საქმე №ა-3581-შ-90-2023 10 ივლისი, 2023 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – თ.ჭ-შ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ა. შ (მოსარჩელე)
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე – თურქეთის რესპუბლიკის, ქ. ანკარას 29-ე საოჯახო სასამართლოს 2022 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილება #2022/238
დავის საგანი – განქორწინება, მეურვეობის მინიჭება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თურქეთის რესპუბლიკის, ქ. ანკარას 29-ე საოჯახო სასამართლოს 2022 წლის 5 აპრილის #2022/238 გადაწყვეტილებით ა. შ–ის (შემდეგში: მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი თ.ჭ-შ–ის (შემდეგში: მოპასუხე ან შუამდგომლობის ავტორი) წინააღმდეგ განქორწინების თაობაზე დაკმაყოფილდა და მათ შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა; მხარეთა არასრულწლოვანი შვილების: მ. შ–ის (დაბ. 22.08.2008წ.) და დ.ჰ. შ–ის (დაბ. 21.12.2011წ.) მეურვეობა მიენიჭა დედას, ყოველი წლის 1 ივლისიდან 15 აგვისტომდე პერიოდში შვილები იქნებიან მამასთან.
2. საქართველოს უზენაეს სასამართლოს, 2023 წლის 30 ივნისს, შუამდგომლობით მომართა მოპასუხემ და მოითხოვა უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებითა და თავად შუამდგომლობის ავტორის განცხადებით დადასტურებულია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე საცნობი უცხო ქვეყნის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული.
4. უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად განქორწინების თაობაზე გადაწყვეტილება მიღებულია ზეპირი განხილვის საფუძველზე. გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ მოსარჩელეს განქორწინება სურს, მოპასუხე კი - თანახმაა. სასამართლო კანცელარიის დირექტორის მიერ გაცემული ცნობით დასტურდება, რომ 2022 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილება მოსარჩელისა და მოპასუხისათვის შეტყობინებული იქნა, მხარეებმა უარი განაცხადეს გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 6 ივლისის განჩინებით მოპასუხის შუამდგომლობა მიღებულია განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებას, თანდართულ მასალებს და მივიდა დასკვნამდე, რომ მოპასუხის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:
6. უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად განქორწინების თაობაზე გადაწყვეტილება მიღებულია ზეპირი განხილვის საფუძველზე. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილით დადგენილია, რომ მოსარჩელეს განქორწინება სურს, მოპასუხე კი - თანახმაა. სასამართლო კანცელარიის დირექტორის მიერ გაცემული ცნობით დასტურდება, რომ 2022 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილება მოსარჩელისა და მოპასუხისათვის შეტყობინებული იქნა, მხარეებმა უარი განაცხადეს გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე.
7. თურქეთის რესპუბლიკის, ქ. ანკარას 29-ე საოჯახო სასამართლოს 2022 წლის 5 აპრილის #2022/238 გადაწყვეტილებით მოსარჩელის სარჩელი მოპასუხის წინააღმდეგ განქორწინების თაობაზე დაკმაყოფილდა და მათ შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა; მხარეთა არასრულწლოვანი შვილების: მ.შ–ის (დაბ. 22.08.2008წ.) და დ.ჰ. შ–ის (დაბ. 21.12.2011წ.) მეურვეობა მიენიჭა დედას, ყოველი წლის 1 ივლისიდან 15 აგვისტომდე პერიოდში შვილები იქნებიან მამასთან.
8. "საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ" საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, ხოლო უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
9. ამ განჩინების მე-8 პუნქტში მითითებული ნორმის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით, კანონმდებელმა განსაზღვრა ის წინაპირობები, რომელთა არსებობის შემთხვევაში, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ასეთი დამაბრკოლებელი გარემოებები საქმის მასალების მიხედვით არ არის წარმოდგენილი.
10. საქართველოს უზენაეს სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, ზემოხსენებულ ნორმაში მოცემული პირობები დაცულია, რის გამოც მოპასუხის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს თურქეთის რესპუბლიკის, ქ. ანკარას 29-ე საოჯახო სასამართლოს 2022 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილება #2022/238.
11. "საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ" საქართველოს კანონის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ იხელმძღვანელა "საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 და 68-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თ.ჭ-შის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს თურქეთის რესპუბლიკის, ქ. ანკარას 29-ე საოჯახო სასამართლოს 2022 წლის 5 აპრილის #2022/238 გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზე:
2.1. თ.ჭ-შ–სა და ა. შ–ს შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა;
2.2.მხარეთა არასრულწლოვანი შვილების: მ.შ–ის (დაბ. 22.08.2008წ.) და დ.ჰ.შ–ის (დაბ. 21.12.2011წ.) მეურვეობა მიენიჭა დედას, ყოველი წლის 1 ივლისიდან 15 აგვისტომდე პერიოდში შვილები იქნებიან მამასთან;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური