თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - სს „ს.ბ–ი“
მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) - ბ.ი–ი, ა.მ–კო
დავის საგანი - თანხის დაკისრება, ქონების იძულებითი რეალიზაცია
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 19 სექტემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
აღწერილობითი ნაწილი:სს „ს.ბ–მა“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ბ.ი–ის და ა.მ–კოს მიმართ და მოითხოვა მოპასუხეებისთვის, როგორც მოვალის - ე.ი–ის მემკვიდრეებისთვის, სასესხო ურთიერთობიდან გამომდინარე თანხის დაკისრება და ასევე იპოთეკით დატვირთული სადავო უძრავი ქონების მოპასუხეების საკუთრებად მიჩნევა და მისი იძულებით აუქციონზე სარეალიზაციოდ მიქცევა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილებით სს „ს.ბ–ი“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 19 სექტემბრის განჩინებით სს „ს.ბ–ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 19 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს „ს.ბ–მა“, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად დაადგინა მოსარჩელის მიერ კანონით დადგენილი პრეტენზიის ვადის გაშვება. კერძოდ, სასამართლომ არასწორად განმარტა საქმეში წარმოდგენილი ბანკის წერილის შინაარსი, რომელიც ადასტურებდა მოსარჩელის მიერ გარდაცვლილი მოვალის მემკვიდრეებისადმი პრეტენზიის დროულ წარდგენას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 13 თებერვლის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო, საქმის შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ სს „ს.ბ–ის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს, მსესხებლის გარდაცვალების შედეგად, მისი პირველი რიგის მემკვიდრეების მიმართ სასესხო ვალდებულების შესრულების მოთხოვნის პრეტენზიის წარდგენის ვადის დაცვა.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1319-ე მუხლსა და 1328-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომელთა თანახმად, პირის გარდაცვალების ან სასამართლოს მიერ გარდაცვლილად მისი გამოცხადების შედეგად იხსნება სამკვიდრო, რომელიც შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის. ამასთან, იმავე კოდექსის 1316-ე მუხლის მიხედვით, გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით; კანონით მემკვიდრეობა (გარდაცვლილის ქონების გადასვლა კანონში მითითებულ პირებზე) მოქმედებს, თუ მამკვიდრებელს არ დაუტოვებია ანდერძი, ან თუ ანდერძი მოიცავს სამკვიდროს ნაწილს, ან თუ ანდერძი მთლიანად ან ნაწილობრივ ბათილად იქნება ცნობილი. კანონით მემკვიდრეობის დროს კი, სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლის შესაბამისად, თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან პირველ რიგში გარდაცვლილის შვილები, გარდაცვლილის შვილი, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ დაიბადა, მეუღლე, მშობლები (მშვილებლები). ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 1484-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მემკვიდრეები ვალდებულნი არიან მთლიანად დააკმაყოფილონ მამკვიდრებლის კრედიტორთა ინტერესები, მაგრამ მიღებული აქტივის ფარგლებში თითოეულის წილის პროპორციულად.
საგულისხმოა, რომ სამოქალაქო კოდექსი ადგენს მამკვიდრებლის კრედიტორებს და მემკვიდრეებს შორის ურთიერთობის სპეციალურ წესს. კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 1488-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მამკვიდრებლის კრედიტორებმა ექვსი თვის განმავლობაში იმ დღიდან, რაც მათთვის ცნობილი გახდა სამკვიდროს გახსნის შესახებ, უნდა წარუდგინონ მოთხოვნა მემკვიდრეებს, რომლებმაც მიიღეს სამკვიდრო, მოთხოვნის ვადის დადგომის მიუხედავად. ამავე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, მითითებული წესების დაუცველობა გამოიწვევს კრედიტორების მიერ მოთხოვნის უფლების დაკარგვას.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სს „ს.ბ–ს“ (გამსესხებელი) და ე.ი–ს (მსესხებელი) შორის დაიდო 2018 წლის 18 იანვრის, 22 იანვრის და 9 მარტის საკრედიტო და იპოთეკის ხელშეკრულებები, რომლის მიხედვითაც მსესხებელს გააჩნდა ფულადი ვალდებულება საერთო ჯამში, 73807.15 ლარის ოდენობით.
მსესხებელი - ე.ი–ი გარდაიცვალა 2018 წლის 6 ივლისს. მისი მემკვიდრეები არიან მშობლები, ბ.ი–ი და ა.მ–კო.
საქმეზე ასევე დადგენილია, რომ მართალია, სს „ს.ბ–მა“ 2019 წლის 22 იანვარს წერილით მიმართა ბ.ი–ს, თუმცა აღნიშნული წერილით ბანკმა მოწინააღმდეგე მხარეს მიუსამძიმრა შვილის გარდაცვალების გამო, ყურადღებაა გამახვილებული სადაზღვევო თანხის ანაზღაურებაზე სადაზღვევო კომპანიის უარის თაობაზე და მხოლოდ ერთი წინადადებით მიუთითა, რომ ბანკის მიმართ ე.ი–ის დავალიანების დაფარვის ვალდებულება გარდაცვლილი მსესხებლის მემკვიდრეს ეკისრება.
წარმოდგენილი წერილის შეფასებისას, საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს სამოქალაქო კოდექსის 1488-ე მუხლის შინაარსზე, კერძოდ, მითითებულ მუხლში საუბარია არა სასარჩელო ხანდაზმულობის, არამედ პრეტენზიის წარდგენის ვადებზე, რაც განსხვავებული ცნებებია. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული მუხლით დადგენილი ექვსთვიანი ვადა არის მამკვიდრებლის კრედიტორთა მიერ მემკვიდრეებისათვის მოთხოვნის (პრეტენზიის) წარდგენისა და არა სასამართლოში სარჩელის შეტანის ვადა. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ, თუ მამკვიდრებლის კრედიტორებმა ზემოხსენებული ვადის დაცვით არ წარუდგინეს მოთხოვნა მემკვიდრეებს, ისინი კარგავენ მოთხოვნის უფლებას, რაც, შემდგომში, სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, ამ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი იქნება (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 5 თებერვლის №ას-570-2020 და 2022 წლის 1 ივლისის №ას-1028-2021 განჩინება).
განსახილველ შემთხვევაში სადავო არ არის, რომ სს „ს.ბ–ისათვის“ 2019 წლის 22 იანვრისათვის ცნობილი იყო მსესხებლის გარდაცვალების თაობაზე, აღნიშნული თარიღიდან 6 თვის ვადაში, ანუ 2019 წლის ივლისის ბოლომდე კრედიტორს უნდა მიემართა ნებისმიერი ნოტარიუსისათვის ან გარდაცვლილის მემკვიდრეების მიმართ შესაბამისი მოთხოვნის წარდგენის პრეტენზიით, რაც კრედიტორს - სს „ს.ბ–ს“ დადგენილ ვადაში არ განუხორციელებია. შესაბამისად, კრედიტორის მიერ პრეტენზიის (მოთხოვნის) წარდგენის ექვსთვიანი ვადა გაშვებულად უნდა ჩაითვალოს. საკასაციო პალატა საკასაციო პრეტენზიის ფარგლებში შეაფასებს ბანკის 2019 წლის 22 იანვრის წერილის შინაარსს და მიიჩნევს, რომ იგი არ წარმოადგენს მემკვიდრეების მიმართ მოთხოვნის წარდგენის დოკუმენტს. აღნიშნული დოკუმენტით სს „ს.ბ–ი“ ბ.ი–ს უსამძიმრებს შვილის გარდაცვალების გამო. ამასთანავე, მითითებულ წერილში ძირითადი ყურადღება გამახვილებულია სადაზღვევო თანხის ანაზღაურებაზე სადაზღვევო კომპანიის უარის შესახებ შეტყობინებაზე. წერილის სრული შინაარსის ანალიზიდან გამომდინარე, ის არ შეიცავს მემკვიდრეების ვალდებულების თაობაზე ნათელ და გარკვევით ინფორმაციას, ასევე, არც ფულადი ვალდებულების ოდენობაა დაკონკრეტებული. შესაბამისად, სს „ს.ბ–ს“ მსესხებლის - ე.ი–ის მემკვიდრისათვის სამოქალაქო კოდექსის 1488-ე მუხლით დადგენილი ექვსი თვის განმავლობაში არ წარუდგენია მოთხოვნა, რაც მართებულად გახდა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი.
საკასაციო სასამართლო, დანარჩენ სასარჩელო მოთხოვნებთან დაკავშირებით, მიუთითებს, რომ წამყვან სასარჩელო მოთხოვნას მემკვიდრეების მიმართ მამკვიდრებლის ვალის გადახდევინება წარმოადგენს. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სწორედ დასახელებული მოთხოვნის დაკმაყოფილების თანმდევ შედეგად ითხოვს მოსარჩელე სადავო უძრავი ქონების მოპასუხეების საკუთრებად ცნობას და ქონების რეალიზაციას, ხოლო პირველი სასარჩელო მოთხოვნის უსაფუძვლობის გამო, იმ პირობებში, როდესაც არ არსებობს მოსარჩელის სასარგებლოდ ფულადი ვალდებულების შესრულების მოთხოვნის უფლება, დაუსაბუთებელია დასახელებული სასარჩელო მოთხოვნებიც.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველი დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი და წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრულ, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, ვინაიდან: საქმე არ მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ასევე, არ ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი; სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული, საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა.
ამასთანავე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილიდან გამომდინარე, კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 4522.36 ლარის 70% - 3165.65 ლარი.
სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს „ს.ბ–ის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 19 სექტემბრის განჩინება;
3. სს „ს.ბ–ს“ (ს/კ ..........) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 4522.36 ლარის (საგადახდო დავალება №3675, გადახდის თარიღი 02.02.2023წ.) 70% - 3165.65 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. წულაძე
მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე
გ. მიქაუტაძე