საქმე №ას-1610-2022 21 მარტი, 2023 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),
რევაზ ნადარაია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – გ.გ–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 26.10.2022 წლის გადაწყვეტილება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, კომპენსაციის დაკისრება, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 23.05.2022 წლის გადაწყვეტილებით გ.გ–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“ ან „დასაქმებული“) სარჩელი სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „დამსაქმებელი“, „სააგენტო“ ან „კასატორი“) მიმართ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის, კომპენსაციის დაკისრებისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
2. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 26.10.2022 წლის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება; დასაქმებულის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი დამსაქმებლის გენერალური დირექტორის 14.01.2022 წლის №01/91 ბრძანება მოსარჩელის შესყიდვების სამსახურის მთავარი სპეციალისტის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაცია 3000 ლარის ოდენობით; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 15.01.2022 წლიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველთვიურად დარიცხული 1200 ლარის ოდენობით. გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგს:
3.1. მოპასუხე არის საქართველოს კულტურის სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.
3.2. მოსარჩელე 01.02.2011 წლიდან გათავისუფლებამდე უვადოდ დასაქმებული იყო სააგენტოში სხვადასხვა პოზიციებზე. გათავისუფლების დროისათვის მოსარჩელეს ეკავა შესყიდვების სამსახურის მთავარი სპეციალისტის პოზიცია და მისი ყოველთვიური შრომის ანაზღაურება განისაზღვრებოდა 1200 ლარის ოდენობით (დარიცხული).
3.3. საქართველოს კულტურის სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 24.11.2021 წლის №05/05 ბრძანებით დამტკიცდა სააგენტოს ახალი დებულება, რომლითაც შეიცვალა სააგენტოს სტრუქტურული მოწყობა, დაზუსტდა სააგენტოს მიზნები და ამოცანები, ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კუთხით.
3.4. სააგენტოს სტრუქტურის, ფუნქციების, მიზნების ახალ დებულებასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, მიღებულ იქნა სააგენტოს რეორგანიზაციის გადაწყვეტილება, რომელიც აისახა მოპასუხის 25.11.2021 წლის №02/76 ბრძანებაში.
3.5 რეორგანიზაციის პროცესის ფარგლებში 07.12.2021 წელს გამოიცა №02/78 ბრძანება, რომლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, გადარჩევას დასაქვემდებარებელ თანამშრომელთა იდენტიფიცირების, მათი კომპერენციებისა და უნარების განსაზღვრის მიზნით კომისია უზრუნველყოფდა: ა) ზოგად უნარებსა ან/და ინგლისურ ენაში წერითი დავალების/ტესტირების და ბ) გასაუბრების ჩატარებას. №02/78 ბრძანებაში მომდევნო დღეებში შეტანილი ცვლილებებით, კერძოდ, მოპასუხის 09.12.2021 წლის №02/79 ბრძანებით ტესტირების ვალდებულება მოეხსნა სააგენტოს დირექტორატს, ტექნიკურ პერსონალსა და ვადიან შრომით ურთიერთობაში მყოფ დასაქმებულებს, ხოლო 09.12.2021 წლის №02/80 ბრძანებით, როგორც წერითი დავალების/ტესტირების, ისე გასაუბრებისაგან გათავისუფლდნენ სააგენტოს შემადგენლობაში არსებული მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალების თანამშრობლები.
3.6. რეორგანიზაციასთან დაკავშირებით კვალიფიკაციისა და უნარ-ჩვევების შემოწმების მიზნით სააგენტოში ჩატარებულ ტესტირებასა და ზეპირ გასაუბრებაში მონაწილეობა მიიღო მოსარჩელემაც. ზოგადი უნარების გამოცდაზე 80 ქულიდან მოსარჩელემ მიიღო 60 ქულა. საგულისხმოა ის გარემოება, რომ გამსვლელი მინიმალური ზღვარი დადგენილი არ ყოფილა, გასაუბრება ატარებდა ზოგად ხასიათს. კონკურსანტების შეფასებისას კომისია ხელმძღვანელობდა პროფესიული და პიროვნული მახასიათებლებით, მათი კომპეტენციისა და სამუშაო უნარების გათვალისწინებით.
3.7. სააგენტოს რეორგანიზაციის პროცესში თანამშრომელთა კომპეტენციის დადგენისა და გადარჩევასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ გადაწყვეტილების მიმღები კომისიის 22.12.2021 წლის ოქმი №3-ის შესაბამისად, კომისიის წევრებმა გასაუბრებაზე გამოცხადებულ პირებს დაუსვეს ერთგვაროვანი კითხვები. მიღებული პასუხების საფუძველზე, კომისიის წევრებმა, პროფესიული და პიროვნული მახასიათებლების მიხედვით, შეაფასეს გასაუბრებაში მონაწილე თითოეული პირი.
3.8. კომისიამ კომპეტენციის, უნარების, პროფესიული და პიროვნული მახასიათებლების, ტესტების შეფასების საბოლოო ქულებისა და სხვა ობიექტური გარემოებების გათვალისწინებით უარყოფითად შეაფასა მოსარჩელე - შესყიდვების სამსახურის მთავარი სპეციალისტი.
3.9. სააგენტოს გენერალური დირექტორის 14.01.2022 წლის ბრძანებით სააგენტოს შესყიდვების სამსახურის მთავარი სპეციალისტი - მოსარჩელე 15.01.2022 წლიდან გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში სშკ) 47.1. მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე და მიეცა კომპენსაცია 1 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. ბრძანებაში მოსარჩელის გათავისუფლების საფუძვლად მითითებულია სშკ-ის 47.1. მუხლის „ა“ ქვეპუნქტი, ასევე, სააგენტოს რეორგანიზაციის პროცესში თანამშრომელთა კომპეტენციის დადგენასა და გადარჩევასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ გადაწყვეტილების მიმღები კომისიის სხდომის ოქმი №3.
3.10. რეორგანიზაციის შედეგად გაერთიანდა სტრუქტურული ერთეულები, ასევე - შემცირდა გარკვეული პოზიციები, 17 სამსახურის ნაცვლად, სააგენტოში დარჩა 11 სამსახური, რამაც გამოიწვია დასაქმებულთა რაოდენობის შემცირება. რეორგანიზაციის დროს გაუქმდა შესყიდვების სამსახური და ფუნქცია-მოვალეობები შეითავსა ეკონომიკის სამსახურმა, რომელშიც მხოლოდ ერთი უფროსი სპეციალისტის პოზიცია იქნა გათვალისწინებული შესყიდვების მიმართულებით.
3.11. პალატამ მიუთითა, რომ სშკ-ის 47-ე მუხლი შეიცავს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის ლეგიტიმურ საფუძვლებს, რომელთაგან წინამდებარე დავის ფარგლებში შეფასების საგანს „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობა წარმოადგენს (სახეზეა, თუ არა ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომლებიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას), უნდა დადგინდეს უშუალოდ ამ გარემოებამ განაპირობა თუ არა მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ნორმით მხარეთათვის მინიჭებული ხელშეკრულების მოშლის უფლება არ არის შეუზღუდავი. ხსენებული ნორმა არ შეიძლება განიმარტოს, როგორც დამსაქმებლის ცალმხრივი უფლება, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე სამუშაოდან გაათავისუფლოს დასაქმებული. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 102-ე მუხლის ფარგლებში, სშკ-ის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის ფაქტობრივი გარემოების არსებობის მტკიცების ტვირთი გადადის არა დასაქმებულზე, არამედ დამსაქმებელზე.
3.12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ უნდა შეაფასოს სამუშაო ძალის შემცირება ხომ არ ატარებდა ფორმალურ ხასიათს. საყურადღებოა, რომ საწარმოს/ორგანიზაციის ან მისი სტრუქტურული ერთეულის რეორგანიზაცია უკანონოა, როდესაც რეალურად ადგილი არ ჰქონდა რეორგანიზაციას, ფორმალური ნიშნების მიხედვით დარჩა იგივე სტრუქტურული ერთეული (ერთეულები), ან ცვლილებით გაუქმებული სტრუქტურების ნაცვლად, შემოიღეს ახალი სტრუქტურული ერთეულები, რომლებიც ფორმალური ნიშნით განსხვავდება, მაგრამ შინაარსობრივად იმავე ფუნქციის მატარებელია, რაც ძველი სტრუქტურული ერთეულები. ყოველივე ზემოაღნიშნულთან ერთად, რეორგანიზაციის შედეგად პირთა გათავისუფლების უკანონობაზე უნდა უთითებდეს, აგრეთვე, სამუშაო ძალის შემცირების არარსებობა. ჩატარებული რეორგანიზაციის პირობებში, მაშინაც კი, როდესაც მას შტატების შემცირება მოსდევს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ინდივიდუალურად უნდა შეფასდეს დამსაქმებლის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე გამოვლენილი ცალმხრივი ნება შეესაბამება თუ არა ამ ნების საკანონმდებლო რეგლამენტაციას.
3.13. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქართველოს კულტურის სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 24.11.2021 წლის №05/05 ბრძანებით დამტკიცდა სააგენტოს ახალი დებულება, რომლითაც შეიცვალა მოპასუხის სტრუქტურული მოწყობა. სააგენტოს ახალ დებულებასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, 25.11.2021 წლის №02/76 ბრძანებით მიიღეს სააგენტოს რეორგანიზაციის გადაწყვეტილება. რეორგანიზაციის შედეგად გაერთიანდა სტრუქტურული ერთეულები და 17 სამსახურის ნაცვლად სააგენტოში დარჩა 11 სამსახური, რამაც გამოიწვია დასაქმებულთა რაოდენობის შემცირება. რეორგანიზაციის დროს გაუქმდა შესყიდვების სამსახური და ფუნქცია-მოვალეობები შეითავსა ეკონომიკის სამსახურმა, რომელშიც შესყიდვების მიმართულებით მხოლოდ ერთი უფროსი სპეციალისტის პოზიციაა გათვალისწინებული. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ 25.11.2021 წლის №02/76 ბრძანება არ შეიცავს დასაბუთებას, თუ კონკრეტულად რომელი ეკონომიკური გარემოება, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილება ხდიდა აუცილებელს სამუშაო ძალის შემცირებას. ბრძანების პირველ პუნქტში მითითებულია, რომ რეორგანიზაცია ხორციელდება „ახალ დებულებასთან შესაბამისობის მოყვანის, სააგენტოზე დაკისრებული ფუნქციების ეფექტური და დროული განხორციელების, ასევე მის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევისა და მართვის პროცესის გაუმჯობესების მიზნით“, თუმცა არ არის განმარტებული, თუ სააგენტოს ახალი დებულების რომელ ნორმებთან შესაბამისობის, ან რომელი კონკრეტული გამოწვევის დაძლევისა და კონკრეტულად რისი გაუმჯობესების, რა მიმართულებებით გაძლიერების საჭიროება უდევს რეორგანიზაციას საფუძვლად, რაც არსებითი იყო დამსაქმებლისთვის სამუშაო ძალის შემცირების თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად. ასევე, არ მომხდარა რეორგანიზაციამდე არსებული სტრუქტურისა და მომავალი სტრუქტურის შედარება, რეორგანიზაციის დადებითი და უარყოფითი მხარეების განსაზღვრა, ამასთან, რეალურად შეუმცირდა თუ არა სააგენტოს ბიუჯეტი (დაფინანსება). სააგენტოს ახალი დებულების თანახმად, არ შეცვლილა სააგენტოს მიზნები და ამოცანები, ასევე არ შემცირებულა მისი უფლებამოსილებები და საქმიანობის სფერო. მოპასუხის სტრუქტურაში შედის 18 მუზეუმი/მუზეუმ-ნაკრძალი და 11 სამსახური (სტრუქტურული ერთეული).
3.14. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მსჯელობა, რომ რეორგანიზაციის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გაუსაჩივრებლობის პირობებში, სასამართლო მოკლებული იყო შესაძლებლობას შეეფასებინა მისი მიზანშეწონილობისა და კანონშესაბამისობის საკითხი, უშუალოდ მოსარჩელის გათავისუფლების ჭრილში. განსახილველი სარჩელით სადავოდ არის გამხდარი შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა სშკ-ის 47.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის დარღვევაზე მითითებით, შესაბამისად, სასამართლოს ბრძანების კანონშესაბამისობის შეფასებისას უნდა შეესწავლა მისი მიღების წინაპირობები, მათ შორის რეორგანიზაციის პროცესის მიზნები, მისი რეალურობა და ბრძანებაში დასახელებული მიზნების შესაბამისობა ფაქტობრივ მოცემულობასთან, კერძოდ, ხომ არ ატარებდა რეორგანიზაცია ფორმალურ ხასიათს და ხომ არ იყო მიმართული კონკრეტული დასაქმებულების გათავისუფლების კანონიერი საფუძვლის შექმნისაკენ. გარდა აღნიშნულისა, რეორგანიზაციის საფუძვლით თანამშრომლის გათავისუფლებისას, მნიშვნელოვანია დადგინდეს, თუ რა ღონისძიებები გაატარა დამსაქმებელმა, რათა უზრუნველეყო დასაქმებულისათვის დაკავებული პოზიციის შენარჩუნება, რამეთუ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის მომწესრიგებელი თითოეული საფუძვლის გამოყენებამდე, დასაბუთებული უნდა იყოს მისი გამოყენების წინაპირობა.
3.15. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ რეორგანიზაციასთან დაკავშირებით კვალიფიკაციის შემოწმებისა და უნარ-ჩვევების შემოწმების მიზნით, სააგენტოში ჩატარდა ტესტირება ზოგად უნარებში, რომელშიც მოსარჩელემ 80 ქულიდან მიიღო 60 ქულა. ასევე, ჩატარდა ზეპირი გასაუბრება. სააგენტოს რეორგანიზაციის პროცესში თანამშრომელთა კომპეტენციის დადგენისა და გადარჩევასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ გადაწყვეტილების მიმღები კომისიის 22.12.2021 წლის №3 ოქმის შესაბამისად, კომისიის წევრებმა გასაუბრებაზე გამოცხადებულ პირებს დაუსვეს ერთგვაროვანი კითხვები. მიღებული პასუხების საფუძველზე, კომისიის წევრებმა, პროფესიული და პიროვნული მახასიათებლების მიხედვით, შეაფასეს გასაუბრებაში მონაწილე თითოეული პირი. კომისიამ, კომპეტენციის, უნარების, პროფესიული და პიროვნული მახასიათებლების, ტესტების შეფასების საბოლოო ქულებისა და სხვა ობიექტური გარემოებების გათვალისწინებით, უარყოფითად შეაფასა მოსარჩელე. ოქმში აღნიშნულია, რომ მოსარჩელე ჩართულია სახელმწიფო შესყიდვების პროცედურულ საკითხებში; გასაუბრების მსვლელობისას კანდიდატმა განმარტა, რომ ამზადებს სახელმწიფო შესყიდვების, კერძოდ, ტენდერის გამოსაცხადებლად საჭირო დოკუმენტებს; შესრულებული სამუშაოს შეფასებიდან და დასმულ შეკითხვებზე გაცემული პასუხებიდან გამომდინარე გამოიკვეთა, რომ უჭირს სამუშაოს დაგეგმვა და დროის მართვა; დაკისრებულ მოვალეობას არ ეკიდება პასუხისმგებლობით, ვინაიდან ხშირია მისი მხრიდან სამუშაო საათებში პირადი საქმეებით დაკავების ფაქტი.
3.16. ზემოთ ხსენებულ 22.12.2021 წლის №3 ოქმზე დაყრდნობით, სააგენტოს გენერალური დირექტორის 14.01.2022 წლის ბრძანებით მოსარჩელე 15.01.2022 წლიდან გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან სშკ-ის 47.1. მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე და მიეცა კომპენსაცია 1 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა დამსაქმებლის მტკიცება სადავო ბრძანების კანონშესაბამისობასთან მიმართებით, კერძოდ, მოპასუხემ ვერ შეძლო დაესაბუთებინა მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის გარდაუვალობა და მხოლოდ რეორგანიზაციაზე აპელირება, იმ პირობებში, როდესაც არ ვლინდება სხვა შესადარებელი კანდიდატების უპირატესობა, დაუსაბუთებელია. მოპასუხეს არ დაუსახელებია ის კონკრეტული კრიტერიუმები, რაზე დაყრდნობითაც მიენიჭა შესადარებელ პირებს უპირატესობა გათავისუფლებულ პირთან მიმართებით. მართალია, წარმოდგენილია გასაუბრების ოქმი, თუმცა მასში ასახული ზოგადი ინფორმაცია ვერ მიიჩნევა საკმარის დასაბუთებად პირის სამსახურიდან გათავისუფლებისათვის. რეორგანიზაციის მარეგულირებელი აქტები არ შეიცავს რეორგანიზაციის პროცესში თანამშრომელთა გადარჩევის ობიექტურ და ნათლად განსაზღვრულ, განჭვრეტად კრიტერიუმებს, თანამშრომელთა მხრიდან დასაკმაყოფილებელ მოთხოვნებს, რომელსაც დაეფუძნებოდა დამსაქმებლის გადაწყვეტილება.
3.17. მოსარჩელემ მონაწილეობა მიიღო, როგორც ზოგადი უნარების ტესტირებაში, ასევე გასაუბრების პროცესში. ტესტირებაში მოსარჩელემ მიიღო 80-დან 60 ქულა, ხოლო გასაუბრებაზე დაისვა გაცნობითი ხასიათის კითხვები (რა პოზიციებზე მუშაობდა, რა შეიცვალა მის საქმიანობაში) და არ ყოფილა უშუალოდ ცოდნის შეფასებასთან დაკავშირებული შეკითხვები, რაც მოსარჩელის კვალიფიკაციის, ცოდნისა და გამოცდილების ობიექტურად შეფასებისაკენ იქნებოდა მიმართული. საგულისხმოა, რომ მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ სადავო გადაწყვეტილება არ ემყარება მოსარჩელის, როგორც დასაქმებულის, სამუშაოს შესრულების, კვალიფიკაციის არც რაოდენობრივი, არც ხარისხობრივი შეფასების კრიტერიუმებს. მოსარჩელისათვის უცნობია, თუ რა შეფასება მიიღო ჯამურად, რა კრიტერიუმები და მოთხოვნები უნდა დაეკმაყოფილებინა თანამშრომელთა გადარჩევის პროცესის წარმატებით გავლისათვის, ამ მოთხოვნებიდან რომელი ვერ დააკმაყოფილა და რატომ არჩია დამსაქმებელმა მას სხვა პირი. ამდენად, დამსაქმებელმა ვერ უზრუნველყო დაესაბუთებინა ის ობიექტური წინაპირობები, რამაც განაპირობა უშუალოდ მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა. კადრების შემცირების პარალელურად, დამსაქმებელს უნდა ესაბუთებინა კონკრეტული თანამშრომლის გათავისუფლების მიზანშეწონილობა, რისი სათანადო განუხორციელებლობაც ბათილად ხდის სადავო ბრძანებას. არ დასტურდება გარემოება, რომ მოპასუხისათვის გარდაუვალი იყო მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა დასახული მიზნების მიღწევისათვის. მოცემულ შემთხვევაში, არ დგინდება, რომ დამსაქმებელი შეეცადა (გაატარა შესაბამისი ღონისძიება), რომ დასაქმებულისათვის შეენარჩუნებინა შრომის უფლება, შესაბამისად, არ დასტურდება შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის კანონით განსაზღვრული სათანადო წინაპირობების არსებობა. აღნიშნული კი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 54-ე მუხლის შესაბამისად, განაპირობებს სადავო ბრძანების ბათილად ცნობას.
3.18. განსახილველ შემთხვევაში, რამდენადაც ბათილად იქნა ცნობილი შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბრძანება, გამართლებულია მოთხოვნა კომპენსაციის დაკისრებასთან მიმართებით. ამასთანავე, სააპელაციო პალატის შეფასებით, მოსარჩელეს კომპენსაციის სახით უნდა მიეკუთვნოს ერთჯერადად - 3000 ლარი, რაც იძულებითი განაცდურის დაკისრების პარალელურად გონივრულ ფარგლებში უზრუნველყოფს უკანონოდ გათავისუფლებული მუშაკის შელახული ინტერესის დაცვას და, ამავდროულად, დაუსაბუთებლად არ ზღუდავს დამსაქმებლის ინტერესებს.
3.19. სააპელაციო პალატამ მიუთითა სშკ-ის 48-ე მუხლის მე-9 ნაწილზე, რომლის შესაბამისად, დასაქმებულს უფლება აქვს, ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ პირვანდელ ან ტოლფას სამუშაო ადგილზე აღდგენის ან მის ნაცვლად დაკისრებული კომპენსაციის გადახდის გარდა, მოითხოვოს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღიდან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების თარიღამდე. პალატამ აღნიშნა, რომ დამსაქმებლის უკანონო ბრძანების საფუძველზე, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შედეგად, დასაქმებულს მიადგა ზიანი, რაც გამოიხატა მის მიერ შრომითი მოვალეობების შესრულების შეუძლებლობასა და კუთვნილი ანაზღაურების (ხელფასის) მიუღებლობაში. იძულებითი განაცდური წარმოადგენს სწორედ იმ ზიანს, რომელიც ეკუთვნის დასაქმებულს, რათა პირვანდელი მდგომარეობა აღდგეს იმ სახით, რომელიც არ იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამრიგად, სააგენტოს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, ყოველთვიურად 1200 ლარის (დარიცხული) ოდენობით, 15.01.2022 წლიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:
4. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
6. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
7. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
8. დამსაქმებლის საკასაციო საჩივრის ფარგლებში, სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანების ბათილობის საფუძვლიანობის შემოწმების მიზნით, უნდა შეფასდეს სააგენტოში რეორგანიზაციის ჩატარებისა და მოსარჩელის მიმართ რეორგანიზაციის შედეგების მართლზომიერება, კერძოდ, რეორგანიზაციის მოტივით მართლზომიერად გათავისუფლდა თუ არა მოსარჩელე დაკავებული თანამდებობიდან, ადგილი ხომ არ ჰქონდა დამსაქმებლის მხრიდან უფლების ბოროტად გამოყენებას, რაც ეწინააღმდეგება სშკ-ის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტს, სსკ-ის 115-ე, მე-8 მუხლებსა და საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ შრომის უფლებას, ვინაიდან რეორგანიზაცია მუშაკთან ხელშეკრულების შეწყვეტის ფორმალური საფუძველი არ არის და ორგანიზაციაში მიმდინარე სტრუქტურული, ორგანიზაციული ცვლილებები არ უნდა იქცეს უმართებულო გადაწყვეტილების მიღების კანონისმიერ საფუძვლად (შდრ. სუსგ №ას-115-111-2016, 08.04.2016წ.).
9. პალატა აღნიშნავს, რომ სშკ-ის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები შეიძლება არსებობდეს დამოუკიდებლად, თუმცა იმისათვის, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა საფუძვლიანად იქნეს მიჩნეული, აუცილებელია ნებისმიერ აღნიშნულ გარემოებას შედეგად მოჰყვებოდეს სამუშაო ძალის შემცირება. როდესაც დამსაქმებელი რეორგანიზაციის გადაწყვეტილებას იღებს, უნდა დარწმუნდეს, რომ აღნიშნული ნაბიჯი შეესაბამება ორგანიზაციის ინტერესებს, და ამავე დროს, გაუმართლებლად არ ხელყოფს დასაქმებულთა კანონიერ უფლებებს.
10. ორგანიზაციაში მიმდინარე სტრუქტურული, ორგანიზაციული ცვლილებები მხოლოდ იმ შემთხვევაში წარმოშობს მუშაკის სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერ საფუძველს, თუ დადგინდება, რომ ეკონომიკური სიდუხჭირის, შტატების ან/და ხელფასების შემცირების ან სხვა ობიექტური საჭიროების გამო, დამსაქმებელი დგას კონკრეტული თანამდებობიდან მუშაკის გათავისუფლების აუცილებლობის წინაშე. სხვა შემთხვევაში, ორგანიზაციაში მიმდინარე სტრუქტურული, ორგანიზაციული ცვლილებებიც, თავისთავად, არ არის მუშაკთან ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში, ე.წ. „რეორგანიზაციის“ საფუძვლით პირის სამსახურიდან გაშვების დისკრიმინაციული მოტივები შეიძლება დაიფაროს და იქცეს ადმინისტრაციის მიერ უმართებულო გადაწყვეტილების მიღების კანონისმიერ საფუძვლად (სუსგ №ას-224-224-2018, 18.05.2018წ.).
11. საპროცესო სამართალწარმოებაში მოქმედი მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი წესის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს (სსსკ-ის 102-ე მუხლი). საკასაციო პალატამ არაერთხელ აღნიშნა და ამ შემთხვევაშიც ამახვილებს ყურადღებას, რომ შრომითსამართლებრივი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც, მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. მოსარჩელე, რომელიც სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნის თაობაზე აპელირებს, ვერ დაადასტურებს სამსახურიდან დათხოვნის უკანონობას. მოსარჩელის მითითება მასზე, რომ იგი უკანონოდ გაათავისუფლეს, მტკიცების ტვირთს აბრუნებს დამსაქმებლის მხარეს, რომელსაც აკისრებს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ვალდებულებას. შესაბამისად, იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ნების გამოვლენა განაპირობა სამუშაო ძალის შემცირებამ, კადრების ოპტიმიზაციამ, კომპანიის ფინანსურმა სიძნელეებმა, დამსაქმებელს ეკისრება. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ სწორად გაანაწილა მტკიცების ტვირთი.
12. დამსაქმებელმა რეორგანიზაციის საფუძვლით შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის დროს კუმულაციურად უნდა დაასაბუთოს და დაამტკიცოს შემდეგი წინაპირობები: 1) საწარმოო აუცილებლობა, რომელიც შესაძლოა ლეგიტიმურ მიზანს წარმოადგენდეს რეორგანიზაციისა და შტატების შემცირებისათვის; 2) შტატების რეალურად და კანონთან შესაბამისად შემცირების ფაქტი - კერძოდ, რეორგანიზაციის ფაქტობრივად განხორციელება კანონის შესაბამისად ისე, რომ პროცესში არ მოხდეს თვალთმაქცურად არასასურველი მუშაკების განთავისუფლება (შდრ. სუსგ №ას-1329-2018, 22.02.2019წ.). დამსაქმებელმა უნდა წარმოაჩინოს თანმიმდევრული სურათი, რომელიც გონიერ დამკვირვებელს დაარწმუნებს მთელი ამ პროცესის სისწორესა და კანონიერებაში.
13. განსახილველ შემთხვევაში, დამსაქმებელმა ვერ დაასაბუთა რეორგანიზაციის შედეგად მოსარჩელის განთავისუფლების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების მიზანშეწონილობა, ვერ წარმოადგინა სათანადო არგუმენტები, რომლითაც ის ხელმძღვანელობდა ამ გადაწყვეტილების მიღებისას. საქმეში წარმოდგენილი არ არის მტკიცებულება იმის შესახებ, რამდენად ობიექტურ და სამართლიან კრიტერიუმებს ემყარებოდა დამსაქმებლის გადაწყვეტილება სამსახურიდან მოსარჩელის გათავისუფლების თაობაზე.
14. პალატა მიუთითებს, რომ საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად, დასაქმებულის სამსახურიდან ნებისმიერი, მათ შორის რეორგანიზაციის, საფუძვლით დათხოვნის საკითხის გადაწყვეტისას, დამსაქმებელმა უნდა იხელმძღვანელოს გონივრული და დასაბუთებული კრიტერიუმით, რაც გამორიცხავს ეჭვის საფუძველს გადაწყვეტილების მიღების პროცესში და დაუსაბუთებლად არ ხელყოფს დასაქმებულის კანონიერ ინტერესს, მის შრომით უფლებებს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთ-ერთ განჩინებაში განმარტებულია შემდეგი: საქართველოში განხორციელებული შრომის კანონმდებლობის რეფორმის ერთ-ერთი მიზანი სწორედ დასაქმებულის უფლებების დაცვა იყო, ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ შრომის სამართალი დაკავშირებულია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან და თითოეული დასაქმებულის საქმის ინდივიდუალური შეფასებისას გამოყენებული უნდა იქნეს ე.წ. „favor prestatoris“ პრინციპი, რაც დასაქმებულისათვის სასარგებლო წესთა უპირატესობას ნიშნავს. სწორედ აღნიშნული პრინციპის გამოყენებისას, საჭიროა დამსაქმებლისა და დასაქმებულის მოთხოვნებისა და ინტერესების წონასწორობის დაცვა სამართლიანობის, კანონიერებისა და თითოეული მათგანის ქმედების კეთილსინდისიერების კონტექსტში. დასაქმებულის გათავისუფლების საფუძვლების კვლევისას, მნიშვნელოვანია, დადგინდეს, რა ღონისძიებები გაატარა დამსაქმებელმა, რათა უზრუნველეყო დასაქმებულისათვის დაკავებული პოზიციის შენარჩუნება, ცხადია, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის მომწესრიგებელი თითოეული საფუძვლის გამოყენებამდე, დასაბუთებული უნდა იყოს მისი გამოყენების წინაპირობა (სუსგ №ას-224-224-2018, 18.05.2018წ; №ას-941-891-2015, 29.01.2016წ.).
15. საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ, განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხემ სათანადო და დამაჯერებელ მტკიცებულებებზე მითითებით ვერ უზრუნველყო მისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება. აღნიშნული კი გამორიცხავს რეორგანიზაციის მოტივით მოსარჩელის გათავისუფლების კანონიერების შესახებ მოპასუხის პოზიციის გაზიარების შესაძლებლობას.
16. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სშკ-ის 58-ე მუხლის მიხედვით, ინდივიდუალური შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისთვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. სსკ-ის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. სსკ-ის 409-ე მუხლის საფუძველზე, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება. სშკ-ის 48-ე მუხლის მე-9 ნაწილით, დასაქმებულს უფლება აქვს, ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ პირვანდელ ან ტოლფას სამუშაო ადგილზე აღდგენის ან მის ნაცვლად დაკისრებული კომპენსაციის გადახდის გარდა, მოითხოვოს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღიდან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების თარიღამდე. იძულებითი განაცდურის ანაზღაურების განსაზღვრისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს ამ მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტის შესაბამისად დამსაქმებლის მიერ დასაქმებულისთვის მიცემული კომპენსაცია. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, სშკ-ის 48-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად, დამსაქმებლისათვის დასაქმებულის სასარგებლოდ კომპენსაციასთან ერთად იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაკისრების თაობაზე (შდრ. სუსგ №ას-888-2022, 16.11.2022წ; №ას-1183-2022, 23.12.2022წ.).
17. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
18. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
19. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და კასატორს გადახდილი აქვს საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი - 810 ლარი, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% – 567 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს (ს/ნ: .........) უკან დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, ჯამურად 810 ლარის (საგადახდო მოთხოვნა №14331, გადახდის თარიღი 16.12.2022წ., გადახდილი თანხა 300 ლარი; საგადახდო მოთხოვნა №00019, გადახდის თარიღი 09.01.2023წ., გადახდილი თანხა 510 ლარი) 70% – 567 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე
რევაზ ნადარაია