Facebook Twitter

20 ივლისი, 2022 წელი,

საქმე №ას-72-2021 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

I კასატორი - სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი (მოსარჩელე)

II კასატორი - ი.ჭ–ძე (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 19 ნოემბრის განჩინება

I კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

II კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 30 ოქტომბრის ბრძანებით ი.ჭ–ძე (შემდეგში: მოპასუხე, მეორე კასატორი, მოსარგებლე, ზიანის მიმყენებელი) დაინიშნა სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის (შემდეგში: მოსარჩელე, პირველი კასატორი, ავტომობილის მფლობელი, ორგანიზაცია) დირექტორის მოადგილედ.

2. მოპასუხის სარგებლობაში იყო ორგანიზაციის კუთვნილი ავტომობილი - „TOYOTA COROLLA", სახელმწიფო ნომრით, „........" (შემდეგში - ავტომობილი ან დაზიანებული ავტომობილი).

3. მოსარგებლის მოხსენებითი ბარათის მიხედვით, 2016 წლის 11 სექტემბერს ავტომობილი დაზიანდა, ხოლო ზიანის ანაზღაურებაზე სრული პასუხისმგებლობა მოსარჩელემ (ავტომობილის მფლობელი) აიღო.

4. 2016 წლის 29 ნოემბრის დადგენილების მიხედვით, გამოძიებით დადგინდა შემდეგი: 2016 წლის 11 სექტემბერს, დაახლოებით 20:30 საათზე, ავტომობილი ქ.თბილისში, აღმაშენებლის ხეივანზე, მცხეთის მხრიდან დავით აღმაშენებლის ძეგლის მიმართულებით, გზის სავალი ნაწილის მეორე სამოძრაო ზოლში, დაახლოებით 60კვ/მ სიჩქარით მოძრაობდა, რომელსაც მოსარგებლე მართავდა;

მსვლელობისას, მოსარგებლემ ყურადღება გადაიტანა, მის გვერდით, მარჯვენა მხარეს, წინა სავარძელში მეუღლესთან მჯდომ მცირეწლოვან შვილზე, რომელიც მისი გადმოცემით ცელქობდა და მისი ყურადღება მიიპყრო, რა დროსაც საჭე მარჯვნივ გაექცა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ტროტუარზე მდებარე ელექტრო-განათების ბოძს დაეჯახა; ჩატარებული ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მოპასუხის მოქმედება არ შეესაბამებოდა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21.8 მუხლის მოთხოვნას, რომლის დაცვის შემთხვევაშიც, მას მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება შეეძლო.

5. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2016 წლის 27 სექტემბრის სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ავტომობილის საცალო სარეალიზაციო საორიენტაციო ღირებულება, დაზიანებამდე, ექსპლუატაციაში ყოფნის გათვალისწინებით 9 300 ლარს შეადგენდა, ხოლო ავტომობილის ნარჩენი ღირებულება ფაქტიური, ფიზიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, საორიენტაციოდ 2 500 ლარით განისაზღვრა.

6. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 23 დეკემბრის ბრძანებით, ორგანიზაციის დირექტორის მოადგილის თანამდებობიდან მოპასუხე 2016 წლის 27 დეკემბრიდან გათავისუფლდა.

7. 2017 წლის 21 აპრილის წერილით, მოსარჩელემ, მოპასუხეს, იგივე ტიპის, მარკისა და მოდელის, იმავე ღირებულების ავტომობილის გამართულ მდგომარეობაში გადაცემა მოსთხოვა, რის სანაცვლოდაც, დაზიანებული ავტომობილი მას საკუთრებაში გადაეცემოდა.

2017 წლის 2 მაისის წერილით, მოსარჩელის შეთავაზებას მოპასუხე არ დაეთანხმა და 2 800 ლარის ოდენობით ზიანის ანაზღაურებაზე განაცხადა თანხმობა.

8. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 5 აპრილის დასკვნით, ავტომობილის საბაზრო ღირებულება, დაზიანებამდე, საორიენტაციოდ 13 000 ლარს შეადგენდა, ხოლო ნარჩენი საბაზრო ღირებულება, მასზე განვითარებული დაზიანებებისა და დასკვნის შედგენის დროისათვის თავისუფალი საბაზრო ფასების გათვალისწინებით, საორიენტაციოდ, 3 500 ლარი იყო.

9. მოსარგებლის წინააღმდეგ მფლობელმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა, ზიანის - 10 000 ლარის ანაზღაურების მოთხოვნით.

10. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, 6 800 ლარის ანაზღაურება დაეკისრა.

11. სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, ამ გადაწყვეტილების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის უარყოფის მოთხოვნით.

12. სააპელაციო სასამართლოში შეგებებული სააპელაციო საჩივარი შეიტანა მოსარჩელემ, რომელმაც სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

13. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 19 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო და შეგებებული სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

13.1. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო წინამდებარე განჩინების 1-8 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

პირველ რიგში, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მხარეთა შორის სადავო საკითხს წარმოადგენდა, მოპასუხის მიერ მოსარჩელისთვის მიყენებული ზიანის ოდენობა. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ზიანის ოდენობას ორივე მხარე შეედავა. მოპასუხემ სადავოდ გახადა, მოსარჩელის მიერ საქმეზე წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნებიც.

13.2. ზიანის მოცულობის განსაზღვრისას, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2016 წლის 27 სექტემბრის სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნა, რაც იმით დაასაბუთა, რომ ხსენებული მტკიცებულება ერთადერთი იყო, რომელიც ყველაზე რეალურად ასახავდა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანებული ავტომობილის არსებულ მდგომარეობას, მის ნარჩენ და საბაზრო ღირებულებას, რადგან აღნიშნული ექსპერტიზა ავტოსაგზაო შემთხვევიდან დაახლოებით ორი კვირის ვადაში ჩატარდა.

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 5 აპრილის დასკვნა, ისევე, როგორც, 2019 წლის 10 აპრილისა და 6 სექტემბრის დოკუმენტები ვერ ასახავდა ავტოავარიის შემდგომ ავტომობილის რეალურ მდგომარეობას.

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ ექსპერტიზა ავტოსაგზაო შემთხვევიდან შვიდი თვის შემდეგ ჩაატარა, ხოლო ხარჯთაღრიცხვა და მიღება-ჩაბარების აქტები ავტოსაგზაო შემთხვევიდან 3 წლის შემდეგ იქნა შედგენილი.

მართალია, მხარე მიუთითებდა, რომ მთელი ამ დროის მანძილზე ავტომობილი დაცულ ტერიტორიაზე იმყოფებოდა, თუმცა გასათვალისწინებელი იყო, რომ აღნიშნული პერიოდი საკმაოდ დიდი დროა, შესაძლებელია, გაჩერებულ ავტომანქანასაც ცვეთა ან სხვა ხასიათის დაზიანება განეცადა. შესაბამისად, რთული გამოსარკვევი იყო, სამი წლის შემდეგ შედგენილი შეფასება, თუ რამდენად სწორად ასახავდა რეალურ ვითარებას.

13.3. სააპელაციო სასამართლომ, მოპასუხის მიერ საქმეზე წარდგენილ დოკუმენტზეც იმსჯელა, კერძოდ, მოცემული კუთხით შემდეგი განმარტება ჩამოაყალიბა: მითითებული დოკუმენტი, რომელიც ავტომობილის საბალანსო ღირებულებას ასახავდა, განსახილველი დავის გადაწყვეტისათვის არარელევანტური ინფორმაციის შემცველი იყო; მასში ნივთის საბალანსო ღირებულება შაბლონურად ანგარიშდებოდა და, როგორც წესი, იგი მნიშვნელოვნად იყო აცდენილი რეალურ საბაზრო ღირებულებას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებებით ავტომობილის საბაზრო ღირებულებების დადგენის პირობებში, ზიანის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო იმ დოკუმენტით ვერ იხელმძღვანელებდა, რომელიც ცალმხრივად იყო შედგენილი და ქონების რეალურ ღირებულებას არ ასახავდა.

ზემომითითებული მიზეზით სააპელაციო სასამართლომ, ასევე, მიიჩნია, რომ ძალაში უნდა დარჩენილიყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 ოქტომბრის საოქმო განჩინება, რომლითაც მოპასუხეს უარი ეთქვა, მოსარჩელისგან გამოეთხოვა 2016 წლის 11 სექტემბრის მდგომარეობით ავტომობილის საბალანსო ღირებულება და, 2014-2016 წლებში, ავტომობილის ტექნიკურ მომსახურებაზე გაწეული ხარჯები.

13.4. საქმის განხილვისას, სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ-ის) 992-ე მუხლი და გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა.

14. სააპელაციო სასამართლოს განჩინებას საკასაციო წესით ორივე მხარე ასაჩივრებს.

14.1. მოსარჩელის საკასაციო საჩივრის მოთხოვნაა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

საკასაციო საჩივრის დასაბუთება შემდეგია:

- არასწორია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა იმის თაობაზე, რომ ავტომობილის საბალანსო ღირებულების ამსახველი დოკუმენტი, მოცემული საქმისათვის არარელევანტური მტკიცებულებაა. ქონების საბალანსო ღირებულების განსაზღვრის წესს საქართველოს საგადასახადო კოდექსი ადგენს. ხსენებული ნორმები ითვალისწინებს, გარკვეული წესით საბალანსო ღირებულების შემცირებასა და გაზრდას. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული მსჯელობა ზიანის ანაზღაურების მოცულობის განსაზღვრის ნაწილში უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.

14.2. საკასაციო საჩივრით მოპასუხე მოითხოვს, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას, შემდეგი საფუძვლებით:

- იმ პირობებში, როდესაც მიყენებული ზიანის ოდენობა, ექსპერტიზის ორი დასკვნით ერთნაირი პროპორციულობითაა დადგენილი, უსაფუძვლოა სასამართლოს მიერ იმაზე მითითება, რომ პირველი დასკვნით დადგენილი ნარჩენი ღირებულება მეორე დასკვნით დადგენილ ნარჩენ ღირებულებაზე მნიშვნელოვნად განსხვავებულია. მითითებული დასკვნებით ზიანის თანხობრივი განსხვავებები იმითაა გამოწვეული, რომ ექსპერტებმა დაზიანებული ავტომობილის განსხვავებული ღირებულებები დაადგინეს.

- სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად არ განიხილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, ექსპერტიზის დასკვნები, არ გაანალიზა მათი შინაარსი. სასამართლომ არგუმენტირებულად ვერ დაასაბუთა, თუ რატომ გაიზიარა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნა და რატომ უარყო სხვა მტკიცებულებანი.

15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 23 თებერვლის განჩინებებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივრები წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ისინი დაუშვებელია:

16. სსსკ-ის 391.5 მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარები არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

17. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორებს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენიათ, ამიტომ ისინი სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის.

18. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორებმა ვერ მიუთითეს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ, საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა კონკრეტული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.

19. საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანია, ზიანის ანაზღაურების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნის მართლზომიერება. სარჩელის დასახელებული მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი სსკ-ის 992-ე (პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი) მუხლშია წარმოდგენილი.

20. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთ საქმეზე განმარტა, რომ: სსკ-ის 992-ე მუხლით გათვალისწინებული დელიქტური ვალდებულების წინაპირობებია: მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ზიანი, მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და ზიანს შორის, ზიანის მიმყენებლის ბრალი. პირს ზიანის ანაზღაურება დაეკისრება, თუ არსებობს ზემოხსენებული ნორმით გათვალისწინებული ოთხივე წინაპირობა (გენერალური დელიქტი) (იხ.: სუსგ №ას-203-2020, 24.12.202; №ას-769-737-2016, 20.06.2018; №ას-176-163-2015, 4.10.2016; Nას-1426-2018, 11.04.2019).

ზემოაღნიშნული წინაპირობების არსებობის შემთხვევაში, პირს (ზიანის მიმყენებელს) უნდა დაეკისროს, დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურება, შესაბამისად, დელიქტურ ვალდებულებასთან დაკავშირებით სარჩელის აღძვრისას მოსარჩელეს ევალება, სსსკ-ის 102-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცების სტანდარტის დაცვით, სათანადო უტყუარი მტკიცებულებების წარდგენის გზით ამტკიცოს, რომ არსებობს ზემომითითებული ყველა წინაპირობა (შდრ. იხ. სუსგ: №ას-748-2020, 19.11.2020; №ას-72-72-2018, 15.02.2018; №ას-809-776-2016, 04.04.2017).

21. მოცემულ შემთხვევაში, სარჩელის წარმატებისათვის მოსარჩელეს უნდა დაედასტურებინა, რომ მოპასუხემ მას მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული მოქმედებით მიაყენა ზიანი და ეს ზიანი სწორედ იმ ოდენობისაა, რაც სარჩელითაა მოთხოვნილი.

მოსარჩელემ, მოპასუხის მხრიდან, მისთვის ზიანის მიყენების ფაქტი სათანადოდ დაასაბუთა. ასეთი დასკვნის საფუძველს ქმნის მოსარჩელის მიერ სასამართლოსათვის წარმოდგენილი მტკიცებულებები და სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილად მიჩნეული გარემოებები, რომელთა წინააღმდეგ მოპასუხეს დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) არ წარმოუდგენია, შესაბამისად, ეს გარემოებები საკასაციო პალატისათვის სავალდებულოა (სსსკ-ის 407.2 მუხლი).

ამდენად, მოსარჩელემ, მოპასუხის მიერ, მისთვის სსკ-ის 992-ე მუხლით საფუძველზე ზიანის ანაზღაურების ვალდებულების არსებობა დაადასტურა, რაც, მოპასუხემ, ამ ფაქტის უარყოფელი სარწმუნო და უტყუარი მტკიცებულებების წარდგენის გზით ვერ გააქარწყლა (სსსკ-ის 102.1 და 102.2 მუხლები).

22. რაც შეეხება კასატორთა მიერ შედავებულ ძირითად საკითხს - ზიანის ოდენობას, პალატას მიაჩნია, რომ აღნიშნულ ნაწილშიც სააპელაციო სასამართლოს განჩინების დასაბუთება სრულადაა გასაზიარებელი, შემდეგი მოტივების გამო:

22.1. სამოქალაქო სამართალწარმოება შეჯიბრებითობის პრინციპს ემყარება და მხარის პოზიციის წარმატება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად უტყუარად შეძლებს იგი მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების დადასტურებას (სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლები).

შესაბამისად, სასამართლოში წარმატების მომტანია არა მხოლოდ მოთხოვნის დამასაბუთებელ არგუმენტზე (არგუმენტებზე) მითითება, არამედ მისი ნამდვილობის სათანადო მტკიცებულებით (მტკიცებულებებით) დადასტურება. საქმის გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ სწორი დასკვნა სასამართლოს მიერ სწორედ მტკიცებულებების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას შეიძლება დაეფუძნოს (სსსკ-ის 105.2 მუხლი).

22.2. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ, საკუთარი მტკიცების ტვირთი წარმატებით დაძლია. ამას ადასტურებს, საქმეზე მის მიერ წარმოდგენილი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2016 წლის 27 სექტემბრის სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევიდან მიახლოებით ორ კვირაში ჩატარდა და, რომლის თანახმადაც, დაზიანებამდე ავტომობილის საცალო სარეალიზაციო საორიენტაციო ღირებულება, ექსპლუატაციაში ყოფნის გათვალისწინებით, 9 300 ლარს შეადგენდა; ნარჩენი ღირებულება, ფაქტიური, ფიზიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, საორიენტაციოდ, 2 500 ლარით განისაზღვრა.

ზემომითითებულ მტკიცებულებაზე დაყრდნობით სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ ავტომობილის დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზიანი 6 800 ლარს შეადგენდა.

22.3. ზიანის ანაზღაურების სასარჩელო პრეტენზიის ფარგლებში, მოპასუხის შესაგებლით სარჩელის საფუძვლიანობის გამორიცხვა დამოკიდებულია სარწმუნო და უტყუარი მტკიცებულებების სასამართლოსთვის წარდგენით ზიანის მიყენების ფაქტისა და მისი ანაზღაურების საფუძვლის არარსებობის დასაბუთებაზე. ასეთ დროს, მოპასუხემ, ყოველ ცალკეულ შემთხვევაში დამაჯერებლად უნდა ამტკიცოს, რომ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა უსაფუძვლოა.

მოცემულ შემთხვევაში, მეორე კასატორს (მოპასუხე) ასე არ უმოქმედია, მან შესაბამის მტკიცებულებაზე დაყრდნობით ვერ დაადასტურა, რომ მოსარჩელეს სარჩელში მითითებული ოდენობის ზიანი არ მიუღია. სათანადო ხარისხის შედავებად ვერ გამოდგება მოპასუხის მიერ წარმოდგენილი საბალანსო ღირებულების ამსახველი დოკუმენტი, რომლის არარელევანტურობის მოტივებიც სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებულ განჩინებაში სრულყოფილად დაასაბუთა. არსებითია, რომ დასახელებული მტკიცებულება ცალმხრივად ერთი მხარის მიერაა შედგენილი და მისი შინაარსით არ დგინდება - ასახავს თუ არა იგი ავტომობილის რეალურ ღირებულებას. ამავე მსჯელობის გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ სწორად დატოვა უცვლელად თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 30 ოქტომბრის საოქმო განჩინება, რომლითაც მოპასუხეს უარი ეთქვა, 2016 წლის 11 სექტემბრის მდგომარეობით ავტომობილის საბალანსო ღირებულებისა და 2014-2016 წლებში ავტომობილის ტექნიკურ მომსახურებაზე გაწეული ხარჯების მოსარჩელისგან გამოთხოვაზე.

ამდენად, მეორე კასატორმა (მოპასუხე) ვერ შეძლო დამაჯერებელი არგუმენტებით მტკიცების ტვირთის რეალიზება და ზიანის ოდენობასთან მიმართებით მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულების გასაქარწყლებლად, დადგენილი ზიანის ოდენობის გამომრიცხველი მტკიცებულების სასამართლოსათვის წარმოდგენა.

23. მცდარია პირველი კასატორის (მოსარჩელე) მიერ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნაზე აპელირება. ამ მტკიცებულების გაუზიარებლობის მოტივი სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებულ განჩინებაში დამაჯერებლად დაასაბუთა, ხოლო აღნიშნული დასაბუთების გამაქარწყლებელი არგუმენტი მოსარჩელეს საკასაციო საჩივარში არ წარმოუდგენია. მოცემული კუთხით გადამწყვეტი არგუმენტია, რომ დასახელებული მტკიცებულება ავტოსაგზაო შემთხვევიდან შვიდი თვის შემდეგაა შედგენილი, რასაც ვერ ვიტყვით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2016 წლის 27 სექტემბრის დასკვნაზე, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევიდან მიახლოებით ორ კვირაში ჩატარდა.

ამდენად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული დასკვნა ყველაზე რეალურად და ობიექტურად ასახავს დაზიანებული ატომობილის მდგომარეობას და, შესაბამისად - მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის ოდენობას.

24. საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

25. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391.5 მუხლის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრების დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივრები დასაშვები იქნებოდა.

26. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორებმა ვერ გააქარწყლეს გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, რის გამოც არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

27. სსსკ-ის 401.4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. შესაბამისად, კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივრებზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. ი.ჭ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

3. ი.ჭ–ძეს (პ/ნ .......) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გ.ფ–ძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 340 ლარი (საგადასახადო დავალება - № 1, გადახდის თარიღი - 15.02.2021) 70% - 238 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

4. სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალს (ს/ნ 21806.....) დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (საგადახდო მოთხოვნა № 02322, გადახდის თარიღი - 15.02.2021) 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

5. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე