Facebook Twitter

№ას-916-2021

14 ივნისი, 2023 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თამარ ზამბახიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - ი.ხ–ია (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - გ.რ–ნი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 01 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება

დავის საგანი - ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, სამკვიდრო ქონების მესაკუთრედ ცნობა, უღირს მემკვიდრედ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით გ.რ–ნის სარჩელი ი.ხ–იასა და კ.კ–ძის მიმართ, ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის, სამკვიდრო ქონების მესაკუთრედ ცნობისა და უღირს მემკვიდრედ ცნობის შესახებ, არ დაკმაყოფილდა. დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა მოსარჩელემ. საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 18 დეკემბრის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება მისი ძალაში დატოვების შესახებ სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 03 ივლისის განჩინებით გ.რ–ნის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2018 წლის 18 დეკემბრის განჩინება.

სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ.რ–ნმა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით საქმის იმავე სასამართლოსთვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 14 სექტემბრის განჩინებით გ.რ–ნის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 3 ივლისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 01 ივნისის განჩინებით გ.რ–ნის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2018 წლის 18 დეკემბრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ და საქმე ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოს დაუბრუნდა.

სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი.ხ–იამ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით ასევე გაასაჩივრა კ.კ–ძემ, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 01 ნოემბრის განჩინებით კ.კ–ძის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველი ბაჟზე დადგენილი ხარვეზის სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეუვსებლობის გამო.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 24 სექტემბრის განჩინებით კასატორს – ი.ხ–იას დაუდგინდა ხარვეზი საკასაციო საჩივარზე და დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საკასაციო საჩივრისა და მასზე დართული 300 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედის სახით წარმოდგენა, ასევე, 1 664.35 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარმოდგენა. აღნიშნული განჩინების ასლი კასატორის წარმომადგენელს ჩაბარდა 2021 წლის 29 სექტემბერს.

2021 წლის 05 ოქტომბერს (კორესპონდენციის ფოსტაში ჩაბარების თარიღია 04.10.2021) საკასაციო სასამართლოს მომართა კასატორის წარმომადგენელმა და წარმოადგინა 300 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტისა და დამატებით 1 664.35 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნები.

საკასაციო სასამართლოს 2021 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით ი.ხ–იას გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა 5 დღით და დაევალა აღნიშნულ ვადაში საკასაციო საჩივრის დედნის წარმოდგენა. განჩინება კასატორის წარმომადგენელს ჩაბარდა 2021 წლის 03 ნოემბერს.

საკასაციო პალატას 2021 წლის 08 ნოემბერს მომართა კასატორის წარმომადგენელმა და წარმოადგინა საკასაციო საჩივრის დედანი. უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 15 ნოემბრის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული ი.ხ–იას საკასაციო საჩივარი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

2022 წლის 05 აპრილს აწ გარდაცვლილი კასატორის – ი.ხ–იას წარმომადგენელმა ნ.ჩ–ძემ განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და წარმოადგინა კასატორ ი.ხ–იას გარდაცვალების მოწმობა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 14 აპრილის განჩინებით შეჩერდა უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის წარმოებაში არსებული სამოქალაქო საქმის (№ას-916-2021) წარმოება გარდაცვლილი ი.ხ–იას უფლებამონაცვლის დადგენამდე 6 თვის ვადით.

2022 წლის 07 სექტემბერს მოსარჩელეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ გაეგზავნა წერილი, რომ სასამართლოსთვის ეცნობებინა ი.ხ–იას სავარაუდო უფლებამონაცვლის შესახებ. აღნიშნულის პასუხად მოსარჩელის წარმომადგენელმა წარმოადგინა საქართველოს ნოტარიუსთა პალატაში შეტანილი განცხადება ი.ხ–იას სამკვიდრო მოწმობაზე ინფორმაციის მისთვის გადაცემის თაობაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით გაგრძელდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის წარმოებაში არსებული სამოქალაქო საქმის (№ას-916-2021) წარმოების შეჩერების ვადა გარდაცვლილი ი.ხ–იას (თავდაპირველი მოპასუხე) უფლებამონაცვლის დადგენამდე 6 თვის ვადით.

2022 წლის 07 დეკემბერს საკასაციო პალატას განცხადებით მომართა გ.რ–ნის წარმომადგენელმა, წარმოადგინა მისი წერილის პასუხად (რომლითაც მოთხოვნილია ინფორმაცია ი.ხ–იას სამკვიდრო საქმისწარმოების შესახებ) ნოტარიუსთა პალატის მიერ 2022 წლის 23 სექტემბერს გაცემული დოკუმენტი. ნოტარიუსთა პალატის პასუხიდან გამომდინარე კასატორის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ იგი მოკლებულია შესაძლებლობას დამოუკიდებლად მოიპოვოს ინფორმაცია, რომელიც მოახდენს უფლებამონაცვლე პირის იდენტიფიცირებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 12 დეკემბრის განჩინებით სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატას დაევალა მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში ინფორმაციის წარმოდგენა ი.ხ–იას (პ/ნ ........) სახელზე რეგისტრირებული სამკვიდრო ქონების კონკრეტული პირების მხრიდან მიღება/არმიღებასთან დაკავშირებით.

2022 წლის 30 დეკემბერს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განცხადებით მომართა სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატამ და აღნიშნა, რომ ერთიან ელექტრონულ სამემკვიდრეო რეესტრში არ არის რეგისტრირებული ჩანაწერი გარდაცვლილი ი.ხ–იას (პ/ნ .......) სამკვიდრო ქონების შესახებ სამემკვიდრეო საქმისწარმოების მიმდინარეობის და/ან განხორციელების თაობაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 1319-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების ან სასამართლოს მიერ გარდაცვლილად მისი გამოცხადების შედეგად. ამავე კოდექსის 1421-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით დადგენილია, რომ სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე. მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო, ხოლო, სამოქალაქო კოდექსის 1424-ე მუხლის შესაბამისად, კანონმდებელმა განსაზღვრა შემდეგი: სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან.

სსსკ-ის 281-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ კოდექსის 279-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქმის წარმოება შეჩერდება გონივრული ვადით, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლისა. მოსარჩელის გარდაცვალებისას, თუ ამ ვადის გასვლის შემდეგ საქმეში უფლებამონაცვლე არ ჩაერთო, სარჩელი განუხილველად დარჩება. ასევე განუხილველად დარჩება მოსარჩელის მიერ შეტანილი სააპელაციო და საკასაციო საჩივრები. მოპასუხის გარდაცვალების შემთხვევაში მოსარჩელე ვალდებულია ერთწლიანი ვადის გასვლამდე მიუთითოს მოპასუხის უფლებამონაცვლე პირი (პირი, რომელმაც სამკვიდრო ქონება მიიღო, უმკვიდრო ქონების შემთხვევაში – სახელმწიფო ან შესაბამისი ორგანიზაცია ან სხვა უფლებამონაცვლე). თუ აღმოჩნდება, რომ სამკვიდრო ქონება არ არსებობს, საქმის წარმოება შეწყდება. მოსარჩელის დასაბუთებული შუამდგომლობის შემთხვევაში სასამართლოს შეუძლია გააგრძელოს ერთწლიანი ვადა არა უმეტეს 6 თვით.

ზემოაღნიშნული ნორმის მიზანს მოდავე სუბიექტთა უფლების ჯეროვანი დაცვა წარმოადგენს, რათა მხარის გარდაცვალების შემთხვევაში, იმ პირის უფლება, რომელსაც გააჩნია ნამდვილი იურიდიული ინტერესი დავის მიმართ, არ იქნას უსაფუძვლოდ შელახული და გონივრულ ფარგლებში, სრულყოფილად მოხდეს მართლმსაჯულების სამართლიანი განხორციელება. აღნიშნული ნორმით კანონმდებელმა განსაზღვრა სამართალწარმოების თითოეული მხარის გარდაცვალების შემთხვევაში ქცევის წესი და დაადგინა უფლებამონაცვლედ პირის ჩაბმის შესაძლებლობა. ზემოაღნიშნული ნორმის დათქმა, რომ მოსარჩელის გარდაცვალებებისას, თუ ერთწლიანი ვადის გასვლის შემდგომ საქმეში უფლებამონაცვლე არ ჩაებმება, სარჩელი განუხილველად დარჩება, მიმართულია ასევე აპელანტისა თუ კასატორის გარდაცვალებისკენ და დადგენილია, რომ ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში, ანალოგიურად, განუხილველად იქნება დატოვებული სააპელაციო თუ საკასაციო საჩივარი (იხ. 17.02.20215წ. საქმე Nას-589-560-2013).

სამის მასალებიდან ირკვევა. რომ კასატორის გარდაცვალებიდან - 2022 წლის 21 თებერვლიდან გასულია ერთ წელზე მეტი. შესაბამისად, მისი სამკვიდრო გაიხსნა მამკვიდრებლის გარდაცვალებით და სამკვიდროს მიღების კანონით დადგენილი 6 თვიანი ვადა ამოიწურა 2022 წლის აგვისტოში.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 14 აპრილის განჩინებით შეჩერდა საქმის წარმოება გარდაცვლილი ი.ხ–იას (თავდაპირველი მოპასუხე) უფლებამონაცვლის დადგენამდე 6 თვის ვადით, ხოლო 2022 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით გაგრძელდა წარმოების შეჩერების ვადა 6 თვით.

მოსარჩელე გ.რ–ნის წარმომადგენლის მიერ წარმოდგენილი საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წერილის საფუძველზე საკასაციო სასამართლოს მიერ გამოთხოვილი ინფორმაციით, სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის 2022 წლის 30 დეკემბრის N16/14989 პასუხიდან ირკვევა, რომ ერთიან ელექტრონულ სამემკვიდრეო რეესტრში არ მოიძებნა ინფორმაცია მოპასუხის დანაშთი ქონების თაობაზე სამკვიდროს მიღების შესახებ. კერძოდ, ნოტარიუსთა პალატამ აღნიშნა, რომ ერთიან ელექტრონულ სამემკვიდრეო რეესტრში არ არის რეგისტრირებული ჩანაწერი გარდაცვლილი ი.ხ–იას (პ/ნ .....) სამკვიდრო ქონების შესახებ სამემკვიდრეო საქმისწარმოების მიმდინარეობის და/ან განხორციელების თაობაზე. ამასთან, უფლებამონაცვლედ ჩაბმის მოთხოვნით საკასაციო პალატის წინაშე არავის უშუამდგომლია.

პალატა აქვე აღნიშნავს, რომ საქმის წარმოების შეჩერებიდან დღემდე გასულია ერთი წელი და 2 თვე, ამასთან მოსარჩელე მხარეს სასამართლოსთვის არ მოუმართავს დასაბუთებული შუამდგომლობით ერთ წლიანი შეჩერების ვადის 6 თვით გაგრძელების შესახებ მოპასუხის უფლებამონაცვლის დადგენისა და მითითების მიზნით.

სსსკ-ის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარის განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ არსებობს ამ კოდექსის 281-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა.

სსსკ-ის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, ვინადიან მოსარჩელემ შეჩერების ვადის განმავლობაში ვერ მიუთითა კასატორის უფლებამონაცვლე პირი, ასევე დასაბუთებული შუამდგომლობით არ მოუთხოვია ერთ წლიანი შეჩერების ვადის 6 თვით გაგრძელება კასატორის უფლებამონაცვლის დადგენისა და მითითების მიზნით, ამასთან უფლებამონაცვლის დადგენის თაობაზე განსაზღვრულ ვადაში სასამართლოსათვის კასატორის სავარაუდო უფლებამონაცვლესაც არ მოუმართავს და რაიმე ინფორმაცია ამ საკითხის თაობაზე არ წარმოუდგენია, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემული საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

სსსკ-ის 374.3 მუხლის მიხედვით, თუ სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს მთლიანად დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 6.3 მუხლის შესაბამისად კი, გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ექვემდებარება მთლიანად ან ნაწილობრივ დაბრუნებას საქმის წარმოების შეწყვეტისას ან სარჩელის განუხილველად დატოვებისას, თუ საქმე სასამართლოში განხილვას არ ექვემდებარება, აგრეთვე, როდესაც მოსარჩელე არ იცავს მოცემული კატეგორიის საქმეებისათვის წინასწარი დავის გადაწყვეტის დადგენილ წესს.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ირინა ხურიცას საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი (1900 ლარი) უნდა დაუბრუნდეს გადამხდელს, თუმცა, ვინაიდან გადამხდელი არის თავად გარდაცვლილი ი.ხ–ია და მისი საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველიც ი.ხ–იას უფლებამონაცვლის დაუდგენლობაა, ამიტომ საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ ეტაპზე შეუძლებელია სახელმწიფო ბაჟის დაბრუნება. აღნიშნულ საკითხზე სასამართლო იმსჯელებს ი.ხ–იას მომავალი უფლებამონაცვლის მოთხოვნისამებრ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით, 281-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით; 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით, 283-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ი.ხ–იას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად, უფლებამონაცვლის დაუდგენლობის გამო.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: რევაზ ნადარაია

თამარ ზამბახიძე