Facebook Twitter

საქმე №ა-5624-შ-161-2021 15 თებერვალი, 2023 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

სხდომის მდივანი – ლელა სანიკიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენით

შუამდგომლობის ავტორი – შპს „ს.“

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ი.ს–ს“

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მოითხოვს შუამდგომლობის ავტორი – ბელარუსის რესპუბლიკის ბრესტის ოლქის ეკონომიკური სასამართლოს 2021 წლის 12 მაისის №130-8/2019 გადაწყვეტილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ბელარუსის რესპუბლიკის ბრესტის ოლქის ეკონომიკური სასამართლოს 2021 წლის 12 მაისის №130-8/2019 გადაწყვეტილებით შპს „ი.ს–ს“ (საქართველო, ქ. თბილისი) (შემდგომში ასევე - „მოპასუხე“ ან „მოწინააღმდეგე მხარე“) შპს „ს–ის“ (ბელარუსი, ბრესტის ოლქი, ქ. ბრესტი) (შემდგომში ასევე - „მოსარჩელე“ ან „შუამდგომლობის ავტორი“) სასარგებლოდ დაეკისრა: დავალიანების სახით - 55 150 ევროს და ჯარიმის სახით - 30 000 ევროს, ჯამში 85 150 ევროს გადახდა; ასევე, სახელმწიფო გადასახადის - 7 400 ბელარუსული რუბლის, იურიდიული დახმარების ხარჯის - 300 ბელარუსული რუბლისა და მთარგმნელობითი ხარჯის - 361 ბელარუსული რუბლის, ჯამში 8 061 ბელარუსული რუბლის ანაზღაურება.

2. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ 2021 წლის 25 ნოემბერს №14716 წერილით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის შესაბამისად, შემდგომი რეაგირებისათვის გადმოგზავნა შპს „ს–ის“ შუამდგომლობა ბელარუსის რესპუბლიკის ბრესტის ოლქის ეკონომიკური სასამართლოს 2021 წლის 12 მაისის №130-8/2019 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების თაობაზე.

3. შუამდგომლობაზე თანდართული ბელარუსის რესპუბლიკის ბრესტის ოლქის ეკონომიკური სასამართლოს 2021 წლის 27 აგვისტოს №130-8/2019 ცნობით დასტურდება, რომ ბელარუსის რესპუბლიკის ბრესტის ოლქის ეკონომიკური სასამართლოს 2021 წლის 12 მაისის №130-8/2019 გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2021 წლის 17 ივნისს. იმავე ცნობით დგინდება, რომ მოპასუხე სათანადო წესით იყო ინფორმირებული სასამართლო სხდომის ადგილისა და დროის შესახებ.

4. ბელარუსის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს ბრესტის ოლქის აღმასრულებელი კომიტეტის იუსტიციის მთავარი სამმართველოს იძულებითი აღსრულების სამმართველოს უფროსის მოადგილის - იძულებითი აღსრულების განყოფილების ხელმძღვანელის, ე. ს. ლ–ნას მიერ 2021 წლის 05 ივლისს გაცემული №3-01/258 ცნობებით დასტურდება, რომ ბელარუსის რესპუბლიკის ბრესტის ოლქის ეკონომიკური სასამართლოს 2021 წლის 12 მაისის №130-8/2019 გადაწყვეტილებაზე სააღსრულებო წარმოება არ აღძრულა.

5. შუამდგომლობაზე თანდართული, 2018 წლის 01 ოქტომბრის ხელშეკრულების (ხელშეკრულება შედგენილია რუსულ ენაზე) 7.1 პუნქტის თანახმად, მხარეთა შორის წარმოშობილი დავები უნდა გადაწყდეს ბრესტის ოლქის ეკონომიკურ სასამართლოში, ბელარუსის რესპუბლიკის კანონმდებლობისა და საერთაშორისო კანონმდებლობის შესაბამისად, გარდა გადამზიდავის (ექსპედიტორის კონტრაქტორის) მიმართ სარჩელებისა, რომლებიც წარედგინება კომპეტენტურ სასამართლოს გადამზიდავის ადგილსამყოფელის მიხედვით, ამ სასამართლოს წესების შესაბამისად, საერთაშორისო გადაზიდვებში ტვირთის გადაზიდვის მარეგულირებელი კანონმდებლობის თანახმად.

6. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ მოწინააღმდეგე მხარე წარმოადგენს საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს (ს.ნ. 412705504).

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 07 ივლისის განჩინებით შპს „ს–ის“ შუამდგომლობა ბელარუსის რესპუბლიკის ბრესტის ოლქის ეკონომიკური სასამართლოს 2021 წლის 12 მაისის №130-8/2019 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად.

8. ზემოაღნიშნული განჩინების, შუამდგომლობისა და თანდართული მასალების ასლები მოწინააღმდეგე მხარეს გაეგზავნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქმის მასალებში არსებულ მისამართზე - ქ. ქუთაისი, ......... (ქუთაისის ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა), შენობა №38. სასამართლო გზავნილი 2022 წლის 21 ივლისს ჩაიბარა ადრესატის წარმომადგენელმა - ზ.გ–მა.

9. ზემოაღნიშნული განჩინებით მოწინააღმდეგე მხარეს განემარტა, რომ განჩინების ჩაბარებიდან 07 დღის განმავლობაში ჰქონდა აღნიშნულ შუამდგომლობაზე თავისი აზრის გამოთქმის, ასევე, საქმის ზეპირი განხილვის მოთხოვნის უფლება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ საქმე განიხილებოდა ზეპირი მოსმენის გარეშე.

10. მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელმა 2022 წლის 29 ივლისს განცხადებით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას, რომლითაც საქმის ზეპირი მოსმენით გახილვა მოითხოვა და მიუთითა შემდეგ გარემოებებზე:

10.1. მოწინააღმდეგე მხარე არ ყოფილა ინფორმირებული იმ სასამართლო სხდომის დროისა და ადგილის შესახებ, რომელზეც გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი. მას ჩაბარდა მხოლოდ სარჩელი და საქმის მასალები 2020 წლის 29 იანვარს, რაზეც წარადგინა შესაგებელი და სადავოდ გახადა როგორც მხარეთა შორის ხელშეკრულების დადების ფაქტი, ისე განსჯადობაზე შეთანხმება. საქმეში წარდგენილია 2021 წლის 12 მაისის გადაწყვეტილება, სადაც მითითებულია, რომ საქმის განხილვა ჩატარდა მოპასუხის გარეშე და საქმეში არ მოიპოვება ინფორმაცია 2021 წლის 12 მაისის სასამართლო სხდომის თაობაზე მისი გაფრთხილების შესახებ. ამასთან, სიმართლეს არ შეესაბამება იმავე გადაწყვეტილებაში მითითებული გარემოება, რომ მოპასუხის წარმომადგენელმა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით ითხოვა სხდომის გადადება. სხდომის დანიშვნის თაობაზე მოპასუხისთვის უცნობი იყო და ასეთი მოთხოვნით მას სასამართლოსთვის არ მიუმართავს;

10.2. სადავოა ხელშეკრულების დადების ფაქტი. ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ იგი დადებულია ქალაქ ბრესტში, ბელარუსის რესპუბლიკაში, თუმცა მოპასუხის იმჟამინდელი დირექტორი, სოლომონ ახალკაცი არასდროს ყოფილა ბელარუსის რესპუბლიკაში, შესაბამისად, იგი ვერც ხელშეკრულებას დადებდა, რაც თავისთავად გამორიცხავს განსჯადობის თაობაზე შეთანხმების არსებობას;

10.3. მოწინააღმდეგე მხარემ მიუთითა მხარეთა შორის 2018 წლის 01 ოქტომბერს დადებული ხელშეკრულების 7.1 პუნქტზე (დეტ. იხ. წინამდებარე განჩინების მე-5 პუნქტი) და განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში გადამზიდავს წარმოადგენს შპს „ს–ი“, რომელსაც შესაბამისი კომპეტენტური სასამართლოსთვის უნდა მიემართა სარჩელით და არა ბრესტის ოლქის ეკონომიკური სასამართლოსათვის;

10.4. გადაწყვეტილებას ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე, რომელიც საქმის განხილვაში არ მონაწილეობდა.

11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ ბელარუსის რესპუბლიკის ბრესტის ოლქის ეკონომიკური სასამართლოს 2021 წლის 12 მაისის №130-8/2019 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულების საკითხი განიხილა ზეპირი მოსმენით 2023 წლის 15 თებერვალს გამართულ სხდომაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

12. საქართველოს უზენაესი სასამართლო შუამდგომლობის, თანდართული მასალების გაცნობისა და მოწინააღმდეგე მხარის ახსნა-განმარტების მოსმენის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შპს „ს.–ს“ შუამდგომლობა ბელარუსის რესპუბლიკის ბრესტის ოლქის ეკონომიკური სასამართლოს 2021 წლის 12 მაისის №130-8/2019 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.

13. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ უცხო სახელმწიფოს სასამართლო გადაწყვეტილებისა და უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა/აღსრულება სხვა ქვეყანაში ამ უკანასკნელის საჯარო ხელისუფლების მიერ განხორციელებული აქტია, რომელთან მიმართებით ეს სახელმწიფო სრული სუვერენიტეტითა და თავისუფლებით სარგებლობს (იხ. თენგიზ ლილუაშვილი, საერთაშორისო კერძო სამართალი, თბილისი, 2001, გამომცემლობა „ჯი სი აი“, გვ. 157). „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და 70-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ შუამდგომლობაზე გადაწყვეტილების მიღების საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება.

14. „გათანაბრების თეორიის“ თანახმად, უცხოური აქტი უნდა აღქმულ იქნეს და იურიდიულად გაუთანაბრდეს შიდასახელმწიფოებრივ სასამართლო გადაწყვეტილებას. შესაბამისად, ამ სახის სასამართლო გადაწყვეტილებების საპროცესო შედეგებიც შიდასახელმწიფოებრივი სამართლის მიხედვით უნდა გადაწყდეს. ეს კონცეფცია ნოსტრიფიკაციის სახელით არის ცნობილი და ემყარება ყველა სახელმწიფოს სამართლებრივი სისტემის თანასწორუფლებიანობის მოსაზრებას. ამიტომ, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის და აღსრულების საკითხის გადაწყვეტისას მნიშვნელოვანია, თუ რა კრიტერიუმების არსებობას უკავშირებს გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულებას შესაბამისი ქვეყნის სასამართლო. ამგვარ კრიტერიუმებს შესაძლებელია მოცემული ქვეყნის კანონმდებლობა ან მის მიერ გაფორმებული ორმხრივი თუ მრავალმხრივი საერთაშორისო შეთანხმება პირდაპირ ჩამოთვლიდეს. გარდა ზემოაღნიშნულისა, ამ საკითხთან მიმართებით საერთაშორისო სამოქალაქო პროცესში გავრცელება ჰპოვა ე.წ. „სარკისებური ასახვის პრინციპმა“, რომლის მიხედვით, გადაწყვეტილების მცნობ სასამართლოს სარკისებურად გადააქვს თავისი ქვეყნის წესები გადაწყვეტილების მიღების კომპეტენციის შესახებ უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებაზე.

15. საერთაშორისო სამართლებრივ ბრუნვაში მრავალი ქვეყანა მისდევს revizion au fond-ის აკრძალვის სახელით ცნობილ პრინციპს, რომელიც უარყოფს უცხო ქვეყნის სასამართლოს (არბიტრაჟის) მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების შინაარსობრივ გადამოწმებას (იხ. სუსგ საქმე №ა-2135-შ-46-2015, 26 ოქტომბერი, 2015 წელი). აღნიშნული პრინციპის გათვალისწინებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის საკითხის გადაწყვეტისას არ ხდება საცნობი გადაწყვეტილების სამართლებრივი გამართულობის შემოწმება და მხარეთა შორის წარმოშობილი დავის ხელმეორედ არსებითი განხილვა. უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულების საკითხის განხილვისას საკასაციო პალატა ამ გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი წესრიგის გადასინჯვას ვერ განახორციელებს (იხ. მაგ., სუსგ საქმე №ა-1285-შ-29-2016, 29 ივლისი, 2016 წელი; №ა-1700-შ-42-2019, 07 ოქტომბერი, 2019 წელი).

16. საქართველოს უზენაესი სასამართლო უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს მხოლოდ მისი ცნობა/აღსრულებასთან დაკავშირებული სამართლებრივი წინაპირობების თვალსაზრისით. უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების იურიდიული ძალის სხვა ქვეყანაში გავრცელებისათვის უნდა არსებობდეს ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. ფაქტობრივ საფუძველში იგულისხმება უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების შედეგების გავრცელება იმ ქვეყნის ტერიტორიაზე, რომელმაც უნდა სცნოს ეს გადაწყვეტილება, ხოლო სამართლებრივ საფუძველში მოიაზრება საერთაშორისო კერძო სამართლის ნორმები, რომლითაც ხორციელდება ცნობა/აღსრულების შემოწმება/განხილვა. შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლო უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების აღიარებით ახდენს ამ გადაწყვეტილებით დაცული მხარის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების ცნობას, რომლის რეალიზაციის იურიდიული შედეგი უნდა გავრცელდეს საქართველოში (იხ. მაგ., სუსგ საქმე №ა-3644-შ-94-2019, 03 ოქტომბერი, 2019 წელი; №ა-3666-შ-83-2020, 24 დეკემბერი, 2020 წელი).

17. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად, საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ წესებს აქვთ უპირატესი იურიდიული ძალა ამ კანონით განსაზღვრულ წესებთან შედარებით.

18. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ვინაიდან საქართველოსა და ბელარუსის რესპუბლიკას შორის არ არის გაფორმებული ორმხრივი ხელშეკრულება სამოქალაქო საქმეებზე სამართლებრივი დახმარების შესახებ, წინამდებარე განჩინების დასაბუთებისას სასამართლო დაეყრდნობა „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის (შემდგომში - „მინსკის კონვენცია“) მოწესრიგებას.

19. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მინსკის კონვენციის მესამე თავი აწესრიგებს ხელშემკვრელ მხარეებს შორის სასამართლო გადაწყვეტილებათა ცნობა-აღსრულების წესებს. აღნიშნული კონვენციის 51-ე მუხლის მიხედვით, ხელშემკვრელი სახელმწიფოები კონვენციით გათვალისწინებული პირობებით ცნობენ და აღასრულებენ სხვა ხელშემკვრელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე სამოქალაქო და საოჯახო საქმეებზე იუსტიციის დაწესებულებების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს.

20. მინსკის კონვენციის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, სასამართლო, რომელიც განიხილავს ხელშემკვრელი მხარის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულების საკითხს, შემოიფარგლება კონვენციით გათვალისწინებული წინაპირობების შემოწმებით. იმ შემთხვევაში, თუ პირობები დაცულია, სასამართლოს გამოაქვს იძულებითი აღსრულების შესახებ გადაწყვეტილება.

21. მინსკის კონვენციის 55-ე მუხლის შესაბამისად, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობასა და იძულებით აღსრულებაზე შეიძლება უარი ითქვას, თუ: ა) იგი კანონიერ ძალაში არ შესულა ან არ ექვემდებარება აღსრულებას იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობის თანახმად, რომლის ტერიტორიაზეც გამოტანილია გადაწყვეტილება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც გადაწყვეტილება აღსრულებას ექვემდებარება კანონიერ ძალაში შესვლამდე; ბ) მოპასუხეს პროცესში იმის გამო არ მიუღია მონაწილეობა, რომ მას ან მის რწმუნებულს დროულად არ გადასცეს სასამართლოში გამოძახების შესახებ შეტყობინება; გ) იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით იმ ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე, სადაც უნდა აღიარდეს და აღსრულდეს გადაწყვეტილება, საქმეზე ადრე უკვე გამოტანილი იყო კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან არსებობს მესამე სახელმწიფოს სასამართლოს მეირ აღიარებული გადაწყვეტილება, ანდა თუ ამ ხელშემკვრელი მხარის დაწესებულებამ ადრე აღძრა წარმოება აღნიშნულ საქმეზე; დ) წინამდებარე კონვენციის დებულებათა თანახმად, ხოლო მის მიერ გაუთვალისწინებელ შემთხვევებში, იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობის თანახმად, რომლის ტერიტორიაზეც გადაწყვეტილება უნდა აღიარდეს და აღსრულდეს, საქმე ეხება მისი დაწესებულების განსაკუთრებულ კომპეტენციას; ე) არ არსებობს დოკუმენტი, რომლიც ადასტურებს მხარეთა შეთანხმებას სახელშეკრულებო განსჯადობის შესახებ; ვ) ამოიწურა იძულებითი აღსრულების ხანდაზმულობის ვადა, რომელიც გათვალისწინებულია იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობით, რომლის სასამართლოც ასრულებს დავალებებს.

22. განსახილველ შემთხვევაში, მოწინააღმდეგე მხარე უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებაზე უარის თქმის საფუძვლად უთითებს მინსკის კონვენციის 55-ე მუხლის „ბ“ და „ე“ პუნქტებით განსაზღვრულ პირობებს.

23. საქართველოს უზენაესი სასამართლო, უპირველეს ყოვლისა, იმსჯელებს მოწინააღმდეგე მხარის იმ პოზიციაზე, რომ მხარეთა შორის საერთოდ არ დადებულა ხელშეკრულება, რომლიც შეიცავს შეთანხმებას განსჯადობაზე, რის გამოც, ბელარუსის რესპუბლიკის ბრესტის ოლქის ეკონომიკურ სასამართლოს არ ჰქონდა დავის განხილვის კომპეტენცია. მხარე ალტერნატიულად ავითარებს მსჯელობას, რომ განსჯადობაზე შეთანხმების დადებულად მიჩნევის შემთხვევაშიც, მისი შინაარსიდან ბრესტის ოლქის ეკონომიკური სასამართლოს კომპეტენცია წინამდებარე დავის მიმართ არ გამომდინარეობს.

24. მინსკის კონვენციით რეგლამენტირებულია, აგრეთვე, სამოქალაქო და საოჯახო საქმეებზე ხელშემკვრელი სახელმწიფოების სასამართლოთა კომპეტენციის საკითხები. კონვენციის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გარდა განსაკუთრებულ კომპეტენციას მიკუთვნებული საქმეებისა, იურიდიული პირების წინააღმდეგ სარჩელები წარედგინება იმ ხელშემკვრელი მხარის სასამართლოებს, რომლის ტერიტორიაზეც იმყოფება იურიდიული პირის მართვის ორგანოები, მისი წარმომადგენლობა ან ფილიალი. თუმცა, კონვენციის 21-ე მუხლის თანახმად, ხელშემკვრელ მხარეთა სასამართლოებს შეუძლიათ განიხილონ საქმეები სხვა შემთხვევებშიც, თუ არსებობს მხარეთა წერილობითი შეთანხმება ამ სასამართლოებში დავის გადაცემის შესახებ.

25. ამრიგად, მინკის კონვენცია მხარეთა შეთანხმებით სასამართლოს საერთაშორისო კომპეტენციის განსაზღვრის შესაძლებლობას აღიარებს (გარდა სასამართლოთა განსაკუთრებული კომპეტენციისა, რომელიც გამომდინარეობს კონვენციის მე-20 მუხლის მე-3 პუნქტიდან და პირველი კარის II-IV ნაწილებით დადგენილი ნორმებიდან, აგრეთვე, შესაბამისი სახელმწიფოს შიდა კანონმდებლობიდან და არ შეიძლება შეიცვალოს მხარეთა შეთანხმებით).

26. განსჯადობაზე შეთანხმება აღიარებულია საქართველოს კანონმდებლობითაც. ასეთი შეთანხმების უფლებას საქართველოს შიგნით მისი საერთო სასამართლოების განსჯადობასთან დაკავშირებით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 21-ე მუხლი, ხოლო უცხო ქვეყნის სასამართლოებთან მიმართებით „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ" საქართველოს კანონის მე-18 მუხლი უზრუნველყოფს, რომლის მე-3 პუნქტის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ უცხო ქვეყნის სასამართლოს საერთაშორისო კომპეტენციაზე, თუ ერთ-ერთ მათგანს საცხოვრებელი ადგილი, რეზიდენცია ან ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი უცხო ქვეყანაში აქვს. ასეთ შეთანხმებაზე შესაბამისად ვრცელდება ამ მუხლის მე-2 პუნქტი.

27. საქართველოს ან უცხო ქვეყნის სასამართლოს კომპეტენციაზე/ განსჯადობაზე მხარეთა შეთანხმების შემთხვევაში, შეიძლება წამოიჭრას საკითხი ამ შეთანხმების ფორმის, ნამდვილობისა და ძალაში შესვლის შესახებ. ასეთ დროს, მნიშვნელოვანია, გაირკვეს ეს საკითხები რომელი ქვეყნის სამართლით გადაწყდება. აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტებას იძლევა "საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ" საქართველოს კანონი, რომლის თანახმად, შეთანხმების ფორმის საკითხი კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად გადაწყდება (აღნიშნულთან მიმართებით მოქმედებს ე.წ. favor validitatis პრინციპი), ხოლო ნამდვილობასა და ძალაში შესვლაზე გამოსაყენებელი სამართალი კი 27-ე მუხლის დებულებათა შესაბამისად უნდა განისაზღვროს (იხ. სუსგ საქმე №ა-2135-შ-46-2015, 26 ოქტომბერი, 2015 წელი; №ა-2761-შ-69-2016, 07 ივლისი, 2017 წელი; იხ., აგრეთვე, ნ. ბაქაქური / ჰაგენლოხი / ალავიძე / ბერეკაშვილი / გასიტაშვილი / თოდუა / მესხიშვილი / ქათამაძე / ძლიერიშვილი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კომენტარი (რჩეული მუხლები), GIZ, თბილისი, 2020, გვ. 218).

28. "საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ" საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, შეთანხმება, რომლითაც დგინდება უცხო ქვეყნის სასამართლოს კომპეტენცია, უნდა დაიდოს წერილობით ან სიტყვიერად, წერილობითი დადასტურებით.

29. მოცემულ შემთხვვევაში სადავო არ არის, რომ განსჯადობაზე შეთანხმება ინტეგრირებულია წერილობითი ხელშეკრულების მე-7 მუხლში. ამრიგად, სახეზეა მხარეთა მიერ ხელმოწერილი წერილობითი შეთანხმება, ხოლო არგუმენტი იმის შესახებ, რომ მოწინააღმდეგე მხარეს ხელშეკრულება არ დაუდია, რადგან მისი დირექტორი არასდროს ყოფილა ბელარუსის რესპუბლიკაში, არ არის გამყარებული რაიმე მტკიცებულებით. ამასთან, მხარემ ვერ დაასაბუთა, რატომ შეიძლება ყოფილიყო ბელარუსის რესპუბლიკაში არყოფნა ხელშეკრულების დადების დამაბრკოლებელი გარემოება.

30. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ასევე მოწინააღმდეგე მხარის არგუმენტს, რომ ხელშეკრულების 7.1 პუნქტის შინაარსიდან არ გამომდინარეობს მოცემული დავის მიმართ ბრესტის სასამართლოს საერთაშორისო კომპეტენცია.

31. მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის 2018 წლის 01 ოქტომბერს დადებული №01/10/18 ხელშეკრულების (სატრანსპორტო - საექსპედიციო მომსახურებაზე საავტომობილო ტრანსპორტით ტვირთის გადაზიდვისას) (ხელშეკრულება შედგენილია რუსულ ენაზე) 7.1 პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ განსჯად სასამართლოზე ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავის წარმოშობის შემთხვევაში. კერძოდ, აღნიშნული პუნქტის თანახმად:

"დავისა და უთანხმოების შემთხვევაში, მხარეები შეეცდებიან მოაგვარონ ისინი მოლაპარაკების გზით. თუ მხარეები არ შეთანხმდებიან, მაშინ დავები უნდა გადაწყდეს ბრესტის ოლქის ეკონომიკურ სასამართლოში, ბელარუსის რესპუბლიკის კანონმდებლობისა და საერთაშორისო კანონმდებლობის შესაბამისად, გარდა გადამზიდავის (ექსპედიტორის კონტრაქტორის) მიმართ სარჩელებისა, რომლებიც წარედგინება კომპეტენტურ სასამართლოს გადამზიდავის ადგილსამყოფელის მიხედვით, ამ სასამართლოს წესების შესაბამისად, საერთაშორისო გადაზიდვებში ტვირთის გადაზიდვის მარეგულირებელი კანონმდებლობის თანახმად".

32. ამრიგად, ხელშეკრულების 7.1 პუნქტი ადგენს ზოგად წესს, რომლის თანახმად, მხარეთა შორის წარმოშობილი დავები უნდა გადაწყდეს ბრესტის ოლქის ეკონომიკურ სასამართლოში, ბელარუსის რესპუბლიკის კანონმდებლობისა და საერთაშორისო კანონმდებლობის შესაბამისად.

33. ამ წესიდან გამონაკლისია გადამზიდავის (ექსპედიტორის კონტრაქტორის) მიმართ აღძრული სარჩელები, რომლებიც წარედგინება კომპეტენტურ სასამართლოს გადამზიდავის ადგილსამყოფელის მიხედვით, ამ სასამართლოს წესების შესაბამისად, საერთაშორისო გადაზიდვებში ტვირთის გადაზიდვის მარეგულირებელი კანონმდებლობის თანახმად.

34. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საერთაშორისო სამოქალაქო საპროცესო სამართალი იცნობს საერთაშორისო კომპეტენციის რამდენიმე სახეს. ერთმანეთისაგან განასხვავებენ პირდაპირ და ირიბ, საერთაშორისო და ადგილობრივ, საერთო და განსაკუთრებულ, ფაკულტატურ და გამომრიცხავ საერთაშორისო კომპეტენციას. საერთაშორისო კომპეტენციის ცნება აღიარებს ისეთ სახეებს, როგორიცაა საერთო და განსაკუთრებული საერთაშორისო კომპეტენცია. საერთო საერთაშორისო კომპეტენცია კონტინენტური სამართლის ევროპულ ქვეყნებში დაკავშირებულია მოპასუხის საცხოვრებელ ადგილთან/ ადგილმდებარეობასთან (aqtor sequitur forum rei). ანალოგიურ მიდგომას ავითარებას "საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ" კანონის მე-8 და მე-9 მუხლები, თუმცა, როგორც აღინიშნა, კანონის მე-18.3 მუხლი აღიარებს სასამართლოს კომპეტენციაზე მხარეთა შეთანხმების შესაძლებლობასაც, თუ ერთ-ერთ მათგანს საცხოვრებელი ადგილი, რეზიდენცია ან ჩვეულებრივი ადგილსამყოფებელი უცხო ქვეყანაში აქვს.

35. მოცემულ შემთხევაში მოსარჩელე კომპანიის ჩვეულებრივი ადგილსამყოფებელი ბელარუსის რესპუბლიკაშია, ხოლო მოპასუხე კომპანიისა - საქართველოში, შესაბამისად, მხარეებს შეეძლოთ შეთანხმება ბრესტის ოლქის ეკონომიკური სასამართლოს კომპეტენციაზე. აღნიშნული შეთანხმება შეესაბამება, როგორც მინსკის კონვენციის 21-ე მუხლს, ისე "საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ" საქართველოს კანონის მე-18 მუხლს.

36. რაც შეეხება გამონაკლის დათქმას, იგი სრულ თანხვედრაშია მინსკის კონვენციის მე-20 მუხლის მე-3 პუნქტის მეორე აბზაცის შინაარსთან, რომლის შესაბამისად, ტვირთის გადაზიდვის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე გადამზიდავის წინააღმდეგ სარჩელებზე ექსკლუზიური კომპეტენცია აქვს სასამართლოს იმ სატრანსპორტო ორგანიზაციის მართვის ადგილსამყოფელის მიხედვით, რომელსაც დადგენილი წესით წარედგინება მოთხოვნა.

37. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე კომპანია ხელშეკრულების მიხედვით იყო ექპედიტორი, მოპასუხე - დამკვეთი, ხოლო უშუალო გადამზიდავს (ექსპედიტორის კონტრაქტორს) კი წარმოადგენდა მესამე პირი (დსს „პეტვა“), რომლის მიმართ მოსარჩელის ან მოპასუხის მხრიდან სარჩელი არ აღძრულა. შესაბამისად, სარჩელი აღძრული იყო არა გადამზიდავის (ექსპედიტორის კონტრაქტორის), არამედ დამკვეთის მიმართ, ხოლო სარჩელი აღძრა ექსპედიტორმა. ამიტომ, გამონაკლის შემთხვევას ადგილი არ ჰქონია.

38. საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს მოწინააღმდეგე მხარის პრეტენზიას, რომ იგი კანონით დადგენილი წესით არ იყო მიწვეული საქმის განხილვაზე.

39. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ როგორც მინსკის კონვენცია, ისე ქვეყნის შიდა კანონმდებლობა, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულების საკითხის განხილვისას საქმის განხილვასთან დაკავშირებით მხარის ინფორმირებულობას ერთ-ერთ წინაპირობად მიიჩნევს (იხ. სუსგ საქმე №ა-3667-შ-97-2013, 14 აპრილი, 2014 წელი).

40. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზე, განსახილველი შუამდგომლობის დასაბუთებულობის კვლევის დროს, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებაში მითითებული გარემოება მხარისათვის უწყების ჩაბარების თაობაზე, ქმნის გაქარწყლებად პრეზუმფციას (rebuttable presumption), რომლის გაბათილება, ამ შემთხვევაში, სტანდარტული მტკიცებულებით ვერ მოხდება. მნიშვნელოვანია, რომ მოწინააღმდეგე მხარეს მიეცეს საკუთარი პოზიციის დამტკიცების, ანუ პრეზუმფციის, როგორც ვარაუდის, გაქარწყლების შესაძლებლობა (იხ. მაგ., სუსგ საქმე №ა-2021-შ-52-2016, 21 ოქტომბერი, 2016 წელი; №ა-4744-შ-119-2017, 30 მაისი, 2018 წელი; №ა-5069-შ-130-2017, 26 აპრილი, 2018 წელი).

41. უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულების საკითხის განხილვისას, როდესაც შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები შეიცავს მკაფიო მითითებას კანონით დადგენილი წესით მოპასუხის ინფორმირების თაობაზე, მოპასუხეა ვალდებული ამტკიცოს, რომ მას არ მიუღია მონაწილეობა საქმის განხილვაში, იმის გამო, რომ კანონით დადგენილი წესით არ გადასცეს უწყება სასამართლოში გამოძახების შესახებ (იხ. სუსგ საქმე №ა-4330-შ-121-2016, 26 თებერვალი, 2018 წელი).

42. მოცემულ შემთხვევაში მოწინააღმდეგე მხარეს მიეცა შესაძლებლობა გაექარწყლებინა ვარაუდი სასამართლო სხდომის შესახებ მისი სათანადო წესით ინფორმირებულობის თაობაზე, თუმცა მან ვერ წარმოადგინა ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც ამ ვარაუდს გააქარწყლებდა ან მტკიცების ტვირთს შუამდგომლობის ავტორზე გადაიტანდა. კერძოდ, ბელარუსის რესპუბლიკის ბრესტის ოლქის ეკონომიკური სასამართლოს 2021 წლის 12 მაისის №130-8/2019 გადაწყვეტილებაში სასამართლო სხდომის თაობაზე მოპასუხის ინფორმირებულობასთან დაკავშირებით მითითებულია შემდეგი: „სასამართლოს არ გააჩნია ინფორმაცია საქართველოს რესპუბლიკის უფლებამოსილი ორგანოდან მოპასუხის წარმომადგენლისათვის საფოსტო გზავნილის ჩაბარების თაობაზე. ამავე დროს, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მოპასუხისგან შემოვიდა შუამდგომლობა საქმის მოსმენის გადავადების მოთხოვნით, იმ საფუძვლით, რომ ჩამოსულმა წარმომადგენელმა უნდა გაიაროს ათდღიანი კარანტინი. სასამართლო არ ფლობს ინფორმაციას, რომ მოპასუხის უფლებამოსილი წარმომადგენელი ჩამოვიდა ბელარუსის რესპუბლიკაში საქმის მოსმენაში მონაწილეობისათვის, რაც იქნებოდა სასამართლოს სხდომის დროებით შეწყვეტის საფუძველი“.

43. ამრიგად, სასამართლოს გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ მოპასუხე ინფორმირებული იყო სასამართლო სხდომის დროისა და ადგილის შესახებ, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ვერ მიმართავდა სასამართლოს საქმის მოსმენის გადავადების შუამდგომლობით. გადაწყვეტილებით ასევე დასტურდება სასამართლოს მზაობა განეხილა სხდომის გადადების საკითხი, თუ მას წარედგინებოდა მტკიცებულება, რომ მოპასუხის უფლებამოსილი წარმომადგენელი მართლაც ჩავიდა ბელარუსის რესპუბლიკაში საქმის მოსმენაში მონაწილეობისათვის და კარანტინში ყოფნის გამო ვერ ახერხებდა სხდომაზე გამოცხადებას. მოპასუხემ აღნიშნული გარემოება ვერ დაადასტურა.

44. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე სათანადო წესით იყო ინფორმირებული სასამართლო სხდომის დროისა და ადგილის შესახებ და ბელარუსის რესპუბლიკის სამეურნეო საპროცესო კოდექსის 177-178-ე მუხლების საფუძველზე, სასამართლო უფლებამოსილი იყო საქმე მოპასუხის დასწრების გარეშე განეხილა, რაც შუამდგომლობაზე თანდართული ბელარუსის რესპუბლიკის ბრესტის ოლქის ეკონომიკური სასამართლოს 2021 წლის 27 აგვისტოს №130-8/2019 ცნობითაც დასტურდება.

45. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მოწინააღმდეგე მხარის პრეტენზიას, რომ გადაწყვეტილებას ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე, რომელიც საქმის განხილვაში არ მონაწილეობდა. შუამდგომლობაზე დართული ბელარუსის რესპუბლიკის ბრესტის ოლქის ეკონომიკური სასამართლოს 2021 წლის 12 მაისის №130-8/2019 გადაწყვეტილების მიხედვით, გადაწყვეტილებას ხელს აწერს საქმის განმხილველი მოსამართლე ლ.ვ. ლ–ი, ხოლო თავმჯდომარის მოადგილის, ნ.ე. დ–ის მიერ დამოწმებულია გადაწყვეტილების ასლის დედანთან სისწორე, ასევე, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის ფაქტი და კანონიერ ძალაში შესვლის თარიღი.

46. ამდენად, მოწინააღმდეგე მხარემ ვერ დასძლია მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთი და ვერ დაასაბუთა გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულებაზე უარის თქმის წინაპირობების არსებობა.

47. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შუამდგომლობის ავტორის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და ბელარუსის რესპუბლიკის ბრესტის ოლქის ეკონომიკური სასამართლოს 2021 წლის 12 მაისის №130-8/2019 გადაწყვეტილება საქართველოს ტერიტორიაზე უნდა იქნას ცნობილი და მიექცეს აღსასრულებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ იხელმძღვანელა „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის 21-ე, 53-55-ე მუხლებით, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 70-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ს–ის“ შუამდგომლობა ბელარუსის რესპუბლიკის ბრესტის ოლქის ეკონომიკური სასამართლოს 2021 წლის 12 მაისის №130-8/2019 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და დაექვემდებაროს აღსრულებას ბელარუსის რესპუბლიკის ბრესტის ოლქის ეკონომიკური სასამართლოს 2021 წლის 12 მაისის №130-8/2019 გადაწყვეტილება, რომლითაც: შპს „ი.–სს“ (საქართველო, ქ. თბილისი) შპს „ს–ის“ (ბელარუსის რესპუბლიკა, ქ. ბრესტი) სასარგებლოდ დაეკისრა დავალიანების სახით 55 150 ევროს და ჯარიმის სახით 30 000 ევროს, ჯამში 85 150 ევროს გადახდა; შპს „ი.ს–სს“ შპს „ს–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო გადასახადის - 7 400 ბელარუსული რუბლის, იურიდიული დახმარების ხარჯების - 300 ბელარუსული რუბლისა და მთარგმნელობითი ხარჯების - 361 ბელარუსული რუბლის, ჯამში 8 061 ბელორუსული რუბლის ანაზღაურება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი