თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) - ნ.თ–ძე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ხ.ა–ძე
გასაჩივრებული განჩინებები - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 5 დეკემბრისა და 2023 წლის 10 იანვრის განჩინებები
საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება და გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის თაობაზე განცხადების დაკმაყოფილება
დავის საგანი - გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა
აღწერილობითი ნაწილი:ნ.თ–ძემ, თ.თ–ძემ და მ.ი–ძემ სარჩელით მიმართეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - ხ.ა–ძის მიმართ, მოპასუხისათვის თანხის დაკისრებისა და უკანონო მფლობელობიდან მოძრავი ნივთების გამოთხოვის თაობაზე.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნ.თ–ძის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს დაევალა მოსარჩელის ინდივიდუალურ საკუთრებაში რიცხული, ჯამში 6 085 აშშ დოლარის ღირებულების მოძრავი ნივთების დაბრუნება; ასევე, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ქორწინების განმავლობაში შეძენილი მოძრავი ნივთების ღირებულების ნახევრის - 3 385 ლარის ანაზღაურება; თ.თ–ძისა და მ.ი–ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მხარეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 9 მარტის განჩინებით მოსარჩელეთა მიერ წარდგენილი სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 26 სექტემბრის განჩინებით კი ხ.ა–ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება ხ.ა–ძემ საკასაციო წესით გაასაჩივრა.
2022 წლის პირველ ნოემბერს ნ.თ–ძემ განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას და მოითხოვა სს „ლ.ბ–ს“ აკრძალოდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ, სხვა სამოქალაქო საქმეზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე იძულებითი აღსრულების დაწყება მოპასუხის მიერ ჩაბარებულ ოქროსა და ბრილიანტის ნივთებზე.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 5 დეკემბრის განჩინებით ნ.თ–ძის განცხადება არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ საჩივრით გაასაჩივრა.
საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 26 სექტემბრის განჩინების კანონიერ ძალაში შესვლამდე აუცილებელი იყო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის გამოყენება, რადგან ხსენებული გადაწყვეტილებით მოსარჩელისთვის მიკუთვნებული ნივთები მოპასუხეს გირავნობით ჰქონდა დატვირთული და არსებობდა, სასამართლოს მიერ სხვა საქმეზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, ნივთების იძულებით აუქციონზე გასხვისების საშიშროება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 10 იანვრის განჩინებით ნ.თ–ძის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმე გადმოეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 10 აპრილის განჩინებით ხ.ა–ძის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, ხოლო 2023 წლის 26 აპრილის განჩინებით ნ.თ–ძის საჩივრის ნაწილში მოსამართლე ამირან ძაბუნიძემ განაცხადა თვითაცილება და საჩივარი განსახილველად გადაეცა მოსამართლე ალექსანდრე წულაძეს, საქმის განაწილების ელექტრონული პროგრამის მეშვეობით.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო, საქმის შესწავლისა და საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ ნ.თ–ძის საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
განსახილველ შემთხვევაში საკვლევ საკითხს წარმოადგენს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის კანონიერება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 271-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია უზრუნველყოს იმ გადაწყვეტილების აღსრულება, რომელიც გადაცემული არ არის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად XXIII თავით დადგენილი წესების შესაბამისად. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXIII თავი კი აწესრიგებს სარჩელის უზრუნველყოფის საკითხს; მათ შორის, 191-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია, რომ მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ამასთან, უზრუნველყოფის ღონისძიების სახეები ჩამოთვლილია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლში, რომლის მეორე ნაწილის მიხედვით, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები შეიძლება იყოს: ა) ყადაღის დადება ქონებაზე, ფასიან ქაღალდებსა თუ ფულად სახსრებზე, რომლებიც მოპასუხეს ეკუთვნის და არის მასთან ან სხვა პირთან; ბ) მოპასუხისათვის გარკვეული მოქმედების შესრულების აკრძალვა; გ) მოპასუხის დავალდებულება, გადასცეს მის მფლობელობაში არსებული ნივთი აღმასრულებელს სეკვესტრის (ქონების იძულებითი მართვა) სახით; დ) სხვა პირებისათვის აკრძალვა იმისა, რომ მოპასუხეს გადასცენ ქონება ან შეასრულონ მის მიმართ რაიმე ვალდებულება; ე) ყადაღისაგან ქონების განთავისუფლების შესახებ სარჩელის აღძვრის შემთხვევაში ქონების რეალიზაციის შეჩერება, გარდა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა; ვ) სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს, მუნიციპალიტეტის ორგანოს, ორგანიზაციის ან თანამდებობის პირის სადავო აქტის მოქმედების შეჩერება; ი) სააღსრულებო საბუთის აღსრულების შეჩერება ისეთ საქმეებზე, რომლებიც აღძრულია „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ან რომლებზედაც შეტანილია განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ; კ) უფლებამოსილების შეჩერება ისეთ საქმეზე, რომელიც აღძრულია სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების ან კომანდიტური საზოგადოების პარტნიორისთვის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ან/და ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების ჩამორთმევის მოთხოვნით. გარდა ამისა, იმავე მუხლის მესამე ნაწილი ადგენს, რომ სასამართლოს შეუძლია გამოიყენოს სხვა ღონისძიებებიც, თუ ეს აუცილებელია სარჩელის უზრუნველყოფისათვის.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემსახურება მოსარჩელის ინტერესების დაცვასა და გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფას, თუმცა ვინაიდან ამავდროულად წარმოადგენს ჩარევას მოპასუხის კანონით დაცულ უფლებებში, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საკითხი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებათა დეტალურ შესწავლას მოითხოვს, რათა დადგინდეს მისი გამოყენების აუცილებლობა და უზრუნველყოფილ იქნეს მოდავე მხარეთა ინტერესების თანაბარზომიერი დაცვა. სწორედ ამიტომ, მოსარჩელემ უნდა დაასაბუთოს როგორც უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა, ასევე - უნდა მიუთითოს სარჩელის უზრუნველყოფის ისეთ სახეზე, რომელიც მოსარჩელისთვის ყველაზე ეფექტურად და მოპასუხისთვის ნაკლები ზიანის მიყენებით გახდის შესაძლებელს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მიზნის (სასამართლოს გადაწყვეტილების დროულად და სწრაფად აღსრულება) მიღწევას.
სადავო შემთხვევაში, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საკითხთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო, პირველ ყოვლისა, ყურადღებას გაამახვილებს მასზედ, რომ ნ.თ–ძე ითხოვს სხვა სამოქალაქო საქმეზე, სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე კრედიტორისთვის - სს „ლ.ბ–ისთვის“, რომელიც წინამდებარე საქმის მონაწილე არ არის, იძულებითი აღსრულების დაწყების აკრძალვას. ამდენად, განსახილველი დავის საგნისა და უზრუნველყოფის ღონისძიების კონკრეტული ობიექტის გათვალისწინებით, ცალსახაა, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი უზრუნველყოფის ღონისძიება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მეორე ნაწილში ჩამოთვლილ ღონისძიებებს არ განეკუთვნება და მისი გამოყენების საკითხი იმავე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე შეიძლება გადაწყდეს.
საგულისხმოა, რომ თავად საჩივრის ავტორი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საკითხის გადაწყვეტას უკავშირებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 26 სექტემბრის განჩინების კანონიერ ძალაში შესვლას - მიუთითებს ხსენებულ მომენტამდე უზრუნველყოფის გამოყენების საჭიროებაზე. ვინაიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 10 აპრილის განჩინებით ხ.ა–ძის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 26 სექტემბრის განჩინება უკვე კანონიერ ძალაშია შესული. აქედან გამომდინარე, საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებას, რომელიც დღეის მდგომარეობით უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე მოსარჩელის ინტერესის არსებობას დაადასტურებდა.
გარდა ამისა, რამდენადაც მოსარჩელე მოითხოვს სხვა პირის (არა საქმის მხარის) სასარგებლოდ იძულებითი აღსრულების დაწყების შეჩერებას, მან უნდა მიეთითოს განსაკუთრებულ, გარდაუვალ და მომეტებულ ინტერესზე, რომელიც სხვა პირის ინტერესზე აღმატებული იქნება; მსგავსი დასაბუთება კი მხარეს წარმოდგენილი არ აქვს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროება და პროპორციულობა. ამრიგად, არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების წინაპირობები, რის გამოც გასაჩივრებული განჩინებები უცვლელად უნდა დარჩეს.
სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ.თ–ძის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 5 დეკემბრისა და 2023 წლის 10 იანვრის განჩინებები;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. წულაძე
მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე
გ. მიქაუტაძე