საქმე №ას-1045-2022 16 თებერვალი, 2023 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
I კასატორი – საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „მ.შ–ი“ (მოპასუხე)
II კასატორი – შპს „მ.შ–ი“
მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 23 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება (მოსარჩელის საკასაციო საჩივარში); გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (მოპასუხის საკასაციო საჩივარში)
დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 2017 წლის 22 ნოემბერს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა (შემდეგში - მოსარჩელე ან მყიდველი) და შპს „მ.შ–ს“ (შემდეგში - მოპასუხე ან გამყიდველი) შორის ნასყიდობის ხელშეკრულება (შემდეგში - ნასყიდობის ხელშეკრულება ან ხელშეკრულება) დაიდო, რომლითაც მოპასუხემ მყიდველისათვის სხვადასხვა მოდელის კარტრიჯის მიწოდების ვალდებულება იკისრა.
2. ხელშეკრულების საერთო ღირებულება 129 650 ლარით განისაზღვრა, რომელიც 2018 წლის 16 მაისის შეთანხმებით 132 250 ლარამდე გაიზარდა.
3. 2017 წლის 22 ნოემბერის ხეშეკრულებას თანდართული #1 დანართი ცალკეული კარტრიჯის დასახელებასა და მისი მიწოდების ვადებს შეიცავს.
ხსენებულ დანართში აღნიშნულია, რომ 8 ცალი ფერადი პრინტერის, Canon imagen PROGRAF IPF785 კომპლექტის (ჯამური ღირებულება - 8 000 ლარი) 80% მოპასუხეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 კალენდარულ დღეში, ხოლო დარჩენილი რაოდენობა მოთხოვნის შესაბამისად, მაქსიმუმ 2018 წლის 31 დეკემბრამდე, მოთხოვნიდან 15 კალენდარულ დღეში უნდა მიეწოდებინა.
ამავე დანართის მე-15 პუნქტის მიხედვით, 2 ცალი კარტრიჯის, Canon PROGRAF IPF 815-ს (ჯამური ღირებულება 600 ლარი) მიწოდება გამყიდველს ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 კალენდარულ დღეში ევალებოდა.
4. ნასყიდობის ხელშეკრულების მე-9 პუნქტი პირგამტეხლოს ოდენობასა და დაკისრების პირობებს აწესრიგებს, კერძოდ, მასში აღნიშნულია, რომ ვადის გადაცილების შემთხვევაში, მოვალეს ეკისრება პირგასამტეხლო 0.2% ოდენობით და, ჯამური პირგასამტეხლო, ხელშეკრულების ღირებულების 5% ოდენობით.
5. Canon imagen PROGRAF IPF785 მოდელის კარტრიჯებიდან გამყიდველმა 1 ცალი კარტრიჯი მოსარჩელეს 2018 წლის 20 ივლისს მიაწოდა, 2 ცალი კარტრიჯი - 2018 წლის 13 დეკემბერს, ხოლო 5 ცალი კარტრიჯი არ მიუწოდებია.
6. Canon PROGRAF IPF 815 მოდელის კარტრიჯებიდან მოპასუხემ მყიდველს 1 ცალი კარტრიჯი 2018 წლის 19 ნოემბერს გადასცა.
7. 2019 წლის 16 იანვრის წერილით მოსარჩელემ მოპასუხეს ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ აცნობა.
8. 2019 წლის 22 იანვარს, ზემოაღნიშნული წერილის საპასუხოდ მოპასუხემ ვალდებულების არაჯეროვნად შესრულება აღიარა.
9. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხისთვის 25 177.88 ლარის დაკისრების მოთხოვნით.
10. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხეს 10 000 ლარის გადახდა დაეკისრა.
11. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ორივე მხარემ გაასაჩივრა.
12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 23 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
12.1. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო წინამდებარე განჩინების 1-8 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და მიიჩნია, რომ, მოპასუხეს ვალდებულება ზოგიერთ შემთხვევაში ნაწილობრივ, ხოლო, ზოგიერთ შემთხვევაში საერთოდ არ შეუსრულებია.
12.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ-ის) 417-ე, 418-ე და 420-ე მუხლებიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალი და არაგონივრული იყო, კერძოდ, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობისა და დარღვევების გათვალისწინებით მოთხოვნილი პირგასამტეხლო 10 000 ლარამდე უნდა შემცირებულიყო.
13. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი ორივე მხარემ შემოიტანა.
14. საკასაციო საჩივრით მოსარჩელე გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას მოითხოვს, რასაც იმით ასაბუთებს, რომ, სსკ-ის 420-ე მუხლის არასწორად განმარტების გზით გამყიდველს სასამართლომ პირგასამტეხლოს არამართლზომიერი ოდენობა დააკისრა.
15. მოპასუხის საკასაციო საჩივრის მოთხოვნაა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, რის საფუძვლადაც ძირითადად იმ გარემოებაზეა მითითებული, რომ მოსარჩელის მიმართ მოპასუხეს დავალიანება საერთოდ არ გააჩნია.
16. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 13 სექტემბრისა და 2022 წლის 3 ნოემბრის განჩინებებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ-ის) 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივრები წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.
17. 2023 წლის 27 იანვრის განჩინებით, სსსკ-ის 391.5 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე საკასაციო პალატამ მითითებული საკასაციო საჩივარები დასაშვებად ცნო და საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა დაადგინა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი უნდა ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს, ხოლო, მოპასუხის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
18. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატის მიერ განსახილველი საკითხი შემდეგია: რამდენად მართლზომიერია მოსარჩელის მიერ სარჩელით მოთხოვნილი მოცულობის პირგასამტეხლოს დაკისრება.
19. კასატორის განსახილველი მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი სსკ-ის 477.1 (ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა, გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი), მე-400 (მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა. შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ. შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას) და 417-418-ე (პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ, თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება, აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა; შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას) მუხლებშია წარმოდგენილი.
20. მოცემულ საკითხზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკა, საკასაციო პალატის არაერთ განჩინებაში განმარტებულია შემდეგი:
პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა უკავშირდება ვალდებულების დარღვევას. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან, ანუ პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია, ვალდებულების დარღვევის ფაქტი...; პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა (შდრ. იხ. სუსგ: №ას-1373-2018, 17.01.2019; № ას 848-814-2016, 28.12.2016; №ას-816-767-2015, 19.11.2015; №ას-953-918-2016, 22.11.2016).
„პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან... პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება, ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა: ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა“ (შდრ. იხ. სუსგ №ას-176-157-2014).
„მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, იგი არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება და რაც მთავარია ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინება, სახელდობრ, ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, და ა.შ. (იხ.სუსგ-ები: Nას-708-678-2016, 27.01.2017; №ას-1199-1127-2015, 13.04.2016; №ას-222-209-2015, 6.05.2015).
ამრიგად, კანონმდებლის მიერ ხელშეკრულების მხარეთათვის პირგასამტეხლოს თავისუფლად განსაზღვრის უფლების მინიჭება იმას არ ნიშნავს, რომ ეს თავისუფლება ხელშეუხებელია. მოვალის სათანადო კვალიფიკაციის შესაგებლის არსებობისას, სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს გონივრულობა და საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ამ მიზანს ემსახურება სსკ-ის 420-ე მუხლი, რომლის საფუძველზეც, სასამართლოს უფლება აქვს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც შეფასებითი კატეგორიაა და, ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში, საქმის გარემოებების სრულყოფილი ანალიზის შედეგად უნდა გადაწყდეს.
21. საკასაციო პალატის დასკვნით, სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლოდან დამატებით 2 588.94 (მთლიანობაში, 12 588.94 ლარის) ლარის მოპასუხისათვის დაკისრება, მოცემულ შემთხვევაში, სამართლიანი, გონივრული და დასაბუთებულია. ასეთი დასკვნის საფუძველს ქმნის სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილად ცნობილი გარემოებები, რომლებიც წინამდებარე განჩინების 1-8 პუნქტებშია აღწერილი და რომლებიც კასატორებს დასაბუთებული შედავების (პრეტენზიის) გზით არ გაუქარწყლებიათ.
სსსკ-ის 407.2 მუხლის (სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება)) დანაწესიდან გამომდინარე, ეს გარემოებები საკასაციო სასამართლოსათვის სავალდებულოა.
საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების ფარგლებში გასაზიარებელია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა იმის თაობაზე, რომ, ზოგიერთ შემთხვევაში, ვალდებულება მოპასუხემ ვადაგადაცილებით შეასრულა, ხოლო, ზოგიერთ შემთხვევაში სრულად არ შეუსრულებია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების სამართლებრივი შეფასების კონტექსტში საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში პირგასამტეხლოს სახით 12 588.94 ლარის განსაზღვრა სრულად უზრუნველყოფს ვალდებულების სრულყოფილად შეუსრულებლობის შედეგად წარმოქმნილ მოსარჩელის დანაკარგებს. უფრო კონკრეტულად, რომ ვთქვათ, 12 588.94 ლარის ოდენობით პირგასამტეხლო, ამ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის სრულფასოვანი საპირწონეა.
22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დაკისრებულ პირგასამტეხლოსთან ერთად მოპასუხეს 2588.94 ლარის პირგასამტეხლოც უნდა დაეკისროს და აღნიშნული მიზნით მოსარჩელისთვის ჯამურად 12 588.94 ლარის ანაზღაურება უნდა დაევალოს.
23. სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე.
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მოსარჩელე გათავისუფლებულია. შესაბამისად, სსსკ-ის 55.1 მუხლის (სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია) თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ მოპასუხეს სახელმწიფო ბაჟის - 129.39 ლარის გადახდა უნდა დაეკისროს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, მე-8, 55-ე, 264.3, 257.1, 253-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. შპს „მ.შ–ის“ საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
3. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 23 ივნისის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
4. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სარჩელი შპს „მ.შ–ის“ მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
5. შპს „მ.შ–ის“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასარგებლოდ დაეკისროს 12 588.94 ლარის გადახდა;
6. შპს „მ.შ–ის“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს 129.39 ლარის გადახდა. სახელმწიფო ბაჟი განთავსებულ იქნეს შემდეგ ანგარიშზე: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
7. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე