Facebook Twitter

1 ივნისი, 2023 წელი,

საქმე №ას-1569 -2022 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - პ.ო–ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - ი.ხ–ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ხელშეშლის აღკვეთა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. პ.ო–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე ან კასატორი) საკასაციო პრეტენზიით, მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით, დაუსაბუთებელია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება, რომლითაც ი.ხ–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, აპელანტი ან მოწინააღმდეგე მხარე) სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც აღკვეთილ იქნა ხელშეშლა და მოპასუხის მფლობელობაში არსებული უძრავი ნივთიდან მდებარე თბილისში, ........ქუჩა #34-დან, (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც უძრავი ქონება) (ს/კ-ით #........ და #....... უძრავ ნივთებს შორის მდებარე უძრავი ქონება) გაყვანილ იქნენ იქ მობინადრე ძაღლები; ასევე მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 60 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება: სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხის მფლობელობაში არსებული უძრავი ნივთიდან დადგინდა 6 თვეზე დიდი ასაკის 10-ზე მეტი ძაღლის გაყვანის ვალდებულება, სახელდობრ:

1.1. კასატორის მტკიცებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო სამეზობლო სამართლის პრინციპები და მოპასუხეს მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიაზე 10 ზრდასრული ძაღლის ყოლის უფლება განუსაზღვრა. აღნიშნული გადაწყვეტილების შედეგად ვერ მოხერხდება ცხოველთა "ფაქტობრივი თავშესაფრის" გაუქმება და მოსარჩელეს საკუთრების სრულფასოვანი გამოყენება კვლავ ეზღუდება.

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 13 თებერვლის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

3. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

4. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

4.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

4.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:

4.3. მხარეები თბილისში, ........, ერთმანეთის მეზობლად ცხოვრობენ, კერძოდ:

4.4. თბილისში, ... ........ მდებარე უძრავი ქონება, ს/კ-ით #......... (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელის თანასაკუთრება) მოსარჩელის, მ.კ–ისა და ლ.ო–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელის დედა) თანასაკუთრებაა.

4.5. მოსარჩელე დედის კუთვნილი უძრავი ქონების მართლზომიერი მფლობელია.

4.6. თბილისში, ........ (ს/კ-ით #....... და #...... უძრავ ნივთებს შორის მდებარე უძრავი ქონება) მდებარე უძრავ ქონებას მოპასუხე ფლობს, კერძოდ, ფაქტობრივად მოწყობილი აქვს ცხოველთა თავშესაფარი და შეფარებული ჰყავს 20-ზე მეტი სხვადასხვა ასაკის ძაღლი.

4.7. ტერიტორია რომელზეც მოპასუხეს შინაური ცხოველები ჰყავს განთავსებული, ცხოველთა თავშესაფრისთვის დადგენილ მინიმალურ სტანდარტებს არ შეესაბამება.

4.8. მოპასუხის მფლობელობაში არსებულ უძრავ ქონებაში განთავსებული თავშესაფრიდან მომდინარეობს გარკვეული ზემოქმედება, რითაც მოსარჩელეს ქონებით სარგებლობაში ხელი ეშლება.

5. საკასაციო სასამართლოს განმარტების შესაბამისად, საკუთრების, როგორც საქართველოს კონსტიტუციის 19-ე მუხლით გარანტირებული უფლების, საკანონმდებლო შეზღუდვა დადგენილია უზენაესი კანონის ამავე ნორმით და სსკ-ის მეორე თავში გადმოცემული წესებით (174-182) რომლებიც სამეზობლო სამართალს აწესრიგებს; შესაბამისად, სწორედ მათი სისტემური ანალიზის გზით უნდა განხორციელდეს განსახილველი სადავო სამართალურთიერთობის გადაწყვეტა.

6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 174-ე (მეზობელი მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრენი, გარდა კანონით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობებისა, ვალდებულნი არიან პატივი სცენ ერთმანეთს. მეზობლად მიიჩნევა ყველა ნაკვეთი ან სხვა უძრავი ქონება, საიდანაც შესაძლებელია გამომდინარეობდეს ორმხრივი ზემოქმედება) მუხლით დამკვიდრებულია მეზობელთა ურთიერთპატივისცემის პრინციპი, იგი სამეზობლო თანაცხოვრებისას მესაკუთრეთა ინტერესების დაბალანსებას ეხება და კანონით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობების გარდა, მეზობლებს ავალდებულებს, პატივი სცენ ერთმანეთს.

ურთიერთპატივისცემა, უწინარესად, თითოეული მესაკუთრის მიერ ქონებით სარგებლობისას, აწესებს ვალდებულებასაც, პატივი სცეს მეზობლის უფლებებს, რაც შესაძლოა საკუთარი ქონებით სარგებლობის გარკვეულ შეზღუდვაშიც გამოიხატოს. საკუთრება, როგორც ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლება, სოციალური მოვლენაა, რომელსაც დაცვა და მეზობელთა შორის ურთიერთობისას მოფრთხილება სჭირდება.

7. სსკ-ის 175-ე მუხლის პირველი ნაწილი, საკუთრებით სარგებლობის შესაძლო შეზღუდვისას, სწორედ თმენის ვალდებულებას ეხება, თუკი მესაკუთრის ნაკვეთზე მეზობელი მიწის ნაკვეთიდან მომდინარე ზემოქმედებანი ხელს არ უშლიან მესაკუთრეს თავისი ნაკვეთით სარგებლობაში, ან უმნიშვნელოდ ხელყოფენ მის უფლებას. ამავე ნორმის მეორე ნაწილი ეხება იგივე ვალდებულებას, როცა ზემოქმედება არსებითია, მაგრამ იგი გამოწვეულია სხვა ნაკვეთით ან სხვა უძრავი ქონებით ჩვეულებრივი სარგებლობით და მისი აღკვეთა არ შეიძლება ისეთი ღონისძიებებით, რომლებიც ამ სახის მოსარგებლეთათვის ნორმალურ სამეურნეო საქმიანობად მიიჩნევა. სსკ-ის 175-ე მუხლის მესამე ნაწილით, დადგენილია მესაკუთრის შესაძლებლობა, მოითხოვოს შესაბამისი ფულადი კომპენსაცია სამეზობლო ზემოქმედებათა თმენისას, თუკი ასეთი ზემოქმედება აღემატება მოცემულ ადგილას ჩვეულებრივად მიჩნეულ სარგებლობას და ეკონომიკურად დასაშვებ ფარგლებს...“ (შდრ. სუსგ. ას-413-396-2016, 15.07.2016წ.).

8. სსკ-ის 176-ე მუხლის წინაპირობების შესამოწმებლად, შესაძლებელია 175-ე მუხლის მოწესრიგების გამოყენება, რომელიც სამეზობლო ზემოქმედებათა თმენის ვალდებულებას ეხება და ადგენს ერთმანეთისაგან განსხვავებული იურიდიული შედეგის გამომწვევ წინაპირობებს.

175.1 მუხლით დადგენილია მეზობელი მიწის ნაკვეთიდან მომდინარე იმგვარი ემისიები (გაზი, ორთქლი, სუნი, ჭვარტლი, კვამლი, ხმაური, სითბო, რყევები და სხვა მსგავსი ზემოქმედებანი), რომელთა ჩამონათვალი არ არის ამომწურავი, რომლებიც არ უშლიან ხელს მეზობელი მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს თავისი ნაკვეთით სარგებლობაში, შესაბამისად, ასეთ ზემოქმედებათა აკრძალვა არ შეუძლია მესაკუთრეს.

თავის მხრივ, მითითებული ემისიების თმენის ვალდებულება იმთავითვე გათვალისწინებულია და მათი შემოწმება შესაძლებელია სსკ-ის 174-ე მუხლით დადგენილი ობიექტური და სუბიექტური ელემენტების კლასიფიკაციის მიხედვით.

სამეზობლო ურთიერთპატივისცემის ელემენტები შემდეგნაირად არის ჩამოყალიბებული: „ა) დაიცვან კანონით დადგენილი წესი და აკრძალვები; ბ) პატივი სცენ ერთმანეთს. ჩამოთვლილთაგან, პირველი ობიექტურ ფაქტორს წარმოადგენს და მის დარღვევად ყოველთვის შეიძლება მივიჩნიოთ მატერიალური კანონმდებლობით დადგენილი კონკრეტული აკრძალვები; რაც შეეხება მეორე ელემენტს, ის შეფასების საგანს წარმოადგენს და, საქმის გარემოებების გათვალისწინებით, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შეიძლება მსჯელობის საგნად იქცეს“ (შდრ. სუსგ # ას-122-116-2014, 25.05.2015წ.).

9. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 6 აპრილის №7-28 დადგენილებით დამტკიცებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოველების (ძაღლების, კატების) მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად კი, ფიზიკურ ან იურიდიულ პირს ეკრძალება საკუთრებაში (მფლობელობაში) კონკრეტულ მისამართზე ან/და ერთი საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ ფართზე/ტერიტორიაზე ერთდროულად 10-ზე მეტი ცხოველის (გარდა ამ ცხოველთა ნაშიერისა, რომელთა ასაკი არ აღემატება 6 თვეს) ყოლა, თუ ეს მისამართი ან/და ტერიტორია არ აკმაყოფილებს ამ წესით ცხოველთა თავშესაფრისთვის დადგენილ მინიმალურ სტანდარტებს.

10. ამავე წესების მე-7 მუხლის თანახმად, (1) ცხოველთა თავშესაფარი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მინიმალური სტანდარტებს: ა) გააჩნდეს ცხოველების: ა.ა)ლაბორატორია, რომელიც უზრუნველყოფს ბეწვის, ნაცხის, ფეკალის და სისხლის კვლევას ან ლაბორატორიული კვლევის უზრუნველყოფის ქმედითი შესაძლებლობა; ა.ბ) ვეტერინარული სივრცე, რომელიც უზრუნველყოფს თავშესაფრის დანიშნულებით განსაზღვრული აუცილებელი ვეტერინარული მანიპულაციების ჩატარებას; ა.გ) საკარანტინო სივრცე (ვოლიერები), რომელიც უზრუნველყოფს თავშესაფარში შემოყვანილი ცხოველის იზოლაციას სხვა ცხოველებისგან, ლაბორატორიული კვლევის შედეგად ცხოველის ჯანმრთელობის მდგომარეობის დადგენამდე ან დაავადებული ცხოველის განკურნებამდე, თავშესაფრიდან გაყვანამდე, ევთანაზიამდე; ა.დ) განთავსების ვოლიერები; ა.ე) გასეირნების უზრუნველყოფის სივრცე. ბ) უზრუნველყოფილი იყოს წყლით, ელექტროენერგიით, კანალიზაციით, ვენტილაციით, სახანძრო სიგნალიზაციით; გ) უზრუნველყოს ცხოველების ყოფა-ცხოვრების მინიმალური პირობები - სათანადო კვება, დაწყურვება, სისუფთავე, დათბუნება, განათება; დ) ცხოველის განთავსების ვოლიერის სივრცე უნდა აძლევდეს ცხოველს მინიმალური გადაადგილების, საკვების მიღებისა და გადამუშავების შესაძლებლობას. ვოლიერის ფართი უნდა შეადგენდეს მინიმუმ 3 კვადრატულ მეტრს, სიმაღლე - მინიმუმ 150 სანტიმეტრს; ე) აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სამშენებლო და საწარმოო ნორმებს და წესებს, სხვა მოთხოვნებს: საპროექტო-სამშენებლო, სანიტარიულ-ჰიგიენური, სახანძრო უსაფრთხოების, შრომის უსაფრთხოების და ა.შ. (4) ცხოველთა თავშესაფარი, მინიმუმ 300 მეტრით უნდა იყოს დაშორებული საცხოვრებელი ტერიტორიიდან, საწარმო ობიექტებისგან და დაწესებულებებისგან.

ამ წესის ამოქმედებამდე მოქმედი ცხოველთა თავშესაფარი, რომლის დაშორების მანძილი საცხოვრებელი ტერიტორიიდან, საწარმო ობიექტებისგან და დაწესებულებებისგან 300 მეტრზე ნაკლებია, გააგრძელებს ფუნქციონალურ საქმიანობას, თუ ის აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით და ამ წესით დადგენილ სხვა ნორმებს.

11. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 6 აპრილის №7-28 დადგენილებით დამტკიცებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოველების (ძაღლების, კატების) მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესის 1-ელი მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ამ წესის მიზანს წარმოადგენს ცხოველების მოვლა-პატრონობისა და მათი პოპულაციების მართვის თანამედროვე, მსოფლიოში აპრობირებული, ჰუმანური პრინციპებისა და მეთოდების გამოყენებით ურბანულ გარემოში ადამიანისა და ცხოველების თანაარსებობის უსაფრთხო, საიმედო გარემოს შექმნა და ამასთან დაკავშირებული რისკების განსაზღვრა-მართვა.

12. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ სწორედ მოპასუხის საცხოვრებელი ტერიტორიიდან მომდინარეობს გარკვეული ზემოქმედება, მეზობელი მესაკუთრის (მართლზომიერი მფლობელის/კასატორის) მიმართ, რაც გამოწვეულია მოპასუხის საცხოვრებელ სახლში 20-ზე მეტი სხვადასხვა ასაკის ძაღლის განთავსებით, ამასთან ამ რაოდენობით შინაური ცხოველის საცხოვრებელ ტერიტორიაზე განთავსება ეწინააღმდეგება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 06 აპრილის #7-28 დადგენილებით დამტკიცებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოველების (ძაღლების, კატების) მოვლა - პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესს.

ამდენად აშკარაა, რომ მოცემულ შემთხვევაში, უკანონო ხელშეშლა მოპასუხის მხრიდან გამოკვეთილია. საკუთრივ ხელშეშლა გამოიხატება იმაში, რომ მოსარჩელე, სათანადოდ, ვერ სარგებლობს კონსტიტუციით, სამოქალაქო კოდექსით და საერთაშორისო აქტით გათვალისწინებული საკუთრების უფლებით; კერძოდ, მოპასუხის ტერიტორიიდან გამომავალი ხმაური, სუნი და ა.შ, სცილდება სსკ-ის 175-ე მუხლით გათვალისწინებულ სამეზობლო ზემოქმედებათა თმენის ვალდებულებას, რადგან აღნიშნული ზემოქმედებები არ გამომდინარეობს და არ შეესაბამება საკუთრების ჩვეულებრივი გამოყენების ფარგლებს.

13. ამდენად, მოპასუხის საცხოვრებელ ტერიტორიაზე 6 თვეზე დიდი ასაკის 10-ზე მეტი ძაღლის განთავსება არღვევს სამეზობლო ურთიერთპატივისცემის ვალდებულებებს და ეწინააღმდეგება თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოველების (ძაღლების, კატების) მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესებს.

ამავდროულად, საკასაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებას, რომ მოპასუხის მფლობელობაში არსებულ ტერიტორიაზე გასაჩივრებული გადაწყვეტილებით განსაზღვრული რაოდენობის ცხოველების განთავსების შემთხვევაში მოსარჩელის მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე კვლავ გაგრძელდება ისეთი ხასიათის ზემოქმედება, რომელიც გადააჭარბებს სამეზობლო სამართლით გათვალისწინებული დასაშვები ზემოქმედების ფარგლებს. ამგვარ არგუმენტაციას, რომელიც შედის მოსარჩელის მტკიცების საგანში საკასაციო საჩივარი არ შეიცავს და მას არ გააჩნია წარმატების პერსპექტივა.

14. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

15. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

17. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. განსახილველ შემთხვევაში, რაკი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ი/მ პ.ო–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 150 ლარის (საგადახდო დავალება #0, გადახდის თარიღი 02.02.2023წ), 70% - 105 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. პ.ო–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. პ.ო–ს (პ/ნ .......) დაუბრუნდეს ი/მ პ.ო–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 150 ლარის (საგადახდო დავალება #0, გადახდის თარიღი 02.02.2023წ), 70% - 105 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე