1 ივნისი, 2023 წელი,
საქმე №ას-543-2023 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიცია (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს ,,ბ–ო“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 28 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციასა (შემდეგში - მოსარჩელე, კასატორი ან მყიდველი) და შპს „ბ–ოს“ (შემდეგში: მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე ან გამყიდველი) შორის 2020 წლის 28 ივლისს ნასყიდობის ხელშეკრულება (შემდეგში - ნასყიდობის ხელშეკრულება ან ხელშეკრულება) დაიდო.
2. ნასყიდობის ხელშეკრულების 10.2 პუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების დარღვევის შემთხვევაში, თუ ვადის გადაცილება საქონლის ვადაგადაცილებით მიწოდებას (მათ შორის, ხარვეზის ან/და ნაკლის გამოსწორების ვადა) შეეხება, მყიდველი უფლებამოსილია გამყიდველს პირგასამტეხლო დააკისროს, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ვადაგადაცილებით მიწოდებული საქონლის ღირებულების 2%-ის ოდენობით, მაგრამ თითოეული ლოკაციისათვის არანაკლებ დღეში 50 ლარისა.
ამავე ხელშეკრულების 10.3 პუნქტის მიხედვით, წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ანგარიშსწორების ვადის დარღვევის შემთხვევაში, გამყიდველი უფლებამოსილია მყიდველს დააკისროს პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გამყიდველისათვის ჩასარიცხი თანხის 2%-ის ოდენობით.
3. მოსარჩელემ მოპასუხეს ხელშეკრულების დანართით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში 2020 წლის 18 დეკემბრის ჩათვლით მოსთხოვა საქონლის მიწოდება.
4. 58 401.46 ლარის ღირებულების საქონელი მოპასუხემ მოსარჩელეს 2020 წლის 14 იანვარს - 27 დღის ვადაგადაცილებით მიაწოდა, 46 766.72 ლარის ღირებულების საქონელი - 2021 წლის 22 იანვარს, 8 დღის ვადაგადაცილებით, 46 766.72 ლარის ღირებულების საქონელი - 2021 წლის 25 იანვარს, 3 დღის ვადაგადაცილებით, ხოლო, 23 265.04 ლარის ღირებულების საქონელი - 2021 წლის 27 იანვარს, 2 დღის ვადაგადაცილებით იქნა მიწოდებული.
5. გამყიდველის წინააღმდეგ მყიდველმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა და 11 849.78 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრება მოითხოვა.
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხეს 5 921.09 ლარის გადახდა დაეკისრა.
7. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 28 თებერვლის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.
8.1. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო წინამდებარე განჩინების 1-4 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და მიიჩნია, რომ მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნა საფუძვლიანი იყო, თუმცა 0.2% შეუსაბამოდ მაღალ ოდენობას შეადგნდა და 0.1%-მდე უნდა შემცირებულიყო (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის 417-ე, 418.1 და 420-ე მუხლები).
9. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ საკასაციო საჩივარი წარმოადგინა, ამ განჩინების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილების მოთხოვნით, შემდეგი დასაბუთებით:
9.1. ხელშეკრულების მიხედვით პირგასამტეხლო დაანგარიშდება ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, რომელიც ვალდებულების ჯეროვანი შესრულების პრევენციაა და, არა - მხარის დანაკარგების კომპენსირება, რომლის შეფასება და დათვლა კონკრეტულ შემთხვევაში შეუძლებელია.
9.2. ხელშეკრულების შეფასებისას სასამართლომ უგულებელყო სსკ-ის 418-ე მუხლის მოთხოვნა, რაც პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრის ფუნქციას მხარეებს თავად ანიჭებს. ამავე ნორმით შეზღუდულია უფლება, საკანონმდებლო მიზნების გათვალისწინებით სახელმწიფო მხარეთა სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩაერიოს. სასამართლოს მოსაზრებით, „შეუსაბამოდ მაღლი“ ოდენობის გამო პირგასამტეხლო შემცირებას ექვემდებარებოდა, თუმცა დაუსაბუთებელია, თუ რატომაა პირგასამტეხლო „შეუსაბამოდ მაღალი“.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 3 მაისის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
11. სსსკ-ის 391.5 მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
ზემოაღნიშნული ნორმა განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
12. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება გამოიწვია.
კონკრეტულ საქმეზე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია, ამიტომ ისინი საკასაციო სასამართლოსათვის სავალდებულოა.
13. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანი ისაა, თუ რამდენად საფუძვლიანია მოსარჩელის (მყიდველი) მოთხოვნა, მოპასუხისათვის (გამყიდველი) პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე. სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელით მოთხოვნილი 11849,78 ლარის ნაცვლად, მოპასუხეს პირგასამტეხლოს ანგარიშში 5921,09 ლარის გადახდა დაევალა. ხსენებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით მოსარჩელემ გაასაჩივრა და სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზეც საკასაციო საჩივარი ამ უკანასკნელმა შემოიტანა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოში სადავოა, პირგასამტეხლოს შემცირების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების/განჩინების კანონიერება.
14. პირგასამტეხლოს ანაზღაურების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნა სსკ-ის 477.1 (ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი), 477.2 (მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება), 361.2 (ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას), 417-418-ე (პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ, თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება, აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა; შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას) მუხლებიდან გამომდინარეობს.
15. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, კანონმდებლის მიერ ხელშეკრულების მხარეთათვის პირგასამტეხლოს თავისუფლად განსაზღვრის უფლების მინიჭება იმას არ ნიშნავს, რომ ეს თავისუფლება ხელშეუხებელია. მოვალის შესაგებლის არსებობისას, სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს გონივრულობა და საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ამ მიზანს ემსახურება სსკ-ის 420-ე მუხლი (სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო).
16. მოცემულ საკითხზე არსებობს საქართველოს უზენაეს სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკა, საკასაციო პალატის არაერთ განჩინებასა თუ გადაწყვეტილებაში განმარტებულია შემდეგი:
პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა უკავშირდება ვალდებულების დარღვევას. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან, ანუ პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია, ვალდებულების დარღვევის ფაქტი...; პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა (შდრ. იხ. სუსგ: №ას-1373-2018, 17.01.2019; № ას 848-814-2016, 28.12.2016; №ას-816-767-2015, 19.11.2015; №ას-953-918-2016, 22.11.2016).
„პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან... პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება, ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა: ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა“ (შდრ. იხ. სუსგ: №ას-176-157-2014).
„მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, იგი არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება და რაც მთავარია ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინება, სახელდობრ, ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, და ა.შ. (იხ.სუსგ-ები: Nას-708-678-2016, 27 იანვარი, 2017 წელი; №ას-1199-1127-2015, 13 აპრილი, 2016 წელი; №ას-222-209-2015, 6 მაისი, 2015 წელი).
ამდენად, სსკ-ის 420-ე მუხლის საფუძველზე, სასამართლოს უფლება აქვს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც შეფასებითი კატეგორიაა და, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება.
17. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოპასუხისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა, რაც გასაჩივრებული განჩინებით ძალაში დარჩა, კონკრეტული საქმის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით უცვლელადაა დასატოვებელი (სსსკ-ის 410-ე მუხლი „გ“ ქვეპუნქტი).
აღსანიშნავია, რომ მსჯელობა, რომლითაც სააპელაციო სასამართლომ პირგასამტეხლოს შემცირებული ოდენობის გონივრულობა დაასაბუთა საკასაციო პალატისათვის სრული მოცულობით გაზიარებული ვერ იქნება.
პირგასამტეხლოს შემცირების საკითხის გადაწყვეტისას სასამართლოსათვის განმსაზღვრელი მნიშვნელობა კონკრეტული საქმის მკაცრად ინდივიდუალურ მახასიათებლებს ენიჭება, რომელთა გაანალიზების შედეგად უნდა გადაწყდეს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი პირგასამტეხლოს დაკისრების საკითხი.
შესაბამისად, პირგასამტეხლოს შემცირების არგუმენტაციის კონტექსტში რომელიმე ზღვრული სიდიდის მრავალჯერადად გამოყენება და მისი მსგავსი სამართლებრივი კატეგორიის დავებზე გავრცელება მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია.
18. პალატა ყურადღებას ამახვილებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ ერთგვაროვან პრაქტიკაზე, კერძოდ, არაერთ განჩინებასა თუ გადაწყვეტილებაში განმარტებულია:
ვალდებულების ნაწილის შესრულების ვადის გადაცილებისთვის პირგასამტეხლოს ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან დაანგარიშება ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების მინიმალურ სტანდარტს, რადგან პირგასამტეხლოს ასეთი ოდენობით დაკისრება, როგორც კრედიტორის დარღვეული უფლებების და ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთგვარი სანქცია, თავის ნორმატიულ დანიშნულებას ვერ შეასრულებს. პირგასამტეხლო უნდა დაანგარიშდეს არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების ღირებულებიდან (იხ. სუსგ: Nას-971-2019, 28.10.2019; Nას-581-2019, 31.07.2019; Nას-164-160-2016, 28.07.2016).
19. როგორც სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, მოპასუხის მიერ დარღვეულია ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადა.
საკასაციო პალატა ხაზს უსვამს, რომ ყოველდღიურად დასარიცხი პირგასამტეხლოს ერთეულის (0,2%) შემცირების გარეშე, ხელშეკრულების შეუსრულებელი ნაწილის მოცულობის გათვალისწინებით და საკასაციო პალატის ზემომოხმობილი პრაქტიკის შესაბამისად პირგასამტეხლოს დაანგარიშების შემთხვევაში მისი ჯამური მოცულობა ქვემდგომი სასამართლო ინსტანციების მიერ განსაზღვრულ ნიშნულს არ გადააჭარბებს.
შესაბამისად, განსახილველი საკასაციო საჩივარი ნებისმიერ შემთხვევაში წარუმატებელია, რამდენადაც პირგასამტეხლოს სწორი პრინციპით დაანგარიშების პირობებშიც კონკრეტული საქმის სამართლებრივი სურათი კრედიტორის (კასატორის) სასარგებლოდ მაინც ვერ შეიცვლება ხოლო მოპასუხეს დასახელებული გადაწყვეტილება ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში არ გაუსაჩივრებია.
20. არ არსებობს სსსკ-ის 391.5 მუხლის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.
21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
22. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორი გათავისუფლებულია საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე