Facebook Twitter

ბს-166-14-გ-05 30 მაისი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსნებელი),

ნ. კლარჯეიშვილი,

გ. ქაჯაია

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ განიხილა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატას და ამავე სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატას შორის დავა საქართველოს საზღვაო სანაოსნოს კერძო საჩივრის განსჯადობის შესახებ.

აღწერილობითი ნაწილი:

10.10.96წ. საქართველოს საზღვაო დეპარტამენტმა საქართველოს უზენაეს საარბიტრაჟო სასამართლოში მოპასუხის _ ........ კორპორაციის მიმართ სარჩელი აღძრა და მოპასუხისაგან 389.920.00 აშშ დოლარის გადახდა მოითხოვა. საქართველოს უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს 04.01.97წ. გადაწყვეტილებით ......... კორპორაციის სალიკვიდაციო კომისიას საზღვაო დეპარტამენტის სასარგებლოდ ტვირთის ფრახტისა და დემერეჯის თანხის 495.325.40 ლარის გადახდა დაეკისრა.

21.06.04წ. საზღვაო სანაოსნო დეპარტამენტმა განცხადებით მიმართა ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს და აღნიშნა, რომ საქართველოს უზენაეს საარბიტრაჟო სასამართლოს ზემოთ მითითებული გადაწყვეტილების შესაბამისად, გაცემულ იქნა ¹15/66 სააღსრულებო ფურცელი, რომელიც აღსასრულებლად ქ. თბილისის კრწანისის რაიონის საგადასახადო ინსპექციას გადაეგზავნა. ვინაიდან, მთაწმინდა-კრწანისის საგადასახადო ინსპექციაში და იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტში სააღსრულებო ფურცლის დედანი არ აღმოჩნდა, განმცხადებელმა ახალი სააღსრულებო ფურცლის ამოწერა მოითხოვა. ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 15.07.04წ. განჩინებით საქართველოს საზღვაო სანაოსნო დეპარტამენტის რწმუნებულის განცხადება დაკმაყოფილდა, საქართველოს უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს 04.01.97წ. გადაწყვეტილებაზე გაიცა სააღსრულებო ფურცელი საქართველოს საზღვაო სანაოსნო დეპარტამენტის მიმართ სს “....... კორპორაციის” მიერ 499 325,40 ლარის გადახდის შესახებ.

აღნიშნული განჩინება პურპროდქტების სახელმწიფო სააქციო კომერციული კორპორაციის სალიკვიდაციო კომისიამ კერძო საჩივრით გაასაჩივრა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა იმ საფუძვლით, რომ საქართველოს საზღვაო სანაოსნო დეპარტამენტის უსაფუძვლობის და ხანდამულობის გამო.

ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 23.08.04წ განჩინებით ........... კორპორაციის სალიკვიდაციო კომისიის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა, ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 15.07.04წ. განჩინება გაუქმდა.

აღნიშნულ განჩინებაზე საზღვაო სანაოსნო დეპარტამენტის წარმომადგენელმა კერძო საჩივარი შეიტანა და მიუთითა, რომ ......... კორპორაციის სალიკვიდაციო კომისიას დღეის მდგომარეობით მუშაობა არ დაუმთავრებია და მას სოფ. მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 16.06.03წ ¹2-170 ბრძანების საფუძველზე მუშაობის ვადა ყველა სალიკვიდაციო სამუშაოების დამთავრებამდე გაგრძელებული ჰქონდა.

ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 19.11.04წ. განჩინებით საზღვაო სანაოსნო დეპარტამენტის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად თბილისის საოლქო სასამართლოს გადაუგზავნა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 29.12.04წ. საოქმო განჩინებით კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად განსჯადობით განსახილველად თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას გადაეცა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 27.01.05წ. განჩინებით საზღვაო სანაოსნო დეპარტამენტის კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად საქართველოს უზენაეს სასამართლოს გადმოეგზავნა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა კერძო საჩივრის სამართლებრივი საფუძველი, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ საქართველოს საზღვაო სანაოსნო დეპარტამენტის კერძო საჩივარი განსჯადობით განსახილველად თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატას უნდა დაექვემდებაროს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააღსრულებო წარმოება არის კანონით მოწესრიგებული იურისდიქციული ორგანოების კანონიერ ძალაში შესული აქტების იძულებითი რეალიზაციის წესი. სააღსრულებო წარმოების საფუძველს წარმოადგენს იურისდიქციული აქტების ძალაში შესვლა, რაც განაპირობებს სააღსრულებო წარმოებას, რომელიც თავის მხრივ დაუშვებელია სააღსრულებო ფურცლის გარეშე. სააღსრულებო ფურცელი არის საპროცესო დოკუმენტი, რაც განაპირობებს მის ფორმალურ ხასიათს. სააღსრულებო ფურცლის დუბლიკატი არის თავდაპირველი დოკუმენტის სანაცვლოდ გაცემული დოკუმენტი, რომელსაც თავდაპირველი დოკუმენტის თანაბარი ძალა გააჩნია. ამდენად, სააღსრულებო დოკუმენტის ბუნება არ იძლევა განსჯადობის შესახებ დავის გადაწყვეტის საშუალებას. კერძო საჩივრის განსჯადობის საკითხის გარკვევისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რა კატეგორიის საქმეთა რიგს განეკუთვნება აღსასრულებელი გადაწყვეტილება.

საქართველოს პრეზიდენტის 03.04.96წ. ¹252 ბრძანებულების მიხედვით ........ კორპორაციას ეკისრა სახელმწიფო მმართველობის ფუნქციების განხორციელება. პურპროდუქტების სისტემის ძირეული რეფორმის პროცესის ორგანიზებულად წარმართვისა და დროულად დასრულების მიზნით შექმნილ კომისიას ბრძანებით დაევალა კორპორაციისათვის დაკისრებული სახელმწიფო მმართველობის ფუნქციების ორგანიზებული გადაცემა აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოებისათვის. საქართველოს პრეზიდენტის 03.04.96წ. ¹252 ბრძანებულების საფუძველზე სოფ. მეურნეობის მინისტრის 19.04.96წ. ¹2-65 ბრძანებით შექმნილი ......... კორპორაციის სალიკვიდაციო კომისია სახელმწიფო დაწესებულებას წარმოადგენს, რომლის მუშაობის ვადა სოფ. მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 10.10.96წ, 08.07.97წ და 16.06.03წ ბრძანებებით არის გაგრძელებული. საქართველოს საზღვაო სანაოსნოს დეპარტამენტის განცხადება და კერძო საჩივარი ეხება .......... კორპორაციის სალიკვიდაციო კომისიას, ანუ სახელმწიფო დაწესებულების მიერ გარკვეული ქმედების (ფულადი ვალდებულების შესრულების) განხორციელების მოთხოვნას. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ კერძო საჩივრის განხილვა უნდა მოხდეს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით. შესაბამისად, საზღვაო სანაოსნოს დეპარტამენტის კერძო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, განსჯადობით განსახილველად თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატას უნდა გადაეგზავნოს. საზღვაო სანაოსნოს დეპარტამენტის წარმომადგენლის კერძო საჩივრის განხილვისას სააპელაციო პალატამ, საქართველოს პრეზიდენტის 17.08.96წ. ¹541, 31.12.97წ. ¹777 ბრძანებულებების გათვალისწინებით, უნდა იქონიოს მსჯელობა ამის შესახებ წარმოადგენს თუ არა შპს “ს-ო” საზღვაო სანაოსნოს დეპარტამენტის უფლებამონაცვლეს, რომლის სარჩელი დაკმაყოფილდა საქართველოს უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს 04.01.97წ. გადაწყვეტილებით.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვენელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საზღვაო სანაოსნო დეპარტამენტის კერძო საჩივარი განსჯადობით განსახილველად თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატას დაექვემდებაროს;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.