საქმე №ას-376-2023
4 ივლისი, 2023 წელი ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი - ს.შ–ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - ნ.მ–ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 10 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი - უძრავი ქონების რეალიზაციის გზით საზიარო უფლების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. უძრავი ქონების რეალიზაციის გზით საზიარო უფლების გაუქმების მოთხოვნით ნ.მ–ის (შემდეგში - მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე) წინააღმდეგ ს.შ–ძემ (შემდეგში - მოსარჩელე ან კასატორი) სასამართლოში სარჩელი შეიტანა.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 10 ნოემბრის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელი დარჩა.
5. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ საკასაციო საჩივარი წარმოადგინა, რომლითაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ-ის) 396.3 მუხლის მიხედვით, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩება. ამავე მუხლის მე-4 ნაწილით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს.
7. საქმის მასალებით დგინდება, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 5 აპრილის განჩინებით საკასაციო საჩივარზე კასატორს ხარვეზი დაუდგინდა, კერძოდ, აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 7 დღეში მას 50 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრის დედნის წარმოდგენა დაევალა.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 5 აპრილის ზემოხსენებული განჩინება კასატორს 2023 წლის 22 ივნისს სსსკ-ის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად სატელეფონო შეტყობინებით ჩაჰბარდა.
9. საკასაციო პალატა მიუთითებს სსსკ-ის 60.2 მუხლზე, რომლითაც დადგენილია საპროცესო ვადის დენის დასაწყისი და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარზე ხარვეზის შესახებ განჩინებით განსაზღვრული შვიდდღიანი ვადის დენა კასატორისათვის 2023 წლის 23 ივნისს დაიწყო და ამავე კოდექსის 61.1 მუხლის შესაბამისად 2023 წლის 29 ივნისს (სსსკ 61.2-მუხლის მიხედვით) ამოიწურა.
10. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია, ამ უკანასკნელმა საკასაციო პალატას ზემომითითებული ვადის გასვლის შემდეგ, კერძოდ, 2023 წლის 3 ივლისს მომართა. ამასთან, ხარვეზის შევსების მიზნით წარმოდგენილი განცხადების ხელმოწერისა და სახელმწიფო ბაჟის გადახდის თარიღადაც 2023 წლის 3 ივლისია მითითებული, რა დროსაც კასატორს ხარვეზის გამოსწორების პროცესუალური შესაძლებლობა აღარ გააჩნდა.
11. სსსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
დასახელებული საპროცესო ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს ის საპროცესო მოქმედება, რაც მას სასამართლომ დაავალა, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
12. ამავდროულად, საკასაციო პალატა მიუთითებს სსსკ-ის 399-ე მუხლზე, რომლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. აღნიშნული ნორმით განსაზღვრულია საკასაციო პალატის უფლებამოსილება, იხელმძღვანელოს ქვემდგომ სასამართლოში დადგენილი სამართალწარმოების მარეგულირებელი იმ ნორმებით, რომლებიც არ ეწინააღმდეგება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მეცხრე კარით განსაზღვრულ საკასაციო სამართალწარმოების თავისებურებებს. სსსკ-ის 374.3 მუხლის მიხედვით, თუ სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს მთლიანად დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 6.3 მუხლის შესაბამისად კი, გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ექვემდებარება მთლიანად ან ნაწილობრივ დაბრუნებას საქმის წარმოების შეწყვეტისას ან სარჩელის განუხილველად დატოვებისას, თუ საქმე სასამართლოში განხილვას არ ექვემდებარება, აგრეთვე, როდესაც მოსარჩელე არ იცავს მოცემული კატეგორიის საქმეებისათვის წინასწარი დავის გადაწყვეტის დადგენილ წესს.
13. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, რაკი სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შევსებულა, საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, ხოლო საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი კასატორს უნდა დაუბრუნდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 284-ე, 396-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ს.შ–ძის საკასაციო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 10 ნოემბრის განჩინებაზე, დარჩეს განუხილველად.
2. ს.შ–ძეს (პ/ნ - ......) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - ჯამურად 150 ლარი (მათ შორის, 2023 წლის 5 აპრილს # 1680615339 საგადახდო დავალებით თ.ფ–ძის (პ/ნ - ........) მიერ გადახდილი 100 ლარი და 2023 წლის 3 ივლისს #1688367370 საგადახდო დავალებით თ.ფ–ძის (პ/ნ - .........) გადახდილი 50 ლარი) შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300773150
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე : ვლადიმერ კაკაბაძე