№ას-1138-2022
18 მაისი, 2023 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თამარ ზამბახიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ბ–ი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 11 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ (შემდგომში - მოსარჩელე, კასატორი) სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში შპს „ბ–ის“ (შემდეგში - მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ 558 979.22 ლარის ოდენობით გაწეული ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნით.
2. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. პირველი ინსტანციის სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 11 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
5.1. თბილისში, ...... ქუჩაზე მდებარე, N ...... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 19 886 კვ.მ. მიწის ნაკვეთი წარმოადგენს შპს „ბ–ის“ საკუთრებას. აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე მოწყობილია ხელოვნური წყალსატევი.
5.2. შპს „ბ–ის“ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული ხელოვნური წყალსატევის დაბინძურება გამოიწვია მასში დაბინძურებული ხევის წყლის ჩადინებამ. თავის მხრივ, ხევში ჩამდინარე წყალი დაბინძურდა თვითნებურად მოწყობილი გაუმართავი საკანალიზაციო სისტემის მიერთების შედეგად.
5.3. 2016 წლის 23 მაისს, შპს „ბ–მა“ წერილით მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, სადაც აღნიშნული იყო, რომ ხელოვნური წყალსატევის დაბინძურებას იწვევდა შინდისში მდებარე ტყავის გადამამუშავებელი საწარმოს და ადგილობრივი მოსახლეობის მიერ მოუწყობელი საკანალიზაციო სისტემის შედეგად დაბინძურებული წყლის ხელოვნურ წყალსატევში ჩადინება. ამავე წერილით შპს „ბ–მა’’ მოითხოვა დარღვევის აღკვეთა, ასევე წყალსატევის და მასში ჩამდინარე წყლის გაწმენდა. წერილს თან ერთვოდა წყალსატევის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის ხელმოწერები.
5.4. 2016 წლის 23 სექტემბერს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ წერილი გაუგზავნა შპს „ბ–ს“ და მოსთხოვა წყალსაცავის გასუფთავება „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე. ამავე წერილში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ მიუთითა, რომ წყალსაცავის დაბინძურება გამოწვეული იყო მასში ჩამდინარე წყლის ქსელზე საკანალიზაციო სისტემის დაერთებით. ვინაიდან შპს „ბ–ის“ კუთვნილ ტერიტორიაზე განთავსებულ წყალსაცავს ადგილობრივი მნიშვნელობის წყლის სტატუსი არ ჰქონდა, ქალაქ თბილისის მერიას არ ეკისრებოდა წყალსაცავის გაწმენდითი სამუშაოების ჩატარების ვალდებულება.
5.5. წყალსატევის გაწმენდითი სამუშაოების დაფინანსება განხორციელდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, რისთვისაც გაწეული იქნა შემდეგი ხარჯები: ბათიმეტრიული კვლევის ჩატარებისთვის - 2 500 ლარი, წყალსატევის გაწმენდითი სამუშაოებისთვის - 549 679.22 ლარი, წყალსატევის სანიტარულ-ჰიგიენური შეფასებისთვის - 2 000 ლარი და წყალსატევიდან ამოღებული დაბინძურებული გრუნტის მოცულობის განსაზღვრისთვის - 4 800 ლარი.
5.6. 2017 წლის 14 სექტემბერს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურმა წერილობით მიმართა შპს „ბ–ს“ წყალსატევის გაწმენდითი სამუშაოების ჩასატარებლად თანხმობის მიცემაზე.
5.7. 2017 წლის 27 სექტემბრის წერილით შპს „ბ–მა“ თანხმობა განაცხადა წყალსატევის გაწმენდის მიზნით ტერიტორიაზე შესაბამისი პირების დაშვებაზე.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება:
5.8. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 969-ე მუხლზე, რომლის თანახმად, პირი (შემსრულებელი), რომელიც დავალების ან სხვა საფუძვლის გარეშე ასრულებს სხვა პირის (მეპატრონის) საქმეებს, ვალდებულია, შეასრულოს ისინი კეთილსინდისიერად. პალატის მოსაზრებით, უპირველესად შესაფასებელ სადავო საკითხს წარმოადგენდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ შპს „ბ–ის“ საკუთრებაში არსებული წყალსატევის („კ.ტ–ის“) გაწმენდით სამუშაოებზე ვალდებული პირის განსაზღვრა. უპირველესად უნდა განსაზღვრულიყო, ითვლება თუ არა წყალსატევი მოპასუხის საკუთრებად, იმის გამო რომ ის მოპასუხის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზეა განთავსებული.
5.9. პალატამ მიუთითა „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული წყალი სახელმწიფო საკუთრებაა და გაიცემა მხოლოდ სარგებლობისათვის. აკრძალულია ყოველგვარი ქმედება, რომელიც პირდაპირ ან ფარული ფორმით ხელყოფს წყლის სახელმწიფო საკუთრების უფლებას. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, მიწაზე საკუთრების უფლება არ იძლევა ამ მიწაზე არსებული ან გამდინარე, ზედაპირული ან მიწისქვეშა წყლებით სარგებლობის უფლებას, გარდა ამ კანონის 32-ე მუხლით განსაზღვრული შემთხვევებისა. „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს წყლის სახელმწიფო ფონდს განეკუთვნება საქართველოს ტერიტორიაზე არსებული და გამავალი მდინარეები, ტბები, წყალსაცავები, სხვა ბუნებრივი და ხელოვნური ზედაპირული წყალსატევები, აგრეთვე არხების და ტბორების წყლები.
5.10. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, დაუსაბთებელი იყო აპელანტის პოზიცია, რომ წყალსატევის გაწმენდითი სამუშაოების განხორციელებით შესრულდა სხვისი (შპს „ბ–ის“) საქმე, რამეთუ ზემოთ მოხმობილი ნორმის შესაბამისად, წყალსატევი ვერ მიიჩნეოდა მოპასუხის საკუთრებად მხოლოდ იმის გამო, რომ იგი განთავსებულია მოპასუხის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე.
5.11. პალატამ გაიზიარა მოპასუხე მხარის მტკიცება დაბინძურების წყაროსთან მიმართებითაც, კერძოდ, მიიჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, წყალსატევის დაბინძურება მოპასუხე მხარის ქმედებით.
6. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
კასატორის მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:
6.1. კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად გამოიყენა და განმარტა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა.
6.2. ქ. თბილისში, ......... ქ. ნაკვეთი N014/098, N ...... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 19 886.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე კ.ტ–ა წარმოადგენს შპს „ბ–ის“ საკუთრებას.
6.3. კასატორი არ ეთანხმება სასამართლოს განმარტებას, რომ „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, წყალსატევი წარმოადგენს სახელმწიფოს და არა მოპასუხის საკუთრებას და მისი გაწმენდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ვალდებულებას წარმოადგენდა. კასატორი მიიჩნევს, რომ აღნიშნული კანონის მიზნებიდან გამომდინარე, მოპასუხე კომპანია წარმოადგენს მის კუთვნილ ტერიტორიაზე განთავსებული და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებით დასუფთავებული ე.წ. კ.ტ–ის წყალმოსარგებლეს. „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, წყალმოსარგებლე ვალდებულია: უზრუნველყოს წყლის რაციონალური გამოყენება და იზრუნოს მისი ხარისხის შენარჩუნებასა და აღდგენაზე, ხოლო მე-2 პუნქტის თანახმად, წყალმოსარგებლე ვალდებულია შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წყლის დაცვის და გამოყენების სხვა მოთხოვნებიც. შესაბამისად, მოსარგებლე შპს „ბ–ი“ იყო ვალებული მიეღო ყველა ის აუცილებელი ზომა რაც საჭირო იყო დაბინძურებული კ.ტ–ის ხარისხის გასაუმჯობესებლად და მიმდებარე ტერიტორიის მაცხოვრებლებზე დაბინძურებით გამოწვეული მავნე ზემოქმედების აღმოსაფხვრელად.
6.4. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კასატორს მიაჩნია, რომ სახეზე იყო მოსარჩელის სასარგებლოდ, მის მიერ კ.ტ–ის გაწმენდის მიზნით გაწეული ხარჯების შპს „ბ–ისათვის“ დაკისრების წინაპირობები.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 21 სექტემბრის განჩინებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
8. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
9. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
11. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
12. მოსარჩელის მოთხოვნაა მის მიერ შპს „ბ–ის“ საკუთრებაში არსებული ხელოვნური წყალსატევის გაწმენდითი სამუშაოების განხორციელებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება სსკ-ის 969-ე (პირი (შემსრულებელი), რომელიც დავალების ან სხვა საფუძვლის გარეშე არსულებს სხვა პირის (მეპატრონის) საქმეებს, ვალდებულია შეასრულოს ისინი კეთილსინდისიერად) და სსკ-ის 973-ე (შემსრულებელს უფლება აქვს მოითხოვოს გაწეული ხარჯების ანაზღაურება, რომლებიც, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, აუცილებლად იქნა მიჩნეული) მუხლების შესაბამისად.
13. პალატა პირველ რიგში აღნიშნავს, რომ კასატორს დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარდგენის გზით სადავოდ არ გაუხდია ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტები, რომლებიც ასახულია ამ განჩინების 5.1.-5.7. პუნქტებში და რომლებსაც სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლოსთვის სავალდებულო ძალა აქვთ.
14. იმ სამართლებრივი შედეგის დადგომისათვის, რომლის მიღწევაც სურს მოსარჩელეს, აუცილებელია ზუსტად განისაზღვროს გამოსაყენებელი ნორმის აღწერილობით ნაწილში მოცემული განმაპირობებელი გარემოებების არსებობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, თუკი ფორმალურად მაინც არ გვაქვს გამოსაყენებელი ნორმის აბსტრაქტული შემადგენლობის თუნდაც ერთ-ერთი წინაპირობა, სარჩელი უსაფუძვლოა. სამოქალაქო კოდექსის 969-ე მუხლის თანახმად, პირი (შემსრულებელი), რომელიც დავალების ან სხვა საფუძვლის გარეშე ასრულებს სხვა პირის (მეპატრონის) საქმეებს, ვალდებულია შეასრულოს ისინი კეთილსინდისიერად. საკასაციო პალატამ ერთ-ერთ საქმეზე განმარტა, რომ ურთიერთობის მითითებული ნორმით კვალიფიკაციისათვის, სახეზე უნდა იყოს შემდეგი პირობების ერთობლიობა: კრედიტორი (შემსრულებელი) მოვალის (მეპატრონის) ქონებრივ სფეროში უნდა იჭრებოდეს; მას ამ ჩარევის არც უფლებამოსილება და არც მოვალეობა არ უნდა ეკისრებოდეს; შემსრულებელი უნდა მოქმედებდეს კეთილსინდისიერად (სუსგ.: Nას-845-795-2015).
15. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოპასუხის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული ხელოვნური წყალსაცავი იყო დაბინძურებული. მოსარჩელემ განახორციელა წყალსაცავის გაწმენდითი სამუშაოები და გასწია ხარჯი 558 979.22 ლარის ოდენობით.
16. კასატორის ძირითადი პრეტენზია მიმართულია მასზედ, რომ სასამართლომ არასწორად მიიჩნია წყალსატევი მოსარჩელის საკუთრებად.
16.1. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას სადავო საკითხთან მიმართებით და აღნიშნავს, რომ პირველ რიგში უნდა განისაზღვროს მოსარჩელის მიერ მოპასუხის საკუთრებაში არსებული წყალსატევის გაწმენდით სამუშაოებზე ვალდებული პირი და უნდა დადგინდეს, მოქმედებდა თუ არა მოსარჩელე დავალების გარეშე სხვისი საქმეების შესრულებისათვის, რამაც შესაძლოა წარმოშვას მოპასუხის ვალდებულება აანაზღაუროს მოსარჩელის მიერ გაწეული ხარჯები.
16.2. „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული წყალი სახელმწიფო საკუთრებაა და გაიცემა მხოლოდ სარგებლობისათვის. აკრძალულია ყოველგვარი ქმედება, რომელიც პირდაპირ ან ფარული ფორმით ხელყოფს წყლის სახელმწიფო საკუთრების უფლებას. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, მიწაზე საკუთრების უფლება არ იძლევა ამ მიწაზე არსებული ან გამდინარე, ზედაპირული ან მიწისქვეშა წყლებით სარგებლობის უფლებას, გარდა ამ კანონის 32-ე მუხლით განსაზღვრული შემთხვევებისა. „წყლის შესახება“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს წყლის სახელმწიფო ფონდს განეკუთვნება საქართველოს ტერიტორიაზე არსებული და გამავალი მდინარეები, ტბები, წყალსაცავები, სხვა ბუნებრივი და ხელოვნური ზედაპირული წყალსატევები, აგრეთვე არხების და ტბორების წყლები. ზემოაღნიშნული მუხლებიდან გამომდინარე, წყალსატევი ვერ მიიჩნევა მოპასუხის საკუთრებად იმისდა მიუხედავად, რომ იგი განთავსებულია მოპასუხის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე. შესაბამისად, კასატორის პრეტენზია, რომ წყალსატევის გაწმენდითი სამუშაოების განხორციელებით შესრულდა სხვისი საქმე, საფუძველს მოკლებულია.
16.3. კასატორი ასევე მიიჩნევს, რომ შპს „ბ–ი“ იყო ვალებული მიეღო ყველა ის აუცილებელი ზომა, რაც საჭირო იყო დაბინძურებული კ.ტ–ის ხარისხის გასაუმჯობესებლად და მიმდებარე ტერიტორიის მაცხოვრებლებზე დაბინძურებით გამოწვეული მავნე ზემოქმედების აღმოსაფხვრელად.
16.4. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ირკვევა და მხარეთა შორის სადავოდ არ არის გამხდარი, რომ ხელოვნური წყალსატევის დაბინძურება გამოიწვია მასში მცირე ზომის მდინარის, ......... ხევის ჩადინებამ. ხევში ადგილობრივ მოსახლეობას თვითნებურად მოწყობილი ჰქონდა საკანალიზაციო სისტემა, რის გამოც დაბინძურებული წყალი ხევის გავლით ჩაედინებოდა ხელოვნურ წყალსატევში და აბინძურებდა მას. ხელოვნური წყალსატევის დაბინძურების მთავარ წყაროდ ......... ხევი დასახელებული იქნა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის არაერთ წერილში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2016 წლის 07 ოქტომბრის განკარგულებაში, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წერილში, შპს „ჯ.უ.ე.ფ–ის“ წერილში. რაც შეეხება დაბინძურების სხვა წყაროს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის წერილში (იხ. ტომი 1, ს.ფ.42) ზოგადად მითითებულია დაბინძურების სხვა წყაროს შესაძლო არსებობის შესახებ, თუმცა დაბინძურების სხვა კონკრეტული წყარო არც წერილში და არც საქმის განხილვის დროს დასახელებული არ ყოფილა და შესაბამისად, იმ ფაქტის მტკიცება, რომ დაბინძუნრება გამოიწვია სხვა რაიმე კონკრეტულმა გარემოებამ, მოსარჩელეს არ განუხორციელებია.
16.5. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, მუნიციპალიტეტის საკუთარი უფლებამოსილებაა წყალმომარაგების (მათ შორის, ტექნიკური წყლით მომარაგების) და წყალარინების უზრუნველყოფა; ადგილობრივი მნიშვნელობის სამელიორაციო სისტემის განვითარება. განსახილველ შემთხვევაში, ადგილობრივ მოსახლეობას არ ჰქონდა გამართული წყალანირება, რომლის უზრუნველყოფაც წარმოადგენდა მუნიციპალიტეტის ვალდებულებას და რის გამოც დაბინძურებული იყო ხევში ჩამდინარე წყალი. ვინაიდან, წყალსატევში არსებული, ასევე მასში ჩამავალი წყალი წარმოადგენს სახელმწიფოს და არა შპს „ბ–ის“ საკუთრებას, ამ შემთხვევაში მოპასუხე წარმოადგენდა წყალსატევში არსებული წყლის მოსარგებლეს და მას ისევე როგორც ნებისმიერ წყალმოსარგებლეს ეკისრებოდა კანონისმიერი ვალდებულება („წყლის შესახებ’’ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის საფუძველზე) თავისი ქმედებებით არ დაებინძურებინა წყალი. მოცემულ შემთხვევაში, სადავო არ არის ის გარემოება, რომ წყალსატევი არ დაბინძურებულა მოპასუხის ქმედებების შედეგად და მისი დაბინძურება გამოიწვია ხევისწყლის ჩადინებამ. შესაბამისად, მოსარჩელის აპელირება მოპასუხის მიერ დაბინძურების აღმოფხვრის ვალდებულებაზე, დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა.
17. ყოველივე ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა საქმეში არსებული სადავო საკითხი და მიიღო კანონიერი განჩინება; ამასთან, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
18. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და მის დამატებით ოქმთან/ოქმებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან.
19. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
20. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.
21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
22. განსახილველ შემთხვევაში, კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: რევაზ ნადარაია
თამარ ზამბახიძე