Facebook Twitter

საქმე №ას-1392-2022 11 მაისი, 2023 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – მ.ო–ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ე.ბ–ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება

კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - სააღსრულებო ფურცელში ცვლილებების შეტანა, სააღსრულებო ფურცლის ნაწილობრივ ბათილად ცნობა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. გორის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილებით მ.ო–ის (შემდეგში: მოსარჩელე, მსესხებელი, პირველი აპელანტი ან კასატორი) სარჩელი ე.ბ–ის (შემდეგში: მოპასუხე, გამსესხებელი ან მეორე აპელანტი) წინააღმდეგ, სააღსრულებო ფურცლის ნაწილობრივ ბათილად ცნობისა და იპოთეკის საგნის რეალიზაციის შესახებ შეთანხმების ბათილად ცნობის თაობაზე, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ნოტარიუს ნ.ს–ის მიერ 2019 წლის 22 იანვარს გაცემულ N 190064327 სააღსრულებო ფურცელში (მე-7 პუნქტში) შევიდა ცვლილება და აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა, პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში, ნაცვლად მითითებული 13 094.4 ლარისა, 4 000 ლარით განისაზღვრა.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით პირველი აპელანტის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მეორე აპელანტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ნაწილობრივ გაუქმდა გორის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და სააპელაციო სასამართლოს მიერ ამ ნაწილში მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად; ნოტარიუს ნ.ს–ის მიერ 2019 წლის 22 იანვარს გაცემულ N 190064327 სააღსრულებო ფურცელში შევიდა ცვლილება და აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა სესხის ძირითადი თანხის ნაწილში განისაზღვრა 18 700.5 ლარით, ბათილად იქნა ცნობილი სააღსრულებო ფურცელი სამი თვის მიუღებელი სარგებლის - 1 728 ლარის ნაწილში.

3. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადასაწყვეტად მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. მოსარჩელესა (მსესხებელსა) და მოპასუხეს (გამსესხებელს) შორის 10.08.2017 წელს სანოტარო წესით დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მოსარჩელეზე გაიცა სესხი 19 200 ლარი, 6 თვის ვადით. განისაზღვრა სარგებელი - ყოველთვიურად ძირითადი თანხის 3%, ხოლო პირგასამტეხლო - შეუსრულებელი ვალდებულების 0.2% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;

3.2. ხელშეკრულების მე-16 პუნქტის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ თუ დადგა მოთხოვნის დაკმაყოფილების ვადა, იპოთეკარი უფლებამოსილია, რომ მოთხოვნის დაკმაყოფილება უზრუნველყოს ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე;

3.3. მსესხებელს ვალდებულება შეთანხმებულ ვადაში სრულად და ჯეროვნად არ შეუსრულებია;

3.4. კრედიტორის მიმართვისა და 10.08.2017 წლის სესხის ხელშეკრულების საფუძველზე, ნოტარიუსმა ნ.ს–მა 22.01.2019 წელს გასცა N 190064327 სააღსრულებო ფურცელი, რომლის მე-7 პუნქტის თანახმად, აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობაა: სესხის ძირითადი თანხა - 19 200 ლარი, სარგებელი - 1 728 ლარი, პირგასამტეხლო - 13 094,4 ლარი;

3.5. 2017 წლის 10 აგვისტოს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბოლო გვერდზე შესრულებული ხელწერილებით დგინდება, რომ კრედიტორმა (გამსესხებელმა) 2017 წლის 12 სექტემბერს მიიღო ერთი თვის სარგებელი - 315 აშშ დოლარი; 2017 წლის 11 ოქტომბერს - მეორე თვის სარგებელი - 385 აშშ დოლარი, 2017 წლის 11 ნოემბერს - მესამე თვის სარგებელი - 385 აშშ დოლარი, 2017 წლის 11 დეკემბერს - მეოთხე თვის სარგებელი - 380 აშშ დოლარი. მხარეთა შორის უდავოა, რომ ზემოაღნიშნული შესრულებები, ეროვნული ვალუტის კურსის გათვალისწინებით, ჯამურად 3 955.5 ლარს შეადგენს;

3.6. მოპასუხის შესაგებელზე თანდართული ზ.ო–ის (მოსარჩელის ძმის) ხელწერილის თანახმად, მან 2017 წლის 31 აგვისტოს, N 17091128 ხელშეკრულებიდან გამომდინარე, რომელიც გაფორმებულია ზ.ო–ის დაზე - მ.ო–ზე, „დაიმატა 3 000 აშშ დოლარი“. ხელწერილის ნამდვილობა სადავოდ არ არის გამხდარი;

3.7. მოსარჩელის განმარტებით, მან ჯამში 3 955.5 ლარი გადაიხადა, რაც მოპასუხის 2017 წლის სექტემბერ-დეკემბრის ხელწერილებით დასტურდება. ნოტარიუსმა კი აღნიშნული გადახდები არ გაითვალისწინა;

3.8. მოპასუხემ 3 955.5 ლარის მიღების ფაქტი დაადასტურა, თუმცა განმარტა, რომ აღნიშნული გადახდები მოსარჩელის ძმის - ზ.ო–ის მიერ ამავე კრედიტორისაგან აღებულ სესხზე სარგებლის ნაწილში ვალდებულების შესრულებას ემსახურებოდა და მას მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის არსებულ სამართალურთიერთობასთან კავშირი არ აქვს.

4. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საქმეზე წარმოდგენილი ზ.ო–ის 2017 წლის 31 აგვისტოს ხელწერილი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 327-ე მუხლის შესაბამისად, წარმოადგენს დამოუკიდებელ სესხის ხელშეკრულებას. აღნიშნული გარიგება არ შეიცავდა შეთანხმებას სარგებელზე, მხარეთა შორის 2017 წლის 10 აგვისტოს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბოლო გვერდზე შესრულებული ხელწერილების თანახმად კი, მოპასუხემ მითითებული თანხები მიიღო, როგორც სესხის სარგებელი.

5. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მოპასუხის შესაგებლის გათვალისწინებით, მისი მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა იმ გარემოების დადასტურება, რომ მის მიერ 3 955.5 ლარი მიღებულია სხვა სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში - ზ.ო–თან არსებული სასესხო ურთიერთობიდან გამომდინარე. აღნიშნული გარემოების დასადასტურებლად მოპასუხე მიუთითებდა მხოლოდ ზ.ო–ის 2017 წლის 31 აგვისტოს ხელწერილზე, რაც სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, არ წარმოადგენს მოპასუხის მტკიცების საგანში შემავალი გარემოების დამადასტურებელ შესატყვის მტკიცებულებას, რადგან მოპასუხის ხელწერილებში ცალსახად არის მითითებული, რომ მიღებული თანხები სესხის სარგებელია, ზ.ო–თან 2017 წლის 31 აგვისტოს გაფორმებული შეთანხმება (ხელწერილი) კი სარგებელზე მითითებას არ შეიცავდა.

6. საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ მოპასუხემ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 102-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს ვერ წარუდგინა მტკიცებულებები, რომლებითაც დადასტურდებოდა, რომ 3 955.5 ლარი მოპასუხეს მიღებული აქვს არა მოსარჩელისგან, არამედ სხვა პირისგან, სხვა სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში, რაც მოსარჩელის იმ მტკიცების გაზიარების საფუძველს ქმნის, რომ აღნიშნული თანხები სწორედ განსახილველი სადავო სამართალურთიერთობის ფარგლებშია გადახდილი და, შესაბამისად, იგი გათვალისწინებულ უნდა იქნეს სააღსრულებო ფურცელში აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობის განსაზღვრისას.

7. დადგენილია, რომ სადავო სააღსრულებო ფურცლით შესასრულებელი ფულადი ვალდებულების მოცულობა განსაზღვრულია: 1) ძირითადი თანხა - 19 200 ლარი, 2) სამი თვის სარგებელი - 1 728 ლარი, 3) პირგასამტეხლო - 13 094 ლარი (შემცირდა 4 000 ლარამდე).

8. სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ის 248-ე მუხლზე მითითებით აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილი სარჩელით მოსარჩელე ითხოვდა სააღსრულებო ფურცელში ძირითადი თანხის 18 700.5 ლარით განსაზღვრას (ანუ 499.50 ლარით შემცირებას), ხოლო სარგებლის (1728 ლარის) - მთლიანად გაუქმებას ანუ, ჯამში მოსარჩელე ითხოვს აღსასრულებელი ვალდებულების 2 227.5 ლარით (1728+499.50) შემცირებას. შესაბამისად სასამართლო მოსარჩელეს ვერ მიაკუთვნებს 2227.5 ლარზე მეტს, ანუ სასამართლო ვერ იმსჯელებს მოსარჩელისათვის 1 728 ლარის (3955.5-2227.5) მიკუთვნების საკითხზე.

9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცელში უნდა შევიდეს ცვლილება იმგვარად, რომ აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა სესხის ძირითადი თანხის ნაწილში უნდა განისაზღვროს 18 700.5 ლარით, ხოლო სამი თვის მიუღებელი სარგებლის - 1 728 ლარის ნაწილში სააღსრულებო ფურცელი ცნობილ იქნეს ბათილად.

10. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის სააპელაციო საჩივარი და მიუთითა, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ მსესხებლისათვის დაკისრებული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი იყო და სსკ-ის 420-ე მუხლის საფუძველზე იგი 4 000 ლარამდე შეამცირა.

11. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

11.1. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრებით გაასაჩივრეს მხარეებმა.

11.2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 24 მარტის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული, საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო.

11.3. (მოსარჩელემ) მსესხებელმა საკასაციო საჩივრით 1 728 ლარის სარგებლის თანხაში ჩათვლა და ამ თანხით პირგასამტეხლოს - 4 000 ლარის შემცირება მოითხოვა. კასატორის განმარტებით, მართალია ის თანხების იმ ოდენობით შემცირებას ითხოვდა, რაც სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, თუმცა სააპელაციო სასამართლოს 1 728 ლარი გადახდილად უნდა მიეჩნია და პირგასამტეხლოსათვის უნდა გამოეკლო.

11.4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 24 მარტის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელის (მსესხებლის) საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:

12. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

13. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

14. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად შეაფასა სადავო საკითხი და სსსკ-ის 248-ე მუხლის გათვალისწინებით მსესხებლის სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში მიიღო გადაწყვეტილება.

15. სსსკ-ის მე-3 მუხლის მიხედვით მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

16. შეჯიბრებითობის პრინციპის შინაარსის ანალიზის საფუძველზე მნიშვნელოვანია შემდეგი დასკვნების გათვალისწინება: 1. შეჯიბრებითობის პრინციპი მოიცავს მხარეთა საქმიანობას მხოლოდ საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების სფეროში. საკითხი იმის შესახებ, რომ სასამართლო საქმის განხილვას (სამოქალაქო პროცესს) იწყებს მხოლოდ დაინტერესებული პირის მოთხოვნით, ან, რომ სასამართლო არ უნდა გასცდეს მხარეთა მოთხოვნის ფარგლებს და ა.შ. განეკუთვნება არა შეჯიბრებითობის, არამედ დისპოზიციურობის პრინციპის სფეროს; 2. მხარეთა მოთხოვნების თუ შესაგებლის ფაქტობრივი (და არა იურიდიული) დასაბუთება (გამართლება) ეკისრებათ თვითონ მხარეებს; 3. მხარეებმა თვითონ უნდა განსაზღვრონ, თუ რომელი ფაქტები დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს (შესაგებელს). ამის შესახებ პირდაპირაა მითითებული სსსკ-ის 178–ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტში, რომლის თანახმად, სარჩელში აღნიშნული უნდა იყოს გარემოებები, რომლებზეც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნებს, აგრეთვე, სსსკ-ის 201–ე მუხლში, რომლის თანახმად, თუ მოპასუხე სარჩელს არ ცნობს, მან უნდა მიუთითოს რა კონკრეტულ გარემოებებს ემყარება მისი შესაგებელი სარჩელის წინააღმდეგ.

17. მხარეებმა თვითონ უნდა მიუთითონ მტკიცებულებებზე, რომელთა საფუძველზე უნდა დამტკიცდეს (დადასტურდეს) მათ მიერ თავიანთი მოთხოვნის (შესაგებლის) დასაბუთების მიზნით მითითებული ფაქტები. ამის შესახებ პირდაპირაა მითითებული სსსკ-ის 178–ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტში, რომლის თანახმად სარჩელში აღნიშნული უნდა იყოს მტკიცებულებანი, რომლებიც ადასტურებენ ამ გარემოებებს (ე.ი. მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებულ გარემოებებს), აგრეთვე, სსსკ-ის 201-ე მუხლში, რომლის თანახმად, მოპასუხემ თავის პასუხში (შესაგებელში) უნდა მიუთითოს რა მტკიცებულებებით შეიძლება დამტკიცდეს ეს გარემოებები, ე.ი. მოპასუხის მიერ თავის შესაგებელში მითითებული გარემოებები.

18. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ კონცენტრირებულად შეჯიბრებითობის პრიციპი გამოხატულია სსსკ-ის 102–ე მუხლში, რომლის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. შეჯიბრებაში გამარჯვებულად გამოცხადდება მხარე, რომელმაც უკეთ შეძლო დაერწმუნებინა სასამართლო თავისი მოთხოვნის (შესაგებლის) ფაქტობრივ დასაბუთებულობაში, ანუ მხარე, რომელმაც მიუთითა ფაქტებზე, რომლებიც იურიდიულად ამართლებენ მოთხოვნას (შესაგებელს) და წარმოუდგინა სასამართლოს მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ ამ ფაქტებს.

19. საკასაციო სასამართლო კასატორის პრეტენზიის ფარგლებში, რომელიც მხოლოდ 1 728 ლარის გადახდილად ჩათვლას შეეხება, აღნიშნავს, რომ მსესხებელმა თავის სარჩელში სასამართლოს წინაშე შემდეგი სასარჩელო მოთხოვნა დააყენა: სესხის ძირითადი თანხა განისაზღვროს 18 700.5 ლარით, სარგებლის - 1728 ლარის ნაწილში სააღსრულებო ფურცელი ბათილად იქნეს ცნობილი, ასევე, ბათილად იქნეს ცნობილი სააღსრულებო ფურცელი პირგასამტეხლოს გაანგარიშების ნაწილში, ანუ 13 094 ლარიდან 11 400 ლარის ნაწილში.

20. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მსესხებლის დავალიანება განისაზღვრა შემდეგნაირად: სესხის ძირითადი თანხა - 18 700.5 ლარი, სააღსრულებო ფურცელი სარგებლის - 1728 ლარის ნაწილში გაბათილდა, ხოლო პირგასამტეხლო 4 000 ლარით განისაზღვრა.

21. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად იხელმძღვანელა სსსკ-ის 248-ე მუხლით (იხ. სასარჩელო მოთხოვნა, ტ. 2, ს/ფ 6) და სააღსრულებო ფურცელში ძირითადი თანხა 18 700.5 ლარით განსაზღვრა (ანუ 499.50 ლარით შეამცირა), ხოლო სარგებლის - 1728 ლარის ნაწილში მთლიანად გააუქმა იგი. შესაბამისად სასამართლო მოსარჩელეს ვერ მიაკუთვნებს 2227.5 ლარზე მეტს, ანუ სასამართლო ვერ იმსჯელებს მოსარჩელისათვის 1 728 ლარის (3955.5-2227.5) მიკუთვნების საკითხზე.

22. კასატორის პრეტენზია, რომ 1 728 ლარი უკვე შემცირებულ პირგასამტეხლოს უნდა გამოკლებოდა, დაუსაბუთებელია, რადგან სსკ-ის 420-ე მუხლის მიხედვით პირგასამტეხლო გონივრულ ოდენობამდე შემცირდა. მოსარჩელის განზრახვა, რომ სესხის ხელშეკრულების ფარგლებში მის მიერ მსესხებლისათვის გადახდილი თანხა, რომლის ნაწილობრივ გამოკლებაც მოითხოვა დავალიანების თანხიდან, პირგასამტეხლოს თანხაში გაიქვითოს უსაფუძვლოა, რადგან პირგასამტეხლო ვალდებულების დარღვევის გამო ეკისრება მოვალე პირს და მას მსესხებელი წინასწარ ვერ გადაიხდიდა.

23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც, მას უარი უნდა ეთქვას არსებითად განხილვაზე.

24. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ.ო–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. მ.ო–ს (პ/ნ .........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის (საგადახდო დავალება N16372557328, გადახდის თარიღი 2023 წლის 13 მარტი), 70% – 210 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

მ. ერემაძე