Facebook Twitter

საქმე №ას-621-2023 5 ივლისი, 2023 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: თამარ ზამბახიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - მ.მ–ძე

მოწინააღმდეგე მხარე - ბ.გ–ი, ზ.გ–ი

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 24.04.2023 წლის განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი - ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად ცნობა, მესაკუთრედ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 16.02.2022 წლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ბ.გ–ისა და ზ.გ–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც "მოსარჩელეები") სარჩელი დაკმაყოფილდა, კერძოდ დადებულად იქნა ცნობილი 10.05.1970წ. გარდაცვლილ მესაკუთრე ვ.გ–ს (უფლებამონაცვლე მ.მ–ძე (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „კერძო საჩივრის ავტორი“)) და 17.04.2005წ. გარდაცვლილ მოსარგებლე ჯ.გ–ს (უფლებამონაცვლეები მოსარჩელეები) შორის 1962 წლის 15 ოქტომბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება უძრავ ნივთზე, მდებარე ქალაქი თბილისი, .........., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი .......... (ყოფ. ........) მოპასუხის (პ/ნ ........) (როგორც ვ.გ–ის უფლებამონაცვლის) სახელზე რიცხულ ½ ნაწილზე და აღნიშნულ უძრავ ნივთზე, მდებარე: ქალაქი თბილისი, ....., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N ....., მოპასუხის სახელზე რიცხულ ½ ნაწილზე მესაკუთრეებად (უსასყიდლოდ) ცნობილ იქნენ მოსარჩელეები, როგორც ჯ.გ–ის უფლებამონაცვლეები (მემკვიდრეები) და დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში მათი საკუთრების უფლება (იხ.: დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ს.ფ.144-151).

2. დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, თუმცა ამავე კოლეგიის 17.11.2022 წლის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ძალაში დარჩა დაუსწრებელი გადაწყვეტილება (იხ.: განჩინება, ს.ფ.188-193). დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე და განჩინებაზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 24.04.2023 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შეუვსებლობის გამო (იხ.: განჩინება, ს.ფ.231-233). განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 25.05.2023 წლის განჩინებით კერძო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და კერძო საჩივრის ავტორს განესაზღვრა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 დღე მის შესავსებად. ამავე განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს განემარტა, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში კერძო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად (იხ.: განჩინება, ს.ფ.244-246).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 399-ე მუხლით, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც XLIX თავი შეიცავს, ხოლო სსსკ-ის 372-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა იმ წესების დაცვით წარმოებს, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

6. დადგენილია, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 25.05.2023 წლის განჩინება პირადად ჩაჰბარდა კერძო საჩივრის ავტორს 01.06.2023 წელს (იხ.: ჩაბარების დასტური, ს.ფ.248,249).

7. სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილით, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს.

8. სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, ხოლო მე-60 მუხლის მე-2 ნაწილით წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. სსსკ-ის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.

9. მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორისათვის ხარვეზის შევსების 5 - დღიანი ვადის დენა დაიწყო 2023 წლის 2 ივნისს და ამოიწურა ამავე წლის 6 ივნისს. ამდენად, კერძო საჩივრის ავტორს ხარვეზი 2023 წლის 6 ივნისის ჩათვლით უნდა შეევსო. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კერძო საჩივრის ავტორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსთვის.

10. სსსკ-ის 63-ე მუხლით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას (იხ.: სუსგ საქმეზე №ას-1563-2022, 11.01.2023წ., №ას-1560-2022, 11.01.2023წ.).

11. სსსკ-ის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი (კერძო საჩივარი) არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი (კერძო საჩივარი) განუხილველი დარჩება. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კერძო საჩივრის ავტორმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ შეავსო, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ის განუხილველად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა სსსკ-ის 63-ე, 420-ე, 399-ე, 372-ე, 396-ე, 416-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ.მ–ძის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 24.04.2023 წლის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლე: თამარ ზამბახიძე