საქმე №ას-259-2023 27 ივნისი, 2023 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები (მოპასუხეები) - ლ.ბ–ი, თ.ყ–ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - შპს „ტ.კ–ი“
დავის საგანი - ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა, საკუთრების უფლების აღდგენა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილება
კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
სს „თ.ბ–მა“ 2020 წლის 26 თებერვალს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - თ.ყ–ისა და ლ.ბ–ის მიმართ და მოითხოვა: მოპასუხეებს შორის 2020 წლის 10 თებერვალს დადებული უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა და თიანეთში, სოფელ .......... მდებარე უძრავ ქონებაზე (ს/კ .......) თ.ყ–ის საკუთრების უფლების აღდგენა; უზრუნველყოფის საგნის რეალიზაციის გარდა, აღსრულების მიქცევა მოვალის საკუთრებაში არსებულ ნებისმიერ სხვა ქონებაზე.
მოსარჩელის განმარტებით, ბანკსა და თ.ყ–ს შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის უზრუნველსაყოფადაც გირავნობით დაიტვირთა მსესხებლის ავტოსატრანსპორტო საშუალება. ვინაიდან თ.ყ–მა ვალდებულება არ შეასრულა, 2012 წლის 9 ოქტომბერს ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, აღსრულების ეროვნულ ბიუროში დაიწყო №A12062217 წარმოება. თუმცა, ავტომობილის რეალიზაცია ვერ მოხერხდა, ვინაიდან გირავნობის საგანი ვერ იქნა მოძიებული. გარდა ამისა, 2020 წლის 10 თებერვალს მოპასუხეებს შორის გაფორმდა სადავო უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულება. მოსარჩელის მოსაზრებით, ჩუქების ხელშეკრულება მოჩვენებითი გარიგებაა და დაიდო ვალდებულებისგან თავის არიდების მიზნით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი სარჩელით მოთხოვნილ იქნა ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა და აღსრულების მიქცევა მოვალის ქონებაზე, ვალდებულების შესრულების მიზნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება ბანკმა სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 31 მაისის საოქმო განჩინებით სს „თ.ბ–ის“ უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა შპს „ტ.კ–ი“.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილებით შპს „ტ.კ–ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც შპს „ტ.კ–ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი თ.ყ–სა და ლ.ბ–ს შორის 2020 წლის 10 თებერვალს დადებული უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება და თიანეთში, სოფელ .......... მდებარე უძრავ ქონებაზე (ს/კ .....) აღდგა თ.ყ–ის საკუთრების უფლება; შპს „ტ.კ–ის“ მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით აღსრულება მიექცა თ.ყ–ის საკუთრებაში არსებულ ნებისმიერ ქონებაზე.
სააპელაციო სასამართლომ უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულება მოჩვენებით გარიგებად მიიჩნია.
საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, მოვალის საკუთრებაში არსებულ ნებისმიერ ქონებაზე აღსრულების მიქცევის თაობაზე მოთხოვნასთან დაკავშირებით კი, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ეს მოთხოვნა უნდა შეფასდეს არა როგორც მატერიალურ-სამართლებრივი მოთხოვნა, არამედ როგორც შუამდგომლობა აღსრულების წესის შეცვლის თაობაზე. მსგავსი შუამდგომლობის განხილვა კი ყოველთვისაა შესაძლებელი, ვიდრე არ გავა თავად აღსასრულებელი გადაწყვეტილების (აღსრულების ქვემდებარე აქტების, მათ შორის, ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის) იძულებითი აღსრულების ხანდაზმულობის ვადა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილება თ.ყ–მა და ლ.ბ–მა საკასაციო წესით გაასაჩივრეს. მათვე 2023 წლის 13 აპრილს წარმოადგინეს დაზუსტებული საკასაციო საჩივარი და აღნიშნეს, რომ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით დაწყებული სააღსრულებო საქმის წარმოება შეწყდა, ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.
საკასაციო საჩივარს თან ერთვის სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2022 წლის 11 ნოემბრის ცნობა, რომ თ.ყ–ის მიმართ დაწყებული №A12062217 სააღსრულებო საქმის წარმოება შეწყდა, ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 21 აპრილის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.
მოწინააღმდეგე მხარეს - შპს „ტ.ბ–ს“ გაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 21 აპრილის განჩინება და დაზუსტებული საკასაციო საჩივარი.
კომპანიამ წარმოადგინა საკასაციო შესაგებელი, რომლითაც საკასაციო საჩივარს არ დაეთანხმა, კვლავ განმარტა, რომ მისი მიზანი საკრედიტო ხელშეკრულების შესრულებაა, ხოლო აღსრულების შეწყვეტასთან დაკავშირებით პოზიცია არ წარმოუდგენია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 29 მაისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დასაბუთებულია; როგორც გასაჩივრებული გადაწყვეტილება, ისე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და სარჩელი, როგორც დაუშვებელი, განუხილველად უნდა დარჩეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში თავდაპირველად გადასაწყვეტ საკითხს წარმოადგენს აღიარებითი სარჩელის დასაშვებობა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლზე, რომელიც განამტკიცებს აღიარებითი სარჩელის წარდგენის შესაძლებლობას. დასახელებული ნორმის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს. ამრიგად, აღიარებითი სარჩელის დასაშვებობის ერთ-ერთ კრიტერიუმს სათანადო იურიდიული ინტერესის არსებობა წარმოადგენს, ხოლო სარჩელის დასაშვებობის საკითხის შემოწმება სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება, მხარის პრეტენზიის არარსებობის პირობებშიც კი, საქმის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე. ამასთან, საქართველოს უზენაეს სასამართლოს არაერთ საქმეზე აქვს განმარტებული, რომ იურიდიული ინტერესის არსებობის დადგენისათვის უპირატესად უნდა გაირკვეს, გაუმჯობესდება თუ არა მოსარჩელის სამართლებრივი მდგომარეობა მისი აღიარებითი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად მხარე უნდა იღებდეს გარკვეულ შედეგს - აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 26 მარტის №ას-758-2020, 2021 წლის 8 აპრილის №ას-118-2021 და 2015 წლის 1 ივლისის №ას-17-14-2015 განჩინებები).
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ თ.ყ–სა (მოვალე) და საბანკო დაწესებულებას (კრედიტორი) შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის უზრუნველსაყოფადაც მოვალის ავტოსატრანსპორტო საშუალება გირავნობით დაიტვირთა. ამასთან, ვინაიდან თ.ყ–მა ვალდებულება არ შეასრულა, 2012 წლის 9 ოქტომბერს ნოტარიუსის მიერ გაცემული №121095171 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, აღსრულების ეროვნულ ბიუროში დაიწყო №A12062217 სააღსრულებო საქმის წარმოება. თუმცა, ავტომობილის რეალიზაცია ვერ მოხერხდა, ვინაიდან გირავნობის საგანი ვერ იქნა მოძიებული.
გარდა ამისა, დადგენილია, რომ 2020 წლის 10 თებერვალს თ.ყ–მა ლ.ბ–ს აჩუქა თიანეთში, სოფელ .......... მდებარე უძრავი ქონება (ს/კ ....).
მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ჩუქების ხელშეკრულება დაიდო მოჩვენებით - მოვალის ფულადი ვალდებულების შესრულებისგან თავის არიდების მიზნით. აქედან გამომდინარე, წარმოდგენილი სარჩელით მოთხოვნილ იქნა ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა და თ.ყ–ის საკუთრების აღდგენა; გარდა ამისა, აღსრულების წესის განსაზღვრა - №A12062217 სააღსრულებო წარმოების ფარგლებში აღსრულების მოვალის ნებისმიერ ქონებაზე მიქცევა.
დასახელებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს მასზედ, რომ წამყვან სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს მოპასუხეებს შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ხოლო სარჩელის წარმოდგენის ერთადერთ მიზეზად და მიზნად მოსარჩელე ასახელებს თ.ყ–ის მიმართ არსებული მოთხოვნის იძულებითი აღსრულების შესაძლებლობის უზრუნველყოფას. ამრიგად, განსახილველ საქმეში მოსარჩელის იურიდიული ინტერესი გამოიხატება №A12062217 სააღსრულებო საქმის წარმოების წარმატებით დასრულებაში. თუმცა, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2022 წლის 11 ნოემბრის ცნობით დასტურდება, რომ თ.ყ–ის მიმართ დაწყებული №A12062217 სააღსრულებო საქმის წარმოება შეწყდა, ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო. საგულისხმოა, რომ ეს ფაქტობრივი გარემოება მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია. სააღსრულებო წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში კი, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მეორე და მესამე პუნქტების შესაბამისად, აღსრულებისათვის განხორციელებული ყველა ღონისძიება უქმდება; იმავე გადაწყვეტილების საფუძველზე წარმოების განახლება დაუშვებელია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა დადასტურებულად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი აღიარებითი მოთხოვნის - ხელშეკრულების ბათილად ცნობის მიმართ მხარეს იურიდიული ინტერესი აღარ გააჩნია, რადგან სააღსრულებო წარმოება, რომლის აღსრულებასაც ისახავდა მიზნად წარმოდგენილი სარჩელი, დასრულებულია. ამრიგად, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებაც კი მოსარჩელის ინტერესის მიღწევას ვერ გამოიწვევს. გარდა ამისა, სააღსრულებო წარმოების შეწყვეტის პირობებში, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, დასრულებული სააღსრულებო საქმის წარმოებაში აღსრულების საგნის შეცვლაზე იმსჯელოს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე, 275-ე, 372-ე, 394-ე, 399-ე საფუძველზე, უნდა გაუქმდეს წინამდებარე საქმეზე პირველი და სააპელაციო ინსტანციების სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და სარჩელი უნდა დარჩეს განუხილველად, დაუშვებლობის გამო.
რაც შეეხება სახელმწიფო ბაჟის საკითხს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილის გათვალისწინებით, კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე თითოეულის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%, ხოლო ქვედა ინსტანციის სასამართლოებში მხარეების მიერ გადახდილი ბაჟი უნდა დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად.
საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის საფუძველზე, უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 27 თებერვლის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც მოპასუხე ლ.ბ–ს (პ/ნ ……..) აეკრძალა მის საკუთრებაში რიცხული, თიანეთში, სოფელ .......... მდებარე უძრავი ქონების (ს/კ ……….) გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.
სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე, 399-ე, 372-ე, 187-ე, 284-ე, 285-ე, 408-ე, 1991 მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ლ.ბ–ისა და თ.ყ–ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 21 ივნისის და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებები;
3. შპს „ტ.კ–ის“ სარჩელი დარჩეს განუხილველად;
4. თ.ყ–ს (პ/ნ .........) დაუბრუნდეს მის მიერ 2023 წლის 23 მარტის №16485259720 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის 70% - 105 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150;
5. ლ.ბ–ს (პ/ნ ......) დაუბრუნდეს მის მიერ 2023 წლის 23 მარტის №16485237979 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის 70% - 105 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150;
6. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 27 თებერვლის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ლ.ბ–ს (პ/ნ .........) აეკრძალა მის საკუთრებაში რიცხული, თიანეთში, სოფელ .......... მდებარე უძრავი ქონების (ს/კ .......) გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა;
7. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. წულაძე
მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე
გ. მიქაუტაძე