24 თებერვალი, 2023 წელი
№ას-1141-2022 ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე)
ლაშა ქოჩიაშვილი (მომხსენებელი)
თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი _ შ.პ.ს. „რ–ი“
მოწინააღმდეგე მხარე _ გ.ტ–ძე
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 05 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება, და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი _ თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. შ.პ.ს. „რ–ი“-მ (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „I აპელანტი“, „კასატორი“ „გამყიდველი“) სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას გ.ტ–ძის (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „II აპელანტი“, „კასატორის მოწინააღმდეგე მხარე“, „მყიდველი“) მიმართ, ნასყიდობის საფასურის გადაუხდელი ნაწილის - 20 460 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის დაკისრების მოთხოვნით.
სარჩელის საფუძვლები:
2.1. შ.პ.ს. „რ–ი“ ქ.ბათუმში, ...... ახორციელებს მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობას, შ.პ.ს. „ბ. ?“-ის მეშვეობით, მასთან 2016 წლის 21 აგვისტოს დადებული ნარდობის ხელშეკრულების საფუძველზე.
2.2. 2017 წელს შ.პ.ს. „რ–ი“ და შ.პ.ს. „ბ. ?“ შეთანხმდენენ, რომ თუ შ.პ.ს. „რ–ი“ მშენებარე საცხოვრებელი სახლიდან ერთ კვ.მ. საცხოვრებელ ფართს გაასხვისებდა 360 აშშ დოლარად, შ.პ.ს. „ბ. ?“ მოიძიებდა ორი საცხოვრებელი ბინის მყიდველს, რომლის მიერ გადახდილი ნასყიდობის საფასური სრულად გადაერიცხებოდა შ.პ.ს. „ბ. ?“-ს, ნარდობის ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოების ანაზღაურების მიზნით.
2.3. 2017 წლის 15 თებერვალს, შ.პ.ს. „ბ. ?“-ის დირექტორის მ.ჯ–ის შვილმა დ.ჯ–მა (რომელიც უშუალოდ მონაწილეობდა შ.პ.ს. „რ–ი“-სა და შ.პ.ს. „ბ. ?“-ს შორის მოლაპარაკებებსა და საქმიან ურთიერთობაში), შ.პ.ს. „რ–ი“-ს წარუდგინა უძრავი ქონების შეძენით დაინტერესებული პირი მოპასუხე გ.ტ–ძე. იმავე დღეს, შ.პ.ს. „რ–ი“-ს და გ.ტ–ძეს შორის დაიდო უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება ქ.ბათუმში, ...... მშენებარე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში მე-5 სართულზე მდებარე 49.2 კვ.მ. ფართის, 17 712 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ღირებულების №44 ბინაზე და ამავე სართულზე მდებარე 49.3 კვ.მ ფართის, 17 748 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ღირებულების ბინა №46-ზე. ჯამში, ნასყიდობის საფასურმა შეადგინა 35460 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი. 2017 წლის 16 თებერვალს ორივე უძრავი ნივთი საჯარო რეესტრში აღირიცხა გ.ტ–ძის სახელზე.
2.4. მიუხედავად იმისა, რომ მყიდველს ნასყიდობის ღირებულება სრულად გადახდილი არ ჰქონდა, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულებაში ნასყიდობის ღირებულება მიეთითებოდა სრულად გადახდილად. მხარეთა შეთანხმებით, ნასყიდობის ღირებულება გ.ტ–ძეს შ.პ.ს. „რ–ი“-სთვის უნდა გადაეხადა ნასყიდობის ხელშეკრულების საჯარო რეესტრში წარდგენის დღესვე, ანუ 2017 წლის 15 თებერვალს, უნაღდო ანგარიშსწორების გზით, თუმცა გ.ტ–ძემ შეთანხმებისამებრ გადაიხადა მხოლოდ 15 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი, დარჩენილი თანხის - 20 460 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდაზე კი უარი განაცხადა იმ მოტივით, რომ აღნიშნული თანხა მან გადაუხადა შუამავალ დ.ჯ–ს, რის გამოც შ.პ.ს. „რ–ი“-ს მიმართ რაიმე შეუსრულებელი ვალდებულება აღარ გააჩნია.
მოპასუხის პოზიცია:
3. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ საცხოვრებელი ბინების ნასყიდობის ღირებულება, ჯამში 35 460 აშშ დოლარი, შ.პ.ს. „რ–ი“-სთვის გადახდილი აქვს სრულად, მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული პირობების დაცვით, რის გამოც მოსარჩელის მიმართ რაიმე დავალიანება არ გააჩნია.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებით, შ.პ.ს. „რ–ი“-ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, მოპასუხე გ.ტ–ძეს შ.პ.ს. „რ–ი"-ს სასარგებლოდ დაეკისრა 5460 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ანაზღაურება.
5. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა როგორც შ.პ.ს. „რ–ი“-მ, ისე გ.ტ–ძემ. მოსარჩელემ მოითხოვა ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო მოპასუხემ _ სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 05 ივლისის განჩინებით, სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
7. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია დავისთვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
7.1. რ.მ–ძე არის შ.პ.ს. „რ–ი“-ს დირექტორი - ხელძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი და ამასთან, კომპანიის კაპიტასლის 85% წილის მესაკუთრე.
7.2. შ.პ.ს. „რ–ი“ ქ.ბათუმში, ......, ახორციელებს მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობას შ.პ.ს. „ბ. ?“-ის მეშვეობით, შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ, მასთან დადებული ნარდობის ხელშეკრულების საფუძველზე. შ.პ.ს. „რ–ი“-სთან საქმიანი ურთიერთობის ფარგლებში, შ.პ.ს. „ბ. ?“-ს წარმოადგენდა კომპანიის დირექტორის მ.ჯ–ის შვილი დ.ჯ–ი, რომელიც მონაწილეობდა მხარეთა შორის არსებულ ყველა შეთანხმებაში.
7.3. 2017 წელს, დ.ჯ–მა შ.პ.ს. „რ–ი“-ს დირექტორ რ.მ–ძეს გააცნო გ.ტ–ძე, რომელიც დაინტერესებული იყო ქ.ბათუმში, ....... მშენებარე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში ორი საცხოვრებელი ბინის შეძენით. მხარეები შეთანხმდნენ, რომ გ.ტ–ძე, ხელშეკრულების საჯარო რეესტრში რეგისტრაციისთანავე გადაუხდიდა შ.პ.ს. „რ–ი“-ს ბინების ნასყიდობის ღირებულებას (1 კვ.მ.-ზე 360 აშშ დოლარის ოდენობით), რომელსაც შ.პ.ს. „რ–ი“, თავის მხრივ, გადაუხდიდა შ.პ.ს. „ბ. ?“-ს, ნარდობის ხელშეკრულების საფუძველზე მენარდის მიერ შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების ანგარიშში.
7.4. 15.02.2017წ. უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე, შ.პ.ს. „რ–ი“ (წარმომადგენელი - რ.მ–ძე) გ.ტ–ძეს 17 712 აშშ დოლარად და 17 748 აშშ დოლარად მიჰყიდა ორი უძრავი ქონება, მდებარე: ქ.ბათუმი, .......
7.5. 15.02.2017წ. ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე, უძრავი ქონებები, მდებარე: ქ.ბათუმი, ........, ს/კ ........ და ს/კ ........ 16.02.2017წ. აღირიცხა გ.ტ–ძის საკუთრებაში.
7.6. მიუხედავად ნასყიდობის ხელშეკრულებებში არსებული ჩანაწერისა, რომ ნასყიდობის საგნების ღირებულება სრულად იქნა გადახდილი მყიდველის მიერ, ხელშეკრულებების გაფორმებამდე გ.ტ–ძეს ნასყიდობის თანხა შ.პ.ს. “რ–ი”-სთვის არ გადაუხდია. ნასყიდობის საგნის ღირებულების ნაწილის გადახდა მოხდა მხოლოდ ხელშეკრულებების გაფორმების შემდეგ.
7.7. 15.02.2017წ. გ.ტ–ძემ შ.პ.ს. „რ–ი“-ს საბანკო ანგარიშზე ჩაურიცხა უძრავი ქონების ნასყიდობის საფასურის ნაწილი - 15000 აშშ დოლარის ექვივალენტი - 39 700.50 ლარი (იხ. ტომი 1, ს/ფ 26-28).
7.8. 25.05.2017წ. გ.ტ–ძის ნოტარიულად დამოწმებული ხელწერილიდან დგინდება, რომ ზემოაღნიშნული ბინების ყიდვა, რომლის ღირებულება იყო 35 00 აშშ დოლარი, მას შესთავაზა დ.ჯ–მა, რომელსაც გადასცა 30 000 აშშ დოლარი. ხოლო დარჩენილი 5 000 აშშ დოლარი უნდა გადაეცა ორი კვირის ვადაში. შ.პ.ს. „რ–ი“-ს დირექტორ რ.მ–ძესთან ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, დ.ჯ–მა, სასტუმრო „რ–ში“, მას გადახდილი თანხიდან გადასცა 15 000 აშშ დოლარი, რაც ჩარიცხა შ.პ.ს. „რ–ი“-ს საბანკო ანგარიშზე, ხოლო დარჩენილი 15 000 აშშ დოლარი დ.ჯ–ს მათთვის არ გადაუცია, რადგან ისინი ენდნენ, რომ თანხა წაეღო ნაცნობთან კარგი ვალუტის კურსით გადასახურდავებლად.
7.9. 29.05.2017წ. შ.პ.ს. „რ–ი“-ს დირექტორმა რ.მ–ძემ განცხადებით მიმართა ბათუმის რაიონულ პროკურატურას, სადაც აღნიშნა, რომ დ.ჯ–მა მასთან მიიყვანა გ.ტ–ძე, რომელსაც შემდგომში 35 000 აშშ დოლარად მიყიდა ორი უძრავი ქონება. როდესაც საჯარო რეესტრში გააფორმეს ნასყიდობის ხელშეკრულებები, დ.ჯ–მა განაცხადა, რომ მას ფული ედო ჯიბეში, თუმცა, ვინაიდან საჯარო რეესტრში ბევრი ხალხი იყო, გადაწყვიტეს თანხა გადაეხადათ ბანკით. აღნიშნულის გამო წავიდნენ სასტუმრო „რ–ში“, სადაც დ.ჯ–მა გადასცა 15 000 აშშ დოლარი გ.ტ–ძეს, რომელმაც ეს თანხა ჩარიცხა შ.პ.ს. „რ–ი“-ს საბანკო ანგარიშზე, ხოლო დარჩენილი თანხა წაიღო დ.ჯ–მა კარგი ვალუტის კურსით ნაცნობთან გადასახურდავებლად. ის (რ.მ–ძე) დ.ჯ–ს მიენდო, რომელმაც წაიღო თანხა დასახურდავებლად და უკან აღარ მიუტანია. დ.ჯ–მა ისარგებლა მათი ნდობით და მოტყუებით მიითვისა შ.პ.ს. „რ–ი“-ს 20 000 აშშ დოლარი. აღნიშნულ ფაქტს ადასტურებდა მყიდველი გ.ტ–ძე, რომელმაც აღნიშნული ფაქტის ირგვლივ ხელწერილი დაამოწმა ნოტარიულად, რის გამოც რ.მ–ძემ ითხოვა გ.ტ–ძის გამოკითხვა.
7.10. გამოძიების მასალებში დაცული და სასამართლოში წარმოდგენილია გ.ტ–ძესთან 14.06.2017წ. გასაუბრების შესახებ ოქმი, რომლის თანახმად, 2017 წლის დასაწყისში გაიცნო დ.ჯ–ი, რომლის შეთავაზებითაც გაიცნო შ.პ.ს. „რ–ი“-ს დირექტორი რ.მ–ძე და ამ კომპანიისაგან შეიძინა ორი მშენებარე ბინა, 35 000 აშშ დოლარად. 15.02.2017 წელს, მასსა და შ.პ.ს. „რ–ი“-ს შორის დაიდო უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებები და ის იმავე დღეს დარეგისტრირდა ქონებების მესაკუთრედ. ამის შემდეგ, დ.ჯ–თან და რ.მ–ძესთან ერთად მივიდა სასტუმრო „რ–ის“ პირველ სართულზე არსებულ „ს. ბ–ის“ შენობაში და მათ გადასცა 30 000 აშშ დოლარი. ის იმყოფებოდა ბანკის ფოიეში, ხოლო მოლარესთან მივიდნენ დ.ჯ–ი და რ.მ–ძე. ცოტა ხნის შემდეგ მას მიაწოდეს 15 000 აშშ დოლარი ექვივალენტის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, ხოლო დარჩენილ 15 000 აშშ დოლარზე განაცხადეს, რომ ერთმანეთში მორიგდებოდნენ და მეორე დღეს შეიტანდნენ შ.პ.ს. „რ–ი“-ს ანგარიშზე. ორი კვირის შემდეგ, მან დარჩენილი 5 000 აშშ დოლარი გადასცა დ.ჯ–ის მამას მ.ჯ–ს, ამ თანხის გადაცემას არავინ ესწრებოდა.
7.11. გ.ტ–ძის საბანკო ანგარიშის ამონაწერის შესაბამისად, 15.02.2017წ. მას საბანკო ანგარიშზე რუსეთის ფედერაციიდან ორჯერ დაერიცხა 15 000 აშშ დოლარი, ჯამში 30 000 აშშ დოლარი, ხოლო 28.02.2017წ. - 5 000 აშშ დოლარი.
7.12. 23.01.2019წ. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული დ.ჯ–ის ჩვენების თანახმად, გ.ტ–ძემ სასტუმრო „რ–ში“ განთავსებული ს.ს. „ს. ბ“-დან გამოიტანა შ.პ.ს. „რ–ი“-სთვის გადასახდელი თანხა და 15 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი შ.პ.ს. „რ–ი“-ს გადაუხადა უნაღდო ანგარიშსწორებით, ხოლო 15 000 აშშ დოლარი მისი თანდასწრებით ნაღდი ანგარიშსწორებით უშუალოდ გადასცა შ.პ.ს. „რ–ი“-ს დირექტორს რ.მ–ძეს, რომელმაც გ.ტ–ძისაგან მიღებული 15 000 დოლარი, თავის მხრივ, გადასცა მას, მშენებარე მრავალსართულიანი სახლისათვის სამშენებლო მასალების შესაძენად. დარჩენილი 5000 აშშ დოლარი, რამოდენიმე დღის შემდეგ, გ.ტ–ძემ დაუტოვა მოწმის მამას. 15 000 აშშ დოლარის შ.პ.ს. „რ–ი“-სთვის ანგარიშზე ჩარიცხვის შემთხვევაში, თანხას დააკლდებოდა საშემოსავლო გადასახადი 18%–ის ოდენობით, რის გამოც თანხა საკმარისი აღარ იქნებოდა სამშენებლო მასალების შესაძენად. სწორედ ამ მიზეზით შ.პ.ს. „რ–ი“-ს დირექტორმა რ.მ–ძემ მიიღო გადაწყვეტილება, ნასყიდობის ღირებულება მიეღო ნაღდი ანგარიშსწორებით.
8. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს სააპელაციო პალატამ მისცა შემდეგი სამართლებრივი შეფასება:
8.1. სადავოა ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე საფასურის გადახდის ვალდებულების შეუსრულებლობა, შესაბამისად, მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის მეორე ნაწილია (მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება).
8.2. მოცემული დავის ფარგლებში, მხარეთა შორის სადავოა ნასყიდობის ფასის ნაწილის - 20 460 აშშ დოლარის გამყიდველისათვის გადაცემა და შესაბამისად, ვალდებულების შეწყვეტა - შესრულებით. მოსარჩელის მტკიცებით, გ.ტ–ძემ ნასყიდობის ფასის სადავო ნაწილი გადასცა შუამავალ დ.ჯ–ს, რომელსაც შესრულება კრედიტორისთვის არ გადაუცია, შესაბამისად, ამ ვითარებაში ვალდებულება შესრულებულად ვერ ჩაითვლება. მოპასუხე/მყიდველის მტკიცებით კი, მან სარჩელით სადავო თანხა გამყიდველის თანხმობითა და ნებით, უშუალოდ გადასცა შუამავალ დ.ჯ–ს. შესაბამისად, მას შესრულებული აქვს სადავო თანხის გადახდის ვალდებულება, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
8.3. წინამდებარე დავა გადაწყვეტას ექვემდებარება სამოქალაქო კოდექსის 373-ე მუხლის მე-2 ნაწილის ფარგლებში (თუ ვალდებულების შესრულება მიიღო იმ პირმა, რომელიც არ იყო უფლებამოსილი, ვალდებულება ჩაითვლება შესრულებულად მაშინ, როცა კრედიტორმა მისცა ამის თანხმობა ან ამ შესრულებისგან მიიღო სარგებელი), რომელიც განსაზღვრავს შესრულებული ვალდებულების მიღებაზე უფლებამოსილ პირთა წრეს და არაუფლებამოსილი პირების მიერ ვალდებულების შესრულების მიღების წესებს, რა დროსაც ვალდებულება შესრულებულად ითვლება. არაუფლებამოსილი პირის მიმართ განხორციელებული შესრულება ნამდვილია, თუ უფლებამოსილი პირი თანახმაა არაუფლებამოსილი პირის მიერ შესრულების მიღებაზე. წინასწარ თანხმობას, სამართლებრივი ძალმოსილების კუთხით, შემდგომი მოწონება უთანაბრდება (სსკ-ის 101-ე მუხლის შესაბამისად, შემდგომ თანხმობას (მოწონებას) უკუქცევითი ძალა აქვს გარიგების დადების მომენტიდან, თუ სხვა რამ არ არის დადგენილი). არაუფლებამოსილი პირის მიერ ვალდებულების შესრულების მიღების თაობაზე უფლებამოსილი პირის თანხმობა ან შემდგომი მოწონება შეიძლება გამოიხატოს როგორც ზეპირად, ასევე წერილობით. თანხმობას შესრულების ნამდვილობისათვის დადგენილი ფორმის დაცვა არ სჭირდება (99 II). თანხმობა, (შემდგომი) მოწონება შეიძლება როგორც ვალდებულების შემსრულებლის (მოვალის), ასევე ვალდებულების მიმღები არაუფლებამოსილი პირის წინაშე გამოითქვას (99 I). თანხმობის (შემდგომი მოწონების) გამოხატვა კონკლუდენტური მოქმედებითაც დასაშვებია. არაუფლებამოსილი პირის მიერ შესრულების მიღების ნამდვილად მიჩნევის მიზნებისათვის კანონი კონკლუდენტური მოქმედების სახეს აკონკრეტებს და ასეთად უფლებამოსილი პირის მიერ შესრულებისაგან სარგებლის მიღებას მიიჩნევს (373 II).
8.4. პროცესუალურ-სამართლებრივი კუთხით, კრედიტორმა უნდა დაამტკიცოს თავისი უფლებამოსილება ვალდებულების ძალით მოვალისათვის რაიმე მოქმედების შესრულების მოთხოვნის თაობაზე (316 I), იმ შემთხვევაში, თუ სამართალწარმოების მხარე მოვალე და უფლებამოსილი კრედიტორია, მოვალემ უნდა დაადასტუროს, რომ არაუფლებამოსილი პირის მიმართ შესრულება უფლებამოსილი კრედიტორის თანხმობით ან შემდგომი მოწონებით განახორციელა, ან კიდევ უფლებამოსილმა სუბიექტმა ამ შესრულებისაგან სარგებელი ნახა.
8.5. საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით - გ.ტ–ძის საბანკო ანგარიშის ამონაწერით, ნოტარიულად დამოწმებული გ.ტ–ძის ხელწერილით, გამოძიების მასალებში დაცული და სასამართლოში წარმოდგენილი გ.ტ–ძესთან გასაუბრების შესახებ ოქმით, ბათუმის რაიონულ პროკურატურაში თვით შ.პ.ს. „რ–ი“-ს დირექტორ რ.მ–ძის განცხადებით, სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული დ.ჯ–ის ჩვენებით, მხარეთა ახსნა-განმარტებებით და რაც მთავარია თვით შ.პ.ს. „რ–ი“-ს წარმომდგენლის განმარტებით (მათ შორის, სარჩელშიც), რომელიც არ უარყოფს იმ გარემოებას, რომ სადავო თანხა მისი თანხმობით გადაეცა შუამავალ დ.ჯ–ს, სააპელაციო პალატამ ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია ის გარემოება, რომ ნასყიდობის ხელშეკრულებების გაფორმების დღეს, გ.ტ–ძემ 15 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი უშუალოდ გადასცა შუამავალ დ.ჯ–ს, შ.პ.ს. „რ–ი“-ს დირექტორ რ.მ–ძის (ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის) თანდასწრებითა და შესაბამისად, მისი თანხმობით. იმ გარემოებას, რომ რ.მ–ძე ენდობოდა დ.ჯ–ს, რის გამოც გ.ტ–ძის მიერ გადაცემული 15 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი გაატანა მას, კარგი ვალუტის კურსით ნაცნობათან გადასახურდავებლად, ადასტურებს თვით რ.მ–ძის მიერ 29.05.2017წ. ბათუმის რაიონულ პროკურატურაში დაწერილი განცხადება.
8.6. ვინაიდან, გ.ტ–ძემ 15 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი უშუალოდ გადასცა შუამავალ დ.ჯ–ს, შ.პ.ს. „რ–ი“-ს დირექტორ რ.მ–ძის თანდასწრებით და მისი თანხმობით და რ.მ–ძეს რაიმე სახის პრეტენზია დ.ჯ–ისათვის ან/და გ.ტ–ძისათვის თანხის გადაცემისას არ განუცხადებია (პირიქით, ნება დართო დ.ჯ–ს გადასახურდავებლად წაეღო თანხა), აღნიშნული მიუთითებს მასზე, რომ გ.ტ–ძის ვალდებულება, შ.პ.ს. „რ–ი“-ს მიმართ შეთანხებული ფასის ნაწილის - 15 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდის თაობაზე, შესრულებულია.
8.7. რაც შეეხება დარჩენილი თანხის ნაწილის - 5 000 აშშ დოლარის გადახდას, როგორც საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით (გ.ტაბიძის გამოკითხის ოქმი და დ.ჯ–ის ჩვენება) ირკვევა, აღნიშნული თანხა, ნასყიდობის ხელშეკრულებების გაფორმებიდან რამოდენიმე დღეში, გ.ტ–ძემ გადასცა დ.ჯ–ის მამას მ.ჯ–ს, თუმცა საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით არ დგინდება ის გარემოება, რომ აღნიშნული თანხის გადაცემას ესწრებოდა შ.პ.ს. „რ–ი“-ს უფლებამოსილი წარმომდგენელი ან არსებობდა მისი თანხმობა ვალდებულების მ.ჯ–ის წინაშე შესრულებაზე, პირიქით, თვით გ.ტ–ძის მიერ გამოძიების წინაშე მიცემული განმარტებით, აღნიშნული თანხის გადაცემას არავინ ესწრებოდა. ამდენად, სააპელაციო პალატამ ამ ნაწილში ვალდებულება შესრულებულად არ მიიჩნია, რის გამოც 5460 (20460-15000=5460) აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ნაწილში სარჩელი ჩაითვალა მართლზომიერად დაკმაყოფილებულად.
9. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შ.პ.ს. „რ–ი“-ს წარმომადგენელმა, მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და უზენაესი სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების გამოტანით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, შემდეგ გარემოებათა გამო:
9.1. სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება მასზედ, რომ მყიდველმა გამყიდველი ორგანიზაციის დირექტორს ნაღდი ანგარიშსწორებით გადაუხადა დამატებით 15 000 აშშ დოლარი, რომელიც, თავის მხრივ, ორგანიზაციის დირექტორმა გადასცა დ.ჯ–ს, შ.პ.ს. „ბ. ?“-თან დადებული ნარდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ანგარიშში.
9.2. სასამართლოს არ უნდა გაეზიარებინა მოწმე დ.ჯ–ის წინააღმდეგობრივი ჩვენება, რომელიც ნაღდი ანგარიშსწორების განხორციელების მოტივად დღგ-ის გადახდის თავიდან არიდებას ასახელებდა, როდესაც ნასყიდობის ფასი ისედაც სრულად იყო დასახელებული მხარეთა შორის დადებულ ნასყიდობის ხელშეკრულებებში და სახელმწიფოს წინაშე ოპერაციის დაბეგვრის საჭიროება იარსებებდა, მიუხედავად ანგარიშსწორების ფორმისა. იმ პირობებში, როდესაც ნასყიდობის საფასურის ნაწილი ჩარიცხული იყო საბანკო ანგარიშსწორების გზით, სასამართლოს სსსკ 102-ე მუხლის მესამე ნაწილზე მითითებით, გადაუხდელი ნაწილის გადახდის მტკიცებულებად არ უნდა განეხილა მოწმის ჩვენება.
9.3. შესაგებელში ასახულ პოზიციას, რომ ნასყიდობის საფასური გადახდილ იქნა ხელშეკრულების ხელმოწერის თანადროულად, აქარწყლებს საქმეში არსებული მტკიცებულებები, რომლის თანახმად, ხელშეკრულებები საჯარო რეესტრს სარეგისტრაციოდ წარედგინა 2017 წლის 15 თებერვალს 17:52 და 18:02 საათზე, ხოლო გ.ტ–ძემ შ.პ.ს. „რ–ი“-ს საბანკო ანგარიშზე 15 000 აშშ დოლარი შეიტანა იმავე დღის 18:48 საათზე, ხელშეკრულების სარეგისტრაციოდ წარდგენის შემდგომ. ამავდროულად, საქმის მასალებშია წარდგენილი მოპასუხის ნოტარიულად დამოწმებული ხელწერილი, რომელშიც თანხის გადახდის თაობაზე იძლევა შესაგებლისგან განსხვავებულ განმარტებას, კერძოდ, აღიარებს, რომ ხელშეკრულების დადების დროს ნასყიდობის საფასური გადახდილი არ ჰქონდა და მხოლოდ გაფორმების შემდეგ გადაიხადა მისი ნაწილი 15 000 აშშ დოლარის ოდენობით; დარჩენილი თანხიდან 15 000 აშშ დოლარი კი გადასცა დ.ჯ–ს, რომელსაც მიენდო, კონვერტაციის მიზნით გაატანა თანხა და დღემდე არ დაუბრუნებია, ხოლო ორი კვირის შემდეგ დარჩენილი 5000 აშშ დოლარიც ასევე დ.ჯ–მა მიიღო, თუმცა მხედველობის მიღმაა დარჩენილი ის გარემოება, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების დადებიდან ორი კვირის თავზე მოსარჩელეს წინამდებარე სარჩელი უკვე აღძრული ჰქონდა. საგულისხმოა, რომ მოპასუხე შესაგებლისა და ნოტარიული ხელწერილისგან განსხვავებულ განმარტებას იძლევა პროკურორის წინაშე გასაუბრების ოქმში, კერძოდ: ხელშეკრულებების სარეგისტრაციოდ წარდგენის შემდგომ რ.მ–ძესა და დ.ჯ–თან ერთად მივიდა სასტუმრო რ–ის პირველ სართულზე მდებარე ს.ს. „საქართველოს ბანკში“, გადასცა მათ 30 000 აშშ დოლარი, თავად ჩამოჯდა ბანკის ფოიეში, ხოლო მოლარესთან იმყოფებოდნენ დ.ჯ–ი და რ.მ–ძე, რომელთაც ცოტა ხანში მიაწოდეს 15 000 აშშ დოლარის გამყიდველის ანგარიშზე ჩარიცხვის ქვითარი, რის შემდეგაც გ.ტ–ძემ მოიკითხა, თუ რატომ არ მოხდა მათთვის გადაცემული თანხის სრულად ანგარიშზე შეტანა, რის პასუხადაც მიიღო, რომ რ.მ–ძე და დ.ჯ–ი ერთმანეთში გასწორდებოდნენ.
9.4. მოპასუხის ახსნა-განმარტებებისგან განსხვავებულ ჩვენებას იძლევა მოწმე დ.ჯ–ი, კერძოდ, მოწმემ ჯერ აღნიშნა, რომ მხარეთა შორის არსებობდა ზეპირი შეთანხმება, ბინის ღირებულების ორ ნაწილად გადახდის შესახებ; 15 000 აშშ დოლარის ჩარიცხვის შემდეგ, 20 000 აშშ დოლარი მყიდველმა გადაიხადა ხელზე სასტუმრო რ–ში, რომელიც გამოიტანა იქვე მდებარე ბანკიდან. მოგვიანებით, შეკითხვებზე პასუხის გაცემისას მოწმემ აღნიშნა, რომ 15 000 აშშ დოლარის ჩარიცხვის შემდგომ, მყიდველმა მომდევნო 15 000 აშშ დოლარი გამყიდველს გადაუხადა ნაღდი ანგარიშსწორებით, ხოლო დანარჩენი 5 000 აშ დოლარი გადასცა მოწმის მამას _ მ.ჯ–ს. მოწმე კითხვაზე, რომ მეორე ნაწილის 15 000 აშშ დოლარის გადახდა ხომ არ მომხდარა ხელშეკრულების გაფორმების დღესვე, აღნიშნავს, რომ თანხის გადახდა არც იმავე და არც მომდევნო დღეს არ მომხდარა, არამედპირველი გადახდიდან არაუმეტეს ერთი თვის ვადაში, აღნიშნული განმარტება წინააღმდეგობაში მოდის როგორც შესაგებელში, ისე გასაუბრების ოქმში მოპასუხის მიერ მიცემულ განმარტებასთან. ამავდროულად, მოწმეს არ ახსოვს ესწრებოდა თუ არა საჯარო რეესტრში ხელშეკრულების დადების ფაქტს, თუმცა მოპასუხე ადასტურებს გაფორმების პროცესში მოწმის მონაწილეობას. ამდენად, მოწმისა და მოპასუხის განმარტებების შეუსაბამობის ფონზე, სასამართლოს დადგენილად უნდა მიეჩნია, რომ მყიდველს შ.პ.ს. „რ–ი“-სთვის, ნასყიდობის ფასიდან უნაღდო ანგარიშსწორებით ჩარიცხული 15 000 აშშ დოლარის გარდა, სხვა რაიმე თანხა არ გადაუხდია.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივრები მიღებულ იქნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო:
11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
12. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
13.1. უპირველეს ყოვლისა, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ნასყიდობის საფასურის გადახდის მტკიცების ტვირთი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ობიექტური და სამართლიანი განაწილების პირობებში, ყოველთვის მყიდველის მხარეზეა (იხ. სუსგ. №ას-864-864-2018 30.04.2020წ). აღნიშნული გარემოების მტკიცების მიზნებისათვის, კანონი არ უთითებს მტკიცებულების რომელიმე კონკრეტულ სახეზე, არამედ, სადავო გარემოება შეიძლება დადგინდეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მეორე ნაწილით განსაზღვრული ნებისმიერი მტკიცებულებით _ მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
13.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის თანახმად, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით (შესრულება). ამავე კოდექსის 429-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამრიგად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლი ადგენს ვალდებულების შესრულების მიღების წესს, რაც იმაში მდგომარეობს, რომ შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის ფლობა აუცილებლობას წარმოადგენს მოვალისათვის, რადგან საპროცესო-სამართლებრივი თვალსაზრისით, ფულადი ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთი სწორედ მას ეკისრება (იხ. სუსგ. №ას-1241-2022, 18.01.2023წ).
13.3. მოსარჩელის მიერ ფულადი ვალდებულების დადასტურების შემთხვევაში და ვალდებულების შეუსრულებლობის თაობაზე მისი მითითების პირობებში, მოქმედებს პრეზუმფცია, რომ მოპასუხეს ვალდებულება შესრულებული არ აქვს. ამ პრეზუმფციის გაქარწყლების ტვირთი (ვალდებულების შესრულების ტვირთი) აკისრია მოპასუხეს. ფულადი ვალდებულებების შესრულების თაობაზე წერილობითი მტკიცებულებების არ არსებობის პირობებში (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლი) მოწმეების ჩვენება დასაშვებია მხოლოდ სხვა მტკიცებულებებთან ერთად. სამოქალაქო პროცესში მტკიცებულებათა დასაშვებობის ინსტიტუტი დამოკიდებულია მატერიალურ-სამართლებრივ ნორმის შინაარსზე, ანუ სამოქალაქო პროცესში მტკიცებულებათა დაშვების ან ამორიცხვის საკითხი უნდა გადაწყდეს იმ ნებართვების თუ აკრძალვების მიხედვით, რაც გათვალისწინებულია მატერიალური ნორმით. კონკრეტული ნორმით გათვალისწინებული იურიდიული ფაქტების შედეგად წარმოშობილი ურთიერთობების დასადასტურებლად, რაც საბოლოოდ წარმოადგენს სამართლის ნორმით გათვალისწინებულ მაკვალიფიცირებელ ელემენტებს, აუცილებელია ისეთი მტკიცებულებების არსებობა, რომლებიც თუნდაც მოწმეთა ჩვენებებთან ერთობლივად უტყუარად მიუთითებენ ყველა მნიშვნელოვან გარემოებებზე. (იხ. სუსგ. №ას-334-2021, 05.11.2021წ).
13.4. განსახილველ შემთხვევაში, ფულადი ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი წერილობითი დოკუმენტი მოპასუხეს არ წარმოუდგენია, ამდენად, პირდაპირი მტკიცებულების არარსებობის პირობებში, სასამართლოს ვალდებულებას წარმოადგენდა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მეორე ნაწილით დადგენილი სტანდარტით, ირიბ მტკიცებულებათა ერთობლივი, სრული, ყოველმხრივი და ობიექტური შეფასებით, მისულიყო დასკვნამდე, არსებობდა თუ არა ნასყიდობის საფასურის სადავო ნაწილის გადახდილად მიჩნევის საფუძველი.
13.5. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას მასზედ, რომ თითქოს ნასყიდობის საფასური გადახდილად მიჩნეულ იქნა მარტოოდენ მოწმის ჩვენებაზე დაყრდნობით. მართალია, მოწმის ჩვენებასა და მოპასუხის ახსნა-განმარტებას შორის გადაცემული თანხის ოდენობის ნაწილში გარკვეული შეუსაბამობები ვლინდება, თუმცა წინამდებარე საქმეში დავის საგანს წარმოადგენს არა ნაღდი ანგარიშსწორებით გადაცემული თანხის ოდენობა, არამედ თავად ნაღდი ანგარიშსწორების განხორციელების ფაქტის არსებობა-არარსებობა. ამ ნაწილში კი არამარტო მოწმისა და მოპასუხის, არამედ, მათ შორის, მოსარჩელის ახსნა-განმარტებაც კი თანმხვედრია. კერძოდ, მოწმე ადასტურებს, რომ ხელშეკრულების დადების შემდგომ გ.ტ–ძე სასტუმრო რ–ში შეხვდა რ.მ–ძეს და დ.ჯ–ს და ნასყიდობის საფასურის ანგარიშში განახორციელა 15 000 აშშ დოლარის გადახდა გამყიდველი საწარმოს დირექტორისათვის, რომელმაც, თავის მხრივ, თანხა მაშინვე დ.ჯ–ს გადასცა მშენებარე კორპუსისთვის საჭირო მასალის შეძენის უზრუნველსაყოფად. მოპასუხე, პროკურორის წინაშე 2017 წლის 14 ივნისს მიცემულ განმარტებაში ასევე ადასტურებს, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების დადების შემდგომ, სასტუმრო „რ–ში“, რ.მ–ძეს და დ.ჯ–ს გადასცა 30 000 აშშ დოლარი, საიდანაც 15 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი ჩაირიცხა გამყიდველის საბანკო ანგარიშზე, ხოლო დანარჩენი, მ–ისა და ჯ–ის საერთო სურვილის შესაბამისად, ნაღდი ფულის სახით დაიტოვეს ხსენებულმა პირებმა. პროკურორის წინაშე უშუალოდ შ.პ.ს. „რ–ი“-ს დირექტორის მიერ დაწერილი განცხადების თანახმად, საჯარო რეესტრში ხელშეკრულების სარეგისტრაციოდ წარდგენის შემდეგ, დ.ჯ–მა განაცხადა, რომ ნასყიდობის საფასური ედო ჯიბეში, მანვე მოინდომა სასტუმრო რ–ში არსებულ ბანკში წასვლა, სადაც 15 000 აშშ დოლარი ჯ–მა გადასცა გ.ტ–ძეს შ.პ.ს. „რ–ი“-ს საბანკო ანგარიშზე ჩასარიცხად, ხოლო დარჩენილ თანხაზე შესთავაზა გარიგების მხარეებს, რომ ვალუტის მისაღები კურსით კონვერტაციისთვის, წასულიყვნენ მის ნაცნობ პიროვნებასთან, თუმცა თანხა დასახურდავებლად წაიღო მარტომ და მ–ეთან აღარ მიუტანია.
13.6. სახელშეკრულებო ურთიერთობის დამყარებამდე, ძირითად შემთხვევაში, მონაწილე მხარეები მხედველობაში იღებდნენ კონტრაჰენტის პიროვნებას. ვალდებულების შესრულების სუბიექტები არიან ის პირები, რომლებიც ასრულებენ ვალდებულებას ან იღებენ შესრულებას. ვალდებულების შესრულების სუბიექტები შეიძლება არ დაემთხვეს ვალდებულების სუბიექტებს. ვალდებულების სუბიექტები ყოველთვის არიან კრედიტორი და მოვალე, ვალდებულება კი მოვალის ნაცვლად შეიძლება შეასრულოს სხვა პირმა და შესრულება მიიღოს არა კრედიტორმა, არამედ სხვამ. პრაქტიკული მნიშვნელობის საკითხია არა მხოლოდ ის, თუ ვინ ასრულებს ვალდებულებას, არამედ ისიც, თუ ვის მიმართ ხდება შესრულება. სსკ-ის 373-ე მუხლის თანახმად, „მოვალე ვალდებულია შეუსრულოს ვალდებულება კრედიტორს ან იმ პირს, რომელიც კანონით ან სასამართლოს გადაწყვეტილებით უფლებამოსილია მიიღოს შესრულება”. შესრულების მიმღებად, უპირველეს ყოვლისა, ითვლება კრედიტორი. ზოგჯერ შესრულება შეიძლება განხორციელდეს კრედიტორის ნაცვლად, სხვა პირის მიმართ (იხ. სუსგ. №ას-1003-924-2017, 01.12.2017წ).
13.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 373-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ვალდებულების შესრულება მიიღო იმ პირმა, რომელიც არ იყო უფლებამოსილი, ვალდებულება ჩაითვლება შესრულებულად მაშინ, როცა კრედიტორმა მისცა ამის თანხმობა ან ამ შესრულებისგან მიიღო სარგებელი.
13.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.
13.9. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ვალდებულების არაუფლებამოსილი პირის წინაშე შესრულებაზე კრედიტორის თანხმობა (ან შემდგომში, მოწონება) სამართლებრივი ბუნებით ცალმხრივი გარიგებაა, რამეთუ თანხმობა (მოწონება) მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის (მოვალის ვალდებულების) შეწყვეტისაკენ. სწორედ ამიტომ, კრედიტორის ქმედებას _ იქნება იგი ვერბალური, აქტიურ მოქმედებაში გამოხატული თუ კონკლუდენტური (ნაგულისხმევი), პალატა აფასებს სსკ 52-ე მუხლით დადგენილი სტანდარტით _ გონივრული განსჯის შედეგად.
13.10. კანონმდებლის მიერ დათქმული ეს „გონივრული განსჯა“ კი „უნდა ემყარებოდეს გარკვეულ კრიტერიუმებს, კერძოდ, ნების გამოვლენის განმარტება უნდა განხორციელდეს ნების მიმღების შემეცნების (გაგების) შესაძლებლობათა გათვალისწინებით. ამგვარი განმარტების დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ყველა ხელშესახები გარემოება, რომელიც ამ შემთხვევას ახასიათებს“ (იხ. სუსგ. №ას-836-2019წ, 14.06.2019წ). „ნების განმარტება უნდა მოხდეს იმდაგვარად, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები, გარემოებები, ასევე, მხარეთა განმარტებები ერთ მთლიან ლოგიკურ ჯაჭვს ქმნიდეს და ობიექტური დამკვირვებლისთვის, განვითარებულ ფაქტებსა და გამოხატულ ნების განმარტებას შორის დადგენილი კანონზომიერება გაუგებარი არ იყოს“ (იხ. სუსგ. №ას-224-2019, 24.09.2019წ).
13.11. განსახილველ შემთხვევაში, სამართალურთიერთობის სამივე მონაწილე ადასტურებს, რომ სადავო ნასყიდობის საფასურიდან 15 000 აშშ დოლარი სასტუმრო რ–ში გ.ტ–ძეს მიტანილი ჰქონდა და ხსენებული თანხა ისე აღმოჩნდა დ.ჯ–ის განმგებლობის სფეროში, რომ თანხის მიღებაზე სამართლებრივად უფლებამოსილ პირს ამაზე პრეტენზია არ გამოუთქვამს, არამედ, როგორც თავად რ.მ–ძე მიუთითებს ბათუმის რაიონულ პროკურატურაში წარდგენილ განცხადებაში, დ.ჯ–ს მიენდო, რომელმაც ისარგებლა მისი ნდობით და მოტყუებით მიითვისა შ.პ.ს. „რ–ი“-ს 20 000 აშშ დოლარი (იხ. ტ.1, ს.ფ. 134). ამდენად, პალატისათვის ცხადია, რომ მოვლენათა განვითარების ჯაჭვში გამყიდველი ორგანიზაციის დირექტორს (ე.ი. აღნიშნული განცხადების ავტორს) ჰქონდა გარკვეული არჩევანის თავისუფლება _ გ.ტ–ძის მიერ ნასყიდობის საფასურის ნაწილის საანგარიშსწორებოდ გამიზნული თანხა გამოერთმია დ.ჯ–ისთვის ან მინდობოდა მას ან უკეთესი კურსით დასახურდავებლად მისთვის გაეტანებინა. სხვა პირთან ვალუტის უკეთეს კურსში დახურდავების შეთავაზებას არ შეწინააღმდეგებია რ.მ–ძე, მეტიც, თანხის კონვერტაციის პროცესში დასწრების ნებაც არ გამოუხატავს, არამედ დ.ჯ–მა აღნიშნული მიზნით თანხა მარტომ წაიღო.
13.12. ნების განმარტების მიზნებისათვის, პალატა ყურადღებას მიაპყრობს ნასყიდობის სახელშეკრულებო ურთიერთობის წარმოშობა-განვითარების კონტექსტს, კერძოდ, მოსარჩელე სარჩელითვე ადასტურებს, რომ მას შ.პ.ს. „ბ. ?“-ის (რომელსაც შ.პ.ს. „რ–თან“ ურთიერთობაში წარმოადგენდა მოწმის სახით დაკითხული დ.ჯ–ი) მიმართ, საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობიდან გამომდინარე, გააჩნდა შეუსრულებელი ფულადი ვალდებულებები, რომლის დაფარვის მიზნითაც, დ.ჯ–მა შ.პ.ს. „რ–ი“-ს შესთავაზა, რომ თუკი 1 მ2 საცხოვრებელ ფართს გაასხვისებდა 360 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარად, ორ ბინაზე დაეხმარებოდა მყიდველის მოძიებაში, ხოლო ნასყიდობიდან შემოსული თანხა სრულად უნდა გასასცემოდა შ.პ.ს. „ბ. ?“-ს, რაზედაც შ.პ.ს. „რ–ი“-ს უფლებამოსილმა წარმომადგენელმა განაცხადა თანხმობა. სწორედ ამ შეთანხმების ფარგლებში იქნა დ.ჯ–ის მიერ მოძიებული პოტენციური შემძენი _ გ.ტ–ძე, რომელმაც, საბოლოო ჯამში, 35460 აშშ დოლარის ღირებულების ორი ბინის შეძენის ნება გამოხატა და ამ მიზნით დაიდო კიდეც ნასყიდობის ხელშეკრულებები (იხ. სარჩელის პირველი და მეორე ფაქტობრივი გარემოებები; ტ.1, ს.ფ. 4). ამდენად, შ.პ.ს. „რ–ი“-ს დირექტორისათვის, დ.ჯ–თან მიღწეული შეთანხმების გათვალისწინებით, ხელშეკრულების დადებამდეც კი ნათელი იყო, რომ მის მიერ წარმოდგენილი საწარმო, როგორც გამყიდველი, ნასყიდობის საფასურის საბოლოო ადრესატი არ იყო, არამედ, მისი გავლით, თანხა უნდა აღმოჩენილიყო შ.პ.ს. „ბ. ?“-ის განკარგვის სფეროში, რასაც მოწმობს მყიდველის მიერ პირველ ტრანშად შ.პ.ს. „რ–ი“-სთვის ჩარიცხული თანხის მყისიერი გადარიცხვა შ.პ.ს. „ბ. ?“-ის ანგარიშზე. (საბანკო ამონაწერი იხ. ტ.1, ს.ფ. 26).
13.13. ამრიგად, მარტოოდენ კასატორი ორგანიზაციის დირექტორის მიერ პროკურატურაში წარდგენილ განცხადებაში აღწერილი იმ გარემოებების დადასტურებულად მიჩნევის პირობებშიც კი, რომ ნასყიდობის საფასურის სადავო ნაწილიდან 15000 აშშ დოლარი სასტუმრო „რ–ში“ ყოფნისას ჯიბეში ედო დ.ჯ–ს, რაზედაც იცოდა ნასყიდობის ხელშეკრულების ორივე მხარემ და მანვე წაიღო ისე, რომ რ.მ–ძის ხელში ხსენებული თანხა არ აღმოჩენილა, თუმცა აღნიშნულის მიმართ წინააღმდეგობა არ გამოუხატავს თავად შ.პ.ს. „რ–ი“-ს (კრედიტორი) დირექტორს, მოწმობს სწორედ იმას, რომ მყიდველის მიერ მესამე პირის წინაშე ნასყიდობის საფასურის ნაწილის გადახდის შემდგომ კრედიტორმა არაუფლებამოსილი პირის მიმართ განხორციელებული შესრულება მოიწონა კონკლუდენტურად (თანხის გადმოცემის მოთხოვნის განუცხადებლობით), რითაც არაუფლებამოსილი პირის წინაშე ვალდებულების შესრულებას სამართლებრივი ძალმოსილება მიანიჭა და ამ ნაწილში დაკარგა მოთხოვნის უფლება.
13.14. წინამდებარე დავის საგანს არ წარმოადგენს იმ გარემოების კვლევა, თუ რამდენად მიემართა გ.ტ–ძისგან მიღებული თანხა დ.ჯ–ის მიერ შ.პ.ს. „ბ. ?“-ის მიმართ შ.პ.ს. „რ–ი“-ს ვალდებულების შემცირებისკენ, თუმცა თუ ასეთს ადგილი არ ჰქონია, ნასყიდობის საფასურიდან ნაღდი ანგარიშსწორებით მიღებული თანხების უკან დაბრუნების მოთხოვნა შესაძლოა არსებობდეს პირადად დ.ჯ–ის მიმართ.
14. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
15.1. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
15.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-40 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელზე დავის საგნის ფასი – გადასახდელი თანხით, ხოლო ამავე კოდექსის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა საკასაციო საჩივრისათვის შეადგენს დავის საგნის ღირებულების 5 პროცენტს.
15.3. კასატორის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი იქნა 2212.25 ლარი. საკასაციო საჩივრის ფასი შეადგენს 15 000 აშშ დოლარს, რომელიც, საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდის დღეს (05.10.2022წ), ეროვნული ბანკის ოფიციალური გაცვლითი კურსის (1 აშშ დოლარი = 2.8150 ლარს) შესაბამისად, შეადგენდა 42225 ლარს, რომლის 5% არის 2111.25 ლარი. ამრიგად, 1 ლარი წარმოადგენს ზედმეტად გადახდილს, რომელიც ექვემდებარება უკან დაბრუნებას. რაც შეეხება კანონის მოთხოვნათა დაცვით გადახდილ სახელმწიფო ბაჟის ოდენობას (2111.25 ლარი), მისი 70%, რაც 1478.87 ლარს შეადგენს, კასატორს უბრუნდება საკასაციო საჩივრის დაუშვებლად მიჩნევის გამო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შ.პ.ს. „რ–ი“-ს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. შ.პ.ს. „რ–ს“ (ს/კ ......) დაუბრუნდეს ი/მ დ. ბ–ის (პ/ნ .......) მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 2112 ლარი და 25 თეთრიდან (საგადახდო დავალება №0, გადახდის თარიღი: 05.10.2022წ, გადამხდელის ბანკი: ს.ს. „თიბისი ბანკი“) ზედმეტად გადახდილი 1 (ერთი) ლარი, ასევე დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში გადახდილი 2111 ლარი და 25 თეთრის 70% – 1477 ლარი და 87 თეთრი. საერთო ჯამში, შ.პ.ს. „რ–ს“ დაუბრუნდეს - 1478 ლარი და 87 თეთრი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე
ლაშა ქოჩიაშვილი
თეა ძიმისტარაშვილი