№ას-1080-2022
11 მაისი, 2023 წელი თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თამარ ზამბახიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ლ.გ–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შ.ქ–ნი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 15 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ლ.გ–მა (შემდეგში - მოსარჩელემ) სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში შ.ქ–ნის (შემდეგში - მოპასუხის) მიმართ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით (ს.ფ. 2-19).
1.1. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილებით ლ.გ–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
4. თბილისის საპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 15 ივნისის განჩინებით ლ.გ–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
5.1. სოფ. გლდანის მიწის რეფორმის კომისიის თავმჯდომარემ ლ.გ–ს 1995 წლის 20 თებერვლის N430 მიღება-ჩაბარების აქტით გადასცა 1500 კვ.მ მიწის ნაკვეთი თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, „ა–ში“. ლ.გ–ს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ რამდენჯერმე ეთქვა უარი (2009, 2012, 2015, 2019 წლები) აღნიშნული მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე საკუთრების უფლების დარეგისტრირებაზე. საკუთრების უფლების მარეგისტრირებელმა ორგანომ საფუძვლად მიუთითა, რომ წარდგენილი მიწის ნაკვეთის N430 მიღება-ჩაბარების აქტი (20.02.1995წ.) არ იყო დამოწმებული სათანადო წესით და რეგისტრაციისთვის წარდგენილი უნდა ყოფილიყო უფლების დამადასტურებელი სრულყოფილი დოკუმენტაცია.
5.2. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2007 წლის 22 აგვისტოს #722007106165-03 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა შ.ქ–ნის განცხადება და დარეგისტრირდა საკუთრების უფლება რეფორმით მიღებულ სასოფლო-სამეურნეო მიწაზე, მდებარე ქ. თბილისი, ....., „ა–ი“. რეგისტრაცია განხორციელდა მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების 1995 წლის 20 თებერვლის N416 აქტის საფუძველზე. საკუთრების უფლება დარეგისტრირდა მოსარჩელის მიერ წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით.
5.3. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2014 წლის 01 მაისის N882014194313-06 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა შ.ქ–ნის განცხადება უძრავ ნივთზე (მდებარე ქ. თბილისი, ...., „ა–ი“) რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაციის შესახებ. განმცხადებლის მიერ წარდგენილი იქნა მიწის ნაკვეთის კორექტირების საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რომლის საფუძველზეც მოითხოვა წარდგენილი ნახაზის მიხედვით ცვლილების რეგისტრაცია.
5.4. ლ.გ–ის ოჯახმა სადავოდ გამხდარ მიწის ნაკვეთზე 2016 წელს ააშენა 60 კვ.მ. ფართის სახლი, რომელიც რეალურად ექცევა შ.ქ–ნის სახელზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ფარგლებში. აღნიშნული ნაგებობის კანონიერება შ.ქ–ნმა სადავოდ გახადა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექციაში და მისი განცხადების საფუძველზე ლ.გ–ის მიმართ დაიწყო შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე განხორციელებული სამუშაოების გამო საქმის წარმოება.
5.5. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 01 მაისის N882014194313-06 გადაწყვეტილება ლ.გ–ის მიერ გასაჩივრდა 2018 წლის 31 დეკემბერს და სარჩელით მოითხოვა დასახელებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილებით ლ.გ–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება მის მიერ გასაჩივრდა სააპელაციო წესით, თუმცა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 26 ნოემბრის განჩინებით უცვლელი დარჩა მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება.
5.6. ლ.გ–მა მის მიერ სადავოდ გამხდარ უძრავ ქონებასთან დაკავშირებით (ქ. თბილისი, ......, „ა–ი“), 2013 წლის 7 ოქტომბერს, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიმართა კითხვით, მითითებულ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება იყო თუ არა ვინმეს სახელზე რეგისტრირებული. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2013 წლის 16 ოქტომბერს გაცემული ინფორმაციით ირკვევა, რომ მოთხოვნის მომენტისთვის განცხადებაში მითითებულ 1500 კვ.მ მიწის ნაკვეთზე უფლება არ იყო რეგისტრირებული.
5.7. მოსარჩელე ლ.გ–ის დაკვეთით მომზადდა უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრის შესახებ დასკვნა, რომელშიც დამკვეთის მიერ მოთხოვნილ იქნა ქ. თბილისში, ......., ა–ის დასახლებაში განთავსებული მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული საცხოვრებელი სახლის საბაზრო ღირებულების დადგენა, 2016 წლის მდგომარეობით. შემფასებლის მიერ მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული საცხოვრებელი სახლით შეფასდა 258 000 ლარად, რამაც შეფასების დღეს არსებული კურსით 78 336 აშშ დოლარი შეადგინა. მოსარჩელე ზიანის ანაზღაურების საფუძვლად მიუთითებდა იმ გარემოებზე, რომ მოპასუხემ განზრახ არასწორად შეადგინა აზომვითი ნახაზი და აზომა ის მიწის ნაკვეთი, რომელიც მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე მას არ ეკუთვნოდა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება:
5.8. სააპელაციო პალატამ საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით მიიჩნია, რომ არ დასტურდებოდა მოპასუხის ქმედების მართლწინააღმდებობა, შესაბამისად, სახეზე არ იყო დელიქტური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი აუცილებელი ელემენტი, რაც ზიანის ანაზღაურების მოთხოვნას დაკმაყოფილების საფუძველს აცლიდა.
5.9. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში ცალსახად არ დასტურდებოდა სადავო მიწის ნაკვეთის მითითებული კონფიგურაციით ლ.გ–ისათვის კუთვნილების ფაქტი. სააპელაციო პალატა დამატებით განმარტა, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მათ შორის, ადმინისტრაციული სამართალწარმოებით არ დგინდებოდა ლ.გ–ის უფლების მართლზომიერება შ.ქ–ნის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე, რადგან უფლების წარმომშობი არცერთი დოკუმენტით არ დასტურდება, რომ შ.ქ–ნმა ლ.გ–ის კუთვნილი მიწის ნაკვეთი მიითვისა.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 15 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
საკასაციო საჩივრის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:
6.1. კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები. საქმის მსალებით დასტურდებოდა მოსარჩელის მიერ სადავო მიწის ნაკვეთის ფლობის ფაქტი. საქმის მასალები ასევე ადასტურებს შ.ქ–ნის კორექტირებული ნახაზის ზედდებას მოსარჩელის კუთვნილ უძრავ ქონებაზე. სასამართლოს საერთოდ არ შეუფასებია მოსარჩელის მიერ საქმის ფაქტობრივი გარემოებების საფუძვლად წარდგენილი ძირითადი მტკიცებულებები. კერძოდ, საჯარო რეესტრის სისტემური აღწერის დოკუმენტი და მოწმეთა ჩვენება.
6.2. კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უძრავი ქონების საკუთრებაში რეგისტრაციისთვის ერთნაირი საფუძველი ჰქონდათ, შესაბამისად, მისთვის გაუგებარია, ურთიერთსაწინააღმდეგო მიდგომა მხარეების მიმართ.
6.3. კასატორის პრეტენზია შეეხება სააპელაციო პალატის დასაბუთებას, რომლის თანახმად, „არ არსებობდა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, თუნდაც დაუზუსტებელი მონაცემებით, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ შ.ქ–ნის მიერ წარდგენილი განცხადებით მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის პირობებში, ზედდება ხდებოდა ლ.გ–ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთთან“. აღნიშნულთან დაკავშირებით, კასატორი აღნიშნავს, რომ მის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია დაუზუსტებელი მონაცემების დასადასტურებად, სასამართლომ უგულებელყო.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 21 სექტემბრის განჩინებით სსსკ-ის 396-ე მუხლის საფუძველზე ლ.გ–ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
8. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
9. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
11. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
12. მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების სახით თანხის დაკისრების შესახებ, სსკ-ის 992-ე (პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი) და 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) მუხლების დანაწესიდან გამომდინარეობს.
13. სსკ-ის 992-ე მუხლით გათვალისწინებული დელიქტური ვალდებულების წინაპირობებია: მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ზიანი, მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და ზიანს შორის, ზიანის მიმყენებლის ბრალი. პირს ზიანის ანაზღაურება დაეკისრება, თუ არსებობს ზემოხსენებული ნორმით გათვალისწინებული ოთხივე წინაპირობა (გენერალური დელიქტი). „გენერალური დელიქტის“ ერთ-ერთი მთავარი პირობა მოვალის მართლსაწინააღმდეგო ქმედებაა. თუკი ასეთი ქმედება არ არსებობს, მაშინ დელიქტის შემადგენლობის სხვა წინაპირობების შემოწმება ზედმეტია. მართლსაწინააღმდეგო მოქმედება არამართლზომიერი მოქმედებაა. მართლსაწინააღმდეგოდ მოქმედებს ის, ვინც არღვევს სამართლებრივ დანაწესებს, სამართლის ნორმათა მოთხოვნებს. არის თუ არა მოთხოვნა მართლსაწინააღმდეგო, ეს საკითხი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა შეამოწმოს სასამართლომ. მოქმედება შეიძლება, ჩაითვალოს მართლსაწინააღმდეგოდ, თუ: ა. იგი ობიექტურად მიმართულია რომელიმე კანონისმიერი ამკრძალავი ნორმის წინააღმდეგ; ბ. თუ მოქმედება არღვევს სხვა ვალდებულებებს, მათ შორის, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს; გ. თუ მოქმედება არღვევს საგანგებოდ დაცულ უფლებებს (სიცოცხლის, ჯანმრთელობის, საკუთრების, პირად უფლებებს) (სუსგ №ას-332-317-2016; 9 დეკემბერი, 2016 წელი).
14. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მტკიცებით, მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედება მოსარჩელის საკუთრების უფლების ხელყოფაში გამოიხატა.
15. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ფარგლებში საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ლ.გ–ს სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული დავის განხილვისას (გასაჩივრებული ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ) მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა შემდეგი საფუძვლით: ვერ დადგინდა შ.ქ–ნის ქმედების მართლსაწინააღმდეო ხასიათი. სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2009 წლის 3 ნოემბრის N882009346738-03 გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ წარდგენილი მიწის ნაკვეთის 1995 წლის 20 თებერვლის N430 მიღება-ჩაბარების აქტი არ იყო დამოწმებული სათანადო წესით; უძრავ ნივთზე უფლების რეგისტრაციისათვის წარსადგენი იყო სრულყოფილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი. დადგენილია, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2009 წლის 10 დეკემბრის N882009346738-05 გადაწყვეტილებით შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება, ვინაიდან არ იქნა წარდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი/ინფორმაცია. დადგენილია, რომ ლ.გ–ის მიერ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2009 წლის 10 დეკემბრის N882009346738-05 გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2014 წლის პირველი მაისის N882014194313-06 გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართალწარმოების ფარგლებში დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ არც მარეგისტრირებელ ორგანოში და არც სასამართლოში არ ყოფილა წარდგენილი მტკიცებულება, რომელიც ცალსახად დაადასტურებდა ლ.გ–ის სახელზე გადაცემული 1995 წლის 20 თებერვლის №430 მიღება-ჩაბარების აქტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობას. მოსარჩელისათვის გადაცემულ №430 მიღება-ჩაბარების აქტში, გარდა იმისა, რომ არ იყო მითითებული მოსაზღვრე მიწის ნაკვეთების შესახებ, მიწის ნაკვეთების პარამეტრები შეუსაბამობაში იყო მის მიერ საჯარო რეესტრში წარდგენილ აზომვით ნახაზზე მითითებულ პარამეტრებთან. კერძოდ, მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, მიწის ნაკვეთის სიგრძე ორივე გვერდზე იყო 50/50, სიგანე ორივე გვერდზე 30/30, წარმოდგენილი საკადასტრო ნახაზით კი აზომილი იყო ექვსკუთხედი ნაკვეთი, რომლის არც ერთი გვერდი არ შეესაბამებოდა ზემოაღნიშნულ ზომებს. ამასთან, არ არსებობდა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, თუნდაც დაუზუსტებელი მონაცემებით, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ შ.ქ–ნის მიერ წარდგენილი განცხადებით მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის პირობებში, ზედდება ხდებოდა მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთთან. საქმის მასალებით არ დასტურდება ის გარემოება, რომ მოსარჩელე იყო გადასახადის გადამხდელი. მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მოსარჩელე 2002-2003 წლების გადასახადის გადამხდელთა და მებაღეობის სიაში არ ფიქსირდებოდა. სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის 2018 წლის 03 ოქტომბრის N31/130738 წერილის თანახმად, კი დუშეთის რეგიონულ არქივში დაცული, მცხეთის რაიონის გლდანის სასოფლო საბჭო - საკრებულოს სოფელ გლდანის 1986-1996წწ. 1997-2000წწ. და 2001-2006წწ. დათარიღებულ საკომლო წიგნებში, 2004 წლით დათარიღებულ რეფორმამდე არსებული და რეფორმის დროს გაცემული ნაკვეთების მეპატრონეთა სიაში ჩანაწერი ლ.გ–ის კომლისა და მასზე რიცხული ქონების შესახებ არ აღმოჩნდა. ადმინისტრაციული სამართალწარმოების ფარგლებში სასამართლომ გამოითხოვა არაერთი მტკიცებულება და ლ.გ–ის უფლება სადავო მიწის ნაკვეთზე არც ერთი, საქმეში არსებული, თუ დამატებით მოძიებული მტკიცებულებით არ დადასტურდა.
16. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ დგინდება მოპასუხის ქმედების მართლწინააღმდეგობა მის მიერ უძრავი ქონების გაფორმებისას, არ დგინდება ის გარემოება, რომ შ.ქ–ნმა მოსარჩელის კუთვნილი მიწის ნაკვეთი მიითვისა. პალატა აქვე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ლ.გ–ის ოჯახმა სადავოდ გამხდარ მიწის ნაკვეთზე 2016 წელს ააშენა 60 კვ.მ. ფართის სახლი, რომელიც რეალურად ექცეოდა შ.ქ–ნის სახელზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ფარგლებში. აღნიშნული ნაგებობის კანონიერება შ.ქ–ნმა სადავოდ გახადა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექციაში და მისი განცხადების საფუძველზე ლ.გ–ის მიმართ დაიწყო შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე განხორციელებული სამუშაოების გამო საქმის წარმოება. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სახეზე არ არის დელიქტური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი აუცილებელი ელემენტი - მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რაც სხვა ელემენტებთან ერთობლიობაში ზიანის ანაზღაურების საფუძველი გახდებოდა. ვინაიდან, დელიქტური ვალდებულების არსებობისათვის აუცილებელი წინაპირობებიდან თუნდაც ერთი წინაპირობის არარსებობა გამორიცხავს მოთხოვნის დაკმაყოფილებას, ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი სხვა გარემოებების კვლევა აზრს მოკლებულია და მათი არსებობა მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი ვერ გახდება.
17. ყოველივე ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა საქმეში არსებული სადავო საკითხი და მიიღო კანონიერი განჩინება; ამასთან, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
18. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და მის დამატებით ოქმთან/ოქმებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან.
19. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
20. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.
21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
22. განსახილველ შემთხვევაში, კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ლ.გ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: რევაზ ნადარაია
თამარ ზამბახიძე