1 მარტი, 2023 წელი,
საქმე №ას-278-2020 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები (მოპასუხეები) - ააიპ „თბილისის №9 საბავშო ბაგა-ბაღი“, ააიპ „თბილისის №29 საბავშო ბაგა-ბაღი“, ააიპ „თბილისის №100 საბავშო ბაგა-ბაღი“, ააიპ „თბილისის №128 საბავშო ბაგა-ბაღი“
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - შპს „ე–ი“
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 14 იანვრის გადაწყვეტილება
კასატორთა მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 2017 წლის 14 სექტემბერს, შპს „ე–მა“ (შემდეგში: მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე, გამყიდველი) ხელშეკრულებები დადო ააიპ „თბილისის №9 საბავშვო ბაგა-ბაღთან“ (შემდეგში: პირველი მოპასუხე, პირველი კასატორი, პირველი მყიდველი), ააიპ ,,თბილისის №29 საბავშვო ბაგა-ბაღთან’’ (შემდეგში: მეორე მოპასუხე, მეორე კასატორი, მეორე მყიდველი), ააიპ „თბილისის №100 საბავშვო ბაგა-ბაღთან“ (შემდეგში: მესამე მოპასუხე, მესამე კასატორი, მესამე მყიდველი) და ააიპ „თბილისის №128 საბავშვო ბაგა-ბაღთან“ (შემდეგში: მეოთხე მოპასუხე, მეოთხე კასატორი, მეოთხე მყიდველი), რომლებითაც, 2017 წლის 18 სექტემბრიდან 2017 წლის 22 დეკემბრის ჩათვლით, ამ ხელშეკრულებებისა და თანდართული კვების მენიუს მიხედვით სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვების დღეში სამჯერადი კვება და კვებითი მომსახურების გაწევა უნდა უზრუნველეყო.
2. პირველ მოპასუხესთან დადებული ხელშეკრულების (შემდეგში - ნასყიდობის პირველი ხელშეკრულება) ღირებულება იყო 75 051.30 ლარი, მეორე მოპასუხესთან დადებული ხელშეკრულების (შემდეგში - ნასყიდობის მეორე ხელშეკრულება) - 112 828.80 ლარი, მესამე მოპასუხესთან დადებული ხელშეკრულების (ნასყიდობის მესამე ხელშეკრულება) - 169 243.2 ლარი, ხოლო მეოთხე მოპასუხესთან დადებული ხელშეკრულების ღირებულება (შემდეგში - ნასყიდობის მეოთხე ხელშეკრულება) - 165 465.45 ლარს შეადგენდა.
3. ნასყიდობის ხელშეკრულებებით დადგინდა, რომ ხელშეკრულების შესრულებას მყიდველები პერიოდულად გააკონტროლებდნენ, ზედამხედველობას შესაბამისი ბაგა-ბაღისა და ააიპ „თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს“ სპეციალური სამსახურები შეასრულებდნენ.
4. ნასყიდობის ხელშეკრულებების 8.1 პუნქტის მიხედვით, გამყიდველის მიერ ხელშეკრულებების შეუსრულებლობის გამო წარმოქმნილი რისკების თავიდან ასაცილებლად გამოიყენებოდა გარანტირების მექანიზმი - უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტია, სახელშეკრულებო ღირებულების 3%-ის ოდენობით.
5. ნასყიდობის ხელშეკრულებების №1 დანართების (შესასყიდი პროდუქტების აღწერილობა) თანახმად, გამყიდველის მიერ მყიდველთათვის მისაწოდებელი ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ჩამონათვალიდან ყველის ტექნიკური მახასიათებლები თითოეულ შემთხვევაში შემდეგნაირად განისაზღვრა:
თითოეული მიწოდებული პარტია დამზადებული უნდა იყოს პასტერიზებული რძისგან, ნაკლებად მარილიანი, ქარხნული წარმოების, წათხის რბილი ყველი, არადამახასიათებელი სუნის და გემოს გარეშე, სადაც მშრალი ნივთიერების შემცველობა იქნებოდა არა უმცირეს 52%-ისა, მშრალ ნივთიერებაში ცხიმის შემცველობა - 40%, მარილი - 0.5-1.5%. დაჭრის დროს არ უნდა იფშხვნებოდეს. არ უნდა შეიცავდეს მავნე ქიმიური ელემენტებს. მიკრობიოლოგიური და ქიმიური მაჩვენებლები უნდა აკმაყოფილებდეს რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტით (საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 აპრილის №152 დადგენილება) განსაზღვრულ მოთხოვნებს. უნდა იყოს შეფუთული და სათანადოდ ეტიკეტირებული, ვაკუუმ შეფუთვაში. ტრანსპორტირება უნდა შესრულდეს სპეციალიზირებული მანქანა-რეფრეჟერატორით (მაცივარი), თითოეულ მიწოდებულ პარტიას თან უნდა ახლდეს შესაბამისობის დეკლარაცია. სურსათი უნდა შეესაბამებოდეს დეკლარირებული სტანდარტით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
6. ნასყიდობის ხელშეკრულებების დანართების (შესასყიდი პროდუქტების აღწერილობა) შესაბამისად, გამყიდველის მიერ მყიდველთათვის მისაწოდებელი ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ჩამონათვალიდან კარაქის ტექნიკური მახასიათებლები თითოეულ შემთხვევაში შემდეგნაირად განისაზღვრა:
თითოეული მიწოდებული პარტია უნდა იყოს დამზადებული რძის ნაღებისგან, მცენარეული ცხიმის გარეშე, ქარხნული წესით. ფერი, სუნი და გემო, დამახასიათებელი გარკვეული ნიმუშისათვის. დაჭრის დროს არ უნდა იფშვნებოდეს. რძის ცხიმის შემცველობა არანაკლებ 80%, წყლის შემცველობა არაუმეტეს 16%, ხოლო გაუცხიმოებული (მოხდილი) რძის მშრალი ნაშთის შემცველობა არაუმეტეს 2%. არ უნდა შეიცავდეს მავნე ქიმიურ ელემენტებს, მიკრობიოლოგიური და ქიმიური მაჩვენებლები უნდა აკმაყოფილებდეს რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს (საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 აპრილის №152 დადგენილება). შეფუთული და სათანადოდ ეტიკეტირებულ შეფუთვაში. ტრანსპორტირება უნდა შესრულდეს სპეციალიზირებული მანქანა-რეფრეჟერატორით (მაცივარი), თითოეულ მიწოდებულ პარტიას თან უნდა ახლდეს შესაბამისობის დეკლარაცია. სურსათი უნდა შეესაბამებოდეს დეკლარირებული სტანდარტით განსაზღვრულ მოთხოვნებს. გამყიდველი ვალდებულია, მიწოდების დაწყების წინ და შემდეგ, თვეში ერთხელ წარმოადგინოს მიკრობიოლოგიური კვლევის შესახებ შესაბამისი ინფორმაცია (აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ გაცემული შემოწმების შედეგები). მიწოდებული საქონლის ვარგისიანობის ვადა უნდა იყოს საერთო ვადის არანაკლებ 40%. სურსათის უვნებლობა, ეტიკეტირება, შეფუთვისა და ტრანსპორტირების პირობები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და მოქმედ სტანდარტებს.
7. ნასყიდობის პირველი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების მიზნით 2017 წლის 14 სექტემბერს გაიცა სს „ბ–ის“ საბანკო გარანტია, რომლითაც პრინციპალია - მყიდველი, ბენეფიციარია - პირველი მოპასუხე, ხოლო საგარანტიო თანხის ზღვრული მოცულობაა - 2 289 ლარი.
ნასყიდობის მეორე ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების მიზნით 2017 წლის 14 სექტემბერს გაიცა სს „ბ–ის“ საბანკო გარანტია, რომლითაც პრინციპალია - მყიდველი, ბენეფიციარია - მეორე მოპასუხე, ხოლო საგარანტიო თანხის ზღვრული მოცულობაა - 3 441 ლარი.
ნასყიდობის მესამე ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების მიზნით 2017 წლის 14 სექტემბერს გაიცა სს „ბ–ის“ საბანკო გარანტია, რომლითაც პრინციპალია - მყიდველი, ბენეფიციარია - მესამე მოპასუხე, ხოლო საგარანტიო თანხის ზღვრული მოცულობაა - 5 161 ლარი.
ნასყიდობის მეოთხე ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების მიზნით 2017 წლის 14 სექტემბერს გაიცა სს „ბ–ის“ საბანკო გარანტია, რომლითაც პრინციპალია - მყიდველი, ბენეფიციარია - მეოთხე მოპასუხე, ხოლო საგარანტიო თანხის ზღვრული მოცულობაა - 5 046 ლარი.
8. ნასყიდობის პირველი ხელშეკრულებიდან გამომდინარე გამყიდველის მიერ პირველი მოპასუხისათვის 2017 წლის 3 დეკემბრიდან 2017 წლის 22 დეკემბრის ჩათვლით მიწოდებული საქონლის ღირებულება, დღგ-ს ჩათვლით, 16 461.50 ლარია.
ნასყიდობის მეორე ხელშეკრულებიდან გამომდინარე გამყიდველის მიერ მეორე მოპასუხისათვის 2017 წლის 3 დეკემბრიდან 2017 წლის 22 დეკემბრის ჩათვლით მიწოდებული საქონლის ღირებულება, დღგ-ს ჩათვლით, 21 166.35 ლარია.
ნასყიდობის მესამე ხელშეკრულებიდან გამომდინარე გამყიდველის მიერ მესამე მოპასუხისათვის 2017 წლის 3 დეკემბრიდან 2017 წლის 22 დეკემბრის ჩათვლით მიწოდებული საქონლის ღირებულება, დღგ-ს ჩათვლით, 28 243.7 ლარია.
ნასყიდობის მეოთხე ხელშეკრულებიდან გამომდინარე გამყიდველის მიერ მყიდველისათვის 2017 წლის 3 დეკემბრიდან 2017 წლის 22 დეკემბრის ჩათვლით მიწოდებული საქონლის ღირებულება, დღგ-ს ჩათვლით, 24 407.55 ლარია.
9. გამყიდველის მიერ 2017 წლის 3 დეკემბრიდან 2017 წლის 22 დეკემბრის ჩათვლით გაწეული მომსახურებების ღირებულება, არც ერთ შემთხვევაში სადავო არაა.
10. მიწოდებული პროდუქტების (ყველი, კარაქი) ნასყიდობის ხელშეკრულებებით მოთხოვნილ სავალდებულო პარამეტრებთან შეუსაბამობის გამო 2017 წლის დეკემბრის თვის (1 დეკემბრიდან 22 დეკემბრის ჩათვლით) შედარების აქტის შედგენაზე მოპასუხეებმა უარი განაცხადეს.
11. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურმა ქ.თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში გამყიდველის მიერ შეტანილი ყველის ეტიკეტირების შემოწმების მიზნით საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნულ სააგენტოს მიმართა.
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 15 დეკემბრის მიმართვის თანახმად, წერილის დანართად წარმოდგენილი სურსათი ,,იმერული’’ არ შეესაბამება ხელშეკრულებით მოთხოვნილი სურსათის ყველის სავალდებულო პარამეტრებს, ვინაიდან ნაცვლად ნატურალური რძისა, იგი აღდგენილი რძისგან იყო დამზადებული, ეტიკეტზე არსებული მონაცემების ფარგლებში.
12. გაწეული მომსახურების ღირებულების, პირგასამტეხლოსა და საბანკო გარანტიის მოპასუხეთათვის დაკისრების მოთხოვნით გამყიდველმა მოპასუხეთა წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა.
13. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილებით:
13.1. სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;
13.2. გაწეული მომსახურების ღირებულების ასანაზღაურებლად მოსარჩელის სასარგებლოდ პირველ მოპასუხეს 16 461.5 ლარის ანაზღაურება დაეკისრა, მეორე მოპასუხეს - 21 166.35 ლარის, მესამე მოპასუხეს - 28 243.7 ლარის, ხოლო მეოთხე მოპასუხეს - 24 407.55 ლარის;
13.3. პირგასამტეხლოს ასანაზღაურებლად მოსარჩელის სასარგებლოდ პირველ მოპასუხეს დაეკისრა 1 280 ლარი, მეორე მოპასუხეს - 1 533 ლარი, მესამე მოპასუხეს - 1 960 ლარი, მეოთხე მოპასუხეს - 2 160 ლარის გადახდა.
13.4. მოპასუხეთათვის საბანკო გარანტიის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
14. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ორივე მხარემ გაასაჩივრა.
15. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 14 იანვრის გადაწყვეტილებით:
- მოპასუხეთა სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებულ ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა;
- მოსარჩელის (გამყიდველის) სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებულ ნაწილში (გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1, 1.1.1, 1.2.1, 1.3.1 და 1.4.1 პუნქტები) პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლით ახალი გადაწყვეტილება იქნა მიღებული;
- სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა;
- მოსარჩელის სასარგებლოდ პირველ მოპასუხეს დაეკისრა 2 289 ლარის, მეორე მოპასუხეს - 3 441 ლარის, მესამე მოპასუხეს - 5 161 ლარის, ხოლო მეოთხე მოპასუხეს - 5 046 ლარის გადახდა.
15.1. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო წინამდებარე განჩინების 1-11 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და შემდეგი დასკვნები გააკეთა:
15.1.1. წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური შეფასებით არ დასტურდებოდა, რომ მოსარჩელის მიერ მოპასუხეთათვის ხელშეკრულების საფუძველზე მიწოდებული სურსათი - „კარაქი“, დამახასიათებელი ნიშან-თვისებებით, ამ პროდუქტისთვის ხელშეკრულებებით დადგენილ სავალდებულო პარამეტრებთან შესაბამისობაში არ მოდიოდა.
მოპასუხის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით შესწავლილ იქნა მხოლოდ პროდუქტის ეტიკეტი და ეტიკეტირების წესის დარღვევაზე მიეთითა, რაც შესაბამისი პროდუქტის მახასიათებლების შესწავლისა და ლაბორატორიული კვლევის ჩატარების გარეშე იმ გარემოებას არ ადასტურებდა, რომ მოსარჩელის მიერ მიწოდებული პროდუქტი ხელშეკრულებით დადგენილ მახასიათებლებთან შესაბამისობაში არ იყო.
ამდენად, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიაჩნია, რომ კარაქის მიწოდების ნაწილში მოსარჩელემ სახელშეკრულებო ვალდებულება ჯეროვნად შეასრულა.
15.1.2. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, მიწოდებული პროდუქცია (ყველი და კარაქი) შეესაბამებოდა ნასყიდობის ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ უვნებლობის პარამეტრებს. ამასთან, მხარეთა წარმომადგენლების განმარტებებით დადგინდა, რომ 2017 წლის ივლისამდე, ე.ი. იმ დრომდე, ვიდრე მთავრობის შესაბამისი ნორმატიული აქტით პროდუქტ „ყველის“ რეგლამენტირება მოხდებოდა, მოსარჩელე მოპასუხეებს ხანგრძლივი დროის განმავლობაში იგივე პროდუქციას აწვდიდა, რაც სადავო პერიოდში მიაწოდა.
15.1.3. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მიუხედავად „ყველის“ ნაწილში ვალდებულების ნაკლიანი შესრულებისა, გასაზიარებელი იყო მოსარჩელის პოზიცია იმის თაობაზე, რომ პროდუქტის ლაბორატორიული კვლევის გარეშე აღნიშნული არ შეიძლებოდა ისეთ არსებით ნივთობრივ ნაკლად მიჩნეულიყო, რომელიც მყიდველთა მიერ მისი მიღებისა და სრულად გახარჯვის/მოხმარების ფონზე მიწოდებული პროდუქტის შესაბამისი ღირებულების ანაზღაურების ვალდებულებას გამორიცხავდა.
ნიშანდობლივი კიდევ ის გარემოება იყო, რომ მოპასუხეებს მთელი სახელშეკრულებო ურთიერთობის განმავლობაში სადავოდ არ გაუხდიათ მიწოდებული პროდუქტის ნივთობრივი ხარისხი, მიუხედავად ხელშეკრულებით გათვალისწინებული ხარისხზე კონტროლის მექანიზმისა.
რაკი საქმეზე დაადგინა, რომ გამყიდველის მიერ მიწოდებული ნივთობრივი ნაკლის მქონე ყველი „იმერული“ მყიდველებმა მიიღეს, დანიშნულებით გამოიყენეს, მათ არც ნაკლის გამოსწორება (ნაკლიანი პროდუქტის შეცვლა), არც ამ მიზეზით ხელშეკრულების მოშლა, არც ფასის შემცირება და/ან პირგასამტეხლოს დაკისრება არ მოუთხოვიათ, მიწოდებული ნივთის სახელშეკრულებო პირობებთან შესაბამისობაზე პრეტენზია მხოლოდ სახელშეკრულებო ვადის ბოლო თვეს განაცხადეს და დეკემბრის თვის მომსახურების თანხის ანაზღაურებაზე უარი თქვეს. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ 2017 წლის დეკემბერში მიწოდებული პროდუქტების ღირებულების ანაზღაურების მოთხოვნა დაკმაყოფილებას ექვემდებარებოდა (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის 477.1, 487-ე, 488.1, 490.1, 492-ე მუხლები).
15.1.4. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა ვალდებულების დარღვევის მოცულობასთან და ვადაგადაცილების ხანგრძლივობასთან მიმართებით გონივრული და სამართლიანი იყო, შესაბამისად, პირგასამტეხლოს გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხეებს კანონშესაბამისად დაეკისრათ (სსკ-ის 417-ე, 418.1, 420-ე მუხლები).
15.1.5. რაც შეეხებოდა საბანკო გარანტიასთან დაკავშირებულ მოთხოვნას, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნულ ნაწილში შემდეგი მსჯელობა განავითარა:
სსკ-ის 879-ე და 880-ე მუხლებიდან გამომდინარე, საბანკო გარანტია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უზრუნველყოფის საშუალებაა, რომელიც გადაიხდება, როგორც კომპენსაცია ძირითადი ხელშეკრულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისას.
განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხეთა სასარგებლოდ გაცემული საბანკო გარანტია, სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების გარანტიად გვევლინებოდა. შესრულების გარანტიის (საბანკო გარანტიის ერთ-ერთი სახე) მთავარი მიზანი, შეუსრულებლობით ან არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის კომპენსირებაა. მსგავსი გარანტია ემსახურება დამკვეთის მხრიდან ხელშეკრულების ფასის შესაბამისი სრული მომსახურების მიღებას და იმ დანაკარგის კომპენსაციას, რაც ხელშეკრულების არასათანადო შესრულებით შეიძლება წარმოიშვას, იგი იმ რისკსაც ფარავს, რაც მიწოდებულ პროდუქციაში დეფექტების აღმოჩენასთანაა დაკავშირებული. ამდენად, შესრულების საბანკო გარანტია, არასათანადო შესრულებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მაკომპენსირებელი საშუალებაა და მისი ჯარიმის - სანქციის ფორმით გამოყენება საბანკო გარანტიის მიზანთან წინააღმდეგობაში მოდის.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მხრიდან ვალდებულების ნაკლიანი შესრულების შედეგად, მისი უმნიშვნელო ხასიათიდან გამომდინარე, მოპასუხეებს რაიმე ზიანი არ მისდგომიათ. საქმეში აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ მოიპოვებოდა. შესაბამისად, მიღებული საგარანტიო თანხით მოპასუხეები გამყიდველის მხრიდან არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის კომპენსირებას ვერ მოახდენდნენ, ზიანის არარსებობის გამო. მხოლოდ მოთხოვნის უფლების არსებობა კი, ბენეფიციარს უფლებას არ აძლევდა, თანხა უპირობოდ აენაზღაურებინა. ამ შემთხვევაში, მას მეორე მხარის ქონებისადმი გულისხმიერი დამოკიდებულების გამოჩენა ეკისრებოდა (სსკ-ის 316.2 მუხლი).
არაჯეროვანი შესრულების შეფასებისას მხედველობაში მიიღება ხელშეკრულების მოცულობა, შესასრულებელი სამუშაოს კომპლექსურობა, შემსრულებლის მიერ ვალდებულების ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში შესრულება, შესრულების ნაკლის სიმძიმე.
კონკრეტულ შემთხვევაში, ძირითად შესასრულებელ ვალდებულებასთან მიმართებით შესრულების ნაკლი (ფულად გამოხატულებაში რამდენიმე ათეული ლარი) იმდენად უმნიშვნელო იყო, რომ ვალდებულების არაჯეროვან შესრულებად მისი განხილვა სამართლებრივად დაუსაბუთებელი იქნებოდა. შესაბამისად, საბანკო გარანტია არ უნდა გამოყენებულიყო.
16. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
საკასაციო საჩივარი შემდეგნაირადაა დასაბუთებული:
16.1. რძით დამზადებული პროდუქტის გამოყენებით მომსახურების გაწევის აღდგენილი რძის პროდუქტით ჩანაცვლება, ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულება, კონკრეტული პროდუქტის მიწოდების ჭრილში კი, ვალდებულების შეუსრულებლობაა. აქედან გამომდინარე, ყველის საფასურის გადახდის ვალდებულება მოპასუხეებს არ წარმოშობიათ. შესაბამისად, მყიდველთა მიერ გადახდილი ყველის საფასური ამ უკანასკნელთათვის მიყენებული ზიანია, რომელიც უკან უნდა დაბრუნდეს.
16.2. სსკ-ის 495.2 მუხლი გონივრულ ვადაში პარამეტრებისაგან განსხვავებული პროდუქტის აღმოჩენაზე კასატორთა პასუხისმგებლობას გამორიცხავს, რადგან მოსარჩელე შეგნებულად დუმდა სახელშეკრულებო ვალდებულების ნაკლიანი შესრულების თაობაზე. ნაკლიანი შესრულების მიღება კი, არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს ნაკლიან შესრულებაზე დათანხმებად (№ას-629-588-2017, 10.11.2017). ეს გულისხმობს, რომ მოსარჩელე არ თავისუფლდება ნაკლიანი შესრულების პასუხისმგებლობისგან, შესაბამისად, შესრულების მიღება არ წარმოადგენს ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობის საფუძველს.
16.3. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს უნდა ემსჯელა არა სახელშეკრულებო პრიზმიდან, არამედ ბავშვთა უფლებების უპირატესი ინტერესიდან, რადგან ხელყოფილ იქნა ბავშვთა ჯანსაღი კვების უფლება, შესაბამისად, დაირღვა ბავშვის უფლებების შესახებ კონვენცია.
16.4. მხარეთა შორის სადავო არ ყოფილა იმ მიწოდების რეალური ღირებულება, რომელიც მოსარჩელემ თვითნებურად შეცვალა, არამედ, სასამართლომ დააკმაყოფილა სახელშეკრულებო ღირებულების ანაზღაურების მოთხოვნა, რომელიც გათვალისწინებული იყო რძისგან დამზადებული და არა - აღდგენილი რძის პროდუქტისათვის.
გაუგებარია, სააპელაციო სასამართლომ რატომ არ იმსჯელა რძისა და აღდგენილი რძის ღირებულების განსხვავებულობაზე და დააკმაყოფილა რძისგან დამზადებული ყველის ღირებულების მოთხოვნა, როდესაც თავად დაადგინა, რომ ეს პროდუქტი არ გამოყენებულა. რეალურ შესრულებასა და მის ღირებულებაზე სასამართლოს არ უმსჯელია.
16.5. მოსარჩელემ ივალდებულა, რომ მოპასუხისათვის კარაქი არანაკლებ 80%-იანი ცხიმით მიეწოდებინა, თუმცა მიაწოდა პროდუქტი, რომელშიც ცხიმიანობა +/-0.5 იყო, შესაბამისად, მან დაუშვა ბავშვთა კვებაში ისეთი პროდუქტის გამოყენება, რომელიც იმთავითვე ითვალისწინებდა, რომ, შესაძლოა პროდუქტი არათუ შეთანხმებული ხარისხის, არამედ, საკანონმდებლო აქტით დადგენილი კარაქი არ ყოფილიყო.
16.5. მოპასუხეებმა არათუ თანხის გადახდის ვალდებულება არ შეასრულეს, არამედ მოთხოვნათა ურთიერთგაქვითვის უფლებით ისარგებლეს. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მოპასუხეებს ეს უფლება არ აქვთ, მაშინ ისინი დაუყოვნებლივ აუნაზღაურებენ მოსარჩელეს თანხას, შესაბამისად, სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე არ შეიძლება, მოპასუხეს დაუდგინდეს სანქცია და დაეკისროს პირგასამტეხლო.
16.6. რაც შეეხება საბანკო გარანტიას, გასაჩივრებული გადაწყვეტილება სრულად ცვლის და ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის პრინციპს.
ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება ყველა ნაწილში დადასტურებულია, რაც მთლიან შესრულებას არაჯეროვანს ხდის, ამასთან, საბანკო გარანტია თავისი ბუნებით გამოუთხოვადი გარანტიაა და მოიცავს როგორც ვალდებულების შეუსრულებლობას, ასევე - არაჯეროვან შესრულებას, ამ საკითხის ზიანის ანაზღაურებასთან და მის არსებობასთან დაკავშირება კანონსაწინააღმდეგო მსჯელობაა.
17. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 21 მაისის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ-ის) 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.
2023 წლის 22 თებერვლის განჩინებით, სსსკ-ის 391.5 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე საკასაციო პალატამ მითითებული საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნო და საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა დაადგინა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხეთა საკასაციო საჩივრები ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
18. სსსკ-ის 407.2 მუხლის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეების/კასატორების პრეტენზიები, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეზე დადგენილი ფაქტები და არასწორად განმარტა კანონი, რასაც შედეგად მოჰყვა სამართლებრივად დაუსაბუთებელი დასკვნები, ნაწილობრივ გამართლებულია.
ის სამართლებრივი შედეგი, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურდა, კერძოდ, მიწოდებული პროდუქციის საფასურის სრულად გადახდა და პირგასამტეხლოს დაკისრება, სსკ-ის 477.2 (მყიდველი მოვალეა, გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება) და 417-ე-418-ე (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა; შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას) მუხლებიდან გამომდინარეობს.
საბანკო გარანტიის ფარგლებში კასატორებისთვის გადახდილი თანხის მოსარჩელისთვის ანაზღაურების უსაფუძვლობა კი, სსკ-ის 879-ე (საბანკო გარანტიის ძალით ბანკი, სხვა საკრედიტო დაწესებულება ან სადაზღვევო ორგანიზაცია (გარანტი) სხვა პირის (პრინციპალის) თხოვნით კისრულობს წერილობით ვალდებულებას, რომ ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად გადაუხდის პრინციპალის კრედიტორს (ბენეფიციარს) ფულად თანხას გადახდის შესახებ ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე) და 881-ე (საბანკო გარანტიით გათვალისწინებული გარანტის ვალდებულება ბენეფიციარის წინაშე მათ შორის ურთიერთობისას არ არის დამოკიდებული იმ ძირითად ვალდებულებაზე, რომლის შესრულების უზრუნველსაყოფადაც არის ის გაცემული, მაშინაც კი, როცა გარანტია შეიცავს მითითებას ამ ვალდებულებაზე) მუხლების შემადგენლობის არსებობამ გამოიწვია.
19. მოცემულ შემთხვევაში, მიწოდებული პროდუქტის ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძვლად მოპასუხეები მოსარჩელის არაჯეროვან, კერძოდ კი, ნაკლიან შესრულებაზე მიუთითებენ, სახელდობრ, ხელშეკრულებით შეთანხმებული ნატურალური რძის ნაცვლად, მიწოდებული ყველი აღდგენილი რძისგან იყო დამზადებული, რასაც არც მოსარჩელე არ უარყოფს.
კასატორებს მიაჩნიათ, რომ რძისგან დამზადებული პროდუქტის აღდგენილი რძისგან დამზადებული პროდუქტით თვითნებურად ჩანაცვლება ხელშეკრულების ისეთი დარღვევაა, რაც ვალდებულების შეუსრულებლობას უთანაბრდება. შესაბამისად, მყიდველთა მხრიდან, კონკრეტულად ყველის საფასურის გადახდის ვალდებულება არ წარმოშობილა.
აღნიშნულ პრეტენზიასთან დაკავშირებით საკასაციო პალატა განმარტავს, რომ, სსკ-ის 487-489-ე მუხლების შესაბამისად, გამყიდველი ვალდებულია, მყიდველს ნივთობრივი და უფლებრივი ნაკლისაგან თავისუფალი ნივთი გადასცეს. ამ მოვალეობათა დარღვევა მოსარჩელეს შესაბამის მოთხოვნებს წარმოუშობს, თუმცა ნაკლიანი შესრულება მიღებული პროდუქციის ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი არ არის. ამდენად, მოპასუხეთა შესაგებელი მოსარჩელის მოთხოვნას არ გამორიცხავდა.
ნივთობრივი ნაკლის მქონე პროდუქტის მიწოდებისა და მყიდველის მიერ მისი მიღების შემთხვევაში, მყიდველს სსკ-ის 490-ე, 491-ე, 492-ე და 494-ე მუხლების შესაბამისი მეორადი მოთხოვნების უფლება წარმოეშობა, თანმიმდევრობისა და წინაპირობების დაცვით.
დადგენილია, რომ მოპასუხეებს სსკ-ს 490.1 მუხლით გათვალისწინებული დამატებითი შესრულება (კონკრეტულ შემთხვევაში, ნაკლიანი პროდუქტის შეცვლა) არ მოუთხოვიათ, თუმცა რაკი ისინი ნაკლიან შესრულებას იღებდნენ, ფასის შემცირება შეეძლოთ მოეთხოვათ.
საკასაციო პრეტენზიის მიხედვით, მოპასუხეებმა ფასის შემცირების უფლება გამოიყენეს, ნაკლის ნაწილში ფასი შეამცირეს, კერძოდ, ნაკლის ღირებულებად მათ პროდუქტის შესაბამისი საფასური მიიჩნიეს, რომელიც მომსახურების გაწევისას არ გამოყენებულა. ხსენებული არგუმენტით, ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის მიზნით დეკემბრის ანაზღაურება იქნა დაკავებული, ნაკლიანი შესრულებით გამოწვეული ზედმეტად, ვალდებულების გარეშე გადახდილი თანხის უკან დაბრუნებამდე.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ფასის შემცირება ცალმხრივი მიღებასავალდებულო ნების გამოვლენაა, რომელიც გამყიდველისათვის ფასის შემცირების შეტყობინებით ხორციელდება. აქედან გამომდინარე, იგი ნამდვილია მას შემდეგ, რაც სსკ-ის 51-ე მუხლის შესაბამისად, მეორე მხარეს მიუვა.
მოცემულ შემთხვევაში, გარდა იმისა, რომ მოპასუხეებს ფასის შემცირების შესახებ მოსარჩელის წინაშე ნება არ გამოუვლენიათ, მათ არც შესაგებელში არ მიუთითებიათ ამ მეორადი მოთხოვნის გამოყენების თაობაზე და არც უმტკიცებიათ თუ რამდენით შემცირდა ნატურალური რძის ნაცვლად აღდგენილი რძით დამზადებული ყველის ღირებულება, რაც სწორედ მყიდველის მტკიცების საგანში შედიოდა (შდრ. სუსგ №ას-959-2019, 16.10.2019წ, სადაც სასამართლომ, მსგავს საქმეზე, სწორედ მოპასუხის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნითა და განმარტებების საფუძველზე დაადგინა, ხელშეკრულებით გათვალისწინებულსა და რეალურად მიწოდებული ნაკლიან პროდუქტის ფასებს შორის სხვაობა და მიიჩნია, რომ მიწოდებული ნაკლიანი პროდუქტის ფასი ექვემდებარებოდა შემცირებას ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროდუქტის ღირებულებასა და მიწოდებული ნაკლიანი პროდუქტის ღირებულებას შორის სხვაობით), შესაბამისად, არგუმენტი იმის შესახებ, რომ რძისა და აღდგენილი რძის ღირებულების განსხვავებულობაზე სასამართლომ არ იმსჯელა, დაუსაბუთებელია.
მართალია, ფასის შემცირების მოთხოვნის წინაპირობების არსებობისას გამყიდველის სსკ-ის 477.2 მუხლით გათვალისწინებული ფასის გადახდის მოთხოვნა ქარწყლდება და მყიდველი უფლებამოსილია, ფასის გადახდისას შემცირებული თანხა აღარ გადაიხადოს, თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, დეკემბერში მიწოდებული პროდუქტის თანხის გადაუხდელობა საფასურის ნაწილის დაკავებად და ფასის შემცირების შესახებ ნების გამოვლენად მაინც ვერ განიმარტება, რადგან, როგორც აღინიშნა, მყიდველს ამგვარი შესაგებელი არ წარუდგენია და არ მიუთითებია, თუ რა მოცულობით ამცირებდა ნაკლი პროდუქტის ღირებულებას.
მოპასუხემ საკასაციო საჩივარში მიუთითა, რომ ნაკლის ღირებულება იყო მთლიანი პროდუქტის (ყველის) საფასური, რადგან მისი დამზადებისას არ გამოყენებულა ის პროდუქტი (ნატურალური რძე), რომელზეც მხარეები შეთანხმდნენ. შესამცირებელ თანხად მთლიანი პროდუქტის ღირებულებაზე კასატორთა მიერ მითითება არასწორია. საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ ნივთობრივი ნაკლის არსებობა ხელშეკრულებით გათვალისწინებლი საფასურის გადახდისგან განთავისუფლების წინაპირობას არ წარმოშობს. ფასის შემცირება იწვევს ნასყიდობის შეთანხმებული ფასის ცვლილებას და, არა - ანაზღაურებაზე სრულად უარს.
სსკ-ის 492-ე მუხლის თანახმად, მყიდველი უფლებამოსილი იყო ფასის შემცირება იმ თანხით მოეთხოვა, რაც ნაკლის გამოსასწორებლადაა საჭირო, ე.ი. ფასი უნდა შემცირებულიყო იმ ნაკლის პროპორციულად, რამდენითაც ნაკლი პროდუქტის ღირებულებას ამცირებდა. პალატა განმარტავს, რომ ფასი მცირდება იმ ფარგლებით, რამდენითაც გამყიდველმა არ შეასრულა დაკისრებული ვალდებულება. ასეთ შემთხვევაში, ურთიერთსაპასუხო შესრულებათა გათანაბრება ხდება და არა - ანაზღაურებაზე სრულად უარი (იხ. ს. ჩაჩავა, სსკ-ის კომენტარი, მუხლი 492, ელ.მისამართი - gccc.ge).
20. მიწოდებული კარაქის ღირებულების ანაზღაურების ნაწილშიც მოპასუხეებმა/კასატორებმა უარი ნაკლიანი შესრულების საფუძვლით განაცხადეს. მათი მტკიცებით, მოსარჩელემ ვალდებულება იკისრა, რომ არანაკლებ 80% ცხიმის შემცველობის კარაქი მიეწოდებინა, თუმცა, ფაქტობრივად ისეთი პროდუქტი გამოიყენა, რომელშიც ცხიმიანობა +/_ 0.5%-იანი ცდომილების ალბათობით 80%-იან მაჩვენებელზე იქნა დაშვებული. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ ისეთი პროდუქტის გამოყენება, რომელიც არც კანონმდებლობით დადგენილ და არც ხელშეკრულებით განსაზღვრულ მახასიათებლებს არ შეესაბამება, ვერ ანაზღაურდება.
საკასაციო სასამართლო უარყოფს კასატორების ამ პრეტენზიასაც და აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულებით მოსარჩელეს მოპასუხებისათვის უნდა მიეწოდებინა კარაქი, რომელშიც რძის ცხიმის შემცველობა არანაკლებ 80%-ია.
უდავოა, რომ მიწოდებული კარაქის ეტიკეტზე ცხიმის შემცველობად მითითებულია 80% (+/-0,5). ამ მოცემულობასა და საწინააღმდეგო მტკიცებულების არარსებობის პირობებში ვრცელდება პრეზუმფცია, რომ პროდუქტის თვისებები მის ეტიკეტზე არსებულ ინფორმაციას შეესაბამება.
საგულისხმოა, რომ, როგორც კარაქის დაფასოების შემდგომმა და განმეორებითმა კვლევამაც აჩვენა, კარაქში ცხიმის შემცველობა 80%-ია (იხ. შპს აგროკონსორციუმი წეროვანის მიმართვა), რომლის საწინააღმდეგო მტკიცებულება საქმეში არ წარდგენილა.
21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეები მოსარჩელის მიერ მითითებულ გარემოებებს სათანადოდ ვერ შეედავნენ და მათი, როგორც შესაგებელი, ისე, საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაუსაბუთებელია. შესაბამისად, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ შეფასებას, რომ მოპასუხეებს მიწოდებული საქონლის ღირებულების გადახდაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნიათ (შდრ.სუსგ №ას-596-2020; 29.10.2020წ. სუსგ №ას-174-2020; 17.06.2020წ. სუსგ №ას-108-2020; 03.06.2020წ.).
22. დაუსაბუთებელია პირგასამტეხლოს ნაწილში ურთიერთმოთხოვნათა გაქვითის მიზნით თანხის დაკავების მართლზომიერების შესახებ კასატორთა მითითებაც. დადგენილია, რომ მყიდველებმა მიწოდებული პროდუქციის თანხა სრულად არ გადაიხადეს, კერძოდ, დეკემბერში მიწოდებული პროდუქტის საფასური არ აანაზღაურეს. შესაბამისად, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ მოპასუხეებს დააკისრათ ხელშეკრულებით გათვალისწინებული და სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლო. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ამ ნაწილში წარმოდგენილი არაა დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც არ იკვეთება.
23. რაც შეეხება მოპასუხეთა მიერ საბანკო გარანტიის თანხის გამოთხოვის გამო წარმოშობილი დანაკლისის ანაზღაურებასთან დაკავშირებით კასატორთა შედავებას, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საბანკო გარანტიის სამართლებრივი თავისებურება გულისხმობს მის არააქსესორულობას პრინციპალს და ბენეფიციარს შორის არსებული ძირითადი მოთხოვნებისგან, ამიტომ კრედიტორი (ბენეფიციარი) ნებისმიერ დროსაა უფლებამოსილი გარანტისგან შესრულება მოითხოვოს (შდრ. სუსგ. №ას-749-709-2015, 25.09.2015წ).
საბანკო გარანტიის მოთხოვნის წარდგენის წინაპირობა არ არის ვალდებულების დარღვევის შედეგად ბენეფიციარისათვის ზიანის მიყენება. უფრო მეტიც, ბენეფიციარი, საგარანტიო თანხის მოთხოვნისას, გარანტორის წინაშე არაა ვალდებული, დაასაბუთოს პრინციპალის მიერ ხელშეკრულების დარღვევის ან არაჯეროვანი შესრულების უტყუარობა.
ბენეფიციარის მოთხოვნა მოწმდება მხოლოდ საგარანტიო პირობებთან შესაბამისობის კუთხით. კერძოდ, პრინციპალის მიერ ვალდებულების დარღვევის სახისა და ხარისხის კვლევა გარანტის მხრიდან გონივრული წინდახედულობის ფარგლებში შესაძლებელია მხოლოდ საბანკო გარანტიით შეთანხმებული მოთხოვნის ან თანდართული დოკუმენტების წარდგენის პირობების დაცვის ფარგლებში (შდრ. სუსგ. №ას-1057-2020, 20.01.2022წ).
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხეების, როგორც ბენეფიციარების უფლება მოსარჩელის მიერ დაირღვა სახელშეკრულებო ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებით. პალატა მიიჩნევს, რომ შემსყიდველი ორგანიზაციების მოქმედება საბანკო გარანტიის გამოთხოვის კუთხით კანონშესაბამისია, არ არსებობს საბანკო გარანტიის თანხების ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობები და ზემოაღნიშნულ ფარგლებში სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილეს.
24. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ.Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა დეტალურად აღარ იმსჯელებს განსახილველი საკასაციო საჩივრის არაარსებით პრეტენზიაზე.
25. სსსკ-ის 53.1 მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით კი, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.
ამდენად, მოსარჩელეს მოპასუხეთა სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელთა მიერ საკასაციო ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი, მოთხოვნათა დაკმაყოფილებული ნაწილების პროპორციულად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 53-ე, 264.3, 404-ე, 408.3, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ააიპ „თბილისის №9 საბავშო ბაგა-ბაღის“, ააიპ „თბილისის №29 საბავშო ბაგა-ბაღის“, ააიპ „თბილისის №100 საბავშო ბაგა-ბაღისა“ და ააიპ „თბილისის №128 საბავშო ბაგა-ბაღის“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 14 იანვრის გადაწყვეტილების მე-3, მე-4, მე-5, მე-6 პუნქტები და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. შპს „ე–ის“ სარჩელი მოპასუხეთათვის 2289 ლარის, 3441 ლარის, 5161 ლარის და 5046 ლარის საბანკო გარანტიის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;
4. შპს „ე–ს“ ააიპ „თბილისის №9 საბავშო ბაგა-ბაღის“ სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ საკასაციო ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის, 114.45 ლარის გადახდა;
5. შპს „ე–ს“ ააიპ „თბილისის №29 საბავშო ბაგა-ბაღის“ სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ საკასაციო ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის, 172.05 ლარის გადახდა;
6. შპს „ე–ს“ ააიპ „თბილისის №100 საბავშო ბაგა-ბაღის“ სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ საკასაციო ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის, 258.05 ლარის გადახდა;
7. შპს „ე–ს“ ააიპ „თბილისის №128 საბავშო ბაგა-ბაღის“ სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ საკასაციო ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის, 252.3 ლარის გადახდა;
8. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ვლადიმერ კაკაბაძე
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე