Facebook Twitter
საქმე №ას-211-2023 27 ივნისი, 2023 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - შპს „ე.ჯ–ა“

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ლ-გ.კ–ი

დავის საგანი - სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 3 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

აღწერილობითი ნაწილი:

ლ-გ.კ–მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - შპს „ე.ჯ–ას“ მიმართ, სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 7 მარტის გადაწყვეტილებით ლ-გ.კ–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, სასარჩელო მოთხოვნათა ხანდაზმულობის გამო.

პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელე სამსახურიდან გათავისუფლდა 2021 წლის 11 მაისს, ხოლო იმავე წლის 20 მაისს - ჩაბარდა გათავისუფლების საფუძვლების შესახებ დასაბუთება. 2021 წლის 11 ივნისს ლ-გ.კ–მა, სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით, სარჩელი წარადგინა, თუმცა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 14 ივნისის განჩინებით მოსარჩელეს სარჩელის მიღებაზე უარი ეთქვა. აღნიშნული განჩინება მხარემ კერძო საჩივრით გაასაჩივრა, რომელიც განუხილველად იქნა დატოვებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით. წინამდებარე სარჩელი კი სასამართლოში წარმოდგენილ იქნა 2021 წლის 20 აგვისტოს.

საქალაქო სასამართლომ, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შრომის კოდექსის 48-ე მუხლის მე-6 ნაწილზე მითითებით, მიიჩნია, რომ სარჩელი წარდგენილ იქნა ხანდაზმულობის ვადის დარღვევით - სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ განჩინების მოსარჩელისთვის ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღის გასვლის შემდეგ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 7 მარტის გადაწყვეტილება ლ-გ.კ–მა სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით ლ-გ.კ–ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 7 მარტის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

სააპელაციო სასამართლომ სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულად არ მიიჩნია და განმარტა, რომ შრომის კოდექსის 48-ე მუხლის მე-6 ნაწილი გამოიყენება, როდესაც მხარეს კერძო საჩივარი არ აქვს წარდგენილი; თუ მხარემ ისარგებლა გასაჩივრების უფლებით, ხანდაზმულობის ვადის დენა უნდა დაუკავშირდეს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ საჩივარზე განჩინების გამოტანას. აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს არსებითად უნდა შეესწავლა და შეეფასებინა სასარჩელო მოთხოვნათა საფუძვლიანობა და დასაბუთებულობა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 3 ოქტომბრის განჩინება შპს „ე.ჯ–ამ“ საკასაციო წესით გაასაჩივრა.

კასატორი აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სარჩელი მართებულად არ დააკმაყოფილა, რადგან მოთხოვნები ხანდაზმულია.

კასატორი, ასევე, შუამდგომლობს საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 24 მარტის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო, საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ შპს „ე.ჯ–ას“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს სასარჩელო მოთხოვნათა ხანდაზმულობა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს შრომის კოდექსის 48-ე მუხლზე, რომლის მე-4 ნაწილის მიხედვით, დასაქმებულს უფლება აქვს, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის შეტყობინების მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში გაუგზავნოს მას წერილობითი შეტყობინება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის წერილობით დასაბუთების მოთხოვნის თაობაზე. იმავე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად კი, დასაქმებულს უფლება აქვს, დამსაქმებლის წერილობითი დასაბუთების მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში სასამართლოში გაასაჩივროს დამსაქმებლის გადაწყვეტილება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. სასამართლოს მიერ დასაქმებულის მიერ აღძრული სარჩელის მიღებაზე უარის თქმის ან სარჩელის განუხილველად დატოვების შემთხვევაში დასაქმებულს უფლება აქვს, იმავე სარჩელით განმეორებით მიმართოს სასამართლოს სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ განჩინების ან სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების მისთვის ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში.

ამრიგად, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის კანონმდებლობით დადგენილია სპეციალური - 30-დღიანი ვადა, რაც ემსახურება კანონმდებლის მიზანს, მოკლევადიანი გასაჩივრების პროცედურის შემოღებით აღმოფხვრას გრძელვადიანი შრომითი დავების არსებობა (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 4 მარტის №ას-11-11-2018 გადაწყვეტილება და 2019 წლის 13 დეკემბრის №ას-1418-2018 განჩინება).

რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის ათვლის მომენტს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელის ხანდაზმულობის ვადის დენის საწყის წერტილად განსაზღვრულია დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. შრომის კოდექსი უფლების რეალიზების ვადის ათვლას სწორედ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილების ფაქტობრივად შეტყობის მომენტს უკავშირებს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 15 მარტის №ას-1298-1218-2015 და 2016 წლის 2 ნოემბრის №ას-905-871-2016 განჩინებები, 2021 წლის 20 მაისის №ას-790-2020 გადაწყვეტილება). შრომის კოდექსის 48-ე მუხლის მე-6 ნაწილით კი დადგენილია ვადის ათვლის სპეციალური წესი - თუ მხარე სარჩელის წარდგენით სადავოდ გახდის გათავისუფლების კანონიერებას, მაგრამ სასამართლო მას უარს ეტყვის სარჩელის წარმოებაში მიღებაზე ან სარჩელი განუხილველად იქნება დატოვებული, დასაქმებულს შეუძლია, განმეორებით წარადგინოს სარჩელი სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ განჩინების ან სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების მისთვის ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განმარტებას საჭიროებს ამ ნორმის გამოყენების შესაძლებლობა სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ ან სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების მხარის მიერ გასაჩივრების შემთხვევებში.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია. საგულისხმოა, რომ „ამა თუ იმ უფლებით სრულად სარგებლობის უზრუნველყოფის უმნიშვნელოვანესი გარანტია ზუსტად მისი სასამართლოში დაცვის შესაძლებლობაა. თუკი არ იქნება უფლების დარღვევის თავიდან აცილების ან დარღვეული უფლების აღდგენის შესაძლებლობა, სამართლებრივი ბერკეტი, თავად უფლებით სარგებლობა დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ. შესაბამისად, უფლება-თავისუფლებების დასაცავად სასამართლოსადმი მიმართვის აკრძალვა ან არათანაზომიერი შეზღუდვა არღვევს არა მხოლოდ სამართლიანი სასამართლოს უფლებას, არამედ, იმავდროულად, შეიცავს საფრთხეს თავად იმ უფლების უგულებელყოფისა, რომლის დასაცავადაც სასამართლოსადმი მიმართვაა აკრძალული (შეზღუდული)“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 ივნისის №1/466 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). ამასთან, „სამართლიანი სასამართლოს უფლება არაერთი უფლებრივი კომპონენტისგან შედგება, რომელთა ერთობლიობამაც უნდა უზრუნველყოს, ერთი მხრივ, ადამიანების რეალური შესაძლებლობა, სრულყოფილად და ადეკვატურად დაიცვან, აღიდგინონ საკუთარი უფლებები, ხოლო, მეორე მხრივ, სახელმწიფოს მიერ ადამიანის უფლება-თავისუფლებებში ჩარევისას, დაიცვას ადამიანი სახელმწიფოს თვითნებობისაგან. შესაბამისად, სამართლიანი სასამართლოს უფლების თითოეული უფლებრივი კომპონენტის, როგორც ფორმალური, ისე მატერიალური შინაარსით საკმარისი პროცედურული უზრუნველყოფა სახელმწიფოს კონსტიტუციური ვალდებულებაა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 23 მაისის №3/2/574 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

სამართლიანი სასამართლოს უფლების ერთ-ერთ კომპონენტს გასაჩივრების უფლება წარმოადგენს, რომლის გამოყენების წინაპირობებს საპროცესო კანონმდებლობა აწესრიგებს. მათ შორის, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მესამე ნაწილისა და 276-ე მუხლის საფუძველზე, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის ან სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა. ამრიგად, საპროცესო კანონმდებლობით პირდაპირ არის გათვალისწინებული სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ ან სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების გასაჩივრების შესაძლებლობა. ამასთანავე, იმავე კოდექსის 186-ე მუხლის მეორე ნაწილისა და 278-ე მუხლის შესაბამისად, მოსამართლის მიერ სარჩელის მიღებაზე უარის თქმა ან სარჩელის განუხილველად დატოვება ხელს არ უშლის პირს, განმეორებით მიმართოს სასამართლოს იმავე სარჩელით, თუ აცილებული იქნება დაშვებული დარღვევა. ამრიგად, თუ მხარეს სასამართლო უარს ეტყვის სარჩელის წარმოებაში მიღებაზე ან განუხილველად დაუტოვებს სარჩელს, მოსარჩელეს შეუძლია ან დაეთანხმოს სასამართლოს განჩინებას, არ გაასაჩივროს ის და ხელახლა წარადგინოს სარჩელი, განჩინებებში დასახელებული გარემოებების მხედველობაში მიღებისა და გათვალისწინების შედეგად; ან წარადგინოს კერძო საჩივარი სასამართლო განჩინების გაუქმების მოთხოვნით; თუ მისი კერძო საჩივარი დაკმაყოფილდება, ქვედა ინსტანციის სასამართლოს საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდება, ხოლო თუ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა - მხარეს მაინც ექნება იმავე სარჩელის თავიდან წარდგენის შესაძლებლობა. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განჩინება ვერ ჩაითვლება კანონიერ ძალაში შესულად კერძო საჩივარზე სააპელაციო სასამართლოს მიერ განჩინების მიღებამდე - გასაჩივრებული განჩინების ძალაში დატოვებამდე.

საკასაციო პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ შრომითი დავების შემთხვევაში სარჩელის მიღებაზე უარის თქმის ან განუხილველად დატოვების შესახებ განჩინებების მიმართ სპეციალური, საგამონაკლისო წესები არ მოქმედებს და გამოიყენება ზემოაღნიშნული წესები, მათ შორის, სწორედ მოსარჩელის ნებაზე არის დამოკიდებული, გამოიყენებს თუ არა კერძო საჩივრის წარდგენის შესაძლებლობას. ამდენად, თუ მოსარჩელე წარადგენს კერძო საჩივარს, კერძო საჩივრის გადაწყვეტამდე სარჩელის მიღებაზე უარის თქმა ან მისი განუხილველად დატოვება ძალაში შესულად არ მიიჩნევა; უფრო მეტიც, თუ კერძო საჩივარი დაკმაყოფილდება, მხარეს აღარ ექნება ახალი სარჩელის წარდგენის საჭიროება, რადგან ქვედა ინსტანციის სასამართლოს ისედაც დაევალება სარჩელის არსებითად განხილვა. სწორედ ამიტომ, შრომის კოდექსის 48-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული ვადის ათვლის მომენტი - განჩინების მხარისთვის ჩაბარება არ უნდა იქნეს გამოყენებული ისეთი შემთხვევების მიმართ, როდესაც მხარე კერძო საჩივარს წარადგენს; ეს ვადა გამოყენებულ უნდა იქნეს ისეთი შემთხვევების მიმართ, როდესაც მხარე განჩინებას არ გაასაჩივრებს. თუ მხარე წარადგენს კერძო საჩივარს, რომელიც არ დაკმაყოფილდება, კერძო საჩივრის თაობაზე მიღებული განჩინების ჩაბარებას უნდა დაუკავშირდეს ახალი სარჩელის წარდგენის 30-დღიანი ვადის ათვლა. საწინააღმდეგო განმარტების შემთხვევაში მოსარჩელე აღარ გამოიყენებს გასაჩივრების შესაძლებლობას, ახალი სარჩელის წარდგენის ვადის გასვლის შიშით, რაც კანონმდებლობით გარანტირებულ გასაჩივრების უფლებას ფაქტობრივად მხოლოდ დეკლარაციულ უფლებად აქცევს. მსგავს ფაქტობრივ ვითარებას შექმნის ისეთი შემთხვევაც, თუ მხარე ერთდროულად კერძო საჩივარსაც და ახალ სარჩელსაც წარადგენს, ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამორიცხვის მიზნით, რადგან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, მოსამართლე სარჩელის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში არ მიიღებს სარჩელს, თუ ამ ან სხვა სასამართლოს წარმოებაშია საქმე დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით. ამრიგად, კერძო საჩივრის გადაწყვეტამდე წარდგენილი სარჩელი მაინც არ იქნება წარმოებაში მიღებული, თუ სასამართლოსთვის ცნობილი გახდება, რომ იგივე დავა უკვე არის სასამართლო წარმოებაში.

საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს, რომ რადგან ახალი სარჩელის წარდგენის ხანდაზმულობის ვადა 30 დღეა, ხოლო კერძო საჩივრის შეტანის ვადა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლით, 12 დღეს შეადგენს, მხარეს სარჩელის განუხილველად დატოვების ან მიღებაზე უარის თქმის განჩინების ჩაბარების შემდგომ ექნება სრული შესაძლებლობა, გააკეთოს გაცნობიერებული არჩევანი: 12 დღის ვადაში წარადგინოს კერძო საჩივარი; ან თუ ამ უფლებას არ გამოიყენებს ან გაუშვებს გასაჩივრების ვადას, მაინც ექნება ახალი სარჩელის წარდგენისთვის ვადა დარჩენილი. მსგავსი მიდგომა დასაქმებულის უფლებების დაცვას მეტად გარანტირებულს გახდის.

საკასაციო სასამართლო, ასევე, აღნიშნავს, რომ შრომის კოდექსით ხანდაზმულობის სპეციალური, ნაკლები ხანგრძლივობის ვადების გათვალისწინება, პირველ ყოვლისა, დასაქმებულის უფლებების დაცვას ემსახურება, რათა შრომითი დავები სწრაფად წარიმართოს და დასრულდეს. ზოგადად, სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება შესაძლებელია, შეიზღუდოს თავად გასაჩივრების მსურველი პირის სწრაფი მართლმსაჯულების უზრუნველყოფის მიზნით. თუმცა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „გაუმართლებელია პირის სამართლიანი სასამართლოს უფლების შეზღუდვა მისივე ინტერესებზე მითითებით. როდესაც საქმის განხილვის სწრაფად დასრულება თავად პირის ინტერესებშია, შეუძლებელია, პირს გააჩნდეს საქმის ხელოვნურად გახანგრძლივების მოტივაცია. პირიქით, ასეთ შემთხვევაში იგი თავად უკეთ გადაწყვეტს, მის რომელ ინტერესს მიანიჭოს უპირატესობა და რა მოცულობით ისარგებლოს სამართლიანი სასამართლოს უფლებრივი გარანტიებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 28 დეკემბრის №2/8/734 გადაწყვეტილება საქმეზე „ა(ა)იპ „ფრემა“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). ამრიგად, დასაქმებულის უფლებების დაცვის, სწრაფი მართლმსაჯულების ინტერესებით ვერ იქნება ახსნილი შრომის კოდექსის 48-ე მუხლის მე-6 ნაწილის იმგვარი განმარტება, რომელიც მხარეს პრაქტიკულად მოუსპობს კერძო საჩივრის წარდგენის შესაძლებლობას და იძულებულს გახდის, გასაჩივრების უფლების გამოყენებაზე უარის თქმით, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შიშით, პირდაპირ ახალი სარჩელი წარადგინოს.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე სამსახურიდან გათავისუფლდა 2021 წლის 11 მაისს, ხოლო იმავე წლის 20 მაისს - ჩაბარდა გათავისუფლების საფუძვლების შესახებ დასაბუთება. 2021 წლის 11 ივნისს ლ-გ.კ–მა, სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით, სარჩელი წარადგინა, თუმცა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 14 ივნისის განჩინებით მოსარჩელეს სარჩელის მიღებაზე უარი ეთქვა. აღნიშნული განჩინება მხარემ კერძო საჩივრით გაასაჩივრა, რომელიც განუხილველად იქნა დატოვებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით. წინამდებარე სარჩელი კი სასამართლოში წარდგენილ იქნა 2021 წლის 20 აგვისტოს.

ხსენებული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად გამოიყენა სადავო შემთხვევის მიმართ შრომის კოდექსის 48-ე მუხლის მე-6 ნაწილი - ხანდაზმულობის 30-დღიანი ვადის ათვლის სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ განჩინების მხარისთვის ჩაბარების მომენტთან დაკავშირება არ იყო მართებული, ვინაიდან მოსარჩელემ წარადგინა კერძო საჩივარი. ამდენად, მოთხოვნის ხანდაზმულობის მოტივით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა არ შეესაბამებოდა კანონმდებლობის მოთხოვნებს და სააპელაციო პალატამ მართებულად გააუქმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.

რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნებას, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით კი, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული. ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლოს სარჩელის საფუძვლიანობა არსებითად არ შეუსწავლია, არ დაუდგენია გათავისუფლების კანონიერების შემოწმებისთვის აუცილებელი ფაქტობრივი გარემოებები და არ მოუხდენია მათი სამართლებრივი ანალიზი, არსებობდა საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების წინაპირობები.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველი დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი და წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრულ, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, ვინაიდან: საქმე არ მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ასევე, არ ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი; სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული, საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთანავე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად მიჩნევის გამო, კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საქმის მხარეთა დასწრებით განხილვის თაობაზე კასატორის შუამდგომლობასთან დაკავშირებით კი, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვითაც, ამ კოდექსის 391-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნათა შესაბამისად საკასაციო საჩივრის დასაშვებობას ამოწმებს სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობა, რომელიც უფლებამოსილია აღნიშნული საკითხი ზეპირი განხილვის გარეშე გადაწყვიტოს. ამასთან, საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შემთხვევაშიც კი, იმავე კოდექსის 408-ე მუხლის მესამე ნაწილიდან გამომდინარე, სასამართლო მსჯელობს საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის მიზანშეწონილობაზე. განსახილველ შემთხვევაში, „საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების შესახებ“ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 24 მარტის განჩინებით უკვე დადგინდა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ზეპირი მოსმენის გარეშე შემოწმება, რის თაობაზეც ეცნობათ მხარეებს; საჩივრის დაუშვებლად ცნობის პირობებში კი, საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ე.ჯ–ას“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 3 ოქტომბრის განჩინება;

3. შპს „ე.ჯ–ას“ შუამდგომლობა საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

4. შპს „ე.ჯ–ას“ (ს/ნ ......) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 17.11.2022 წლის №629 და 14.03.2023 წლის №298 საგადახდო დავალებებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 1339,28 ლარის 70% - 937,50 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150;

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ა. წულაძე

მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე

გ. მიქაუტაძე