საქმე №ას-635-2023 05 ივლისი, 2023 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ეკატერინე გასიტაშვილი, ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – შპს „ა.ჯ–ი“ (განმცხადებელი)
მოწინააღმდეგე მხარე – ი.მ–ო (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 28 აპრილის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – თანხის დაკისრება, გარიგებების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 27 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ი.მ–ოს (შემდგომ - მოსარჩელე) სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში გაუქმდა და ბათილად იქნა ცნობილი 2018 წლის 15 მაისს კ.მ–სა (შემდგომ - მოპასუხე) და შპს „ა.ჯ–ს“ (შემდგომ - განმცხადებელი, კერძო საჩივრის ავტორი) შორის გაფორმებული უფლების დათმობის (ცესიის) ხელშეკრულება, ხოლო კ.მ–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
განმცხადებლის მოთხოვნა:
2. 2023 წლის 5 აპრილს სააპელაციო პალატას განცხადებით მიმართა განმცხადებელი კომპანიის დირექტორმა - ა.გ–მა და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 27 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქმის წარმოება განახლება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 28 აპრილის განჩინებით განცხადება დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
4. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა ამავე კოდექსის 372-ე, 374-ე, 425-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოში განცხადების/სააპელაციო საჩივრის/კერძო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების ვადაა 10 დღე, რომელიც აითვლება საქმის მოსამართლისათვის გადაცემის მომენტიდან. მოცემულ შემთხვევაში, განსახილველი განცხადება მოსამართლეს გადაეცა 2023 წლის 5 აპრილს, თუმცა, განმცხადებლის მოთხოვნის (სასამართლო გადაწყვეტილების ბათილად ცნობა) გათვალისწინებით და საქმის გარემოებათა ყოველმხრივი გამოკვლევის ინტერესებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ გამოითხოვა ძირითადი საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოდან და არ იხელმძღვანელა საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში ატვირთული მასალებით მათი არასრულყოფილად ასახვის ალბათობის ხარისხის გამო. ამდენად, სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ განსახილველ შემთხვევაში წარმოდგენილი განცხადების დასაშვებობის შემოწმების 10 დღის ვადის ათვლა უნდა დაიწყოს სამოქალაქო საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენის მომენტიდან - 2023 წლის 18 აპრილიდან.
5. სსსკ-ის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის, 422-ე მუხლის, 426-ე მუხლის პირველი ნაწილის, 429-ე მუხლის, 430-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ მოთხოვნა დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ მხარეს, თავისი ბრალის გარეშე, არ ჰქონდა შესაძლებლობა, საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე და დაეყენებინა შუამდგომლობა გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ.
6. მოცემულ შემთხვევაში განმცხადებლის არგუმენტაცია სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე ემყარება იმ გარემოებას, რომ განმცხადებელი კომპანია წარმოადგენდა მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნის (ბათილად იქნეს ცნობილი 2018 წლის 15 მაისის მოპასუხესა და განმცხადებელს შორის გაფორმებული უფლების დათმობის (ცესიის) ხელშეკრულება) პირდაპირ ადრესატს, თუმცა არ ყოფილა მოწვეული საქმის განხილვაზე და განმცხადებლისათვის საქმეზე საბოლოო 2020 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილების შესახებ ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც 2023 წლის 16 მარტს ბოლნისის რაიონულ სასამართლოში №2/523-22 საქმის განხილვისას სასამართლომ გადასცა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება და მოსამართლის მიერ შეთავაზებულ იქნა არასათანადო მოპასუხის ანუ განმცხადებლის სათანადო მხარით -მოპასუხით შეცვლა (27.11.2020 წლის გადაწყვეტილების საფუძველზე), ვინაიდან მითითებული გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი განმცხადებელსა და მოპასუხეს შორის 2018 წლის 15 მაისს გაფორმებული ცესიის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე №2/523-22 საქმეში განმცხადებელი მონაწილეობდა როგორც მოსარჩელე.
7. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა განმცხადებლის ზემოაღნიშნული პოზიცია და განმარტა, რომ საქმის მასალების მიხედვით, ცალსახად დგინდება განცხადებაში ასახული გარემოებების საწინააღმდეგო მოცემულობა, კერძოდ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებით: 1. მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა და გასაჩივრებულ ნაწილში ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმებით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. 2. ბათილად იქნა ცნობილი 2018 წლის 15 მაისს მოპასუხესა და განმცხადებელს შორის გაფორმებული უფლების დათმობის (ცესიის) ხელშეკრულება. 3. მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
8. სასამართლო გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო საქმის განხილვის შედეგად დადგენილი პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე ერთერთი შემდეგი გარემოება: „დ) განმცხადებელი კომპანიის დირექტორს და 51%-იანი წილის მფლობელ პარტნიორს წარმოადგენს ა.გ–ი, რომელიც ამავდროულად წარმოადგენდა მოპასუხის ადვოკატს მოსარჩელის წინააღმდეგ წარმოებულ სხვადასხვა სამოქალაქო დავაში და სააპელაციო სასამართლოს მიერ მოპასუხისათვის ხარვეზის დადგენის შემდგომ სწორედ ა.გ–ია მითითებული საგადასახადო დავალებაში 5000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადამხდელად (ტ.3, ს.ფ. 35-36)“.
9. ამდენად, განმცხადებლის წარმომადგენელ ა.გ–ისათვის თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებისა და მისი წინმსწრები საქმის განხილვის შესახებ ცნობილი იყო არა 2023 წლის 16 მარტს, არამედ გაცილებით ადრე, იმ მომენტიდან, როდესაც მან მოახდინა №2ბ/7422-18 საქმეზე მოპასუხისათვის 2018 წლის 7 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის (სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ნაწილში) შევსება და სახელმწიფო ბიუჯეტში 5000 ლარის გადახდა (ტომი 3, ს.ფ. 36).
10. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ სსსკ-ის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოება მოცემულ საქმეზე არ დადასტურდა.
კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:
11. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე განმცხადებელმა შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:
12. კერძო საჩივრის ავტორმა მიიჩნია, რომ ცესიის ხელშეკრულება ბათილად იქნა ცნობილი სააპელაციო პალატის 2020 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებით, შესაბამისად, ა.გ–ი აღნიშნულის შესახებ 2018 წლის 7 დეკემბერს ვერ შეიტყობდა. ამასთან, სააპელაციო პალატამ მოპასუხე კომპანია და ფიზიკური პირი ა.გ–ი ერთმანეთთან გააიგივა, რაც სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის დარღვევაა. სააპელაციო სასამართლომ ვერანაირი მტკიცებულებით ვერ დაადასტურა, რომ განმცხადებელმა 2020 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილების შესახებ 2023 წლის 16 მარტამდე შეიტყო.
13. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა სსსკ-ის 422-ე და 426-ე მუხლები და არ გამოიყენა სსსკ-ის მე-2 და მე-4 მუხლები, რომლებიც უნდა გამოეყენებინა. ფაქტობრივად, განმცხადებელს კანონით დადგენილი ერთთვიანი ვადა არ დაურღვევია და იგი უნდა აითვალოს განმცხადებლის მიერ სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილების შეტყობის მომენტიდან - 2023 წლის 16 მარტიდან.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
14. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
15. საკასაციო პალატა პირველ რიგში აღნიშნავს, რომ სასამართლო გადაწყვეტილების, როგორც მართლმსაჯულების აქტის დანიშნულებაა მატერიალურ სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა შორის დავების გადაწყვეტა. გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, იგი იძენს საბოლოო, სავალდებულო და შეუქცევად ხასიათს. სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლა უკავშირდება ორ პრინციპს: პირველი - „დავა გადაწყვეტილია“ (Res Juticata) და მეორე - ფაქტების პრეიუდიციას. (იხ. პაატა ქათამაძე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის რჩეული მუხლების კომენტარი, მუხლი 266, თბილისი, 2020).
16. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სასამართლო გადაწყვეტილება ესაა კანონით დადგენილი წესით საქმის განხილვის შედეგად სასამართლოს მიერ მიღებული მართლმსაჯულების აქტი, რომელიც პასუხობს კანონით დადგენილ მოთხოვნებს და რომლითაც საქმე არსებითად წყდება. „ნებისმიერი სასამართლო გადაწყვეტილება არის მართლმსაჯულების აქტი, რომლის მეშვეობითაც წესრიგდება მოდავე მხარეებს შორის სამართლებრივი ურთირთობები. გადაწყვეტილება სასამართლო საქმიანობის საბოლოო პროდუქტად მიიჩნევა“. (იხ. მ. სულხანიშვილი, სასამართლო გადაწყვეტილება, როგორც საპროცესო დოკუმენტი და მისი გასაჩივრების ფორმები მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მიხედვით, „მართლმსაჯულება და კანონი“ , № 4(47), 2015, გვ.19.).
17. სასამართლო გადაწყვეტილების, როგორც მართლმსაჯულების აქტის დანიშნულებაა მატერიალურ სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა შორის დავების გადაწყვეტა. სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერი ძალა ესაა გადაწყვეტილების თვისება, რომელსაც იგი იძენს გარკვეული, კანონით ზუსტად განსაზღვრული პირობების საფუძველზე. ( იხ. თ. ლილუაშვილი, სამოქალაქო საპროცესო სამართალი, მეორე გამოცემა, თბილისი, 2005, გვ. 377).
18. საკასაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს განმარტოს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება მისი ფუნქციური დატვირთვით ქვეყნის სახელით გამოტანილი მართლმსაჯულების აქტია, რომლის უმთავრესი ამოცანა ამ გადაწყვეტილებით დადგენილი მართლწესრიგის რეალურად არსებობაა. სასამართლო გადაწყვეტილება, ობიექტური და სუბიექტური ფარგლების გათვალისწინებით, კანონიერ ძალაში შესვლის შემდგომ, სავალდებულოა როგორც მოდავე მხარეთათვის, ისე - ნებისმიერი სხვა პირისათვის, რომელთაც ერთმევათ უფლება, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოება თუ სამართლებრივი შედეგი კვლავ გახადონ სადავო (სსსკ-ის მე-10 მუხლი, XXVIII თავი). ერთადერთი საგამონაკლისო შემთხვევა, როდესაც დასრულებული საქმისწარმოება შესაძლოა განახლდეს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმების გზით, როგორც უკვე აღინიშნა, გათვალისწინებულია ამავე კოდექსის მე-11 კარით ( საქმის წარმოების განახლება) და აღნიშნული, თავისი მიზნებიდან გამომდინარე, წარმოადგენს არა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებისა თუ მართლმსაჯულების სხვა აქტის შემდგომი გასაჩივრების შესაძლებლობას, არამედ მიმართულია მხარის უფლებაზე, კანონით ზუსტად განსაზღვრული შემთხვევების არსებობისას, როდესაც საქმისწარმოების განახლების საფუძველი განმცხადებლისათვის ობიექტურად იყო უცნობი საქმისწარმოების დასრულებამდე, არ აღმოჩნდეს არათანაბარ მდგომარეობაში. ამასთანავე, ნიშანდობლივია, რომ მხოლოდ ასეთი გარემოების არსებობა საკმარისი არაა და კანონმდებელი სავალდებულოდ მიიჩნევს, ერთი მხრივ, ამ გარემოების საფუძვლიანობის უტყუარად დადასტურებას.
19. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დასრულებული საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით წარდგენილი განცხადების საფუძვლიანობის კვლევისათვის, პირველ რიგში, ყურადღებაა გასამახვილებელი კანონის იმ დანაწესზე, რომელიც საქმის წარმოების განახლების საპროცესო სამართლებრივ მექანიზმს ითვალისწინებს, ხოლო შემდგომ დასადგენია ამ საპროცესო მოქმედების განხორციელებისათვის კანონით გათვალისწინებული წანამძღვრების არსებობა.
20. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსსკ-ის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები. სსსკ-ის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ პუნქტის მიხედვით, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ ერთ-ერთი მხარე ან მისი კანონიერი წარმომადგენელი (თუ მას ასეთი წარმომადგენელი სჭირდება) არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე. აღნიშნული საფუძვლებით გადაწყვეტილების ბათილად ცნობა არ შეიძლება, თუ მხარეს შეეძლო ამ საფუძვლების წამოყენება საქმის განხილვისას, შესაბამისად პირველი ინსტანციის, სააპელაციო ან საკასაციო ინსტანციის სასამართლოში.
21. ამავე კოდექსის 426-ე მუხლი პირველი ნაწილი იმპერატიულად განსაზღვრავს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის ვადას და ადგენს, რომ განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს ერთი თვის განმავლობაში და ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება. მეორე ნაწილის მიხედვით კი, ვადის დენა იწყება იმ დღიდან, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლების არსებობა.
22. მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 27 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში გაუქმდა და ბათილად იქნა ცნობილი 2018 წლის 15 მაისს მოპასუხესა და განმცხადებელს შორის გაფორმებული უფლების დათმობის (ცესიის) ხელშეკრულება, ხოლო მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
23. 2023 წლის 5 აპრილს განმცხადებელი კომპანიის დირექტორმა - ა.გ–მა განცხადება წარადგინა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში 2020 წლის 27 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოება განახლების შესახებ და მიუთითა, რომ არსებობს სსსკ-ის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული აღნიშნული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველი.
24. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ განმცხადებელი კომპანიის დირექტორისათვის წინამდებარე დავის მიმდინარეობის შესახებ ცნობილი იყო ჯერ კიდევ 2018 წელს. აღნიშნული მოსაზრება ეფუძნება წინამდებარე საქმის მასალებში წარმოდგენილ 2018 წლის 24 დეკემბრის სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარს, რომელიც ადასტურებს, რომ, ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილების სააპელაციო გასაჩივრების მიზნით, მოპასუხის ნაცვლად, სახელმწიფო ბაჟი გადაიხადა სწორედ ა.გ–მა (იხ. ტომი 3, ს.ფ 36). მიუხედავად ამისა, მას, როგორც განმცხადებელი იურიდიული პირის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს, მოცემულ დავაში ჩაბმა რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებისას, იმ ეტაპზე არ მოუთხოვია.
25. ამდენად, განმცხადებლის მიმართ სსსკ-ის 426-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ერთთვიანი ვადის ათვლა უნდა დაიწყოს 2018 წლის 24 დეკემბრიდან, ანუ იმ მომენტიდან, როდესაც ნათლად დასტურდება, რომ განმცხადებელმა შეიტყო გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძვლად მის მიერ მითითებული გარემოების თაობაზე. საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადება კი მან, როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, შეიტანა მხოლოდ 2023 წლის 5 აპრილს.
26. სსსკ-ის 429-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლომ თავისი ინიაციტივით უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის განახლების შესახებ. თუ არ არსებობს განცხადების დაშვების ესა თუ ის პირობა, სასამართლომ თავისი განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს, რაც შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით.
27. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ კანონით დადგენილი წესით შეამოწმა საქმის წარმოების განახლების შესახებ წინამდებარე განცხადების დასაშვებობა და მართებულად ჩათვალა, რომ იგი დაუშვებელია და უნდა დარჩეს განუხილველად.
28. დაუსაბუთებელია კერძო საჩივრის ავტორის მითითება, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე განცხადების შეტანის ერთთვიანი ვადა უნდა აითვალოს იმ მომენტიდან, როდესაც განმცხადებელს გადაეცა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება. მსგავსი დათქმა სსსკ-ის 426-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებიდან არ გამომდინარეობს. კანონის აღნიშნული დანაწესი განცხადების წარდგენის ვადის ათვლას უკავშირებს არა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ჩაბარებას, არამედ იმ გარემოების შეტყობას, რომელიც შემდეგ ამგვარი გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნას ედება საფუძვლად.
29. საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტს, რომ სააპელაციო პალატამ მოპასუხე კომპანია და ფიზიკური პირი - ა.გ–ი ერთმანეთთან გააიგივა. დადგენილია და კერძო საჩივრის ავტორის სადავოდ არ გაუხდია ის გარემოება, რომ ა. გ–ი განმცხადებელი შპს-ს დირექტორია. დავის წარმოშობისას მოქმედი „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის თანახმად, იგი აღჭურვილი იყო კომპანიის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით. ამდენად, შპს-ს დირექტორის მიერ დავის არსებობის შეტყობა, თავად იურიდიული პირისათვის ამ ფაქტის შეტყობინებას უთანაბრდება.
30. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
31. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ა.ჯ–ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 28 აპრილის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზურაბ ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი
ლევან მიქაბერიძე