Facebook Twitter

24 თებერვალი, 2023 წელი

№ას-226-2022 ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე)

ლაშა ქოჩიაშვილი (მომხსენებელი)

თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი _ ა.(ა).ი.პ. ბ.ს.ნ.პ.კ–ი

მოწინააღმდეგე მხარე _ შ.პ.ს. „ბ.ს.ნ–ი“

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი _ გაფიცვის უკანონოდ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. შ.პ.ს. „ბ.ს.ნ–მა“ (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „აპელანტი“, „კასატორის მოწინააღმდეგე მხარე“, „დამსაქმებელი“) სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ა.(ა).ი.პ. „ბ.ს.ნ.პ.კ“-ს (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე“, „კასატორი“, „პროფესიული კავშირი“, „პროფკავშირი“) მიმართ, მოპასუხის მიერ 2018 წლის 02-05 აპრილს ორგანიზებული დასაქმებულთა გაფიცვის უკანონოდ ცნობის მოთხოვნით.

სარჩელის საფუძვლები:

2.1. 2018 წლის 29 მარტს შ.პ.ს. „ბ.ს.ნ–მა“ მიიღო ნავსადგურში დასაქმებულთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარის წერილი, რომლითაც წამოყენებული იყო დასაქმებულთა მოთხოვნები. შ.პ.ს. „ბ.ს.ნ“-ს ხელმძღვანელმა დაუყოვნებლივ მოახდინა რეაგირება აღნიშნულ წერილზე, კერძოდ, 2018 წლის 03 აპრილს წერილით წარუდგინა დასაბუთებული პასუხი თითოეულ საკითხთან დაკავშირებით ასევე, შესთავაზა, დაეწყოთ საქართველოს შრომის კანონმდებლობის შესაბამისად, შემათანხმებელი პროცედურები და მიემართათ შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის მედიაციის დაწყების მიზნით მედიატორის დანიშვნის თაობაზე.

2.2. შ.პ.ს. „ბ.ს.ნ“–ის ხელმძღვანელმა იმოქმედა შრომის კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და იმავდროულად მიმართა შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს მედიაციის მიზნით მედიატორის დანიშვნის თაობაზე, რის შესახებაც ეცნობა მოპასუხესაც.

2.3. შ.პ.ს. „ბ.ს.ნ“-ის ხელმძღვანელის მცდელობის მიუხედავად, დავის მოგვარების მიზნით დაეწყოთ შემათანხმებელი პროცედურები, მოპასუხის მიერ ორგანიზებული იქნა შ.პ.ს. „ბ.ს.ნ“-ის დასაქმებულთა გაფიცვა, რომელიც დაიწყო 2018 წლის 2 აპრილს და მიმდინარეობდა 2018 წლის 5 აპრილის ჩათვლით. გაფიცვის ორგანიზებისას მოპასუხემ დაარღვია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პროცედურები დამსაქმებელსა და დასაქმებულებს შორის შრომითი დავის წამოწყებისა და გადაჭრის თვალსაზრისით.

2.4. გაფიცვის უკანონოდ ცნობის მიმართ მოსარჩელეს გააჩნია იურიდიული ინტერესი, ვინაიდან, საქართველოს შრომის კოდექსის თანახმად, დასაქმებულთა მიერ უკანონო გაფიცვის მოწყობა და უკანონო გაფიცვაში მონაწილეობა შეიძლება გახდეს მათთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველი. გარდა ამისა, „პროფესიული კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონის 28–ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ გაფიცვის უკანონოდ ცნობა წარმოადგენს პროფესიული კავშირის ხელმძღვანელი პირების მიმართ პასუხისმგებლობის დაკისრების ერთ–ერთ საფუძველს.

მოპასუხის პოზიცია:

3.1. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გაფიცვა პროფესიული კავშირის მიერ ორგანიზებული არ ყოფილა. სარჩელთან ერთად მტკიცებულების სახით წარმოდგენილ დოკუმენტებში – სამსახურებრივ ბარათებში პროფესიული კავშირი ან მისი თავმჯდომარე ნახსენები არ არის. მართლია, დასაქმებულთა გაფიცვამდე რამდენიმე დღით ადრე პროფესიულმა კავშირმა მართლაც გაუგზავნა წერილი მოსარჩელე ორგანიზაციის დირექტორს და შესთავაზა დახმარება დასაქმებულებთან დაკავშირებული პრობლემური საკითხების მოგვარებაში, მაგრამ ეს მიმართვა გაფიცვის ორგანიზების დამადასტურებელ მტკიცებულებას არ წარმოადგენს, პირიქით, წერილით პროფესიული კავშირი ატყობინებდა დამსაქმებელს, რომ საკითხების მოუგვარებლობის შემთხვევაში, იხსნიდა პასუხისმგებლობას განვითარებულ მოვლენებზე.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილებით, სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

5. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილებით, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და უკანონოდ იქნა ცნობილი, ა.(ა).ი.პ. „ბ.ს.ნ.პ.კ–ი“-ს მიერ ორგანიზებული 2018 წლის 02-05 აპრილის გაფიცვა.

7. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია დავისთვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

7.1. 2018 წლის 19 მარტს შ.პ.ს. „ბ.ს.ნ“-ის ადმინისტრაციას წერილობით მიმართა ა.(ა)ი.პ. „ბ.ს.ნ.პ.კ“-ის თავმჯდომარემ და მიუთითა, რომ პროფკავშირულ ორგანიზაციაში გაიზარდა ბ.ს.ნ–ის დასაქმებულთა მიმართვიანობა, რომლებიც უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ მათი ყოფითი და სოციალ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო. წერილის მიხედვით: 1. დასაქმებულებს ორი თვის განმავლობაში არ მიუღიათ ჰიგიენური საშუალებები; 2. უხეშად ირღვევა მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოზე დასაქმებულ პირთა შრომის სამართლებრივი გარანტიები, არ ხდება მათი რძით უზრუნველყოფა. სათანადოდ არ ხდება სპეცტანსაცმლითა და დამცავი საშუალებებით მუშაკთა უზრუნველყოფა; 3. პრობლემურია დასაქმებულ პენსიონერთა ასაკის გამო დათხოვნის საკითხი; 4. დასაქმებულებს გააჩნიათ ინფორმაცია მოსალოდნელი რეორგანიზაციის გამო მათი გათავისუფლების შესახებ, რომელიც შეეხება არა მხოლოდ საპენსიო ასაკს მიღწეულ პირებს, არამედ ისეთ პირებსაც, რომლებიც პირნათლად ასრულებენ თვიანთ მოვალეობას. წერილის ავტორმა ითხოვა უახლოეს დღეებში დამსაქმებელსა და დასაქმებულ მუშა–მოსამსახურეებთან შეხვედრის დანიშვნა პრობლემური საკითხების განხილვა–გადაწყვეტის მიზნით. წერილს თან ერთვოდა ბ.ს.ნ–ში დასაქმებული 200-ზე მეტი პირის ხელმოწერა.

7.2. შ.პ.ს. „ბ.ს.ნ“-ის ადმინისტრაციამ, 2018 წლის 29 მარტს მიიღო ა.(ა)ი.პ. „ბ.ს.ნ.პ.კ“-ის თავჯდომარის, ა.მ–ძის წერილი, შემდეგი შინაარსით: „ნავსადგურში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, რათა არ მოხდეს სიტუაციის გამწვავება, რაც უარყოფითად აისახება რეგიონის, ნავსადგურის დირექციის, პროფკავშირული ორგანიზაციის და ნავსადგურში დასაქმებული ნებისმიერი თანამშრომლის მიმართ, გიგზავნით მ/წლის 29 მარტის ბ.ს.ნ–ის პროფკავშირული ორგანიზაციის გამგეობის სხდომის №4 გადაწყვეტილებას და გთავაზობთ შემდეგი საკითხების დაუყოვნებლივ მოგვარებას: 1. სამსახურიდან განთავისუფლებული პენსიონერების თავიანთ სამუშაო ადგილზე აღდგენა; 2. აღდგომასთან დაკავშირებით ფინანსური დახმარების გაცემა; 3. სადაზღვევო პაკეტის გადახედვა სადავო საკითხების გაუმჯობესების მიზნით; 4. პორტში რეორგანიზაციის პროცესისა და შემდგომში ცალკეული სამსახურების აუთსორსინგში გადაცემის შეჩერება; 5. პორტის თანამშრომელთა სახელფასო ანაზღაურების გაზრდა. სიტუაციის ესკალაციამდე მიყვანის თავიდან აცილების მიზნით, გთხოვთ, მიიღოთ გადაწყვეტილება ზემოთ აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, მ/წლის 30 მარტის დღის ბოლომდე, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლო განვითარებულ მოვლენებზე ნავსადგურის პროფკავშირული ორგანიზაცია თავიდან იხსნის პასუხისმგებლობას“.

7.3. 2018 წლის 02 აპრილს, შ.პ.ს. „ბ.ს.ნ“-ს გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე (ადმინისტრაციული შენობის შესასვლელში) შეიკრიბა დაახლოებით 50 დასაქმებული, რომლებმაც საზოგადოების გენერალურ დირექტორს წაუყენეს მოთხოვნა თანამდებობის დატოვების შესახებ. იმავე დღეს, შ.პ.ს. „ბ.ს.ნ“-ს დასაქმებულთა ნაწილმა დაიწყო შიმშილობის აქცია.

7.4. 2018 წლის 03 აპრილს, შ.პ.ს. „ბ.ს.ნ–ი“-ს დირექტორმა წერილი მისწერა შ.პ.ს. „ბ.ს.ნ“-ს დასაქმებულთა პროფესიული კავშირის თავჯდომარეს ა.მ–ძეს და მიუთითა, რომ 29.03.2018წ. წერილში მათ მიერ წამოჭრილი იყო რამოდენიმე საკითხი, რომელიც საჭიროებდა დაუყოვნებლივ მოგვარებას და რომლის შესაბამისად, კანონით დადგენილ 10 დღის ვადაში წარუდგინეს მათი პოზიცია წერილში დასმულ თითოეულ საკითხზე კერძოდ, ესენი იყო: 1. გათავისუფლებული პენსიონერების დაბრუნება ნავსადგურში თავიანთ სამუშაო ადგილებზე; 2. სააღდგომო ფინანსური დახმარების გაცემა; 3. სადაზღვევო პაკეტის გადახედვა სადავო პუნქტების გაუმჯობესების მიზნით; 4. ნავსადგურის რეორგანიზაციისა და შემდგომში ცალკეული სამსახურების კერძო კომპანიებზე გადაცემის პროცესის შეჩერება; 5. დასაქმებულთა სახელფასო ანაზღაურების გაზრდა. ამავე წერილში აღნიშნული იყო, რომ აქციების გამართვა ნეგატიურად აისახებოდა ნავსადგურის საქმიანობაზე და მათ შორის ფინანსურ მდგომარეობაზე, ასევე გრძელვადიან პერსპექტივაში გავლენას მოახდენდა ნავსადგურის ყოველ დასაქმებულზე. გარდა ამისა, საქართველოს შრომის კოდექსის 47-ე, 481-ე მუხლების შესაბამისად, ნავსადგური სთავაზობდა შემათანხმებელი პროცედურების დაწყებას და მედიაციის დაწყების მიზნით მედიატორის დანიშვნის თაობაზე მიმართვას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისათვის. ამდენად, შ.პ.ს. „ბ.ს.ნ“-ის დირექტორმა მოითხოვა, მხარი დაეჭირათ შემათანხმებელი პროცედურის დაწყების წინადადებისათვის, ამასთან, ადრესატს აცნობა, რომ 2018 წლის 29 მარტის წერილს არ ერთვოდა მასში მითითებული ბ.ს.ნ–ის პროფკავშირული ორგანიზაციის გამგეობის სხდომის №4 გადაწყვეტილება.

7.5. შ.პ.ს. „ბ.ს.ნ“-ის გენერალურმა დირექტორმა, 2018 წლის 03 აპრილს, წერილობით მიმართა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრს მედიაციის დაწყების მიზნით მედიატორის დანიშვნის თაობაზე. წერილის ასლი გადაეგზავნა ნავსადგურში დასაქმებულთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარეს.

7.6. 2018 წლის 03 აპრილს, 11:45 საათზე, შ.პ.ს. „ბ.ს.ნ“-ს საზღვაო ფლოტის განყოფილებაში დასაქმებულებმა უარი განაცხადეს №6 ბაქანზე მდგომი გემის მანევრირების სამუშაოების ჩატარებაზე. 2018 წლის 03 აპრილს, ბ.ს.ნ–ის სანავსადგურე ფლოტის გემებმა არ შეასრულეს ბ.ს.ნ–ის აკვატორიაში შემომავალი და გამავალი გემების მომსახურება. 2018 წლის 03 აპრილს, 19:30 საათზე, შ.პ.ს. „ბ.ს.ნ“-ს საზღვაო ფლოტის გემსაბლით მიბმულმა 10 ხომალდმა, მოქმედი პროცედურების დაცვის გარეშე, განახორციელა პორტის აკვატორიაში გასვლა და შემომავალი ფორვარდერის ბლოკირება.

7.7. 2018 წლის 5 აპრილს, შ.პ.ს. „ბ.ს.ნ–ი“-ს გენერალური დირექტორის დ.მ-რ–ის მიერ ხელმძღვანელის უფლებამოსილების მოხსნის შესახებ განცხადების წარდგენასთან დაკავშირებით, გაფიცვისა და შიმშილობის აქციის მონაწილეებმა მიიღეს გადაწყვეტილება 2018 წლის 05 აპრილის 19:00 საათიდან გაფიცვისა და შიმშილობის შეწყვეტის შესახებ.

7.8. ა.(ა).ი.პ. „ბ.ნ.პ.კ“-ს თავმჯდომარე ა.მ–ძე და ამავე ორგანიზაციის კომიტეტის წევრები - გ.ზ–ძე, თ.ს–ძე და გ.ლ–ა მონაწილეობდნენ 2018 წლის 02-05 აპრილის გაფიცვასა და შიმშილობაში, ამასთან, ა.მ–ძე არ წარმოადგენდა ბ.ს.ნ–ში ნავსადგურში დასაქმებულ პირს (იხ. მხარეთა ახსნა-განმარტებები, 16.06.2021წ. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სხდომის ოქმი, 14:18-14:24 სთ.).

8. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს სააპელაციო სასამართლომ მისცა შემდეგი სამართლებრივი შეფასება:

8.1. მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა _ გაფიცვის კანონიერების შეფასება გამომდინარეობს შრომის კანონმდებლობიდან. მოსარჩელის მითითებით, სადავო გაფიცვა ორგანიზებული იქნა ა.(ა).ი.პ. „ბ.ნ.პ.კ“-ს მიერ.

8.2. სააპელაციო პალატამ მოიხმო სადავო პერიოდში მოქმედი „პროფესიული კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონის (ძალადაკარგულია 30.11.2018 წლიდან) მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, პროფესიული კავშირი არის საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული წესით შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, საქმიანობის მიხედვით – საერთო საწარმოო, პროფესიული ინტერესებით დაკავშირებულ პირთა (მუშაკთა) ნებაყოფლობითი საზოგადოებრივი გაერთიანება (ორგანიზაცია), რომლის მიზანია თავისი წევრების შრომითი, სოციალურ-ეკონომიკური და სამართლებრივი უფლებებისა და ინტერესების დაცვა და წარმომადგენლობა.

ამავე კანონის მე-10 მუხლის 1-ლი, მე-4 და მე-6 პუნქტების თანახმად, პროფესიული კავშირები, პროფესიული კავშირების გაერთიანებები (ასოციაციები) იცავენ და წარმოადგენენ პროფკავშირის წევრთა შრომით და სოციალურ-ეკონომიკურ უფლებებსა და ინტერესებს. პროფესიული კავშირი იცავს თავისი წევრების უფლებებს თავისუფლად გამოიყენონ შრომითი შესაძლებლობები, აირჩიონ პროფესია, მიიღონ შრომის სამართლიანი ანაზღაურება კანონმდებლობით დადგენილი მინიმალური ოდენობით მაინც. პროფესიულ კავშირს, პროფესიული კავშირების გაერთიანებას (ასოციაციას) შეუძლიათ თავისი უფლებამოსილების ფარგლებში მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, აგრეთვე დამსაქმებელთა, დამსაქმებელთა გაერთიანებების (კავშირების, ასოციაციების) და სხვა საზოგადოებრივი გაერთიანებების წინაშე მათ მიერ დაყენებული საკითხებისა და წინადადებების განხილვაში.

დასახელებული კანონის მე-13 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების თანახმად, პროფესიულ კავშირს უფლება აქვს, კანონით დადგენილი წესით, მონაწილეობა მიიღოს ინდივიდუალური და კოლექტიური შრომითი დავის განხილვასა და გადაწყვეტაში შრომის კანონმდებლობისა და კოლექტიური ხელშეკრულების, შეთანხმების პირობების დარღვევასთან დაკავშირებულ საკითხებზე. პროფესიულ კავშირს მუშაკთა შრომითი და სოციალურ-ეკონომიკური უფლებების დაცვის მიზნით უფლება აქვს, კანონმდებლობის შესაბამისად, მოამზადოს და ჩაატაროს გაფიცვა, მიტინგი, დემონსტრაცია და სხვა მასობრივი საპროტესტო აქცია.

ამავე კანონის 28-ე მუხლის თანახმად, ამ კანონით, პროფესიული კავშირების შესახებ სხვა სამართლებრივი და ნორმატიული აქტებით, გენერალური, დარგობრივი (სატარიფო) შეთანხმებებით, კოლექტიური ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შეუსრულებლობისათვის, სასამართლოს მიერ უკანონოდ ცნობილი მასობრივი საპროტესტო აქციების მომზადებისა და ჩატარებისათვის პროფესიული კავშირის და მისი ორგანოების ხელმძღვანელ მუშაკებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა კანონმდებლობის შესაბამისად.

8.3. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოპასუხის პრეტენზია პროფკავშირის არასათანადო მხარედ მიჩნევის შესახებ იმ მიზეზზე მითითებით, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით თითქოსდა არ დასტურდებოდა მათ მიერ გაფიცვის ორგანიზების ფაქტი. შ.პ.ს. „ბ.ს.ნ–ი“-ს დასაქმებულებს გარკვეული პრეტენზიები ჰქონდათ დამსაქმებელთან მათ ყოფით და სოციალურ–ეკონომიკურ მდგომარეობაზე, რის შესახებაც კომპანიაში დასაქმებულთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარე ა.მ–ძემ 2018 წლის 29 მარტის წერილით აცნობა დამსაქმებელს და ითხოვა წერილში მითითებული სადავო საკითხების გადაწყვეტა, ამასთან, განუმარტა, რომ ეს მოთხოვნები გამომდინარეობდა ორგანიზაციის გამგეობის სხდომის №4 გადაწყვეტილებიდან. დადგენილია, რომ სადავო გაფიცვაში და შიმშილობაში მონაწილეობდა 6 პირი, მათ შორის ა.მ–ძე, რომელიც არ წარმოადგენს ბათუმის ნავსადგურში დასაქმებულ პირს და მხოლოდ მოპასუხე პროფესიული კავშირის თავმჯდომარეა, ასევე, ამავე ორგანიზაციის კომიტეტის წევრები - გ.ზ–ძე, თ.ს–ძე და გ.ლ–ა. აღსანიშნავია ისიც, რომ სწორედ ა.მ–ძესთან და გ.ლ–ასთან იქნა შეთანხმებული გადაწყვეტილება გაფიცვისა და შიმშილობის შეწყვეტის შესახებ. ამ გარემოების მხედველობაში მიღებით, სსკ-ის 105-ე მუხლის შესაბამისად, საპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სწორედ ა.(ა).ი.პ. „ბ.ს.ნ.პ.კ–მა“ გაუკეთა ორგანიზება გაფიცვას, რის გამოც იგი მოცემულ დავაში სათანადო მოპასუხეა.

8.4. გაფიცვის უკანონოდ აღიარების მოთხოვნა, პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით, აღიარებითი სარჩელის კატეგორიას განეკუთვნება, რომლის დაკმაყოფილების საკითხზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს მოსარჩელის იურიდიული ინტერესი (სსსკ-ის 180-ე მუხლი). ისეთ ვითარებაში, როდესაც გაფიცვა დასრულებულია, მისი უკანონოდ აღიარების იურიდიული ინტერესი უნდა იყოს გამოკვეთილი და დასაბუთებული. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მიუთითებს, რომ გაფიცვის უკანონოდ ცნობის მიმართ გააჩნია იურიდიული ინტერესი ვინაიდან, გაფიცვის შედეგად ფაქტიურად ნავსადგური პარალიზებული იყო, ვერ ხდებოდა შემოსული გემების მომსახურება, რითაც მას მიადგა დიდი ოდენობით ზიანი. გარდა ამისა, „პროფესიული კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონის 28–ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ გაფიცვის უკანონოდ ცნობა წარმოადგენს პროფესიული კავშირის ხელმძღვანელი პირების მიმართ პასუხისმგებლობის დაკისრების ერთ–ერთ საფუძველს. ამ გარემოებების გათვალისწინებით, პალატამ მიიჩნია, რომ გაფიცვის უკანონოდ ცნობასთან დაკავშირებით მოსარჩელეს გააჩნია იურიდიული ინტერესი, რის გამოც იგი დასაშვებია.

8.5. გაფიცვის უფლებასა და მასთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებს ძირითადად აწესრიგებს შრომის კოდექსი. სადავო პერიოდში მოქმედი (2018 წლის მარტი-აპრილი) შრომის კოდექსის 48-52-ე მუხლებით დადგენილია გაფიცვის მოწყობის წესები, უფლების შეზღუდვის პირობები, უკანონო გაფიცვის შედეგები და დასაქმებულთა გარანტიები. "პროფესიული კავშირების შესახებ" საქართველოს კანონი კი ადგენს პროფესიული კავშირის უფლებას, კავშირის წევრ დასაქმებულთა შრომითი და სოციალურ-ეკონომიკური უფლებების დაცვის მიზნით, კანონმდებლობის შესაბამისად, მოამზადოს და ჩაატაროს გაფიცვა. იმისათვის, რომ გაფიცვის უფლება კანონით იქნეს დაცული, გაფიცვა უნდა აკმაყოფილებდეს კანონით დადგენილ წინაპირობებს. ეს წინაპირობებია: გაფიცვის საფუძველი, უფლება, ფორმა და აუცილებლობა; ა. გაფიცვის საფუძველია მხარეთა შორის დავის არსებობა, ანუ როდესაც არსებობს ინდივიდუალური ან/და კოლექტიური ხელშეკრულების პირობებთან დაკავშირებით უთანხმოება; ბ. გაფიცვის უფლება წარმოიშობა შრომის კოდექსის 481 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისათვის წერილობითი შეტყობინების გაგზავნიდან, ან მინისტრის მიერ საკუთარი ინიციატივით დავის მედიატორის დანიშვნიდან 21 კალენდარული დღის გასვლისთანავე. გ. გაფიცვის ფორმა შეიძლება პროტესტის გამოხატვის სხვადასხვა ხერხით იქნეს გამოხატული. დ. აუცილებლობა არსებობს მაშინ, როცა იგი დასაქმებულთა უფლებების დასაცავად დამსაქმებელთან არსებული კონფლიქტის დასარეგულირებლად უკანასკნელი გამოსავალია.

8.6. გაფიცვის დროისათვის მოქმედი საქართველოს შრომის კოდექსის 47-48-ე მუხლების თანახმად, დავა არის შრომითი ურთიერთობის დროს წარმოშობილი უთანხმოება, რომლის გადაწყვეტაც შედის შრომითი ხელშეკრულების მხარეთა კანონიერ ინტერესებში. დავა წარმოიშობა მხარის მიერ მეორე მხარისათვის გაგზავნილი წერილობითი შეტყობინებით უთანხმოების შესახებ. ეს უთანხმოება უნდა გადაწყდეს ამ კანონის 48-ე ან 481 მუხლით გათვალისწინებული შემათანხმებელი პროცედურის დაცვით, რაც გულისხმობს დამსაქმებელსა და დასაქმებულთა ჯგუფს შორის ან დამსაქმებელსა და დასაქმებულთა გაერთიანებას შორის პირდაპირი მოლაპარაკებების გამართვას ან მედიაციას ერთ-ერთი მხარის მიერ მინისტრისთვის შესაბამისი წერილობითი შეტყობინების გაგზავნის შემთხვევაში. მითითებული ნორმების თანახმად, მხარე მეორე მხარეს უგზავნის შემათანხმებელი პროცედურების დაწყების შესახებ წერილობით შეტყობინებას. ამ შეტყობინებაში ზუსტად უნდა იყოს მითითებული დავის წარმოშობის საფუძველი და მხარის მოთხოვნები. მხარეები ვალდებულნი არიან, მონაწილეობა მიიღონ შემათანხმებელ პროცედურებში და დაესწრონ ამ მიზნით დავის მედიატორის მიერ გამართულ შეხვედრებს.

8.7. გაფიცვის დროისათვის მოქმედი საქართველოს შრომის კოდექსის 49-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, გაფიცვა არის დავის შემთხვევაში დასაქმებულის დროებითი ნებაყოფლობითი უარი შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოვალეობების მთლიანად ან ნაწილობრივ შესრულებაზე. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, კოლექტიური დავის დროს გაფიცვის უფლება ან ლოკაუტის უფლება წარმოიშობა ამ კანონის 481 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად მინისტრისთვის წერილობითი შეტყობინების გაგზავნიდან ან 481 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად მინისტრის მიერ საკუთარი ინიციატივით დავის მედიატორის დანიშვნიდან 21 კალენდარული დღის გასვლისთანავე. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, კოლექტიური დავის დროს მისმა მხარეებმა გაფიცვის ან ლოკაუტის დაწყებამდე არანაკლებ 3 კალენდარული დღით ადრე ერთმანეთს და მინისტრს წერილობით უნდა შეატყობინონ გაფიცვის ან ლოკაუტის დრო, ადგილი, ხასიათი. ამავე კოდექსის 51-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ ერთ-ერთმა მხარემ თავი აარიდა შემათანხმებელ პროცედურებში მონაწილეობას და მოაწყო გაფიცვა ან ლოკაუტი, ასეთი გაფიცვა ან ლოკაუტი უკანონოდ ჩაითვლება.

8.8. შემათანხმებელ პროცედურებში მხარეთა მონაწილეობის მიზანი გაფიცვის პრევენციაა, რაც მნიშვნელოვანი პრაქტიკული და სამართლებრივი საშუალებაა მხარეთა შორის კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად და დავის „მშვიდობიანი“ გზით მოსაწესრიგებლად. დავის ინიციატორის მიერ შემათანხმებელი პროცედურების დაწყებამდე, მეორე მხარისა და მედიატორის (სამინისტროს) ინფორმირების მიზანი, არა მარტო დავის ალტერნატიული საშუალების _ მედიაციის გამოყენებით დავის მოგვარების მცდელობაა, არამედ შეტყობინება იმის თაობაზე, რომ მედიაციის პროცესის წარუმატებლად დასრულების შემთხვევაში, დავის ინიციატორი პრობლემის გადასაწყვეტად უკიდურეს ზომას - გაფიცვას მიმართავს. სწორედ ამით უნდა აიხსნას 51-ე მუხლის მე-3 ნაწილის დანაწესი, რომ გაფიცვის უკანონოდ ცნობის საფუძველია შემათანხმებელ პროცედურებში მონაწილეობაზე უარის თქმაა.

8.9. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხეს კანონით გათვალისწინებული წესით გაფიცვის თაობაზე დამსაქმებლისთვის ან/და სამინისტროსთვის არ შეუტყობინებია, რაც ადასტურებს, რომ მას არ მოუპოვებია გაფიცვის უფლება. მართალია, ა.(ა).ი.პ. „ბ.ს.ნ.პ.კ–ი“-ს თავჯდომარემ _ ა.მ–ძემ წერილი მისწერა კომპანიის დირექტორს, თუმცა ეს წერილი გაფიცვის თაობაზე ინფორმაციას არ შეიცავს, მასში აღწერილია, მხოლოდ დასაქმებულთა პრეტენზიები ყოფითი და სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ. ამასთან, წერილის ავტორი არ დაელოდა დამსაქმებლის საპასუხო წერილს და წერილის გაგზავნიდან 3 დღეში - 2018 წლის 02 აპრილს დაიწყო გაფიცვა.

8.10. იმის გათვალისწინებით, რომ შ.პ.ს. „ბ.ს.ნ–ი“-ს დირექტორმა 2018 წლის 03 აპრილს, კანონით დადგენილ 10 დღიან ვადაში, საპასუხო წერილი მისწერა ა.(ა).ი.პ. „ბ.ს.ნ.პ.კ–ი“-ს თავჯდომარეს ა.მ–ძეს, სადაც დააფიქსირა მათი პოზიცია თითოეულ სადავო საკითხთან დაკავშირებით და საქართველოს შრომის კოდექსის 47-ე, 481-ე მუხლების შესაბამისად, შესთავაზა შემათანხმებელი პროცედურების დაწყება და მედიაციის დაწყების მიზნით მედიატორის დანიშვნის თაობაზე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისათვის მიმართვის გაგზავნა, ხოლო აღნიშნული წერილისა და შემათანხმებელი პროცედურის დაწყების შეთავაზების მიუხედავად, მოპასუხემ გაფიცვა, მათ შორის შიმშილობა, მაინც გააგრძელა 05 აპრილის ჩათვლით, სააპელაციო პალატამ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება და მიიჩნია, რომ გაფიცვის თაობაზე კანონით დადგენილი შეტყობინების წესის დარღვევისა და დამსაქმებლის შეთავაზების მიუხედავად, შემათანხმებელ პროცედურებში მონაწილეობაზე თავის არიდების გამო, არსებობდა ა.(ა).ი.პ. „ბ.ს.ნ.პ.კ–ი“-ს მიერ ორგანიზებული 2018 წლის 02-05 აპრილის გაფიცვის უკანონოდ ცნობის წინაპირობები.

9. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა.(ა).ი.პ. „ბ.ს.ნ.პ.კ–მა“, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღების გზით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შემდეგი საფუძვლებით:

9.1. სააპელაციო პალატის მიერ არასწორად არის განმარტებული „პროფესიული კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონის ნორმები, კერძოდ, უგულვებელყოფილია მე-2 და მე-10 მუხლის მიზნები, რომელიც უშუალო კავშირშია განსახილველ დავასათან და არასწორად აქვს აქცენტი გაკეთებული ამ კანონის მე-13 მუხლზე, რის საფუძველზეც, საკუთარი ინტერპრეტაციით, პასუხისმგებლობა გადატანილი აქვს პროფესიულ კავშირსა და მის ხელმძღვანელ პირებზე. გაურკვეველია, რატომ მიიჩნია სასამართლომ, რომ პროფესიული კავშირის ხელმძღვანელი ა.მ–ძე შიმშილობდა როგორც ამ კავშირის თავმჯდომარე და არა როგორც რიგითი მოქალაქე, როდესაც, მაგალითად, შიმშილობის აქციაში აგრეთვე მონაწილეობდნენ ს.ს.ი.პ. ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობები, რომლებიც სოლიდარობას უცხადებდნენ ნავსადგურის გაფიცულ თანამშრომლებს.

9.2. როგორც პირველი ინსტანციაში, ისე სააპელაციო სასამართლოში, მოსარჩელე პრეტენზიას გამოხატავდა გაფიცვაში მონაწილე თანამშრომლების მიმართ, შესაბამისად, მოპასუხედ პროფესიული კავშირის განსაზღვრა იყო არასწორი, ვინაიდან დასაქმებული პირები ერთობლივად, კრებსითად, არ შეიძლება წარმოვიდგინოთ პროფესიულ გაერთიანებად. პროფესიულ კავშირს გაფიცვის ორგანიზებასთან კავშირი არ აქვს, გარდა სიტუაციის დარეგულირების მცდელობისა. მეტიც, პროფკავშირის 2018 წლის 19 მარტის წერილიდან ირკვევა, რომ დასაქმებულთა მხრიდან ბოლო პერიოდში გაიზარდა მომართვიანობა, რომელიც ეხება მათ ყოფით და სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას, მასში ხაზგასმულ იქნა კონკრეტული პრობლემები, რომლის ირგვლივაც დასაქმებულები ითხოვდნენ დირექტორთან შეხვედრას. წერილს დაერთვოდა 318 დასაქმებულის ხემოწერა. 2018 წლის 26 მარტს გაიწერა შეხვედრების გრაფიკი საზღვაო ნავსადგურის ადმინისტრაციასა და დასაქმებულებს შორის, საიდანაც იკვეთება, რომ დავის მხარეებს წარმოადგენენ ზემოაღნიშნული პირები და არა პროფესიული კავშირი, რაც უტყუარი მტკიცებულებაა იმისა, რომ გაერთიანება არ არის სათანადო მოპასუხე და მას რაიმე კავშირი გაფიცვის ორგანიზებასთან არ გააჩნია.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო:

11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

13. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

14.1. განსახილველი დავის სწორად გადაჭრის მიზნებისათვის, სასამართლოებს მართებდათ, ერთი მხრივ, გაფიცვის მოზადებისა და ჩატარების პროცესში მოპასუხის მონაწილეობის ხარისხის განსაზღვრა, რათა გადაწყვეტილიყო, მიმართა თუ არა მოსარჩელემ საკუთარი მოთხოვნა სწორად შერჩეული მოპასუხის მიმართ, ხოლო მეორე მხრივ, წარიმართა თუ არა მოპასუხედ დასახელებული პირის მიერ გაფიცვის პროცედურები კანონის მოთხოვნათა დაცვით. სწორედ ამ გარემოებათა კუმულატიურად დადებითად გადაწყვეტის შემთხვაში ექვემდებარება სარჩელი დაკმაყოფილებას.

14.2. უწინარეს ყოვლისა, საკასაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ საკასაციო საჩივარი სრულად მიემართება ა.(ა).ი.პ. „ბ.ს.ნ.პ.კ–ი“-ს სათანადო მოპასუხედ მიჩნევის მართლზომიერებას, ხოლო გაფიცვის კანონიერებასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს მიერ განხორციელებული შეფასებების საწინააღმდეგო დასაბუთებას იგი არ შეიცავს, ამდენად, საკასაციო პალატას, შებოჭილია რა იგი საკასაციო საჩივრის შინაარსით, (სსსკ 404-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ” ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა) გადაწყვეტილების ამ ნაწილის შემოწმება არ შეუძლია, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობის შეფასებისას, საკასაციო პალატა საკუთარ დასაბუთებას შემოფარგლავს მარტოოდენ იმ საკითხით, რამდენად არის პროფესიული კავშირი პასუხისმგებელი სასარჩელო მოთხოვნაზე, ესე იგი, სწორად არის თუ არა იგი დასახელებული მოპასუხე პირად.

14.3. ვიდრე საკსაციო პალატა პროფესიული კავშირის გაფიცვის ორგანიზებაში მონაწილეობის ხარისხს შეაფასებს, უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს კონსტიტუცია, კერძოდ, კონსტიტუციის 26-ე მუხლი, აღიარებს და იცავს შრომის თავისუფლებას, როგორც ადამიანის ფუნდამენტურ სოციალურ უფლებას და შრომითი უფლებების ეფექტურად დაცვისა და აღსრულების უზრუნველსაყოფად აღიარებს პროფესიული კავშირის შექმნისა და მასში გაერთიანების შესაძლებლობას.

14.4. ბუნებრივია, შრომითი უფლებების დაცვა შეუძლია ერთ ინდივიდსაც და სახელმწიფო აღნიშნულის გარანტად უნდა ევლინებოდეს საკუთარ მოქალაქეს, თუმცა გაერთიანება, როგორც რამდენიმე პირის ძალთა (ინტელექტუალური, ფინანსური და ა.შ.) კონსოლიდაციის შედეგი, შრომით უფლებათა უფრო ეფექტურად დაცვის მექანიზმია. სწორედ ამ მიზნით არის წახალისებული კონსტიტუციურ დონეზე პროფესიული კავშირების არსებობა. „პროფესიული კავშირების ჩამოყალიბება და საქმიანობა ხელს უწყობს კონსტიტუციურად დეკლარირებული სოციალური სახელმწიფოს პრინციპის განხორციელებას. თანამედროვე დემოკრატიებში პროფესიული კავშირები დიდ ძალას წარმოადგენენ. ისინი იცავენ როგორც თავიანთ პროფესიულ, ისე შრომით უფლებებს და გარკვეულ გავლენას ახდნენ ხელისუფლების მიერ სოციალურ სფეროში მიღებულ გადაწყვეტილებებზე...“ (იხ. „საქართველოს კონსტიტუციის კომენტარი, თავი მეორე, საქართველოს მოქალაქეობა, ადამიანის ძირითადი უფლებანი და თავისუფლებანი”, გამომცემლობა შ.პ.ს. „პეტიტი”, თბილისი, 2013. გვ. 305).

14.5. ამდენად, დასაქმებულებს პროფესიული კავშირი ესაჭიროებათ სწორედ იმიტომ, რომ ინდივიდუალური ძალისხმევა შრომითი უფლებების დაცვის მიმართულებით გააერთიანონ და აქციონ იგი ანგარიშგასაწევ ძალად როგორც დასაქმებულისთვის, ისე სახელმწიფო ხელისუფლებისათვის.

14.6. კანონმდებელი პროფესიული კავშირის ცნებაში მიუთითებს, რომ ეს არის მიზნით დეტერმინირებული გაერთიანება და მისი ფუნქციური დანიშნულება თავისი წევრების შრომითი, სოციალურ-ეკონომიკური და სამართლებრივი უფლებებისა და ინტერესების დაცვა და წარმომადგენლობაა („პროფესიული კავშირების შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 02 აპრილის კანონის (ძალადაკარგულია 2018 წლის 30 ნოემბრის კანონით) მე-2 მუხლის პირველი პუნქტი). ამავე კანონის მე-3 მუხლის მეთორმეტე პუნქტის თანახმად, პროფკავშირის წევრი არის ფიზიკური პირი (მუშაკი, დროებით უმუშევარი, პენსიონერი, სტუდენტი), რომელიც იზიარებს (ეთანხმება) პროფკავშირის წესდებას, ასრულებს მას და ირიცხება პროფკავშირულ ორგანიზაციაში.

14.7. რამდენადაც პროფესიული კავშირის წევრები საერთო ხედვისა და იდეის გარშემო გაერთიანებულ პირებს წარმოადგენენ, პროფესიულ კავშირს წარმოეშვება ვალდებულება, მყისიერად რეაგრებდეს მისი წევრის უფლებრივ მდგომარეობაზე და მიმართავდეს მისთვის „პროფესიული კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონისა და თავად კავშირის წესდებით მინიჭებულ ყველა ზომას, წარმოადგენდეს მის ინტერესს როგორც დამსაქმებლის, ისე სახელმწიფო ხელისუფლების წინაშე (კანონის მე-10 მუხლი). კავშირს, მის მიერ წარმოდგენილი წევრების შრომითი უფლებების ეფექტურად დასაცავად, იმგვარი რადიკალური ღონისძიების მომზადებისა და ჩატარების უფლებაც კი გააჩნია, როგორიც გაფიცვაა (კანონის მე-13 მუხლის მეორე პუნქტი). ამავდროულად, გაფიცვის უკანონოდ ცნობის სარჩელებში მოპასუხედ პროფესიული კავშირის მიჩნევა გამომდინარეობს გაფიცვის მომზადებასა და ჩატარებაში პროფესიული კავშირის მონაწილეობის ხარისხიდან (იხ. სუსგ. №ას-506-484-2016, 28.09.2016წ; №ას-480-461-2016, 01.07.2016წ; 01.07.2016წ).

15. საქართველოს უზენაეს სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაში აღუნიშნავს, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სამოქალაქო საქმეებზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებისა და ზოგადად, მართლმსაჯულების განხორციელების საფუძველს წარმოადგენს იმის სწორად განსაზღვრა, თუ რა სამართლებრივი საფუძვლიდან გამომდინარეობს მხარეთა შორის წარმოშობილი დავა. ამ მიზნით, საქმის განხილველმა სასამართლომ პირველყოვლისა, უნდა დაადგინოს მოთხოვნის მატერიალური საფუძველი - მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გამოარკვიოს მოძიებული ნორმის წინაპირობები, მისი აბსტრაქტული შემადგენლობა და შემოაწმოს განხორციელებულია თუ არა განსახილველ საქმეზე ყველა მათგანი. ამ ასპექტში, ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით, სასამართლო შეზღუდულია სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებით: იგი ამოწმებს რომელ კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითებს მოსარჩელე, ქმნიან თუ არა ისინი დამფუძნებელი ნორმის უკლებლივ ყველა წანამძღვარს. ამის შემდეგ მოწმდება, მოპასუხის პოზიცია რამდენად აქარწყლებს წარმოშობილ წანამძღვრებს (იხ. სუსგ. №ას-860-860-2018, 16.11.2018წ). დადგენილი ფაქტების სამართლებრივი შეფასება სასამართლოს პრეროგატივაა და ამ პროცესში ის შებოჭილი არ არის მხარეთა მოსაზრებებით (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 02.03.2017წ. №ას-664-635-2016 გადაწყვეტილება).

16.1. გაფიცვის ორგანიზების განმახორციელებელი პირის სწორად იდენტიფიცირების მიზნებისათვის, აუცილებელია, ყურადღება მიექცეს იმ წინარე მოვლენებს, რომლებიც, საბოლოო ჯამში, საფუძვლად დაედო გაფიცვის ფაქტს. ამ თვალსაზრისით, პალატა ყურადღებას მიაპყრობს ჯერ კიდევ 2018 წლის 19 მარტს პროფესიული კავშირის მიერ დამსაქმებელთან დამყარებული კომუნკაციის შინაარსს _ პროფკავშირის თავმჯდომარე მიუთითებს მოსარჩელე ორგანიზაციაში დასაქმებული პროფკავშირის წევრების შრომითი უფლებების შელახვის კონკრეტულ შემთხვევებზე და დამსაქმებელს სთხოვს მათზე ეფექტურ რეაგირებას (ს.ფ. 99-101), საკითხის სიმწვავისა და პროფკავშირის ლეგიტიმაციის ხარისხის უზრუნველსაყოფად კი განცხადებას თან ურთავს ასეულობით დასაქმებულის ხელმოწერას (ს.ფ. 102-118); 2018 წლის 27 მარტს პროფკავშირი ინტერესდება საწარმოში რეორგანიზაციის დაგეგმვის შესახებ ინფორმაციის სისწორით და ითხოვს ნავსადგურის დირექტორისგან მის დადასტურებას ან უარყოფას (ს.ფ. 98); 2018 წლის 29 მარტს მიწერილ წერილში ბ.ს.ნ.პ.კ–ის გამგეობის სხდომის №4 გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით მოითხოვს ამ განჩინების 7.2. პუნქტში დასახელებული პრობლემების მყისიერ მოგვარებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, უთითებს ვითარების ესკალაციის შესაძლებლობაზე, ხოლო განვითარებულ მოვლენებზე იხსნის პასუხისმგებლობას.

16.2. გაფიცვის მიზეზად ქცეული პრობლემების გარშემო პროფკავშირის ინტენსიური ურთიერთობა დამსაქმებელთან, ამ მიზეზითვე გამგეობის სხდომის ჩატარება, სადავო საკითხებზე გადაწყვეტილების მისაღებად დროის მიცემა და სიტუაციის უკიდურესად დაძაბვის რისკებზე მითითება, აგრეთვე განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობის მოხსნა, რაც, ლოგიკურად, ამავე პასუხისმგებლობის დამსაქმებელზე გადატანას და არა კავშირის მიერ მისი წევრების მოქმედებების შედეგებისგან გამიჯვნას გულისხმობს, ქმნის პროტესტის მომზადებაში პროფკავშირის აქტიური მონაწილეობის ვარაუდს.

16.3. საქმის მასალებში წარმოდგენილია მტკიცებულება (ს.ფ. 45-47), რომლის თანახმადაც, ნავსადგურის თანამშრომლები აღიარებენ, რომ გაფიცვისა და შიმშილობის შეწყვეტის გადაწყვეტილება შეათანხმეს პროფკავშირის თავმჯდომარე ა.მ–ძესთან და კომიტეტის წევრ გ.ლ–ასთან. იმ მოსაზრების დაშვებით, რომ პროფკავშირს, გაფიცვის მომზადებასა და გამართვაში მონაწილეობა არ მიუღია, ლოგიკური ახსნა ეკარგება პროფკავშირის შესაბამის წარმომადგენლებთან პროტესტის (გაფიცვა, მშიმშილობა) შეწყვეტის გადაწყვეტილების შეთანხმების მოტივსა და მიზანს.

16.4. გაფიცვის ჩატარების პროცესში პროფკავშირის თავმჯდომარისა და კომიტეტის წევრების იმგვარი მონაწილეობა, რაც დასაქმებულებთან ერთად შიმშილს გულისხმობს, ქმნის სწორედ იმის აღქმას, რომ აღნიშნული პირები არა როგორც რიგითი მოქალაქეები, არამედ როგორც გაფიცვის ორგანიზატორი გაერთიანების წარმომადგენლები, მონაწილეობდნენ საპროტესტო მოქმედებაში, რამეთუ რაიმე მტკიცებულება, რომ გაფიცულთა მიმართ სოლიდარობის მასშტაბები გასცდა დასაქმებულთა და პროფკავშირის ფარგლებს და მასობრივი მღელვარების სახე მიიღო, საქმის მასალებით არ დასტურდება. კასატორის მითითებას მასზედ, რომ ნავსადგურის თანამშრომლებთან ერთად შიმშილობის აქტში, სოლიდარობის მიზნით, მონაწილეობდნენ სხვა პირებიც, მათ შორის, თეატრის მსახიობები, საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულება არ ამყარებს, ამდენად, ამ გარემოების მტკიცების ტვირთი კასატორს სსსკ 102-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესის შესაბამისად დაძლეული არ აქვს. ამავდროულად, ხსენებული გარემოება არ მითითებულა საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში განხილვისას, მოსამზადებელი სტადიის დასრულებამდე, რაც საპატიო მიზეზის მიუთითებლობის პირობებში, სსსკ 219-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ახალ გარემოებაზე მითითების დაუშვებელ შემთხვევას წარმოადგენს და იგი მხედველობაში მიღებული ვერ იქნება საამისო მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაშიც კი.

16.5. ამრიგად, გაფიცვის მოწყობამდე მის განმაპირობებელ მიზეზებთან დაკავშირებით პროფკავშირის თამჯდომარის აქტიური კომუნიკაცია დამსაქმებელთან იმ ფორმითა და შინაარსით, როგორც ეს აღიწერა წინამდებარე განჩინების 16.1. პუნქტში, გაფიცვისა და შიმშილობის აქტებში პროფკავშირის თავმჯდომარისა და კომიტეტის წევრის უშუალო მონაწილეობა, დასაქმებულთა მიერ გაფიცვისა და შიმშილობის შეწყვეტის გადაწყვეტილების მიღებამდე ამავე საკითხთა შეთანხმება პროფკავშირის თავმჯდომარესა და კომიტეტის წევრთან, მტკიცებულებათა ერთობლიობით, სსსკ 105-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატას, ქვემდგომი სასამართლოს მსგავსად, უქმნის მყარ შინაგან რწმენას მასზედ, რომ 2018 წლის 02-05 აპრილის გაფიცვა მომზადებული და ჩატარებული იქნა პროფკავშირის ორგანიზებით. საგულისხმოა, რომ საწინააღმდეგო გარემოების დადასტურების მიზნით, კასატორს საქმის მასალებში რაიმე მტკიცებულება წარმოდგენილი არ აქვს, არამედ, უთითებს ზოგადი ხასიათის არგუმენტებზე, რომ პროფკავშირს დავაში მხოლოდ შუამავლის ფუნქცია გააჩნდა და მოლაპარაკების პროცესში დამსაქმებელთან დასაქმებულები უშუალოდ მონაწილეობდნენ. პალატის მოსაზრებით, გაფიცვის წინარე შეხვედრებში დასაქმებულთა უშუალო მონაწილეობის ფაქტი ამავე პროცესებში პროფკავშირის მონაწილეობას არ გამორიცხავს, რამეთუ შეხვედრების გამართვის ინიციატორი თავად პროფესიული კავშირი იყო (ს.ფ. 99-101). შესაგებლის საფუძვლების დადასტურების მიზნით რელევანტური მტკიცებულებების წარუდგენლობამ კი, მოსარჩელის წილი მტკიცების ტვირთის დაძლევის პირობებში, მართებულად განაპირობა სარჩელის დაკმაყოფილების შედეგი.

17. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

18. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამრიგად, ა.(ა).ი.პ. „ბ.ს.ნ–ის პროფესიულ კავშირს“ უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70%, რაც შეადგენს 210 ლარს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა.(ა).ი.პ. ბ.ს.ნ.პ.კ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. ა.(ა).ი.პ. ბ.ს.ნ–ის პროფესიულ კავშირს (ს/კ ....) დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 300 ლარის (საგადახდო დავალება №2829, გადახდის თარიღი: 24.03.2022წ, რეფერენსი: 12897954798, გადამხდელის ბანკი: ს.ს. „საქართველოს ბანკი“) 70% – 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე

ლაშა ქოჩიაშვილი

თეა ძიმისტარაშვილი