Facebook Twitter
საქმე №ას-206-2023 27 ივნისი, 2023 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ჯ.ს–ა

თავდაპირველი მოპასუხე - პ.ს–ა

დავის საგანი - ავტომანქანის მესაკუთრედ ცნობა, ნივთის მოვალეთა რეესტრის შეზღუდვისაგან გათავისუფლება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 13 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

აღწერილობითი ნაწილი:

ჯ.ს–ამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და პ.ს–ას მიმართ, ავტომანქანის მესაკუთრედ ცნობისა და ნივთის მოვალეთა რეესტრის შეზღუდვისაგან გათავისუფლების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებით ჯ.ს–ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ჯ.ს–ა ცნობილ იქნა სატრანსპორტო საშუალების (მარკა/მოდელი - ტოიოტა პრიუსი, ფერი - შავი, გამოშვების წელი - 2012, საიდენტიფიკაციო ნომერი ..., სანომრე ნიშანი ...., სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობა - AJ0504981) მესაკუთრედ; ამასთანავე, დასახელებული ავტოსატრანსპორტო საშუალება გათავისუფლდა მოვალეთა რეესტრის შეზღუდვისაგან, რომელიც მასზე გავრცელებული იყო პ.ს–ას მოვალეთა რეესტრში რეგისტრაციის გამო. აღნიშნული გადაწყვეტილება სამინისტრომ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 13 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი აღნიშნავს, რომ არ წარმოადგენს სათანადო მოპასუხეს, რადგან აღსრულება მის სასარგებლოდ არ მიმდინარეობს. გარდა ამისა, კასატორის მოსაზრებით, სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან მოსარჩელე არ ყოფილა ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრედ რეგისტრირებული, ხოლო რეგისტრაციას სავალდებულო ხასიათი აქვს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 2 მარტის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო, საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხებს წარმოადგენს მოძრავ ნივთზე მოსარჩელის საკუთრების უფლების არსებობა და მოპასუხის სათანადოობა.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ აღსასრულებელი გადაწყვეტილებების აღსრულების წესსა და პირობებს აწესრიგებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც ითვალისწინებს სხვადასხვა იძულებით ღონისძიებას გადაწყვეტილების იძულებით აღსრულების უზრუნველსაყოფად, მათ შორისაა მოვალეთა რეესტრის წარმოება, მოვალის ქონების მოძიება, დაყადაღება და აუქციონზე რეალიზაცია. ამასთან, იმავე კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით. ასეთ შემთხვევაში, მოსარჩელემ სათანადო მტკიცებულებების საფუძველზე უნდა დაადასტუროს ნივთზე საკუთრების უფლების არსებობა.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ თავდაპირველი მოპასუხის - პ.ს–ას მიმართ მიმდინარე სააღსრულებო წარმოების ფარგლებში, ხსენებული პირი რეგისტრირებულ იქნა მოვალეთა რეესტრში და შეზღუდვა გავრცელდა ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე (საიდენტიფიკაციო ნომერი JTD.....), რომლის მესაკუთრედაც პ.ს–ა იყო რეგისტრირებული.

წარმოდგენილი სარჩელით მოსარჩელემ მოითხოვა სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრედ აღიარება და შეზღუდვის მოხსნა, რადგან მისი განმარტებით, სწორედ ის არის მოძრავი ნივთის რეალური მესაკუთრე.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სამოქალაქო კოდექსი, რომელიც მოძრავ ნივთებზე საკუთრების შეძენის წესს ადგენს, სატრანსპორტო საშუალებებზე საკუთრების შეძენისათვის სავალდებულოდ არ მიიჩნევს ამ მოძრავი ნივთების შემძენთა რეგისტრაციას სსიპ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში. სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია არ წარმოადგენს სამოქალაქო-სამართლებრივ აქტს. ამ ვალდებულების განხორციელება წარმოადგენს მხოლოდ ერთ-ერთ აუცილებელ პირობას საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის და არა ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე საკუთრების უფლების წარმოშობისათვის (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 9 ნოემბრის №ას-1029-2022 განჩინება). შესაბამისად, უსაფუძვლოა კასატორის არგუმენტი, რომ ნივთზე მოსარჩელის საკუთრების რეგისტრაციის არარსებობის პირობებში, სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილებულიყო, რადგან ნივთის კუთვნილება მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე უნდა დადგენილიყო.

მოსარჩელის საკუთრების უფლების არსებობასთან დაკავშირებით კი, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მასზედ, რომ სადავო ავტოსატრანსპორტო საშუალება ონლაინ-აუქციონზე შეიძინა ჯ.ს–ამ, მანვე გადაიხადა ნასყიდობის საფასური, ნივთს ფაქტობრივად მოსარჩელე ფლობს. საგულისხმოა, რომ პ.ს–ა და ჯ.ს–ა ნივთის მესაკუთრედ თავდაპირველი მოპასუხის რეგისტრაციის მიზეზებსაც კი ხსნიან (დასტურდება, რომ მოსარჩელე სადავო პერიოდში იყო კოვიდინფიცირებული, რამაც, მისი განმარტებით, იძულებული გახადა, პ.ს–ასთვის ეთხოვა ნივთის მესაკუთრედ რეგისტრაცია). ამდენად, ხსენებული ფაქტობრივი გარემოებების ერთობლიობა მიუთითებს, რომ მოძრავი ნივთის რეალური მესაკუთრე მოსარჩელეა, რაც მისი სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს ქმნიდა.

რაც შეეხება კასატორის არგუმენტს მოპასუხის არასათანადოობის თაობაზე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააღსრულებო წარმოება მიმდინარეობდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ (პ.ს–ას გადასახდელი აქვს ჯარიმები ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის საქმეებზე). საქართველოს მთავრობის 2017 წლის 31 მარტის №168 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების“ პირველი და მესამე მუხლების შესაბამისად კი, სახელმწიფო ბიუჯეტის სახაზინო ანგარიშზე ფულადი სახსრების მოძრაობის პროგნოზირება და მათი ფინანსურ ინსტრუმენტებში განთავსება სწორედ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფუნქციაა. შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახაზინო ანგარიშზე თანხების განთავსებასთან დაკავშირებულ დავებში იგი სათანადო მოპასუხედ უნდა ჩაითვალოს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 21 მაისის №ას-1921-2018 განჩინება).

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველი დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი და წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრულ, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, ვინაიდან: საქმე არ მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ასევე, არ ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი; სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული, საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 13 დეკემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ა. წულაძე

მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე

გ. მიქაუტაძე