Facebook Twitter

საქმე №ას-1459-2022 14 თებერვალი, 2023 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),

რევაზ ნადარაია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ნ.გ–ია, მ.გ–ია (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „ ბ–ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 29.09.2022 წლის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 27.04.2021 წლის გადაწყვეტილებით სს ,,ბ–ის’’ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“) სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ნ.გ–იას (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „პირველი მოპასუხე“, „მსესხებელი“, „მოვალე“) მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 23 681.37 ლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი დავალიანებაა - 20 937.65 ლარი, პროცენტი - 2493.30 ლარი, პირგასამტეხლო - 250.42 ლარი; პირველ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ასევე დაეკისრა ძირითად დავალიანებაზე, 20937.67 ლარზე წლიური 15.60%-ის გადახდა, ჯამურად 3266.3 ლარი. დადგინდა, დაკისრებული დავალიანების ამოღება პირველ რიგში მოხდეს მ.გ–იას (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მეორე მოპასუხე“, პირველ მოპასუხესთან ერთად - „მოპასუხეები“, „კასატორები“) საკუთრებაში არსებული, მოსარჩელის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების (მდებარე, თბილისი, .........., ბინა 85; ფართი: 50.00 კვ.მ. ს/კ ........) (შემდეგში „იპოთეკის საგანი“) იძულებით აუქციონზე რეალიზაციის ხარჯზე. დადგინდა, იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხის არასაკმარისობის შემთხვევაში გადახდევინება მიექცეს პირველი მოპასუხის საკუთრებაში რიცხულ სხვა უძრავ და მოძრავ ქონებაზე. გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგს:

1.1. 07.04.2015 წლის მოსარჩელეს და მსესხებელს შორის გაფორმებული #132751 გენერალური ხელშეკრულების ფარგლებში 06.06.2016 წლიდან 06.06.2026 წლამდე ვადით მსესხებელზე გაიცა სესხი 24 000 ლარი, წლიური საპროცენტო სარგებლის - 15,60%-ის დარიცხვით. პირგასამტეხლო განისაზღვრა მიმდინარე დავალიანების 0.5%, მინიმუმ 15 ლარის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. კრედიტის და მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის გადახდა უნდა მომხდარიყო ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში, თანდართული გრაფიკის შესაბამისად, ყოველი თვის 15 რიცხვში 400 ლარის დაფარვით.

1.2. ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად მოსარჩელეს და მეორე მოპასუხეს შორის გაფორმდა #07.01/05-15 იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც იპოთეკით დაიტვირთა მეორე მოპასუხის საკუთრებაში არსებული იპოთეკის საგანი. ხელშეკრულების 6.2. პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში თუ იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა არ იქნება საკმარისი დავალიანების სრული მოცულობით დასაფარად, დარჩენილი მოთხოვნა დაკმაყოფილდება მოვალის სხვა ქონების ხარჯზე.

1.3. მსესხებელმა დაარღვია 06.06.2016 წლის #216-0606/0037/CNSM/132751/002 საკრედიტო ხელშეკრულებიდან წარმოშობილი კრედიტის დაფარვის გრაფიკი და სესხი ვადაგადაცილებაშია 05.01.2019 წლიდან. მოპასუხეებს გაეგზავნათ გაფრთხილების წერილი და განესაზღვრათ დამატებით 14 დღე არსებული დავალიანების დასაფარად, თუმცა - უშედეგოდ.

1.4. მსესხებელს მოსარჩელის მიმართ 06.06.2016 წლის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება 23 681.37 ლარი, საიდანაც ძირითადი დავალიანებაა - 20 937.65 ლარი, პროცენტი - 2493.30 ლარი, პირგასამტეხლო - 250.42 ლარი.

1.5. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 361-ე, 867-ე, 868-ე, 873-ე მუხლებზე და განმარტა, რომ მოპასუხეთა მხრიდან საკრედიტო ვალდებულება არ შესრულდა ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას, კერძოდ, მსესხებელმა საბანკო კრედიტის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე მიიღო სესხის თანხა, რომელიც სრულად არ აანაზღაურა. შესაბამისად, მოსარჩელე უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე გადაცემული ძირითადი თანხის გადაუხდელი ნაწილი - 20 937.67 ლარი, ასევე სესხზე დარიცხული პროცენტი - 2 493.30 ლარი.

1.6. სასამართლომ სსკ-ის 417-ე, 418-ე მუხლების საფუძველზე ასევე საფუძვლიანად მიიჩნია სასარჩელო მოთხოვნა ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების გამო დარიცხული პირგასამტეხლოს, 250.42 ლარის დაკირების მოთხოვნის ნაწილში.

1.7. მოსარჩელე ითხოვდა მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურებას 13.09.2019 წლიდან დავალიანების ძირ თანხაზე 20 937.67 ლარზე, ყოველდღიურად 0.1% სარგებლის ოდენობით (არაუმეტეს ერთი წლისა). სასამართლომ წინასწარ სავარაუდო ზიანად მიიჩნია ხელშეკრულებით გათვალიწინებულ ძირ თანხაზე წლიური 15.60%, არაუმეტეს ერთი წლის განმავლობაში. სასამართლომ მიუთითა სსკ-ის 408-ე, 411-ე, 412-ე მუხლებზე, და განმარტა, რომ ანაზღაურებას ექვემდებარება მიუღებელი შემოსავალი, ანუ ანაცდური მოგება (lucrum cessans). მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია. ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება. მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისას, ზიანის ანაზღაურება უნდა განისაზღვროს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით ისე, რომ ამას არ მოჰყვეს დაზარალებულის უსაფუძვლო გამდიდრება. განსახილველ შემთხვევაში სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხეს მიუღებელი შემოსავალი უნდა დაჰკისრებოდა არაუმეტეს ერთი წლის განმავლობაში, ჯამურად 3266.3 ლარი.

1.8. სასამართლომ მიუთითა სსკ-ის 286-ე (უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა), 301.11 მუხლებზე ( მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი), ასევე იპოთეკის ხელშეკრულების 6.2. პუნქტზე და დაადგინა, რომ დავალიანების ამოღება უნდა მომხდარიყო იპოთეკის საგნის იძულებით აუქციონზე რეალიზაციის ხარჯზე, ხოლო იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხის არასაკმარისობის შემთხვევაში გადახდევინება მიექცეულიყო მოვალის საკუთრებაში რიცხულ სხვა უძრავ და მოძრავ ქონებაზე.

2. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით ნაწილობრივ გაასაჩივრეს მოპასუხეებმა და მიუთითეს, რომ პირგასამტეხლოს განაკვეთი იყო შეუსაბამოდ მაღალი, შესაბამისად, სესხის ძირის და პროცენტის დაფარვის ნაცვლად მსესხებლის მიერ გადახდილი თანხით იფარებოდა პირგასამტეხლო. პირგასამტეხლოს განაკვეთი უნდა შემცირდეს, გადახდილი თანხები გამოაკლდეს სესხს.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 29.09.2022 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, მათ სამართლებრივ შეფასებებს და განმარტა, რომ პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. ვინაიდან მსესხებელმა დაარღვია საკრედიტო ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულება, არსებობდა მისთვის საბანკო დაწესებულების მხრიდან პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი. ამასთან, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ შემცირებული და გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოპასუხისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა არ იყო შეუსაბამოდ მაღალი და არ ექვემდებარებოდა სასამართლოს მიერ შემცირებას.

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:

4. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრეს კასატორებმა და მოითხოვეს მისი გაუქმება.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

6. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

7. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

8. სადავო არ არის, რომ მხარეთა შორის არსებობდა საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება, რომელიც მსესხებლის მიერ დაირღვა. სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. სსკ აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად, ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებითსამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურება და რომელთა შერჩევაც მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება - პირგასამტეხლო (იხ: სუსგ Nას-106-2022, 15.11.2022წ., №ას-1056-2021, 17.12.2021წ.). სსკ-ის 417-ე მუხლით, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (სუსგ №ას-1053-993-2015, 08.04.2016წ.; სუსგ №ას-1056-2021, 17.12.2021წ.).

9. აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობა ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევაა. სსკ-ის 420-ე მუხლის გამოყენებისათვის აუცილებელ წინაპირობად გვევლინება ასევე ის გარემოება, რომ პირგასამტეხლო არ უნდა იყოს უკვე გადახდილი. უკვე გადახდილი პირგასამტეხლოს შემცირება სასამართლოს მიერ არ ხდება (შდრ. სუსგ №ას-1527-2018, 31.01.2019წ; სუსგ №ას-500-2022, 29.06.2022წ.). სააკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ მსესხებელს წარმოეშვა პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება და ამასთან, არ არსებობს სსკ-ის 420-ე მუხლის (სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო) შესაბამისად მისი შემცირების წინაპირობა.

10. რაც შეეხება კასატორების ე.წ. შუამდგომლობას „მიუღებელი შემოსავლის სახით დაკისრებული 3266 ლარის მოხსნის თაობაზე“, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ამ ნაწილში მოპასუხეებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებიათ, შესაბამისად, აღნიშნული სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების კანონიერებაზე საკასაციო სასამართლო ვერ იმსჯელებს (სსსკ-ის 264-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი). გაზიარებული ვერ იქნება კასატორების მსჯელობა სესხად მიღებული, გადახდილი თანხების მოცულობის და შესასრულებელი ვალდებულების არასწორად განსაზღვრასთან დაკავშირებით. საკასაციო პალატა კასატორებს განუმარტავს, რომ ფაქტები, რომლებიც შესაგებლით შედავებული არ ყოფილა, გამოკვლეული ვერ იქნება საქმის საკასაციო ინსტანციაში განხილვისას. პალატა მიუთითებს, რომ სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურსამართლებრივ შედეგს გამოიწვევს (სუსგ №ას-1465-2020, 18.03.2021წ., პ.48). საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით; წინააღმდეგ შემთხვევაში, მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს [სსსკ-ის 201.4. მუხლი]. საკასაციო სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ საპროცესო კანონმდებლობით დადგენილია მოპასუხის მიერ კონკრეტული (კვალიფიციური) შესაგებლის წარდგენის ვალდებულება, კერძოდ, სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, დგინდება, რომ მოპასუხე უნდა შეედავოს მოსარჩელის გამართულ, დასაბუთებულ მოთხოვნას ანუ დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები (და არა მისი სამართლებრივი შეხედულებები) დამტკიცებულად ითვლება (იხ. სუსგ №ას-201-2019, 08.05.2019წ.). შესაბამისად, კასატორების მიერ მითითებული გარემოებები, რომლებიც პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილი შესაგებლით კვალიფიციურად შედავებული არ ყოფილა, გამოკვლეული ვერ იქნება საქმის საკასაციო ინსტანციაში განხილვისას.

11. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

12. კასატორებმა ვერ შეძლეს დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლიეს გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლეს მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორები მიუთითებენ. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

13. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, ხოლო კასატორებს გადახდილი აქვთ საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი - ჯამში 300 ლარი, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ.გ–იას და მ.გ–იას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. ნ.გ–იას (პ/ნ: .......) და მ.გ–იას (პ/ნ: ..........) უკან დაუბრუნდეთ ნ.გ–იას (პ/ნ: .........) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, ჯამში 300 ლარის (საგადახდო დავალება 15036885350, გადახდის თარიღი 08.11.2022წ.; თანხა 100 ლარი; საგადახდო დავალება 15331191033, გადახდის თარიღი 06.12.2022წ.; თანხა 200 ლარი) 70% – 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე

რევაზ ნადარაია