საქმე №ა-4711-შ-128-2022 5 ივლისი, 2023 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),
რევაზ ნადარაია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – შპს „A.E.”
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ G.T.S.G.”
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას და აღსრულებას მოითხოვს მხარე – აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქ. ბაქოს N1 ადმინისტრაციულ-ეკონომიკური სასამართლოს 17.12.2019 წლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება (საქმის ნომერი (e-2-2(81)-938/2019)
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქ. ბაქოს N1 ადმინისტრაციულ-ეკონომიკური სასამართლოს 17.12.2019 წლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც "უცხო ქვეყნის გადაწყვეტილება") შპს „A.E.”-ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც "შუამდგომლობის ავტორი“) სარჩელი შპს „ G.T.S.G.”-ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც "მოწინააღმდეგე მხარე“, "მოპასუხე") მიმართ დაკმაყოფილდა, კერძოდ, მოპასუხეს შუამდგომლობის ავტორის სასარგებლოდ 29.03.2016 წელს დადებული N16-KLG-AZE-017 სატრანსპორტო-საექსპედიციო ხელშეკრულების საფუძველზე დაეკისრა 47 970.80 აშშ დოლარის, ასევე მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 30 მანეთის გადახდა.
2. შუამდგომლობის ავტორმა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შემვეობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და ითხოვა უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
3. სასამართლოს მიერ 19.04.2022 წლის ცნობით დგინდება, რომ უცხო ქვეყნის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 10.04.2020 წელს. ამავე სასამართლოს მიერ გაცემული ცნობით ირკვევა, რომ გადაწყვეტილება არ აღსრულებულა.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 06.03.2023 წლის განჩინებით შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსასრულებლად მიქცევის შესახებ უნდა დარჩეს განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:
5. საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ ორმხრივი ხელშეკრულების (შემდეგში „ხელშეკრულება“) მე-3 თავი აწესრიგებს ხელშემკვრელ მხარეებს შორის სასამართლო გადაწყვეტილებათა ცნობა-აღსრულების წესებს. ხელშეკრულების 42-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულების მონაწილე ერთი მხარის კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებების, ასევე მეურვეობისა და მზრუნველობის, სახელმწიფო ნოტარიატისა და მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების რეგისტრაციის ორგანოების გადაწყვეტილებების ცნობა, ხოლო ქონებრივი ხასიათის საქმეებზე, ცნობა და აღსრულება ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარის ტერიტორიაზე ხორციელდება ამ ხელშეკრულებით დადგენილი პირობებით.
6. საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის (შემდეგში "კანონი") 68-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. კანონის 70-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით, სამოქალაქო სამართლის საქმეებზე უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულება ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ისინი ექვემდებარება აღსრულებას. აღსრულებაზე გადაწყვეტილება მიიღება დაინტერესებული მხარის მიერ შესაბამისი შუამდგომლობის აღძვრის შემდეგ.
7. კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის და 70-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის და აღსრულების საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
8. კანონის 71-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქმის ზეპირი განხილვა არ მოხდება, თუ მხარეები ამას არ მოითხოვენ. მოპასუხეს შუამდგომლობის გადაცემისას უნდა განემარტოს, რომ მას აქვს აზრის გამოთქმის უფლება. მას აგრეთვე უნდა განემარტოს, რომ საქმის ზეპირი განხილვა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ის ამას მოითხოვს.
9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) პირველი მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საერთო სასამართლოებში სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით. სსსკ-ის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისთვის. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის.
10. კანონის 71-ე მუხლის მე-3 პუნქტით განმტკიცებული უფლების შესახებ მოპასუხის ინფორმირების მიზნით საკასაციო სასამართლომ გამოიყენა სსსკ-ის 70-74-ე მუხლებით დადგენილი საპროცესო შესაძლებლობა, რათა მოპასუხისათვის ჩაებარებინა განსახილველი შუამდგომლობა, თანდართულ მასალებთან ერთად, თუმცა უშედეგოდ.
11. სსსკ-ის 71-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ მოსარჩელის მიერ მითითებული თავისი ან მოპასუხის მისამართი არასწორი აღმოჩნდა, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ. ანალოგიურ დანაწესს შეიცავს სსსკ-ის 275-ე მუხლის მეორე ნაწილი: სასამართლო უფლებამოსილია სარჩელი/განცხადება/შუამდგომლობა განუხილველად დატოვოს, თუ მოსარჩელემ/განმცხადებელმა/შუამდგომლობის ავტორმა არასწორად მიუთითა თავისი ან მოპასუხის მისამართი. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 06.03.2023 წლის განჩინება შუამდგომლობის წარმოებაში მიღების თაობაზე, თავად შუამდგომლობა და მასზე თანდართული მასალების ასლები მოწინააღმდეგე მხარეს ორჯერ გაეგზავნა სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, შუამდგომლობის ავტორის მიერ მითითებულ ერთ-ერთ მისამართზე (ქ. თბილისი, ......... (.....), თუმცა გზავნილები ადრესატს ვერ ჩაჰბარდა. საკასაციო სასამართლოში დაბრუნებულ შეტყობინების ბარათებზე გზავნილის ჩაუბარებლობის მიზეზად ერთ შემთხვევაში მითითებულია, რომ მისამართზე ასეთი კომპანია არ ფუნქციონირებს, ხოლო მეორე შემთხვევაში - ადრესატის მოძიება ვერ შეძლეს. განჩინება, შუამდგომლობა და მასზე თანდართული მასალების ასლები დამატებით გაიგზავნა შუამდგომლობის ავტორის მიერ მითითებულ მეორე მისამართზე (ქ. თბილისი, .........). საკასაციო სასამართლოში დაბრუნებულ შეტყობინების ბარათზე მიეთითა ..... ქუჩა (ყოფილი ......) და კურიერის მიერ შედგენილ აქტში აღინიშნა, რომ მისამართზე კომპანიის მოძიება ვერ შეძლეს. მიუხედავად ამისა, გზავნილი განმეორებით გაიგზავნა ........ ქუჩაზე, თუმცა ჩაუბარებლობის მიზეზად მიეთითა, რომ აღნიშნულ მისამართზე კომპანია არ არის.
12. ზემოთაღნიშნული მსჯელობისან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ შუამდგომლობის ავტორმა ვერ შეძლო მოპასუხის სწორი მისამართის/მისამართების მითითება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შუამდგომლობა უნდა დარჩეს განუხილველად (იხ.: სუსგ. საქმეზე №ა-5541-შ-159-2021, 11.03.2022წ.; №ა-3387-შ-92-2021, 17.01.2023წ.; №ა-6701-შ-163-2022, 04.04.2023წ.). აღნიშნული ხარვეზის აღმოფხვრის შემთხვევაში შუამდგომლობის ავტორს უფლება აქვს კვლავ მიმართოს სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ ხელშეკრულების 42-ე მუხლით, საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 68-ე, 70-ე მუხლებით, სსსკ-ის 71-ე, 275-ე, 284-ე, 285-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „A.E.”-ის შუამდგომლობა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქ. ბაქოს N1 ადმინისტრაციულ-ეკონომიკური სასამართლოს 17.12.2019 წლის დაუსწრებელი გადაწყვეტილების (საქმის ნომერი (e-2-2(81)-938/2019) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე
მომხსენებელი: თამარ ზამბახიძე
რევაზ ნადარაია