საქმე №ას-159-2023 11 მაისი, 2023 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
I კასატორი – ე.ა–ძე (მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - ლ.ი–ძე (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე)
II კასატორი - ლ.ი–ძე (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ე.ა–ძე (მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 06 დეკემბრის განჩინება
I კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება
II კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – არასრულწლოვნისთვის გვარის შეცვლა, საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა, ალიმენტის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრების დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილებით ლ.ი–ძის (შემდეგში: მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე, მეორე აპელანტი, მეორე კასატორი ან ბავშვების მამა) სარჩელი ე.ა–ძის (შემდეგში: მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე, პირველი აპელანტი, პირველი კასატორი ან ბავშვების დედა) მიმართ, ე.ა–ძის (დაბ: 08.05.2018 წ; პ/ნ .....) გვარის შეცვლის და არასრულწლოვანი შვილების საცხოვრებელ ადგილად მამის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის თაობაზე, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მცირეწლოვან ე.ა–ძეს, შეეცვალა გვარი და მიენიჭა მამის გვარი „ი–ძე“; შესაბამისი ცვლილებები იქნა შეტანილი ე.ა–ძის დაბადების სააქტო ჩანაწერში; მოსარჩელეს უარი ეთქვა არასრულწლოვანი შვილების საცხოვრებელ ადგილად მამის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრაზე; ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ბავშვების დედის შეგებებული სარჩელი ბავშვების მამის მიმართ მცირეწლოვანი ე.ა–ძის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის და ალიმენტის დაკისრების თაობაზე; ე.ა–ძის საცხოვრებელ ადგილად განისაზღვრა დედის საცხოვრებელი ადგილი; მამას არასრულწლოვან შვილთან ე.ა–ძესთან (გვარის შეცვლის შემდეგ ე.ი–ძე) ურთიერთობისათვის განესაზღვრა კვირის ყოველი დღე - 11 საათიდან 16 საათამდე ბავშვის წაყვანის და დედასთან დაბრუნების უფლებით; მოსარჩელეს, მცირეწლოვანი შვილის, ე.ა–ძის (ი–ძე) სასარგებლოდ, დაეკისრა ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 250 ლარის ოდენობით სარჩელის აღძვრის მომენტიდან – 2019 წლის 18 თებერვლიდან მის სრულწლოვანებამდე ან მდგომარეობის სხვაგვარად შეცვლამდე; ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შეგებებული სარჩელით მოსარჩელის სარჩელი მ.ი–ძის გვარის შეცვლის და ალიმენტის ოდენობის გაზრდის თაობაზე; ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილებით (საქმე N2-1397/2012) დაკისრებული ალიმენტი გაიზარდა და შეგებებული სარჩელით მოპასუხეს (ბავშვის მამას) არასრულწლოვანი შვილის, 2008 წლის 22 ივლისს დაბადებული, მ.ი–ძის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 250 ლარის ოდენობით სარჩელის აღძვრის მომენტიდან – 2019 წლის 7 მარტიდან მის სრულწლოვანებამდე ან მდგომარეობის სხვაგვარად შეცვლამდე; ბავშვების დედას უარი ეთქვა უფროსი შვილის - მ. ი–ძისათვის გვარის შეცვლის თაობაზე მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 6 დეკემბრის განჩინებით მოსარჩელისა და მოპასუხის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
3. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის რეგისტრირებული ქორწინება 2012 წლის 30 ივლისს შეწყდა. ერთად ცხოვრების განმავლობაში მათ შეეძინათ ერთი შვილი - მ.ი–ძე (პ/ნ ...., დაბ: 22.07.2008);
3.2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 18 სექტემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, ბავშვების მამის სარჩელი დაკმაყოფილდა და მამას არასრულწლოვან შვილთან – მ. ი–ძესთან ურთიერთობისათვის განესაზღვრა კვირის ყოველი დღე – 11 საათიდან 16 საათამდე ბავშვის წაყვანის უფლებით. ამავე გადაწყვეტილებით, ბავშვების დედის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და არასრულწლოვანი ბავშვის – მ. ი–ძის საცხოვრებელ ადგილად განისაზღვრა დედის საცხოვრებელი ადგილი, ასევე მამას არასრულწლოვანი შვილის – მ. ი–ძის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტი თვეში 130 ლარი 2012 წლის 17 აგვისტოდან ბავშვის სრულწლოვანებამდე;
3.3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელე აღიარებულ იქნა 2018 წლის 8 მაისს დაბადებული ე.ა–ძის მამად;
3.4. მოსარჩელე და მოპასუხე ცალ-ცალკე ცხოვრობენ. არასრულწლოვანი შვილი მ. ი–ძე და მცირეწლოვანი შვილი ე.ა–ძე ცხოვრობენ დედის საცხოვრებელ მისამართზე;
3.5. მოსარჩელის (მამის) მიმართ, 24.02.2021 წ., გამოიცა №010481 შემაკავებელი ორდერი, რომლის თანახმად, მოძალადეს აეკრძალა იმ სახლთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს; მოძალადეს აეკრძალა მსხვერპლთან, მის სამსახურთან და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება. №010481 შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადა განისაზღვრა 30 დღით;
3.6. მოსარჩელისა და მოპასუხის სოციალური გარემოს, საცხოვრებელი და საყოფაცხოვრებო პირობების შესახებ ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრის 2019 წლის 18 ივნისის №1958 დასკვნის მიხედვით:
3.6.1. ე.ა–ძე შვილებთან, დედასთან და დებთან ერთად ქ. ბათუმში, ...... ცხოვრობს. ე.ა–ძე შვილებთან და დედასთან ერთად პერიოდულად იმყოფება სამტრედიაში მამის ოჯახში, სადაც მამა გ.ა–ძე მოსკოვიდან, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, დაბრუნდა. ბავშვების პაპის - გ.ა–ძის საკუთრებაშია კერძო სახლები როგორც საქართველოში, ასევე -საზღვარგარეთ. ბინაში, სადაც ამჟამად ე.ა–ძე შვილებთან ერთად ცხოვრობს, არის კარგი საყოფაცხოვრებო პირობები, არის თანამედროვე ავეჯი და საყოფაცხოვრებო ტექნიკა, საცხოვრებელი შედგება 2 საძინებლის, მისაღების, სამზარეულოსა და აბაზანისაგან. ოჯახის წევრების მიერ მოწოდებული ინფორმაციით ოჯახის შემოსავალს შეადგენს ე.ა–ძის დედის ასაკობრივი პენსია 200 აშშ დოლარი, ე.ა–ძის დების, ხ. და გ.ა–ძეების ხელფასი, რომლებიც ბიზნეს-კონსულტანტები არიან და აქვთ სოლიდური ანაზღაურება, რითაც ეხმარებიან ოჯახს ეკონომიურად. ე.ა–ძე არ არის წინააღმდეგი, მ–ს ჰქონდეს ურთიერთობა მამასთან, თუ ბავშვი მოისურვებს, ხოლო ე–სთან მიმართებით აფიქსირებს, რომ ლ–ი სათანადო ყურადღებას არ იჩენდა მის მიმართ;
3.6.2. ლ.ი–ძე დედასთან ე.მ–თან და ძმასთან დ. ი–ძესთან ერთად, ქ. ბათუმში, ....., ცხოვრობს. საცხოვრებელ ბინას აქვს სამი საძინებელი, მისაღები ოთახი, სამზარეულო და აბაზანა, ბინაში გამოყოფილია მ–თვის და ე–თვის საძინებელი ოთახი, კეთილმოწყობილი საბავშვო შპალერით, უზრუნველყოფილია საბავშვო ავეჯით და სათამაშოებით. ამავე სართულზე დაშენებულია მე-10 და მე-11 სართულები, რომლებიც ირიცხება ლ–ის მამის, - ნ. ი–ძის საკუთრებად, რომელსაც ოჯახი აქირავებს სეზონურად და შემოსავალს ღებულობს, ასევე, ლ.ი–ძის მამის საკუთრებად ირიცხება უძრავი ქონება, ერთოთახიანი ბინა ქ. ბათუმში, ...... ქუჩაზე, აგრეთვე, გაქირავებულია ეზოში საოფისე ფართი. ლ–ის დედის ე.მ–ის გადმოცემით მ. ი–ძე ერთი წლის წინ დადიოდა მათთან სახლში, ბებია აბანავებდა, სარეცხს ურეცხავდა, ზრუნავდა მასზე და იყო შემთხვევები როცა ბავშვი სკოლაში დაჰყავდა, ასევე, მას აჩუქა ძაღლი „ჰასკი“, რომელიც დღემდე ჰყავთ და სურვილი აქვს დაახვედროს მ.ს. ლ–ის დედა განიცდის იმ ფაქტს, რომ მ–მა დამოკიდებულება შეიცვალა, მის დანახვაზე თავს აბრუნებს და გარბის;
3.7. ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრის 2019 წლის 6 სექტემბრის დასკვნის თანახმად:
3.7.1. მ–ი სოციალურ მუშაკთან გასაუბრების დროს მკაფიოდ და გარკვევით ასაბუთებდა თავის მოსაზრებებს. შეკითხვაზე, თუ რატომ სურდა გვარის შეცვლა და დედის გვარის მიღება, მ. ი–ძემ გასცა პასუხი, რომ გვარის შეცვლა სურდა იმიტომ, რომ დედის გვარი „ა–ძე“ წარმოდგება სიტყვისგან „ა–ა“ და ნიშნავს „მოწინავეს“, „პირველს“, ხოლო მისი სურვილია, იყოს მოწინავე და პირველი. გარდა ამისა, გვარი „ა–ძე“ უფრო კარგად წარმოითქმება და ჟღერს, რის გამოც თავის სასკოლო და საშინაო რვეულებზე სკოლაში გარკვევით, თავისი სურვილის შესაბამისად აწერდა „ა–ძეს“ და თანატოლებსაც სთხოვდა, რომ მისთვის მიემართათ როგორც ა–ძე;
3.7.2. ამავე დასკვნიდან ირკვე–, რომ მ. ი–ძის დედას ე.ა–ძეს, მ. ი–ძისათვის გვარის შეცვლა სურს იმის გამო, რომ მისი მეორე შვილი ე. გვარად ა–ძეა და შესაბამისად, სურს მ–საც შეუცვალოს გვარი. არასრულწლოვან მ. ი–ძის ინტერესებიდან გამომდინარე, ასევე ასაკის სიმცირის გათვალისწინებით, არ არის მიზანშეწონილი გვარის შეცვლა. შესაძლებელია მ. ი–ძის პოზიცია გამომდინარეობდეს უფროსების გავლენიდან. ბავშვს მ. ი–ძეს შეიძლება მოგვიანებით ისევ შეეცვალოს პოზიცია გვარის შეცვლასთან დაკავშირებით;
3.7.3. ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრის სოციალური მუშაკის რეკომენდაციაა მ. ი–ძის მშობლებს შორის ნეიტრალური ურთიერთობის ჩამოყალიბება და საერთო ენის გამონახვა, რადგან აუცილებელია, მ. ი–ძეს ორივე მშობელთან ჰქონდეს ჯანსაღი ურთიერთობა, სასურველია გარემომცველმა უფროსებმა გააცნობიერონ კონფლიქტის მიერ გამოწვეული უარყოფითი შედეგები, რომელიც უშუალოდ ბავშვებისთვის იქნება საზიანო და მოქმედებს როგორც ბავშვის განვითარებაზე, ასევე, თითოეულ მშობელთან ურთიერთობაზე. მ–ს უჭირს კომუნიკაციაში შემოსვლა, დასმულ კითხვებზე დაგვიანებით პასუხობს და შეკითხვების უმეტესობას, როგორც თვითონ განმარტავს, ვერ იგებს. მ.ი. აღნიშნავს, რომ დედასთან უნდა ცხოვრება;
3.7.4. არასრულწლოვან მ. ი–ძესთან გასაუბრების დროს მოსამართლის შეკითხვაზე: მ. რა გვარის ხარ, სად ცხოვრობ და ვისთან ერთად? არასრულწლოვანი მ. ი–ძე პასუხობს: „ვცხოვრობ ბათუმში, დედასთან, დასთან, ბებიასთან ერთად. ბაბუა ცხოვრობს სამტრედიაში და ჩვენ იქ ჩავდივართ. მამა ჩვენთან არ ცხოვრობს. მე ვარ ი–ძე, ჩემი და - ე. არის ა–ძე. მეც მინდა ვიყო ა–ძე, რადგან „ა–ა“ პირველს ნიშნავს. ვსწავლობ სკოლა „ევრო 2000-ში“. ჩემი კლასელები როცა მეკითხებიან რა გვარის ხარ, მე ვპასუხობ, რომ ვარ ა–ძე. „ი–ძე“ გვარი არ მომწონს“. შეკითხვაზე თუ რატომ სურს დედის გვარზე გადასვლა და რატომ არ მოწონს მისი გვარი, მ.ი. პასუხობს, რომ „ი–ბი“ არის ბიჭის სახელი და იმიტომ არ მოწონს გვარი „ი–ძე“. მ.ი. გასაუბრების დროს აღნიშნავს, რომ მამასთან აქვს ცუდი ურთიერთობა, რომ მამის ეშინია. არ სურს მამის დანახვა, მამა მოქმედებს მის ნერვებზე. მამა ემუქრება დედას. მამამ ველოსიპედი დაუმტვრია, მამა ეუბნება, რომ არის მსუქანი და ცოტა უნდა ჭამოს;
3.8. იმერეთის რეგიონული ცენტრის ფსიქოლოგის ნ. კ–ძის 2020 წლის 11 დეკემბრის №07-18/7907 დასკვნის თანახმად:
3.8.1. მოზარდის ინტერპერსონალურ საკომუნიკაციო სტილზე დაკვირვება, სიტუაციური რეაქციები, ქცევითი და ემოციური თავისებურებები მიუთითებდა მის გახსნილობაზე, განსაკუთრებულად პოზიტიური ემოციებით აფორმებდა ოჯახური ცხოვრების (სამტრედიაში) ეპიზოდებს, დედასა და დასთან ურთიერთობის დეტალებს, თავისი ინტერესების შესახებ საუბარს - უყვარს უცხოენოვანი (რუსული, ინგლისური) შემეცნებითი გადაცემების ყურება, კითხვა, ცხენზე ჯირითი, ხატვა;
3.8.2. დედ-მამის ურთიერთობის შესახებ, მამასთან დაკავშირებული შეკითხვები უფრო სენსიტიური იყო მისთვის, ანტიპათიას, უარყოფით რეაქციებს გამოხატავდა;
3.8.3. შეხვედრის ფარგლებში შესამჩნევი იყო არასრულწლოვანის დომინირებისკენ მიდრეკილება. მ.ი. ავლენდა გაბრაზებას, პერიოდულ მერყეობასა და შფოთვას მამასთან დაკავშირებული ეპიზოდების გახსენებისას, ასევე ავლენდა დაბნეულობას შექმნილი ოჯახური მდგომარეობის ფონზე, არასრულწლოვანს უძნელდება რეალობის ადეკვატური აღქმა. აღნიშნული მახასიათებლები მიუთითებს არასრულწლოვანის სტრესულ ფონზე, მის განსაზღვრულ მდგომარეობაში ყოფნაზე, დაუბალანსებელი, განგრძობადი არასასურველი ოჯახური დავა ნეგატიურ გავლენას ახდენს მის ფსიქო-ემოციურ ფონზე, თავისუფალი ნების განსაზღვრის პრობლემას ქმნის და ხელს უშლის დაპირისპირებული ოჯახის წევრების ადეკვატურ აღქმაში;
3.8.4. რაც შეეხება მოზარდის მშობლებთან ურთიერთდამოკიდებულების საკითხს, ზემოთ აღნიშნული დასკვნით, არასრულწლოვანი მ. ი–ძე მშობლების დაშორების შემდეგ უპირატესობას ანიჭებს ერთ-ერთ მათგანს - დედას. მოზარდი კატეგორიულ ნეგატიურ განწყობას გამოხატავს მამის მიმართ და დედისადმი პოზიტიური მიკუთვნებულობის განცდას ავლენს. დედასთან დაკავშირებით აღწერს სასიამოვნო, მზრუნველობით ჩვევებს, ერთობლივ აქტივობებს. არასრულწლოვანი უარყოფით რეაქციას გამოხატავს მამის, მამის მშობლებისა და მამასთან/მის ნათესავებთან ერთად გატარებულ პერიოდთან დაკავშირებით. არასრულწლოვანი პერიოდულად ახდენდა დედ-მამის, მათთან ერთად გატარებული პერიოდების შედარებას. მ.ი. იხსენებდა მშობლებთან დაკავშირებულ კონფლიქტურ ეპიზოდებს;
3.8.5. აღნიშნულიდან გამომდინარე ფსიქოლოგმა მიიჩნია, რომ იკვეთება არასრულწლოვანში ფსიქოლოგიური უსაფრთხოების განცდის პრობლემურობა, რის განმტკიცება-შენარჩუნებას ხელს უწყობს მხარეებს შორის კომუნიკაციის სირთულეები, წინარე ოჯახური კონფრონტაციული გამოცდილება, მხოლოდ ერთ მშობელთან ინტერაქციისა და ცხოვრების შესაძლებლობა, მოდავე მხარეების ერთმანეთის მიმართ უარყოფითი განწყობების კონტექსტი;
3.8.6. ფსიქოლოგმა მ. ი–ძის მშობლების მიმართ რეკომენდაციები გასცა, კერძოდ: მნიშვნელოვანია, მშობლებმა მათი პარტნიორული პრობლემების, ერთმანეთის მიმართ უარყოფითი ემოციების თუ წყენებისგან გამიჯნონ შვილის აღზრდაში ორმხრივი მშობლური ჩართულობის მნიშვნელობა და აღნიშნულ თემას წამყვანი როლი მიანიჭონ;
3.8.7. მ.ი–ს ნდობის გაღრმავებისათვის სასურველია, მამა კარგად აცნობიერებდეს ბავშვის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობას, გააგრძელოს ფრთხილი და თანმიმდევრული დამოკიდებულება ბავშვთან შეხვედრებისა და ტელეფონით საუბრისას. შესთავაზოს მ–ს მისთვის სახალისო და საინტერესო აქტივობები. აღნიშნული პოზიტიურად აისახება მამა-შვილის კომუნიკაციის ხარისხზე, ურთიერთობის გაღრმავებაზე; აუცილებელია მშობელმა მეორე მშობელი ბავშვის თანდასწრებით არ მოიხსენიოს უარყოფით კონტექსტში ან არავერბალურად (მიმიკა, ჟესტი, სხეულის მანერა) არ გამოხატოს უარყოფითი დამოკიდებულება;
3.8.8. მნიშვნელოვანია ორივე მშობელმა შვილთან ნდობის მოპოვებისთვის საჭიროების მიხედვით აუხსნას, რომ მშობლებს განსხვავებული ხედვა აქვთ კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით და ამიტომ გადაწყვიტეს ცალკ-ცალკე ცხოვრება, თანაბრად იზრუნონ, რომ ორივე მათგანი არის საიმედო;
3.9. სააპელაციო წარმოების ეტაპზე საქმეში წარდგენილი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილებით: ლ.ი–ძის წარმომადგენლის მ.ს–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება (დამცავი ორდერის გაცემაზე უარის თქმის შესახებ) და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება; ლ.ი–ძის წარმომადგენლის მ.ს–ის განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაიცა დამცავი ორდერი შემდეგი პირობებით: ე.ა–ძეს, ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლის მიზნით დაევალა ჩაერთოს ფსიქოლოგის მომსახურებაში ორგანიზაცია - APR გამოყენებითი ფსიქოლოგიისა და კვლევის ცენტრში (მისამართი: თბილისი, წერეთლის 116), დამცავი ორდერის გამოცემიდან დაუყოვნებლივ და ასევე, დამცავი ორდერის გამოცემიდან 2 (ორი) თვის ვადაში, მასვე დაე–ლა მომსახურების საფასურის გადახდა; დაე–ლა APR გამოყენებითი ფსიქოლოგიისა და კვლევის ცენტრს, საქმის წარმოებაში დაუყოვნებლივ ჩაერთო ფსიქოლოგი, რომელიც უზრუნველყოფდა არასრულწლოვან მ. ი–ძისათვის ფსიქო-თერაპიული კურსის ჩატარებას, მსხვერპლის ფსიქო-ემოციური გაძლიერებისა და მამის - ლ.ი–ძის მიმართ ურთიერთობის გაჯანსაღების მიზნით, ფსიქოლოგის მიერ გაცემული მომსახურების შეწყვეტის რეკომენდაციამდე;
3.10. ლ.ი–ძეს დაევალა არასრულწლოვან მ. ი–ძის მიმართ ჩატარებული მომსახურების საფასურის გადახდა; დაევალა APR გამოყენებითი ფსიქოლოგიისა და კვლევის ცენტრს, სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულში-აჭარის ა/რ რეგიონალურ ცენტრში წარადგინოს ფსიქოლოგიურ მომსახურებაში ჩართვისა და ფსიქოლოგთან კონსულტაციის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი, ფსიქოლოგის დასკვნა- შესაბამის შედეგებზე მითითებით. საქმეში წარდგენილი მტკიცებულებების ანალიზის შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ დედის მიმართ ბავშვების მიჯაჭულობიდან გამომდინარე, არსებობდა ფსიქოლოგიური ძალადობისათვის დამახასიათებელი დაუბალანსებელი დამოკიდებულება მამის მიმართ, რაც აღმოფხვრილი უნდა ყოფილიყო ამ დარგის სპეციალისტების მუშაობის შედეგად;
3.11. სააპელაციო წარმოების ეტაპზე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ,,საქართველოს ბავშვების“ მიერ ჩატარებული და სასამართლოში 02.08.2022 წ. წარმოდგენილი არასრულწლოვან მ. ი–ძის და მცირეწლოვან ე.ა–ძის დამატებითი ფსიქოლოგიური გამოკვლის შედეგად, დადგინდა შემდეგი:
3.11.1. შეფასების შედეგად გამოვლინდა ოჯახური დავის შემდეგი მნიშვნელოვანი საკითხები, რაც პირდაპირ და ირიბად დიდწილად ახდენს გავლენას ბავშვების კეთილდღეობაზე და მათ ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე: მშობლებს შორის არასტაბილური, არათანმიმდევრული თანაცხოვრების გამოცდილება, არაადეკვატური მოლოდინები ერთმანეთის მიმართ და თანმხლები ნეგატიური ემოციებით გადატვირთული ფსიქოლოგიური სტატუსი, დროში გახანგრძლივებული უთანხმოებები. ლ. ი–ძეს და ე. (თ.) ა–ძეს შორის ქორწინებიდან, პირველი შვილის შეძენისთანავე, დაეწყოთ რიგი უთანხმოებები, რაც გახდა მიზეზი თანაცხოვრების დარღვევის, პირველი შვილი - მ. ი–ძე შეეძინათ რუსეთში, ქ. მოსკოვში, ლ.ი–ძე ოჯახის მოსანახულებლად თავად ჩადიოდა მოსკოვში. იმ შემთხვე–ში, როცა დედა, შვილთან ერთად საქართველოში ბრუნდებოდა, მამას შვილი მოჰყავდა საკუთარ საცხოვრებელ გარემოში;
3.11.2. ლ–ს და თ–ს (ასე ეძახიან ე–ს) ბავშვთან ერთად არ ჰქონიათ თანაცხოვრების გამოცდილება. არასტაბილურ, არათანმიმდევრულ თანაცხოვრების მიზეზებზე საუბრისას თ. აღნიშნავს, რომ ლ–ს არ ჰქონდა საცხოვრებელი პირობები და ამასთანავე, განსაკუთრებულ სირთულედ მიაჩნდა ლ–ის ძალადობრივი ქცევები მშობლებისა და ოჯახის წევრების მიმართ. ლ–ის მიერ კი ყოფილ მეუღლესთან სრულყოფილი თანაცხოვრების ხელშემშლელ გარემოებად სახელდება თ–ს დედისა და ოჯახის წევრების გავლენა, რომელიც, მისივე განმარტებით, მხოლოდ მატერიალური კეთილდღეობის კრიტერიუმით აფასებდნენ ლ–ს და მის ოჯახს და ცდილობდნენ დაერღვიათ მათი ქორწინება, რასაც მიაღწიეს კიდეც;
3.11.3. ლ–ის რწმენით ყოფილი სიდედრის ნეგატიური გავლენა, შემდგომში გავრცელდა წყვილის შვილებზეც, რის შედეგადაც დადგა ამ მომენტისთვის არსებული მოცემულობა - უფროსს შვილთან დარღვეული ურთიერთობა, უმცროს შვილთან კი არასაკმარისი მონახულების წესი. ორივე მათგანზე ქორწინებასთან დაკავშირებული სტრესული გამოცდილება - წყენა, ბრაზი, იმედგაცრუება ჯერ კიდევ გადაულახავია. ორივე მხარე ცდილობს ერთმანეთის წარმოჩენას მაქსიმალურად ნეგატიურად და ჭარბად იხსენებენ ერთმანეთის უარყოფით თვისებებს, ნეგატიურ მოვლენებს;
3.11.4. ვლინდება საკუთარი თავის იდეალიზების და მსხვერპლად წარმოჩენის ტენდენცია, როგორც ლ–ის, ისე თ–ს მხრიდან. ლ–ს ჯერ კიდევ აქვს მოლოდინი, რომ გაარკვევს პირად ურთიერთობებს ყოფილ მეუღლესთან, მისი ემოციური საჭიროებაა, საბოლოოდ იცოდეს თ–ს პოზიციები და ამის შესაბამისად ჩამოყალიბდეს საკუთარ მომავალ ცხოვრებაზე, შვილებთან ურთიერთობის წესზე, ხოლო თ–ს აქვს საჭიროება, გათავისულდეს მიღებული ფრუსტრაციისგან და ჰქონდეს შესაძლებლობა მშვიდ და ემოციურად გაწონასწორებული ფსიქოლოგიური მდგომარეობით იზრუნოს შვილებზე და აღზარდოს ისინი. ამ საკითხის გადაჭრის ძლიერ მხარედ შეიძლება დასახელდეს ორივე მხარის მზაობა დაიწყონ კომუნიკაცია სპეციალისტის/ფსიქოლოგის ფასილიტაციით, როგორც ლ–მა, ასევე თ–მ განაცხადეს თანხმობა პროცესში ჩართვაზე;
3.11.5. მამასა და შვილებს შორის ურთიერთობები და დამოკიდებულება; ბავშვებზე ზეგავლენა: შეფასების შედეგად გამოიკვეთა, რომ არასრულწლოვნებს მ. ი–ძესა და ე.ა–ძეს მშობლებთან აქვთ განსხვავებული დამოკიდებულება. ე.ა–ძე ავლენს ორივე მშობლისადმი პოზიტიურ დამოკიდებულებას და ემოციურ სიახლოვეს, ორივე მშობელი მისთვის ღირებულია და სურს ორივე მათგანთან იქონიოს კონტაქტი. ორივე მხარის განმარტებით ე–ს გარკვეულ პერიოდში მამასთან კონტაქტი უჭირდა, შეფასების ეტაპზე ამ მხრივ სირთულეები არ გამოვლენილა. მამის მოსვლის მომენტში დედამ მიმართა ე–ს: ,,ჩავიცვათ, შენ მიდიხარ” მიუხედავად იმისა, რომ დედის მხრიდან არ მომხდარა მხარდაჭერითი, წამახალისებელი ფრაზების დამატება, მან არც კი მოიხსენია ბავშვის მამა, ჩაიცვა, სპეციალისტთან/ფსიქოლგთან ერთად გავიდა სახლიდან, სიხარულით შეხვდა მამას, ჩაეხუტა, ჩაჯდა მანქანაში, დაიწყო მამასთან შეთანხმება იმაზე, თუ სად წავიდოდნენ;
3.11.6. ე. მამას სტაბილურად ორ კვირაში ერთხელ - ოთხშაბათს და ხუთშაბათს, დღის განმავლობაში, 11 საათიდან 18 საათამდე, მიჰყვება. დაკვირვებამ აჩვენა, რომ ე. კარგად გრძნობს თავს მამასთან, სიხარულით ადის მასთან სახლში, იკვეთება მამის გარემოს მიმართ პოზიტიური გამოცდილება, ბავშვმა იცის სად დევს სათამაშოები, რითი უნდა ითამაშოს მამასთან, მამის მიმართ გამოხატავს სითბოს, სიყვარულს. ეხუტება მას, ეთამაშება და არის ბედნიერი. ამ ეტაპისთვის არ არსებობს რაიმე სახის ნეგატიური დამოკიდებულება მამის მიმართ. ე. მამის საცხოვრებელ სახლში ხვდება პაპას (მამის მამას), მის მიმართაც არ გამოხატავს უარყოფით დამოკიდებულებას, ეთამაშება, არ ჭირვეულობს, ადეკვატურად არის ჩაბმული მამასთან კომუნიკაციის პროცესში, ღებულობს უკუკავშირს;
3.11.7. მამასა და შვილს შორის ურთიერთობების პროცესზე დაკვირვებისას გამოიკვეთა ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც ე–ს ჰქონდა მკვეთრად უარყოფითი რეაქცია - ეს იყო მისი დამოკიდებულება გვარის მიმართ. მამის განმარტებაზე, რომ ის არის ი–ძე, რომ მ. ი–ძეა და მ. მისი დაა და თვითონაც ი–ძეა, გამოხატა პროტესტი - დაიწყო ხმამამაღლა საუბარი, მტკიცედ წარმოთქვამდა: ,,მე ვარ ა–ძე!” შეკითხვაზე - თუ საიდან აქვს ეს ინფორმაცია ბავშვი პასუხობს, რომ დედამ უთხრა;
3.11.8. მამასა და ე–ს შორის ურთიერთობის დამაბრკოლებელ გარემოებად მომავალში შესაძლებელია მივიჩნიოთ ე–ს საბავშვო ბაღში სიარული, შეფასების მომენტში ბავშვის დედას გადაწყვეტილი ჰქონდა, თუ რომელ ბაღში უნდა ჩაერიცხა შვილი, თუმცა, ამის შესახებ ინფორმაცია ლ–ს არ ჰქონდა, მოგვიანებით გაარკვია, რომ ე. უკვე ჩარიცხულია ერთ-ერთ სააღმზრდელო დაწესებულებაში. საბავშვო ბაღში სიარული ძალზედ მნიშვნელოვანია ამ ასაკის ბავშვის განვითარებისთვის, ისევე როგორც მამა-შვილის ურთიერთობა, აქედან გამომდინარე, მამის მიერ შვილის მონახულების კუთხით სავარაუდო ცვლილების განსაზღვრა წინასწარ უნდა მოხდეს მშობლებს შორის; ასევე, მნიშვნელოვანია თავად მამის მიერ ინფორმაციის მიწოდება ბავშვების დედისთვის, როდესაც ვერ ახერხებს შვილის მონახულებას, ეს შეიძლება იყოს ქვეყანაში არყოფნა ან სხვა გაუთვალისწინებელი გარემოება, რათა დედამ მოახერხოს გეგმის შეცვლა ბავშვთან დაკავშირებით. რაც შეეხება მ–ს, მკვეთრად ვლინდება დედისადმი მოკავშირეოება და მამისადმი უარყოფითი დამოკიდებულება, ბავშვის მიერ გამოვლენილი ემოციურ-ქცევითი რეაქციები სრულად შესაბამისობაშია ერთი მხარის მოკავშირე ბავშვის სიმპტომატიკასთან. მ.ი. მოკავშირე ბავშვის როლშია, რაც გამოწვეულია განგრძობითი ხასიათის ურთიერთბრალდებითი გარემოებებითა და მწვავე კონფლიქტებით, რომლის დროსაც ბავშვი იყო აქტიური მონაწილე, რამაც ის დააყენა დედის მხარეს. ბავშვი ახდენს მორალურ შეფასებას და განსჯას, თუ რომელი მხარის შედეგად გამწვავდა გარემოებები, რომელია უფრო მოწყვლადი და რომელი იმსახურებს სიბრალულს, რომელი იმსახურებს ბავშვის მოკავშირეობასა და თანადგომას;
3.11.9. ლ.ი–ძის მიერ წარმოდგენილ ვიდეო-მასალაში, რომელიც ქრონოლოგიურად მოიცავს სხვადასხვა წლებს, მამისა და მისი ოჯახის წევრების და მ–ის ურთიერთობები ასახულია, ბავშვის მონახულების, სხვა ქვეყანაში გამგზავრებისას შვილის გაცილების ეპიზოდები, სადაც იკვეთება მოზრდილებს შორის დაძაბული ურთიერთობა, ისინი ძირითადად არ ესაუბრებიან ერთმანეთს, დედა და მისი ოჯახის წევრები შორიდან აკვირდებიან ბავშვისა და მამის და პაპის ურთიერთობას. ერთ-ერთ ვიდეოში მკაფიოდ ვლინდება დედის მხრიდან ბავშვზე განხორციელებული ფსიქოლოგიური ზეწოლა, მამის წინააღმდეგ მიმართული, სადაც დედა პირდაპირ და დაჟინებით მოითხოვს მ.ი–სგან, ქვის სროლით დააზიანოს მამის ავტომობილი;
3.11.10. სპეციალისტთან/ფსიქოლოგთან ინტერვიუს დროს ბავშვის დედა ამაზე საუბრისას აღელდა, თქვა, რომ ძალიან ნანობს ამ საქციელს, ამბობს, რომ მის ამ ქცე–ს წინ უძღოდა ლ–ის მხრიდან დამამცირებელი ქმედება, რამაც მასში გამოიწვია აფექტური რეაქცია. მ.ი ინტერვიუს დროს აფიქსირებს მამის მიმართ ნეგატიურ დამოკიდებულებას, ბრაზს, წყენას. ინტერვიუს პროცესში ბავშვი მამის შესახებ საუბრისას იხსენებს მხოლოდ უარყოფით ეპიზოდებს, ამბობს, რომ დედას უფრო უყვარს, ვიდრე მას, რომ მამა არის ეგოისტი და არასოდეს იხდის ბოდიშს. მიუხედავად იმისა, რომ მ.ი. მეტწილად კატეგორიულად გამოხატავს მამის მიმართ ნეგატიურ დამოკიდებულებას, გარკვეული დოზით არასრულწლოვანი იტოვებს იმედს, რომ მამა ბოდიშს მოიხდის, იგი საბოლოოდ არ უარყოფს მას (,,მისგან ბოდიშის მოხდას ველოდებოდი, მაგრამ არ მოუხდია”, ,,სანამ არ გააცნობიერებს, რომ მე ეს ცუდად მხდის, შეწყდება ურთიერთობა”), თუმცა, იმასვე ამატებს, რომ მამის დანახვა არ სურს;
3.11.11. მ–სა და მამას შორის ურთიერთობის აღდგენისკენ მიმართულ მნიშვნელოვან ხელშემწყობად შესაძლებელია მივიჩნიოთ ბავშვის დაბადების დღე (22.07.2022), მამა ბევრს მსჯელობდა ამასთან დაკავშირებით, აწარმოა მიმოწერა თ–სთან, სადაც უზიარებდა სხვადასხვა ვარიანტს, ასევე, სთავაზობდა თავად მარის აზრის გათვალისწინებასაც, აღსანიშნავია, რომ მარის, როგორც ეს დედას მიერ მამასთან წარმოებულ მიმოწერაში ჩანს, არ გამოუხატავს პროტესტი ან უარყოფა მამის მცდელობებზე იუბილესთან დაკავშირებით, მან გამოთქვა მოსაზრება, რომ ურჩევნია მეგობრებთან ერთად წვეულების გადახდა რომელიმე კაფეში, თუ მეგობრები ქალაქიდან გასულები არ იქნებიან, თუმცა, მარიმ საბოოლოდ უარი განაცხადა მამის შემოთავაზებაზე, მას არ სურს მამის მისვლა სოციალურ მუშაკებთან ერთად;
3.11.12. მომავალში მნიშვნელოვანია დროულად მოხდეს ინფორმაციის გაცვლა, მშობლებს შორის უნდა მოხდეს ეფექტური კომუნიკაცია, დაუშვებელია მოზრდილების არაეფექტური კომუნიკაციის გამო მამისა და შვილის ურთიერთობების ხელშეშლა, განსაკუთრებით უმცროსი შვილის შემთხვევაში, რადგან მასთან არ არსებობს რაიმე დაბრკოლება, ასევე, არ უნდა მოხდეს ე–ს ჩართვა მარისთან კონტაქტის აღდგენის პროცესში, ვინაიდან მარის ემოციურ-ქცევითი რეაქციების განსაზღვრა მამის გზავნილებზე ამ ეტაპისთვის არაპროგნოზირებადია, შესაბამისად, მარის ქცევებიდან გამომდინარე ე–სთან მიმართებით არსებობს გავლენის რისკი, რამაც შესაძლებელია ბავშვში მამისადმი პოზიტიური დამოკიდებულების ცვლილება გამოიწვიოს, მით უფრო, რომ მ–ს დის მიმართ აქვს გარკვეული ეჭვიანობის განცდა, ამბობს, რომ ის ა–ძეა და მასაც სურს, იყოს ა–ძე, ე–ს მამა ხელში აყვანილს ასეირნებს, მას კი სკოლის ჩანთის ტარებასაც არასოდეს სთავაზობდა;
3.11.13. მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპისთვის ე. არ ავლენს მამისადმი უარყოფით დამოკიდებულებას, იმ შემთხვევაში თუ არ შეიცვალა ის ფაქტორები და გარემოებები, რამაც მ.ი ერთი მშობლის (დედის) მოკავშირედ ჩამოაყალიბა, მაღალია ალბათობა იმისა, რომ ე–ც დადგეს ამ საფრთხის წინაშე, არსებობს მ.ის მხრიდან, მამისადმი ე–ს უარყოფითად განწყობის რისკის საშიშროება;
3.11.14. მწვავე კონფლიქტების შემცველი განქორწინება, განგრძობითი ხასიათის სასამართლო დავები, მრავალი პროფესიონალის ჩართულობა: ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც ნეგატიურ გავლენას ახდენს ბავშვის ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე არის გაჭიანურებული იურიდიული პროცესები, განშორების შემდგომი განგრძობითი ვერბალური და/ან ფიზიკური აგრესია, დაუსაბუთებელი ბრალდებები და კონტრ-ბრალდებები, რაც უკავშირდება ძალადობას ბავშვზე, უგულებელყოფას და ა.შ., რაც ხელს უწყობს ბავშვის მშობლისადმი გამაუცხოებელ პროცესს, რის წინაშეც, ამ ეტაპისთვის დგას უფროსი შვილი - მ.ი. კონფლიქტის ინტენსივობა, მისი განგრძობითი მძიმე არსებობა ერთზე მეტი წლის მანძილზე, ნათესაობისა და უფრო ფართო თემის პოლარიზაცია და მშობლების წარუმატებლობა, დააკმაყოფილონ ბავშვის საჭიროებები, კომბინაციაში ქმნის დაძაბულობასა და ბრაზს ბავშვში;
3.11.15. ბავშვისათვის ერთადერთი ფსიქოლოგიური გადაწყვეტილებაა, შეამციროს განცდა იმისა, რომ არის გახლეჩილი, ,,ცუდი“ მშობლის უარყოფითა და კონტაქტების შეწყვეტით. გამაუცხოებელ პროცესებში წვლილი ასევე შეაქვთ მრავალი პროფესიონალის - ადვოკატები, ფსიქოლოგები, სოციალური მუშაკები - ჩართულობას, დროში გახანგრძლივებულად, რის შედეგადაც მ–ს ჩამოყალიბებული აქვს საკუთარი სტრატეგია - არ საუბრობს მათთან ქართულ ენაზე. მხოლოდ ინგლისურად, სხვადასხვა მიზეზით ახდენს თავის არიდებას/გადავადებას სესიების და სხვა. თითოეული ეს სირთულე მწვავედ ურთიერთქმედებს და მთლიანობაში ქმნის სერიოზულ საფუძველს იმისას, რომ ბავშვების საუკეთესო ინტერესების დადგენის პროცესში დადგეს გადაცდომის რისკი;
3.11.16. დასკვნა: შეფასების შედეგად შეიძლება გაკეთდეს შემდეგი სახის დასკვნები: მ.ის შემთხვე–ში იკვეთება გარკვეული სახის ფსიქოლოგიური სირთულეები, რაშიც დიდი წვლილი შეიტანა ოჯახურ კონფლიქტთან დაკავშირებულმა სტრესულმა გამოცდილებამ, შეფასების მომენტისათვის მ.ი. ავლენს ძლიერ მოკავშირეობას დედასთან და ნეგატივიზმს მამის მიმართ. იგი სრულად არ უარყოფს მამას და არც მასთან კონტაქტის სრული გაწყვეტისაკენ ისწრაფვის. აღსანიშნავია, რომ მოცემულ შემთხვევაში ჭარბადაა ფაქტორები და გარემოებები, რომლებსაც ზოგადად შეუძლიათ წვლილი შეიტანონ ე.წ. მშობლისადმი გაუცხოების სინდრომის ჩამოყალიბებაში (ფსიქოლოგიურ ლიტერატურაში ამ ტერმინის განმარტება ასეთია: გაუცხოებული ბავშვი გულისხმობს ბავშვს, რომელიც ჭარბად და შეუპოვრად გამოხატავს ზედმეტად ნეგატიურ გრძნობებსა და რწმენებს, როგორიცაა ბრაზი, სიძულვილი, უარყოფა, და/ან შიში მშობლის მიმართ, რაც პროპორციულად მნიშვნელოვნად არ შეესაბამება ბავშვის ამ მშობელთან რეალურ გამოცდილებას). დედის მხრიდან იკვეთება ყოფილი მეუღლისადმი ბავშვის შურისძიების იარაღად გამოყენების მოტივაცია; მამის მხრიდან მ–თან ურთიერთობის აღდგენაზე მიმართული მცდელობები და ძალისხმევა არასაკმარისია; მამას, შესუსტებული ემპათიით, უჭირს მ–ის განცდების იდენტიფიკაცია და სწორად შეფასება, მათზე სათანადო რეაგირება. იგი ვერ ასხვავებს ბავშვის რეალურ განცდებს ყოფილი მეუღლის მოტივებისაგან. მ.ი. იმყოფება იმ ასაკში, რომელიც შედის გაუცხოებულ ბავშვთა ყველაზე გავრცელებულ დიაპაზონში (9-15 წელი) და როდესაც სტატისტიკურად მაღალია მშობლისადმი გაუცხოების რისკი: დედასთან ძლიერი ემოციური კავშირი ხელს უწყობს მოკავშირეობის გაძლიერებას; თუ დროულად არ მოხდა ამ ფაქტორების გაკონტროლება და შესაბამისი ჩარევა, შესაძლოა მოკავშირეობა გადაიზარდოს მამისადმი გაუცხოების სინდრომში. შეფასების მომენტისათვის, ე–სთან მიმართებით არ იკვეთება მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური სირთულეები, არც ერთი მხარის ძლიერი ზეგავლენა, მოცემულ შემთხვევაში, მეორე მშობლის საწინააღმდეგოდ, თუმცა, გასათვალისწინებელია ბავშვის ასაკი. იმისთვის, რომ ბავშვი გადავიდეს ერთი მშობლის მხარეს და შესაბამისად უარყოს მეორე, საჭიროა გარკვეული კოგნიტური და ემოციური სიმწიფე, რაც 7-8 წლის ასაკიდან მიიღწევა. შესაბამისად, ასაკის მატებასთან ერთად, თუ არ მოხდა ნეგატიური ფაქტორების გაკონტროლება, დედის ოჯახში ცხოვრების შემთხვევაში იზრდება მოზრდილების მხრიდან გავლენის მოხდენის მცდელობის რისკი და თანმდევი ეფექტები. იმ შემთხვევაში, თუ არ შეიცვალა მ–ის დამოკიდებულება მამისადმი, მისი და ე–ს თანაცხოვრების შემთხვევაში, მ–ის მხრიდან არსებობს მამისადმი მისი (ე–ს) უარყოფითად განწყობის მცდელობების რისკის გაზრდის საშიშროება;
3.11.17. საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას გასათვალისწინებელია შემდეგი: მ. ი–ძეს აქვს ძლიერი ემოციური სიახლოვე დედასთან, მამის მიმართ - ნეგატივიზმი, შესაბამისად, მისი ემოციური საჭიროებაა, იცხოვროს დედასთან. ე–ს შემთხვევაში არ ვლინდება რაიმე სახის ცალმხრივი მიჯაჭვულობა, დედასთან ცხოვრების შემთხვევაში ასაკის მატებასთან ერთად, თუ არ მოხდა ნეგატიური ფაქტორების გაკონტროლება, იზრდება მოზრდილების მხრიდან გავლენის მცდელობის რისკი და თანმდევი ეფექტები. იმ შემთხვევაში თუ არ შეიცვალა მ.ის დამოკიდებულება მამისადმი, მისი და ე–ს თანაცხოვრების შემთხვე–ში, არსებობს მ.ის მხრიდან, მამისადმი მისი უარყოფითად განწყობის მცდელობების რისკის გაზრდის საშიშროება, თუმცა, ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, არსებობს ბავშვების ცალ-ცალკე განთავსების უარყოფითი მხარეები, როგორიცაა მშობლების განქორწინება, როგორც მატრავმირებელი მოვლენა და ამასთან ერთად დედ-მამიშვილის ,,დაკარგვა”, მასთან დაშორება, შეიძლება რთული დასაძლევი გახდეს; ბავშვის პოზიციიდან კიდევ უფრო ირღვევა ოჯახის მთლიანობა, ჯანსაღი ურთიერთობის შენარჩუნება დედ-მამიშვილებს შორის რისკის წინაშე დგება, ვინაიდან საქმე გვაქვს მწვავე კონფლიქტურ განქორწინებასთან და მშობლებს უჭირთ აღიარონ ბავშვებსა და მშობლებს შორის სტაბილური ურთიერთობის აუცილებლობა და/ან არ ზრუნავენ ასეთი ურთიერთობების ხელშეწყობაზე. მნიშვნელოვანია აღდგეს ურთიერთობები მ–სა და მამას შორის, ხოლო ე–ს შემთხვევაში შეიცვალოს მამასთან ურთიერთობის/მონახულების წესი, გამომდინარე იქედან, რომ ბავშვი მამასთან თავს კარგად გრძნობს, მამა ადეკვატურად რეაგირებს ბავშვის საჭიროებებზე და ამასთანავე, როგორც დედამ აღნიშნა ინტერვიუს პროცესში, მან შვილის საბავშვო ბაღში ჩარიცხვა დაგეგმა, მნიშვნელოვანია, არ დაემთხვეს საბავშვო ბაღში ყოფნის პერიოდი,მამის მიერ ე–ს მონახულების ამ მომენტისთვის დადგენილ პერიოდს. მამას მიეცეს შესაძლებლობა, არა მხოლოდ თავისუფალი დროის გატარების მიზნით ეკონტაქტოს შვილს, არამედ ამ ურთიერთობას და მონახულების წესს მიეცეს აღმზრდელობითი ფუნქცია, მამის ჩართულობით;
3.11.18. რეკომენდაციები: საწყისს ეტაპზე ორივე მშობლისთვის ფსიქოლოგის კონსულტირება ინდივიდუალურად (მნიშვნელოვანია, მშობლებმა გააცნობიერონ, რომ შვილების ფსიქოლოგიური კეთილდღეობის მიზნით აუცილებელია საკუთარი პირადი ინტერესების, ემოციების მართვა/გამიჯვნა ბავშვების საუკეთესო ინტერესებისგან, რომ არასრულწლოვნებს სჭირდებათ ორივე მშობელთან ჯანსაღი ურთიერთობები) მას შემდეგ, რაც მოხდება იმ შეჯერებული საკითხების გამოკვეთა, რაზეც ორივე მათგანს ექნებათ მზაობა ერთობლივად იმუშაონ. განხორციელდეს ერთობლივი სესიები (ეს საკითხები შესაძლოა იყოს დაშორებისა და განქორწინების შემთხვევებში ბავშვების ფსიქოლოგიური მდგომარეობა; ბავშვებთან მიდგომებისა და სტაბილური ურთიერთობის ხელშეწყობის შეთანხმებული სტრატეგიის შემუშავება; პოზიტიური მშობლობა. მათ შორის ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით; ბავშვების საჭიროებების შესახებ ერთმანეთის ინფორმირება სკოლა, ბაღი, ჯანმრთელობა, ბავშვების დაბადების დღეებისთვის მომზადება, არდადეგებზე დასასვენებლად გამგზავრება, შვილის მონახულებასთან დაკავშირებით გაუთვალისწინებელი გარემოებების დროული შეტყობინება შეხვედრის ერთმანეთის შემთხვევაში გაუქმების/გადავადების შესახებ, საჩუქრები და/ან სხვა). რაციონალურ კონტექსტში ბავშვებისადმი ინფორმაციის მიწოდება მშობლების განქორწინების შესახებ. ორივე მშობლის მხრიდან ინფორმაციის მიწოდების მომენტში არ უნდა მოხდეს ურთიერთ-დადანაშაულებისა და საკუთარი ბრაზისა და სხვა ნეგატიური ემოციების გამოვლენა;
3.11.19. აუხსენით ბავშვებს, რომ ზოგჯერ ადამიანების ცხოვრებაში ხდება ცვლილებები, შეიძლება შეიცვალოს მშობლების გრძნობები, შეიძლება მშობლები ვეღარ თანხმდებიან გარკვეულ საკითხებზე და ა.შ. ყოველივე აქედან გამომდინარე კი, უმჯობესია მშობლების ცალ-ცალკე ცხოვრება, თუმცა, ეს არ ნიშნავს მშობლებსა და შვილებს შორის არსებული სიყვარულისა და კავშირის გაწყვეტას. უპასუხეთ მათ კითხვებს, განსაკუთრებით მამამ, გაძლიერებული ემპათიით, გულწრფელად: აგრძნობინეთ ბავშვებს, რომ გესმით მათი და აცნობიერებთ იმ ნეგატიურ განცდებს, რაც მშობლების დაშორებასა და ამ გარემოებასთან დაკავშირებულ თანმხლებ მოვლენებს მოჰყვა. ბავშვებმა უნდა იგრძნონ, რომ მათი განცდები არსებულ სიტუაციაში აბსოლუტურად ბუნებრივია (მაგ.: ,,მესმის, რომ ეს შენთვის რთულია, წარმომიდგენია რას გრძნობ, ვწუხვარ, რომ ასე მოხდა, ბოდიშს გიხდი” ,,მსურს ახლა დაგელაპარაკო, აგიხსნა და მოვისმინო შენი გულისტკივილი”). აგრძნობინეთ ბავშვებს, რომ თქვენ მათ გვერდით ხართ და გინდათ, დაეხმაროთ (მაგ.: ,,ჩვენ გვიყვარხარ და გვინდა დაგეხმაროთ, რომ თავი ასე ცუდად არ იგრძნო.” ,,როგორ ფიქრობ, რა დაგეხმარება, თავი უკეთ რომ იგრძნო?”). თუ ბავშვი ვერ ასახელებს, თუ რა დაეხმარებოდა, თქვენ შესთავაზეთ ვარიანტები (მაგ. თქვენთან საუბარი, სასეირნოდ წასვლა, მეორე მშობელთან ტელეფონით/სკაიპით საუბარი და ა. შ.). ბავშვებს უნდა მიეცეს მშობლის (დედის) მხრიდან აბსოლუტური მხარდაჭერა იმასთან დაკავშირებით, რომ ეკონტაქტონ მეორე მშობელს (მამას), ამას გაგებით უნდა მოეკიდოს დედა. ბავშვებსა და მამას უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, ურთიერთობები იქონიონ დამოუკიდებლად, ბავშვებმა უნდა იგრძნონ და რომ ეს მისაღებია ორივე მშობლისთვის და არ წარმოადგენს ერთ-ერთი მათგანისთვის (დედისთვის) უკმაყოფილების მიზეზს. უზრუნველყავით, ბავშვების ცხოვრებაში ორივე მშობლის ჩართულობა, ეს შეიძლება იყოს ბაღის შერჩევასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდება მამისთვის, რაიმე წრეზე/აქტივობაზე სიარულის გადაწყვეტილების ერთობლივად მიღება, ბავშვების რაიმე განსაკუთრებული საჭიროების ან სურვილის ნივთის/საჩუქრის შეძენა შეთანხმებით და სხვა;
3.12. სააპელაციო სასამართლო სხდომებზე, არასრუწლოვან მ. ი–ძის და მცირეწლოვან ე.ა–ძის წარმომადგენელმა ნ.ი–ძემ დაადასტურა დედის მხრიდან მ. ი–ძეზე ფსიქოლოგიური გავლენა, ასევე, ბავშვების მიჯაჭვულობა დედის მიმართ, თუმცა, ეს მიჯაჭვულობა არ იყო უარყოფითი. იგი არ დაეთანხმა მამის მოთხოვნას ბავშვების საცხოვრებელ ადგილად მისი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის შესახებ. ალიმენტთან დაკავშირებით ბავშვების წარმომადგენელმა მიუთითა, რომ რაც მეტი იქნებოდა მისი ოდენობა უკეთესი იქნებოდა, ხოლო რაც შეეხებოდა ბავშვების გვარის საკითხს, არ ჰქონდა კონკრეტული პოზიცია. აუცილებელი იყო მ–ს ურთიერთობა ჰქონოდა მამასთან შეუზღუდავად, რადგან ის იყო გაბრაზებული, თუმცა, არც ის მოსწონდა, რომ მამა აღარ აკითხავდა და აღარ მიჰყავდა იგი.წარმომადგენლის მოსაზრებით, ორივე ბავშვთან მამას უნდა ჰქონდეს შეუზღუდავი ურთიერთობა, თუნდაც ყოველდღიურ რეჟიმში. ღამისთევით ე–ს დარჩენა მამასთან არ მიაჩნია პრობლემად, თუნდაც გარკვეული დროის შემდეგ;
3.13. სააპელაციო სასამართლო სხდომებზე, სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ტერიტორიული ერთეულის აჭარის ა.რ. რეგიონული ცენტრის წარმომადგენელი ე.დ–ია არ დაეთანხმა ლ.ი–ძის მოთხოვნას ბავშვების საცხოვრებელ ადგილად მისი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის შესახებ. ნახვის დღეებს რაც შეეხებოდა, ე–სთან დაკავშირებით პრობლემა მოგვარებული იყო. წარმომადგენლის მოსაზრებით, ბავშვებს აუცილებლად უნდა ჰქონდეთ ურთიერთობა მამასთან შეუზღუდავად. მამასთან ღამისთევით ე–ს დარჩენასთან დაკავშირებით წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ასეთი პრეცედენტი უნდა დაშვებულიყო. მ.თან დაკავშირებით სჯობდა, რომ ჯერ ურთიერთობა დამთბარიყო, ნახვის საათები განსაზღვრულიყო 2-3 საათით და შემდეგ განხილულიყო მ–ის მამასთან დარჩენის საკითხი;
3.14. ბავშვების მამა დასაქმებულია ქ. ბათუმის, ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატულ მუზეუმში გამგის პოზიციაზე და მისი ანაზღაურება ყოველთვიურად 425 ლარს შეადგენს;
3.14.1. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაში არსებული მონაცემების მიხედვით (10.05.2019 წლის მდგომარეობით), ლ.ი–ძის 01.01.2018-დან 31.03.2019-ჩათვლით მიღებული შემოსავალი შეადგენს 8 311.25 ლარს. ამასთან, ლ.ი–ძე არის შპს „პ–მას“ 33.34% წილის მფლობელი და დირექტორი, თუმცა, შპს „პ–მას“ შემოსავლები არ უფიქსირდება;
3.14.2. მის სახელზე ირიცხება სატრანსპორტო საშუალება - მარკა „შევროლე კამარო“, სახ. .....; გამოშვების წელი 2014 წელი.
3.15. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელე ლ.ი–ძეს სურს, კერძოდ, ე.ა–ძის გვარის შეცვლისა და არასრულწლოვანი შვილების საცხოვრებელ ადგილად მამის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის თაობაზე მოთხოვნა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 1195-ე (შვილის გვარი განისაზღვრება მშობლების გვარის მიხედვით. თუ მშობლებს საერთო გვარი არა აქვთ, შვილს მიეკუთვნება დედის ან მამის გვარი, ან შეერთებული გვარი მშობლების შეთანხმებით), 1196-ე (მშობლებს შორის ქორწინების შეწყვეტა არ იწვევს შვილის გვარის გამოცვლას. მშობელს, რომელთანაც არასრულწლოვანი შვილი საცხოვრებლად დარჩა ქორწინების შეწყვეტის ან ბათილად ცნობის შემდეგ, უფლება აქვს, შვილის ინტერესების შესაბამისად, მიმართოს სასამართლოს შვილისთვის თავისი გვარის მიკუთვნების შესახებ. 10 წლამდე ბავშვის გვარის შეცვლისას, მისი სიმწიფის ხარისხის გათვალისწინებით, მხედველობაში მიიღება მისი სურვილი. 10 წლის ან 10 წელზე მეტი ასაკის ბავშვის გვარის შეცვლისთვის საჭიროა მისი თანხმობაც), 1201-ე (თუ განქორწინების გამო ან სხვა მიზეზით მშობლები ცალ-ცალკე ცხოვრობენ, მათ შეთანხმებაზეა დამოკიდებული, თუ ვის ექნება უფლება, გადაწყვიტოს, ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი. შეუთანხმებლობის შემთხვევაში დავას იმის თაობაზე, თუ ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი, წყვეტს სასამართლო ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით. ამ შემთხვევაში მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს) მუხლებიდან გამომდინარეობს.
3.16. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც შეგებებული სარჩელით მოსარჩელე ე.ა–ძეს სურს, კერძოდ, მცირეწლოვანი ე.ა–ძის საცხოვრებელ ადგილად დედის საცხოვრებელი განსაზღვრისა და ალიმენტის დაკისრების, ასევე, მ. ი–ძის გვარის შეცვლისა და დაკისრებული ალიმენტის ოდენობის გაზრდის თაობაზე მოთხოვნა სსკ-ის 1201-ე (თუ განქორწინების გამო ან სხვა მიზეზით მშობლები ცალ-ცალკე ცხოვრობენ, მათ შეთანხმებაზეა დამოკიდებული, თუ ვის ექნება უფლება, გადაწყვიტოს, ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი. შეუთანხმებლობის შემთხვევაში დავას იმის თაობაზე, თუ ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი, წყვეტს სასამართლო ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით. ამ შემთხვევაში მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს), 1212-ე (მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ), 1214-ე (ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას), 1195-ე (შვილის გვარი განისაზღვრება მშობლების გვარის მიხედვით. თუ მშობლებს საერთო გვარი არა აქვთ, შვილს მიეკუთვნება დედის ან მამის გვარი, ან შეერთებული გვარი მშობლების შეთანხმებით), 1196-ე (მშობლებს შორის ქორწინების შეწყვეტა არ იწვევს შვილის გვარის გამოცვლას. მშობელს, რომელთანაც არასრულწლოვანი შვილი საცხოვრებლად დარჩა ქორწინების შეწყვეტის ან ბათილად ცნობის შემდეგ, უფლება აქვს, შვილის ინტერესების შესაბამისად, მიმართოს სასამართლოს შვილისთვის თავისი გვარის მიკუთვნების შესახებ. 10 წლამდე ბავშვის გვარის შეცვლისას, მისი სიმწიფის ხარისხის გათვალისწინებით, მხედველობაში მიიღება მისი სურვილი. 10 წლის ან 10 წელზე მეტი ასაკის ბავშვის გვარის შეცვლისთვის საჭიროა მისი თანხმობაც), 1222-ე (თუ შეიცვალა მშობლების ან შვილების მატერიალური თუ ოჯახური მდგომარეობა მას შემდეგ, რაც სასამართლო დაადგენს იმ თანხის ოდენობას, რომელიც უნდა გადაიხადონ მშობლებმა სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილების სასარგებლოდ, ან შვილებმა – შრომისუუნარო მშობლების სასარგებლოდ, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ, სასამართლოს შეუძლია ერთ-ერთი მათგანის სარჩელით შეცვალოს ალიმენტის დადგენილი ოდენობა) მუხლებიდან გამომდინარეობს.
3.17. „ბავშვის უფლებათა შესახებ“ კონვენციის მე-3 მუხლის შესაბამისად ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. ამავე კონვენციის მე-9 მუხლის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვი არ დაშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევათა გამოკლებით, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, სათანადო კანონისა და პროცედურის შესაბამისად განსაზღვრავენ, რომ ასეთი დაშორება აუცილებელია და უკეთ ემსახურება ბავშვის ინტერესებს.
3.18. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სსკ-ის 1197-ე, 1198-ე, 1201-ე, 1202-ე მუხლებზე დაყრდნობით, გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის საფუძველზე, ბავშვის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით ბავშვის უფლებაა, ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში, რაც გულისხმობს ბავშვისათვის თანაბარი შესაძლებლობის უზრუნველყოფას, ურთიერთობა ჰქონდეს როგორც მშობლებთან, ისე სხვა ნათესავებთან. სსკ-ის 1198-ე მუხლის მე-5 ნაწილით, შვილებთან ურთიერთობა მშობლის არა მარტო უფლებაა, არამედ კანონი მას ავალდებულებს ჰქონდეს ურთიერთობა შვილთან, იზრუნოს მასზე, როგორც ქორწინების დროს, ისე განქორწინების შემდეგ.
3.19. მოცემულ შემთხვევაში, მეორე აპელანტი (ბავშვების მამა) სადავოდ ხდის არასრულწლოვანი და მცირეწლოვანი შვილების საცხოვრებლად, დედის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრას, სახელდობრ, მისი ძირითადი პრეტენზია მდგომარეობს იმაში, რომ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ გამომდინარეობს ბავშვების საუკეთესო ინტერესებიდან, ვინაიდან, დედის მხრიდან მომდინარეობს მუდმივი ფსიქოლოგიური და ემოციური ზეწოლა, სახეზეა განგრძობადი ფსიქოლოგიური ძალადობა. ბავშვების დედა და მისი ოჯახის წევრები მუდმივად უშლიან ხელს მამასა და შვილებს შორის ურთიერთობის გამოსწორებასა და ჩამოყალიბებას. აღნიშნულით გამოუსწორებელი ზიანი ადგება ბავშვების საუკეთესო ინტერესებს.
3.20. სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ ბავშვების საუკეთესო ინტერესების დაცვის მიზნით, მიზანშეწონილია ნაბიჯ-ნაბიჯ მოხდეს მათი მამასთან დაახლოება და ეტაპობრივად იქნეს მიღწეული ადაპტირება. დღევანდელი მდგომარეობით მ–სა და მამას შორის ურთიერთობა მეტად დაძაბულია, ხოლო რაც შეეხება ე–ს, მიუხედავად მამასთან დადებითი დამოკიდებულებისა, ასაკიდან გამომდინარე, ბუნებრივი მიჯაჭვულობა გააჩნია დედის მიმართ. შესაბამისად, სასამართლოს მხრიდან ხისტი და მოუქნელი გადაწყვეტილება, მკვეთრი ცვლილებები, საზიანო იქნება ორივე ბავშვის საუკეთესო ინტერესებისათვის და ხელს არ შეუწყობს მამასა და შვილებს შორის ურთიერთობის აღდგენა-ჩამოყალიბებას, პირიქით, კიდევ უფრო გააღრმავებს კონფლიქტს;
3.21. სააპელაციო სასამართლომ ეს დასკვნა დაამყარა საქმეში წარმოდგენილ ფსიქოლოგიური გამოკვლევის შედეგებზე, რომელთა თანახმადაც, ბავშვის - მ. ი–ძის ფსიქო-ემოციური მდგომარეობა არ არის დამაკმაყოფილებელი. ის ავლენს მოკავშირე ბავშვისთვის დამახასიათებელ თვისებებს, რაც ხელს უშლის ბავშვის ფსიქოლოგიურ კეთილდღეობას. ბავშვის - ე.ა–ძის ფსიქო-ემოციური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. აშკარად ვლინდება, რომ დედ-მამის დაძაბული ურთიერთობა მათთვის ძალიან სტრესულია. მამასთან დაკავშირებით მ. ი–ძე ძირითადად იხსენებს და გადმოსცემს ნეგატიურ ინფორმაციას, ასევე, თვალნათლივ ჩანს მშობლების ურთიერთობისა და სირთულეების შესახებ ინფორმაციის სიჭარბე, სადაც ,,დამნაშვე“ ყოველთვის მამა გამოდის, დედა კი ,,მსხვერპლი“. ამიტომაც მ. ი–ძეს ჩამოყალიბებული აქვს ,,მოკავშირე“ ბავშვის თვისებები და მხარს უჭერს დედას. მ. ი–ძე მკაფიოდ აფიქსირებს, რომ მამის ნახვა აღარ უნდა და მის შესახებ არაფერი აინტერესებს. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ იგი სრულად არ უარყოფს მამას და არც მასთან კონტაქტის სრული გაწყვეტისაკენ ისწრაფვის. აღსანიშნავია, რომ მოცემულ შემთხვევაში ჭარბადაა ფაქტორები და გარემოებები, რომლებსაც ზოგადად შეუძლიათ წვლილი შეიტანონ ე.წ. მშობლისადმი გაუცხოების სინდრომის ჩამოყალიბებაში. დედის მხრიდან იკვეთება ყოფილი მეუღლისადმი ბავშვის შურისძიების იარაღად გამოყენების მოტივაცია. მიუხედავედ იმისა, რომ მ. მეტწილად კატეგორიულად გამოხატავს მამის მიმართ ნეგატიურ დამოკიდებულებას, გარკვეული დოზით არასრულწლოვანი იტოვებს იმედს, რომ მამა ბოდიშს მოიხდის, იგი საბოლოოდ არ უარყოფს მას: (,,მისგან ბოდიშის მოხდას ველოდებოდი, მაგრამ არ მოუხდია”, ,,სანამ არ გააცნობიერებს, რომ მე ეს ცუდად მხდის, შეწყდება ურთიერთობა”), თუმცა, იმასვე ამატებს, რომ მამის დანახვა არ სურს.
3.22. საქმეში წარმოდგენილი დასკვნებით ცალსახად დგინდება, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც ნეგატიურ გავლენას ახდენს ბავშვის ფსიქოემოციურ მდგომაროებაზე, არის არასრულწლოვნის სტრესული ფონი, მის განუსაზღვრულ მდგომარეობაში ყოფნა, დაუბალანსებელი, განგრძობადი არასასურველი ოჯახური დავა ნეგატიურ გავლენას ახდენს მის ფსიქო-ემოციურ ფონზე, თავისუფალი ნების განსაზღვრის პრობლემას ქმნის და ხელს უშლის დაპირისპირებული ოჯახის წევრების ადეკვატურ აღქმაში. ეს ყველაფერი კი, ხელს უწყობს ბავშვის მშობლისადმი გამაუცხოებელ პროცესს, რის წინაშეც, ამ ეტაპისთვის დგას უფროსი შვილი - მ.ი. კონფლიქტის ინტენსივობა, მისი განგრძობითი არსებობა ერთზე მეტი წლის მანძილზე, ნათესაობისა და უფრო ფართო თემის პოლარიზაცია და მშობლების წარუმატებლობა, დააკმაყოფილონ ბავშვის საჭიროებები, კომბინაციაში ქმნის დაძაბულობასა და ბრაზს ბავშვში. ბავშვისათვის ერთადერთი ფსიქოლოგიური გადაწყვეტილებაა, შეამციროს განცდა იმისა, რომ არის გახლეჩილი, ,,ცუდი“ მშობლის უარყოფითა და მასთან კონტაქტების შეწყვეტით. გამაუცხოებელ პროცესებში წვლილი ასევე შეაქვთ მრავალი პროფესიონალის - ადვოკატები, ფსიქოლოგები, სოციალური მუშაკები - ჩართულობას, დროში გახანგრძლივებულად, რის შედეგადაც მ–ს ჩამოყალიბებული აქვს საკუთარი სტრატეგია - არ საუბრობს მათთან ქართულ ენაზე. მხოლოდ ინგლისურად, სხვადასხვა მიზეზით ახდენს თავის არიდებას/გადავადებას სესიების და სხვა. თითოეული ეს სირთულე მწვავედ ურთიერთქმედებს და მთლიანობაში ქმნის სერიოზულ საფუძველს იმისას, რომ ბავშვების საუკეთესო ინტერესების დადგენის პროცესში დადგეს გადაცდომის რისკი.
3.23. ბავშვების ორივე მშობლისათვის ქორწინებასთან დაკავშირებული სტრესული გამოცდილება - წყენა, ბრაზი, იმედგაცრუება ჯერ კიდევ გადაულახავია. ორივე მხარე ცდილობს ერთმანეთის წარმოჩენას მაქსიმალურად ნეგატიურად და ჭარბად იხსენებენ ერთმანეთის უარყოფით თვისებებს, ნეგატიურ მოვლენებს. ვლინდება საკუთარი თავის იდეალიზების და მსხვერპლად წარმოჩენის ტენდენცია, როგორც ბავშვების დედის, ისე მამის მხრიდან;
3.24. ფსიქოლოგიური შეფასების დასკვნაში პირდაპირ არის მითითებული, რომ დედის მხრიდან იკვეთება ყოფილი მეუღლისადმი ბავშვის შურისძიების იარაღად გამოყენების მოტივაცია. თავის მხრივ, მამა ვერ ასხვავებს ბავშვის რეალურ განცდებს ყოფილი მეუღლის მოტივებისაგან. თუ დროულად არ მოხდა ამ ფაქტორების გაკონტროლება და შესაბამისი ჩარევა, შესაძლოა მოკავშირეობა გადაიზარდოს მამისადმი გაუცხოების სინდრომში. თუმცა, დასკვნაში ასევე მითითებულია, რომ ამ საკითხის გადაჭრის ძლიერ მხარედ შეიძლება დასახელდეს ორივე მხარის მზაობა დაიწყონ კომუნიკაცია სპეციალისტის/ფსიქოლოგის ფასილიტაციით; ორივე მშობელმა განაცხადა თანხმობა პროცესში ჩართვაზე;
3.25. რადიკალურად განსხვავებული მდგომარეობაა ე.ა–ძის შემთხვე–ში. კერძოდ, დასკვნაში მითითებულია, რომ ე.ა–ძე ავლენს ორივე მშობლისადმი პოზიტიურ დამოკიდებულებას და ემოციურ სიახლოვეს, ორივე მშობელი მისთვის ღირებულია და სურს, ორივე მათგანთან იქონიოს კონტაქტი. ორივე მხარის განმარტებით, ე–ს გარკვეულ პერიოდში მამასთან კონტაქტი უჭირდა, შეფასების ეტაპზე ამ მხრივ სირთულეები არ გამოვლენილა. მამის მოსვლის მომენტში დედამ მიმართა ე–ს: ,,ჩავიცვათ, შენ მიდიხარ” მიუხედავად იმისა, რომ დედის მხრიდან არ მომხდარა მხარდაჭერითი, წამახალისებელი ფრაზების დამატება, მან არც კი მოიხსენია ბავშვის მამა, ბავშვმა ჩაიცვა, სპეციალისტთან/ფსიქოლგთან ერთად გავიდა სახლიდან, სიხარულით შეხვდა მამას, ჩაეხუტა, ჩაჯდა მანქანაში, დაიწყო მამასთან შეთანხმება იმაზე, თუ სად წავიდოდნენ. ამ ეტაპისთვის არ არსებობს რაიმე სახის ნეგატიური დამოკიდებულება მამის მიმართ. დაუშვებელია მოზრდილების არაეფექტური კომუნიკაციის გამო მამისა და შვილის ურთიერთობების ხელშეშლა, განსაკუთრებით უმცროსი შვილის შემთხვევაში, რადგან მასთან არ არსებობს რაიმე დაბრკოლება;
3.26. იმერეთის რეგიონული ცენტრის ფსიქოლოგის ნ.კ–ძის 2020 წლის 11 დეკემბრის N07-18/7907 დასკვნიდან ირკვე–, უფროსი შვილი - მ.ი ავლენდა გაბრაზებას, პერიოდულ მერყეობასა და შფოთვას მამასთან დაკავშირებული ეპიზოდების გახსენებისას, ასევე ავლენდა დაბნეულობას შექმნილი ოჯახური მდგომარეობის ფონზე, არასრულწლოვანს უძნელდება რეალობის ადეკვატური აღქმა. ფსიქოლოგი განმარტავს, რომ აღნიშნული მახასიათებლები მიუთითებს არასრულწლოვანის სტრესულ ფონზე, მის განსაზღვრულ მდგომარეობაში ყოფნაზე, დაუბალანსებელი, განგრძობადი არასასურველი ოჯახური დავა ნეგატიურ გავლენას ახდენს მის ფსიქო-ემოციურ ფონზე, თავისუფალი ნების განსაზღვრის პრობლემას ქმნის და ხელს უშლის დაპირისპირებული ოჯახის წევრების ადეკვატურ აღქმაში;
3.27. სააპელაციო სასამართლო, საქმის მასალების შესწავლის შედეგად, დარწმუნდა, რომ უფროსი შვილის შემთხვევაში სახეზეა ძლიერი მოკავშირეობა დედის მიმართ. ამ მდგომარეობიდან პოტენციურად ორი შესაძლო განვითარების გზა არსებობს. კერძოდ, ეს შეიძლება აღმოჩნდეს დროებითი, თუ ბავშვს ექნება საშუალება, გადახარშოს არსებული მდგომარეობა თერაპევტთან ან სანდო მოზრდილთან ერთად. მაგრამ ასევე შესაძლებელია ეს გადავიდეს გაუცხოებაში მტრული განქორწინებისა და გახანგრძლივებული დავის კონტექსტში და შედეგად სახეზე იყოს გაუცხოებული ბავშვი. ცხადია, რომ არასრუწლოვნის საუკეთესო ინტერესები გადის ორივე მშობელთან ჯანსაღ და სრულფასოვან ურთიერთობაზე. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს ჩამოუყალიბდა შინაგანი რწმენა, რომ მოზღვავებულმა ნეგატიურმა ინფორმაციამ, მშობლებს შორის მოუგვარებელმა კონფლიქტმა გამოიწვია მ–ის ფსიქოლოგიურ გადაღლა, გადაძაბვა, შფოთი. შესაბამისად, ის ეძებს მყუდრო გარემოს, სურს თავი აარიდოს ნერვიულობას, მამასთან შეხვედრაზე უარის ერთ-ერთ მიზეზი სწორედ მითითებული ფაქტორებია. აღნიშნულმა კი გამოიწვია მ.ის თითქოსდა გაჯიუტება, აკვიატება, რომ არ სურს მამასთან ურთიერთობა, არ აინტერესებს ის;
3.28. სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ საქმის მასალებით არ დგინდება რაიმე ისეთი ფაქტობრივი გარემოება, რომელიც ობიექტური შემფასებლის თვალში გამოიწვევდა უფროსი შვილის - მ–ის მიერ მამის ასეთ უარყოფას. ამდენად, სასამართლომ დაასკვნა, რომ ეს ყოველივე გამოწვეულია არა მამასა და შვილს შორის ნამდვილად არსებული არასასურველი ფაქტორებით, არამედ იმ ადამიანების შეხედულებებით, ფაქტების შეფასებებითა და განსჯებით, რომლებიც ქმნიან ბავშვის - მ. ი–ძის ყოველდღიურ გარემოს, რაც მას აზიანებს. აქედან გამომდინარე, საფუძვლიან ეჭვს იწვევს, არის თუ არა ნამდვილი ბავშვის მიერ დაფიქსირებული ნება;
3.29. მ. ი–ძის სურვილთან დაკავშირებით, რომ მას თითქოს არ უნდა მამა, სააპეალციო სასამართლომ დამატებით განმარტა, რომ ბავშვის სურვილები და გრძნობები მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მშობელთან ურთიერთობის საკითხის გადაწყვეტისას (შდრ. Sahin v. Germany [GC], no. 30943/96, § 73, ECHR 2003- VIII). „ბავშვის უფლებების შესახებ“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1989 წლის კონვენციის მე-12 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ საკუთარი შეხედულებების ჩამოყალიბების უნარის მქონე ბავშვის უფლებას, თავისუფლად გამოხატოს ეს შეხედულებანი ბავშვთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე, ამასთან, ბავშვის შეხედულებებს სათანადო ყურადღება ეთმობა ბავშვის ასაკისა და მოწიფულობის შესაბამისად;
3.30. გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტის ზოგად კომენტარში №12 (2009), რომელიც ეხება ბავშვის უფლებას, მითითებულია, რომ ბავშვის მიერ საკუთარი შეხედულებების თავისუფლად გამოხატვა ნიშნავს იმას, რომ არ უნდა მოხდეს ბავშვის მანიპულირება ან ბავშვი არ უნდა დაექვემდებაროს ზემოქმედებას ან ზეწოლას. ამასთან ერთად, „თავისუფლად“ თავისთავად დაკავშირებულია ბავშვის „საკუთარ“ შეხედულებებთან: ბავშვს გააჩნია უფლება, გამოხატოს თავისი შეხედულებები და არა - სხვების შეხედულებები;
3.31. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემული დავის განხილვისას, აპელანტების პრეტენზიების საფუძვლიანობის შესასწავლად, მნიშვნელოვანია შეფასდეს ბავშვების დამოკიდებულება მამის მიმართ. საქმეში წარმოდგენილი ფსიქოლოგის დასკვნის, ბავშვის საპროცესო წარმომადგენლისა და არასრულწლოვნების გამოკითხვის შედეგად, სააპელაციო სასამართლომდაასკვნა, რომ უფროსი შვილის - მ. ი–ძის უარყოფითი დამოკიდებულება მამის მიმართ გამოხატულია დედის ზეგავლენით, მისი დაკარგვის, განაწყენების შიშით და არა ბავშვის რეალური დამოკიდებულებით;
3.31.1. მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, ბავშვების ასაკის, არსებული დაძაბული ფონისა და ურთიერთობის კრიზისის სიცხადის გათვალისწინებით, იმისათვის, რათა შემდგომში შესაძლებელი გახდეს ორივე მშობელთან პოზიტიური ურთიერთობის ჩამოყალიბება, სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინა ამ დავაზე საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების პირობები, რომლითაც ლ.ი–ძეს არასრულწლოვან შვილთან ე.ა–ძესთან (გვარის შეცვლის შემდეგ ე– ი–ძე) ურთიერთობისათვის ყოველდღიური ურთიერთობა აქვს განსაზღვრული 11 საათიდან 16 სააათამდე დროის განმავლობაში, აღნიშნული შესაძლებლობის მამის მხრიდან ეფექტურად გამოყენების პირობებში უზრუნველყოფილი იქნება ბავშვსა და მამის ურთიერთობის ნორმალიზება, მათი უფრო დაახლოება და მამასთან ურთიერთობის გაჯანსაღება, რათა საბოლოოდ გადაიჭრას შვილის ოჯახთან გაერთიანების ნეგატიური ფაქტორები;
3.31.2. სააპელაციო სასამართლომ, სასამართლო პრაქტიკაზე დაყრდნობით, ხაზი გაუსვა მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოს როლს მსგავსი კატეგორიის საქმეებში და აღნიშნა, რომ მეურვეობის ორგანოს არაეფექტური და დაგვიანებული ჩართულობა, შესაძლოა არღვევდეს კონვენციის მე-8 მუხლს. ამ კონტექსტში ღონისძიების ადეკვატურობა ფასდება მისი აღსრულების სისწრაფით, ვინაიდან, დროის ფაქტორს აქვს შეუქცე–დი ეფექტი ბავშვისა და იმ მშობლის ურთიერთობაზე, რომლებიც ერთად არ ცხოვრობენ. სამართალწარმოების დრო განსაკუთრებულად გადამწყვეტი მნიშვნელობისაა, როდესაც დავა ეხება ბავშვებს, ვინაიდან, ყოველთვის არსებობს საფრთხე, რომ პროცედურების ნებისმიერი სახით გაჯანჯლება გავლენას იქონიებს საკითხის გადაწყვეტაზე. ევროსასამართლოს განმარტებით, ხელისუფლების ორგანოების წარუმატებელი ქმედებები ავტომატურად არ გულისხმობს, რომ მან დაარღვია მე-8 მუხლით გათვალისწინებული პოზიტიური ღონისძიებების განხორციელების ვალდებულება. ხელისუფლების ვალდებულება ბავშვისა და მშობლის გაერთიანებისა, არ არის აბსოლუტური, ვინაიდან იმ ბავშვისა და მშობლის გაერთიანება, რომლებიც გარკვეული ხნის განმავლობაში ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ, შესაძლოა, ვერ მოხდეს დაუყოვნებლივ და შესაძლოა, მოითხოვოს მოსამზადებელი სამუშაოები. მოსამზადებელი სამუშაოების ხასიათი და ინტენსივობა დამოკიდებულია საქმის გარემოებებზე, მაგრამ ამ სამუშაოების დროს გადამწყვეტია ყველა მხარის ჩართულობა და თანამშრომლობა ერთმანეთთან. ხელისუფლების ორგანოებმა უნდა გააკეთონ მაქსიმუმი ამ თანამშრომლობის მხარდასაჭერად, თუმცა, ამავე დროს, მათ აქვთ იძულებითი ღონისძიებების განხორციელების შეზღუდული ვალდებულება, ვინაიდან მათ უნდა გაითვალისწინონ ყველა ჩართული მხარის ინტერესი, უფლებები და თავისუფლებები, განსაკუთრებით კი, ბავშვის საუკეთესო ინტერესი და მისი მე-8 მუხლით გათვალისწინებული უფლება. არ არის მისაღები და სასურველი იძულებითი ღონისძიებების გატარება ბავშვების მიმართ ამ განსაკუთრებულად მგრძნობიარე ვითარებაში, თუმცა, არ უნდა გამოირიცხოს სანქციების გამოყენება იმ მშობლის უკანონო ქმედების მიმართ, რომელთანაც ცხოვრობს ბავშვი. შესაძლებელია, ხელისუფლების მხრიდან უფრო მკაცრი სანქციის გამოყენებამ არ შეცვალოს ამ მშობლის პოზიცია, მაგრამ ეს არ ათავისუფლებს ხელისუფლების ორგანოებს ვალდებულებისგან, მიიღონ ყველა საჭირო ზომა კონტაქტის დასამყარებლად (ბავშვსა და იმ მშობელს შორის, რომელთანაც ბავშვი დააცილეს). მართალია, ბავშვების აზრი უნდა იყოს გათვალისწინებული, მაგრამ მათი აზრი ყოველთვის საბოლოოდ ჩამოყალიბებული და უცვლელი არ არის. ბავშვის უფლება გამოხატოს თავისი აზრი, არ უნდა განიმარტოს, როგორც უპირობო უფლება, სხვა ფაქტორებისა და მისი ჭეშმარიტი ინტერესის გამოკვლევის გარეშე. ასეთი ინტერესი კი, როგორც წესი, მიუთითებს, რომ ბავშვის კავშირები ოჯახთან უნდა შენარჩუნდეს გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს კავშირი საზიანოა ბავშვის ჯანმრთელობისა და განვითარებისათვის;
3.32. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ფსიქოლოგიურ შეფასებაზე, რომლის თანახმად, ბავშვების ფსიქოლოგიური კეთილდღეობისთვის აუცილებელია მამასთან ურთიერთობის აღდგენა, რეგულარული შეხვედრების ხელშეწყობა დედისა და მისი ოჯახის მხრიდან. დედამ და მისი პოზიციის მხარდამჭერმა ყველა პირმა უნდა გაიაზროს, რომ არ გამოხატონ მამის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულებები და ხელი შეუწყონ ბავშვების მამასთან კომუნიკაციის აღდგენას. მით უფრო, რომ იმავე დასკვნის თანახმად, გარკვეული დოზით არასრულწლოვანი (მ. ი–ძე) იტოვებს იმედს, რომ მამა ბოდიშს მოიხდის, იგი საბოლოოდ არ უარყოფს მას (,,მისგან ბოდიშის მოხდას ველოდებოდი, მაგრამ არ მოუხდია”, ,,სანამ არ გააცნობიერებს, რომ მე ეს ცუდად მხდის, შეწყდება ურთიერთობა”). უნდა მოხდეს მამისა და ბავშვების კონტაქტის პროცესის ფსიქოლოგიური მხარდაჭერა;
3.32.1. მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვების მამა ცხოვრობს კეთილმოწყობილ ბინაში, აქვს შესაბამისი პირობები ბავშვების რჩენისა და აღზრდისათვის, სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ბავშვების საცხოვრებელ ადგილად მამის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის მოთხოვნა, რადგან, ბავშვების ფსიქოლოგიური მდგომარეობისა და დაძაბული ფონის გათვალისწინებით, ეს იქნება საკითხის მეტად სახიფათო და ხისტი გადაწყვეტა. საჭიროა მოხდეს ფრთხილი ნაბიჯების გადადგმა და მათი ეტაპობრივი დაახლოება; სსკ-ის 1197-ე მუხლით დადგენილია მშობლების თანასწორუფლებიანობის პრინციპი შვილების მიმართ. მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით (სსკ-ის 1198.1-ე მუხლი). მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს (სსკ-ის 1199-ე მუხლი). მითითებული საკანონმდებლო დანაწესების ანალიზი იძლევა ცალსახა დასკვნის შესაძლებლობას, რომ მშობელთა უპირველესი მოვალეობა ბავშვის ჰარმონიული აღზრდა-განვითარება, ოჯახური გარემოს შექმნაა და, ამ კუთხით მისაღები ნებისმიერი გადაწყვეტილებისას, უპირატესობა არასრულწლოვნის ჭეშმარიტ ინტერესებს ენიჭება, შესაბამისად, ჩარევის პროპორციულობის დასაშვები ზღვარი იმისი უალტერნატივოდ დადგენაა, რომ ამგვარი ჩარევა წარმოადგენს ერთადერთ სწორ და მისაღებ გადაწყვეტილებას არასრულწლოვნის/მცირეწლოვნის, როგორც საზოგადოების მომავალი სრულუფლებიანი და ღირსეული წევრის, განვითარებაში;
3.32.2. განსახილველ შემთხვევაში, დავის თავისებურების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია საკითხი შეფასდეს არა ცალმხრივად, არამედ ყოველმხრივ, თოთოეული მშობლის ბავშვებთან ურთიერთობის რეალური შესაძლებლობის გათვალისწინებით, რათა მიღწეულ იქნას დასახული მიზანი, რაც გულისხმობს ოჯახთან გაერთიანებასა და, არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით, ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლების რეალიზაციას. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, როდესაც საქმე არასრულწლოვნის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრასა და ცალ-ცალკე მცხოვრებ მშობლებთან ურთიერთობის მოწესრიგებას ეხება, განსაკუთრებული სიფრთხილით შეფასებას მოითხოვს არასრულწლოვანთა საქმეებზე მომუშავე პირებისა თუ შესაბამისი სპეციალისტების (ფსიქოლოგი) მიერ გაკეთებული დასკვნები, რომლებიც ცალსახად მიუთითებდნენ, რომ არასრულწლოვნის აღზრდა-განვითარებისათვის აუცილებელია, ბავშვს ჰქონდეს ურთიერთობა ორივე მშობელთან. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ბავშვებს უყვართ დედა და კარგად გრძნობენ თავს მასთან. ამდენად, მომავალში ბავშვების სრულფასოვანი აღზრდა-განვითარებისათვის, მათი ფიზიკური, ემოციური და სოციალური უნარების გამყარებისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ისინი უცებ არ მოწყდნენ მათთვის ბუნებრივ გარემოს და მამასთან ადაპტაცია მოხდეს ეტაპობრივად;
3.32.3. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დიდი პალატის 2010 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილებაში საქმეზე №41615/07 Neulinder and Shuruk v. Switzerland (აბზაცი 136) განმარტა, რომ „ბავშვის ინტერესი ორი ასპექტისაგან შედგება. ერთი მხრივ, ინტერესი მოგვიწოდებს, რომ ბავშვის კავშირი ოჯახთან შენარჩუნებული იყოს გარდა იმ შემთხვევისა, როცა ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია. აქედან გამომდინარეობს ის, რომ ოჯახური კავშირები შეიძლება გაწყვეტილ იქნეს მხოლოდ გამონაკლის ვითარებაში და ყველაფერი უნდა გაკეთდეს პირველადი უთიერთობების შესანარჩუნებლად და, როცა ეს შესაძლებლია, უნდა „აღდგეს“ ოჯახი. მეორე მხრივ, ცხადია ისიც, რომ ბავშვის ინტერესშია, უზრუნველყოფილ იქნეს მისი განვითარება ჯანსაღ გარემოში და მშობელი არ შეიძლება აღიჭურვოს მე-8 მუხლით განსაზღვრული უფლებით იმ ღონისძიებათა განსახორციელებლად, რაც ზიანს მიაყენებს ბავშვის ჯანმრთელობასა და განვითარებას“. განსახილველ შემთხვევაში როგორც სააგენტოს, ასევე, ბავშვების საპროცესო წარმომადგენელმაც სასამართლო სხდომებზე ცალსახად დაადასტურეს, რომ ამ ეტაპზე ბავშვების საცხოვრებელ ადგილად მამის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა არ იქნება გონივრული, ხოლო მამას უნდა მიეცეს ბავშვებთან ურთიერთობის შესაძლებლობა, მათ შორის, ღამისთევით წაყვანის უფლებაც;
3.32.4. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ თავდაპირველ მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას არასრულწლოვანი შვილების საცხოვრებელ ადგილად მამის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრაზე;
3.32.5. სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს აჭარის ა.რ. რეგიონალურმა ცენტრმა, შესაბამისი სოციალური მუშაკის ან სხვა უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით, საჭიროების აღმოფხვრამდე, ზედამხედველობა უნდა განახორციელოს თითოეული მშობლის ბავშვთან დამოკიდებულებაზე, იქონიოს აქტიური კომუნიკაცია ბავშვებთან, რათა გამოარკვიოს გადაწყვეტილების პოზიტიური კუთხით აღსრულების დამაბრკოლებელი წინაპირობების არსებობა.
3.33. ალიმენტის დაკისრებისა და დაკისრებული ალიმენტის გაზრდის ნაწილში, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომ შვილების რჩენის ვალდებულება უპირობო ხასიათისაა, ის არაა დამოკიდებული მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე და იმის გამო, რომ მშობელს არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება, გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისაგან ან შეუმსუბუქდეს იგი (სუსგ N ას-976-2019, 30.09.2019 წელი). სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და ალიმენტი რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას (სუსგ N ას-829-2019, 11.07.2019წ.). მიუხედავად ამისა, სსკ-ის 1214-ე მუხლის ფარგლებში სასამართლომ, ერთი მხრივ, უნდა დაადგინოს ბავშვების ის მატერიალური აუცილებლობანი, რომლებიც მათი რჩენა-აღზრდის საკითხს მეტ-ნაკლებად უზრუნველყოფენ, ხოლო, მეორე მხრივ, გადაწყვეტილება უნდა იყოს აღსრულებადი, კერძოდ, ალიმენტვალდებულმა პირმა რეალურად უნდა შეძლოს დაკისრებული თანხის გადახდა (სუსგ. Nას-619-619-2018, 12.09.2018წ.);
3.33.1. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ლ.ი–ძეს მის საკუთრებაში არ ერიცხება უძრავი ქონება, მის სახელზეა მხოლოდ ავტომობილი, მართალია, ის არის შპს-ის დირექტორი, თუმცა, საწარმოს არ უფიქსირდება რაიმე შემოსავლები; ბავშვების მამა დასაქმებულია ქ. ბათუმის, ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატულ მუზეუმში გამგის პოზიციაზე და მისი ანაზღაურება ყოველთვიურად 425 ლარს შეადგენს. ის გარემოება, რომ მის ოჯახს აქვს უძრავი ქონებები, რომლის გაქირავებითაც ოჯახი მატერიალურ სარგებელს იღებს, ვერ გახდება უშუალოდ ლ.ი–ძისათვის მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ოდენობით ალიმენტის დაკისრების საფუძველი;
3.33.2. სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ არასრულწლოვან მ. ი–ძისა და მცირეწლოვან ე.ა–ძის ასაკის (14 წლის და 4 წლის) გათვალისწინებით, მათი არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფის მიზნით, ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ მეორე მშობელი - დედაც თანაბარწილად ვალდებულია არჩინოს არასრულწლოვანი შვილები, ლ.ი–ძისათვის ყოველთვიურად 250-250 ლარის, ჯამში 500 ლარის ოდენობით ალიმენტის დაკისრება გონივრულია, შესაბამისად, არ არსებობს პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი. მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობს არასრულწლოვანთა მამისათვის დაკისრებული ალიმენტის ოდენობის გაზრდის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად ამ ნაწილშიც არ დაკმაყოფილდა ბავშვების დედის სააპელაციო საჩივარი;
3.34. ბავშვების დედა არ ეთანხმება საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას მცირეწლოვნისათვის მამის გვარის - ,,ი–ძის“ მიკუთვნების შესახებ; ის სააპელაციო საჩივრით მოითხოვს, რომ არასრუწლოვან მ. ი–ძეს შეეცვალოს და მიეკუთვნოს მისი (დედის) გვარი ,,ა–ძე“, ნაცვლად ,,ი–ძისა“, ხოლო მცირეწლოვან ე–ს დარჩეს მისი გვარი ,,ა–ძე“. აპელანტი
3.34.1. სააპელაციო მოთხოვნიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა გვარის მნიშვნელობაზე და განმარტა, რომ ადამიანისათვის გვარი მისი იდენტიფიკაციის და გარკვეულწილად ინდივიდუალიზაციის საშუალებაა. ის გამოხატავს კავშირს, როგორც უშუალო (მაგალითად მშობელი), ასევე, შორეულ წინაპრებთან. გვარს მიეწერება ადამიანის, როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი თვისებები. დავებში, რომლებიც გარკვეულ შედეგს წარმოშობენ არასრულწლოვანისთვის/მცირეწლოვანისთვის. უპირატესობა, ყველა სხვა ინტერესთან მიმართებით, ენიჭება ბავშვების საუკეთესო ინტერესს. მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს აღნიშნული ცნების პირდაპირი სამართლებრივი დეფინიცია, საერთაშორისო ინსტრუმენტების ანალიზის საფუძველზე ცხადია, რომ იგი მოიცავს ბავშვის კეთილდღეობას, რომელიც დამოკიდებულია მრავალ ინდივიდუალურ ფაქტორზე, როგორებიცაა: ასაკი, ბავშვის მოწიფულობის დონე, მშობლების არსებობა, გარემო და მისი გამოცდილების მრავალფეროვნება. რაც შეეხება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, მან მრავალჯერ აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა კონვენცია არ უნდა იქნეს განხილული ვაკუუმში, იგი ცოცხალი ინსტრუმენტია და შესაბამისად, მისი განმარტება უნდა მოხდეს საერთაშორისო სამართალში მოქმედი სამართლებრივი ინსტრუმენტებისა და ქვეყნების შიდა კანონმდებლობის საფუძველზე;
3.34.2. მოცემულ შემთხვე–შიც აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ ე.ა–ძის მიერ არასრულწლოვან მ. ი–ძისათვის გვარის შეცვლის და მისი გვარის მიკუთვნების მთავარ მოტივაციად წარმოჩენილია მ. ი–ძის სურვილი. დედა აცხადებს, რომ თავად ბავშვს სურს დედის გვარის მიღება. თუმცა, ამ ჭრილში აუცილებლად გამოსაკვლევია ბავშვის სურვილის ნამდვილობა, ხომ არ მოხდა მისი ფორმირება გარე ზეგავლენის შედეგად;
3.34.3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში 02.08.2022 წელს წარმოდგენილი ფსიქოლოგიური შეფასების დასკვნის თანახმად, რომელიც ყველაზე უახლესია მოცემულ საქმეში, მითითებულია, რომ მ.ის შემთხვე–ში მკვეთრად ვლინდება დედისადმი მოკავშირეობა და მამისადმი უარყოფითი დამოკიდებულება. დედის მხრიდან იკვეთება ყოფილი მეუღლისადმი ბავშვის შურისძიების იარაღად გამოყენების მოტივაცია. ერთ-ერთ ვიდეოში მკაფიოდ ვლინდება დედის მხრიდან ბავშვზე განხორციელებული ფსიქოლოგიური ზეწოლა, მამის წინააღმდეგ მიმართული, სადაც დედა პირდაპირ და დაჟინებით მოითხოვს მ.ისგან, ქვის სროლით დააზიანოს მამის ავტომობილი. ამდენად, ცხადია, რომ მ. ი–ძე პირდაპირ და ინტენსიურად განიცდის დედის ზეგავლენას მამასთან ურთიერთობისა და დამოკიდებულებების ჩამოყალიბების ჭრილში. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს ჩამოუყალიბდა შინაგანი რწმენა, რომ ამ საკითხშიც, რომელიც დაკავშირებულია გვარის განსაზღვრასთან, მ–ის შეხედულების ჩამოყალიბებაზე გადამწყვეტი ზეგავლენა მოახდინა დედის პოზიციამ და მ–ის სურვილი - მას მიენიჭოს დედის გვარი, არ არის მისი ინდივიდუალური გადაწყვეტილება. მართალია, ბავშვების აზრი უნდა იყოს გათვალისწინებული, მაგრამ მათი აზრი ყოველთვის საბოლოოდ ჩამოყალიბებული და უცვლელი არ არის. ბავშვის უფლება გამოხატოს თავისი აზრი, არ უნდა განიმარტოს, როგორც უპირობო უფლება, სხვა ფაქტორებისა და მისი ჭეშმარიტი ინტერესის გამოკვლევის გარეშე. ბავშვის მიერ საკუთარი შეხედულებების თავისუფლად გამოხატვა ნიშნავს იმას, რომ არ უნდა მოხდეს ბავშვის მანიპულირება ან ბავშვი არ უნდა დაექვემდებაროს ზემოქმედებას ან ზეწოლას. ამასთან ერთად, ცნება „თავისუფლად“ თავისთავად დაკავშირებულია ბავშვის „საკუთარ“ შეხედულებებთან: ბავშვს გააჩნია უფლება, გამოხატოს თავისი შეხედულებები და არა - სხვების შეხედულებები;
3.34.4. ზემოთ მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მ. ი–ძისათვის მამის გვარის დატოვების შესახებ დადაასკვნა, რომ არც ,ამ ნაწილში არსებობს ე.ა–ძის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები;
3.35. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მცირეწლოვან ე.ა–ძეს მიეკუთვნა მამის გვარი ი–ძე, რასაც ასაჩივრებს დედა და მოითხოვს მცირეწლოვნისათვის დედის გვარის დატოვებას. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა 02.08.2022 წლის ფსიქოლოგიური შეფასების დასკვნაზე, სადაც მითითებულია, რომ მამასა და შვილს შორის ურთიერთობების პროცესზე დაკვირვებისას გამოიკვეთა ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც ე–ს ჰქონდა მკვეთრად უარყოფითი რეაქცია - ეს იყო მისი დამოკიდებულება გვარის მიმართ. მამის განმარტებაზე, რომ ის არის ი–ძე, რომ მ–იც ი–ძეა და მ. მისი დაა და თვითონაც ი–ძეა, გამოხატა პროტესტი - დაიწყო ხმამამაღლა საუბარი, მტკიცედ წარმოთქვამდა: ,,მე ვარ ა–ძე!” შეკითხვაზე - თუ საიდან აქვს ეს ინფორმაცია, ბავშვი პასუხობს, რომ დედამ უთხრა. დასკვნის მიხედვით, ორივე მხარის განმარტებით, ე–ს გარკვეულ პერიოდში მამასთან კონტაქტი უჭირდა, შეფასების ეტაპზე ამ მხრივ სირთულეები არ გამოვლენილა. მამის მოსვლის მომენტში დედამ მიმართა ე–ს: ,,ჩავიცვათ, შენ მიდიხარ” მიუხედავად იმისა, რომ დედის მხრიდან არ მომხდარა მხარდაჭერითი, წამახალისებელი ფრაზების დამატება, მან არც კი მოიხსენია ბავშვის მამა, ჩაიცვა, სპეციალისტთან/ფსიქოლოგთან ერთად გავიდა სახლიდან, სიხარულით შეხვდა მამას, ჩაეხუტა, ჩაჯდა მანქანაში, დაიწყო მამასთან შეთანხმება იმაზე, თუ სად წავიდოდნენ. დაკვირვებამ აჩვენა, რომ ე. კარგად გრძნობს თავს მამასთან, სიხარულით ადის მასთან სახლში, იკვეთება მამის გარემოს მიმართ პოზიტიური გამოცდილება, ბავშვმა იცის, სად დევს სათამაშოები, რითი უნდა ითამაშოს მამასთან, მამის მიმართ გამოხატავს სითბოს, სიყვარულს, ეხუტება მას, ეთამაშება და არის ბედნიერი. ამ ეტაპისთვის არ არსებობს რაიმე სახის ნეგატიური დამოკიდებულება მამის მიმართ. ე. მამის საცხოვრებელ სახლში ხვდება ბაბუას (მამის მამას), მის მიმართაც არ გამოხატავს უარყოფით დამოკიდებულებას, ეთამაშება, არ ჭირვეულობს, ადეკვატურად არის ჩაბმული მამასთან კომუნიკაციის პროცესში, ღებულობს უკაკავშირს;
3.35.1. მცირეწლოვანი ე–ს შემთხვევაშიც იკვეთება, რომ მას ჰარმონიული ურთიერთობა აქვს მამასთან, თავს კარგად გრძნობს არა მარტო მასთან, არამედ - მამის ოჯახის წევრებთანაც. მისი ასაკის გათვალისწინებით, არ არსებობს გვარის შეცვლით გამოწვეული დისკომფორტის რისკების განვითარების შესაძლებლობა. დღევანდელი მისი დამოკიდებულება გვარის ,,ა–ძის“ მიმართ დედის ზეგავლენის შედეგია და არა აქვს ღრმა საფუძველი მის პიროვნებაში. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს გადაწყეტილებას დადაასკვნა, , რომ უმჯობესია ე–ს მის დასთან მ–თან ერთად ჰქონდეს მამის გვარი ,,ი–ძე“, რის გამოც არც ამ ნაწილში არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
4. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
4.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრებით გაასაჩივრეს მოსარჩელემ და მოპასუხემ.
4.1.1. პირველი კასატორის (ბავშვების დედის) მტკიცებით, მ. ი–ძისათვის დედის გვარის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, სასამართლომ არ იხელმძღვანელაბავშვის სურვილით, რომ იგი ა–ძე გამხდარიყო; განსახილველ შემთხვევაში დავის საგანი არ იყო ურთიერთობის დღეების განსაზღვრა. ლ.ი–ძე სარჩელით არ ითხოვდა ე.ა–ძესთან ურთიერთობისთვის დღეების დადგენას. მამასა და შვილს შორის ურთიერთობის, ნახვის დღეები მოწესრიგდა დროებითი განკარგულებით, რომელიც ძალაშია საქმის განხილვის საბოლოოდ დასრულებამდე. ამდენად, დაცული იყო ბავშვის ინტერესი, ჰქონდეს ურთიერთობა მამასთან და არ არსებობდა სასამართლოს მიერ აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილების მიღების არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძველი. თუ მშობლები აღნიშნული დავის დასრულების შემდეგ ვერ შეთანხმდებიან, ბავშვის ნახვის დღეების შესახებ დამოუკიდებელი სარჩელი უნდა იქნეს აღძრული;
4.1.2. პირველი კასატორის მტკიცებით, დაუსაბუთებელია სასამართლოს გადაწყვეტილება ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის ნაწილში. ერთი მხრივ, სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ ალიმენტვალდებულ პირს აქვს შემოსავალი და საშუალება შეასრულოს ბავშვების რჩენის ვალდებულება და, მეორე მხრივ, ალიმენტის ოდენობა ქვეყანაში დადგენილ საარსებო მინიმუმს დაუკავშირა. ბავშვის რჩენის ვალდებულება არ არის დამოკიდებული მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე და იმის გამო, რომ მშობელს არ აქვს სტაბილური შემოსავალი, იგი არ შეიძლება გათავისუფლდეს რჩენის ვალდებულებისაგან. ასევე, ბავშვების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, არ უნდა მოხდეს მათი შეჩვეული ცხოვრების სტილის და გარემოს შეცვლა იმის გამო, რომ რომელიმე მშობელს არ აქვს სტაბილური შემოსავალი, ან არ უნდა შვილების რჩენის ვალდებულების სათანადოდ შესრულება.
4.2. მეორე კასატორმა (ბავშვების მამამ) გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, ბავშვების საცხოვრებელ ადგილად მამის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა მოითხოვა;
4.2.1. მეორე კასატორის მტკიცებით, არც პირველი და არც მეორე ინსტანციის სასამართლოებს გადაწყვეტილება არ მიუღიათ ბავშვების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით. ბავშვების მამა აღნიშნავს, რომ დედა გავლენას ახდენს არასრულწლოვან შვილებზე, რომ მათ მამის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება გაუჩნდეთ;
4.2.2. მეორე კასატორი შუამდგომლობს, რომ დედას ბავშვების საქართველოდან გაყვანა აეკრძალოს, მამის ნებართვის გარეშე. მეორე კასატორი, ასევე, შუამდგომლობს საკასაციო სასამართლომ მიიღოს დროებითი განკარგულება, რომ მამამ, საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, მცირეწლოვანი შვილი - ე.ა–ძე ნახოს ყოველი კვირის პარასკევის 18 საათიდან, მამის სახლში დარჩენით ღამისთევით შაბათი-კვირა, ორშაბათის 10 საათამდე.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 13 მარტისა და 4 აპრილის განჩინებებით მოსარჩელისა და მოპასუხის საკასაციო საჩივრები წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელისა და მოპასუხის საკასაციო განაცხადები არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ ისინი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:
6. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
7. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი პუნქტით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება); საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორებს არ წარმოუდგენიათ დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რაც საშუალებას მისცემდა სასამართლოს, არსებითად განსახილველად დაეშვა საკასაციო განაცხადები.
8. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
9. საკასაციო სასამართლომ მოსარჩელისა და მოპასუხის საკასაციო პრეტენზიების დასაშვებობის განხილვის ეტაპზე, სსსკ-ის 354-ე მუხლით დადგენილი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იმსჯელა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობასა და კანონიერებაზე, რომელიც, უწინარესად, ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარეობს (ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-3 მუხლი) და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სამართალწარმოების ეტაპზე გამოკვლეული მტკიცებულებების, სოციალური მუშაკის დასკვნების, ფსიქოლოგის დასკვნისა და განმარტების, მხარეთა პოზიციების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოკვლეულია ბავშვის საუკეთესო ინტერესების დასადგენად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საფუძვლად დაედო სააპელაციო სასამართლოს მიერ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ნაწილობრივ შეცვლას და მშობლისა და შვილის ურთიერთობის აღდგენისათვის, ბავშვის საუკეთესო ინტერესებისათვის დადგინდა კონკრეტული წესი, რომლის მიხედვითაც უნდა მოხდეს მამა-შვილს შორის ჯერ ურთიერთობის აღდგენა, ხოლო შემდეგ ფსიქოლოგის, როგორც სპეციალისტის, დასკვნის მიხედვით, შემდგომი ურთიერთობა.
10. „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-8 მუხლით გარანტირებულია ყველას უფლება, პატივი სცენ მის ოჯახურ ცხოვრებას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებების მიხედვით, მითითებული დებულება ფართო განმარტებას ექვემდებარება და მასში მოიაზრება ოჯახური ცხოვრების ყველა ის ასპექტი, რომელიც დამკვიდრებულია დემოკრატიულ საზოგადოებაში და ემსახურება ამ საზოგადოების კეთილდღეობას, მათ შორისაა არასრულწლოვანთა ოჯახური ცხოვრების უზრუნველყოფის ასპექტიც, რაც ასახულია ეროვნულ კანონმდებლობაში, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის ბოლო წინადადების თანახმად, ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. მართალია, საერთაშორისოდ აღიარებული ეს უფლება არ წარმოადგენს აბსოლუტურს, თუმცა ზემოხსენებული სამართლებრივი აქტები თავადვე იძლევიან ჩარევის ლეგიტიმურ დეფინიციას და განსაზღვრავენ, რომ იგი პროპორციულია, თუ ჩარე– გამოწვეულია დემოკრატიულ საზოგადოებაში მიღებული აუცილებლობით, ამასთან, ჩარევის სტანდარტად გამოყენებულ უნდა იქნას არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესი, რაც ცალსახადაა ასახული „ბავშვის უფლებათა კონვენციაში“. მოხმობილი საერთაშორისო-სამართლებრივი აქტი ბავშვის უფლებების დაცვის იმ მინიმალურ სტანდარტებს აწესებს, რომლებიც საზოგადოების არასრულწლოვანი წევრის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და ნორმალური განვითარების ამოცანას ემსახურება და ავალდებულებს წევრ სახელმწიფოებს, ყველა ღონე იხმარონ არასრულწლოვნის უპირატესი ინტერესების დაცვისათვის. კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს, ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს, აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლით დადგენილია მშობლების თანასწორუფლებიანობის პრინციპი შვილების მიმართ. მშობლები უფლებამოსილნი და ვალდებულნი არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით (სსკ-ის 1198.1-ე მუხლი). მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს (სსკ-ის 1199-ე მუხლი). მითითებული საკანონმდებლო დანაწესების ანალიზი იძლევა ცალსახა დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ მშობელთა უპირველესი მოვალეობა ბავშვის ჰარმონიული აღზრდა-განვითარება, ოჯახური გარემოს შექმნაა და ამ კუთხით მისაღები ნებისმიერი გადაწყვეტილებისას, უპირატესობა არასრულწლოვნის ჭეშმარიტ ინტერესებს ენიჭება, შესაბამისად, ჩარევის პროპორციულობის დასაშვები ზღვარი იმისი უალტერნატივოდ დადგენაა, რომ ამგვარი ჩარევა წარმოადგენს ერთადერთ სწორ და მისაღებ გადაწყვეტილებას არასრულწლოვნის/მცირეწლოვნის, როგორც საზოგადოების მომავალი სრულუფლებიანი და ღირსეული წევრის, განვითარებაში (იხ. სუსგ Nას- 458-440-2016, 15.07.2016წ.).
11. სსკ-ის 1202-ე მუხლი მშობელს, რომელთანაც ცხოვრობს ბავშვი, უკრძალავს მეორე მშობელთან ურთიერთობის შეზღუდვას. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით დაცული ოჯახური ცხოვრების პატივისცემა გულისხმობს ოჯახის წევრებს შორის კონტაქტისა და ურთიერთობების დაცვას. სასამართლოსათვის ამოსავალი პრინციპია, ბავშვის არა დაცვის ობიექტად მიჩნევა, არამედ მისი, როგორც სუბიექტის უფლებების აღიარება და დაცვა. აღნიშნული საკითხი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ბავშვის უფლებასთან და საუკეთესო ინტერესთან დაკავშირებული თითოეული საქმის განხილვისა და ინდივიდუალური შეფასებისას, რათა ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილებებში, იქ, სადაც საქმე ეხება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისწინებული მშობლისა და ბავშვის უფლებებს, უპირატესობა უნდა მიენიჭოს ბავშვის უფლებებს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ საჭიროა ინტერესთა დაბალანსება, პრიორიტეტულია ბავშვის საუკეთესო ინტერესის კვლე– და მისი შესატყვისი გადაწყვეტილების მიღება (იხ. ელსჰოლცი გერმანიის წინააღმდეგ - Elsholzv.Germany,#25735/94,31.07.2000, პარ.52 და TK და KM გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ - TK and KM v. UK, # 28945/95, 10.05.2001, პარ.72) - შდრ. ასევე,სუსგ N ას-967-916-2915, 25.02.2016წ.
12. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცული ოჯახური ცხოვრების პატივისცემაში იგულისხმება არა მხოლოდ ერთად მცხოვრები ოჯახის წევრების უფლებების დაცვა და პატივისცემა, არამედ, ცალ-ცალკე მცხოვრები ოჯახის წევრებს შორის კავშირის შენარჩუნებაც და ოჯახური გარემოს დაცვის ვალდებულება ისეთ შემთხვევებშიც, როგორც ეს განსახილველ საქმეშია. ეროვნული სასამართლო ვალდებულია, ხელი შეუწყოს ოჯახური კავშირის აღდგენასა და განმტკიცებას, რაც, უპირველეს ყოვლისა, ბავშვის ჭეშმარიტი და საუკეთესო ინტერესითაა განპირობებული. ოჯახის გაერთიანების ცნების ქვეშ ნაგულისხმევია არა მხოლოდ ერთ ჭერქვეშ ცხოვრება, არამედ, მშობლისა და შვილის მჭიდრო კავშირი, რასაც ყოველმხრივ უნდა შეუწყოს ხელი სასამართლომ, თუკი არ იკვეთება ბავშვის საუკეთესო ინტერესის საწინააღმდეგო წინაპირობა, რადგან მშობლისა და ბავშვის ინტერესთა ბალანსის დაცვის პროცესში, სწორედ ბავშვის ინტერესია ამოსავალი და სახელმძღვანელო სასამართლოსა და ყველა ადმინისტრაციული თუ სხვა ორგანოსათვის, რაც უმეტესწილად გადასწონის მშობლის ინტერესს (შეად. სუსგ-ებს: N ას-1076-2022,23.12.2022წ; N ას-1139-2021, 29.11.2022წ; N ას-716-2021, 23.06.2022წ; N ას-43402921, 30.07.2021წ.).
13. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ბავშვთან ურთიერთობის უფლება მშობელს, რომელთანაც შვილი არ ცხოვრობს, არათუ უნარჩუნდება, არამედ ის ვალდებულიცაა, შვილთან ურთიერთობა ჰქონდეს, რომელიც ეფექტიანი, ბავშვის საუკეთესო ინტერესებზე ორიენტირებული და მის საზოგადოების სრულფასოვან წევრად ჩამოყალიბებაზე უნდა იყოს დაფუძნებული. ბავშვს არა მხოლოდ აქვს უფლება, იზრდებოდეს და ვითარდებოდეს ჯანსაღ, მასზე მზრუნველ და უსაფრთხო გარემოში, ამასთან, მისი უფლებაა, დაცული იქნეს ყველა ისეთი შესაძლო ქმედებისაგან, მათ შორის მშობლის ქმედებისგანაც, რომელიც ბავშვის ფსიქოემოციური განვითარებისა და მისი ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველია. ბავშვისთვის მნიშვნელოვანია ისიც, რომ მას შეუნარჩუნდეს მისი ურთიერთობა მასთან არმცხოვრებ მშობელთანაც, მოცემულ შემთხვევაში -მამასთან, რათა გაძლიერდეს ერთჭერქვეშ არმყოფი მშობლის მონაწილეობა და მისი აქტიური ჩართულობა ბავშვის ცხოვრებაში (შეად. სუსგ-ებს: N ას-63-59-2017, 13.11.2018წ.; N ას-1837-2019, 16.06.2020წ ; N ას- 440-2020, 13.04.2021წ; N ას-434-2021, 30.07.2021წ.).
14. კონვენციის მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ ერთ ან ორივე მშობელს დაცილებული ბავშვის უფლებას, რეგულარული პირადი ურთიერთობები და პირდაპირი კონტაქტები ჰქონდეს ორივე მშობელთან, იმ შემთხვევის გარდა, როცა ეს ეწინააღმდეგება ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტ ინტერესებს (კონვენციის 9.1 და 9.3 მუხლები). ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-8 მუხლით ყველას აქვს უფლება, რომ დაცული იყოს მისი პირადი და ოჯახური ცხოვრება. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებების მიხედვით, მითითებული დებულება ფართო განმარტებას ექვემდებარება და მასში მოიაზრება ოჯახური ცხოვრების ყველა ის ასპექტი, რომელიც დამკვიდრებულია დემოკრატიულ საზოგადოებაში და ემსახურება ამ საზოგადოების კეთილდღეობას, მათ შორისაა არასრულწლოვანთა ოჯახური ცხოვრების უზრუნველყოფის ასპექტიც. ერთ-ერთ საქმეზე ევროპულმა სასამართლომ (Johansen v. Norway) აღნიშნა, რომ ბავშვთან გაერთიანების შესახებ საკითხის გადაწყვეტისას, მშობლის ინტერესსა და ბავშვის ინტერესს შორის უნდა იქნეს დაცული ბალანსი. აღნიშნული ბალანსის ძიებისას სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას ანიჭებს ბავშვის ინტერესებს, რომლებსაც შეიძლება პრიორიტეტული მნიშვნელობა ჰქონდეს მშობლის ინტერესებთან მიმართებით. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ გაერთიანების საკითხის გადაწყვეტისას ანგარიშგასაწევ ფაქტორებს წარმოადგენს ოჯახური ცხოვრება, მშობლებთან თანაბარი ურთიერთობის შესაძლებლობა და სხვა ისეთი ფაქტორები, რომლებიც არასრულწლოვნის სრულფასოვან აღზრდა-განვითარებას შეუწყობს ხელს. ასეთ სიტუაციაში შეძლებისდაგვარად უნდა იქნას გათვალისწინებული სუბიექტური ფაქტორებიც – ბავშვის მიერ არსებული სიტუაციის აღქმა, რაც შესაბამისი დაკვირვება-გამოკვლევის გზითაა შესაძლებელი (იხ. სუსგ-ები: Nას-198-2019, 28.05.2019წ.; N ას-440-2020, 13.04.2021წ; N ას-434-2021, 30.07.2021წ.).
15. საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ ბავშვის უფლებების დაცვის მომწესრიგებელი როგორც საერთაშორისო, ასევე ეროვნული კანონმდებლობის სისტემური ანალიზი იმგვარი დასკვნის გაკეთების საშუალებას იძლევა, რომ ბავშვის უფლებების უზრუნველყოფა არ გულისხმობს ერთი რომელიმე უფლების სხვა უფლებასთან შედარებით უპირატესად რეალიზების, ან დაცვის უფრო მაღალი პრივილეგიით სარგებლობის შინაარსს. ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, სახელმწიფოს მხრიდან ყველა უფლებას სახელმწიფო გარანტიებით/ინსტრუმენტებით ერთნაირად სარგებლობის უფლება და ხარისხი გააჩნია, მათ შორის ბავშვისაგან განცალკევებით მცხოვრებ მშობელთან ბავშვის ურთიერთობის უფლებასაც. თუმცა, ეს უფლება აბსოლუტურ უფლებად არ შეიძლება ჩაითვალოს, მშობლისა და ბავშვის უფლებათა შეწონადობის თვალსაზრისით, ბავშვის უფლება უპირატესად ითვლება და მშობელს, გარკვეული პირობების არებობისას, შესაძლოა ჩამოერთვას კიდეც ბავშვთან ურთიერთობის უფლება (სსკ-ის 1205-1206 მუხლები). ამ უფლების შემზღუდავი სახელმწიფო ინსტრუმენტი მოქმედებს მხოლოდ მაშინ და მშობლის უფლება არარეალიზებადია, თუკი მშობლის მოვალეობის არასათანადო შესრულება წინააღმდეგობაშია ბავშვის თუნდაც ერთ რომელიმე ინტერესთან (ჯანმრთელობა, ემოციური განვითარება, სწავლა და ა.შ.), ე.ი. მშობლის ბუნებითი უფლება, ურთიერთობა ჰქონდეს შვილთან, არასრულწლოვნის ინტერესებიდან გამომდინარე, არ მიიჩნევა აბსოლუტურ და შეუზღუდავ უფლებად და, ამა თუ იმ პირობების გათვალისწინებით, სახელმწიფოს მხრიდან გარკვეულ კონტროლს ექვემდებარება (შეად. სუსგ-ას N ას-434-2021, 30.07.2021წ.).
16. ერთ-ერთ საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ევროპული კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევად მიიჩნია ისეთი შემთხვევა, როდესაც ეროვნულმა სასამართლოებმა ვერ შეძლეს ქმედითი ღონისძიებების განხორციელება, რათა მომხდარიყო მომჩივნის, კონკრეტულ შემთხვევაში - მამის უფლების უზრუნველყოფა, რომ ენახა საკუთარი ვაჟი, იძულებითი აღსრულების გზით, რადგან დედამ უარი განაცხადა მანამდე მშობლებს შორის მიღწეული შეთანხმების შესრულებაზე (Zawadka v. Poland, No.48542/99, 23.06.05). ერთ-ერთ საქმეზე მე-8 მუხლის დარღვევა დადგინდა იმის გამო, რომ ადგილობრივმა ორგანოებმა ვერ შეძლეს მომჩივნის (მამის) უფლების აღსრულება (Eberhard v. Slovenia, No.8673/05 and 9733/05, 01.12.09.)
17. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე არასრულწოვან შვილებთან მამის ურთიერთობის წესი განსაზღვრულია. კონკრეტულ შემთხვევაში, ბავშვების მამაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად მართებულად გამოიყენებს იგი სასამართლოს მიერ განსაზღვრულ წესს შვილებთან ურთიერთობაში, იზრუნებს ოჯახური კავშირის აღდგენასა და გამყარებაზე ბავშვის საუკეთესო ინტერესის უპირატესობის გათვალისწინებით.„როდესაც საქმე არასრულწლოვნის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრასა და ცალ-ცალკე მცხოვრებ მშობლებთან ურთიერთობის მოწესრიგებას ეხება, განსაკუთრებული სიფრთხილით შეფასებას მოითხოვს არასრულწლოვანთა საქმეებზე მომუშავე პირებისა თუ შესაბამისი სპეციალისტების (ფსიქოლოგის) მიერ გაკეთებული დასკვნები“ (იხ. სუსგ ას-53-51-2016, 06.07.2016წ.).
18. საკასაციო სასამართლო სავსებით იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოკვლეულ და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რომლებიც ემყარება საქმეში წარდგენილ ფსიქოლოგთა დასკვნების, სპეციალისტების მოსაზრებებს და მიაჩნია, რომ სწორედ არასრულწლოვანი ბავშვების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით არის მიღებული განჩინება. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოდავე მხარეთაგან არცერთს არ წარმოუდგენია დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია თუ რატომ უნდა შეიცვალოს გასაჩივრებული განჩინება. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს სამართლებრიივ შეფასებებს, მიუთითებს მათზე და აღნიშნავს, რომ არ არსებობს წინაპირობა იმისათვის, რომ შეიცვალოს და ახლებურად განისაზღვროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი წესი არასრულწლოვან შვილებსა და მშობლებს შორის ურთიერთობის წარმართვისათვის, რაც გასაჩივრებული განჩინებით უცვლელად იქნა დატოვებული.
19. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივ შეფასებებსა და დასკვნებს, მიუთითებს მათზე და განმარტავს, რომ საქმის მასალებში არსებული სოციალური მუშაკისა და ფსიქოლოგის დასკვნების გათვალისწინებით ბავშვების საცხოვრებელ ადგილად დედის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა და, შესაბამისად, ბავშვებისა და მამის ურთიერთობის წესის დადგენა სრულად შეესაბამება ეროვნულ და საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებს, რომლებიც დადგენილია არასრულწლოვანთან დაკავშირებული დავის გადაწყვეტისათვის.
20. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების ეტაპზე, მეორე კასატორის (მამის) მიერ წარმოდგენილი არც ერთი შუამდგომლობა (იხ. წინამდებარე განჩინების 4.2.2 ქვეპუნქტი) არ არის დასაბუთებული, რადგან განსაზღვრულია შვილებთან, მათ შორის მცირეწლოვანთან ურთიერთობის წესი, ხოლო საკასაციო საჩივრების არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის გამო სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შედის, შესაბამისად, არ არსებობს ურთიერთობის წესის რაიმე სხვა ფორმით, დროებით განსაზღვრის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი. რაც შეეხება შუამდგომლობას, რომლითაც მოთხოვნილია, რომ დედას ბავშვების საქართველოდან გაყვანა აეკრძალოს, მამის ნებართვის გარეშე, ეს საკითხი არ ყოფილა განსახილველი დავის საგანი და მოთხოვნის შინაარსიდან გამომდინარე, მშობლის უფლების ნაწილობრივ შეზღუდვა შესაძლოა დამოუკიდებელი დავის საგანი იყოს. კასატორის შუამდგომლობის პასუხად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ კანონის მე-8 მუხლი აწესრიგებს არასრულწლოვნის საქართველოდან დროებით გასვლას და ადგენს: 1) 16 წლამდე ბავშვის საქართველოდან დროებითი გასვლა შესაძლებელია მისი ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენლის ნებართვით და სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირის თანხლებით... 4) თუ არასრულწლოვანს საქართველოდან დროებით გასვლისას თან არ ახლავს კანონიერი წარმომადგენლები, მას მათი შუამდგომლობის საფუძველზე მიეცემა პასპორტი. 5) საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემისათვის ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენლის მიერ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) უფლებამოსილი პირის ან საკონსულო თანამდებობის პირის თანდასწრებით გამოხატული, სანოტარო წესით დამოწმებული წერილობითი თანხმობა ან სააგენტოს უფლებამოსილი პირის წინაშე ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით გამოხატული თანხმობა საკმარისია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ: ა) არასრულწოვანი 16 წელს მიღწეულია; ბ) არასრულწოვანს არ ჰყავს მეორე კანონიერი წარმომადგენელი; გ) მეორე კანონიერი წარმომადგენელი სასამართლოს მიერ ცნობილია მხარდაჭერის მიმღებად; დ) მეორე კანონიერი წარმომადგენელი სასამართლოს მიერ აღიარებულია უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გამოცხადებულია გარდაცვლილად; ე) არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება მეორე კანონიერი წარმომადგენლისთვის მშობლის უფლების ჩამორთმევის, შეჩერების ან შეზღუდვის თაობაზე; ვ) მეორე კანონიერი წარმომადგენელი იძებნება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით; ზ) მეორე კანონიერ წარმომადგენელს მძიმე ავადმყოფობის გამო არ შეუძლია ნების გამოხატვა, რაც დასტურდება შესაბამისი ცნობით; თ) მეორე კანონიერი წარმომადგენლის ადგილსამყოფელი უცნობია და ამოწურულია მისი ადგილსამყოფლის დადგენის ყველა გონივრული შესაძლებლობა; ი) არასრულწლოვნის საქართველოდან დროებით გასვლა საჭიროა მისი მკურნალობის მიზნით ან აუცილებელია მისი უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზაციისათვის და მეორე კანონიერი წარმომადგენლის ადგილსამყოფელი უცნობია ან იგი არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების საწინააღმდეგოდ არ იძლევა საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემაზე ნებართვას. 6. არასრულწლოვნის საქართველოდან დროებითი გასვლის საკითხზე მისი კანონიერი წარმომადგენლების შეუთანხმებლობის შემთხვევაში დავა სასამართლო წესით გადაწყდება.
21. საკასაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ მოსარჩელისა და მოპასუხის საკასაციო პრეტენზიები დაუსაბუთებელია, რაც საკასაციო საჩივრების დაუშვებლად ცნობისა და გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების საფუძველია.
22. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ე.ა–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. ლ. ი–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველად;
3. ლ. ი–ძეს (პ/ნ .....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის (საგადახდო დავალება N1, გადახდის თარიღი 2023 წლის 27 თებერვალი), 70% – 210 ლარი;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური