Facebook Twitter

საქმე №ას-1818-2018 14 ივლისი, 2020 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ა.ვ–ძე (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 1 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. 2010 წლის 01 დეკემბერს, ერთი მხრივ, თვითმმართველ ქალაქ ბათუმის მერიასა და, მეორე მხრივ, ა.ვ–ძეს (შემდგომში - „მოპასუხე“) შორის დაიდო „სამუშაოთა განხორციელების შესახებ“ ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ქ. ბათუმის მერიამ ვალდებულება აიღო საკუთარი ძალებითა და ხარჯებით განეხორციელებინა ქ. ბათუმში, ........ მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე მოპასუხის სასარგებლოდ, მის საკუთრებაში არსებული 80.00 კვ.მ. სხვენის სარეკონსტრუქციო სამუშაოების წარმოება იმგვარად, რომ სხვენის ნაწილში შექმნილიყო მანსარდული სართული, ფართით 15,20 კვ.მ და 7,96 კვ.მ აივანი (აივანი წარმოადგენს სხვენის დანამატს, ახალშექმნილ ფართს), სულ 23,16 კვ.მ.;

2. ზემოაღნიშნული ხელშეკრულებით, მოპასუხემ ვალდებულება აიღო, ქ. ბათუმში, ......... მდებარე საცხოვრებელ სახლზე ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომში - „მოსარჩელე“, „კასატორი“ ან „მერია“) მიერ მის სასარგებლოდ აშენებული ფართის სანაცვლოდ, მერიისათვის გადაეხადა 4632 ლარი.

3. მერიის სასარგებლოდ გადასახდელი თანხის გადახდის ვადები და ანგარიში, რომელზეც გადახდა უნდა განხორციელებულიყო, განისაზღვრა ხელშეკრულების დანართით, რომლითაც დგინდება, რომ მოპასუხე ვალდებული იყო 2011 წლის 15 ივნისამდე გადაეხადა 463,2 ლარი, 2011 წლის 15 დეკემბრამდე - 463,2 ლარი, 2012 წლის 15 ივნისამდე - 463,2 ლარი, 2012 წლის 15 დეკემბრამდე - 463,2 ლარი, 2013 წლის 15 ივნისამდე - 463,2 ლარი, 2013 წლის 15 დეკემბრამდე -463,2 ლარი, 2014 წლის 15 ივნისამდე - 463,2 ლარი, 2014 წლის 15 დეკემბრამდე - 463,2 ლარი, 2015 წლის 15 ივნისამდე - 463,2 ლარი, 2015 წლის 15 დეკემბრამდე - 463,2 ლარი. ამდენად, მოპასუხეს თანხა უნდა გადაეხადა განსაზღვრული პერიოდულობით, თანაბარ პერიოდებზე განაწილებით, ყოველ 6 თვეში, სულ 10 გადახდის სახით.

4. მერიამ მხარეთა შორის 2010 წლის 01 დეკემბერს გაფორმებული „სამუშაოთა განხორციელების შესახებ“ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები შეასრულა. კერძოდ, მან ქ. ბათუმში, ..... მდებარე საცხოვრებელ სახლზე მოპასუხის სასარგებლოდ დააშენა 15,20 კვ.მ. საერთო ფართის მანსარდული სართული და 7,96 კვ.მ აივანი, რაზედაც მხარეთა შორის 2011 წლის 21 ივლისს გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი. აღნიშნული აქტით განისაზღვრა, რომ მერიამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში, სრულად და ჯეროვნად შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ყველა ვალდებულება.

5. მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, სახელდობრ, მან გადაიხადა მხოლოდ 2011 წლის 15 ივნისამდე ვადამოსული გადასახდელი 463,20 ლარი, 2011 წლის 31 ოქტომბერს (გრაფიკის დარღვევით) და 2011 წლის 15 დეკემბრისათვის ვადამოსული გადასახდელი 464,00 ლარი 2012 წლის 10 მაისს (გრაფიკის დარღვევით). შესაბამისად, მისი დავალიანება მერიის წინაშე სულ შეადგენს 3704,80 ლარს, რომელშიც შედის 2012 წლის 15 ივნისამდე გადასახდელი დავალიანება 463,2 ლარის ოდენობით, 2012 წლის 15 დეკემბრამდე გადასახდელი დავალიანება 463,2 ლარის ოდენობით, 2013 წლის 15 ივნისამდე გადასახდელი დავალიანება 463,2 ლარის ოდენობით, 2013 წლის 15 დეკემბრამდე გადასახდელი დავალიანება 463,2 ლარის ოდენობით, 2014 წლის 15 ივნისამდე გადასახდელი დავალიანება 463,2 ლარის ოდენობით, 2014 წლის 15 დეკემბრამდე გადასახდელი დავალიანება 463,2 ლარის ოდენობით, 2015 წლის 15 ივნისამდე გადასახდელი დავალიანება 463,2 ლარის ოდენობით და 2015 წლის 15 დეკემბრამდე გადასახდელი დავალიანება 463,2 ლარის ოდენობით, ხოლო, რაც შეეხება თანხის გადაუხდელობის გამო პირგასამტეხლოს ოდენობას, იგი, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობის თანახმად, შეადგენს გადასახდელი თანხის საერთო ოდენობის 0,1%-ს დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ანუ 5629,42 ლარს.

6. მოსარჩელემ მოპასუხისათვის ვადამოსული დავალიანების გადახდის მოთხოვნით სასამართლოს სარჩელით მიმართა 2017 წლის 05 დეკემბერს.

7. მოსარჩელემ მოითხოვა:

7.1. მოპასუხისათვის მერიის სასარგებლოდ ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადასახდელი თანხის დაკისრება, 3704,80 ლარის ოდენობით;

7.2. მოპასუხისათვის მერიის სასარგებლოდ ვადამოსული გადასახდელი თანხების დადგენილ ვადებში გადაუხდელობის გამო გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დაკისრება, 5629,42 ლარის ოდენობით.

8. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

9. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილებით მერიის სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხისათვის ვადამოსული დავალიანებისა და პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს მერიის სასარგებლოდ დაეკისრა ვადამოსული დავალიანების გადახდა 1389,60 ლარის ოდენობით, მასვე დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდა 1000 ლარის ოდენობით.

10. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

11. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 1 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

12. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-6 პუნქტებში მითითებული ფაქტები.

13. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითება, რომ მხარეებმა 2010 წლის 01 დეკემბერს დადეს ნარდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მათ შორის წარმოიშვა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა; ასევე მითითება იმის შესახებ, რომ მოპასუხემ ვალდებულება ჯეროვნად, კეთილსინდისიერად და დათქმულ დროს არ შეასრულა, რომლის შესრულების (თანხის გადახდა) ვალდებულება მას გააჩნდა პერიოდულად და, შესაბამისად, მოსარჩელეს მოთხოვნის უფლებაც წარმოეშვა თითოეული ვალდებულების დარღვევის დღიდან.

14. სააპელაციო პალატის მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გაიზიარა მოპასუხის წარმომადგენლის მტკიცება მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით.

15. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სახეზეა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულება და მოსარჩელეს მოთხოვნის უფლება წარმოეშვა თითოეული ვადამოსული გადახდის დღიდან, შესაბამისად, შეთანხმებით გათვალისწინებული კონკრეტული გრაფიკის დარღვევის დროისათვის მოსარჩელისათვის ცნობილი იყო მისი უფლების დარღვევის თაობაზე, თუმცა, სარჩელი სასამართლოში წარადგინა მხოლოდ 2017 წლის 05 დეკემბერს.

16. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ 2014 წლის 15 ივნისამდე ვადამოსულ დავალიანებებზე გასულია პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან გამომდინარე ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა და არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება, რომ ხანდაზმულობის ვადის ათვლა უნდა მომხდარიყო 2015 წლის 15 დეკემბრიდან.

17. სააპელაციო პალატის მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ იმ ვალდებულების ნაწილში, რომელიც მოსარჩელეს წარმოეშვა 2012 წლის 15 ივნისამდე, 2012 წლის 15 დეკემბრამდე, 2013 წლის 15 ივნისამდე, 2013 წლის 15 დეკემბრამდე და 2014 წლის 15 ივნისამდე, გასულია პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებების შესრულების სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა და, რადგან მოპასუხემ მიუთითა აღნიშნულზე, შესაბამისად ამ ნაწილში სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.

18. რაც შეეხება პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრას, სააპელაციო პალატამ მართებულად ჩათვალა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომ, რადგან 2014 წლის 15 ივნისამდე არსებული დავალიანებები ხანდაზმულია, ასევე ხანდაზმულია აღნიშნულ დავალიანებაზე დარიცხული პირგასამტეხლოს მოთხოვნაც, ხოლო, რაც შეეხება პირგასამტეხლოს შემცირებას 1000 ლარამდე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ გადაწყვეტილება ამ ნაწილშიც კანონიერი იყო, რადგან მხარის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო ძირითად ვალს ბევრად აღემატებოდა და მისი მნიშვნელოვანი ნაწილი ხანდაზმულ პერიოდზე მოდიოდა.

19. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

20. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ნოემბრის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

21. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

22. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].

23. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი].

24. კასატორი მიიჩნევს, რომ, ვინაიდან მოპასუხეს თანხა უნდა გადაეხადა 2015 წლის 15 დეკემბრამდე, მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის ათვლა უნდა დაწყებულიყო 2015 წლის 15 დეკემბრიდან. აქედან გამომდინარე, კასატორი არ ეთანხმება ასევე სასამართლოს მსჯელობას პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილშიც.

25. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის ზემოაღნიშნულ პრეტენზიებს და მიუთითებს სსკ-ის 129.2 მუხლზე, რომლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია.

26. კანონის მითითებული დანაწესი ითვალისწინებს ერთგვარ სპეციფიკას იმ ვალდებულებათა მიმართ ხანდაზმულობის ვადის ათვლასთან დაკავშირებით, რომლებიც გარკვეული პერიოდულობით სრულდება, რაც იმაში მდგომარეობს, რომ ხსენებული ვადა აითვლება ყოველი პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებისათვის დამოუკიდებლად (იხ. სუსგ საქმე №ას-1432-1351-2012, 20 მაისი, 2013 წელი). პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებების დარღვევიდან გამომდინარე მოთხოვნის მიმართ ხანდაზმულობის ვადის ათვლის თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ თანხის გადახდის თითოეული პერიოდისათვის ვალდებულების შეუსრულებლობა ცალ-ცალკე განიხილება როგორც პირის უფლების დარღვევა და ხანდაზმულობის ვადის ათვლა თავიდან იწყება (იხ. სუსგ №ას-599-562-2010, 1 დეკემბერი, 2010 წელი). ამრიგად, თითოეული შესრულების დარღვევა დამოუკიდებლად წარმოშობს უფლებამოსილი პირის მიერ მოვალის მიმართ მოთხოვნის უფლებას და ეს მოთხოვნა მისი წარმოშობიდან სამი წლის ვადაში უნდა წარედგინოს ვალდებულების დამრღვევ მხარეს.

27. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხეს თანხა უნდა გადაეხადა განსაზღვრული პერიოდულობით, თანაბარ პერიოდებზე განაწილებით, ყოველ 6 თვეში, სულ 10 გადახდის სახით (იხ. წინამდებარე განჩინების მე-3 პუნქტი). შესაბამისად, მართებულია სააპელაციო სასამართლოს შეფასება, რომ სახეზეა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულება და მოსარჩელეს მოთხოვნის უფლება წარმოეშვა თითოეული ვადამოსული გადახდის დღიდან. დადგენილია ისიც, რომ მოსარჩელემ მოპასუხისათვის ვადამოსული დავალიანების გადახდის მოთხოვნით სასამართლოს სარჩელით მიმართა 2017 წლის 05 დეკემბერს. შესაბამისად, მოსარჩელეს სრულიად კანონიერად აუნაზღაურდა მხოლოდ სარჩელის აღძვრამდე სამი წლით ადრე წარმოშობილი დავალიანებები და აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო პრეტენზია დასაბუთებულად ვერ ჩაითვლება. ამასთანავე, სსკ-ის 145-ე მუხლის საფუძველზე [მთავარი მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გასვლასთან ერთად ხანდაზმულობის ვადა გასულად ითვლება დამატებითი მოთხოვნებისთვისაც მაშინაც კი, როცა ამ მოთხოვნათა ხანდაზმულობის ვადა ჯერ არ გასულა], ხანდაზმულია ასევე 2014 წლის 15 ივნისამდე არსებულ დავალიანებებზე დარიცხული პირგასამტეხლოს მოთხოვნაც.

28. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე