Facebook Twitter

საქმე №ას-1364-2022

17 მარტი 2023 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - დ.მ–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - ზ.დ–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 20 ოქტომბრის განჩინება

კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება

დავის საგანი - ამხანაგობაში განხორციელებული შენატანის დაბრუნება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ზ.დ–მა სარჩელი აღძრა სასამართლოში და მოითხოვა 2012 წლის 27 ივლისის უძრავი ქონების დათმობისა და ამხანაგობის წევრად მიღების, ასევე 2012 წლის 27 ივლისის შეთანხმების საფუძველზე მოპასუხეებს - ამხანაგობა „ფ.გ. ..“-ის წევრებს: ვ.ჩ–ძეს, ო.ო–ს, ლ.ფ–ძეს, ლ.ჩ–ს, მ.ბ–ს, გ.მ–ძეს, ზ.ხ–ს, თ.კ–ას, გ.ს–ას, ნ.ბ–ას, ი.გ–ს, გ.ც–ს, მ.თ–ძეს, მ.პ–ს, ი.ხ–ას, დ.გ–ს, დ.მ–სა და ნ.ჯ–ს მოსარჩელე ზ.დ–ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაკისრებოდათ, ამ უკანასკნელის მიერ ამხანაგობა „ფ.გ. ..“-ში განხორციელებული შენატანის - 127 500 აშშ დოლარის გადახდა.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით, მოსარჩელე ზ.დ–ის სარჩელი მოპასუხეების - ამხანაგობა „ფ.გ. ..“-ის წევრების: ვ.ჩ–ძის, ო.ო–ის, ლ.ფ–ძის, ლ.ჩ–ის, მ.ბ–ის, გ.მ–ძის, ზ.ხ–ის, თ.კ–ას, გ.ს–ას, ნ.ბ–ას, ი.გ–ის, გ.ც–ის, მ.თ–ძის, მ.პ–ის, ი.ხ–ას, დ.გ–ის, დ.მ–ისა და ნ.ჯ–ის მიმართ, ამხანაგობაში განხორციელებული შენატანის 127 500 აშშ დოლარის მოპასუხეებისთვის სოლიდარულად დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა სრულად. მოპასუხეებს - ამხანაგობა „ფ.გ. ..“-ის წევრებს: ვ.ჩ–ძეს, ო.ო–ს, ლ.ფ–ძეს, ლ.ჩ–ს, მ.ბ–ს, გ.მ–ძეს, ზ.ხ–ს, თ.კ–ას, გ.ს–ას, ნ.ბ–ას, ი.გ–ს, გ.ც–ს, მ.თ–ძეს, მ.პ–ეს, ი.ხ–ას, დ.გ–ს, დ.მ–ს და ნ.ჯ–ს მოსარჩელე ზ.დ–ის სასარგებლოდ 2012 წლის 27 ივლისის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე სოლიდარულად დაეკისრათ 127 500 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება, სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით, ზ.დ–ის განცხადება სარჩელზე უარის თქმის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ დაკმაყოფილდა.

5. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება. შეწყდა საქმის წარმოება ზ.დ–ის სარჩელზე მოპასუხეების - ამხანაგობა „ფ.გ. 2007“-ის წევრების: ვ.ჩ–ძის, ო.ო–ის, ლ.ფ–ძის, ლ.ჩ–ის, მ.ბ–ის, გ.მ–ძის, ზ.ხ–ის, თ.კ–ას, გ.ს–ას, ნ.ბ–ას, ი.გ–ის, გ.ც–ის, მ.თ–ძის, მ.პ–ის, ი.ხ–ას, დ.გ–ის, დ.მ–ის და ნ.ჯ–ის მიმართ, ამხანაგობაში განხორციელებული შენატანის დაბრუნების თაობაზე. ასევე, შეწყდა წარმოება ვ.ჩ–ძის, გ.მ–ძის, მ.თ–ძის, დ.გ–ის, ზ.ხ–ის, ნ.ბ–ას, ლ.ჩ–ის, დ.მ–ის, გ.ს–ას, თ.კ–ას, ი.ხ–ას და ნ.ჯ–ის სააპელაციო საჩივარზე.

6. აღნიშნული განჩინება, კერძო საჩივრით გაასაჩივრა დ.მ–მა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ზ.დ–ზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 2500 ლარისა და ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის 5000 ლარის ანაზღაურების დაკისრება.

7. კერძო საჩივრის ავტორი სადავოდ ხდის გასაჩივრებულ განჩინებას იმ ნაწილში, რომლითაც ზ.დ–ს აპელანტის სასარგებლოდ არ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის ნაწილის -2500 ლარის გადახდის ვალდებულება და კერძო საჩივრის ავტორს უარი ეთქვა ადვოკატის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის - 5000 ლარის, ანაზღაურებაზე.

8. მხარე განმარტავს, რომ სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი მოსმენის შემდეგ, მანამ სანამ სასამართლო გამოაცხადებდა მიღებული გადაწყვეტილების/განჩინების სარეზოლუციო ნაწილს, მოწინააღმდეგე მხარემ, რომელიც საქმეზე იყო მოსარჩელე, უარი თქვა სარჩელზე. ამ ქმედებას კერძო საჩივრის ავტორი განიხილავს, როგორც მის სასარგებლოდ დავის გადაწყვეტას, ვინაიდან მოსარჩელეს აღარ აქვს უფლება იმავე დავის საგნით, იგივე მხარის მიმართ კვლავ აღძრას სარჩელი. დ.მ–ის განმარტებით, მან საქმეზე გაიღო სასამართლო და არასასამართლო ხარჯები, რომელიც დავის მოგების მიუხედავად, მას არ ანაზღაურებია. ამასთან, საგულისხმოა, რომ დადგენილი პრაქტიკით, ამ ხარჯებს იგი ცალკე სამართალწარმოების გზითაც ვერ აინაზღაურებს, რას მას უსამართლოდ მიაჩნია.

9. კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებით, გასაჩივრებული განჩინება წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ განჩინებას, ვინაიდან სახეზეა საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ განჩინება, რომელიც მოწინააღმდეგე მხარის (მოსარჩელის) მიერ სარჩელზე უარის თქმას მოჰყვა შედეგად. ამ განჩინებით ერთი მხრივ, გაუქმდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყეტილება, რომლითაც აპელანტს მოსარჩელის სასარგებლოდ დაკისრებული ჰქონდა თანხის გადახდის ვალდებულება, ხოლო მეორე მხრივ, ზ.დ–ს წაერთვა უფლება იგივე მოთხოვნით განმეორებით მიმართოს სასამართლოს. კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ ამ სამართლებრივი შედეგის პირობებში, სასამართლოს ზ.დ–ისთვის უნდა დაეკისრებინა მის მიერ გადახდილი ბაჟის ნაწილის - 2500 ლარის გადახდისა და ადვოკატისთვის გაწეული ხარჯის - 5000 ლარის, ანაზღაურების ვალდებულება.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით, კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

11. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს მოსარჩელისთვის სასამართლო და სასამართლოს გარეშე ხარჯების დაკისრების მართლზომიერების ხელახლა შესამოწმებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით, ხოლო ამავე კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას საკასაციო სასამართლომ საფუძვლად უნდა დაუდოს სამართლებრივი შეფასება, რომელიც სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოსათვის. საქმე ხელახლა განსახილველად შეიძლება დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს იმავე ან სხვა შემადგენლობას.

13. განსახილველ შემთხვევაში, სადავოდაა ქცეული საკითხი, უნდა დაეკისროს თუ არა აპელანტის (მოპასუხე) მიერ გაღებული საპროცესო ხარჯების (სახელმწიფო ბაჟისა და წარმომადგენლის დახმარებისათვის მის მიერ გაწეული ხარჯი) ანაზღაურება მოსარჩელეს, რომელმაც წარმატებას მიაღწია პირველი ინსტანციის სასამართლოში და სააპელაციო საქმისწარმოების დროს მოწინააღმდეგე მხარის სტატუსით სარგებლობისას, უარი განაცხადა სარჩელზე.

14. კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზია მიემართება იმ გარემოებას, რომ საქმეზე სასარგებლო შედეგის დადგომის მიუხედავად, მას მხოლოდ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი ბაჟის ნაწილი - 2500 ლარი დაუბრუნდა, წაგებულ მხარეს კი (მოსარჩელე ზ.დ–ს), მოწინააღმდეგე მხარის სასარგებლოდ დარჩენილი ბაჟის ნაწილის - 2500 ლარის გადახდის ვალდებულება არ დაკისრებია. კერძო საჩივრის ავტორი აცხადებს, რომ სასამართლომ გაუმართლებლად ხელყო მისი საპროცესო უფლებები, ვინაიდან მის მიერ, პროცესუალური თვალსაზრისით, დავის მოგების მიუხედავად, გაღებული საპროცესო ხარჯის ნაწილის ანაზღაურება არ მომხდარა.

15. კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზია ასევე უკავშირდება მის მიერ ადვოკატისთვის გადახდილი თანხის ანაზღაურებაზე უარის თქმას. კერძო საჩივრის ავტორი თავისი მოთხოვნის დასასაბუთებლად უთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე და განმარტავს, რომ სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში, საქმის არსებითი განხილვის დასრულების შემდგომ, მანამ სანამ სასამართლო საქმეზე გამოაცხადებდა მიღებული გადაწყვეტილების/განჩინების სარეზოლუციო ნაწილს, მოწინააღმდეგე მხარემ (მოსარჩელემ) უარი თქვა სარჩელზე. მისი აზრით, ასეთ დროს მიიჩნევა, რომ აპელანტმა დავა მოიგო, რის გამოც მოწინააღმდეგე მხარეს უნდა დაკისრებოდა კერძო საჩივრის ავტორის მიერ გაღებული სასამართლოს გარეშე ხარჯების ანაზღაურების ვალდებულებაც.

16. საქმის მასალების თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით, მოსარჩელე ზ.დ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად; მოპასუხეებს - ამხანაგობა „ფ.გ. ..“-ის წევრებს: ვ.ჩ–ძეს, ო.ო–ს, ლ.ფ–ძეს, ლ.ჩ–ს, მ.ბ–ს, გ.მ–ძეს, ზ.ხ–ს, თ.კ–ას, გ.ს–ას, ნ.ბ–ას, ი.გ–ს, გ.ც–ს, მ.თ–ძეს, მ.პ–ეს, ი.ხ–ას, დ.გ–ს, დ.მ–ს და ნ.ჯ–ს მოსარჩელე ზ.დ–ის სასარგებლოდ 2012 წლის 27 ივლისის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე სოლიდარულად დაეკისრათ 127 500 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება.

17. დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება, სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა. სააპელაციო სასამართლომ ზეპირი მოსმენით განიხილა მოპასუხეთა სააპელაციო საჩივრები და გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებამდე, მოსარჩელე ზ.დ–მა წარადგინა განცხადება სარჩელზე უარის თქმის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ, რომელიც დაკმაყოფილდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით.

18. ცხადია, რომ სამართალწარმოება დაკავშირებულია გარკვეულ ხარჯებთან. უპირველესად, საკასაციო პალატა მიუთითებს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის V-ე თავზე, რომელიც ეძღვნება პროცესის ხარჯებს. სსსკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. იმავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით განმარტებულია, თუ რას შეადგენს თითოეული მათგანი, კერძოდ, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

19. საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება.

20. საკასაციო სასამართლომ, არაერთ საქმეზე განმარტა, რომ მხარის სასარგებლოდ გამოტანილ გადაწყვეტილებაში იგულისხმება დავის გადაწყვეტის არა მხოლოდ პროცესუალურ-სამართლებრივი, არამედ უპირველესად – მატერიალურ-სამართლებრივი შედეგი. ეს პირდაპირ გამომდინარეობს სარჩელის ცნებიდან, კერძოდ, სარჩელი, როგორც სამოქალაქო-საპროცესო სამართლის ინსტიტუტი, არის უფლების დაცვის შესახებ პირის შუამდგომლობა სასამართლოსადმი, რათა მან განიხილოს სარჩელში მოპასუხის წინააღმდეგ წაყენებული მატერიალურ-სამართლებრივი მოთხოვნა და გამოიტანოს ამის თაობაზე გადაწყვეტილება. ამდენად, სარჩელი, მართალია, საპროცესო სამართლის ინსტიტუტია, მაგრამ იგი არ არსებობს იმ უფლებაზე მითითების გარეშე, რომლის დაცვასაც მოსარჩელე მოითხოვს, ე.ი. მოპასუხისადმი წაყენებული მატერიალურ-სამართლებრივი მოთხოვნის გარეშე. სარჩელის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას სწორედ მოპასუხისადმი წაყენებული მატერიალურ-სამართლებრივი მოთხოვნის მიმართ და, შესაბამისად, ან აკმაყოფილებს სარჩელს ან უარს ამბობს მის დაკმაყოფილებაზე. ამასთან, თუ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში მოგებული მხარეა მოსარჩელე, ხოლო წაგებული – მოპასუხე, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის დროს პირიქითაა _ მოგებულია მოპასუხე, ხოლო, წაგებული – მოსარჩელე. საქმის მოგება-წაგება კი პირდაპირ უკავშირდება მოსარჩელის მატერიალურ-სამართლებრივი მოთხოვნის დაკმაყოფილება-არდაკმაყოფილებას. კერძოდ, თუ მოსარჩელის მატერიალურ-სამართლებრივი მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი არსებობს, მაშინ სარჩელი დაკმაყოფილდება, წინააღმდეგ შემთხვევაში კი არა (შდრ. იხ. სუსგ. განჩინება საქმეზე Nას-795-849-2011, 18 ივლისი, 2011 წელი, ასევე იხ. განჩინება საქმეზე Nას-1771-1751-2011, 2012 წელი 09 თებერვალი).

21. აქედან გამომდინარე, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის დროს მოპასუხის სასარგებლო გადაწყვეტილებაა გამოტანილი იმიტომ, რომ მოსარჩელის მატერიალურ-სამართლებრივი მოთხოვნა არ კმაყოფილდება. შესაბამისად, მოპასუხის სარგებელი ისაა, რომ მას მომავალში მოსარჩელე ვეღარ შეედავება იმ უფლების შესახებ, რომლის დაცვასაც ეს უკანასკნელი სარჩელით ცდილობდა. ანალოგიური ვითარებაა სარჩელეზე უარის თქმის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაშიც. კერძოდ, მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის გამო საქმეზე დამდგარი საპროცესო შედეგი – სარჩელზე საქმის წარმოების შეწყვეტა უშუალო გავლენას ახდენს მოპასუხისადმი წაყენებულ მატერიალურ-სამართლებრივ მოთხოვნებზე, ვინაიდან ამ შემთხვევაში მოსარჩელე კარგავს უფლებას, შეედავოს მოპასუხეს იგივე სარჩელით (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტი, ამავე კოდექსის 273-ე მუხლი). შესაბამისად, სარჩელზე უარის თქმის გამო საქმეზე დამდგარი საპროცესო შედეგი – სარჩელზე საქმის წარმოების შეწყვეტა, მოპასუხის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილებაა (შდრ. იხ. სუსგ. განჩინება საქმეზე Nას-795-849-2011, 18 ივლისი, 2011 წელი, ასევე იხ. განჩინება საქმეზე Nას-1771-1751-2011, 2012 წელი 09 თებერვალი).

23. სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველ წინადადების თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტამდე ოდენობისა. ამგვარად, სასამართლო დავაში წაგებულ მხარეს ეკისრება პასუხისმგებლობა პროცესის ხარჯებზე; იგი ვალდებულია აანაზღაუროს როგორც სასამართლო, ასევე სასამართლოს გარეშე ხარჯები.

24. როგორც უკვე აღინიშნა, სარჩელზე უარის თქმის გამო საქმეზე დამდგარი საპროცესო შედეგი – სარჩელზე საქმის წარმოების შეწყვეტა, მოპასუხის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილებაა და ამ საფუძვლით, საქმის წარმოების შეწყვეტისას, საპროცესო ხარჯების განაწილების საკითხი ექცევა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მოქმედების ფარგლებში. შესაბამისად, სადავო შემთხვევაში, აპელანტის (მოპასუხე) მიერ გაღებული საპროცესო ხარჯების (სასამართლო და სასამართლოს გარეშე ხარჯების) ანაზღაურება ეკისრება მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) მხარეს, ვინაიდან სარჩელზე უარის თქმის თაობაზე დისპოზიციური უფლება, როგორც შეუზღუდავი ნების გამოვლენა, მოსარჩელის მხრიდან რეალიზებული იქნა საქმის სააპელაციო წესით განხილვის ეტაპზე.

25. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას იმ გარემოებასთან დაკავშირებით, რომ რადგან მოცემულ საქმეზე წარმოება შეწყდა მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის გამო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ამგვარი შემთხვევისთვის არ ითვალისწინებს მოპასუხის/აპელანტის მიერ ადვოკატის ჰონორარის ანაზღაურების შესაძლებლობას მოწინააღმდეგის მხრიდან.

26. საკასაციო პალატა კვლავ მიუთითებს უზენაესი სასამართლოს დადგენილ პრაქტიკაზე, რომლის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას საქმის წარმოების შეწყვეტა ექცევა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მოქმედების ფარგლებში და ასეთ დროს მოპასუხის მიერ გაღებული ხარჯის – წარმომადგენლის მომსახურების საფასურის მოსარჩელისათვის დაკისრება დასაშვებია. (შდრ. იხ. სუსგ. განჩინება საქმეზე Nას-795-849-2011, 18 ივლისი, 2011 წელი, განჩინება საქმეზე Nას-1771-1751-2011, 2012 წელი 09 თებერვალი).

27. საკასაციო პალატამ უკვე აღნიშნა, რომ კვლევის საგანს წარმოადგენს სარჩელზე უარის თქმისას, მოსარჩელის (მოწინააღმდეგე მხარე) მიერ მოპასუხისათვის (აპელანტი) საპროცესო ხარჯების ანაზღაურების საკითხი. საკასაციო პალატის მოსაზრებით, განსახილველი დავა არ ექცევა სსსკ-ის 54-ე მუხლის პირველი ნაწილის რეგულირების სფეროში, რომელიც შეეხება მოსარჩელისათვის ხარჯების ანაზღაურების წესს, სარჩელზე უარის თქმის შემთხვევაში. თუმცა საგულისხმოა ამ ნორმის ის ნორმატიული რეგულირება, რომელიც საგამონაკლისო წესით, ადგენს მოპასუხის პასუხისმგებლობას მოსარჩელის მიერ გაღებული ხარჯების ანაზღაურებაზე (სსსკ-ის 54-ე მუხლის თანახმად, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე, მის მიერ გაწეულ ხარჯებს მოპასუხე არ აანაზღაურებს, მაგრამ თუ მოსარჩელემ მხარი არ დაუჭირა თავის მოთხოვნას იმის გამო, რომ მოპასუხემ ნებაყოფლობით დააკმაყოფილა იგი სარჩელის აღძვრის შემდეგ, მაშინ მოსარჩელის თხოვნით სასამართლო მოპასუხეს დააკისრებს მოსარჩელის მიერ გაწეული ხარჯებისა და ადვოკატის დახმარების გამო გაწეული ყველა ხარჯის ანაზღაურებას). ამ ნორმით განსაზღვრული ზოგადი წესის თანახმად, მოპასუხე მოსარჩელის მიერ გაწეულ ხარჯებს არ აანაზღაურებს, თუმცა როგორც აღინიშნა, იგივე ნორმა ითვალისწინებს გამონაკლის შემთხვევასაც, რაც უკავშირდება სარჩელის აღძვრის შემდეგ, მოპასუხის მიერ მოსარჩელის მოთხოვნის ნებაყოფლობით შესრულებას. ასეთ დროს კი, მოპასუხე ვალდებულია აანაზღაუროს მოსარჩელის ხარჯები, მხოლოდ ამ შემთხვევაშია განსაზღვრული მოპასუხის პასუხიმგებლობა.

28. ზემოთ აღნიშნულ ნორმაზე დაყრდნობით, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ, სწორედ საპროცესო ხარჯების სამართლიანი ანაზღაურების დადგენის თვალსაზრისით, მოსარჩელის მხრიდან სარჩელზე უარის თქმის ნების გამოვლენისას, კანონმდებელი უშვებს მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთი გარემოების შესწავლა-გამოკვლევას: ხომ არ მოხდა დისპოზიციური უფლების რეალიზება მოპასუხის მხრიდან ნებაყოფლობითი შესრულების შედეგად. აღნიშნული კი ემსახურება ერთადერთ მიზანს, ხარჯების ანაზღაურება დაეკისროს იმ მხარეს, რომლის მოქმედებამაც განაპირობა ხარჯების არსებობა.

29. ზემოთ აღნიშნულ გარემოებებზე დაყრდნობით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზია დასაბუთებულია და უზენაესი სასამართლოს იმ ერთგვაროვანი პრაქტიკის გათვალისწინებით, რომლის თანახმადაც მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმა უტოლდება მოპასუხის მიერ დავის მოგებას, სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვის დროს უნდა შეაფასოს, სააპელაციო ინტანციაში დავის განხილვის დროს, ზ.დ–ის მიერ სარჩელზე უარის თქმა, ხომ არ იყო გამოწვეული მოპასუხე მხარის (აპელანტები) მიერ მოთხოვნის ნებაყოფლობითი შესრულებით (ხარჯების ანაზღაურებაზე მოპასუხის პასუხისმგებლობა, მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის შემთხვევაში). ამ შეკითხვაზე უარყოფითი პასუხის გაცემის შემთხვევაში კი, სასამართლომ უნდა იმსჯელოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, რათა დაცული იქნას იმ მოპასუხე მხარის ფინანსური ინტერესები, რომლის სასარგებლო შედეგიც, მოსარჩელის მიერ სარჩელის უარის თქმის გამო დადგა. ასეთ მოცემულობაში, მოსარჩელე ვალდებულია, აანაზღაუროს ხარჯები კანონით დადგენილი წესით.

30. განვითარებული მსჯელობის შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება სახელმწიფო ბაჟისა და საადვოკატო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში, დაუსაბუთებელია და უნდა გაუქმდეს. ამასთან, ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლი), აღსანიშნავია, რომ სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია კერძო საჩივრის ავტორის მიერ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების გონივრულობის თაობაზე, რომელიც მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეს უნდა დაეკისროს. ამ თვალსაზრისით საჭიროა იმ ფაქტების დადგენა, რომელთა მიხედვითაც უნდა განისაზღვროს წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის გონივრული ფარგლები (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი დანაწესის შესაბამისად).

31. საკასაციო სასამართლოს დასკვნით, კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს მოსარჩელისთვის სასამართლო და სასამართლოს გარეშე ხარჯების დაკისრების მართლზომიერების ხელახლა შესამოწმებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დ.მ–ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 20 ოქტომბრის განჩინების მე-5 პუნქტი და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს მოსარჩელისთვის სასამართლო და სასამართლოს გარეშე ხარჯების დაკისრების მართლზომიერების ხელახლა შესამოწმებლად.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე