საქმე №ას-3636-გან-20-2023 7 ივლისი, 2023 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
განმცხადებლები – ი.ლ–ძე, შპს "ო.გ–ი", გ.ჩ–ი, შპს "ე–ი"
განმცხადებლების მოთხოვნა – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-9 პუნქტის განმარტება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - განცხადების უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილებით:
1.1. სს „პ.ბ. ს–ოს“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;
1.2. ი.ლ–ძის, გ.ჩ–ის, შპს „ე–ისა“ და შპს „ო.გ–ის“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;
1.3. გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 31 ოქტომბრის განჩინება შპს „მ.ო–ის“ სასარგებლოდ დაკმაყოფილებული სარჩელისა და სს „პ.ბ.ს–ოს“ შეგებებული სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება;
1.4. შპს „მ.ო–ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა;
1.5. სს „პ.ბ.ს–ოს“ შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;
1.6. მოპასუხე შპს „ო.გ–სა“ და ი.ლ–ძეს, მოსარჩელე სს „პ.ბ.ს–ოს“ სასარგებლოდ, სოლიდარულად გადასახდელად დაეკისრათ: 1) 2019 წლის 21 მაისის N 0004205.001-001 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე 162 535.23 ევრო (ას სამოცდაორი ათას ხუთას ოცდათხუთმეტი ევრო და ოცდასამი ევროცენტი), საიდანაც 138 201.58 (ას ოცდათვრამეტრი ათას ორას ერთი ევრო და ორმოცდათვრამეტი ევროცენტი) კრედიტის ძირითადი თანხაა; 6 201.98 (ექვსი ათას ორას ერთი ევრო და ოთხმოცდათვრამეტი ევროცენტი) - დარიცხული საპროცენტო სარგებელი; 18 131.67 (თვრამეტი ათას ასოცდათერთმეტი ევრო და სამოცდაშვიდი ევროცენტი)- ზიანი მიუღებელი შემოსავლის სახით; 2) 2021 წლის 4 მაისის N 0004205.001-002 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე 340 575.19 აშშ დოლარი (სამას ორმოცი ათას ხუთას სამოცდათხუთმეტი აშშ დოლარი და ცხრამეტი ცენტი), საიდანაც 283 300 (ორას ოთხმოცდასამი ათას სამასი) აშშ დოლარი კრედიტის ძირითადი თანხაა; 4 878.85 აშშ დოლარი (ოთხი ათას რვაას სამოცდათვრამეტი აშშ დოლარი და ოთხმოცდახუთი ცენტი) დარიცხული საპროცენტო სარგებელი, 52 396.34 აშშ დოლარი (ორმოცდათორმეტი ათას სამას ოთხმოცდათექვსმეტი აშშ დოლარი და ოცდათოთხმეტი ცენტი) ვადაგადაცილებისათვის დარიცხული პირგასამტეხლო;
1.7. ამ განჩინების 1.6 პუნქტით განსაზღვრული კრედიტორული მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, სს „პ.ბ.ს–ოს“ სასარგებლოდ, მოხდა იპოთეკით დატვირთული შემდეგი ქონების რეალიზაცია: შპს „მ.ო–ის“ (ს/ნ .......) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, ........; საკადასტრო კოდი: ........, არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი დაზუსტებული ფართობით 254 კვ.მ და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები;
1.8. მოპასუხეებს შპს „ო.გ“-ს და ი.ლ–ძეს, მოსარჩელე სს „პ.ბ.ს–ოს“ სასარგებლოდ, სოლიდარულად გადასახდელად დაეკისრათ N0004205.001-002 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ძირითადი თანხის - 283 300 აშშ დოლარის (ორას ოთხმოცდასამი ათას სამასი) წლიური 9 %-ის ოდენობით მიუღებელი შემოსავალის გადახდა, 2021 წლის 31 დეკემბრიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების დღემდე;
1.9. სს „პ.ბ.ს–ოს“ შეგებებული სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა;
1.10. დანარჩენ ნაწილში უცვლელი დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 31 ოქტომბრის განჩინება (კერძოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 31 მაისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3, მე-8, მე-10, მე-14 პუნქტების სააპელაციო სასამართლოს მიერ უცვლელად დატოვების ნაწილში);
1.11. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 2 ნოემბრის განჩინება (საქმე N 2/29009-21), რომლითაც შეჩერდა ნოტარიუს თ.გ–ძის მიერ 2021 წლის 7 ოქტომბერს გაცემული N 211122958 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოება A21162437;
1.12. შპს "მ.ო–ის", სს "პ.ბ.ს–ოს" სასარგებლოდ, დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის - 20 000 ლარის გადახდა;
1.13. ი.ლ–ძეს, შპს "ო.გ–ს", გ.ჩ–ს და შპს "ე–ის", სს "პ.ბ.ს–ოს" სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისრათ 13 000 ლარის გადახდა.
2. საქართველოს უზენაეს სასამართლოს, 2023 წლის 5 ივლისს, განცხადებით მომართა ი.ლ–ძის, შპს „ო.გ–ის“, შპს „ე–ისა“ და გ.ჩ–ის წარმომადგენელმა დ.მ–ძემ და აღნიშნა, რომ უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-9 პუნქტით შპს "ო.გ–ისა" და ი.ლ–ძისათვის სს "პ.ბ.ს–ოს" სასარგებლოდ სოლიდარულად დაკისრებული 9%-ის ოდენობით მიუღებელი შემოსავლის დაკისრების მოთხოვნა წარმოადგენს უზრუნველყოფილ მოთხოვნას, ვინაიდან იგი გამომდინარეობს N 004205.001-002 საკრედიტო ხელშეკრულებიდან და მასთან პირდაპირ სამართლებრივ ბმაშია. განმცხადებელთა ამ შეფასებას სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო არ დაეთანხმა და ხსენებული მოთხოვნა არაუზრუნველყოფილ მოთხოვნად მიიჩნია. იქედან გამომდინარე, რომ ჯერ არ მომხდარა იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაცია, ი.ლ–ძეს ყოველდღიურად მნიშვნელოვანი ზიანი ადგება.
3. განმცხადებლებმა მოითხოვეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-9 პუნქტის განმარტება, კერძოდ N 0004205.001-002 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე 9%-ის ოდენობით მიუღებელი შემოსავლის სოლიდარულად დაკისრება შპს "ო.გ–ისა" და ი.ლ–ძისათვის, მიეკუთვნება თუ არა სს "პ.ბ.ს–ოს" უზრუნველყოფილ მოთხოვნებს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი განცხადების საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 262-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ არ არის აღსრულებული და თუ არ გასულა ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს. სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვეტილების განმარტების საკითხი გადაწყვიტოს ზეპირი მოსმენის გარეშე. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მხარეებს ეგზავნება შეტყობინება, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს გადაწყვეტილების განმარტების საკითხის განხილვას“.
5. მოხმობილი ნორმიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების განმარტების პირობაა, რომ განსამარტი გადაწყვეტილება არ უნდა იყოს აღსრულებული, რადგან თუკი გადაწყვეტილება აღსრულებულია, ცხადია, ასეთ ვითარებაში აღარ არსებობს განმარტების მიზანი - აღსრულების ხელშეწყობა. საგულისხმოა ისიც, რომ დაუშვებელია განმარტების შედეგად გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შეცვლა, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონმდებელი გადაწყვეტილების განმარტების საფუძვლად სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანებას მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება უკვე ჩამოყალიბებული სარეზოლუციო ნაწილის ფარგლებში უნდა განიმარტოს, იმ შედეგის შეუცვლელად, რაც ამ გადაწყვეტილებით დგება. დაუშვებელია განმარტების შედეგად იმგვარი დებულების ასახვა, რაც იმთავითვე არ ეწერა და არ გამომდინარეობდა განსამარტი გადაწყვეტილებიდან (სხვა მრავალთა შორის შეად. სუსგ-ებს: N ას-1209-2022, 28.11.2022წ; N ა-6247-გან-27-202228.11.2022წ; N ა-1453-გან-6-2023, 10.04.2023წ; N ა-2274-გან-13-2023, 30.05.2023წ; N ას-2372-გან-26-2023, 16.06.2023წ.).
6. საქართველოს უზენაეს სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-9 პუნქტის განმარტების საფუძველი, სსსკ-ის 262-ე მუხლის თანახმად, რის გამოც არ უნდა დაკმაყოფილდეს წარმოდგენილი განცხადების მოთხოვნა.
7. საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი მხოლოდ მისი შინაარსის ბუნდოვანების გამო შეიძლება განიმარტოს, რაც კონკრეტულ შემთხვევაში არ ვლინდება. საკასაციო სასამართლოს 2023 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-9 პუნქტით დადგენილია, რომ მოპასუხეებს შპს „ო.გ–“-ს და ი.ლ–ძეს, მოსარჩელე სს „პ.ბ.ს–ოს“ სასარგებლოდ, სოლიდარულად გადასახდელად დაეკისრათ N0004205.001-002 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ძირითადი თანხის - 283 300 აშშ დოლარის (ორას ოთხმოცდასამი ათას სამასი) წლიური 9 %-ის ოდენობით მიუღებელი შემოსავალის გადახდა, 2021 წლის 31 დეკემბრიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების დღემდე.
8. საკასაციო სასამართლო განმცხადებელთა პრეტენზიის საპასუხოდ დამატებით კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ი.ლ–ძე, ძირითადი მოვალის - შპს „ო.გ–ის“ ვალდებულებებზე, კრედიტორი სს „პ.ბ.ს–ოს“ წინაშე, სოლიდარულად თავდებ პირს წარმოადგენს, შესაბამისად მისი პასუხისმგებლობა კრედიტორისადმი ეფუძნება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 898.1-ე მუხლს, რომლის თანახმად თავდები ყველა შემთხვევაში პასუხს აგებს მხოლოდ თავდებობის დოკუმენტში მითითებული ზღვრული თანხის ოდენობამდე. საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებული ახალი გადაწყვეტილებით ი.ლ–ძე მოვალეთა სიიდან არ ამორიცხულა, შესაბამისად, მის ქონებაზე შესაძლებელია აღსრულების პროცესის გაგრძელება, ვიდრე არ დაიფარება შპს „ო.გ–ის“ დავალიანება სს „პ.ბ.ს–ოს“ მიმართ, იმ ფარგლებში, რაზედაც ი.ლ–ძემ, როგორც სოლიდარულად თავდებმა პირმა, თავისივე ნებით აიღო პასუხისმგებლობა და რაც დადგენილია სასამართლოს მიერ.
9. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-9 პუნქტში პირდაპირ არის მითითებული, რომ მიუღებელი შემოსავლის გადახდა შპს "ო.გ–სა" და ი.ლ–ძეს სს "პ.ბ.ს–ოს" სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ. განმცხადებელთა წარმომადგენელი განცხადებაში უთითებს, რომ ი.ლ–ძეს გადაწყვეტილების აღსრულებით ზიანი ადგება, საკასაციო სასამართლო ამ პრეტენზიას არ იზიარებს, რადგან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის მიხედვით მოვალის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, დავალიანების გადახდა არ განიხილება მოვალისათვის ზიანის მიყენებად. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ შპს "ო.გ–მა" სს "პ.ბ.ს–ოდან" აიღო კრედიტი, კრედიტის უზრუნველყოფა რამდენიმე (სანივთო და პირადი /პიროვნული/ უზრუნველყოფის) საშუალებით მოხდა, მათ შორის ბანკის შეგებებული სარჩელის მოპასუხეთაგან ი.ლ–ძის მიერ ნაკისრი სოლიდარული თავდებობის გზით. ი.ლ–ძისგან, როგორც სოლიდარული თავდებისგან, მის მიერ ნაკისრი თავდებობის საფუძველზე, ხდება თანხის ამოღება, რაც გადაწყვეტილების აღსრულების ეტაპზე კანონიერი ქმედებაა და მას საკასაციო სასამართლო პირისათვის გამოუსწორებელი ზიანის მიყენების ფაქტად ვერ შეაფასებს. სადავო არ არის, რომ ი.ლ–ძემ თანხმობა განაცხადა შპს "ო.გ–ის" სოლიდარული თავდები გამხდარიყო სს "პ.ბ.ს–ოს" წინაშე, შესაბამისად, ამ თანხმობით თავდებისათვის იმთავითვე ცნობილი გახდა, რომ თუკი შპს "ო.გ–ი" (ძირითადი მოვალე) სს "პ.ბ.ს–ოს" წინაშე ვალდებულებას არ შეასრულებდა, მას, როგორც სოლიდარულ თავდებს პასუხისმგებლობა დაეკისრებოდა თავდებობის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ფარგლებში. ის გარემოება, რომ ძირითადი მოვალის ვალდებულება კრედიტორის წინაშე უზრუნველყოფილია სანივთო საშუალებებით -რამდენიმე უძრავი ქონების ბანკის სასარგებლოდ დატვირთული იპოთეკით, არ გულისხმობს იმას, რომ სოლიდარულად თავდები პირი ვალდებულებისაგან თავისუფლდება ან რაიმე რიგითობით უნდა აგოს პასუხი კრედიტორის წინაშე. კრედიტორს უფლება აქვს სოლიდარულად თავდებ პირს მოსთხოვს ძირითადი მოვალის მიერ ნაკისრი სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულება, არც კანონით და არც მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული არ არის, რომ იპოთეკა თავდებობაზე უპირატესია ან პირიქით. უზრუნველყოფის რომელი საშუალებით დაიკმაყოფილებს კრედიტორი მოთხოვნას მისი გადასაწყვეტია.
10. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ დაასკვნა, საკასაციო სასამართლოს 2023 წლის 12 ივნისის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი (მათ შორის მე-9 პუნქტი) ნათლად და არაორაზროვნად არის ჩამოყალიბებული, არ შეიცავს ბუნდოვან დებულებებს და არ არის გამოვლენილი მისი განმარტების წინაპირობები. აქედან გამომდინარე ი.ლ–ძის, შპს "ო.გ–ის", გ.ჩ–ისა და შპს "ე–ის" განცხადება სამართლებრივად დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა, რის გამოც უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 262-ე, 264-ე, 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი.ლ–ძის, შპს "ო.გ–ის", გ.ჩ–ისა და შპს "ე–ის" განცხადება, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-9 პუნქტის განმარტებით თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
3.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური