Facebook Twitter

საქმე №ას-746-2023 11 ივლისი, 2023 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები – ხ.ჭ–ძე, თ.პ–ძე, ა(ა)იპ ი.ა–ია

მოწინააღმდეგე მხარე – შპს მ.ო. „ბ–ი“

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 7 აპრილის განჩინება

დავის საგანი – თანხის დაკისრება და ქონების რეალიზაცია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

შპს მ.ო. „ბ–მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების - ხ.ჭ–ძისა და თ.პ–ძის მიმართ თანხის დაკისრებისა და ქონების რეალიზაციის თაობაზე.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 4 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შპს მ.ო. „ბ–ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხე ხ.ჭ–ძეს მოსარჩელე შპს მ.ო. „ბ–ის’’ სასარგებლოდ დაეკისრა დავალიანების ძირითადი თანხის - 7000 აშშ დოლარის, პროცენტის - 6669.03 აშშ დოლარისა და პირგასამტეხლოს - 5184.2 აშშ დოლარის გადახდა. მოპასუხე ხ.ჭ–ძეს მოსარჩელე შპს მ.ო. „ბ–ის’’ სასარგებლოდ დაეკისრა დავალიანების ძირითადი თანხის - 7000 აშშ დოლარის 3%, ანუ 210 აშშ დოლარის გადახდა ყოველთვიურად, 2017 წლის 19 აპრილიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე; მოპასუხე ხ.ჭ–ძეს მოსარჩელე შპს მ.ო. „ბ–ის’’ სასარგებლოდ დაეკისრა დავალიანების ძირითადი თანხის - 7000 აშშ დოლარის 0.07%, ანუ 4.9 აშშ დოლარი ყოველდღიურად, 2017 წლის 19 აპრილიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე. დადგინდა, რომ დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს თ.პ–ძის საკუთრებაში რიცხული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება, მდებარე - ქ.ქუთაისი, ....... (ს/კ ......), ასევე დავალიანების დაფარვის მიზნით აღსრულება მიექცეს ხ.ჭ–ძის საკუთრებაში არსებულ სხვა უძრავ-მოძრავ ქონებაზე.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ხ.ჭ–ძემ, თ.პ–ძემ, ასევე ა(ა)იპ ი.ა–იამ და მოითხოვეს მისი გაუქმება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 7 აპრილის განჩინებით ხ., ჭ–ძის, თ.პ–ძისა და ა(ა)იპ ი.ა–იის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს აპელანტებმა და მოითხოვეს მისი გაუქმება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 13 ივნისის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორებს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 50 ლარის დამადასტურებელი ქვითრის, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 440-ე მუხლის შესაბამისად, ლ.ჭ–ძის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანების დამადასტურებელი დოკუმენტის, ხ.ჭ–ძისა და თ.პ–ძის მიერ ლ.ჭ–ძის სახელზე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 96-ე და 98-ე მუხლის შესაბამისად გაცემული რწმუნებულების ან კერძო საჩივრის ავტორების მიერ ხელმოწერილი კერძო საჩივრის წარმოდგენა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ხ.ჭ–ძის, თ.პ–ძისა და ა(ა)იპ ი.ა–იის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, სასამართლო უფლებამოსილია სასამართლო შეტყობინება მხარეს ჩააბაროს აგრეთვე ტელეფონის საშუალებით. აღნიშნული ტიპის შეტყობინების ნამდვილობისათვის კანონმდებელი მოითხოვს, რომ საქმეში წარმოდგენილი იყოს სასამართლოს შესაბამისი მოხელის მიერ შედგენილი აქტი სატელეფონო შეტყობინების მხარისათვის ჩაბარების თაობაზე (სსკ-ის 73.2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი). ამავე კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილი კი ადგენს, რომ სასამართლო დამოუკიდებლად წყვეტს ადრესატს შეტყობინება რა ფორმით ჩააბაროს.

განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით ირკვევა, რომ საკასაციო სასამართლოს 2023 წლის 13 ივნისის განჩინების ასლი კერძო საჩივრის ავტორებს - ა(ა)იპ ი.ა–იისს წარმომადგენელ ლ.ჭ–ძესა და ხ.ჭ–ძეს სატელეფონო შეტყობინებებით ეცნობათ 2023 წლის 13 ივნისს, საქმეში მათ მიერ მითითებულ ტელეფონის ნომრებზე (იხ. სატელეფონო შეტყობინების აქტები, ს.ფ.190-191). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ წარმომადგენლისათვის სასამართლო შეტყობინების ჩაბარება ნიშნავს მხარისათვის ჩაბარებას, რაც საპროცესო ვადის ასათვლელად საკმარისი საფუძველია. ამავე კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი 5-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2023 წლის 14 ივნისს და ამოიწურა ამავე წლის 19 ივნისს, ვინაიდან 18 ივნისი იყო დასვენების დღე - კვირა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. მითითებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია შეასრულოს მასზე დაკისრებული მოქმედება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ, ვინაიდან სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზი არ იქნა შევსებული, კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 284-ე მუხლებით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ხ.ჭ–ძის, თ.პ–ძისა და ა(ა)იპ ი.ა–იის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე ზურაბ ძლიერიშვილი