გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ბს-182-39-გ-03 6 ნოემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),
ნ. კლარჯეიშვილი,
ი. ლეგაშვილი
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო პალატამ განიხილა შპს სამშენებლო-სარემონტო ფირმა “დ.” სააპელაციო საჩივრის განსჯადობის შესახებ თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო, გაკოტრების საქმეთა და ადმინისტრაციული სამართლის, საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატებს შორის დავა.
აღწერილობითი ნაწილი:
1995 წლის 12 მაისს შეიქმნა შპს “ლ.”, რომლის დამფუძნებლები იყვნენ საქართველოს რესპუბლიკის სოციალური უზრუნველყოფისა და სამედიცინო დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი და საქართველოს რესპუბლიკის დასაქმების ერთიანი სახელმწიფო ფონდი. 1998 წლის 21 მაისს შპს “დ.” და შპს “ლ.” შორის დაიდო ნარდობის ხელშეკრულება ¹2/ა, რომლის მიხედვით შპს “დ.” შპს “ლ.” სასარგებლოდ უნდა შეესრულებინა აღდგენითი სამშენებლო სამუშაოები. შპს “დ.” მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 15875 ლარი და 60 თეთრი, რაც ნაწილობრივ 2000 ლარის ოდენობითY ანაზღაურდა შპს “ლ.” მიერ 1999 წლის 6 აგვისტოს. ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 24 სექტემბრის დადგენილებით განხორციელდა შპს “ლ.” ლიკვიდაცია, შპს “ლ.” დამფუძნებელთა კრების 1999 წლის 16 სექტემბრის ოქმის საფუძველზე.
2001 წლის დეკემბერში შპს “დ.” სარჩელი აღძრა შპს “ლ.” დამფუძნებლების საქართველოს რესპუბლიკის დასაქმების ერთიანი სახელმწიფო ფინდის და სოცუზრუნველყოფისა და სამედიცინო დაზღვევის ფონდის მიმართ და სკ-ს 408-ე მუხლის საფუძველზე, მოითხოვა შპს “. უკანონო ლიკვიდაციით შპს “დ.” მიყენებული ზიანის სახით შპს “ლ.” სახელშეკრულებო დავალიანების 13875 ლარის და 60 თეთრის დამფუძნებლებზე სოლიდალურად დაკისრება, რადგან მოპასუხე ფონდები იყვნენ შპს “ლ.” დამფუძნებლები 50-50%-იანი წილობრივი მონაწილეობით და საწარმოს ლიკვიდაციის შემდეგ ნარჩენი ქონება სასამართლო დადგენილებით გადანაწილდა დამფუძნებელ ფონდებს შორის.
მოპასუხე სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ შპს “ლ.” ქონება საწარმოს ლიკვიდაციის შედეგად გადაეცა ქონების მართვის სამინისტროს შემდგომი პრივატიზებისათვის. ამასთან, მოპასუხემ აღნიშნა, რომ შპს “ლ.” ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაცია, “მეწარმეთა შესახებ” კანონის შესაბამისად, გამოქვეყნდა გაზეთ თბილისის 1999 წლის 16 სექტემბრის ნომერში და სასამართლოს დადგენილებით დასტურდება, რომ “ლ.” მოვალეები არ ჰყავს.
მესამე პირის – სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს წარმომადგენელმა ასევე არ ცნო სარჩელი.
დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილებით შპს “დ.” სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ მიუთითა, რომ შპს “ლ.” ლიკვიდაცია განხორციელდა “მეწარმეთა შესახებ” კანონის 14.1.2 მუხლით გათვალისწინებული დამფუძნებლების გადაწყვეტილებით და საზოგადოების პარტნიორის პასუხისმგებლობა საზოგადოების ვალდებულებებზე კანონით გათვალისწინებული არ არის. რაიონული სასამართლოს მიერ დავა განხილულ იქნა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა შპს “დ.” მიერ.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 30 ივნისის განჩინებით შპს “დ.” სააპელაციო საჩივარი განსჯადობით განსახილველად გადაეცა საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას, ვინაიდან სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ განსახილველი დავა გამომდინარეობდა არა ადმინისტრაციული, არამედ სამოქალაქო კანონმდებლობიდან. კერძოდ, შპს “დ.” მოპასუხეებისაგან, როგორც “ლ.” დამფუძნებლებისაგან ითხოვს ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სახელშეკრულებო დავალიანების ანაზღაურებას, საქართველოს სკ-ს 629-ე, 655-ე მუხლების და “მეწარმეთა შესახებ” კანონის მე-14 მუხლების საფუძველზე. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ დავის იურიდიულ ბუნებას არ ცვლის საქმეში ადმინისტრაციული ორგანოების მონაწილეობა, რადგან სკ-ს 24-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საჯარო სამართლის იურდიული პირი სამოქალაქო ურთიერთობებში ისევე მონაწილეობს, როგორც კერძო სამართლის იურდიული პირი.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ არ გაიზიარა ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის მოსაზრება დავის სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განხილვის შესახებ და საქმე განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად შემდეგი მოტივით გადმოიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში: მოცემულ შემთხვევაში დავის საგანია კერძო სამართლის იურდიული პირის ლიკვიდაციის შემდეგ მისი დამფუძნებლების სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობა. დამფუძნებლებს კი ამ დავაში წარმოადგენენ ადმინისტრაციული ორგანოები _ სახელმწიფო ფონდები. სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ გაიზიარა ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის მოსაზრება, რომ მოცემული დავა ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან არ გამომდინარეობს, მაგრამ დავა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის მიხედვით ადმინისტრაციულია, ვინაიდან მოსარჩელე ითხოვს ადმინისტრაციული ორგანოსგან, როგორც შპს “ლ.” დამფუძნებლისაგან ზიანის ანაზღაურებას.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, განსჯადობის თაობაზე თბილისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატების განჩინებათა გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს სამშენებლო-სარემონტო ფირმა “დ.” სააპელაციო საჩივარი განსახილველად განსჯადობით უნდა დაექვემდებაროს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:
მოსარჩელე შპს “ლიზინგი” სასარჩელო განცხადებით შპს “ლ.” დამფუძნებლებისგან _ საქართველოს რესპუბლიკის სოციალური უზრუნველყოფისა და სამედიცინო დაზღვევის, ასევე დასაქმების სახელმწიფო ფონდებისგან ითხოვს შპს “ლ.” უკანონო ლიკვიდაციით მიყენებული ზიანის სახით 13875,60 ლარის სახელშეკრულებო დავალიანების ანაზღაურებას.
ადმინისტაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, რომელიც სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული საქმეების რეგლამენტაციას იძლევა, დავის ადმინისტრაციულ-სამართლებრივად მიჩნევისათვის საჭიროა შემდეგ პირობათა არსებობა:
ა) სადავო სამართლებრივი ურთიერთობა უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული (საჯარო) სამართლის კანონმდებლობიდან, თანახმად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილისა ან ადმინისტრაციული დავის საგანს უნდა წარმოადგენდეს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევები;
ბ) სადავო სამართალურთიერთობაში მონაწილე ერთ-ერთი მხარე უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანო (სამართალსუბიექტობის პრინციპი).
განსახილველ შემთხვევაში სადავო სამართალურთიერთობის მონაწილე სუბიექტები არიან შპს “დ.” _ მოსარჩელე, რომელიც “მეწარმეთა შესახებ” კანონის შესაბამისად, კერძო სამართლის იურიდიული პირია, ხოლო მოპასუხეებს წარმოადგენენ სოციალური უზრუნველყოფისა და სამედიცინო დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი (ამჟამად სოციალური უზრუნველყოფის სახელმწიფო ფონდი) და დასაქმების ერთიანი სახელმწიფო ფონდი, რომლებიც საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 7 მაისის ¹180 ¹181 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულებების მიხედვით, არიან საჯარო სამართლის იურიდიული პირები, რომლებსაც დელეგირებული აქვთ რა საჯარო სამართლებრივი უფლებამოსილება, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოებს წარმოადგენენ. საქმეში მესამე პირად ჩაბმულია ასევე სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს უფლებამონაცვლე ეკონომიის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრო, რომელიც ასევე ადმინისტრაციული ორგანოა. ამდენად, სამართალსუბიექტობის პრინციპის მიხედვით, განსახილველი დავა წარმოადგენს ადმინისტრაციული წესით განსჯად საქმეს.
საკასაციო პალატა აქვე განმარტავს, რომ დავაში ადმინისტრაციული ორგანოების მხოლოდ მონაწილეობა არ განსაზღვრავს დავის განსჯადობის საკითხს, არამედ უმთავრესია დავის სამართლებრივი ბუნება, საქმის არსი და საგანი. კონკრეტულ შემთხვევაში, შპს “დ.” და შპს “ლ.” შორის დადებული ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სადავო ურთიერთობა წარმოშობილია კერძოსამართლებრივი (სახელშეკრულებო) ურთიერთობიდან, რომელიც სკ-ს 629-656-ე მუხლებით რეგულირდება. კერძო სამართლის იურიდიული პირის შპს “ლ.” ლიკვიდაციის საკითხიც მოწესრიგებულია “მეწარმეთა შესახებ” კანონით. არც სკ და არც “მეწარმეთა შესახებ” კანონი არ წარმოადგენს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობას, მაგრამ მოსარჩელე შპს “დ.” მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოებიდან, როგორც შპს “ლ.” დამფუძნებლებისაგან საწარმოს უკანონო ლიკვიდაციით მიყენებული ზიანის სახით, ითხოვს საწარმოებს შორის ნარდობის ხელშეკრულების საფუძველზე გადასახდელი 13875,60 ლარის დაკისრებას.
ამდენად, საკასაციო პალატის აზრით, განსახილველი დავის საგანია ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების თაობაზე, რაც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული საქმეა. ამიტომ პროცესუალური სუბიექტებისა და დავის საგნის მიხედვით, საქმე ადმინისტრაციული წესით განსახილველი დავაა და ამავე კოდექსის 26-ე მუხლის შესაბამისად, შპს “დ.” სააპელაციო საჩივარი განსახილველად განსჯადობით უნდა გადაეცეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2, 26-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს სამშენებლო-სარემონტო ფირმა “დ.” სააპელაციო საჩივარი განსახილველად განსჯადობით დაექვემდებაროს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას.
2. საქმის მასალები გადაეცეს განსჯად სასამართლოს.
3. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.