საქმე №ას-360-2023 11 მაისი, 2023 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
I კასატორი – სსიპ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - მ.მ–ი (მოსარჩელე)
II კასატორი – მ.მ–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 06 თებერვლის გადაწყვეტილება
I კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება
II კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრების დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილებით მ.მ–ის (შემდეგში: მოსარჩელე, დასაქმებული, აპელანტი ან მეორე კასატორი) სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დანაშაულის პრევენციის ცენტრის (შემდეგში: მოპასუხე, დამსაქმებელი ან პირველი კასატორი) დირექტორის 2015 წლის 13 თებერვლის №41/კ ბრძანება დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ; მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხეს დაეკისრა შრომითი ურთიერთობის არაკანონიერად შეწყვეტასთან დაკავშირებული კომპენსაციის გადახდა 28 000 (ოცდარვა ათასი) ლარის (დარიცხული) ოდენობით; დასაქმებულს სარჩელის დანარჩენ ნაწილში დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი.
2. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ორივე მხარემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით. დასაქმებულმა სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა, ხოლო დამსაქმებელმა - სარჩელის სრულად უარყოფა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით მხარეთა სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილება;
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 15 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა დასაქმებულმა.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით დასაქმებულის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 15 ოქტომბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს დასაქმებულის სამსახურში აღდგენის შესაძლებლობის, ტოლფასი სამუშაო ადგილის, კომპენსაციის ოდენობის საკითხების, საკასაციო სასამართლოს პრაქტიკის საფუძველზე (იხ. სუსგ-ები: N ას-902-694-2014, 30.03.2015წ; N ას-475-475-2016, 24.06.2016წ; N ას-761-712-2017, 10.07.2017წ.), ხელახლა გამოკვლევისა და დადგენის მიზნით (იხ. სუსგ N ას-99-2021, 31.10. 2022წ.).
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილება კომპენსაციის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო (2022 წლის 06 თებერვლის სასამართლოს სხდომაზე აპელანტმა დააზუსტა მოთხოვნა და სამსახურში აღდგენის ნაცვლად მოითხოვა მხოლოდ კომპენსაციის დაკისრება /იხ. 2022 წლის 06 თებერვლის სასამართლოს სხდომის ოქმი/).
7. სააპელაციო სასამართლომ საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები დაადგინა და სამართლებრივად შეაფასა, კერძოდ:
7.1. საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შრომის თავისუფლება უზრუნველყოფილია. ყველას აქვს სამუშაოს თავისუფალი არჩევის უფლება. უფლება შრომის უსაფრთხო პირობებზე და სხვა შრომითი უფლებები დაცულია ორგანული კანონით. ევროპის სოციალური ქარტიის 24-ე მუხლის თანახმად, დასაქმების შეწყვეტის შემთხვევაში, მუშაკთა მიერ დაცვის უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ აღიარონ: ა) ყველა მუშაკის უფლება უარი თქვას დასაქმების შეწყვეტაზე საპატიო მიზეზების გარეშე, რომელიც უნდა გამომდინარეობდეს მისი პროფესიული შესაძლებლობებიდან ან მოქცევიდან, ასევე საწარმოს შინაგანაწესიდან; ბ) მუშაკთა მიერ სათანადო კომპენსაციის ან სხვა შესაბამისი ანაზღაურების მიღების უფლება საპატიო მიზეზების გარეშე დასაქმების შეწყვეტის შემთხვევაში. მხარეები ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ მუშაკის მიერ მიუკერძოებელ ორგანოში საჩივრის შეტანის უფლება საპატიო მიზეზების გარეშე დასაქმების შეწყვეტის შემთხვევაში;
7.2. შრომის უფლება არის ადამიანის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უფლება. შრომა, სოციალური გარემო არის ადამიანის ყოფიერების უმთავრესი ელემენტი, ხოლო ანაზღაურება ღირსეული არსებობის მთავარი პირობა. სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-6 მუხლის შესაბამისად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფონი (რომელსაც წარმოადგენს საქართველო), აღიარებენ შრომის უფლებას, რომელიც მოიცავს თითოეული ადამიანის უფლებას საარსებო სახსრები მოიპოვოს საკუთარი შრომით. ამავე საერთაშორისო სამართლის წყაროს მე-7 მუხლი ადგენს, რომ მონაწილე სახელმწიფონი აღიარებენ თითოეულის უფლებას ჰქონდეს შრომის სამართლიანი და ხელშემწყობი პირობები, მათ შორის ანაზღაურება სამართლიანი ხელფასის სახით და სხვა.
7.3. საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში: სშკ ან ორგანული კანონი) მე-2 მუხლის თანახმად: 1. შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ. 2. შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმებით;
7.4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა- განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ხოლო მე-3 ნაწილის მიხედვით, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა, ხოლო მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ, მე-3 ნაწილით კი, მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
8. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სასამართლო მტკიცება წარმოადგენს მტკიცებულებათა შეგროვების, შემოწმებისა და შეფასებისათვის სასამართლოსა და მხარეების სამართლით მოწესრიგებულ საქმიანობას, რომლის მიზანია საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების (ფაქტების) დადგენა. პირველი, რაც უნდა გააკეთოს მხარემ დამტკიცების მოვალეობის შესასრულებლად - ესაა მტკიცებულებათა წარდგენა სასამართლოში იმ ფაქტის დადგენის მიზნით, რომლის დამტკიცების მოვალეობაც მას ეკისრება. წარდგენილი მტკიცებულება ისეთ კავშირში უნდა იყოს დასადგენ გარემოებასთან, რომ შეიძლებოდეს ამ გარემოების არსებობა-არარსებობის შესახებ უტყუარი დასკვნის გაკეთება. მხარე საქმის შედეგით დაინტერესებული პირია, რამაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს მისი ახსნა-განმარტების სისწორესა და უტყუარობაზე. მხარის ყოველი განმარტება ფაქტების შესახებ, რომელიც გაკეთებულია მის სასარგებლოდ, მართალია, მტკიცებულებაა, მაგრამ არასაკმარისია და მოითხოვს დადასტურებას სხვა მტკიცებულების მეშვეობით.
9. ზემოთ მითითებულ საპროცესო ნორმათა შესაბამისად, ფაქტობრივ გარემოებათა მტკიცების ვალდებულება აკისრიათ მხარეებს, რომლებიც თავის სამართლებრივ მოთხოვნას აფუძნებენ აღნიშნულ გარემოებებს და შესაბამისად, ისინი მიეთითება მათ მიერ. სსსკ ადგენს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს. მხარეს, რომელიც თავის მოთხოვნას თუ შესაგებელს აფუძნებს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას, ეკისრება მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი. ამასთან, არამარტო მოსარჩელეა ვალდებული ამტკიცოს სარჩელში მოყვანილი გარემოებები, არამედ მოპასუხეცაა ვალდებული, დაამტკიცოს მის მიერ შესაგებელში მოყვანილი გარემოებები.
10. განსახილველ შემთხვევაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით ყოფილი დასაქმებულის სააპელაციო საჩივრის ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა სააპელაციო სასამართლოს. საკასაციო სასამართლოს მითითებით, სასამართლოს კვლევის საგანს წარმოადგენს მ.მ–ის სამსახურში აღდგენის შესაძლებლობის, ტოლფასი სამუშაო ადგილის, კომპენსაციის ოდენობის საკითხები. თბილისის სააპელაციო სასამართლოში 2022 წლის 06 თებერვლის სასამართლოს სხდომაზე აპელანტმა დააზუსტა მოთხოვნა და მიუთითა, რომ ვინაიდან ვაკანტური პოზიცია არ არსებობს, აღარ ითხოვს სამსახურში აღდგენას და სააპელაციო მოთხოვნას წარმოადგენს მხოლოდ კომპენსაციის ოდენობის გაზრდა (იხ. 2022 წლის 06 თებერვლის სხდომის ოქმი);
11. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სადავო პერიოდში მოქმედ სშკ-ის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილზე, რომლის მიხედვით, სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით.
12. სააპელაციო სასამართლომ საკასაციო სასამართლოს ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში ასახული განმარტება მოიხმო: „კომპენსაცია შრომითი ურთიერთობის არამართლზომიერი შეწყვეტის შემთხვევაში, სპეციალური ნორმით გათვალისწინებული დამსაქმებლის პასუხისმგებლობის განმსაზღვრელი ერთ-ერთი ზომაა, რომელიც უნდა უზრუნველყოფდეს დასაქმებულისათვის მინიმალური სოციალური გარანტიის შექმნას, რაც მას სავსებით განასხვავებს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენისაგან. კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრის თვალსაზრისით, უნდა აღინიშნოს, რომ ხსენებული სამართლებრივი საკითხი განეკუთვნება სასამართლოს დისკრეციის სფეროს, რა დროსაც, გათვალისწინებული უნდა იქნეს, რომ შრომით სამართლებრივი კომპენსაცია ერთდროულად ფარავს იმ მატერიალურ დანაკარგს, რაც მხარემ უკანონოდ დათხოვნით განიცადა და რასაც იგი საშუალოდ შესატყვისი სამუშაოს მოძებნამდე განიცდის, ასევე, იმ მორალურ ზიანს, რაც მას უკანონოდ დათხოვნით მიადგა. ამდენად, კომპენსაციამ შეძლებისდაგვარად უნდა უზრუნველყოს სამართლიანი ბალანსის აღდგენა გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის შემთხვევაში. კომპენსაციის განსაზღვრასთან დაკავშირებით, გათვალისწინებული უნდა იქნეს, რომ ეს არის პასუხისმგებლობის ზომა, რაც ეკისრება დამსაქმებელს მუშაკის უკანონოდ დათხოვნისათვის და მანვე (კომპენსაციის ოდენობამ) უნდა უზრუნველყოს დასაქმებულის მინიმალური სოციალური გარანტიის შექმნა, რითაც კომპენსაცია განსხვავდება ზიანის ანაზღაურებისას პირვანდელი მდგომარეობის აღდგენისგან. საგულისხმოა, რომ სშკ- ის 38.8 მუხლი (ამჟამად მოქმედი რედაქციით 48.8 მუხლი) არ განსაზღვრავს კომპენსაციის ოდენობას. ამ მოცემულობაში, კომპენსაციის ოდენობა ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით ხორციელდება“ (იხ. სუსგ Nას-792-2019, 18.02. 2021 წ.). არც შრომის კოდექსი და არც კერძოსამართლებრივი ურთიერთობის მარეგულირებელი სხვა ნორმატიული აქტი განსაზღვრავს კომპენსაციის ოდენობას და/ან მისი გამოანგარიშების წესს. სხვადასხვა ქვეყნების სასამართლო პრაქტიკის განზოგადება კი იძლევა კომპენსაციის გამოთვლის შესაძლებლობას შემდეგი კრიტერიუმებით: კომპანიის ლიკვიდურობა; პირის შანსები შრომის ბაზარზე; პირის სოციალური მდგომარეობა; დამსაქმებლის ფინანსური მდგომარეობა; პირი სხვაგან დასაქმდა თუ არა დავის პერიოდში; სამუშაო სტაჟი; დამსაქმებლის საწარმოუნარიანობა; პირის მუშაობის ხანგრძლივობა დამსაქმებელთან (იხ. სუსგ N ას-1339-1259-2017, 30.07.2018 წ.).;
13. სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებების შესაბამისად, აღნიშნა, რომ შრომითსამართლებრივი კომპენსაცია ერთდროულად უნდა ფარავდეს იმ მატერიალურ დანაკარგს, რაც მხარემ უკანონოდ დათხოვნით განიცადა და რასაც იგი, საშუალოდ, შესატყვისი სამსახურის მოძებნამდე განიცდის, ასევე, იმ მორალურ ზიანს, რაც მას უკანონოდ დათხოვნით მიადგა. ამავდროულად, მხედველობაშია მისაღები უკანონოდ დათხოვნილი სუბიექტის ასაკი, კომპეტენცია, სამსახურის შოვნის პერსპექტივა, ოჯახური მდგომარეობა, სოციალური მდგომარეობა, ასევე, დამსაქმებლის ფინანსური მდგომარეობა და ა. შ. ნიშანდობლივია, რომ სასამართლო გადაწყვეტილება უნდა შეიცავდეს კომპენსაციის დადგენის მიზანშეწონილობისა და ოდენობის დასაბუთებას.
14. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ წინამდებარე საქმეში დადგენილია, რომ მოსარჩელე ცენტრის დირექტორის 13.02.2015წ. ბრძანებით 2015 წლის 16 თებერვლიდან გათავისუფლდა ცენტრის კვლევისა და სერვისების განვითარების სამმართველოს უფროსის თანამდებობიდან; დადგენილია, ასევე, რომ გათავისუფლების შემდგომ, 2016 წლის 25 იანვრიდან მოსარჩელე დასაქმდა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრად (ექსპერტად). საქმეში არსებული საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის 06.12.2017წ. ცნობის თანახმად, მოსარჩელე სახალხო დამცველის აპარატს უწევდა საექსპერტო საკონსულტაციო მომსახურებას, რაც გულისხმობს სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებთან ერთად მონიტორიგნის განხორციელებას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. იმავე ცნობის მიხედვით, მოსარჩელის შრომის ანაზღაურება განისაზღვრებოდა მონიტორინგის დღეების ხანგრძლივობით (იხ. ტ. 1, ს.ფ. 236). ამდენად, მითითებული ცნობიდან ირკვევა, რომ სახალხო დამცველის აპარატში მოსარჩელეს სტაბილური სამსახური არ გააჩნდა და ის დამოკიდებული იყო სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მონიტორინგის განხორციელებაზე და მის ხანგრძლივობაზე. აპელანტის განმარტებით, მან მხოლოდ რამდენიმე დღე იმუშავა სახალხო დამცველის აპარატში; მოსარჩელე, ასევე, დასაქმებული იყო W.V.I.-ის ფილიალში საქართველოში კონტრაქტორის თანამდებობაზე. საქმეში არსებული W.V.G.-ს 06.12.2017წ. ცნობიდან ირკვევა, რომ მოსარჩელესა და W.V.I.-ის საქართველოს ფილიალს შორის გაფორმებული იყო ხელშეკრულება 2016 წლის 14 დეკემბრიდან 2018 წლის 14 დეკემბრამდე მოქმედების ვადით, რომლის ფარგლებშიც მოსარჩელე პერიოდულად ასრულებდა ტრენინგ მომსახურებას (იხ. ტ. 1, ს.ფ. 238). ამდენად, ცხადია, რომ არც აღნიშნული წარმოადგენდა სტაბილურ საქმიანობას. აქედან გამომდინარე, არსებობს საფუძველი ვარაუდისთვის, რომ სახალხო დამცველის აპარატში საექსპერტო- საკონსულტაციო და W.V.I.-ის საქართველოს ფილიალისათვის ტრენინგ მომსახურების გაწევა არ გამორიცხავდა იმავდროულად მოსარჩელის მიერ მოპასუხე ცენტრის კვლევისა და სერვისების განვითარების სამმართველოს უფროსის უფლებამოვალეობის განხორციელების შესაძლებლობას. შესაბამისად, კომპენსაციის განსაზღვრისას ეს გარემოებები მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული;
15. დადგენილია, ასევე, რომ მოსარჩელე 2017 წლის 01 ნოემბრიდან დასაქმებულია სს „ს.ბ–ის“ ადამიანური კაპიტალის მართვის დეპარტამენტში ტრენერის თანამდებობაზე და მისი დარიცხული ხელფასი შეადგენს თვეში 2500 ლარს (იხ. ტ. 1, ს.ფ. 271). სააპელაციო სასამართლო იზიარებს საკასაციო სასამართლოს მითითებას, რომ ვინაიდან ამ შემთხვევაში მოსარჩელის შრომის ანაზღაურება განსაზღვრულია ყოველთვიურად, ეს გარემოება მის სტაბილურობაზე მიანიშნებს. შესაბამისად, სს "ს.ბ–ში" დაკავებული პოზიცია მიჩნეულ უნდა იქნას მოსარჩელის მიერ გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობის შესატყვისად. ამდენად, კომპენსაციის განსაზღვრასთან დაკავშირებით მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული სამსახურიდან გათავისუფლებიდან სს „ს.ბ–ში“ მოსარჩელის დასაქმებამდე პერიოდი, რაც ჯამში 2 წელსა და რვა თვეს შეადგენს. შესაბამისად, ყოველთვიური ხელფასის 1800 ლარის (დარიცხული) გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის არამართლზომიერი გათავისუფლების გამო ფულადი კომპენსაცია უნდა განისაზღვროს 57 600 (ორმოცდაჩვიდმეტი ათას ექვსასი) ლარით (დარიცხული).
16. კომპესაციის თანხის ოდენობის საკითხის გადაჭრისას სააპელაციო სასამართლომ ყურადღებას გაამახვილა მოცემულ საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე, სადაც პალატამ მიუთითა, რომ მოსარჩელისათვის ასანაზღაურებელი კომპენსაცია უნდა მოიცავდეს, მინიმუმ სს. ,,ს.ბ–ში" მოსარჩელის დასაქმებამდე პერიოდს, რაც ჯამში 2 წელსა და რვა თვეს შეადგენს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ მოპასუხე ცენტრში ყოფილი დასაქმებულის სააპელაციო საჩივარი დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილების კომპენსაციის დაკისრების ნაწილში გაუქმებითა და, ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებით, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ კომპენსაციის - 57 600 ლარის (დარიცხული) გადახდა დაეკისრა.
17. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
17.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს როგორც მოსარჩელემ, ისე- მოპასუხემ;
17.1.1. მოპასუხე ცენტრი (პირველი კასატორი) საკასაციო საჩივრით მოითხოვს, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების გზით, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვებას, კერძოდ, მოსარჩელისათვის 28 000 ლარის ოდენობით კომპენსაციის მიკუთვნების თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილებული მოთხოვნის ნაწილში (იხ. ტ.3, ს.ფ.154-163);
17.1.2. ყოფილი დასაქმებულის ძირითად საკასაციო პრეტენზია იმას ეხება, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ შეესაბამება საკასაციო სასამართლოს განმარტებებსა და დოქტრინაში გამოთქმულ მოსაზრებებს დასაქმებულის არამართლზომიერად გათავისუფლების გამო, სამუშაოზე აღდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში, კომპენსაციის სამართლიანი ოდენობით განსაზღვრაზე, რომელიც, თავის თავში, მატერიალურ ზიანთან ერთად, იმ მორალურ კომპენსაციასაც უნდა მოიცავდეს, რასაც დასაქმებული განიცდის უკანონო და დაუსაბუთებელი გათავისუფლებით. მეორე კასატორი მოითხოვს კომპენსაციის განსაზღვრას 62 600 ლარით, რაც სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული 57 600 ლარის გარდა, მოიცავს 5000 ლარს მორალური კომპენსაციის სახით (იხ. ტ.3, ს.ფ.166-176).
17.2. საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 3 აპრილის განჩინებებით დამსაქმებლისა და ყოფილი დასაქმებულის საკასაციო საჩივრები წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის საფუძველზე დასაშვებობის წინაპირობების შემოწმების მიზნით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, დამსაქმებლისა და ყოფილი დასაქმებულის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო განაცხადების არ აკმაყოფილებენ სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ისინი დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:
18. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
19. საკასაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები დაუსაბუთებელია და არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
20. საკასაციო სასამართლოს სამართლებრივი მითითებების საფუძველზე და ფარგლებში, სააპელაციო სასამართლომ, აპელანტის დაზუსტებული სააპელაციო მოთხოვნის მიხედვით (იხ. წინამდებარე განჩინების მე-10 პუნქტი), სავსებით მართებულად და ყველა იმ კრიტერიუმის საფუძველზე განსაზღვრა, არამართლზომიერი გათავისუფლების გამო, ყოფილი დასაქმებულის სასარგებლოდ კომპენსაცია, რაც შეესაბამება, როგორც შრომითსამართლებრივ დავებზე დოქტრინაში ასახულ რეკომენდაციებსა და მოსაზრებებს, ისე- საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას. მეორე კასატორის საკასაციო პრეტენზიის პასუხად საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომლის საფუძველზე საკომპენსაციო თანხა 57 600 ლარით განისაზღვრა, დარიცხული სახით, ანუ ყოფილი დასაქმებულისათვის ხელზე მისაღები ოდენობით. იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე აღდგენილი იქნებოდა პირვანდელ ან ტოლფას თანამდებობაზე, მას ასევე მიეკუთვნებოდა იძულებითი განაცდური, თუმცა, იმ სახელმწიფო გადასახადის გამოკლებით, რაც კანონით დადგენილი წესით დაექვითებოდა დამსაქმებელთან, როგორც გადახდის წყაროსთან. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოსარჩელის სასარგებლოდ, როგორც დასაქმებულის უკანონო გათავისუფლების საკომპენსაციოდ, 57 600 ლარის ოდენობით განსაზღვრული კომპენსაცია გაანგარიშებულია ხელფასის ოდენობით და დასაბეგრი შემოსავლის ჩათვლით, თავის თავში მოიცავს როგორც წმინდა მატერიალურ დანაკარგს, ისე - მორალურ კომპენსაციას, რაც შეესატყვისება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას (სხვა მრავალთა შორის იხ. სუსგ-ები: N ას1339-1259-2017, 30.07.2018წ; N ას-1540-2019, 20.09.2019წ; N ას-901-2022, 31.10.2022წ; N ას-980-2022, 28.02.2023წ.). ამდენად, მეორე კასატორის (ყოფილი დასაქმებულის) საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძველი არ გამოვლინდა.
21. პირველი კასატორის (დამსაქმებლის) საკასაციო პრეტენზიის პასუხად, საკასაციო სასამართლო საკმარისად მიიჩნევს, მიუთითოს მეორე კასატორის პრეტენზიის საპასუხოდ მოხმობილ მოტივაციასა და სასამართლო პრაქტიკაზე, ამასთან აღნიშნავს, რომ საქართველოში განხორციელებული შრომის კანონმდებლობის რეფორმის ერთ-ერთი მიზანი სწორედ დასაქმებულის უფლებების დაცვა იყო. მნიშვნელოვანია, რომ შრომის სამართალი დაკავშირებულია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან და თითოეული დასაქმებულის საქმის ინდივიდუალური შეფასებისას გამოყენებული უნდა იქნეს ე.წ. “favor prestatoris” პრინციპი, რაც დასაქმებულთათვის სასარგებლო წესთა უპირატესობას ნიშნავს. სწორედ აღნიშნული პრინციპის გამოყენებისას, საჭიროა დამსაქმებლისა და დასაქმებულის მოთხოვნებისა და ინტერესების წონასწორობის დაცვა სამართლიანობის, კანონიერებისა და თითოეული მათგანის ქმედების კეთილსინდისიერების კონტექსტში (შდრ. სუსგ №ას-941-891-2015, 29 იანვარი, 2016 წ; №ას-1502-1422-2017, 20 თებერვალი, 2018 წელი, პ-14.4).
22. საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის შესაბამისად, უზრუნველყოფილია შრომის თავისუფლება. შრომის თავისუფლება და სხვა სოციალური უფლებები ადამიანის სასიცოცხლო ინტერესებს უკავშირდება და ძირითადი უფლებების განხორციელების წინაპირობაა. „შრომა თავისუფალია“, რაც, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით იმას ნიშნავს, რომ „ადამიანს მინიჭებული აქვს უფლება, თავად განკარგოს საკუთარი შესაძლებლობები შრომით საქმიანობაში, თავად აირჩიოს შრომითი საქმიანობის ესა თუ ის სფერო, ასევე, შრომის თავისუფლებაში იგულისხმება სახელმწიფოს ვალდებულება, იზრუნოს მოქალაქეთა დასაქმებაზე და დაიცვას მათი შრომითი უფლებები. კონსტიტუციით დაცულია არა მარტო უფლება, აირჩიო სამუშაო, არამედ ასევე უფლება - განახორციელო, შეინარჩუნო და დათმო ეს სამუშაო“ (იხ., საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის გადაწყვეტილება საქმეზე გადაწყვეტილება საქმეზე N2/2-389).
23. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია და დამსაქმებლის მხრიდან სააპელაციო წესით სადავო არ გამხდარა ის გარემოება, რომ ყოფილ დასაქმებულთან უკანონოდ შეწყდა შრომითი ურთიერთობა, რაც შეეხება დამსაქმებლის არამართლზომიერი გადაწყვეტილების გამო განსაზღვრული საკომპენსაციო თანხის მოცულობას, მოპასუხე ცენტრი მოითხოვს მხოლოდ 28 000 ლარის ნაწილში დაკმაყოფილებული სარჩელის უცვლელად დატოვებას. სააპელაციო სასამართლომ სწორედ დადგენილი სასამართლო პრაქტიკისა და შრომითსამართლებრივ დავებზე მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურების გათვალისწინებით გამოიკვლია კომპენსაციის მოცულობა, შესაბამისად, მართებულად იხელმძღვანელა მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციალური სტანდარტით, რომლის თანახმად, სწორედ დამსაქმებელია ვალდებული, დაადასტუროს დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერი და საკმარისი საფუძვლის არსებობა. ამგვარი სტანდარტის გამოყენების ნორმატიულ საფუძველს ქმნის ის, რომ დამსაქმებელს გააჩნია მტკიცებითი უპირატესობა, სასამართლოს წარუდგინოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები (შეად. სუსგ N ას-145-2019, 05.07.2019წ.). მოცემულ შემთხვევაში კომპენსაციის განსაზღვრის ფაქტობრივი წინაპირობა-უკანონო გათავისუფლება - დადგენილია, ხოლო კომპენსაციის ოდენობა სააპელაციო სასამართლომ საკუთარი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში საკასაციო სასამართლოს პრაქტიკისა და შრომის სამართალში მოქმედი საუკეთესო, სამართლიანი სტანდარტებით განსაზღვრა, რის გამოც არ არსებობს არც დამსაქმებლის, არც დასაქმებულის საკასაციო საჩივრების არსებითად განხილვის მიზნით დაშვების სამართლებრივი საფუძველი, შესაბამისად, უცვლელად დარჩა სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. მ.მ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური