Facebook Twitter

საქმე №ას-1518-2018 14 ივლისი, 2020 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – სსიპ შემოსავლების სამსახური (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – თ.ჭ–ი (გ–ძე) (მოსარჩელე)

თავდაპირველი მოპასუხე - ი.ჭ–ი

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 4 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – უძრავ ქონებაზე თანამესაკუთრედ ცნობა, ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებით თ.ჭ–ის (გ–ძე) (შემდგომში - „მოსარჩელე“) სარჩელი დაკმაყოფილდა: მოსარჩელე ცნობილ იქნა უძრავი ქონების, მდებარე ქ. ვანში, ...... ქუჩის კვეთა, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი ..... (შემდგომში - „სადავო უძრავი ქონება“), ½ ნაწილის მესაკუთრედ; დადგინდა, რომ ყადაღისაგან გათავისუფლდეს სსიპ შემოსავლების სამსახურის (შემდგომში - „მოპასუხე“ ან „კასატორი“) ადმინისტრირების დეპარტამენტის 2017 წლის 18 მაისის N021-515 ბრძანებით დაყადაღებული სადავო უძრავი ქონების ½ ნაწილი.

2. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 4 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

4. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

4.1. მოსარჩელე 1979 წლის 25 აპრილიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება ი.ჭ–თან (შემდგომში - „თავდაპირველი მოპასუხე“);

4.2. ქორწინების პერიოდში, 2011 წლის 06 ივლისს, ლ.ხ–ძესა და თავდაპირველ მოპასუხეს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, თავდაპირველმა მოპასუხემ შეიძინა სადავო უძრავი ქონება, რაც საკუთრების უფლებით აღირიცხა ამ უკანასკნელის სახელზე;

4.3. თავდაპირველი მოპასუხე არის ინდივიდუალური მეწარმე, რეგისტრირებულია გადასახადის გადამხდელად, მინიჭებული აქვს ს/ნ ...... და სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ერიცხება აღიარებული ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანება 97 371,89 ლარი;

4.4. საბიუჯეტო დავალიანების გადაუხდელობის გამო, დავალიანების დაფარვის უზრუნველყოფის მიზნით, მოპასუხის 2017 წლის 18 მაისის №021-515 ბრძანების საფუძველზე, სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს საგადასახადო ოფიცრის მიერ, 2017 წლის 30 მაისს განხორციელდა თავდაპირველი მოპასუხის ქონებაზე ყადაღის დადება, მათ შორის, დაყადაღებულ იქნა მოვალის სახელზე აღრიცხული სადავო უძრავი ქონება;

4.5. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 21 აგვისტოს ბრძანებით, დაკმაყოფილდა მოპასუხის შუამდგომლობა და დადგინდა დაყადაღებული ქონების რეალიზაცია აუქციონის გზით, რეალიზაციის დროისათვის არსებული დავალიანების ფარგლებში.

5. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, იმის გათვალისწინებით, რომ მეუღლეებს შორის საქორწინო ხელშეკრულება არ არსებობდა, ამასთან, კანონის შესაბამისად პრეზუმირებულია მოსარჩელის საკუთრების უფლება სადავო ქონების ½ ნაწილზე, პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა დაყადაღებული ქონების სამართლებრივი რეჟიმი და სსკ-ის 1151-ე მუხლისა და 1158.1. მუხლის პირველი წინადადებიდან გამომდინარე, სადავო ქონება მოსარჩელისა და მისი მეუღლის, თავდაპირველი მოპასუხის საერთო ქონებად (თანასაკუთრება) ჩათვალა, სადაც მოსარჩელის წილი განისაზღვრა ½-ით (სსკ-ის 1159-ე და 1168.1. მუხლები).

6. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

8. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

9. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].

10. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი].

11. კასატორის პრეტენზიის თანახმად, მოვალის ქონებაზე ყადაღის დადება განხორციელდა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს ყადაღადადებული ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების საფუძველი. მით უმეტეს, რომ ყადაღადადებული უძრავი ქონების მესაკუთრეს საჯარო რეესტრის მონაცემების თანახმად, წარმოადგენს თავდაპირველი მოპასუხე.

12. საკასაციო სასამართლო კასატორს განუმარტავს, რომ სსკ-ის 1158-ე მუხლი [მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი] წარმოადგენს საკუთრების კონსტიტუციური უფლების წარმოშობის წინაპირობას და კანონის ძალით აღჭურავს მეუღლეს ამ უფლებით, თუკი ქონება მეორე მეუღლის მიერაა შეძენილი და ქონებრივი ნამატი რეგისტრირებული ქორწინების პერიოდს ემთხვევა, რადგანაც სწორედ ქორწინების ფაქტის რეგისტრაცია წარმოშობს ქონებრივ უფლებებს (სსკ-ის 1151-ე მუხლი).

13. განსახილველ შემთხვევაში სადავო არ არის ის გარემოება, რომ ქონების დაყადაღება საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით განხორციელდა, თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ ასეთ შემთხვევაში სსკ-ის 312-ე მუხლით გათვალისწინებული მესამე პირის დაცვითი ფუნქცია არ გამოიყენება, რადგანაც სპეციალური კანონი - „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი პირდაპირ ითვალისწინებს სასარჩელო წარმოების წესით მესაკუთრის უფლების დაცვის შესაძლებლობას [32-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები: თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ). სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს]. აღნიშნული ნორმა იცავს იმ პირთა უფლებებს, რომელთა საკუთრების ობიექტი გარკვეული ცდომილების შედეგად მიიჩნევა მოვალის ქონებად (აღსრულების საგნად). ასეთ ვითარებაში აღსრულების საგანზე უფლების მქონე მესამე პირი სარგებლობს უფლებამოსილებით, აღძრას სასამართლოში სარჩელი მოვალისა და კრედიტორის წინააღმდეგ და მოითხოვოს ქონების ყადაღისაგან განთავისუფლება (შედ. იხ. სუსგ საქმე №ას-621-588-2015, 3 ივნისი, 2016 წელი).

14. კასატორი მიიჩნევს ასევე, რომ მოსარჩელის აღიარებითი სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან მას ჰქონდა უფლება, გაეყო მეუღლეთა საერთო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება და დაერეგისტრირებინა თავის საკუთრებად, ვიდრე მოხდებოდა აღნიშნულ ქონებაზე ყადაღის დადება. ცხადია, რომ მოსარჩელის მიზანს წარმოადგენს თავდაპირველი მოპასუხის საგადასახადო ვალდებულებებისგან თავის ასარიდებლად ქონების განრიდება.

15. ზემოაღნიშნული პრეტენზიის პასუხად, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კრედიტორის წინაშე მოვალის ვალდებულება - საგადასახადო დავალიანება წარმოიშვა საგადასახადო კანონმდებლობის საფუძველზე, რაც საჯარო მართლწესრიგის მოწესრიგებას განეკუთვნება და მეუღლეთა თანასაკუთრების სამართლებრივი რეჟიმის შეფასებისას ვერ გახდება მხარეთა კერძოსამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი (იხ. სუსგ საქმე №ას-569-540-2015, 1 ივლისი, 2016 წელი).

16. კასატორი უთითებს ანალოგიურ დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე (საქმე №3კ/932-02), რომელშიც სასამართლომ აღნიშნა, რომ შემძენის ინტერესებიდან გამომდინარე, მეუღლეთა ქორწინების განმავლობაში ერთად შეძენილ, სსკ-ის 1158-ე მუხლით გათვალისწინებულ უძრავ ქონებაზე (თანასაკუთრებაზე) მეუღლეთა საკუთრების უფლება წარმოიშობა მხოლოდ საჯარო რეესტრში ორივე მათგანის რეგისტრაციის შემდეგ. წინააღმდეგ შემთხვევაში მესამე პირების მიმართ რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად. კასატორი ასევე უთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 23 მარტის გადაწყვეტილებაზე (საქმე №ას-1035-1228-08), რომელშიც სასამართლომ განმარტა, რომ სამეწარმეო საქმიანობა მოგების მისაღებად ხორციელდება, ხოლო ოჯახის წევრის ლეგალური სამეწარმეო საქმიანობა, რომლის მიზანია მოგების მიღება, ყოველთვის მიმართულია ოჯახის მატერიალური და სოციალური კეთილდღეობისაკენ და ოჯახის წევრის მიერ სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებები შედის ოჯახის საერთო ინტერესებში. შესაბამისად, კასატორი მიიჩნევს, რომ მოსარჩელე წარმოადგენს ვალდებულ პირს მისი მეუღლის მიერ სადავო ქონებით განხორციელებული სამეწარმეო საქმიანობის შედეგად წარმოშობილ ვალდებულებებზე.

17. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების თაობაზე დადებული გარიგების ბათილობა არ წარმოადგენს, რის გამოც ვერ იქნება გაზიარებული კასატორის პრეტენზია გასაჩივრებული განჩინების სასამართლო პრაქტიკისაგან განსხვავებულობის თაობაზე (იხ. სუს დიდი პალატის 09.12.2002წ. №3კ/932-02 განჩინება), რაც შეეხება კასატორის მითითებას უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 23 მარტის გადაწყვეტილებაზე (საქმე №ას-1035-1228-08), საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს სსკ-ის 1170-ე მუხლის დისპოზიციაზე და განმარტავს, რომ ამ მუხლის მე-2 ნაწილით სარგებლობისათვის [აღნიშნული ვალების გამო მეუღლეთა საერთო ქონებიდან გადახდევინება შეიძლება მაშინ, თუ სასამართლო დაადგენს, რომ, რაც ვალდებულებით იყო მიღებული, გამოყენებულია მთელი ოჯახის საერთო ინტერესებისათვის] სავალდებულო წინაპირობას სასამართლოს მხრიდან იმის დადგენა წარმოადგენს, რომ ვალდებულება, რომელსაც მოვალეს ედავებიან, გამოყენებულია მთელი ოჯახის საერთო ინტერესებისათვის. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხეს შეგებებული სარჩელის უფლებით არ უსარგებლია, რის გამოც მხოლოდ შესაგებლის ფარგლებში სსკ-ის 1170-ე მუხლის გამოყენება დაუშვებელია (შედ. იხ. სუსგ საქმე №ას-621-588-2015, 3 ივნისი, 2016 წელი).

18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. სსიპ შემოსავლების სამსახური გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე