Facebook Twitter

საქმე №ას-749-2023 05 ივლისი, 2023 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ეკატერინე გასიტაშვილი, ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ი.ბ–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – გ.ტ–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 19 მაისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. გ.ტ–ძემ (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ი.ბ–ის (შემდგომ – მოპასუხე) მიმართ და მოითხოვა სესხის - 31685 აშშ დოლარის, სარგებლის - 9505.5 აშშ დოლარისა და ყოველწლიურად ძირ თანხაზე 12%-ის გადახდა სარჩელის აღძვრიდან, 2020 წლის 20 მარტიდან, გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, 2017 წლის 22 მარტიდან 2017 წლის 17 ივლისის ჩათვლით მოპასუხეს ასესხა 36 000 აშშ დოლარი, სარგებლის გარეშე. მოპასუხეს სესხი 2017 წლის პირველ სექტემბერს უნდა გადაეხადა, რაც არ განუხორციელებია. 2017 წლის პირველი სექტემბრიდან გასულია 2 წელი და 6 თვე, აღნიშნულის გამო, მოსარჩელეს მიადგა ზიანი, რის გამოც მოპასუხეს უნდა დაეკისროს 12% სარგებელი, რაც შეადგენს - 3 802.2 აშშ დოლარს, ხოლო 2 წელსა და 6 თვეზე - 9 505.5 აშშ დოლარს, სულ სესხის თანხა და პროცენტი შეადგენს - 41 190.5 აშშ დოლარს.

მოპასუხის პოზიცია:

3. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ თანხა მას გადაეცა არ სესხად, არამედ სამეწარმეო საზოგადოებაში წილის სანაცვლოდ.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 9 500 აშშ დოლარისა და 53 350 ლარის გადახდა, სარგებლის - 9505.5 აშშ დოლარისა და, ყოველწლიურად, სარჩელის აღძვრიდან, 2020 წლის 20 მარტიდან, გადაწყვეტილების აღსრულებამდე, 12%-ის ანაზღაურება, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 19 მაისის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 372-ე მუხლის, 374-ე მუხლის პირველი ნაწილის, 2591 მუხლის, 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ზემოაღნიშნული ნორმა იმპერატიულია და გასაჩივრების 14-დღიანი ვადის გაგრძელებას არ ითვალისწინებს.

7. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ოზურგეთის რაიონული სასამართლოს წარმოებაში არსებულ სამოქალაქო საქმეზე, 2023 წლის 28 თებერვალს, გამოცხადდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრებოდა მოპასუხე (აპელანტი). ამდენად, უდავოდ დადგენილია, რომ აპელანტისათვის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, ასევე მისი გასაჩივრების წესი და ვადა, ცნობილი იყო.

8. ზემოაღნიშნულიდან გადაწვეტილების ასლის ჩასაბარებლად აპელანტი სასამართლოში უნდა გამოცხადებულიყო 2023 წლის 28 თებერვლიდან არაუადრეს 20 დღისა და ყველაზე გვიან, 30 დღის ვადაში. მოპასუხეს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი ჩაბარდა 2023 წლის 7 მარტს. საქმეში წარმოდგენილი მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხემ გადაწყვეტილების მოთხოვნით სასამართლოს მიმართა 2023 წლის 4 აპრილს და აღნიშნული საპროცესო დოკუმენტი ჩაბარდა 2023 წლის 5 აპრილს.

9. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საპროცესო ვადების გამოთვლის წესი დადგენილია სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლებით. მოპასუხეს კანონით დადგენილი ვადის დაცვით სასამართლოსათვის გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით არ მიუმართავს, ზემოაღნიშნულის საპროცესო ნორმის შესაბამისად, აპელანტისათვის სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2023 წლის 31 მარტიდან და ამოიწურა ამავე წლის 13 აპრილს (ხუთშაბათს) 24:00 საათზე, საქმის მასალებით კი, ირკვევა, რომ მოპასუხის მიერ სააპელაციო საჩივრის ფოსტისათვის გადაცემა მოხდა 2023 წლის 18 აპრილს, ანუ გასაჩივრების 14-დღიანი ვადის დარღვევით.

10. სსსკ-ის 59-ე და 63-ე მუხლების თანახმად, მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

11. სააპელაციო პალატამ საქმის მასალებით დადასტურებულად ჩათვალა, რომ მოპასუხემ სააპელაციო საჩივარი კანონით დადგენილი საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ წარადგინა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში, რის გამოც სააპელაციო საჩივარი დაუშვებელია და სსსკ-ის 63-ე, 369-ე და 374-ე მუხლების საფუძველზე უნდა დარჩეს განუხილველად.

12. სსსკ-ის 374-ე მუხლის მესამე ნაწილის, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივრის წარდგენის ეტაპზე აპელანტის მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი - 3100 ლარი. ვინაიდან სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, დასაშვებობის ეტაპზე მხარეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.

კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:

13. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად შემდეგი საფუძვლებით:

14. კერძო საჩივრის ავტორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად აითვალა მოპასუხის მიერ სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადა, როდესაც სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვა. პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი კანონით დადგენილ, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან მე-20-30-ე დღეებში მზად არ იყო. მოპასუხე სისტემატურად უკავშირდებოდა მოსამართლის თანაშემწეს, რომელიც უდასტურებდა, რომ გადაწყვეტილების ჩაბარებას ვერ შეძლებდა. შემდგომ კი შეპირდა, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების მომზადებისთანავე თავად გაუგზავნიდა მას ასლს, რაც გაუგზავნა კიდევაც 2023 წლის 27 მარტს. მოპასუხემ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ჩაიბარა 2023 წლის 5 აპრილს. სააპელაციო საჩივარი კი, შეიტანა აღნიშნული მომენტიდან 14 დღის დაცვით. ( იხ. კერძო საჩივარი).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

15. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

16. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერების საკითხი.

17. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივრის შეტანის დასაშვებ პერიოდს განსაზღვრავს სსსკ-ის 369-ე მუხლი, რომლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. თუ დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა იწყება მისი გამოცხადების მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება ამ გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან მისი მხარისათვის ამ კოდექსის 70–78-ე მუხლების შესაბამისად გადაგზავნის დრო. ამავე კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილით კი, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

18. მითითებული ნორმების ანალიზიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ იმ მხარისათვის, რომელიც ესწრებოდა გადაწყვეტილების გამოცხადებას ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, კანონმდებელი განსაზღვრავს ვალდებულებას, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. შესაბამისად, აღნიშნული ნორმით დადგენილი წესის შესრულებად ვერ ჩაითვლება მხარის მიერ სასამართლოსათვის გადაწყვეტილების ჩასაბარებლად მიმართვა სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან მე-20 დღემდე და 30-ე დღის შემდეგ.

19. აღნიშნული ვალდებულება ფაკულტატურია და, შესაბამისად, ამ ვალდებულების შეუსრულებლობა აისახება მხოლოდ უშუალოდ მხარის მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესზე, კერძოდ, განსახილველი ნორმის თანახმად „გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი“. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოქმედებს დანაწესი, რომლის თანახმად „წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს“.

20. ამდენად, სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარის მიერ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 20-დან 30-ე დღემდე დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩასაბარებლად სასამართლოში გამოუცხადებლობა წარმოადგენს იმის საფუძველს, რომ გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების 30-ე დღის (მიუხედავად იმისა, უქმე დღეა თუ არა აღნიშნული) მომდევნო დღიდან, რადგან სსსკ-ის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი (სუს დიდი პალატის 2014 წლის 30 დეკემბრის №ას-1161-1106-2014 განჩინება, სუს 2015 წლის 12 იანვრის №ას-843-807-2014 განჩინება).

21. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზემოთ მითითებული ნორმა, ერთი მხრივ, ადგენს მხარის ვალდებულებას, მითითებულ ვადაში სასამართლოში გამოცხადდეს გადაწყვეტილების მისაღებად (გარდა იმავე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული გამონაკლისებისა) და ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარადგინოს სააპელაციო საჩივარი, ხოლო, მეორე მხრივ, ითვალისწინებს სასამართლოს ვალდებულებას, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 21-ე დღეს მზად ჰქონდეს დასაბუთებული გადაწყვეტილება მხარისათვის გადასაცემად. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო ვერ უზრუნველყოფს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებას ამ ვადაში, ეს გარემოება მხარის პასუხისმგებლობის საფუძველი ვერ გახდება და ვადის ათვლა გადაწყვეტილების ჩაბარებიდან დაიწყება (იხ. სუსგ №ას-1495-2018, 01 ივლისი, 2019 წ; №ას1289-2019, 24 ოქტომბერი, 2019 წ.).

22. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა ადასტურებს, რომ სასამართლოს მიერ პროცედურული წესის, განსაკუთრებით კი გასაჩივრების უფლების გამოყენების ვადების განსაკუთრებით მკაცრმა ინტერპრეტაციამ შესაძლოა ხელყოს სასამართლოსადმი წვდომის უფლება.

23. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, ეფექტური სასამართლო დაცვის უფლება გულისხმობს, სამოქალაქო სამართალწარმოების მხარეების შესაძლებლობას გამოიყენონ გასაჩივრების უფლება იმ მომენტიდან, როცა მათ შეუძლიათ ეფექტურად შეაფასონ სასამართლოს გადაწყვეტილებები, რომლებმაც შეიძლება დაარღვიოს მათი უფლებები და კანონიერი ინტერესები. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე დაადგინა, „ეროვნულმა სასამართლომ ვადის შემზღუდველი პროცედურული ნორმა ისეთნაირად განმარტა, რომ ხელი შეუშალა მომჩივნის საჩივრის გამოკვლევას, რის შედეგადაც ამ უკანასკნელის სასამართლოს ეფექტური დაცვის უფლება დაირღვა.“ (Georgiy Nikolayevich Mikhayliv v. Russia, 4543/04, $57, 2010, ECHR).

24. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში „მირაგალ ესკოლანო და სხვები ესპანეთის წინააღმდეგ“ დაადგინა, რომ როდესაც საკითხი ეხება სამართლებრივი სიცხადის პრინციპს (Legal certainty), ეს არ არის უბრალოდ სამართლებრივი ნორმის ინტერპრეტაციის პრობლემა, არამედ ადგილი ჰქონდა პროცედურული მოთხოვნის არაგონივრულ კონსტრუქციას, რამაც გამოიწვია ეფექტური სასამართლო დაცვის უფლების დარღვევა. მხარეებს უნდა შეეძლოთ გასაჩივრების უფლების გამოყენება იმ მომენტიდან, როცა მათ ძალუძთ ეფექტურად შეაფასონ ის ტვირთი, რომელსაც აკისრებთ სასამართლო გადაწყვეტილება. ეროვნული სასამართლოების მიერ პროცედურული წესის განსაკუთრებით მკაცრმა ინტერპრეტაციამ არასწორად ჩამოართვა მომჩივნებს თავიანთი საჩივრების განხილვისათვის სასამართლოსადმი წვდომის უფლება (Mirigall Escolano and Others v. Spain, 38366/97, $33, 2000, ECHR) (იხ. სუს დიდი პალატის 2014 წლის 30 დეკემბრის №ას-1161-1106-2014 განჩინება).

25. მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ მოპასუხე ესწრებოდა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას (იხ. ტომი 2, ს.ფ 132). აღნიშნულის მიუხედავად, მას სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან მე-20-30-ე დღეებში სასამართლოსათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით წერილობით არ მიუმართავს. თუმცა საქმეში წარმოდგენილი სასამართლო გზავნილით დასტურდება, რომ მოსამართლის თანაშემწემ მოპასუხეს დასაბუთებული სასამართლო გადაწყვეტილების ასლი თავისი ინიციატივით გაუგზავნა 2023 წლის 27 მარტს (იხ. ტომი 2, ს.ფ 163). ეს გარემოება, დასაბუთებული გადაწყვეტილების დადგენილ ვადაში მოუმზადებლობის თაობაზე კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიის გაზიარების საფუძველს ქმნის, სახელდობრ, ადასტურებს კერძო საჩივრის ავტორის განმარტებას იმის თაობაზე, რომ არაერთი თხოვნის მიუხედავად, სასამართლომ მას ვერ ჩააბარა დასაბუთებული გადაწყვეტილება კანონით დადგენილ ვადაში. მოპასუხეს დასაბუთებული სასამართლო გადაწყვეტილება ჩაბარდა 2023 წლის 05 აპრილს. ( იხ. ტ.2.ს.ფ.164).

26. გასაჩივრების ვადის დენის დაწყებას ითვალისწინებს სსსკ-ის კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესი, რომლის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი (იხ. სუსგ №ას-931-2021, 30 სექტემბერი, 2021 წ.).

27. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქმეზე დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით, გასაჩივრების ვადის ათვლა დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარების მომენტიდან – 2023 წლის 5 აპრილის (ტომი 2, ს.ფ 164) მომდევნო დღიდან უნდა დაიწყოს. სააპელაციო საჩივარი კი მოპასუხემ წარადგინა 2023 წლის 18 აპრილს (იხ. ტომი 2, ს.ფ 168).

28. ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეს სსსკ-ის 369-ე მუხლით გათვალისწინებული ვადა არ გაუშვია. შესაბამისად, მოპასუხის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული განჩინება კი გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი.ბ–ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 19 მაისის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზურაბ ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი

ლევან მიქაბერიძე