საქმე №ას-258-2023 11 მაისი, 2023 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ა.ბ–ძე (მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 21 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება (ძირითადი სარჩელი), მიღებული შესრულების უკან დაბრუნება (შეგებებული სარჩელი)
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდეგში: მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე, აპელანტი, კასატორი ან სამინისტრო) სარჩელი ა.ბ–ძის (შემდეგში: მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე ან შეგებებული სააპელაციო საჩივრის ავტორი) წინააღმდეგ, ხელშეკრულების შედეგად მიღებული შესრულების - 4 950 ლარის უკან დაბრუნების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა; ასევე, არ დაკმაყოფილდა მოპასუხის შეგებებული სარჩელი სამინისტროს წინააღმდეგ თანხის - 9 900 ლარის დაკისრების მოთხოვნის თაობაზე.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 21 ივნისის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი და მოპასუხის შეგებებული სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
3. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეული შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის, 2015 წლის 13 იანვარს, დაიდო ხელშეკრულება, რომლის თანახმად, სამინისტრომ აიღო ვალდებულება, დაეფინანსებინა მოპასუხის დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების)/რეზიდენტურის სრული კურსი, ხოლო მაძიებელმა იკისრა ვალდებულება, დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების)/რეზიდენტურის წარმატებით დასრულებისა და შესაბამის საექიმო სპეციალობაში სახელმწიფო სერტიფიკატის მინიჭების შემდეგ, განეხორციელებინა დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობა დანართით განსაზღვრული მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არანაკლებ სამი კალენდარული წლის განმავლობაში;
3.2. დასახელებული ხელშეკრულების 4.2 პუნქტის თანახმად, მაძიებლის მიერ ხელშეკრულების პირობის/პირობების შეუსრულებლობისას, სამინისტროს უფლება ჰქონდა შეეწყვიტა ხელშეკრულება და მაძიებლისათვის, რომელიც მოცემულ შემთხვევაში მოპასუხეა, მოეთხოვა პირგასამტეხლოს გადახდა დასაფინანსებლად გადახდილი თანხის ორმაგი ოდენობით. ხელშეკრულების 4.3 პუნქტით, გათვალისწინებულ იქნა ის გარემოებები, რომელთა არსებობაც გულისხმობდა ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობას. ხელშეკრულების 4.3.2. და 4.3.3. ქვეპუნქტების თანახმად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობაში იგულისხმებოდა სამინისტროს მიერ განსაზღვრულ მუნიციპალიტეტში შესაბამის ადგილას დასაქმებაზე მაძიებლის მიერ უარის თქმა, ხოლო დასაქმების შემთხვევაში - საქმიანობის ვადაზე ადრე (სამ წელზე ადრე) შეწყვეტა;
3.3. სამინისტროს მხრიდან მაძიებლისთვის დაფინანსება გაიცემოდა ეტაპობრივად, სამედიცინო უნივერსიტეტის მიერ მიწოდებული ინფორმაციის შესაბამისად. მოპასუხის სწავლების დაფინანსებისთვის გაიცა 4 950 ლარი. ხელშეკრულებით ნაკისრი მოპასუხის ვალდებულება, რაც გულისხმობდა დამოუკიდებელ საექიმო საქმიანობას, მას უნდა განეხორციელებინა „ანესთეზიოლოგი და რეანიმატოლოგიის“ სპეციალიზაციით შპს ,,რ.ჯ.ც–ის“ თიანეთის მუნიციპალიტეტის სამედიცინო დაწესებულებაში;
3.4. მაძიებელმა განცხადებით მიმართა სამინისტროს, წარუდგინა პირგასამტეხლოს- 9 900 გადახდის დამადასტურებელი ქვითარი და უარი განაცხადა სამინისტროს მიერ დაფინანსებული თანხის (ძირითადი თანხის) 4 950 ლარის გადახდაზე.
4. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ თავდაპირველმა მოსარჩელემ მოითხოვა ვალდებულების დარღვევით მიყენებული ზიანის (მაძიებლის სწავლის დასაფინანსებლად დახარჯული თანხის) ანაზღაურება. სასამართლოს შეფასებით ამ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 394.1-ე (მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის), 408.1-ე (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) და 409-ე (თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება) მუხლები.
5. სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია აპელანტი სამინისტროს შედავება 2015 წლის 13 იანვრის ხელშეკრულების 4.5. პუნქტზე (სამინისტროსა და მაძიებელს შორის ხელშეკრულების ურთიერთშეთანხმებით შეწყვეტის შემთხვევაში, მაძიებელმა უნდა აანაზღაუროს მის დასაფინანსებლად სამინისტროს მიერ გაწეული ხარჯი), დაყრდნობით, რომელიც, მისი მოსაზრებით, სასწავლო პროგრამაში მონაწილეობის ხარჯის მაძიებლის მიერ ანაზღაურების საფუძველს ქმნის. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, ხელშეკრულების სადავო დათქმის როგორც სიტყვა-სიტყვითი, ასევე გონივრული განმარტებაც არ იძლევა მისი იმგვარად ინტერპრეტაციის შესაძლებლობას, რომ, შეთანხმების ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევაში, სამინისტრო უფლებამოსილია, უკან მოითხოვოს მაძიებლის სწავლაზე გაწეული ხარჯი. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, სადავო დათქმის სამინისტროს მოსაზრების შესატყვისი გაგება ეწინააღმდეგება მხარეთა კეთილსინდისიერებისა (სსკ-ის 8.3 მუხლი - სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი) და სამართლიანობის (სსკ-ის 325.1 მუხლი - თუ ვალდებულების შესრულების პირობები უნდა განისაზღვროს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის ან მესამე პირის მიერ, მაშინ საეჭვოობისას ივარაუდება, რომ ამგვარი განსაზღვრა უნდა მოხდეს სამართლიანობის საფუძველზე) პრინციპებს იმ პირობებში, როდესაც ხელშეკრულების 4.2 პუნქტის მიხედვით, სამინისტროს მაძიებლისგან მიღებული აქვს დასაფინანსებლად გადახდილი თანხის ორმაგი ოდენობა (9900 ლარი) პირგასამტეხლოს სახით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ სამინისტროს სარჩელი დაუსაბუთებელია, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყეტილება ამ ნაწილში კანონიერია და მისი გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
6. სააპელაციო სასამართლოში შეგებებული სააპელაციო საჩივრის ავტორის/შეგებებული სარჩელით მოსარჩელემ მოითხოვა მის მიერ უსაფუძვლოდ გადახდილი თანხის - პირგასამტეხლოს უკან დაბრუნება. სააპელაციო სასამართლომ ამ მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად სსკ-ის 976.1-ე (პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ- კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში) მუხლზე მიუთითა და განმარტა, რომ კონდიქციური ვალდებულების წარმოშობისათვის უნდა არსებობდეს ერთი პირის გამდიდრება მეორის ხარჯზე და ასეთი გამდიდრება მოკლებული უნდა იყოს სამართლებრივ საფუძველს, რომელიც ან თავიდანვე არ არსებობდა, ან შემდგომში მოიშალა. ამასთან, მნიშვნელობა არა აქვს იმ გარემოებას, თუ რის შედეგად დადგა უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი – თავად დაზარალებულის მოქმედების, გამდიდრებულის მოქმედების თუ მესამე პირთა მოქმედების შედეგად. კონდიქციური ვალდებულების არსებობის სამართლებრივი საფუძვლით სარჩელის დასაკმაყოფილებლად მნიშვნელოვანია, რომ დადგინდეს ობიექტური შედეგი, რაც გულისხმობს იმას, რომ ერთი პირის ქონების გაზრდა ხდება მეორე პირის ქონების შესაბამისი შემცირების ხარჯზე. ხელყოფის კონდიქციისთვის გადამწყვეტია ის გარემოება, რომ მოპოვებული ქონებრივი შეღავათი სხვას (კონდიქციის კრედიტორს) ეკუთვნოდა (იხ. სუსგ 1507-1427-2017, 03.04.2017წ.).
7. სააპელაციო სასამართლომ საქმეში წარდგენილი მტკიცებულებების შეფასების შედეგად დაასკვნა, რომ არ იკვეთებოდა სამართლებრივი საფუძვლის გარეშე სამინისტროს გამდიდრების ფაქტი. სასამართლომ არ გაიზიარა მაძიებლის მტკიცება, რომ მას ვალდებულება არ დაურღვევია. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ხელშეკრულების 4.3.2 ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვით, ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობად ჩაითვლება სამინისტროს მიერ რეკომენდირებულ მუნიციპალიტეტში, შესაბამის ადგილას დასაქმებაზე უარის თქმა. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მაძიებელმა უარი განაცხადა სამინისტროს მიერ რეკომენდირებულ მუნიციპალიტეტში, შესაბამის ადგილას დასაქმებაზე. ამასთან, მის მიერ მითითებული მიზეზები (დასაქმების კაბალური პირობების არსებობა) შესაბამისი მტკიცებულებებით არ დასტურდება. გარდა ამისა, ისიც გასათვალისწინებელია, რომ მაძიებელმა თავად მიმართა სამინისტროს წერილით, რომელშიც დასაქმებაზე უარის თქმის სხვა მიზეზი (და არა ის, რაზეც შესაგებელში მიუთითა) დაასახელა და პირგასამტეხლოც ნებაყოფლობით გადაიხადა. ამ წერილის შინაარსის გაცნობა ცხადყოფს, რომ მაძიებელი აცნობიერებდა მის მიერ ვალდებულების დარღვევის ფაქტს და ამ დარღვევისათვის ხელშეკრულებით დაწესებული სანქციის - პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებას. ეს ვალდებულება კი, როგორც აღინიშნა, მაძიებელმა ნებაყოფლობით შეასრულა. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა მსგავს საკითხზე საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილებებზეც (პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობა სასამართლოს გააჩნია იქამდე, სანამ მხარე აღნიშნულ თანხას კრედიტორს აუნაზღაურებს. პირგასამტეხლოს შემცირება დაუშვებელია, როცა პირგასამტეხლო უკვე ნებაყოფლობით გადახდილია (იხ. სუსგ. №ას-1527-2018, 31.01.2019 წელი), პირგასამტეხლოს შემცირება დაუშვებელია, თუ მოვალემ ნებაყოფლობით გადაიხადა პირგასამტეხლო (იხ. სუსგ. #ას-1527- 2018, 31.01.2019). სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ მაძიებელი უკან ვეღარ გამოითხოვს მის მიერ ნებაყოფლობით გადახდილ პირგასამტეხლოს.
8. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელე სამინისტრომ და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, თავდაპირველი სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
9. კასატორის განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს ხელშეკრულების 4.5 მუხლი არ უნდა გამოეყენებინა, რადგან მოპასუხემ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება დაარღვია, სსკ-ის 352-ე, 405-ე მუხლების საფუძველზე მოპასუხეს მოსარჩელისათვის მიღებული სარგებლის დაბრუნების ვალდებულება ეკისრება.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 17 მარტის განჩინებით მოსარჩელე სამინისტროს საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელის (სამინისტროს) საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:
11. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
13. კასატორის ძირითადი პრეტენზია მდგომარეობს იმაში, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მოპასუხე დაუსაბუთებლად გაათავისუფლეს სამინისტროს მიერ მაძიებლისათვის გადახდილი, ხელშეკრულებით გათვალისწინებული, თანხის დაბრუნების ვალდებულებისაგან.
14. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას (იხ. ამ განჩინების 4-5 პუნქტები) და დამატებით მიუთითებს, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, თუკი მოპასუხე ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას - სამინისტროს მიერ განსაზღვრულ რაიონში სამედიცინო საქმიანობას, არ განახორციელებდა, მოპასუხეს დაეკისრებოდა სამინისტროს მიერ გადახდილი თანხის ორმაგი ოდენობის პირგასამტეხლო. განსახილველ შემთხვევაში უდავოა, რომ შეგებებული სარჩელით მოსარჩელემ სამინისტროსთან გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება დაარღვია, რის გამოც ხელშეკრულებითვე გათვალისწინებული პირგასამტეხლო ნებაყოფლობით გადაიხადა. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სახეზე არ არის თავდაპირველი მოსარჩელისათვის იმ თანხის დაბრუნების წინაპირობები, რითაც მან რეზიდენტურაში მოპასუხის სწავლის საფასური დაფარა. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის არსებობდა ხელშეკრულება, რომელიც მოპასუხის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში პასუხისმგებლობის სპეციალურ წესს ითვალისწინებდა.
15. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელეს მიღებული აქვს ხელშეკრულებით გათვალისწინებული, მის მიერ მაძიებლის გადამზადებისათვის დაფინანსებული თანხის ორმაგი ოდენობა, არ არსებობს სამართლებრივი წინაპირობა იმისათვის, რომ მოპასუხეს თანხის დამატებით გადახდა დაეკისროს.
16. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. „ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ“, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
17. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო მოსარჩელის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
18. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლებულია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1.საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
მ. ერემაძე