლოდ გადაწყვეტილების იმ ნაწილზე, რომლითაც მის მოთხოვნას ეთქვა უარი დაკმაყოფილებაზე (იხ. მაგ სუსგ №ას-169-159-2014). პალატა განმარტავს, რომ გადაწყვეტილების კანონიერ ძალას გააჩნია კანონით განსაზღვრული სუბიექტური და ობიექტური ფარგლები, რომელიც აზუსტებს გადაწყვეტილების მოქმედების საზღვრებს. გადაწყვეტილების კანონიერი ძალა ვრცელდება საქმის განხილვაში მონაწილე პირთა წრეზე (სუბიექტური ფარგლები) და გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილზე (ობიექტური ფარგლები). შესაბამისად, გასაჩივრებას ექვემდებარება გადაწყვეტილება, თუ სადავოა მისი სარეზოლუციო ნაწილით და არა აღწერილობითი ან სამოტივაციო ნაწილით დადგენილი ფაქტი.

15. მართალია, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე მუხლი არ შეიცავს პირდაპირ მითითებას გადაწყვეტილების მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილის გასაჩივრების თაობაზე, თუმცა ასეთი შეზღუდვის პირდაპირ მიუთითებლობა ნორმის განსხვავებულად განმარტების წინაპირობას არ იძლევა. სამოქალაქო საპროცესო სამართლის პრინციპებისა და კოდექსის ნორმათა ურთიერთშეჯერებითა და ერთობლიობაში განმარტებით საკასაციო სასამართლო ასკვნის, რომ გადაწყვეტილების კანონიერი ძალა ვრცელდება მის სარეზოლუციო ნაწილზე. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი თავისი არსით წარმოადგენს პირდაპირ და ზუსტ პასუხს სარჩელზე. დაინტერესებულ პირს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება შეუძლია, თუ ის მის წინააღმდეგაა მიღებული ან, რაიმე ფორმით მის კანონიერ ინტერესებს შეეხება, რის თაობაზეც მხარემ სააპელაციო საჩივარში უნდა მიუთითოს (ას-1255-1198-2013, 10.02.2014წ.).

16. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 23 მაისის საოქმო განჩინებით მოპასუხე - რ.ა.ხ.ს.ო–ოს შუამდგომლობა თბილისის საქალაქო სასამართლოს არაგანსჯადობისა და შესაბამისი საერთაშორისო კომპეტენციის არ არსებობასთან დაკავშირებით, არ დაკმაყოფილდა. ამავე სასამართლოს 2022 წლის 08 ნოემბრის გადაწყვეტილებით ხ.მ–ის სარჩელი რ.ა.ხ.ს.ო–ოს მიმართ თანხის დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდა. კონკრეტული საქმის წარმოებისას მიღებული საოქმო განჩინება, რომელიც ცალკე არ საჩივრდება, უნდა გასაჩივრდეს საერთო წესით, სადავოდ გამხდარ გადაწყვეტილებასთან ერთად. 2022 წლის 23 მაისის საოქმო განჩინება მოპასუხის მიერ გასაჩივრდა საბოლოო გადაწყვეტილებასთან ერთად, თუმცა, აღნიშნული საბოლოო გადაწყვეტილება არ არის მიღებული მოპასუხის წინააღმდეგ. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი პირდაპირ არ წარმოშობს მისთვის რაიმე ქმედების შესრულების ან შესრულებისაგან თავის შეკავების ვალდებულებას. ასეთ პირობებში კი, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილების მსურველმა მხარემ სათანადოდ უნდა დაასაბუთოს, რომ გადაწყვეტილებით დამდგარი შედეგი მის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებზე ახდენს გავლენას. შეგებებული სააპელაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნას წარმოადგენდა პირველი ინსტანციის სასამართლოს საოქმო განჩინებისა და გადაწყვეტილების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც სასამართლომ დადგენილად მიიჩნია დავის განხილვის საერთაშორისო იურისდიქცია. საკასაციო სასამართლო ამ მითითებას მხედველობაში ვერ მიიღებს, ვინაიდან მხარე ვერ ასაბუთებს, კონკრეტულად რა შედეგს წარმოშობს მისთვის გასაჩივრებული გადაწყვეტილება და რა ფორმით შეეხება მის კანონიერ ინტერესებს.

17. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობდა რ.ა.ხ.ს.ო–ოს შეგებებული სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი, შესაბამისად, კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. რ.ა.ხ.ს.ო–ოს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 13 თებერვლის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: რევაზ ნადარაია

თამარ ზამბახიძე