საქმე №ას-1258-2021 18 აპრილი, 2022 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „მ.დ.ბ.ს–ა“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარეები – დ.მ–ძე, ნ.თ–ია, ნ.გ–ძე, მ.ც–ძე, თ.თ–ია, ხ.ც–ია, ც.ა–ი, ლ.გ–ა, შ.რ–ი, ი.ჯ–ი (მოპასუხეები)
მესამე პირები დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე -
გაზეთი „ ვ–ია“, გაზეთი „ქ.“
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 15 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – ცილისმწამებლური ცნობების უარყოფა, მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. 2013 წლის 28-29 იანვარს N9(765) გაზეთ „ ვ–იაში“ გამოქვეყნდა ჟურნალისტ ნ.თ–იას (შემდგომში - „ჟურნალისტი“) საგაზეთო სტატია „111-ე საჯარო სკოლა ს–მა მოსწავლეებიანად გაყიდა“. სტატიაში გავრცელდა ყოფილი 111-ე საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილის, დ.მ–ძის (შემდგომში - „პირველი მოპასუხე“) შემდეგი სახის განცხადებები: ა) „საუბარია დანაშაულებრივ ფინანსურ გარიგებაზე... რადგანაც ეჭვს იწვევს შპს „მ–ის“ მიერ ორ ნაწილად გადახდილი თანხა"; ბ) ,,შპს „მ–მა“ სკოლის შენობა კორუფციული გარიგებით შეიძინა და სხვადასხვა მაღალი თანამდებობის პირთა ლობირებით“; გ) „კორუფციული გარიგება, რომლის გამოც მ.მ–ნი, გ.ა–ძე და გ.ნ–ი შეიძლება პროკურატურაში დაიბარონ“; დ) „სამინისტროს მაღალჩინოსნების გარდა, საუბარი მათ მფარველებზეცაა. კერძოდ, სამგორის რაიონის მაჟორიტარ მ.მ–ნზე, გ.ნ–ზე, გ.ა–ძეზე და ა.შ.“ (ტომი I, ს.ფ. 26).
2. 2013 წლის 21 მაისს გაზეთში „ქ.“ გამოქვეყნდა ჟურნალისტის საგაზეთო წერილი სათაურით „პროკურატურა პრეზიდენტის ხელმოწერით გასხვისებული სკოლის საქმეს შეისწავლის“. გაზეთში „ქ.“ გამოქვეყნებულ საგაზეთო წერილში გაჟღერებულია თბილისის №111-ე საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილის - პირველი მოპასუხის, ამავე სკოლის პედაგოგების - თ.თ–იას (შემდგომში - „მეორე მოპასუხე“) და მ.ც–ძის (შემდგომში - „მესამე მოპასუხე“) შემდეგი განცხადებები: ა) „წარმატებული სკოლის შენობა დანაშაულებრივი გზით ხელთ ჩაიგდო უპერსპექტივო კერძო სკოლამ“; ბ) ,,კერძო შპს „მ–ის“ გახსნის შემდეგ გაუარესდა სასწავლო პირობები, გარემო და ადგილი აქვს მოსწავლეთა და ბავშვთა უფლებების დარღვევის ფაქტებს“ (ტომი I, ს.ფ. 27-28).
3. №111-ე საჯარო სკოლის შენობის გასხვისების ფაქტი მხარეთა შორის სადავო არ არის. ასევე უდავოა, რომ ყოფილი №111-ე საჯარო სკოლის მოსწავლეთა მშობლები, ასევე, სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა სკოლის შენობის გასხვისებასთან დაკავშირებით და №111-ე საჯარო სკოლის №87-ე სკოლასთან მიერთების გამო სასწავლო პირობების გაუარესების შესახებ პრეტენზიით სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებას მიმართავდა. სკოლის შენობის გასხვისების კანონიერების საკითხთან დაკავშირებით მიმართული განცხადების განხილვის შედეგად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის ძველი თბილისის სამმართველოს განყოფილების მიერ დანაშაულის ნიშნების არსებობა არ დადასტურდა და გამოძიება დაწყებული არ ყოფილა (ტომი I, ს.ფ. 90-91, 93-104, 45).
4. შპს „მ.დ.ბ.ს–ის“ (შემდგომში - „მოსარჩელე“, „მოსარჩელე სკოლა“ ან „კასატორი“) ადმინისტრაციის მონაცემებით, 2012-2013 სასწავლო წლის მეორე სემესტრის დასაწყისში სკოლაში ირიცხებოდა 583 მოსწავლე, ხოლო 2013 წლის 20 სექტემბრის მდგომარეობით (2013-2014 სასწავლო წლის დასაწყისი) – 487 მოსწავლე (ტომი I, ს.ფ. 158).
5. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ჟურნალისტის, პირველი, მეორე და მესამე მოპასუხეების, ასევე პედაგოგების: ნ.გ–ძის, ხ.ც–იას, ც.ა–ის, ლ.გ–ას, შ.რ–ისა და ი.ჯ–ის მიმართ (შემდგომში ერთობლივად - „მოპასუხეები“) და მოითხოვა:
5.1. მოპასუხეებს დაევალოთ გაზეთ ,, ვ–იის“ და გაზეთ „ქ.“-ის საშუალებით გამოქვეყნებული და გავრცელებული, წინამდებარე განჩინების პირველ და მე-2 პუნქტებში ასახული, მოსარჩელის პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების უარყოფა;
5.2. მოპასუხეებისათვის, მატერიალური და მორალური ზიანის სახით, 20 000 ლარის ანაზღაურების დაკისრება.
6. მოსარჩელის განმარტებით:
6.1. ზემოაღნიშნული საგაზეთო წერილები ეხება როგორც №111-ე საჯარო სკოლას, ისე მოსარჩელე სკოლასა და მის საქმიანობას. წერილებში ჟურნალისტი და პირველი, მეორე და მესამე მოპასუხეები ფაქტობრივად ახმოვანებენ ყოფილი №111-ე საჯარო სკოლის პედაგოგთა ვიწრო ჯგუფის, სარჩელში მოპასუხეებად დასახელებული დანარჩენი პირების სრულიად უსაფუძვლო, უკანონო და ცილისმწამებლურ გამონათქვამებს. აღნიშნული პირები მსგავსი ტიპის ქმედებებს ახორციელებენ სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოებში მათ მიერ შეტანილ უსაფუძვლო წერილობით განცხადებებში;
6.2. მოპასუხეების მიერ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით და სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოებში შეტანილი წერილობითი განცხადებებით გავრცელებული ზემოხსენებული ცნობები სინამდვილეს არ შეესაბამება, არის სიცრუე, ატარებს ცილისმწამებლურ ხასიათს. მოპასუხეებს აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება არ გააჩნიათ. კორუფციული გარიგებისა და დანაშაულის ფაქტები მხოლოდ კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენით უნდა იყოს დადასტურებული, რაც არ არსებობს;
6.3. მოპასუხეთა მიერ გავრცელებული ცნობებით, მოსარჩელე სკოლის მოსწავლეთა და მშობელთა, საგანმანათლებლო დაწესებულებათა, სახელმწიფო ორგანოთა და სამოქალაქო საზოგადოების თვალში დამცირდა მისი, როგორც სასწავლო-აღმზრდელობითი დაწესებულების, პატივი და ღირსება, შეილახა სკოლის საქმიანი რეპუტაცია. სკოლის მოსწავლეთა და მშობელთა წრეში ხელი შეეწყო მოსარჩელე სკოლაზე, როგორც სასწავლო-აღმზრდელობით დაწესებულებაზე, არასწორი და უარყოფითი წარმოდგენების შექმნას, მათში მათ მომავალსა და განვითარების პერსპექტივაზე ფსიქოლოგიურად პესიმისტური და უიმედო განცდებისა და დაბნეულობის ჩამოყალიბებას, სკოლის ავტორიტეტსა და საქმიან რეპუტაციაზე უარყოფითი საზოგადოებრივი აზრის ფორმირებასა და დამკვიდრებას;
6.4. შეურაცხყოფილ იქნა სკოლის პედაგოგიური პერსონალი, შეილახა მათი ღირსება, ავტორიტეტი და საქმიანი რეპუტაცია. ამის შედეგად, მათ განიცადეს მძიმე მორალური ტკივილები, განცდები და აღმოჩნდნენ მძიმე ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშ;
6.5. მოპასუხეების მიერ გავრცელებული, მოსარჩელის საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ინფორმაციის შედეგად, 2013 წლის იანვრიდან 2013 წლის სექტემბრამდე სკოლას მოაკლდა და სხვა სასკოლო დაწესებულებაში გადავიდა 96 მოსწავლე, რამაც, საერთო ჯამში, სკოლას დააკლო ვაუჩერით გათვალისწინებული 28800 ლარი ფულადი თანხა.
7. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ:
7.1. მითითებულ სტატიებში №111-ე საჯარო სკოლის კოლექტივი ასახავს რეალურ ფაქტებს, რომლებსაც ადგილი ჰქონდა იმ პერიოდში, კერძოდ, ინტერვიუს ჩაწერის დროს მართლაც მიმდინარეობდა პროკურატურის მიერ ხსენებული საქმის შესწავლა;
7.2. ის ფაქტი, რომ სკოლაში რეალურად გაუარესდა სასწავლო პირობები, დადასტურებულია №111-ე საჯარო სკოლის მოსწავლეთა მშობლებისა და მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეთა განცხადებით, რომლებმაც მიმართეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, სადაც გამოთქვამდნენ თავიანთ გულისტკივილს. აღნიშნულ წერილს ხელს აწერს 428 განმცხადებელი. შესაბამისად, მოპასუხეებმა დააფიქსირეს თავიანთი აზრი, რადგან უამრავი გარემოება იწვევდა ეჭვს, კერძოდ, შუა სასწავლო წელს სკოლის გაუქმება, მოსწავლეთა ისეთ სკოლაში გადაყვანა, სადაც ისინი სწავლას ფაქტიურად ვერ მოახერხებდნენ. №87-ე საჯარო სკოლა ფიზიკურად ვერ უზრუნველყოფდა №111-ე საჯარო სკოლის ბავშვების მიღებას. მითითებულ პერიოდში სკოლას არ მიეწოდებოდა ელექტროენერგია, ინტერნეტი, ტელეფონი, სკოლას არ ჰყავდა დარაჯი და დამლაგებელი. მიმდებარე უზარმაზარ ტერიტორიაზე არსებობდა მხოლოდ ერთი უფასო საჯარო სკოლა, რაც ფაქტიურად აიძულებდა მოსახლეობას, ბავშვები ფასიან სკოლაში შეეყვანა და ა.შ.; აღნიშნულმა გარემოებებმა მოპასუხეებს გაუჩინა ეჭვი და ამის გამო მიმართეს ქ. თბილისის პროკურატურას. პროკურატურამ მართლაც შეისწავლა განცხადებაში მითითებული გარემოებები და 2013 წლის 4 ივლისის წერილით მოპასუხეებს აცნობა, რომ მათ განცხადებაში მოყვანილი ფაქტები არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს;
7.3. ამასთან, კერძო სკოლის 120 მოსწავლეს დაემატა №111-ე სკოლიდან გადასული 600-მდე მოსწავლე, რის გამოც სკოლა გადავიდა 2-ცვლიან სწავლებაზე. მოსარჩელე სკოლის ყველა მოსწავლე სწავლობდა პირველ ცვლაში, ხოლო სახელმწიფო დაფინანსებაზე მყოფი №111-ე სკოლის მოსწავლეების უმრავლესობა - მეორე ცვლაში. სკოლის შენობის პირველ სართულზე განთავსდა საბავშვო ბაღი, რის გამოც დაიკეტა დაწყებითი კლასის მოსწავლეთათვის განკუთვნილი საპირფარეშო. ამიტომ პატარა ბავშვებს უწევდათ ზედა სართულზე სიარული, რასაც ვერ ასწრებდნენ 5-წუთიან შესვენებაზე. აღნიშნული კი იწვევდა მშობლების უკმაყოფილებას.
8. ჟურნალისტმა წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ საგაზეთო პუბლიკაციებში გამოქვეყნებული ფაქტები საყოველთაოდ ცნობილია. ამასთან, მას არ გამოუქვეყნებია არცერთი სიტყვა, რაც არ უთქვამთ მის მიერ ჩაწერილ რესპონდენტებს.
9. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 13 ნოემბრის საოქმო განჩინებით საქმეში დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მესამე პირებად ჩართულ იქნენ გაზეთი „ ვ–ია“ და გაზეთი „ქ.“.
10. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 15 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
12. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-4 პუნქტებში მითითებული ფაქტები.
13. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში - „სპეციალური კანონი“) მე-7 მუხლის პირველი, მეორე და მეექვსე პუნქტებითა და ამავე კანონის მე-13 მუხლით და განმარტა, რომ საქართველოს კანონმდებლობა დიფამაციის (ცილისწამება) საკითხის გადაწყვეტისას პრიორიტეტს გამოხატვის თავისუფლებას ანიჭებს. სპეციალური კანონი გამორიცხავს ცილისწამებისათვის პასუხისმგებლობას არაერთ შემთხვევაში. გარდა ამისა, დადგენილია პრინციპი, რომ ყოველგვარი ეჭვი უნდა გადაწყდეს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საწინააღმდეგოდ და, მაშასადამე, რეპუტაციის უფლების საზიანოდ. მაგრამ მთავარი ისაა, რომ სასამართლო პროცესზე მტკიცების ტვირთი ეკისრება რეპუტაციაშელახულ პირს. მას ევალება დაამტკიცოს, თანაც უტყუარად, რომ განცხადება შეიცავდა ცილისწამებას. მტკიცების ტვირთის მოსარჩელისათვის დაკისრება ფაქტობრივად გულისხმობს ერთგვარი პრეზუმფციის დაშვებას, რომ სახელის გამტეხი ცნობები სინამდვილეს შეესაბამება, სანამ მოსარჩელე არ დაამტკიცებს საწინააღმდეგოს. კანონის ამგვარი მომწესრიგება ნათელყოფს, რომ იგი მეტადაა ორიენტირებული სიტყვის თავისუფლების უფლების დაცვაზე, ვიდრე მის შეზღუდვაზე.
14. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ გამოთქმული მოსაზრებების დანაწევრება და მხოლოდ მათი ცალკეული კონტექსტის გასაჩივრება, ისე რომ ძირითად ტექსტს აზრი დაეკარგოს, მიზანშეუწონელია, შესაბამისად, მიუხედავად იმისა, თუ მოსარჩელე რომელ კონკრეტულ გამონათქვამს ხდის სადავოდ, სააპელაციო პალატა მხედველობაში გამოქვეყნებული ტექსტის სრულ სახეს მიიღებს.
15. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, გაზეთ „ ვ–იაში“ გამოქვეყნებული სტატიით (ტომი I, ს.ფ. 26) დგინდება, რომ მასში დირექტორის მოადგილე - პირველი მოპასუხე აღწერს სკოლის გაყიდვის პროცესს, მისი მოსაზრებით, ის ფაქტი, რომ სკოლის გაყიდვის თაობაზე გამოძიება დაიწყო, მას სამართლიანობის განცდას უბრუნებს. სტატიის გასაფორმებლად წარმოდგენილ ფოტოზე დაბეჭდილია წინადადება: „კორუფციული გარიგება, რომლის გამოც მ.მ–ნი, გ.ა–ძე და გ.ნ–ი შეიძლება პროკურატურაში დაიბარონ“. სტატიის სრული ტექსტის გაცნობის შედეგად, პალატამ მიიჩნია, რომ მასში მოყვანილი გამონათქვამები პირველი მოპასუხის აზრს წარმოადგენს, ვინაიდან მისთვის, 580-მოსწავლიანი სკოლის შუა სასწავლო პროცესში გასხვისება, თანაც აღნიშნულის თაობაზე დირექციისთვის წინასწარ ცნობების მიუწოდებლად, კორუფციულ სქემასთან იგივდებოდა, მით უფრო მაშინ, როდესაც შენობის ახალი მფლობელები საზოგადოებისთვის ცნობად სახეებს წარმოადგენდნენ. ამასთან, სიტყვათაწყობაში გამოყენებული სიტყვა „შეიძლება“ კიდევ ერთხელ უსვამდა ხაზს იმ გარემოებას, რომ სტატია იმპერატიული ხასიათის არ იყო, იგი გადმოცემულ ფაქტთან მიმართებით გარკვეულ მოლოდინებს ასახავდა, მოლოდინი კი, თავის მხრივ, იმ ფაქტს უკავშირდებოდა, რომ სკოლის გაყიდვასთან დაკავშირებით საგამოძიებო ორგანოებმა გამოძიება დაიწყეს.
16. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ „ქ.“-ის სტატიის ამონარიდში (ტომი I, ს.ფ. 28) მითითებულია ფაქტებზე, რომლებიც სკოლის დაჩქარებული წესით გაყიდვას, სკოლის მოსწავლეების სხვადასხვა შენობებში გადანაწილებას და სასკოლო პროცესის მიმდინარეობის შეფერხებას შეეხება. ამ სტატიაში ინტერვიუს სკოლის მოსწავლეების მშობლები აძლევენ, სადაც მიმდინარე პროცესებზე უკმაყოფილებას გამოთქვამენ. ამ სტატიაში მოსარჩელე სადავოდ ხდის იმ გამონათქვამს, სადაც კორუფციულ გარიგებასა და საფასურის ნაწილ-ნაწილ გადახდაზეა საუბარი. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ის ფაქტი, რომ სკოლის საფასური 500 000 ლარი არ იყო და მისი ორ ნაწილად გადახდა არ მომხდარა, მოსარჩელეს არ დაუდასტურებია, შესაბამისად, ის ფაქტი, რომ ფუნქციონირებადი სკოლის შენობის 500 000 ლარად გაყიდვა რომელიმე სკოლის მშობელს ან მასწავლებელს კორუფციული გარიგების თაობაზე ეჭვს წარმოუშობდა, ფაქტის მტკიცებად ვერ იქნება მიჩნეული, რადგან მთლიანი სტატიის შინაარსი მასწავლებელთა და მშობელთა „აზრებზეა“ აგებული. ასევე, ამავე სტატიის დასასრულს მითითებულია, რომ ამ ფაქტზე გამოძიებაა დაწყებული, თუმცა ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ რა დასკვნები დაიდება მაკონტროლირებელი მოქმედებების შედეგად, თუმცა გამორიცხული არ არის, რომ შედეგად გარკვეულ პირთა ბრალეულობაც გამოიკვეთოს. ამასთან, ამ სტატიის სათაურია -„პროკურატურა პრეზიდენტის ხელმოწერით გასხვისებული სკოლის საქმეს შეისწავლის“, რაც მკითხველს იმთავითვე აძლევს ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ სტატიაში გადმოცემული ამბავი ჯერ კიდევ შესაბამისი ორგანოების მიერ განხილვის საგანია, ამიტომ, სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი ამონარიდები „ფაქტად“ დაკვალიფიცირების შესაძლებლობას არ იძლევა.
17. სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი სტატიიდან ამონარიდი: „წარმატებული სკოლის შენობა დანაშაულებრივი გზით ხელში ჩაიგდო უპერსპექტივო კერძო სკოლამ და ბაგა-ბაღმა, რომელსაც მხოლოდ 128 მოსწავლე და ერთი აღსაზრდელი ჰყავს და რომ არა №111 სკოლელების ვაუჩერები, საკუთარი შემოსავლით სკოლის კომუნალური გადასახადების გადახდას ვერ შეძლებდნენ“ (ტომი I, ს.ფ. 29), არ შეაფასა „ფაქტად“, ვინაიდან, სასამართლოს მოსაზრებით, იგი შეფასებითი მსჯელობის, აზრის გამოთქმის ელემენტებს შეიცავს. იგი მხოლოდ სათაურია და მისი განხილვა ძირითად ტექსტთან განცალკევებით დაუშვებელია, თუმცა მხოლოდ ტექსტის სათაურიდანაც ჩანს, რომ სკოლის უპერსპექტივობას მხარე სკოლის მოსწავლეების მცირე რაოდენობას უკავშირებს, ასევე იყენებს სიტყვებს „წარუმატებელი“, „უპერსპექტივო“, რომლებიც ქართულ ენაში თავადვე ატარებს შეფასებით კონტექსტს. კონკრეტული პირისთვის წარუმატებელი/უპერსპექტივო შესაძლებელია წარმატებული ან პერსპექტიული იყოს, ხოლო მეორესთვის - პირიქით. ეს პირის შემეცნებაზე, აღქმაზე, საკითხის სწორად ცოდნასა და სხვა მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული.
18. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც კომპეტენტურმა ორგანოებმა გამოძიება დაასრულეს და მოპასუხეებს დანაშაულის ნიშნების არარსებობის შესახებ შეატყობინეს, მათ მიერ წერილობით რაიმე სახის განცხადებების გავრცელება საქმის მასალებით არ დგინდება. ამასთან, სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე შენობების მიმართ (სკოლა) საზოგადოების ინტერესი მაღალია, ამიტომ, ვინაიდან სკოლების შეერთების, დირექტორატის შეცვლის, შუა სასწავლო წელს მისი რემონტისა და სხვა ფაქტები შეცილებული არაა, მიიჩნევა, რომ მოპასუხეებს საკითხის მიმართ მაღალი საჯარო ინტერესი გააჩნდათ. გამომდინარე აქედან, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საჯარო სკოლის გაყიდვით დაინტერესებულ პირებს გამოძიების დასრულებამდე უფლება ჰქონდათ გამოეხატათ მათი თუნდაც ძალიან კრიტიკული შეფასებითი მსჯელობები იმასთან დაკავშირებით, თუ რა გახდა სკოლის გაყიდვისა და კონტიგენტის ნაწილის სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზი, მით უფრო მაშინ, როდესაც ტრანზაქციასთან კავშირი საზოგადოებისთვის ცნობილ პირებს ჰქონდათ, რამდენადაც მათ მიმართ ინტერესი ყოველთვის უფრო მაღალია.
19. ამასთან, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქმის მასალებში მოპასუხემ წარმოადგინა ყოფილი სსიპ №111-ე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის განცხადება, სადაც ისინი მიუთითებენ, რომ სკოლის შენობა უსამართლოდ გაუქმდა და შემდგომ გაიყიდა, აღნიშნულით მოსახლეობა ზიანდება. ვინაიდან ტერიტორიაზე მოსახლეობის ზრდა იგრძნობა, მათ მიაჩნდათ, რომ სკოლის დახურვა იყო დანაშაული და მხოლოდ რამდენიმე ადამიანის ინტერესებში შედიოდა. ხსენებულ განცხადებას 428 ადამიანის ხელმოწერა და პირადი მონაცემები ახლავს. ეს მტკიცებულება მოსარჩელეს კანონით დადგენილი წესით სადავოდ არ გაუხდია, შესაბამისად, ამ დოკუმენტის მხედველობაში მიღებით და საქმის ყოველმხრივ გამოკვლევის შედეგად, სააპელაციო სასამართლომ დამატებით განმარტა, რომ მოპასუხეთა მიერ გამოთქმული მოსაზრებები არ იყო არსებითად მცდარი, საჯარო ინტერესის სფეროში შემავალ საკითხს მიემართებოდა და მათ ამგვარი საჭირბოროტო საკითხის მიმართ განსაკუთრებით კრიტიკული გამონათქვამების გაკეთების უფლებაც ჰქონდათ, თუმცა, რა თქმა უნდა, არა - გადამეტებულის.
20. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი გამონათქვამები შეფასებით მსჯელობას წარმოადგენდა და ისეთი ფაქტის მიმართ, რომელიც ნამდვილად მოხდა, გამოთქმული მოსაზრებების ცილისწამებად დასაკვალიფიცირებლად საჭირო წინაპირობები არ არსებობდა.
21. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი გამონათქვამები „ფაქტებად“ ანუ არსებითად მცდარ გამონათქვამად - ცილისწამებად იქნებოდა დაკვალიფიცირებული, სააპელაციო საჩივარს ზიანის ანაზღაურების კონტექსტში წარმატების პერსპექტივა მაინც არ ექნებოდა.
22. სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელის მოთხოვნა მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ იურიდიულად უსაფუძვლოდ მიიჩნია, რადგან იურიდიულ პირს არ გააჩნია სსკ-ის მე-18 მუხლით დაცული ისეთი სიკეთე, როგორიცაა: პირადი ხელშეუხებლობა, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, ასევე, მორალურ განცდებთან დაკავშირებით მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება. პალატის განმარტებით, იურიდიული პირის დაცულ არაქონებრივ უფლებას წარმოადგენს საქმიანი რეპუტაცია, რომლის შელახვის გამო არა მორალური, არამედ მატერიალური ზიანის დაკისრებაა შესაძლებელი.
23. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მიზეზ-შედეგობრივი კავშირი იმის თაობაზე, რომ 96 მოსწავლის სხვა სკოლაში გადასვლა მოპასუხეების მიერ გამოქვეყნებულ ცნობებთან იყო დაკავშირებული, საქმის მასალებში წარმოდგენილი მტკიცებულებით არ დასტურდება. ამასთანავე, სკოლის მოსწავლეთა რაოდენობის შემცირება იმდენად მცირეა, რომ იგი შეიძლება თანაბარმნიშვნელოვნად დაკავშირებული იყოს სკოლაში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებთან, მასწავლებლების შეცვლასთან, ახალი დირექტორატის სკოლაში მისვლასთან და სხვა ისეთ გარემოებებთან, რასაც სტატიების გამოქვეყნების არარსებობის პირობებშიც კი შესაძლებელია კონტიგენტის მცირე ოდენობით შემცირება გამოეწვია. დამდგარ ზიანსა და სადავო ქმედებას შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირი მოსარჩელე მხარეს უნდა დაედასტურებინა, რაც არ მომხდარა, ამიტომ სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივარი ამ ნაწილშიც დაუსაბუთებლად მიიჩნია.
24. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
25. საკასაციო საჩივარი ემყარება შემდეგ საფუძვლებს:
25.1. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე არსებული ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები არ გამოიკვლია და არ შეაფასა ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად. სასამართლო გასცდა თავისი უფლებამოსილების ფარგლებს და ფაქტობრივად მოპასუხეთა ნაცვლად და მათ სასარგებლოდ ამტკიცა ისეთი გარემოებები, რაც მათ საკუთარი უფლებრივი ინტერესების დასაცავად არ უმტკიცებიათ ქვედა ინსტანციის სასამართლოებში. მოპასუხეები იყვნენ ვალდებულნი ემტკიცებინათ და დაესაბუთებინათ ის ფაქტები, რომლებზედაც ისინი ამყარებდნენ თავიანთ შესაგებელს;
25.2. სასამართლომ ზედაპირულად და მიკერძოებულად სასწავლო-აღმზრდელობით დაწესებულებაზე მაღლა დააყენა უმუშევრად დარჩენის გამო სკოლაზე გაბრაზებულ მოპასუხეთა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, რომელიც გასცდა კანონით დასაშვებ ზღვარს;
25.3. სასამართლომ გვერდი აუარა სააპელაციო საჩივარსა და ასევე სასამართლოში მოსარჩელის მიერ მოყვანილ არგუმენტებს. მას შემოწმების საგნად საერთოდ არ გაუხდია სადავო გადაწყვეტილების კანონიერება. იგი შეეხო ისეთ საკითხებს, რომლებიც გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მოყვანილ არგუმენტებთან კავშირში არ არის;
25.4. სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა საქმიანი რეპუტაციის ცნება. აღნიშნული ცნების ქვეშ სასამართლო მოიაზრებს საზოგადოების მიერ პირის პროფესიული თუ სხვა საქმიანი თვისებების შეფასებას, რაც არასწორია და ეწინააღმდეგება საქმიანი რეპუტაციის, როგორც არაქონებრივი უფლების, სამართლებრივ და იურიდიულ ბუნებას, კანონის არსსა და მის შინაარსობრივ განმარტებას. საქმიანი რეპუტაციის ცნების ქვეშ იგულისხმება პირის ყველა ის ქმედება და თვისება, რომელიც პროფესიული საქმიანობის განხორციელებასთან არის დაკავშირებული. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ სკოლის ახალი შენობა შეიძინა სკოლის საგანმანათლებლო და სასწავლო-აღმზრდელობითი დაწესებულების საქმიანობისა და სასწავლო პროცესის გაუმჯობესების მიზნით, რომელიც სწორედ პროფესიულ საქმიანობასთან პირდაპირ არის დაკავშირებული;
25.5. ამდენად, სადავოდ გამხდარი გამონათქვამები, რომ თითქოს სკოლა შეძენილია „დანაშაულებრივი ფინანსური გარიგებით“ ან კიდევ „კორუფციული გარიგებით“, წარმოადგენს მოსარჩელის, როგორც სასწავლო-აღმზრდელობითი დაწესებულების, საქმიანი რეპუტაციის შელახვას. აღნიშნული გამონათქვამების მიხედვით, სკოლამ, როგორც იურიდიულმა პირმა და მისმა ხელმძღვანელობამ თითქოს სკოლის შენობა შეიძინა კრიმინალური ფინანსური და კორუფციული გარიგებით; იგი არის დანაშაულებრივი ქმედების მონაწილე და კრიმინალური გზით შეძენილ სკოლის შენობაში მიმდინარეობს მოსარჩელე სკოლის, როგორც სასწავლო-აღმზრდელობითი დაწესებულების, საქმიანობა და სასწავლო პროცესი;
25.6. მოსარჩელის საქმიანი რეპუტაციის შემლახველ გამონათქვამად უნდა ჩაითვალოს შემდეგი ამონარიდი: „წარმატებული სკოლის შენობა დანაშაულებრივი გზით ხელში ჩაიგდო წარუმატებელმა, უპერსპექტივო კერძო სკოლამ...“, ვინაიდან მოსარჩელე სკოლის „წარუმატებლობა და უპერსპექტივობა“ დაკავშირებულია მის პროფესიულ საქმიანობასთან და ამ საქმიანობის შეფასების გამომხატველია;
25.7. სასამართლომ სადავოდ გამხდარი ყველა გამონათქვამი იმიტომ არ მიიჩნია „მცდარ ფაქტად“, რომ ისინი გამოქვეყნებული იყო კომპეტენტური ორგანოების მიერ გამოძიების დასრულებამდე. ფაქტობრივად სასამართლო ამართლებს და უშვებს მოპასუხეთა მხრიდან გამოძიების დასრულებამდე საქმიანი რეპუტაციის შემლახველი და ცილისმწამებლური გამონათქვამების გამოქვეყნებას. კასატორი მიიჩნევს, რომ ყველა შემთხვევაში დაცული უნდა იყოს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპი;
25.8. საქმის მასალებით უტყუარად დასტურდება, რომ მოპასუხეთა გამონათქვამები სინამდვილეს არ შეესაბამება და მცდარი ფაქტების შემცველია. საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგებით დანაშაულის ჩადენის ფაქტები არ დადგინდა. მოპასუხეთა სადავო გამონათქვამებით მოსარჩელეს მიადგა ზიანი, შეილახა მისი საქმიანი რეპუტაცია და ავტორიტეტი. ყოველივე ამის შედეგად სახეზეა მატერიალური ზიანიც. კერძოდ, 2013-2014 სასწავლო წლებში 2012-2013 წლის სასწავლო წლებთან შედარებით მკვეთრად შემცირდა მოსწავლეთა რაოდენობა და, შესაბამისად, მოსარჩელის, როგორც ფასიანი სკოლის, ფინანსური შემოსავალი, დაახლოებით 100 000 ლარის ოდენობით. თუ სკოლას 2012-2013 სასწავლო წლებში ჰყავდა 583 მოსწავლე, 2013-2014 სასწავლო წლებში მოსწავლეთა რაოდენობა შემცირდა 487 მოსწავლემდე, 96 ერთეულით;
25.9. მართალია, მოპასუხეებს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ჯერ 2013 წლის 4 ივლისს, ხოლო შემდეგ, 20 აგვისტოს ეცნობათ დანაშაულის ფაქტების არარსებობის შესახებ, თუმცა, მათ 2013 წლის 5 აგვისტოს ტელეკომპანია „კ–ში“, 16 აგვისტოს საზოგადოებრივ მაუწყებელზე, ხოლო 2013 წლის 24 სექტემბერს გაზეთ „ქ.“-ში კვლავ გამოაქვეყნეს მორიგი ცილისწამება;
25.10. სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო ის გარემოება, რომ მოსარჩელე სკოლას 2012 წლის 7 მარტს გავლილი ჰქონდა ავტორიზაცია 208 მოსწავლეზე, რაც იმას ნიშნავს, რომ სკოლა ყველა სტანდარტსა და მოთხოვნას აკმაყოფილებდა. მისი შემოსავალი მაშინდელ 128 მოსწავლეზე წელიწადში (1400 ლარი ერთ მოსწავლეზე) მხოლოდ მშობელთა შემონატანის სახით შეადგენდა 179 000 ლარს, ამას დამატებული მოსწავლეზე მიბმული სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ვაუჩერი (300 ლარი თითოეულ მოსწავლეზე წელიწადში), 38400 ლარი ანუ სულ 217 400 ლარი, მაშინ როდესაც №111-ე საჯარო სკოლის შემოსავალი 457 მოსწავლეზე ვაუჩერის სახით წელიწადში შეადგენდა მხოლოდ 146100 ლარს;
25.11. მოსარჩელე სკოლის მიერ ეკონომიკის სამინისტროსთან 2012 წლის 16 მაისს დადებული ხელშეკრულების თანახმად, მოსწავლეები, რომლებიც სწავლობდნენ №111-ე საჯარო სკოლაში და ის მოსწავლეები, რომლებიც მომდევნო 5 წლის მანძილზე ჩარიცხულნი იქნებოდნენ პირველ კლასში, არ გადაიხდიდნენ სწავლის საფასურს, რასაც მოსარჩელე სკოლა დღემდე პირნათლად ასრულებს (იხილეთ აუდიტორული კომპანია „გ.თ–ის“ დასკვნა);
25.12. 2012 წლის იანვრიდან სექტემბრამდე 96-მა მოსწავლემ დატოვა სკოლა და გადავიდა სხვა სკოლებში სასწავლებლად, რის გამოც სკოლამ ვაუჩერის (შემოსავლის) სახით დაკარგა 19200 ლარი.
26. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 11 მარტის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად სსსკ-ის 391.4. მუხლის საფუძველზე.
27. 2022 წლის 11 აპრილს კასატორმა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას და მოითხოვა საქმეზე მტკიცებულებების - 2013 წლის 05 აგვისტოს ტელეკომპანია „კ–ში“ და 2013 წლის 16 აგვისტოს საზოგადოებრივ მაუწყებელში მოპასუხეთა გამოსვლის აუდიო-ვიდეო ჩანაწერების (CD დისკი) და გაზეთ „ქ.“-ის 2013 წლის 24 სექტემბრის საგაზეთო სტატიის, დართვა.
28. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 15 აპრილის განჩინებით კასატორის შუამდგომლობა მტკიცებულებების საქმეზე დართვის თაობაზე არ დაკმაყოფილდა და კასატორს დაუბრუნდა საკასაციო სასამართლოში მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
29. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, საქმის მასალები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთება და მიიჩნევს, რომ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
30. საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას [სსსკ-ის 410-ე მუხლი].
31. საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში [სსსკ-ის 404.1 მუხლის პირველი წინადადება]. საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407-ე მუხლი].
32. მხარეთა შორის დავის საგანია პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების უარყოფა.
33. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია მოპასუხეთა მიერ მოსარჩელე სკოლის შესახებ საგაზეთო წერილებში გავრცელებული ინფორმაცია წარმოადგენს თუ არა ამ უკანასკნელის სსკ-ის მე-18 მუხლით დაცულ სფეროში იმგვარ ჩარევას, რასაც სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება მოჰყვება.
34. გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიული საზოგადოების ქვაკუთხედი და თითოეული ინდივიდის თვითრეალიზაციის, მისი თავისუფალი განვითარების აუცილებელი წინაპირობაა.
35. ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია, გამოთქვას და გაავრცელოს თავისი აზრი ზეპირად, წერილობით ან სხვაგვარი საშუალებით. ამ უფლებათა განხორციელება შესაძლებელია კანონით შეიზღუდოს ისეთი პირობებით, რომლებიც აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში სახელმწიფო უშიშროების, ტერიტორიული მთლიანობის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, სხვათა უფლებებისა და ღირსების დასაცავად, კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად [საქართველოს კონსტიტუციის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 24-ე მუხლის პირველი და მე-4 პუნქტები]. აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება დაცულია. დაუშვებელია ადამიანის დევნა აზრისა და მისი გამოხატვის გამო. ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია. ამ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველსაყოფად, სხვათა უფლებების დასაცავად, კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად [საქართველოს კონსტიტუციის ამჟამად მოქმედი რედაქციის მე-17 მუხლის პირველი, მეორე და მე-5 პუნქტები].
36. სახელმწიფო ცნობს და იცავს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ფასეულობებს [სპეციალური კანონის 3.1. მუხლი]. ყველას, ადმინისტრაციული ორგანოს გარდა, აქვს გამოხატვის თავისუფლება, რაც გულისხმობს აზრის აბსოლუტურ თავისუფლებას; ნებისმიერი ფორმის ინფორმაციისა და იდეების მოძიების, მიღების, შექმნის, შენახვის, დამუშავებისა და გავრცელების უფლებას [სპეციალური კანონის 3.2. მუხლის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტები].
37. პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა ან საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან [სსკ-ის 18.2. მუხლი]. იურიდიული პირის საქმიანი რეპუტაციის შელახვის შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსის მე-18 მუხლით გათვალისწინებული წესები [სსკ-ის 27.5. მუხლი].
38. პირს ეკისრება სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობა კერძო პირის ცილისწამებისათვის, თუ მოსარჩელე სასამართლოში დაამტკიცებს, რომ მოპასუხის განცხადება შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს უშუალოდ მოსარჩელის შესახებ და ამ განცხადებით მოსარჩელეს ზიანი მიადგა [სპეციალური კანონის მე-13 მუხლი].
39. ამდენად, სპეციალური კანონი, ისევე როგორც სსკ-ის მე-18.2 მუხლი, იცავს პირის პატივს, ღირსებასა და საქმიან რეპუტაციას შელახვისაგან. ცილისწამებისათვის გათვალისწინებულია სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობა, სპეციალური კანონის მე-5, მე-15 და მე-16 მუხლებით განსაზღვრული გამონაკლისების გარდა.
40. საკასაციო სასამართლო მიუთითებს ასევე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-10 მუხლზე, რომლის თანახმად, ყველას აქვს აზრის გამოხატვის თავისუფლება. ეს უფლება მოიცავს ადამიანის თავისუფლებას, გააჩნდეს საკუთარი შეხედულება, მიიღოს ან გაავრცელოს ინფორმაცია ან იდეები საჯარო ხელისუფლების ჩაურევლად და სახელმწიფო საზღვრების მიუხედავად. ამ თავისუფლებათა განხორციელება, რამდენადაც ისინი განუყოფელია შესაბამისი ვალდებულებისა და პასუხისმგებლობისაგან, შეიძლება დაექვემდებაროს კანონით დადგენილ ისეთ წესებს, პირობებს, შეზღუდვებს ან სანქციებს, რომლებიც აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, ტერიტორიული მთლიანობის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებისათვის, საზოგადოებრივი უწესრიგობის თუ დანაშაულის აღსაკვეთად, ჯანმრთელობის ან მორალის დაცვის მიზნით, სხვათა უფლებების ან ღირსების დასაცავად, საიდუმლოდ მიღებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად, ანდა სასამართლოს ავტორიტეტისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად.
41. გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის „აუცილებლობის“ ძირითადი პრინციპები ევროპის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მრავალ საქმეში დაადგინა. ამ გადაწყვეტილებებში სასამართლომ აღნიშნა, რომ გამოხატვის თავისუფლება ვრცელდება არა მხოლოდ იმ „ინფორმაციისა“ და „იდეების“ მიმართ, რომლებიც კეთილგანწყობით მიიღება, არაშეურაცხმყოფელად არის მიჩნეული ან ინდიფერენტული დამოკიდებულების საგანია, არამედ იმათ მიმართაც, რომლებიც შეურაცხმყოფელი, გამაოგნებელი ან შემაშფოთებელია.
42. ამიტომ გამოხატვის თავისუფლების ნებისმიერი შეზღუდვა უნდა განსაზღვრული იყოს მკაცრად და მისი გამოყენების საჭიროება სარწმუნოდ უნდა იყოს დადასტურებული. შეზღუდვის გამოყენება უნდა იყოს „აუცილებელი“ დემოკრატიულ საზოგადოებაში სხვა პირთა რეპუტაციის დასაცავად. „აუცილებელი“ კი, სასამართლოს განმარტებით, ნიშნავს „მწვავე საზოგადოებრივ საჭიროებას“ (Handyside v. the United Kingdom (7 December 1976, Series A no. 24), Stoll v. Switzerland ([GC] no. 69698/01, § 101, ECHR 2007-V); Animal Defenders International v. the United Kingdom [GC], no. 48876/08, § 100, ECHR 2013; Morice v. France [GC], no. 29369/10, § 124, 23 April 2015).
43. როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირთა რეპუტაციის დაცვის უფლება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გარანტირებული უფლებაა. სტრასბურგის სასამართლომ არაერთ საქმეში აღნიშნა, რომ ორივე უფლება - გამოხატვის თავისუფლებაც და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობაც - თანაბარ დაცვას იმსახურებს. თუმცა, იმისათვის, რომ მე-8 მუხლით დაცული უფლების დარღვევა დადგინდეს, თავდასხმამ პირის რეპუტაციაზე სერიოზულობის განსაზღვრულ ხარისხს უნდა მიაღწიოს (Ärztekammer Fur Wien And Dorner v. Austria, no. 8895/10, § 62, 16 February 2016).
44. იმისათვის, რათა საკასაციო სასამართლომ შეაფასოს, სახეზეა თუ არა ცილისწამების შემადგენლობა, რომელმაც შელახა მოსარჩელის საქმიანი რეპუტაცია, უნდა შეფასდეს, მოპასუხეთა სადავო გამონათქვამები წარმოადგენს ფაქტებს თუ მოსაზრებებს.
45. აზრი არის შეფასებითი მსჯელობა, თვალსაზრისი, კომენტარი, აგრეთვე ნებისმიერი სახით ისეთი შეხედულების გამოხატვა, რომელიც ასახავს რომელიმე პიროვნების, მოვლენის ან საგნის მიმართ დამოკიდებულებას და არ შეიცავს დადასტურებად ან უარყოფად ფაქტს [სპეციალური კანონის პირველი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი]. აზრის ან ფაქტის სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვისას ყოველგვარი გონივრული ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს განცხადებაში მოყვანილი ცნობებისათვის აზრის სტატუსის მინიჭების სასარგებლოდ [სპეციალური კანონის 7.5. მუხლი].
46. თავის გადაწყვეტილებებში საქმეებზე ლინგენსი ავსტრიის წინააღმდეგ (Lingens v. Austria, 8 July 1986, §46, Series A no. 10) და ობერშლიკი ავსტრიის წინააღმდეგ (Oberschlick v. Austria (no.1), 23 May 1991, §63 Series A no. 204) სტრასბურგის სასამართლომ ზღვარი გაავლო ფაქტის შემცველ განცხადებასა და შეფასებით მსჯელობას შორის და აღნიშნა, რომ ფაქტის არსებობა შეიძლება დემონსტრირებულ იქნას, მაშინ როცა შეფასებითი მსჯელობის სიმართლე შეუძლებელია მტკიცების საგანი იყოს. ამიტომ შეფასების სიმართლის დამტკიცება არ შეიძლება ვინმეს დაევალოს. ეს შეეწინააღმდეგებოდა თავად გამოხატვის თავისუფლების არსს (De Haes and Gijsels v. Belgium, 24 February 1997, §42, Reports-I). თუმცა, მაშინაც კი, როცა განცხადება შეფასებით მსჯელობად არის მიჩნეული, გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის პროპორციულობა შეიძლება იმაზე იყოს დამოკიდებული, არსებობს თუ არა ასეთი შეფასებისათვის საკმარისი „ფაქტობრივი საფუძველი“. თუ საკმარისი ფაქტობრივი საფუძველი არ არსებობს, მაშინ შეფასება შეიძლება გასცდეს პრივილეგიით დაცულ ზღვარს და მიჩნეულ იქნას, როგორც „გადაჭარბებული“ (De Haes and Gijsels, § 47; Oberschlick v. Austria (no. 2), 1 July 1997, § 33, Reports 1997-IV; Brasilier v. France, no. 71343/01, § 36, 11 April 2006; and Lindon, Otchakovsky-Laurens and July, § 55).
47. იმისათვის, რომ ფაქტობრივი ბრალდება შეფასებითი მსჯელობისაგან გაიმიჯნოს, აუცილებელია საქმის გარემოებებისა და განცხადების ზოგადი ტონის ანალიზი, იმის მხედველობაში მიღებით (Brasilier v. France, no. 71343/01, 11 April 2006, § 37), რომ გამონათქვამები საჯარო ინტერესის საკითხზე, შესაძლებელია, სწორედ აღნიშნულ საფუძველზე (სწორედ აღნიშნულის გამო), უფრო შეფასებით მსჯელობას წარმოადგენდეს, ვიდრე ფაქტის შესახებ განცხადებას (Paturel v. France, no. 54968/00, 22 December 2005, § 37).
48. განსახილველ შემთხვევაში სადავოა საგაზეთო სტატიებში გამოქვეყნებული მოპასუხეთა შემდეგი განცხადებები:
48.1. 2013 წლის 28-29 იანვარს N9(765) გაზეთ „ ვ–იაში“ გამოქვეყნებულ საგაზეთო სტატიაში „111-ე საჯარო სკოლა ს–მა მოსწავლეებიანად გაყიდა“, გავრცელდა ყოფილი 111-ე საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილის, პირველი მოპასუხის შემდეგი სახის განცხადებები: ა) „საუბარია დანაშაულებრივ ფინანსურ გარიგებაზე... რადგანაც ეჭვს იწვევს შპს „მ–ის“ მიერ ორ ნაწილად გადახდილი თანხა"; ბ) ,,შპს „მ–მა“ სკოლის შენობა კორუფციული გარიგებით შეიძინა და სხვადასხვა მაღალი თანამდებობის პირთა ლობირებით“; გ) „კორუფციული გარიგება, რომლის გამოც მ.მ–ნი, გ.ა–ძე და გ.ნ–ი შეიძლება პროკურატურაში დაიბარონ“; დ) „სამინისტროს მაღალჩინოსნების გარდა, საუბარი მათ მფარველებზეცაა. კერძოდ, სამგორის რაიონის მაჟორიტარ მ.მ–ნზე, გ.ნ–ზე, გ.ა–ძეზე და ა.შ.“ (ტომი I, ს.ფ. 26);
48.2. 2013 წლის 21 მაისს გაზეთში „ქ.“ გამოქვეყნებულ საგაზეთო წერილში სათაურით „პროკურატურა პრეზიდენტის ხელმოწერით გასხვისებული სკოლის საქმეს შეისწავლის“, გაჟღერებულია თბილისის №111-ე საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილის - პირველი მოპასუხის, ამავე სკოლის პედაგოგების - მეორე მოპასუხისა და მესამე მოპასუხის შემდეგი განცხადებები: ა) „წარმატებული სკოლის შენობა დანაშაულებრივი გზით ხელთ ჩაიგდო უპერსპექტივო კერძო სკოლამ“; ბ) ,,კერძო შპს „მ–ის“ გახსნის შემდეგ გაუარესდა სასწავლო პირობები, გარემო და ადგილი აქვს მოსწავლეთა და ბავშვთა უფლებების დარღვევის ფაქტებს“ (ტომი I, ს.ფ. 27-28).
49. საკასაციო სასამართლო, პირველ რიგში, აღნიშნავს, რომ ცილისწამების იურიდიული შემადგენლობა სახეზეა მაშინ, როდესაც სადავო განცხადება გავრცელებულია უშუალოდ მოსარჩელის შესახებ, მოპასუხის განცხადება უნდა შეიცავდეს არსებითად მცდარ ფაქტს უშუალოდ მოსარჩელის შესახებ. მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი გამონათქვამები - „..კორუფციული გარიგება, რომლის გამოც მ.მ–ნი, გ.ა–ძე და გ.ნ–ი შეიძლება პროკურატურაში დაიბარონ“ და „სამინისტროს მაღალჩინოსნების გარდა, საუბარი მათ მფარველებზეცაა. კერძოდ, სამგორის რაიონის მაჟორიტარ მ.მ–ნზე, გ.ნ–ზე, გ.ა–ძეზე და ა.შ.“, აღნიშნულ პირობას ვერ აკმაყოფილებს, რადგან მოცემული წინადადებები არ მიემართება უშუალოდ მოსარჩელეს და ამ წინადადებებში „კორუფციულ გარიგებასთან“ უშუალოდ მოსარჩელე სკოლა არ არის დაკავშირებული, მთავარი აქცენტი მიმართულია სხვა პირებზე.
50. რაც შეეხება შემდეგ გამონათქვამებს - „საუბარია დანაშაულებრივ ფინანსურ გარიგებაზე... რადგანაც ეჭვს იწვევს შპს „მ–ის“ მიერ ორ ნაწილად გადახდილი თანხა“; „შპს „მ–მა“ სკოლის შენობა კორუფციული გარიგებით შეიძინა და სხვადასხვა მაღალი თანამდებობის პირთა ლობირებით“; „წარმატებული სკოლის შენობა დანაშაულებრივი გზით ხელთ ჩაიგდო უპერსპექტივო კერძო სკოლამ“, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო გამონათქვამები უნდა გაანალიზდეს სტატიების მთლიანი შინაარსის მხედველობაში მიღებით და არა მათი ძირითადი კონტექსტის გათვალისწინების გარეშე.
51. 2013 წლის 28-29 იანვარს N9(765) გაზეთ „ ვ–იაში“ გამოქვეყნებულ საგაზეთო სტატიაში „111-ე საჯარო სკოლა ს–მა მოსწავლეებიანად გაყიდა“ პირველი მოპასუხე ეწინააღმდეგება მოსწავლეებით სავსე სკოლის პირდაპირი წესით გაყიდვას, აღნიშნავს, რომ განცხადება შეიტანეს სამინისტროში, პრეზიდენტთან და პროკურატურაშიც. სკოლის დაბრუნების მოთხოვნით, 156 მშობლის ხელმოწერაა შესული განათლების სამინისტროში, სადაც შეიქმნა კომისია. აღნიშნული პირველ მოპასუხეს სამართლიანობის განცდას უბრუნებს. სტატიის დასასრულს, ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ ჯერჯერობით უცნობია, რით დასრულდება საეჭვო ვითარებაში დახურულ-გაყიდული სკოლის ამბავი, თუმცა, ცნობილი გახდა, რომ განათლების სამინისტროს სპეციალურმა კომისიამ, ვითარებაში გარკვევისა და დოკუმენტაციის შესწავლის მიზნით, მოსარჩელე სკოლის შემოწმება დაიწყო. სტატიის შინაარსის და ამ სტატიის გასაფორმებლად წარმოდგენილ ფოტოზე დაბეჭდილი წინადადება: „კორუფციული გარიგება, რომლის გამოც მ.მ–ნი, გ.ა–ძე და გ.ნ–ი შეიძლება პროკურატურაში დაიბარონ“ მიუთითებს იმაზე, რომ სტატია მკითხველს ინფორმაციას აწვდის სკოლის გაყიდვის თაობაზე მიმდინარე პროცესებზე, რომელიც ჯერ არ დასრულებულა, სტატიაში გამოთქმული სადავო გამონათქვამები წარმოადგენს უფრო ავტორის ეჭვებს, მოსაზრებებს, ვიდრე ფაქტებს.
52. 2013 წლის 21 მაისს გაზეთში „ქ.“ გამოქვეყნებულ საგაზეთო წერილში სათაურით „პროკურატურა პრეზიდენტის ხელმოწერით გასხვისებული სკოლის საქმეს შეისწავლის“ საუბარია სკოლის დაჩქარებული წესით გაყიდვის პროცესზე, სასწავლო პირობების გაუარესებაზე და ა.შ.; წერილში პირველი მოპასუხე აღნიშნავს, რომ მის ეჭვს ავეჯით და ინვენტარით სავსე 2000 კვ.მ. ფართობის სკოლის შენობისა და დიდი მიწის ფართის ნახევარ მილიონად გაყიდვა იწვევს. მისი თქმით, იქ, სადაც №111-ე სკოლა მდებარეობს, კვ.მ. ფართი საშუალოდ 1000 აშშ დოლარი ღირს და ამხელა სკოლის მეოთხედ ფასად გაყიდვა მას კითხვას უჩენს. სტატიის დასასრულს მითითებულია, რომ ლიკვიდირებული სკოლის თანამშრომლებისა და სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებთა მოთხოვნით, 111-ე საჯარო სკოლის დახურვისა და გაყიდვის კანონიერების შესწავლის მიზნით, საქართველოს მთავარ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო. ამასთან, №111-ე სკოლაში განვითარებული პროცესებით განათლების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტიც დაინტერესდა და მოსარჩელე სკოლაში ვითარების შესწავლის მიზნით შვიდკაციანი კომისია მიავლინა; ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ რა დასკვნები დაიდება მაკონტროლებელთა საქმიანობის შედეგად, თუმცა გამორიცხული არ არის, რომ №111-ე სკოლასთან დაკავშირებით კონკრეტულ პირთა ბრალეულობაც გამოიკვეთოს. ამასთან, სტატიის სათაურიც - „პროკურატურა პრეზიდენტის ხელმოწერით გასხვისებული სკოლის საქმეს შეისწავლის“, მკითხველს ინფორმაციას აწვდის იმის თაობაზე, რომ სტატიაში გადმოცემული საკითხი ჯერ კიდევ შესაბამისი ორგანოს განხილვის საგანია.
53. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო გამონათქვამებში გამოყენებული ფრაზების - „კორუფციული გარიგება“, „დანაშაულებრივი გზით ხელთ ჩაიგდო“ და „დანაშაულებრივი ფინანსური გარიგება“, შეფასება არ უნდა მოხდეს კონტექსტის გათვალისწინების გარეშე, საგაზეთო სტატიებში საუბარია მხოლოდ სკოლის გასხვისების თაობაზე გამოთქმულ ეჭვებსა და მიმდინარე გამოძიებაზე, მათი შინაარსიდან ნათელია, რომ ბრალეული პირები ჯერ არ გამოვლენილან.
54. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ სიტყვა „აზრი“ ფართოდ განმარტებისას გულისხმობს განსჯას, დამოკიდებულებასა თუ შეფასებას, რომლის სისწორე თუ მცდარობა დამოკიდებულია მთლიანად ინდივიდზე, მის სუბიექტურ დამოკიდებულებაზე. ფაქტი კი, ჩვეულებრივ, მოკლებულია სუბიექტურ დამოკიდებულებას, იგი ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარეობს, ანუ ჩვენ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ ფაქტი შევამოწმოთ და ვნახოთ, ის რეალურად არსებობდა თუ არა. სწორედ ამიტომ, ფაქტების გადამოწმება და ნამდვილობასთან მისი შესაბამისობის დადგენა შესაძლებელია. ხშირ შემთხვევაში, აზრები და ფაქტები ერთმანეთს მჭიდროდ უკავშირდებიან და მათი გამიჯვნა რთულია. ეს განპირობებულია იმით, რომ გამოთქმის ორივე ფორმა იშვიათად გვხვდება სუფთა სახით. უმთავრესად სჭარბობს სწორედ ისეთი გამონათქვამები, რომლებშიც თავს იყრის როგორც შეფასებითი, ასევე ფაქტობრივი ელემენტები. აზრი ხშირად ეყრდნობა და ეხება ფაქტებს, ფაქტები კი, თავის მხრივ, აზრის საფუძველია, რომელიც ადასტურებს ან უარყოფს მათ. ამიტომ ხშირად საკამათო გამონათქვამის, როგორც შეხედულების ან როგორც ფაქტის გადმოცემის, კვალიფიცირების დროს შესაძლებელია გამოთქმის კონტექსტის მიხედვით მისი ცალკეული ნაწილების იზოლირება, მაგრამ ეს მეთოდი გამართლებულია მხოლოდ მაშინ, როდესაც ამით არ იკარგება ან არ ყალბდება გამონათქვამის შინაარსი და ნამდვილი აზრი. თუკი ასეთი იზოლირება შეუძლებელია გამონათქვამის შინაარსის გაყალბების გარეშე, მაშინ ეს გამონათქვამი უნდა ჩაითვალოს მთლიანად აზრის გამოთქმად, ანუ შეხედულებად, შეფასებით მსჯელობად და, შესაბამისად, მთლიანად უნდა იქნას შეყვანილი ძირითადი უფლებით დაცულ სფეროში (იხ. სუსგ №ას-1278-1298-2011, 20 თებერვალი, 2012 წელი).
55. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო განცხადებები შედგება როგორც შეფასებითი, ასევე ფაქტობრივი ელემენტებისაგან. ამიტომ განცხადებებში აზრებისა და ფაქტების იზოლირება შეუძლებელია გამონათქვამების შინაარსის დამახინჯების გარეშე.
56. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კანონის 7.5. მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განცხადებები და მასში მოცემული სადავო გამონათქვამები მთლიანობაში უნდა ჩაითვალოს უფრო აზრის გამოთქმად, ანუ შეხედულებად, შეფასებით მსჯელობად, ვიდრე ფაქტების შემცველ განცხადებად, რადგან ისინი უმთავრესად გამოხატავს მოპასუხეთა ეჭვებს, ვარაუდებს, მოსაზრებებს სკოლის შენობის გასხვისების საკითხთან მიმართებით, აღნიშნული სტატიების გაცნობის შედეგად მკითხველს არ ექმნება ის შთაბეჭდილება, რომ მოსარჩელე კერძო სკოლამ მართლაც კორუფციული გარიგებით შეიძინა საჯარო სკოლის შენობა, პირიქით, მათში აქცენტია იმაზე, რომ მიმდინარეობს საქმის შესწავლა. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ სადავოდ გამხდარი გამონათქვამები შეფასებით მსჯელობას წარმოადგენს და შესაბამისად, ვერ დაკვალიფიცირდება ცილისწამებად.
57. კასატორი სადავოდ ხდის სიტყვა „უპერსპექტივოს“ და მიიჩნევს, რომ სადავო გამონათქვამით - „წარმატებული სკოლის შენობა დანაშაულებრივი გზით ხელთ ჩაიგდო უპერსპექტივო კერძო სკოლამ“, შეელახა საქმიანი რეპუტაცია, რასთან დაკავშირებით საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემული სიტყვა არის მხოლოდ შეფასება და არა - ფაქტი, რაც მეტად ინდივიდუალური საკითხია და დამოკიდებულია, როგორც იმ გარემოებების ერთობლიობაზე, რომლის საფუძველზეც ხდება შეფასება, ასევე თავად პიროვნების წარმოდგენასა და შემეცნების უნარზე.
58. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმაზე, რომ საგაზეთო სტატიები, რომლებშიც გავრცელდა სადავო განცხადებები, შეეხებოდა საჯარო ინტერესის სფეროში შემავალ საკითხებს. 2013 წლის 21 მაისს გაზეთში „ქ.“ გამოქვეყნებულ საგაზეთო წერილში მესამე მოპასუხე აღნიშნავს შემდეგს: სამწუხაროდ, არავინ დაინტერესებულა, გვინდოდა თუ არა საჯაროდან კერძო სკოლაში შვილების გადაყვანა და ყველაფერი ჩვენი გვერდის ავლით მოხდა. გული მტკივა, როცა ვხედავ, რომ საჯარო სკოლის მოსწავლეები, კერძო სკოლის ბავშვებთან შედარებით, დისკრიმინაციულ მდგომარეობაში არიან, რადგან მათთვის კომფორტული გარემოს შექმნისთვის მეორე ცვლაში უწევთ სწავლა, სადაც გაკვეთილები სამის 20 წუთზე იწყება. ყველა სიკეთესთან ერთად, სკოლის ახალ პატრონებს პირველ სართულზე კერძო ბაღი რომ გაეხსნათ, ოთხი საკლასო ოთახი და საპირფარეშო გააუქმეს და პატარები მესამე სართულზე განთავსებულ უფროსკლასელების საპირფარეშოში დადიან. ხუთწუთიან დასვენებაზე ამას ვერ ასწრებენ და არის ერთი ამბავი (იხ. ტ. I, ს.ფ. 300). ამავე სტატიაში მეორე მოპასუხე აღნიშნავს შემდეგს: სკოლის კოლექტივი ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად დაინტერესებულია გაუქმებული საჯარო სკოლის აღდგენით და ამ მოთხოვნით 2 კვირის წინ განათლების სამინისტროში სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებთა 600-კაციანი ხელმოწერა შევიდა. უბანი ითხოვს სკოლის აღდგენას, იმიტომ, რომ ყველას არ შეუძლია კერძო სკოლაში შვილის ტარება და ამ დროს მეტრო „სამგორიდან“ სასტუმრო „მეტეხამდე“ გადატვირთული №87-ე სკოლის გარდა სხვა საჯარო სკოლა არ არსებობს (იხ. ტ. I, ს.ფ. 300). ამდენად, საგაზეთო სტატიები გამოხატავს ყოფილი №111-ე საჯარო სკოლის მოსწავლეთა მშობლების, ასევე სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის განათლების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებულ საჯარო ინტერესს. გამომდინარე აქედან, მართალია, მოსარჩელე წარმოადგენს სპეციალური კანონით განსაზღვრულ კერძო პირს, რომლის მიმართ დასაშვები კრიტიკის ფარგლები ვიწროა, თუმცა, კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელე სკოლის პირადი არაქონებრივი უფლების (საქმიანი რეპუტაციის) დაცვა ვერ აღემატება საზოგადოებისთვის აქტუალურ საკითხზე ინფორმაციის მიწოდების აუცილებლობას.
59. საკასაციო პალატა უპასუხებს ასევე მოსარჩელის პრეტენზიას მტკიცების ტვირთის არასწორად განაწილების თაობაზე და აღნიშნავს, რომ სპეციალური კანონის 7.6. მუხლის თანახმად, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვისას მტკიცების ტვირთი ეკისრება შეზღუდვის ინიციატორს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის საწინააღმდეგოდ, ხოლო მე-13 მუხლის მიხედვით, სწორედ მოსარჩელეა ვალდებული დაამტკიცოს, რომ მოპასუხის განცხადება შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს უშუალოდ მოსარჩელის შესახებ. ამასთან, მოპასუხეებმა წარმოადგინეს საკმარისი მტკიცებულებები, რათა სასამართლო დაერწმუნებინათ, რომ მათ განცხადებებს, როგორც შეფასებით მსჯელობას, ჰქონდა საკმარისი „ფაქტობრივი საფუძველი“. კერძოდ, საქმის მასალებში მოიპოვება მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი ყოფილი სსიპ №111-ე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის განცხადება, სადაც ისინი მიუთითებენ, რომ სკოლის შენობა უსამართლოდ გაუქმდა და შემდგომ გაიყიდა, აღნიშნულით მოსახლეობა ზიანდება. ვინაიდან ტერიტორიაზე მოსახლეობის ზრდა იგრძნობა, მათ მიაჩნდათ, რომ სკოლის დახურვა იყო დანაშაული და მხოლოდ რამდენიმე ადამიანის ინტერესებში შედიოდა. ხსენებულ განცხადებას 428 ადამიანის ხელმოწერა და პირადი მონაცემები ახლავს. ეს მტკიცებულება მოსარჩელეს კანონით დადგენილი წესით სადავოდ არ გაუხდია. საკასაციო პალატა მიუთითებს ასევე იმ გარემოებაზე, რომ №111-ე საჯარო სკოლის შენობის გასხვისების ფაქტი მხარეთა შორის სადავო არ არის. დადგენილია ისიც, რომ სკოლის შენობის გასხვისების კანონიერების საკითხთან დაკავშირებით მიმართული განცხადების განხილვის შედეგად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის ძველი თბილისის სამმართველოს განყოფილების მიერ დანაშაულის ნიშნების არსებობა არ დადასტურდა და გამოძიება დაწყებული არ ყოფილა (იხ. წინამდებარე განჩინების მე-3 პუნქტი).
60. რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას მოპასუხეებისათვის მატერიალური და მორალური ზიანის დაკისრების თაობაზე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ, ვინაიდან სახეზე არ არის ცილისწამების იურიდიული შემადგენლობის ერთ-ერთი წინაპირობა - არსებითად მცდარი ფაქტები უშუალოდ მოსარჩელის შესახებ, შემოწმებას აღარ ექვემდებარება მეორე წინაპირობა - განცხადებით მოსარჩელისთვის ზიანის მიყენების ფაქტი.
61. ამრიგად, საკასაციო პალატის ზემოთ მითითებული მსჯელობის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება სწორია, რაც გასაჩივრებული განჩინების ძალაში დატოვებისა და საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
62. ვინაიდან საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, არ არსებობს კასატორის მიერ გაღებული ხარჯის მხარეთა შორის განაწილების სსსკ-ის 53-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობები და აღნიშნული ხარჯი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
63. რაც შეეხება კასატორის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს, საკასაციო პალატა მიუთითებს სსსკ-ის 407-ე მუხლის პირველ ნაწილზე [საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები] და განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმა ადგენს საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების პროცესუალურ ფარგლებს და მისი შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება. ამავე კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არა აქვთ. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო სასამართლოში მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (16.05.2012წ. ნასყიდობის ხელშეკრულება, შპს „გ.თ–ის“ 27.09.2017წ. დამოუკიდებელ აუდიტორთა დასკვნა, სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსის 21.05.2015წ. №MES 6 15 00414147 წერილი, შპს „მ.დ.ბ.ს–ის“ დამფუძნებელთა საერთო კრების 03.09.2012წ. №27 ოქმი, მოგების გადასახადის დეკლარაცია), მთლიანობაში „17“ ფურცლად (ტ. II, ს.ფ. 258-274).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. შპს „მ.დ.ბ.ს–ის“ საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 15 ივლისის განჩინება დარჩეს უცვლელი;
3. კასატორს დაუბრუნდეს საკასაციო სასამართლოში მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (16.05.2012წ. ნასყიდობის ხელშეკრულება, შპს „გ.თ–ის“ 27.09.2017წ. დამოუკიდებელ აუდიტორთა დასკვნა, სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსის 21.05.2015წ. №MES 6 15 00414147 წერილი, შპს „მ.დ.ბ.ს–ის“ დამფუძნებელთა საერთო კრების 03.09.2012წ. №27 ოქმი, მოგების გადასახადის დეკლარაცია), მთლიანობაში „17“ ფურცლად (ტ. II, ს.ფ. 258-274);
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი