საქმე №ა-1829-შ-45-2023 13 ივლისი, 2023 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – გ.ჯ–ნი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ე.კ–ე (მოსარჩელე)
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე – ლატვიის რესპუბლიკის, რეზეკნის სასამართლოს 2022 წლის 1 აპრილის გადაწყვეტილება
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ლატვიის რესპუბლიკის, რეზეკნის სასამართლოს 2022 წლის 1 აპრილის გადაწყვეტილებით გ.ჯ–ნსა და ე.კ–ეს შორის, 2016 წლის 23 სექტემბერს, საქართველოში, ქუთაისის საჯარო სერვისების განვითარების სააგენტოს სამოქალაქო რეესტრის განყოფილებაში, რეგისტრირებული ქორწინება (#81163000483) შეწყდა.
2. გ.ჯ–ნმა, 2023 წლის 7 აპრილს, განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და ლატვიის რესპუბლიკის, რეზეკნის სასამართლოს 2022 წლის 1 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა მოითხოვა.
3. შუამდგომლობას ერთვის ლატვიის რესპუბლიკის, რეზეკნის სასამართლოს 2022 წლის 1 აპრილის გადაწყვეტილების ელექტრონული ასლი ქართულად თარგმნილ და ნოტარიულად დამოწმებულ ასლთან ერთად.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 18 აპრილის განჩინებით გ.ჯ–ნს ხარვეზი დაუდგინდა შუამდგომლობაზე და დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა: ლატვიის რესპუბლიკის, რეზეკნის სასამართლოს 2022 წლის 1 აპრილის გადაწყვეტილების აპოსტილით დადასტურებული ასლი ქართულად თარგმნილ და ნოტარიულად დამოწმებულ ასლთან ერთად და ცნობა იმის შესახებ, რომ ლატვიის რესპუბლიკის, რეზეკნის სასამართლოს 2022 წლის 1 აპრილის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული.
5. ამავე განჩინებით შუამდგომლობის ავტორს განემარტა, რომ მოცემული განჩინებით მითითებულ საპროცესო ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში შუამდგომლობა დატოვებული იქნებოდა განუხილველად.
6. შუამდგომლობაზე დადგენილი ხარვეზის შესახებ განჩინების ასლი პირადად ჩაჰბარდა გ.ჯ–ნს 2023 წლის 22 აპრილს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ გ.ჯ–ნის შუამდგომლობა ლატვიის რესპუბლიკის, რეზეკნის სასამართლოს 2022 წლის 1 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
7. ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნების გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საერთო სასამართლოებში სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით.
8. განსახილველ შემთხვევაში საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა გ.ჯ–ნმა და მოითხოვა ლატვიის რესპუბლიკის, რეზეკნის სასამართლოს 2022 წლის 1 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 18 აპრილის განჩინებით გ.ჯ–ნს ხარვეზი დაუდგინდა შუამდგომლობაზე და დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა: ლატვიის რესპუბლიკის, რეზეკნის სასამართლოს 2022 წლის 1 აპრილის გადაწყვეტილების აპოსტილით დადასტურებული ასლი ქართულად თარგმნილ და ნოტარიულად დამოწმებულ ასლთან ერთად და ცნობა იმის შესახებ, რომ ლატვიის რესპუბლიკის, რეზეკნის სასამართლოს 2022 წლის 1 აპრილის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული. ამავე განჩინებით შუამდგომლობის ავტორს განემარტა, რომ მოცემული განჩინებით მითითებულ საპროცესო ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში შუამდგომლობა დატოვებული იქნებოდა განუხილველად.
10. შუამდგომლობაზე დადგენილი ხარვეზის შესახებ განჩინების ასლი პირადად ჩაჰბარდა გ.ჯ–ნს 2023 წლის 22 აპრილს.
11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, შუამდგომლობის ავტორისათვის ხარვეზის შევსების 30-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2023 წლის 23 აპრილს და ამოიწურა ამავე წლის 23 მაისს.
12. ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილ ვადაში შუამდგომლობის ავტორს ხარვეზი არ შეუვსია და საქართველოს უზენაესი სასამართლოსათვის არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს.
13. საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმადაც, შუამდგომლობას თან უნდა დაერთოს სასამართლო გადაწყვეტილების დამოწმებული ასლი და დამოწმებული ქართული თარგმანი, აგრეთვე ცნობა გადაწყვეტილების ძალაში შესვლის შესახებ, თუ ეს შუამდგომლობის ტექსტიდან არ გამომდინარეობს.
14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. კანონის დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ მხარე სწორედ კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაშია ვალდებული, განახორციელოს მისთვის დაკისრებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მან დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.
15. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შუამდგომლობის ავტორს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში დაკისრებული საპროცესო მოქმედება არ განუხორციელებია, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გ.ჯ–ნის შუამდგომლობა ლატვიის რესპუბლიკის, რეზეკნის სასამართლოს 2022 წლის 1 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დარჩეს განუხილველად.
16. საკასაციო სასამართლო განუმარტავს მხარეს, რომ განჩინებაში მითითებული დარღვევის აღმოფხვრის შემთხვევაში ის უფლებამოსილია იმავე შუამდგომლობით კვლავ მიმართოს საქართველოს უზენაეს სასამართლოს
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის მეორე ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ.ჯ–ნის შუამდგომლობა, ლატვიის რესპუბლიკის, რეზეკნის სასამართლოს 2022 წლის 1 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ, დარჩეს განუხილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე: ე. გასიტაშვილი