Facebook Twitter

საქმე №ა-3663-შ-102-2022 27 ივნისი, 2023 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – G. D.S. F.(მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს "ფ.ი.ჯ–ია" (მოპასუხე)

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მოითხოვს მხარე – საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC) საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს 2021 წლის 7 ივლისის საარბიტრაჟო გადაწყვეტილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - შუამდგომლობის დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC) საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს 2021 წლის 7 ივლისის საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით (შემდეგში: საარბიტრაჟო გადაწყვეტილება) G.D.S.F-ის (არაბთა გაერთიანებული საემიროები) (შემდეგში: მოსარჩელე ან მეიჯარე) სარჩელი შპს "ფ.ი.ჯ–იას" (საქართველო) (შემდეგში: მოპასუხე ან მოიჯარე) წინააღმდეგ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ძირითადი თანხის 508 325.99 აშშ დოლარისა და მასზე დარიცხული პროცენტის 50 832.59 აშშ დოლარის გადახდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ საარბიტრაჟო დავასთან დაკავშირებით მოსარჩელის მიერ გადახდილი ხარჯების 62 714 აშშ დოლარის ანაზღაურება დაეკისრა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა არბიტრის გადასახადის და ხარჯების და ადმინისტრაციული ხარჯების, როგორც ეს დადგენილია I-ის მიერ, 37 350 აშშ დოლარის გადახდა; ყველა სხვა მოთხოვნა უარყოფილი იქნა.

2. საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ იგი საბოლოოა, ხელმოწერია საერთაშორისო არბიტრის მიერ და გამოქვეყნებულია 2021 წლის 7 ივლისს, ლონდონში.

3. საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ დავის პროცესში მოსარჩელეს წარმომადგენელი ჰყავდა, ხოლო არც თავად მოპასუხე და არც მისი წარმომადგენელი საარბიტრაჟო განხილვისას არ გამოცხადებულან.

4. საარბიტრაჟო დავა დაიწყო, როდესაც საარბიტრაჟო განაცხადი, 2020 წლის 13 აგვისტოს, საერთაშორისო სავაჭრო პალატაში იქნა წარდგენილი და მოპასუხეს ჩაჰბარდა ელექტრონული ფოსტისა და ფოსტის საშუალებით მისამართზე (ქ. თბილისი, .......) ბატონი გ.ზ–ძის, მოპასუხის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილისა და აღმასრულებელი დირექტორის საყურადღებოდ. აღნიშნული მხარეთა შორის 2017 წლის 7 დეკემბერს გაფორმებული N 515 აღჭურვილობის იჯარის ხელშეკრულების (შემდეგში: ხელშეკრულება) მე-13 მუხლის შესაბამისად განხორციელდა.

5. მოპასუხემ საარბიტრაჟო განაცხადი 2020 წლის 14 სექტემბერს მიიღო, პასუხის წარსადგენად განსაზღვრული 30-დღიანი ვადა 2020 წლის 14 ოქტომბერს ამოიწურა და ამ ვადაში მოპასუხესსაარბიტრაჟო სასამართლოში პასუხი არ წარუდგენია.

6. საარბიტრაჟო სასამართლომ 2020 წლის 19 ნოემბერს არბიტრად ლ.პ–ი დანიშნა და ამ დანიშვნის შესახებ წერილობით ეცნობათ მხარეებს - ელექტრონული ფოსტით და წერილით 2020 წლის 19 ნოემბერს.

7. ხელშეკრულების 14.11 მუხლით გათვალისწინებული იქნა შემდეგი:

7.1. (ა) არბიტრაჟი. ნებისმიერი და ყველა სარჩელი, შეგებებული სარჩელი, მოთხოვნა, სარჩელის საფუძველი, დავა, უთანხმოება, დაპირისპირება ანდა სხვა სადავო საკითხები, რომლებიც წარმოიშობა ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ან მასთან დაკავშირებით, ან მისი დარღვევის ან ხელშეკრულების ფარგლებში განხორციელებული სამუშაოების გამო, მათ შორის შეზღუდვის გარეშე, ნებისმიერი დავა, რომელიც დაკავშირებულია ამ ხელშეკრულების ფორმულირებასთან, ნამდვილობასთან, ინტერპრეტაციასთან, აღსრულებადობასთან ან დარღვევასთან დაკავშირებით, რომელიც ვერ მოგვარდება მშვიდობიანი გზით („დავა“) საბოლოოდ და ექსკლუზიურად უნდა გადაწყდეს სავალდებულო არბიტრაჟის გზით;

7.2. (ბ) არბიტრაჟი გაიმართება იმ დროისათვის მოქმედი საერთაშორისო სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო წესების შესაბამისად (შემდეგში: I წესები), თუ I წესები არ არის შეუსაბამო ამ ხელშეკრულების დებულებებთან, იმისდა მიუხედავად, არის თუ არა ზოგიერთი ან ყველა ასეთი დავა, სავარაუდოდ, (ა) ისეთი, რომელიც სცდება ხელშეკრულების ფარგლებს; (ბ) დასაბუთებულია ხელშეკრულებით, დელიქტით ან სხვაგვარად, (გ) გათვალისწინებულია ფედერალური ან შტატების კანონით, დებულებით, ანგლოამერიკული (საერთო) სამართლით ან სხვაგვარად, (დ) მოითხოვს ზიანის ანაზღაურებას ან სხვა სახის დაცვის საშუალებას, ზოგადი კანონის შესაბამისად ან სამართლიანობის საფუძველზე ან სხვაგვარად. ხელშეკრულების თითოეული მხარე ერთმნიშვნელოვნად აცხადებს, რომ 14.11 მუხლი აკმაყოფილებს უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების ცნობისა და აღსრულების შესახებ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენციას, რომელიც მიღებულია ნიუ-იორკში, 1958 წლის 10 ივნისს, მეორე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს წერილობით შეთანხმებასთან დაკავშირებით. თითოეული მხარე ასევე ერთმნიშვნელოვნად აცხადებს თანხმობას, რომ ეს ხელშეკრულება და მისგან გამომდინარე ურთიერთობა არის კომერციული და რომ ეს დებულებები წარმოადგენს წერილობით შეთანხმებას საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟის დავისთვის;

7.3. (გ) არბიტრაჟი ტარდება სამი (3) არბიტრის მიერ. თითო არბიტრს დანიშნავენ ხელშეკრულების მხარეები და თავმჯდომარე არბიტრი დაინიშნება ერთობლივად ორივე მხარის მიერ. თუ რომელიმე მხარე ვერ დანიშნავს საკუთარ არბიტრს ან მხარეები ვერ შეთანხმდებიან თავმჯდომარე არბიტრის დანიშვნაზე მხარის საარბიტრაჟო განაცხადის მიღებიდან ოცდაათი (30) დღის განმავლობაში, მაშინ არბიტრი დაინიშნება I წესების შესაბამისად;

7.4. (დ) თუ სხვაგვარად წერილობით არ არის შეთანმხებული საარბიტრაჟო განხილვის მხარეებს შორის, არბიტრები თავისუფლად უნდა ფლობდნენ ინგლისურ ენას...;

7.5. (ზ) საარბიტრაჟო განხილვის ადგილი. საარბიტრაჟო განხილვის ადგილი არის ლონდონი, გაერთიანებული სამეფო, საარბიტრაჟო განხილვის ენა არის ინგლისური...;

7.6. (ნ) ტრიბუნალი თავის საბოლოო გადაწყვეტილებაში განსაზღვრავს მხარეს (ან მხარეებს), რომელმაც საქმე მოიგო. ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, ტრიბუნალი მოგებული მხარის ან მხარეების მიერ გაწეულ ადვოკატის ხარჯებს, არბიტრაჟის ხარჯებს და დანახარჯებს (არბიტრების საფასურისა და დანახარჯების ჩათვლით) დააკისრებს მეორე მხარეს სრულად;

7.7. (ო) გადაწყვეტილება უნდა ითვალისწინებდეს პროცენტებს თუ ტრიბუნალი არ გადაწყვეტს, რომ ეს არ არის მიზანშეწონილი. პროცენტის დარიცხვა იწყება ამ ხელშეკრულების დარღვევის დღიდან, რომელსაც განსაზღვრავს ტრიბუნალი მის გადაწყვეტილეაში. თუ ტრიბუნალი ვერ განსაზღვრავს ასეთ თარიღს ან ვერ აკონკრეტებს ამ თარიღს თავის გადაწყვეტილებაში, პროცენტის დარიცხვა დაიწყება საარბიტრაჟო განაცხადის წარდგენის დღიდან. პროცენტის დარიცხვა გაგრძელდება გადაწყვეტილების გამოტანის დღიდან გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხის სრულ გადახდამდე. პროცენტი გამოითვლება და დაირიცხება ყოველთვიური LIBOR-ის საფუძველზე, რომელიც გამოქვეყნდება Financial Times-ის მიერ თვის პირველ სამუშაო დღეს, დამატებული 4 პროცენტი;

7.8. (14.12) მარეგულირებელი კანონი. ამ ხელშეკრულების მხარეები თანხმდებიან, რომ ხელშეკრულების ნამდვილობა, ფორმულირება, აღსრულება და ინტერპრეტაცია რეგულირდება და კონტროლდება ინგლისის მატერიალური სამართლით, საერთაშორისო კერძო სამართლის ნორმებისა და სამართლის არჩევის ნორმების გამორიცხვით...

8. ხელშეკრულება ხელმოწერილია ორივე მხარის სახელით.

9. არბიტრმა მოიწვია პროცედურული მოსმენა, რომელიც უნდა გამართულიყო ვიდეო კონფერენციის საშუალებით, 2020 წლის 3 დეკემბერს, 10:30 საათზე. არბიტრის ელექტრონული ფოსტის წერილებზე, რომლებიც არბიტრმა მისთვის იმ ეტაპზე ცნობილ მოპასუხის წარმომადგენლებს, გ.ზ–ძის ჩათვლით, გაუგზავნა, ყველაზე დაუბრუნდა პასუხი, რომ არ მიუვიდა ადრესატს შემდეგი მიზეზით: „მიმღების სერვერი მიუწვდომელია ან დაკავებულია“. არბიტრმა გამართა მოსმენა 2020 წლის 3 დეკემბერს მოპასუხის დასწრების გარეშე და გასცა მითითებები 2020 წლის 4 დეკემბერს. არბიტრმა გასცა შეტყობინება, რომელიც მოიცავდა იმ ფაქტს, რომ მოპასუხე არ ესწრებოდა პროცესს და, ასევე, მიუთითებდა შემდეგს: „მე ვავალებ მოსარჩელეს, რომ გაგზავნოს ჩემი ბრძანების ასლი და ეს შეტყობინება მოპასუხის მისამართზე. მე, ასევე, ვთხოვ I-ის, რომ გააკეთოს იგივე. თუ ბრძანების მიღების შემდეგ მოპასუხე სადავოდ გახდის ჩატარებულ მოსმენას ან მოითხოვს მის ხელახლა მოწვევას, მე განვახორციელებ მას...“

10. არბიტრის მოხელეებმა გაგზავნეს ბრძანება და შეტყობინება მოპასუხესთან ფოსტით (ჩაბარების დასტურით) 2020 წლის 18 დეკემბერს. გაურკვეველია წერილი ჩაჰბარდა თუ არა მოპასუხეს - როგორც ჩანს, ის დაბრუნდა ბრიტანეთის საფოსტო ოფისში. მოსარჩელემ არბიტრს შეატყობინა, რომ მან ვერ მოახერხა არბიტრის ბრძანებისა და შეტყობინების ასლების გაგზავნა მოპასუხისთვის. მიუხედავად ამისა, არბიტრმა მიიჩნია, რომ მას აქვს შემდეგი მიზეზები, რომლებითაც დარწმუნდა, რომ მოპასუხისათვის ცნობილი გახდა საარბიტრაჟო განხილვის შესახებ:

10.1. ICC-მ 2021 წლის 18 იანვარს მიიღო ელექტრონული ფოსტის წერილი ბატონი ლ.გ–გან, რომელმაც განაცხადა, რომ ის არის „ ს.ფ.ფ.რ.ტ–ის“ ვიცე-პრეზიდენტი. მან მადლობა გადაუხადა I-ის მისი ბოლო კორესპონდენციისთვის მოსარჩელის მიერ ინიცირებული პროცესის შესახებ და განაცხადა, რომ I-ს შეტყობინება შემთხვევით მოხვდა მათთან. მან სთხოვა I-ს საქმის მასალებისა და დოკუმენტების მათთვის გაზიარება/გაგზავნა და განაცხადა, რომ არც ერთი პირი, გარდა ბატონი ნ–ისა, რომლებსაც გაეგზავნათ I-ს შეტყობინება, აღარ იმყოფებოდნენ კომპანიაში. მან მოგვაწოდა ბატონი ნ–ის სწორი ელექტრონული ფოსტის მისამართი. სამდივნომ ეს ელექტრონული ფოსტის წერილი გადაუგზავნა არბიტრს და მხარეებს 2021 წლის 19 იანვარს;

10.2. მოსარჩელის იურისტებმა 2021 წლის 21 იანვარს გაუგზავნეს ელექტრონული ფოსტის წერილი ბატონ გ–სა და ბატონ ნ–ს და დაურთეს საარბიტრაჟო განაცხადი და არბიტრის 2020 წლის 4 დეკემბრის ბრძანება. მათ დასვეს რამდენიმე შეკითხვა იმასთან დაკავშირებით, თუ როდის და როგორ გახდა ცნობილი მოპასუხისათვის საარბიტრაჟო განხილვის შესახებ და მიუთითეს შემდეგი: „მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ როგორც ეს მითითებულია საარბიტრაჟო განაცხადში, ეს არის დამუშავებისა და ბურღვის მომსახურების მიწოდების შესახებ 2017 წლის 7 დეკემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნა. ხელშეკრულების დასრულებისას სამი ინვოისი იქნა გაგზავნილი ჯამური ღირებულებით 508 325.99 აშშ დოლარი. ისინი არ ყოფილა გადახდილი. და მოპასუხემ აღიარა, რომ თანხა გადასახდელია, მაგრამ არ გადაუხდია იგი...“

10.3. მოსარჩელეს არ მიუღია ამ ელექტრონული ფოსტის წერილზე პასუხი მის მიერ 2021 წლის 28 იანვარს პოზიციის წარმოდგენამდე. არბიტრმა დაადასტურა ელექტრონული ფოსტის წერილის მიღება იმავე დღეს და განაცხადა, რომ სურდა მოპასუხისაგან 2021 წლის 1 თებერვლამდე მიეღო პასუხი, უნდოდა თუ არა საპასუხო პოზიციის წარდგენა. არბიტრმა მიმართა მოპასუხეს, მიეწოდებინა სრული ახსნა-განმარტება ამ დრომდე საარბიტრაჟო განხილვაში მისი მონაწილეობის არმიღების მიზეზების შესახებ და მიეთითებინა, თუ და რა ცვლილებების შეტანა უნდოდა არბიტრის მითითებების შესახებ ბრძანებაში. არბიტრს პასუხი არ მიუღია და ხელახლა ითხოვა ინფორმაციის მიწოდება 2021 წლის 23 თებერვალს. შემდეგ ბატონმა გ–მა არბიტრს უპასუხა 2021 წლის 1 მარტს. მან განაცხადა, რომ მისი იურისტები ამოწმებდნენ ინტერესთა კონფლიქტის საკითხს, რომ „სათანადოდ ჩართულიყვნენ საარბიტრაჟო განხილვაში“. არბიტრმა მოპასუხეს ვადა 2021 წლის 8 მარტამდე მისცა, რათა სრული პასუხი გაეცა მის 2021 წლის 28 იანვრის ელექტრონულ წერილზე;

10.4. არბიტრმა 2021 წლის 7 მარტს მიიღო ელექტრონული ფოსტის წერილი ბატონი ბ.ლ–გან „ T.E.D. L.“ ჰიუსტონის ოფისიდან. ამ მეილის ადრესატები კოპირების ფორმით არ ყოფილან არც მოსარჩელე და არც I. ბატონმალ–მა განაცხადა, რომ მის ფირმას მიეცა მითითება წარმოედგინა „ფ.რ.ქ–ი“ ამ საარბიტრაჟო განხილვაში. მან ითხოვა 30 დღე მოსარჩელის საპასუხოდ და მიუთითა, რომ სიამოვნებით გაესაუბრებოდა მოსარჩელის წარმომადგენლებს დავის მორიგებით გადაწყვეტის მცდელობისთვის. არბიტრმა მხარეებს უპასუხა და 2021 წლის 8 მარტს I-ს და მოსარჩელეს მოუწოდა, განცხადებისთვის ეპასუხა. არბიტრმა მოსარჩელის პასუხი 2021 წლის 9 მარტს მიიღო. მოსარჩელემ, სხვა საკითხებთან ერთად, მიუთითა, რომ თუ ბატონი ლ–ი წარმოადგენდა მოპასუხეს, მას უნდა მიეთითებინა, რომ ის ასრულებდა მოპასუხის მითითებას და არბიტრისათვის მინდობილობა უნდა წარედგინა. არბიტრმა ამ ელექტრონული ფოსტის წერილს 2021 წლის 10 მარტს უპასუხა და მოპასუხეს დაავალა, რომ 2021 წლის 17 მარტამდე განეხორციელებინა შემდეგი:

10.4.1. დაედასტურებინა ბატონი ლ–ის უფლებამოსილება, რომ ის იყო წარმომადგენელი ამ საარბიტრაჟო განხილვაში;

10.4.2. ეპასუხა არბიტრის მიერ 2021 წლის 28 იანვრის ელექტრონული ფოსტის წერილში დასმულ საკითხებზე;

10.4.3. ეპასუხა მოსარჩელის წარმომადგენლების 2021 წლის 21 იანვრის ელექტრონული ფოსტის წერილში დასმულ კითხვებზე;

10.5. არბიტრმა ბატონილ–ის პასუხი 2021 წლის 17 მარტის ელექტრონული ფოსტის წერილით მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ მან რიგ საკითხებს უპასუხა, მას არ დაუდასტურებია, რომ ჰქონდა უფლებამოსილება, მოპასუხის სახელით საარბიტრაჟო განხილვაში ემოქმედა. ამას მოჰყვა მოსარჩელის პასუხი 2021 წლის 19 მარტს, რომელშიც რამდენიმე საკითხზე იყო პოზიცია დაფიქსირებული. მოსარჩელე ძირითადად მიუთითებდა, რომ ბატონი ლ–ი დაქირავებული იყო „ფ.რ.ქ–ის“ და არა მოპასუხის მიერ და რომ ამ უკანასკნელს არ წარმოუდგენია უფლებამოსილება ემოქმედა მოპასუხის სახელით. 2021 წლის 22 მარტს არბიტრმა მხარეებს შემდეგნაირად უპასუხა: „წავიკითხე რა ბოლო შეტყობინებები, ჩემთვის ნათელია, რომ ბატონ ლ–ს არ დაუდასტურებია მისი კომპანიის უფლებამოსილება იმოქმედოს მოპასუხის სახელით. ის ფაქტი, რომ ის დაქირავებულია მოპასუხის მაჟორიტარი პარტნიორის, ფ.რ.ქ–ის მიერ, არ არის საკმარისი. მოპასუხეს ვაძლევ ვადას პარასკევის, 2021 წლის 26 მარტის 16:00 საათის (დიდი ბრიტანეთის დროით) ჩათვლით, რომ დაადასტუროს მან და არა „ფ.რ.ქ–მა“ მისცა ბატონ ლ–ს/მის ფირმას უფლებამოსილება, რომ წარმოადგინოს ისინი...“

10.6. ბატონმა ლ–მა არბიტრს 2021 წლის 25 მარტს უპასუხა და განაცხადა, რომ: „სიცხადისთვის შპს „ფ.ი.ჯ–ია“ არის, ერთი მხრივ, „ფ.რ.ქ–ისა“ და მისი დაკავშირებული კომპანიების და, მეორე მხრივ, საქართველოს სახელმწიფოს ერთობლივი საწარმო. მხარეთა შორის შეთანხმებული წესის მიხედვით, „ფ.რ.ქ–ი“, საქართველოს სახელმწიფოსთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე მართავს ერთობლივი საწარმოს ადმინისტრაციულ და საოპერაციო საკითხებს. ამ კონტექსტის გამო მოხდა ის, რომ „ფ.რ.ქ–ს“ აქვს უფლებამოსილება უპასუხოს მოსარჩელის ბრალდებებს შპს „ფ.ი.ჯ–იას“ სახელით.“

10.7. მოსარჩელემ 2021 წლის 29 მარტს გაგზავნა პასუხი, რომელშიც მიუთითა, რომ არბიტრმა მოპასუხეს 2021 წლის 26 მარტამდე მისცა ვადა დაედასტურებინა, რომ მან და არა „ფ.რ.ქ–მა“ მიანიჭა უფლებამოსილება ბატონ ლ–ს/მის ფირმას, რომ წარმოედგინათ მოპასუხე საარბიტრაჟო განხილვაში. მოსარჩელემ მიუთითა, რომ უფლებამოსილება დადასტურებული არ ყოფილა და არბიტრს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაცემა მოსთხოვა;

10.8. არბიტრი დაეთანხმა მოსარჩელეს და 2021 წლის 5 აპრილს მხარეებს ელექტრონული ფოსტის შეტყობინება გაუგზავნა: „2021 წლის 22 მარტს მე მოპასუხეს, შპს „ფ.ი.ჯ–იას“, მივეცი დამატებითი ვადა პარასკევამდე, 2021 წლის 26 მარტამდე, რათა დაედასტურებინა, რომ მან (და არა „ფ.რ.ქ–მა“) მისცა უფლებამოსილება ბატონ ლ–ს/მის ფირმას, რომ წარმოედგინა ისინი. ბატონილ–ისგან პასუხი მივიღე 25 მარტს და მან მიუთითა, რომ: „მხარეთა შორის შეთანხმებული წესის მიხედვით, „ფ.რ.ქ–ი“, საქართველოს სახელმწიფოსთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე მართავს ერთობლივი საწარმოს ადმინისტრაციულ და საოპერაციო საკითხებს. ამ კონტექსტს გამო მოხდა ის, რომ ფ.რ.ქ–ს აქვს უფლებამოსილება უპასუხოს მოსარჩელის ბრალდებებს ფ.ი.ჯ–ია ლიმიტედის სახელით.“ ეს პასუხი, მოსარჩელის მიერ მითითებული მიზეზების გამო, არ შეესაბამებოდაა ჩემს მოთხოვნას. ინფორმაცია არ მომდინარეობდა შპს „ფ.ი.ჯ–იასგან“ და უფლებამოსილება არ არსებობს, რომელიც იძლევა შპს „ფ.ი.ჯ–იას“ სახელით მოქმედების საშუალებას. მოსარჩელე მთხოვს განვიხილო და მივიღო გადაწყვეტილება რაც შეიძლება სწრაფად. მე ვაპირებ ასე მოვიქცე, მაგრამ არ მექნება დრო, რომ I-ს გავუგზავნო გადაწყვეტილების პროექტი 19 აპრილის ან 26 აპრილის კვირის ბოლომდე. იმ შემთხვევაში, თუ შპს „ფ.ი.ჯ–იას“ სურს გააკეთოს დამატებითი განცხადებები/მომართვები, მივცემ მათ დროს 12 აპრილის 16:00 საათამდე...“

10.9. ბატონი ლ–ისგან, მისი ფირმისგან ან მოპასუხისგან (ან „ფ.რ.ქ–ისაგან“) გამოხმაურება არბიტრს აღარ მიუღია და პროცესი დაიხურა 2021 წლის 12 აპრილს. არბიტრმა მოპასუხეს ყველანაირი შესაძლებლობა მისცა, რომ მისი პოზიცია მოსმენილი ყოფილიყო და განემარტა საკითხი იმის ჩვენებით, რომ მან გასცა საჭირო უფლებამოსილება მისი სახელით მოქმედებისათვის. მან ეს არ განახორციელა. არც „ფ.რ.ქ–ს“ და არც ბატონ ლ–ს არ დაუდასტურებიათ, რომ ისინი უფლებამოსილნი არიან მოპასუხის სახელით იმოქმედონ. მას შემდეგ, რაც ბოლოს მიცემული შესაძლებლობაც არ გამოიყენეს, არბიტრმა მიიჩნია, რომ მათ ასეთი უფლებამოსილება არ გააჩნიათ. აქედან გამომდინარე, არბიტრმა მიიჩნია, რომ მას შეუძლია, მოთხოვნები შეუდავებლად მიიჩნიოს. ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ მოსარჩელემ არ უნდა დაასაბუთოს თავისი მოთხოვნები. პირიქით, ნათელია, რომ ასე უნდა მოხდეს.

11. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების თანახმად მოთხოვნა გამომდინარეობდა ხელშეკრულებიდან. ხელშეკრულების მიხედვით, მოსარჩელე, როგორც მეიჯარე დათანხმდა დამუშავებისა და ბურღვის მომსახურება და დამატებითი ოპერაციები და მომსახურებები გაეწია მოპასუხისათვის, როგორც მოიჯარისათვის საოპერაციო არეალში, რომელიც განსაზღვრულია ხელშეკრულებაში, როგორც ბლოკი „H“ აღმოსავლეთ საქართველოში.

11.1. ხელშეკრულება ითვალისწინებდა შემდეგს:

11.1.1. ხელშეკრულება მოქმედებდა 2017 წლის 1 დეკემბრიდან 2018 წლის 31 დეკემბრამდე, გარდა იმ შემთხვევისა, თუ შეწყდებოდა უფრო ადრე (მუხლი 2.1);

11.1.2. სამუშაო მოიცავდა დამუშავებისა და ბურღვის მომსახურებებს ფირმის ორი ჭისთვის და დამატებით ჭას (2.2 და 2.3 მუხლები);

11.1.3. რაც შეეხება ინვოისების გამოწერასა და გადახდებს:

· მოიჯარეს უნდა გადაეხადა მეიჯარისათვის ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში დროდადრო გადასახდელი თანხები მე-8 მუხლში და B დანართში განსაზღვრული გადახდის განაკვეთებით (მუხლი 8.1);

· დემობილიზაციის დასრულების შემდეგ, მოიჯარეს უნდა გადაეხადა მეიჯარისათვის დემობილიზაციის ფიქსირებული თანხა, რომელიც მითითებულია დანართ B-ში (მუხლი 8.3);

· დანართ B-ში მითითებული საექსპლოატაციო განაკვეთი პირველად დაექვემდებარება გადახდას იმ მომენტიდან, როდესაც საბურღი დანადგარი გაბურღავს პირველ ჭაბურღილს (მუხლი 8.5);

· მეიჯარეს უნდა გაეგზავნა მოიჯარისთვის საავანსო ანგარიშ-ფაქტურები ყოველი თვის პირველი ხუთი დღის განმავლობაში სამუშაოს სავარაუდო მოცულობასთან დაკავშირებით, რომელიც უნდა შესრულებულიყო თვის პირველი თხუთმეტი დღის განმავლობაში და ყოველი თვის ბოლო დღეს წინა თვის განმავლობაში შესრულებულ სამუშაოებთან მიმართებით (მუხლი 9.1 „ა“ და „ბ“);

· მოიჯარეს უნდა გადაეხადა მეიჯარის ორივე, წინასწარი და ყოველთვიური ინვოისები მათი მიღებიდან 7 საბანკო დღის განმავლობაში (მუხლი 9.2);

· ხელშეკრულების 9.4 მუხლი ითვალისწინებდა: „თუ მოიჯარე არ გადაუხდის მეიჯარეს ინვოისში მითითებულ არასადავო თანხებს შესაბამისი ინვოისის მიღებიდან 9.2 მუხლის ა და ბ ქვეპუნტებში გათვალისწინებულ ვადაში, მაშინ მეიჯარე უფლებამოსილია მიიღოს ვადაგადაცილებული თანხის პროცენტი 0.1 %-ის ოდენობით, თუმცა ასეთი პროცენტის ჯამური თანხა არ უნდა აღემატებოდეს მოიჯარის მიერ წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადასახდელი მთლიანი თანხის 10%-ს“;

· დანართი „ბ“ მოიცავს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვადასხვა მომსახურების შემთხვევაში გადასახდელი კომპენსაციის განაკვეთებს.

12. საარბიტრაჟო სარჩელი შემდეგ სამ ინვოისს ეხებოდა, რომლებიც მოსარჩელემ მოპასუხეს წარუდგინა:

12.1. 2018 წლის 3 ივლისი. საბურღი დანადგარის ოპერირების, მოლოდინის რეჟიმის, რემონტის ტარიფები, განმაცალკევებელი მოწყობილობისა და რეგულირების საფასური - 246 798.02 აშშ დოლარი;

12.2. 2018 წლის 9 ივლისი. საბურღი დანადგარის მოლოდინის რეჟიმის ტარიფი და გენერატორის საფასური - 45 077.97 აშშ დოლარი;

12.3. 2018 წლის 12 ივლისი. დემობილიზაციის გადასახადი და ტრანსპორტირების ხარჯები - 216 450 აშშ დოლარი.

ინვოისების მიხედვით გადასახდელი თანხის სრული ოდენობა შეადგენდა 508 325.99 აშშ დოლარს და ეს არის ის ძირითადი თანხა, რაც მოთხოვნილია ორივე დოკუმენტებით: საარბიტრაჟო განაცხადითა და მოსარჩელის პოზიციით.

13. მოპასუხემ აღიარა, რომ ეს თანხები იყო გადასახდელი, მაგრამ ითხოვა დამატებითი ვადა მათ გადასახდელად. ამდენად:

13.1. 2018 წლის 26 ივლისს მოპასუხემ გაუგზავნა ელექტრონული ფოსტის წერილი მოსარჩელეს, რომლითაც პასუხობდნენ წერილს გადაუხდელი ინვოისების გადახდის სტატუსის შესახებ. მათ მადლობა გადაუხადეს მოსარჩელეს მათ ბოლოდროინდელ ოპერაციებში მონაწილეობისათვის. განაცხადეს, რომ მოკლე პერიოდით შეფერხება ჰქონდათ გადახდებთან დაკავშირებით და ითხოვეს დამატებითი ვადა იმაზე მითითებით, რომ ყველაზე რეალისტური პირობებით ისინი გადახდების გაგრძელებას გეგმავდნენ სექტემბრის შუა რიცხვებიდან, თუმცა, რასაკვირველია, ეცდებოდნენ დაეწყოთ გადასახდელი თანხის გადახდა უფრო მალე;

13.2. 2018 წლის 13 ნოემბერს მიღებულ მოსარჩელის შეხსენებას, რომელიც, აგრეთვე, ახსენებდა მოპასუხეს ხელშეკრულების 9.4 მუხლის შესახებ, მოპასუხემ 2018 წლის 21 ნოემბერს უპასუხა. ისინი ბოდიშს იხდიდნენ გადახდის ასეთი დაგვიანებისათვის და მიუთითებდნენ, რომ ძალიან წუხდნენ არსებული სიტუაციის გამო და ყველა შესაძლო ღონეს ხმარობდნენ საკითხის სწრაფად გადასაწყვეტად. მოპასუხემ ითხოვა დამატებითი ვადა 2019 წლის იანვრის ბოლომდე და განაცხადა, რომ გადახდას მალე გააგრძელებდნენ. გადახდები არ განხორციელდა და 2019 წლის 27 მარტს მოსარჩელემ გასცა კიდევ ერთი მოთხოვნა გადაუხდელ თანხაზე და შეახსენა მათ ხელშეკრულების 9.4 მუხლის პირობები. მათ მოითხოვეს გადახდის დაუყოვნებლივ განხორციელება და მოთხოვნას დაურთეს სერტიფიკატი, რომელშიც მითითებული იყო დაგროვილი ვალი. ეს დოკუმენტი ხელმოწერილი იქნა მოპასუხის მიერ 2019 წლის 13 აგვისტოს. თუმცა, გადახდა მაინც არ განხორციელებულა.

13.3. არბიტრმა მიიჩნია, რომ 508 325.99 აშშ დოლარი რჩება გადასახდელი მოპასუხეს მოსარჩელისათვის და მოპასუხემ ეს აღიარა.

13.4. პროცენტთან დაკავშირებით არბიტრმა მიიჩნია, რომ 0.1 % ვრცელდებოდა ყოველ დღეზე. არბიტრის განმარტებით, შეცდომა იქნა დაშვებული, როცა პერიოდი არ იქნა მითითებული და ცხადია ისიც, რომ გონიერი ადამიანისათვის გასაგებია, რა იგულისხმეს მხარეებმა. მხარეებმა განსაზღვრეს საფუძვლები პროცენტების მიღებისათვის. ამ მსჯელობის უპირატესობას განსაზღვრავს 14(11)(ო) მუხლი.

13.5. არბიტრმა მიიჩნია, რომ ბუნებრივი მნიშვნელობა ჩანაწერისა „ამ ხელშეკრულების მიხედვით მოიჯარის მიერ გადასახდელი თანხის სრული ოდენობის 10%“ ნიშნავს 10%-ს იმ ოდენობისა, რომელიც მოპასუხეს დარჩენილი აქვს გადასახდელად. ხელშეკრულების მიხედვით გადასახდელი ყოველთვიური პროცენტი შეადგენს 508.32 აშშ დოლარს. პროცენტი მაქსიმალური ოდენობის გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში, უნდა გავრცელდეს 2 წელსა და 4 თვეზე (იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე დაეთანხმა გადახდის გადავადებას 2019 წლის დასაწყისამდე). ეს გულისხმობს პროცენტის ჯამურ ოდენობას - 421 641 აშშ დოლარს. გადასახდელი პროცენტი, 9.4 მუხლის გათვალისწინებით, 50 832.59 აშშ დოლარს შეადგენს.

13.6. არბიტრის განმარტებით, მოსარჩელე არის გამარჯვებული მხარე და მას უნდა აუნაზღაურდეს ხარჯები, თუმცა - გონივრულ ფარგლებში. მთავარი წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაღებული ხარჯი - 42 714 აშშ დოლარი არბიტრმა გონივრულ ოდენობად მიიჩნია, ხოლო „BM Morrison-:ის მომსახურების ხარჯი 20 000 აშშ დოლარით განსაზღვრა, ნაცვლად 25 700 აშშ დოლარისა.

14. საქართველოს უზენაეს სასამართლოს მოსარჩელემ შუამდგომლობით მომართა და საარბიტრაჟო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება მოითხოვა.

15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ მოსარჩელის შუამდგომლობა განსახილველად მიიღო. შუამდგომლობის ასლი თანდართულ დოკუმენტებთან ერთად მოპასუხეს გაეგზავნა და განემარტა, რომ მას აქვს აზრის გამოთქმისა და საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის მოთხოვნის უფლებები.

16. მოპასუხეს სასამართლოს გზავნილი არაერთხელ გაეგზავნა, თუმცა უშედეგოდ. საფოსტო უკუგზავნილით დასტურდება, რომ დედოფლისწყაროში, ....... გაგზავნილი გზავნილი ადრესატს იმის გამო არ ჩაჰბარდა, რომ ამ მისამართზე პოლიკაშვილების სახლია. სასამართლო გზავნილი მოპასუხეს ხელშეკრულებაში მითითებულ მისამართზე ქ. თბილისი, ........, ორჯერ გაეგზავნა, თუმცა კურიერმა განმარტა, რომ მისამართი არასრულია, ტელეფონს კი არავინ პასუხობს.

17. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტს, ვაკე-საბურთალოს სამმართველოს დაევალა მოპასუხისათვის შუამდგომლობის წარმოებაში მიღების შესახებ განჩინებისა და მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობის, თანდართულ დოკუმენტებთან ერთად, ჩაბარება, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ........ ..

18. სამმართველოს უფროსის მომართვით დგინდება, რომ მოპასუხეს სასამართლოს გზავნილი ვერ ჩაჰბარდა, რადგან მისამართზე მდებარე სამსართულიანი საოფისე შენობის კარი არავინ გააღო.

19. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით მოპასუხეს, საჯარო გამოქვეყნების გზით, ეცნობა, რომ საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილია მოსარჩელის შუამდგომლობა საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს 2021 წლის 7 ივლისის საარბიტრაჟო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ. მოპასუხეს ეცნობა, რომ მას უფლება აქვს, წარმოადგინოს მოსაზრება შუამდგომლობის თაობაზე შეტყობინების ჩაბარებიდან 5 დღის განმავლობაში. მასვე განემარტა, რომ შეუძლია, მოითხოვოს საქმის ზეპირი განხილვა, ხოლო თუ იგი აღნიშნულს არ მოითხოვს, საქმე განიხილება ზეპირი განხილვის გარეშე.

20. საჯარო შეტყობინება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ვებ-გვერდზე 2022 წლის 17 ნოემბერს, 7 დღით, განთავსდა.

21. მოპასუხეს საკასაციო სასამართლოში არც მოსაზრება წარმოუდგენია და არც საქმის ზეპირი მოსმენით განხილვა მოუთხოვია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ მოსარჩელის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

22. საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი შუამდგომლობის განხილვისას ხელმძღვანელობს ნიუ-იორკის კონვენციის (საქართველოში ძალაშია საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 3 თებერვლის დადგენილებით) პირველი მუხლის პირველი და მეორე ნაწილების, მე-3, მე-4 მუხლების და მე-5 მუხლის პირველი ნაწილით, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 71-ე, არბიტრაჟის შესახებ საქართველოს კანონის 44-ე, 45-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 35622 მუხლით.

23. ნიუ-იორკის კონვენციის მიზანია საერთაშორისო ვაჭრობისა და საერთაშორისო დავების არბიტრაჟის გზით მოგვარების განვითარება. იგი მიზნად ისახავს უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობის და აღსრულების და საარბიტრაჟო შეთანხმების აღსრულების გამარტივებას („კომერციული არბიტრაჟის საერთაშორისო საბჭო“ (ICCA) სახელმძღვანელო 1958 წლის ნიუ-იორკის კონვენციის განმარტებაზე, 2013, გვ.19,20).

24. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, რომ ნიუ-იორკის კონვენცია გამოიყენება იმ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებათა ცნობისა და აღსრულების მიმართ, რომლებიც მიღებულია სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე (იხ. პირველი მუხლი), განსახილველი საარბიტრაჟო გადაწყვეტილება არის ერთპიროვნული არბიტრის გადაწყვეტილება, რაც ასევე, შეესაბამება კონვენციის პირველი მუხლის მეორე ნაწილს. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების მოთხოვნით წარმოდგენილ შუამდგომლობაზე მსჯელობისას, საკასაციო სასამართლო, რომელიც, საერთაშორისო კერძო სამართლის კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, იხილავს უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს, იყენებს კონვენციისეულ მიდგომას, რომ დაუშვებელია უცხო ქვეყნის საარბიტრაჟო გადაწყვეტილებათა ცნობისა და აღსრულებისათვის დაწესებული იქნეს არსებითად უფრო რთული პირობები, ვიდრე დადგენილია ადგილობრივი საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების ცნობისა და აღსრულებისათვის (იხ. კონვენციის მე-3 მუხლი). ასევე, ნიუ-იორკის კონვენციის შესაბამისად, საქმის საკასაციო სასამართლოს მიერ განხილვა ეფუძნება კონვენციის ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპს - „აღსრულების მომხრე განწყობას“ (შეად. სუსგ-ას N ა-887-შ-21-2016, 26.08.2016წ.).

25. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები და მტკიცებულებები, შეესაბამება, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების მომთხოვნი მხარისათვის, კონვენციის მე-4 მუხლით დადგენილ წინაპირობებს. მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური გადანაწილების პირობებში, ნიუ-იორკის კონვენციით, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულებაზე ამომწურავი საფუძვლების მტკიცების ტვირთი ეკისრება მოპასუხეს, ამასთან, გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულებაზე უარის თქმის კონვენციით გათვალისწინებული წინაპირობების ფართოდ განმარტება დაუშვებელია, რადგან თუკი არსებობს გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულებაზე უარის თქმის კონვენციით გათვალისწინებული საფუძველი, გადაწყვეტილების მიმღები სასამართლოს დისკრეცია შეზღუდულია.

26. ნიუ-იორკის კონვენციის მე-5 მუხლი, ისევე როგორც „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტი, ამომწურავად განსაზღვრავს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე უარის თქმის საფუძვლებს. შუამდგომლობის ავტორს უცხო ქვეყნის საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე უარი შეიძლება ეთქვას იმ მხარის მოთხოვნით, რომლის წინააღმდეგაც არის იგი მიმართული. შესაბამისად, მოპასუხეს ეკისრება მტკიცების ტვირთი და მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე უარის თქმა, თუ მოწინააღმდეგე მხარე დაადასტურებს, რომ არსებობს ნიუ-იორკის კონვენციის მე-5 მუხლის პირველი პუნქტითა და საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი. ნიუ-იორკის კონვენციის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი და „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ითვალისწინებენ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების ცნობა-აღსრულებაზე უარის თქმის საფუძვლებს, რომლებიც სასამართლომ საკუთარი ინიციატივით (ex officio) უნდა შეაფასოს, კერძოდ, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე შეიძლება უარის თქმა, თუ იმ ქვეყნის კომპეტენტური ხელისუფლება, სადაც მოითხოვება ცნობა და აღსრულება ჩათვლის, რომ: ა) ამ ქვეყნის კანონით, დავის ობიექტი არ შეიძლება იყოს საარბიტრაჟო გარჩევის საგანი, ან ბ) ამ გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება ეწინააღმდეგება ამ ქვეყნის საჯარო წესრიგს.

27. ნიუ-იორკის კონვენციის დებულებებიდან, კერძოდ მისი მე-5 მუხლიდან, გამომდინარეობს „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების ცნობისა და აღსრულების დამაბრკოლებელი გარემოებები. აღნიშნული ნორმის თანახმად, მიუხედავად იმისა, თუ რომელ ქვეყანაში იქნა გამოტანილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, მხარეს შეიძლება უარი ეთქვას ამ გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე, თუ: ა) მხარე, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, სასამართლოს განცხადებით მიმართავს და დაამტკიცებს, რომ: ა.ა) საარბიტრაჟო შეთანხმების გაფორმების დროს მხარე იყო არაუფლებამოსილი ან მხარდაჭერის მიმღები, რომელსაც საარბიტრაჟო შეთანხმებაში მითითებულ საკითხებთან დაკავშირებით მხარდამჭერი ჰყავდა დანიშნული, მაგრამ შესაბამისი მხარდაჭერა არ მიუღია, ან იმ სამართლებრივი ნორმების მიხედვით, რომლებზედაც მხარეებმა საარბიტრაჟო შეთანხმებაში მიუთითეს, ხოლო ასეთი მითითების არარსებობისას – იმ ქვეყნის კანონმდებლობის თანახმად, სადაც გამოტანილ იქნა საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, საარბიტრაჟო შეთანხმება ბათილია ან ძალადაკარგულია; ა.ბ) იგი არ იყო ჯეროვნად ინფორმირებული არბიტრის დანიშვნის ან საარბიტრაჟო განხილვის შესახებ ან სხვაგვარად არ მიეცა შესაძლებლობა, წარმოედგინა საკუთარი პოზიცია ან დაეცვა თავისი ინტერესები; ა.გ) საარბიტრაჟო გადაწყვეტილება გამოტანილია იმ დავის შესახებ, რომელიც მხარეებმა არბიტრაჟში არ წარადგინეს, ან საარბიტრაჟო გადაწყვეტილება შეიცავს გადაწყვეტილებას ისეთ საკითხზე, რომელიც არბიტრაჟში მხარეთა მოთხოვნის ფარგლებს სცილდება. თუ გადაწყვეტილება იმ საკითხებზე, რომლებიც არბიტრაჟში მხარეთა მოთხოვნის ფარგლებში ექცევა, შეიძლება გამოცალკევებულ იქნეს იმ საკითხებისგან, რომლებიც არბიტრაჟში მხარეთა მოთხოვნის ფარგლებს სცილდება, საარბიტრაჟო გადაწყვეტილება შეიძლება ცნობილ და აღსრულებულ იქნეს ნაწილობრივ, მხოლოდ იმ ნაწილში, რომელიც არბიტრაჟში მხარეთა მოთხოვნის ფარგლებში მოქცეულ საკითხებზე გადაწყვეტილებას შეიცავს; ა.დ) არბიტრაჟის შემადგენლობა ან საარბიტრაჟო წარმოება არ შეესაბამებოდა მხარეთა შეთანხმებას, ხოლო ასეთი შეთანხმების არარსებობისას – იმ ქვეყნის კანონის მოთხოვნებს, სადაც ჩატარდა საარბიტრაჟო განხილვა; ა.ე) საარბიტრაჟო გადაწყვეტილება არ შესულა კანონიერ ძალაში ანდა იგი გააუქმა ან შეაჩერა იმ ქვეყნის სასამართლომ, სადაც ეს გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი, ან იმ ქვეყნის სასამართლომ, რომლის სამართლის შესაბამისადაც იქნა გადაწყვეტილება გამოტანილი; ბ) სასამართლო დაადგენს, რომ: ბ.ა) საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, დავა არ შეიძლება იყოს საარბიტრაჟო განხილვის საგანი; ბ.ბ) საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს.

28. საქართველოს უზენაესი სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლო უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს მხოლოდ მისი ცნობა/აღსრულებასთან დაკავშირებული სამართლებრივი წინაპირობების თვალსაზრისით. უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულების საკითხის განხილვა კანონის ფორმალურ დანაწესებთან ამ გადაწყვეტილების შემოწმების გზით ხორციელდება, იმგვარად, რომ საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, ჩაერიოს, რაიმე ფორმით განმარტოს ან შესწორება შეიტანოს თავად გადაწყვეტილებაში ან მისი სარეზოლუციო ნაწილის რომელიმე პუნქტში.

29. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ მოპასუხემ საარბიტრაჟო განაცხადი მიიღო (იხ. ამ განჩინების მე-5 პუნქტი), არბიტრის ვინაობა ეცნობათ მხარეებს (იხ. ამ განჩინების მე-6 პუნქტი), მოსარჩელე და მოპასუხე შეთანხმებულნი იყვნენ მათ შორის წარმოშობილი დავის შემთხვევაში არბიტრაჟის მიერ საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის თაობაზე, მათ ასევე, შეთანხმებული ჰქონდათ გამოსაყენებელი სამართალი (იხ. ამ განჩინების 7.1 და 7.8 ქვეპუნქტები, მე-8 პუნქტი).

30. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ გატარებული ღონისძიებები, მოპასუხისათვის ეცნობებინა მის წინააღმდეგ წარმოებული დავის განხილვის დრო და პირობები, იძლევა იმ დასკვნის გაკეთების საშუალებას, რომ მოპასუხე მის წინააღმდეგ წარმოებული დავის შესახებ სრულად იყო ინფორმირებული, თუმცა მას საარბიტრაჟო დავის განხილვაში მონაწილეობა არ მიუღია (იხ. ამ განჩინების 10.1-10.9 ქვეპუნქტები).

31. საკასაციო სასამართლომ მოპასუხისათვის შეტყობინების ჩასაბარებლად საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა ღონეს მიმართა (იხ. ამ განჩინების 16-21 პუნქტები).

32. სხვადასხვა სასამართლო პრაქტიკის თანახმად, არბიტრის/საარბიტრაჟო ტრიბუნალის დანიშვნა და სხვა პროცედურული საკითხები არ განიხილება საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულების ეტაპზე, თუ აღნიშნული საფუძვლით პრეტენზიის წამოყენება მხარეს საარბიტრაჟო განხილვისას შეეძლო (იხ. საქმე Manufacturer V. Supplier, in liquidation, Oberlandesgericht [OLG] Munich, Germany, 15 March 2006, 34 Sch 06/05, სახელმძღვანელოში Guide on the Convention on the Recognition and Enforcement of Foreign Arbitral Awards: New York, 1958, Emmanuel Gaillard, George A. Bermann). ჩინეთისა (იხ. საქმე DMT S.A v. Chazhou City Huayi Packing Materials Co., Ltd. Chaoan Country Huaye Packing Materials Co., Ltd., Supreme People’s Court, China, 12 October, 2010, Min Si Ta Zi No. 51, სახელმძღვანელოში Guide on the Convention on the Recognition and Enforcement of Foreign Arbitral Awards: New York, 1958, Emmanuel Gaillard, George A. Bermann) და იტალიის (იხ. საქმე Conceria G. De Maio & F. Snc V. EMAG AG, Court of Cassation, Italy, 20 ianvari 1995, XXI Y.B. COM. ARB. 602, სახელმძღვანელოში Guide on the Convention on the Recognition and Enforcement of Foreign Arbitral Awards: New York, 1958, Emmanuel Gaillard, George A. Bermann) სასამართლოებმა ასევე აღნიშნეს, რომ მხარემ, რომელმაც გაუშვა შესაძლებლობა საარბიტრაჟო განხილვისას გაეხადა სადავოდ პროცედურული დარღვევები, ასევე გაუშვა შესაძლებლობა იგივე საკითხზე პრეტენზიის დაყენებისა ცნობა-აღსრულების ეტაპზე (იხ. იქვე, გვ. 216, პარ. 52) (იხ. სუსგ #ა-3947-შ-93-2020, 02.03.2021 წ.).

33. „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლი, რომლის თანახმად, თუ ამ კანონის რომელიმე მოთხოვნა, რომლისგანაც მხარეებს შეუძლიათ გადაუხვიონ, ან/და საარბიტრაჟო შეთანხმების რომელიმე მოთხოვნა არ იქნა დაცული და მხარე აგრძელებს საარბიტრაჟო წარმოებაში მონაწილეობას ისე, რომ ამგვარი დარღვევის წინააღმდეგ დაუყოვნებლივ ან/და, თუ ამ კანონით, მხარეთა შეთანხმებით ან არბიტრაჟის მიერ განსაზღვრულია რაიმე ვადა, ამ ვადის განმავლობაში წერილობით არ წარადგენს თავის შესაგებელს, მაშინ ჩაითვლება, რომ მან უარი თქვა შეპასუხების უფლებაზე.

34. „საკასაციო პალატა განმარტავს, რომ უცხო სახელმწიფოს სასამართლო გადაწყვეტილებისა და უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება სხვა ქვეყანაში ამ უკანასკნელის საჯარო ხელისუფლების მიერ განხორციელებული აქტია, რომელთა მიმართებით ეს სახელმწიფო სრული სუვერენიტეტითა და თავისუფლებით სარგებლობს. საერთაშორისო სამართალში მოქმედი „გათანაბრების თეორიის“ თანახმად, უცხოური აქტი უნდა აღქმულ იქნეს და იურიდიულად გაუთანაბრდეს შიდასახელმწიფოებრივ სასამართლო გადაწყვეტილებას, შესაბმისად, ამ სახის სასამართლო გადაწყვეტილებების საპროცესო შედეგებიც შიდასახელმწიფოებრივი სამართლის მიხედვით უნდა გადაწყდეს. ეს კონცეფცია ნოსტრიფიკაციის სახელით არის ცნობილი და ემყარება ყველა სახელმწიფოს სამართლებრივი სისტემის თანასწორუფლებიანობის მოსაზრებას. უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ან უცხოური საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობისას საქმე გვაქვს მეორე ქვეყნის ტერიტორიაზე უცხოური აქტის მოქმედების გაფართოვებასთან, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს მის ცნობაზე უარის თქმის საფუძვლები“ (იხ. სუსგ N ა-2135-შ-46-2015, 26.10.2015წ.).

35. სსსკ-ის 35621 მუხლის 21 ნაწილის თანახმად, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების თაობაზე მხარის შუამდგომლობა ეგზავნება იმ მხარეს, რომლის წინააღმდეგადაც გამოტანილია აღნიშნული საარბიტრაჟო გადაწყვეტილება.

36. საქმის მასალებით დგინდება, რომ მოწინააღმდეგე მხარეს შუამდგომლობის ასლი და თანდართული მასალები კანონით დადგენილი წესით ჩაჰბარდა, თუმცა მის მიერ დადგენილ ვადაში სასამართლოში განცხადება (შესაგებელი) წარმოდგენილი არ ყოფილა.

37. საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი შუამდგომლობის და საქმის მასალების მიხედვით მიიჩნევს, რომ არსებობს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების სამართლებრივი საფუძველი, რადგან ნიუ-იორკის კონვენცია გამოიყენება იმ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებათა ცნობისა და აღსრულების მიმართ, რომლებიც მიღებულია სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე, განსახილველი საარბიტრაჟო გადაწყვეტილება არის ერთპიროვნული არბიტრის გადაწყვეტილება, რაც ასევე, შეესაბამება კონვენციის პირველი მუხლის მეორე ნაწილს. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით დავა წარმოადგენდა საარბიტრაჟო განხილვის საგანს, საარბიტრაჟო გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს (შეად. სუსგ-ებს: N ა-2498-შ-72-2022მ 22.11.2022წ; N ა-5322-შ-127-2020, 20.01.2022წ; N ა-3188-შ-82-2021, 15.12.2021წ; N ა-1536-შ-32-2021, 13.10.2021წ; N ა-1741-შ-42-2020, 21.07.2020; N ა-1493-შ-39, 2020, 21.07.2020წ.).

38. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების თაობაზე შუამდგომლობაზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია, რადგან წინამდებარე განჩინებით შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, სსსკ-ის 53-ე მუხლის საფუძველზე, მოწინააღმდეგე მხარეს უნდა დაეკისროს შუამდგომლობის ავტორის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 731 მუხლით, ნიუ-იორკის კონვენციის მე-3, მე-4, მე-5 მუხლებით, სსსკ-ის 35613 მუხლით, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. „ G.D.S.F“-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს და აღსასრულებლად მიექცეს საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC) საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს 2021 წლის 7 ივლისის საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, რომლითაც G.D.S.F-ის (არაბთა გაერთიანებული საემიროები) სარჩელი შპს "ფ.ი.ჯ–იას" (საქართველო) წინააღმდეგ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; შპს "ფ.ი.ჯ–იას" G.D.S.F-ის სასარგებლოდ დაეკისრა ძირითადი თანხის 508 325.99 აშშ დოლარისა და მასზე დარიცხული პროცენტის 50 832.59 აშშ დოლარის გადახდა; შპს "ფ.ი.ჯ–იას" G.D.S.F-ის სასარგებლოდ საარბიტრაჟო დავასთან დაკავშირებით G.D.S.F-ის მიერ გადახდილი ხარჯების 62 714 აშშ დოლარის ანაზღაურება დაეკისრა; შპს "ფ.ი.ჯ–იას" G.D.S.F-ის სასარგებლოდ დაეკისრა არბიტრის გადასახადის და ხარჯების და ადმინისტრაციული ხარჯების, როგორც ეს დადგენილია I-ის მიერ, 37 350 აშშ დოლარის გადახდა; ყველა სხვა მოთხოვნა უარყოფილი იქნა;

3. შპს "ფ.ი.ჯ–იას" G.D.S.F-ის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის ანაზღაურება;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური