Facebook Twitter

საქმე №ას-1668-2018 14 ივლისი, 2020 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – რ.ქ–ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ს.ჩ–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 24 სექტემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – უსაფუძვლო გამდიდრებით მიღებული თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1.

2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 მაისის გადაწყვეტილებით ს.ჩ–ის (შემდგომში - „მოსარჩელე“) სარჩელი დაკმაყოფილდა; რ.ქ–ძეს (შემდგომში - „მოპასუხე“ ან „კასატორი“) მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 7000 აშშ დოლარის გადახდა.

3. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 24 სექტემბრის გადაწყვეტილებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებული ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 6000 აშშ დოლარის გადახდა.

5. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

4.1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 03 თებერვლის განჩინებით დამტკიცდა მორიგების აქტი ლ.ლ–ძეს, მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის, რომლის თანახმად, მათ 3 თვის ვადაში უნდა გადაეხადათ მოპასუხისათვის 25 000 აშშ დოლარი. ამ პერიოდში კი მოპასუხის საცხოვრებელ სახლში, მდებარე: ქ. ქუთაისი, ........., იცხოვრებდა მოსარჩელის ბებია, თ.ს–ია (შემდგომში - „მოსარჩელის ბებია“). ვალდებულების შესრულების შემთხვევაში ზემოაღნიშნული უძრავი ქონება დაუბრუნდებოდა პირვანდელ მესაკუთრეს ლ.ლ–ძეს და მის სახელზე აღირიცხებოდა საჯარო რეესტრში, წინააღმდეგ შემთხვევაში ზემოხსენებული საცხოვრებელი ბინა დარჩებოდა მოპასუხის საკუთრებაში და ამ ბინიდან გამოსახლებული იქნებოდა მოსარჩელის ბებია;

4.2. სასამართლო განჩინებით ნაკისრი ვალდებულება ამავე განჩინებით განსაზღვრულ ვადაში არ შესრულდა, რის გამოც 2014 წლის 06 ივნისს გაიცა სააღსრულებო ფურცელი;

4.3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 03 თებერვლის განჩინების შესრულების მიზნით, 2014 წლის 12 ივნისს მხარეთა შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, ვალდებულების შესრულების ვადა გაგრძელდა 2014 წლის ივლისის ბოლომდე და ამასთან, მისი შეუსრულებლობის შემთხვევაში დადგინდა პირგასამტეხლოც. სახელდობრ, მოპასუხემ განაცხადა თანხმობა 2014 წლის ივლისის ბოლომდე არ გამოესახლებინა მოსარჩელის ბებია და კანონიერ ძალაში შესული განჩინების აღსრულების გარანტად მიეღო 7000 აშშ დოლარი, ხოლო დარჩენილი 18000 აშშ დოლარი კი გადაცემოდა ივლისის ბოლოს. ამავე შეთანხმებით განისაზღვრა, რომ ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მოპასუხე მოსარჩელეებს დაუბრუნებდა 6000 აშშ დოლარს, ხოლო 1000 აშშ დოლარს დაიტოვებდა პირგასამტეხლოს სახით შეთანხმების დარღვევისათვის და მოსარჩელის ბებიას ბინიდან გამოასახლებდა. ამდენად, მოცემული შეთანხმებით საბოლოოდ განისაზღვრა 2014 წლის 03 თებერვლის სასამართლო განჩინებით შესასრულებელი ვალდებულება და მისი შესრულების ვადა - 2014 წლის ივლისის ბოლო დღე;

4.4. მოსარჩელეებმა ვერც სასამართლო განჩინების საფუძველზე მიღწეული შეთანხმებით განსაზღვრული ვალდებულების შესრულება შეძლეს. ვალდებულების შესრულების ვადა გავიდა 2014 წლის ივლისის ბოლოს;

4.5. მოპასუხემ 2014 წლის 12 ივნისის შეთანხმებით მიღებული 7000 აშშ დოლარიდან მოსარჩელეს არ დაუბრუნა ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში დაბრუნებას დაქვემდებარებული თანხა - 6000 აშშ დოლარი;

4.6. მოპასუხემ 2014 წლის 24 აგვისტოდან ამავე წლის 5 ნოემბრის ჩათვლით მოსარჩელისაგან ამ უკანასკნელის ნათესავების მეშვეობით მიიღო: 24 აგვისტოს - 400 აშშ დოლარი, 2014 წლის სექტემბრის ბოლოს - 500 აშშ დოლარი, ხოლო 2014 წლის 05 ნოემბერს - 800 აშშ დოლარი, რაც, ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე და, როგორც ამას მოსარჩელე სარჩელში თავადვე მიუთითებს, წარმოადგენდა მისი ბებიის მიერ მოპასუხის უძრავი ქონებით სარგებლობისათვის გადაცემულ თანხას (და არა - პროცენტს), რათა მოპასუხეს ეს უკანასკნელი ბინიდან არ გამოესახლებინა;

4.7. მოსარჩელის ბებია მოპასუხის საკუთრებაში აღრიცხული საცხოვრებელი ბინიდან გამოასახლეს 2015 წლის ოქტომბრიდან. ამდენად, მან მოცემულ ბინაში სათანადო სამართლებრივი საფუძვლის გარეშე იცხოვრა 2014 წლის აგვისტოდან 2015 წლის სექტემბრის ჩათვლით - 14 თვე;

4.8. 2016 წლის 25 მაისს მოპასუხემ მის საკუთრებაში აღრიცხული ბინა, მდებარე ქ. ქუთაისში, ....., ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მიჰყიდა ნ.მ–ს;

4.9. მოსარჩელემ არ შეასრულა რა კანონიერ ძალაში შესული 2014 წლის 03 თებერვლის განჩინებითა და ამის საფუძველზე მხარეთა შორის წერილობითი შეთანხმებით აღებული ვალდებულება (უძრავი ნივთის ნასყიდობა გადახდის განვადებით) დათქმულ ვადაში, 2014 წლის ივლისის ბოლოს, მითითებული პერიოდიდან ვალდებულება შეწყდა.

6. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის მხრიდან მოპასუხისათვის 2014 წლის 24 აგვისტოდან ამავე წლის 05 ნოემბრამდე გადაცემული 1700 აშშ დოლარი წარმოადგენს ამ ქონების სარგებლობისათვის გადაცემულ თანხას და არა - პროცენტს, რადგან მხარეთა შორის არ არსებობდა ფულადი ვალდებულება, კერძოდ, არ არსებობდა სსკ-ის 625-ე მუხლით გათვალისწინებული სესხიდან გამომდინარე ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა, როდესაც მხარეთა შეთანხმებით სესხისთვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. შესაბამისად, არშემდგარი უძრავი ნივთის ნასყიდობის თანხა - 18000 აშშ დოლარი არ წარმოადგენდა ფულადი ვალდებულების (სესხის) თანხას. ამდენად, მოპასუხეს არ გაუსესხებია რა 18000 აშშ დოლარი მოსარჩელეზე, ამ უკანასკნელს არ წარმოშობია არარსებულ სესხზე პროცენტის გადახდის ვალდებულება და იგი არ იხდიდა სესხის პროცენტს, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი სახის ჩანაწერია თანხის გადაცემის ხელწერილებში. შესაბამისად, სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მითითება, რომ სასამართლო განჩინების საფუძველზე მიღწეული შეთანხმების შესრულების მიზნით მიღებული თანხა, 7000 აშშ დოლარის ოდენობით, წარმოადგენდა ეტაპობრივად პროცენტის სახით დასატოვებელ თანხას და, ამდენად, ის სათანადო სამართლებრივი საფუძვლით ეკუთვნოდა მოპასუხეს.

7. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 976.1. მუხლის „ა“ ქვეპუნქტით და აღნიშნა, რომ 2014 წლის 12 ივნისის წერილობითი შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობისათვის მხარეებმა გაითვალისწინეს რა პირგასამტეხლო 1000 ლარის ოდენობით და ნამდვილი ნების საფუძველზე წერილობითი ფორმით გააკეთეს აღნიშნულზე დათქმა, მოპასუხისთვის გადაცემული 7000 აშშ დოლარიდან მოსარჩელისათვის დაბრუნებას ექვემდებარებოდა მხოლოდ 6000 აშშ დოლარი.

8. ამასთან, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, იმის მტკიცების ტვირთი, რომ უძრავი ნივთის გამოსყიდვის მიზნით მოპასუხისთვის გადაცემული 7000 აშშ დოლარი ვალდებულების შეწყვეტის (2014 წლის ივლისის ბოლო დღე) შემდგომ ზეპირსიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე ყოველთვიურად გადასახდელ პროცენტში (18000 აშშ დოლარის 3%-ის ოდენობით) გაიქვითა, მოპასუხეს ეკისრებოდა, რაც მან ვერ შეძლო.

9. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 8 თებერვლის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

11. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

12. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].

13. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი].

14. კასატორი მიიჩნევს, რომ მოსარჩელე მხარე ბინაში ცხოვრების სანაცვლოდ ყოველთვიურად იხდიდა ქირას და სასამართლოს დაკისრებული თანხა უნდა ჩაეთვალა ქირაში გადახდილად.

15. ზემოაღნიშნული პრეტენზიის პასუხად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს მოპასუხის მიერ წარდგენილ შესაგებელზე, რომელშიც იგი აღნიშნავს, რომ მხარეები შეთანხმებული იყვნენ პროცენტის გადახდაზე და 7000 აშშ დოლარი უნდა გაიქვითოს მოსარჩელის მიერ არგადახდილ პროცენტებში მოპასუხის სასარგებლოდ (იხ. ს.ფ. 27).

16. მოპასუხემ საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზე შეცვალა მიღებული შესრულების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი. საკასაციო პალატა განუმარტავს მხარეს, რომ საკასაციო სასამართლო მსჯელობს საპროცესო წესების დაცვით მოპოვებული მტკიცებულებებისა და მხარეთა მიერ მიცემული ახსნა-განმარტებების შეფასების კანონიერებაზე იმგვარად, რომ თავად ვერც ახალ ფაქტებს დაადგენს და ვერც ახალ განმარტებებს მიიღებს მხარეებისგან [სსსკ-ის 201.4. მუხლი: პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით; წინააღმდეგ შემთხვევაში მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს; სსსკ-ის 407.1. მუხლი: საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები].

17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს.

18. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი [სსსკ-ის 401.4 მუხლი]. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 797,19 ლარის 70% – 558,03 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. რ.ქ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. კასატორს რ.ქ–ძეს (პ/ნ ....) დაუბრუნდეს მის მიერ 2019 წლის 28 იანვრის №0 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 797,19 (შვიდას ოთხმოცდაჩვიდმეტი ლარი და ცხრამეტი თეთრი) ლარის 70% – 558,03 (ხუთას ორმოცდათვრამეტი ლარი და სამი თეთრი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე