8 ივნისი, 2023 წელი,
საქმე №ას-554-2023 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - სს „ს.კ.ა–ა“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ა.გ–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 15 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - სადაზღვევო თანხის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 2020 წლის 25 მაისს სს ,,ს.კ.ა–ასა“ (შემდეგში: მოპასუხე, კასატორი, მზღვეველი, სადაზღვევო კომპანია) და სსიპ ,,საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს“ (შემდეგში - დამსაქმებელი ან სააგენტო) შორის ხელშეკრულება (შემდეგში - დაზღვევის ხელშეკრულება ან ხელშეკრულება) გაფორმდა, რომლის საგანი სააგენტოს თანამშრომლების, მათ შორის, გ.გ–ძის (შემდეგში - დაზღვეული) ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაზღვევა იყო.
2. 2020 წლის 20 აგვისტოდან 2020 წლის 2 სექტემბრამდე დაზღვეული სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფებოდა, სადაც ის სუნთქვის გაძნელებითა და ძლიერი საერთო სისუსტით მოთავსდა. სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობის პერიოდში დაზღვეულს არაერთი სამედიცინო მანიპულაცია ჩაუტარდა, მათ შორის რეანიმაციული ღონისძიებები, თუმცა გულის რიტმის აღდგენა ვერ მოხერხდა და გარდაიცვალა.
3. დაზღვეული 2020 წლის 2 სექტემბერს გარდაიცვალა.
4. სამედიცინო დოკუმენტში სიკვდილის გამომწვევ ავადმყოფობად ან/და მდგომარეობად მითითებულია შემდეგი: ა) პნევმონია გამოწვეული Staphylococcus-ით; ბ). რკინა-დეფიციტური ანემია, დაუზუსტებელი; გ) სეპტიცემია, დაუზუსტებელი; დ) სუნთქვის მწვავე უკმარისობა.
იქვე მითითებულია სხვა მნიშვნელოვანი მდგომარეობების შესახებ, რომელიც ხელს უწყობს სიკვდილს, მაგრამ არ არის დაკავშირებული ავადმყოფობასთან ან პათოლოგიურ მდგომარეობასთან, რომელიც სიკვდილს იწვევს, ესენია: სხვა მეორადი პულმონური ჰიპერტენზია, წინაგულების ფიბრალაცია და თრთოლვა, ცენტრილებული ემფიზემა, გულის შეგუბებითი უკმარისობა.
5. ა.გ–ძემ (შემდეგში - მოსარჩელე ან დაზღვეულის უფლებამონაცვლე), როგორც დაზღვეულის კანონისმიერმა მემკვიდრემ, 8 000 ლარის ანაზღაურების მოთხოვნით მზღვეველის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა.
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხეს 8 000 ლარის გადახდა დაეკისრა.
7. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც ამ გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის უარყოფა მოითხოვა.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 15 მარტის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.
8.1. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო წინამდებარე განჩინების 1-4 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და მიიჩნია, რომ დაზღვეულის გარდაცვალება დამსაქმებელ სააგენტოსა და მზღვეველს შორის დადებული დაზღვევის ხელშეკრულების შესაბამისად სადაზღვევო შემთხვევად უნდა შეფასებულიყო, რაც, თავის მხრივ, სადაზღვევო კომპანიის მიერ მოსარჩელის (დაზღვეულის პირველი რიგის მემკვიდრე) სასარგებლოდ სადაზღვევო თანხის გაცემის ვალდებულების წარმოშობის საფუძველს ქმნიდა.
8.2. სააპელაციო სასამართლომ დაზღვევის ხელშეკრულების მე-18 პუნქტზე მიუთითა, რომლითაც სიცოცხლის დაზღვევის პირობებია განსაზღვრულია, კერძოდ, 18.1 პუნქტის მიხედვით სიცოცხლის დაზღვევა ითვალისწინებს დაზღვეული თანამშრომლის უბედური შემთხვევით ან ნებისმიერი ბუნებრივი მიზეზით გამოწვეული გარდაცვალების შემთხვევაში მემკვიდრისათვის პოლისში მითითებული თანხის ანაზღაურებას.
ამავე ხელშეკრულების 18.2 პუნქტით გათვალისწინებულია გამონაკლისები სიცოცხლის დაზღვევის დროს, სახელდობრ: 18.2.1. დაზღვევის პირობების გათვალისწინებით მზღვეველი უფლებამოსილია არ გასცეს სადაზღვევო ანაზღაურება, თუ დაზღვეულის გარდაცვალება წარმოადგენს ქვევით ჩამოთვლილ გარემოებათა უშუალო შედეგს: 1. დაზღვეული გარდაიცვლება ნარკოტიკული ან თრობის მიზნით მიღებული ტოქსიური ნივთიერებების ზემოქმედების შედეგად; 2. დაზღვეულის გარდაცვალების მიზეზს წარმოადგენს თვითმკვლელობა; 3. დაზღვეული გარდაიცვლება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული კანონსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენისას; 4. დაზღვეულის გარდაცვალების მიზეზია ომში, სამოქალაქო ომში, აჯანყებასა და გაფიცვაში ნებაყოფლობითი მონაწილეობა; 5. დაზღვეულის გარდაცვალება გამოწვეულია წინამდებარე დაზღვევით პირდაპირ ან არაპირდაპირ დაინტერესებული პირების მიერ.
ხელშეკრულების 18.3 პუნქტით გათვალისწინებულია სადაზღვევო თანხის ანაზღაურების გაცემის წესი, კერძოდ, სადაზღვევო ანაზღაურება გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ წარმოდგენილი დოკუმენტაციით დადგენილია გარდაცვალების მიზეზი, გარდაცვალების ფაქტის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე (18.3.1); თუ მზღვეველს არ ექნება გარდაცვალების დამადასტურებელი უტყუარი საბუთი, იგი უფლებას იტოვებს მოითხოვოს გარდაცვალების უტყუარი მიზეზის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (პათოლოგო ანატომიური გამოკვლევის ოქმის ასლი) და/ან პათოლოგო ანატომიური განყოფილებიდან ცნობის ასლი, რომლის საფუძველზეც გაიცა გარდაცვალების მოწმობა (18.3.3).
ხელშეკრულების 18.4 პუნქტით გათვალისწინებულია სადაზღვევო კომპანიაში წარსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი, ესენია: 1. გარდაცვალების მოწმობის ორიგინალი; 2. გარდაცვალების შესახებ სამედიცინო ცნობის ასლი; 3. ამონაწერი ან მისი ასლი ავადმყოფის სტაციონარული ბარათიდან; 4. მოსარგებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. მემკვიდრეობის ძალაში შესვლის დამადასტურებელი დოკუმენტი; 5. მოსარგებლის საბანკო რეკვიზიტები.
8.3. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, ზემოაღნიშნულ სამედიცინო დოკუმენტაციასთან ერთად განსახილველ შემთხვევაში მზღვეველს დაზღვეულის გარდაცვალების დამადასტურებელი უტყუარი საბუთი წარედგინა.
დაზღვევის ხელშეკრულების მიხედვით გარდაცვალების მიზეზი გარდაცვალების ფაქტის დამადასტურებელი შესაბამისი მტკიცებულების წარდგენის გზით უნდა დადასტურებულიყო, ხოლო პათოლოგოანატომიური გამოკვლევის ოქმის მოთხოვნასთან დაკავშირებით მზღვეველის უფლება იმ შემთხვევაში იყო გათვალისწინებული, თუ მას გარდაცვალების უტყუარი საბუთი არ ექნებოდა.
ამდენად, მზღვეველისთვის პათოლოგოანატომიური გამოკვლევის ოქმის წარუდგენლობა არ შეიძლებოდა სადაზღვევო ანაზღაურების გაცემაზე უარის თქმის საფუძველი გამხდარიყო. სადაზღვევო ანაზღაურების გაცემასთან მიმართებით პათოლოგოანატომიური გამოკვლევის ოქმის წარდგენაზე მოპასუხის მითითება წარმატებული იმ შემთხვევაში შეიძლებოდა ყოფილიყო, თუ მზღვეველს დაზღვეულის გარდაცვალების უტყუარი საბუთი არ წარედგინებოდა.
7. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ საკასაციო საჩივარი წარმოადგინა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით, შემდეგი დასაბუთებით:
7.1. სრულიად ბუნდოვანია სასამართლოს მსჯელობა დაზღვევის ხელშეკრულების 18.2 პუნქტით გათვალისწინებული საგამონაკლისო პირობის არარსებობის თაობაზე, კერძოდ, გაურკვეველია, თუ რის საფუძველზე გამორიცხა სასამართლომ საგამონაკლისო პირობის არარსებობის ფაქტი, მაშინ როდესაც გარდაცვალების ზუსტი მიზეზი წარდგენილი დოკუმენტაციით არ დადასტურებულა.
ამავდროულად, სასამართლომ არასწორად შეაფასა ხელშეკრულების 18.3.3 პუნქტი, რომლის თანახმად, თუ გარდაცვალების დამადასტურებელი უტყუარი საბუთი არ ექნება, მზღვეველი უფლებას იტოვებს გარდაცვალების უტყუარი მიზეზის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (პათოლოგანატომიური გამოკვლევის ოქმის ასლი) ან/და პათოლოგანატომიური განყოფილებიდან ცნობის ასლი მოითხოვოს, რომლის საფუძველზეც გარდაცვალების მოწმობა გაიცა.
გარდაცვალების მიზეზის დამდგენ უტყუარ საბუთად სასამართლომ საქმეზე წარმოდგენილი #100 და #106 მოწმობები მათი შინანაარსის გაუთვალისწინებლად მიიჩნია, მაშინ როდესაც ხსენებული პუნქტის არსიდან გამომდინარე გარდაცვალების უტყუარი მიზეზის დადგენაა მნიშვნელოვანი.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 11 მაისის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, მოპასუხის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
9. სსსკ-ის 391.5 მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
ზემოაღნიშნული ნორმა განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
10. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება განაპირობა.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია, ამიტომ საკასაციო სასამართლოსათვის ისინი სავალდებულოა.
11. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დაზღვევის ხელშეკრულების არსისა და მასში მონაწილე მხარეთა უფლება-მოვალეობების განსაზღვრის თვალსაზრისით, დამფუძნებელ ნორმას სსკ-ის 799-ე მუხლი წარმოადგენს. იმავდროულად, ხელშემკვრელ მხარეთა უფლება-მოვალეობების წარმოშობა და განხორციელება დამოკიდებულია მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულების (არსებობის შემთხვევაში ხელშეკრულების დანართების) პირობებსა და დათქმებზე, იმგვარად, რომ კონკრეტული სადაზღვევო შემთხვევა, რომელიც სადაზღვევო რისკის რეალიზაციის შედეგს წარმოადგენს, მხარეთა მიერ არსებითი პირობის სახით წინასწარ არის განსაზღვრული ხელშეკრულებაში (შდრ: ი. გაგუა, ბიზნესდავები და სასამართლო პრატიკა, 2017, გვ.119).
დაზღვევის ხელშეკრულება ალეატორულ, ანუ სარისკო გარიგებას წარმოადგენს. ერთი მხრივ, დამზღვევი მიდის რისკზე იმ გაგებით, რომ იხდის სადაზღვევო პრემიას და სადაზღვევო შემთხვევა შეიძლება არც დადგეს ან მზღვეველმა უარი უთხრას დამზღვევს სადაზღვევო საზღაურის გადახდაზე ან ვერ შეძლოს მისი ანაზღაურება გადახდისუუნარობის გამო;
მზღვეველი რისკავს იმ თვალსაზრისით, რომ შედარებით მცირე სადაზღვევო პრემიის მიღების პირობებში, მსხვილი სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, იგი ვალდებული ხდება, გადაიხადოს გაცილებით მეტი თანხა (შდრ: ქ. ირემაშვილი, მხარეთა უფლებრივი თანაფარდობის კრიტერიუმები სადაზღვევო ურთიერთობებში, 2016, გვ.85.).
სსკ-ის 799-ე მუხლის თანახმად, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.
მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება. დამზღვევი ვალდებულია გადაიხადოს სადაზღვევო შესატანი (პრემია).
მოცემული ნორმის ანალიზის საფუძველზე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დაზღვევის ხელშეკრულება ორმხრივი, სასყიდლიანი და რეალური ხელშეკრულებაა. დამზღვევი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო შენატანი, ხოლო მზღვეველი მოვალეა აანაზღაუროს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი.
საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ დაზღვევა არის ურთიერთობა ფიზიკური და იურიდიული პირების პირადი და ქონებრივი ინტერესების დასაცავად, გარკვეული გარემოების (სადაზღვევო შემთხვევის) დადგომისას, ამ პირთა მიერ გადახდილი სადაზღვევო შენატანებით (სადაზღვევო პრემიებით) ფორმირებული ფულადი ფონდებისა და კანონმდებლობით ნებადართული სხვა წყაროების ხარჯზე.
აქედან გამომდინარე, მხარეთა მიერ დაზღვევის ხელშეკრულების ფარგლებში შეთანხმებული პირობების დაცვა უმნიშვნელოვანესია, ვინაიდან შეძლებისდაგვარად გამოირიცხოს სახელშეკრულებო პირობების შეუსრულებლობა, მაქსიმალურად შეიზღუდოს არაკეთილსინდისიერი მოქმედების წახალისება და ამით, საფრთხე არ დაემუქროს საკუთრივ დაზღვევის რეალურ დანიშნულებასა და მიზანს.
12. საკასაციო პალატის განსჯით, განსახილველი დავის ფარგლებში სააპელაციო სასამართლომ სწორად განსაზღვრა მოცემული დავის კვლევის საგანი, კერძოდ, დაზღვეულის გარდაცვალება წარმოადგენს თუ არა დამსაქმებელსა და სადაზღვევო კომპანიას შორის დადებული სადაზღვევო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სადაზღვევო რისკის განხორციელების წინაპირობას და, შესაბამისად, ქმნის თუ არა მზღვეველის მიერ სადაზღვევო თანხის გაცემის საფუძველს. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნულ შეკითხვას სწორად უპასუხა, რისი დამასაბუთებელი არგუმენტებიც გასაჩივრებულ განჩინებაში ამომწურავად წარმოადგინა და მათი მოტივაცია საკასაციო პრეტენზიით უარყოფილი ვერ იქნა.
ზემოაღნიშნული საკითხის შეფასებისას გადამწყვეტი მნიშვნელობისაა საქმეზე დადგენილად ცნობილი შემდეგი გარემოებები:
1). სადაზღვევო კომპანიასა და დამსაქმებელ სააგენტოს შორის დადებული დაზღვევის ხელშეკრულების (რომლის საგანი სააგენტოს თანამშრომლების, მათ შორის, დასაქმებულის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაზღვევა იყო) 18.3.1 პუნქტით ანაზღაურების გაცემის პირობად გათვალისწინებულია გარდაცვალების მიზეზის დადასტურება გარდაცვალების ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე, ხოლო 18.3.3 პუნქტით პათოლოგოანატომიური გამოკვლევის ოქმის მოთხოვნაზე მზღვეველის უფლება იმ შემთხვევისთვისაა გათვალისწინებული, თუ მზღვეველს გარდაცვალების დამადასტურებელი უტყუარი საბუთი არ აქვს.
2). 2020 წლის 20 აგვისტოდან 2020 წლის 2 სექტემბრამდე (22:15) დაზღვეული სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფებოდა, სადაც ის სუნთქვის გაძნელებითა და ძლიერი საერთო სისუსტით მოთავსდა. სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობის პერიოდში დაზღვეულს არაერთი სამედიცინო მანიპულაცია ჩაუტარდა, მათ შორის რეანიმაციული ღონისძიებები, თუმცა გულის რიტმის აღდგენა ვერ მოხერხდა და 2020 წლის 2 სექტემბერს იგი გარდაიცვალა.
3). სამედიცინო დოკუმენტში სიკვდილის გამომწვევ ავადმყოფობად ან/და მდგომარეობად მითითებულია შემდეგი: ა) პნევმონია გამოწვეული Staphylococcus-ით; ბ). რკინა-დეფიციტური ანემია, დაუზუსტებელი; გ) სეპტიცემია, დაუზუსტებელი; დ) სუნთქვის მწვავე უკმარისობა. იქვე მითითებულია სხვა მნიშვნელოვანი მდგომარეობების შესახებ, რომელიც ხელს უწყობს სიკვდილს, მაგრამ არ არის დაკავშირებული ავადმყოფობასთან ან პათოლოგიურ მდგომარეობასთან, რომელიც სიკვდილს იწვევს, ესენია: სხვა მეორადი პულმონური ჰიფერტენზია, წინაგულების ფიბრალაცია და თრთოლვა, ცენტრილებული ემფიზემა, გულის შეგუბებითი უკმარისობა.
სსსკ-ის 407.2 მუხლიდან (სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) გამომდინარე, ზემომითითებული გარემოებები საკასაციო პალატისათვის სავალდებულოა, რადგან კასატორს მათთან მიმართებით დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) არ წარმოუდგენია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები საკასაციო პალატას უყალიბებს შემდეგ დასკვნას:
1). დაზღვევის ხელშეკრულების მიხედვით გარდაცვალების მიზეზი გარდაცვალების ფაქტის დამადასტურებელი შესაბამისი მტკიცებულების წარდგენის გზით უნდა დადასტურებულიყო, ხოლო პათოლოგოანატომიური გამოკვლევის ოქმის მოთხოვნასთან დაკავშირებით მზღვეველის უფლება იმ შემთხვევაში იყო გათვალისწინებული, თუ მას გარდაცვალების უტყუარი საბუთი არ მიწოდებოდა.
2). მზღვეველისათვის წარდგენილი დაზღვეულის გარდაცვალების ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტაცია ერთმნიშვნელოვნად შეიცავს გარდაცვალების კონკრეტულ მიზეზე მკაფიო მითითებას, რაც თავისთავად ასაბუთებს დაზღვეულის გარდაცვალების დამადასტურებელი უტყუარი საბუთის სადაზღვევო კომპანიისათვის წარდგენის ფაქტს და მოცემული კუთხით კასატორის პრეტენზიას საფუძველს აცლის. ამდენად, სსკ-ის 799.1 მუხლიდან გამომდინარე სარჩელი წარმატებულია.
13. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორმა ვერ მიუთითა რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.
14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, რის გამოც არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს „ს.კ.ა–ას“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. სს „ს.კ.ა–ას“ (ს/ნ ........) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 400 ლარის (საგადახდო დავალება #551, გადახდის თარიღი - 25.04.2023) 70% - 280 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე