ას-244-2023
18 მაისი, 2023 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თამარ ზამბახიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – შპს „ქ-ჰ. ჰ–ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ვ–ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 30 იანვრის განჩინება
კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. შპს „ვ–მა“ (შემდეგში მოსარჩელემ) თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი აღძრა შპს „ქ-ჰ. ჰ–ის“ (შემდეგში მოპასუხის) მიმართ, თანხის დაკისრების მოთხოვნით.
1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილებით შპს „ვ–ის“ სარჩელი შპს „ქ-ჰ.ჰ–ის“ მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოსარჩელეს უარი ეთქვა მოპასუხის მიმართ პირგასამტეხლოს მოთხოვნის ნაწილში სარჩელის სრულად დაკმაყოფილებაზე. შპს „ქ-ჰ.ჰ–ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 59 240.23 ლარის გადახდა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარებლოდ დაეკისრა 2021 წლის 15 ივნისის მდგომარეობით დარიცხული შემცირებული პირგასამტეხლოს - 7119.08 ლარის გადახდა. ასევე დაეკისრა 2021 წლის 15 ივნისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიური შემცირებული პირგასამტეხლოს - 14.81 ლარის გადახდა.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
2.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით შპს „ქ-ჰ.ჰ–ის“ წარმომადგენლის ვ.ჯ–იას შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. აპელანტს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა განჩინების ასლის გადაცემიდან 10 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში წარედგინა 3303.05 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი. სააპელაციო პალატას აპელანტის წარმომადგენელმა დადგენილ ვადაში (2022 წლის 24 ნოემბერს) განცხადებით მიმართა და ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის 30 დღით გაგრძელება მოითხოვა, იმ გარემობაზე მითითებით, რომ რთული ეკონომიური მდგომარეობის გამო ვერ ახერხებდა თანხის მოძიებას.
2.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 29 ნოემბრის განჩინებით აპელანტს ხარვეზის შევსების ვადა გაუგრძელდა 10 დღით. აღნიშნული განჩინება აპელანტის წარმომადგენელს ჩაბარდა 2022 წლის 20 დეკემბერს. 2022 წლის 28 დეკემბერს, ხარვეზის შევსებისათვის დანიშნულ ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას აპელანტის წარმომადგენელმა კვლავ მიმართა განცხადებით და ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის 10 დღით გაგრძელება მოითხოვა, იმ გარემობაზე მითითებით, რომ რთული ეკონომიური მდგომარეობის გამო ვერ ახერხებდა თანხის მოძიებას.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 30 იანვრის განჩინებით შპს „ქ-ჰ.ჰ–ის“ სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი.
3.1. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ვინაიდან, ერთხელ უკვე დაკმაყოფილდა აპელანტის შუამდგომლობა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ, იგივე შუამდგომლობა სასამართლოს უქმნიდა დასაბუთებულ ეჭვს, რომ აპელანტი ცდილობდა სასამართლო პროცესის გაჭიანურებას. მით უფრო, რომ მხარემ ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის გაგრძელება მოითხოვა მისი ეკონომიური მდგომარეობის გამო, ხოლო რაიმე მტკიცებულება რაც დაადასტურებდა განცხადებაში ასახულ გარემოებას არ წარმოუდგენია.
4. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა მოპასუხემ და მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ დაუსაბუთებლად არ გაიზიარა აპელანტის მიერ მითითებული გარემოებები, რომელთა საფუზველზეც ის ითხოვდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებას. რთულ ეკონომიკურ მდგომარეობას ადასტურებდა აპელანტის სამეწარმეო რეესტრის ამონაწერი, მრავლად რეგისტრირებული უფლებრივი შეზღუდვებით.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 20 მარტის განჩინებით შპს „ქ-ჰ.ჰ–ის“ კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
6. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
7. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
8. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობის მოტივით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების მართლზომიერება.
9. სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
10. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ კი სააპელაციო საჩივარი აღარ განიხილება და დარჩება განუხილველად.
11. განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2022 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით შპს „ქ-ჰ.ჰ–ის“ წარმომადგენლის ვ.ჯ–იას შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. აპელანტს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა განჩინების ასლის გადაცემიდან 10 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში წარედგინა 3303.05 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი. სააპელაციო პალატას დადგენილ ვადაში (2022 წლის 24 ნოემბერს) განცხადებით მიმართა აპელანტის წარმომადგენელმა და ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის 30 დღით გაგრძელება მოითხოვა, იმ გარემობაზე მითითებით, რომ რთული ეკონომიური მდგომარეობის გამო ვერ ახერხებდა თანხის მოძიებას. სააპელაციო პალატის 2022 წლის 29 ნოემბრის განჩინებით აპელანტს ხარვეზის შევსების ვადა გაუგრძელდა 10 დღით. აღნიშნული განჩინება აპელანტის წარმომადგენელს ჩაბარდა 2022 წლის 20 დეკემბერს. 2022 წლის 28 დეკემბერს, ხარვეზის შევსებისათვის დანიშნულ ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას აპელანტის წარმომადგენელმა კვლავ მიმართა განცხადებით და ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის 10 დღით გაგრძელება მოითხოვა, იმ გარემობაზე მითითებით, რომ რთული ეკონომიური მდგომარეობის გამო ვერ ახერხებდა თანხის მოძიებას.
12. საქმის მასალებით დასტურდება, რომ აპელანტს ხარვეზის გამოსწორების შესაძლებლობა ჰქონდა ხარვეზის დადგენიდან - 2022 წლის 07 ოქტომბრიდან 2022 წლის 30 დეკემბრამდე, თუმცა აპელანტს არც სახელმწიფო ბაჟი გადაუხდია და არც სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების საფუძვლად რაიმე მტკიცებულება წარუდგენია. პალატა ასევე ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ მოცემულ საქმეზე სააპელაციო საჩივრის შეტანიდან (2022 წლის 26 ივლისი) გასულია რამდენიმე თვე და ხარვეზი ნაწილობრივაც არ გამოსწორებულა. პალატა აქვე აღნიშნავს, რომ 2022 წლის 24 ნოემბრის განცხადება, რითაც აპელანტი ითხოვდა ხარვეზის აღმოსაფხვრელად 30 დღიანი ვადის განსაზღვრას, სააპელაციო სასამართლოში წარდგენილ იქნა 2022 წლის 24 ნოემბერს, განჩინება ხარვეზის შევსების ვადის 10 დღით გაგრძელების შესახებ კი გამოტანილ იქნა 2022 წლის 29 ნოემბერს. აღნიშნული განჩინება აპელანტს ჩაბარდა ამავე წლის 20 დეკემბერს, რაც ნიშნავს, რომ აპელანტს პრაქტიკულად მის მიერ მოთხოვნილზე (30 დღიანი) მეტი ვადა ჰქონდა ხარვეზის აღმოსაფხვრელად.
13. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ აპელანტის შუამდგომლობები იწვედა საქმის განხილვის გაუმართლებელ გაჭიანურებას, რაც უპირობოდ ლახავს მოწინააღმდეგე მხარის კანონით დაცულ ინტერესებს, მიიღოს სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულება. აპელანტს გონივრული ვადა მიეცა ხარვეზის გამოსასწორებლად, თუმცა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში იგი არ გამოუსწორებია.
14. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ ამომწურავად იმსჯელა და შეაფასა აპელანტის შუამდგომლობა ხარვეზის შევსების ვადის კვლავ გაგრძელების თაობაზე და მართებულად არ დააკმაყოფილა იგი.
15. რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას, რომ აპელანტის მძიმე ფინანსური მდგომარეობის შესახებ შუამდგომლობა იყო დასაბუთებული სამეწარმეო რეესტრის ამონაწერით, მასში მრავლად რეგისტრირებული უფლებრივი შეზღუდვებით, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს. სსსკ-ის 48-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს უტყუარ მტკიცებულებებს წარუდგენს.
16. ამდენად, კანონის მითითებული დანაწესით დადგენილი სასამართლო ხარჯების გადახდის გადავადების შესაძლებლობა არსებობს იმ შემთხვევაში, თუ მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლისა და საქმის მასალების გაანალიზების საფუძველზე სასამართლოს შეექმნება შინაგანი რწმენა მხარის მძიმე ქონებრივი მდგომარეობის შესახებ, კერძოდ, იმის შესახებ, რომ მას მოცემულ ეტაპზე სახელმწიფო ბაჟის გადახდა არ შეუძლია. განსახილველ შემთხვევაში, აპელანტს კონკრეტული მტკიცებულებები, რაც მის გადახდისუუნარობას დაასაბუთებდა სასამართლოსთვის არ წარუდგენია. შესაბამისად, მისი შუამდგომლობა დასაბუთებულად ვერ ჩაითვლებოდა.
17. შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ, უნდა იყოს დასაბუთებული. მასში კონკრეტულად უნდა მიეთითოს არგუმენტაცია, რომელიც უნდა შეეხებოდეს მხოლოდ იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვთ შუამდგომლობაში დასმულ მოთხოვნასთან, ასევე დართული უნდა იქნეს შესაბამისი მტკიცებულებები (სუსგ 16.11.2018წ. საქმე №ას-1324-2018). მოცემულ საქმეზე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აპელანტმა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების წინაპირობების არსებობა სარწმუნოდ ვერ დაასაბუთა. გარდა ამისა, ნიშანდობლივია ის გარემოება, რომ სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებას აპელანტი ითხოვდა მის მიერ შეტანილი სააპელაციო საჩივრით. მას შემდეგ, რაც უარი ეთქვა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებაზე, ის სასამართლოს მიმართავდა არა გადავადების შესახებ შუამდგომლობით, არამედ ითხოვდა ხარვეზის აღმოფხვრისათვის ვადის გაგრძელებას სათანადო საფუძვლების მითითების გარეშე. ამდენად, საფუძველს მოკლებულია კერძო საჩივრის ავტორის აპელირება, რომ სასამართლომ არასწორად არ გაიზიარა მისი შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ.
18. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად დატოვა განუხილველად მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი ხარვეზის შეუვსებლობის გამო და არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ქართულ-ჰ.ჰ–ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 30 იანვრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: რევაზ ნადარაია
თამარ ზამბახიძე