საქმე №ას-863-2023 3 ივლისი, 2023 წელი თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე ალექსანდრე წულაძე
სასამართლომ, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მ. მ–ის უფლებამონაცვლე ს. მ–ის, კ. მ–ის, მ. მ–ისა და ს. მ–ის განცხადება საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ, საქმეზე – ი.შ–ას სარჩელის გამო, მ. მ–ის უფლებამონაცვლე ს. მ–ის, კ. მ–ის, მ. მ–ისა და ს. მ–ის მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე, ასევე მ. მ–ის უფლებამონაცვლე ს. მ–ის, კ. მ–ის, მ. მ–ისა და ს. მ–ის შეგებებული სარჩელის გამო, ო.შ–ას მიმართ ნასყიდობისა და ჩუქების ხელშეკრულებების ბათილად ცნობისა და მესაკუთრედ ცნობის თაობაზე და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საკასაციო პალატა წარმოდგენილი მასალების შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარზე უნდა შეწყდეს წარმოება შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს.
საკასაციო სასამართლოს განსახილველად გადმოეცა მ. მ–ის უფლებამონაცვლე ს. მ–ის, კ. მ–ის, მ. მ–ისა და ს. მ–ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 20 ოქტომბრის განჩნებაზე. საკასაციო საჩივართან ერთად, საქმეში წარმოდგენილია კასატორთა წარმომადგენლის შ.ბ–ას განცხადება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლის საფუძველზე საკასაციო საჩივრის გამოხმობის თაობაზე. ამასთან, სასამართლო მოხელესთან სატელეფონო საუბრისას, განმცხადებელმა დააზუსტა მოთხოვნა და განმარტა, რომ უარს ამბობს საკასაციო საჩივარზე (იხ. შეტყობინების აქტი).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. მოცემული მუხლი განამტკიცებს დისპოზიციურობის პრინციპს და ადგენს მოსარჩელის უფლებას, უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხემ ცნოს მის მიმართ წარდგენილი მოთხოვნა. მხარის ანალოგიურ უფლებას ითვალისწინებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლი, ხოლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 378-ე მუხლის თანახმად (სსსკ-ის 399-ე მუხლიდან გამომდინარე, ამ ნორმის გამოყენება დასაშვებია საკასაციო სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივრის განხილვისას) სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე. სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, რის შედეგადაც მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით. ამდენად, აპელანტი უფლებამოსილია, კანონით გათვალისწინებული შედეგების გათვალისწინებით, საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე, დაუბრკოლებლად უარი განაცხადოს თავის სააპელაციო საჩივარზე. აღნიშნული წესი ვრცელდება საკასაციო საჩივარზე უარის თქმის უფლებაზეც.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, კასატორთა წარმომადგენელ შ.ბ–ას განცხადება საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 378-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უნდა შეწყდეს საქმის წარმოება იმგვარად, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები დარჩეს ძალაში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 378-ე, 399-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. მ–ის უფლებამონაცვლე ს. მ–ის, კ. მ–ის, მ. მ–ისა და ს. მ–ის წარმომადგენლის -შ.ბ–ას შუამდგომლობა საკასაციო საჩივარზე უარის თქმის თაობაზე დაკმაყოფილდეს.
2. შეწყდეს საქმის წარმოება მ. მ–ის უფლებამონაცვლე ს. მ–ის, კ. მ–ის, მ. მ–ისა და ს. მ–ის საკასაციო საჩივარზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 20 ოქტომბრის განჩინების გაუქმების შესახებ.
3. ძალაში დარჩეს ქვემდგომი სასამართლოების მიერ მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებები.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე ა. წულაძე