Facebook Twitter
საქმე №ას-275-2023 27 ივნისი, 2023 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - შპს „თ.ს.კ–ია“

მოწინააღმდეგე მხარეები (მოსარჩელეები) - ა.ლ–ო და ი.ძ–ი

დავის საგანი - სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, იძულებითი განაცდურის და კომპენსაციის ანაზღაურება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

აღწერილობითი ნაწილი:

ა.ლ–ომ და ი.ძ–მა სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - შპს „თ.ს.კ–იის“ მიმართ, გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი მოსარჩელეებთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბრძანებები; მოპასუხეს მოსარჩელეების სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის ანაზღაურება თითოეულისთვის 3000 ლარის ოდენობით; მოპასუხეს იძულებითი განაცდურის სახით დაეკისრა სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიური ხელფასის ოდენობით თანხების (ა.ლ–თვის - 596.16 ლარი; ი.ძ–ისთვის - 640.32 ლარი) გადახდა (კანონით გათვალისწინებული გადასახადების გარეშე). აღნიშნული გადაწყვეტილება მხარეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება.

აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა, მოპასუხემ მოითხოვა განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა, ხოლო მოსარჩელეებმა - განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

კასატორი - შპს „თ.ს.კ–ია“ განმარტავს, რომ სასამართლომ არასწორად შეაფასა მოსარჩელეების სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე სადავო ბრძანებები, კერძოდ, სადავო აქტები ეფუძნება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 11 ივლისის №215/ნ ბრძანების მოთხოვნებს და შესაბამისად არ არსებობდა მისი ბათილად ცნობის საფუძველი.

კასატორები ა.ლ–ო და ი.ძ–ი სადავოდ ხდიდნენ სასამართლოს მიერ სამსახურში აღდგენის შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 20 მარტის განჩინებით შპს „თ.ს.კ–იის“ საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად, ხოლო 2023 წლის 20 აპრილის განჩინებით - ა.ლ– და ი.ძ–ის საკასაციო დარჩა განუხილველად.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო, საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ - შპს „თ.ს.კ–იის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს მოსარჩელეებთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის კანონიერება, კომპენსაციის და იძულებითი განაცდურის საფუძვლიანობა.

საკასაციო პალატა შრომის კოდექსის 47-ე მუხლის სისტემური ანალიზიდან გამომდინარე განმარტავს, რომ მისი პირველი ნაწილი ითვალისწინებს ჩამონათვალს, თუ რა საფუძვლით შეიძლება შეწყდეს შრომითი ხელშეკრულება. თუმცა, შრომითი ხელშეკრულების მართლზომიერად შეწყვეტის საფუძვლების აღნიშნული ჩამონათვალი ამომწურავი არ არის. დასახელებული მუხლის პირველი ნაწილის „ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად საქართველოს შრომის კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც ამართლებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას. ამდენად მითითებული ნორმა იძლევა ზოგად მითითებას და ამბობს, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი შეიძლება იყოს „სხვა ობიექტური გარემოება“, რომელიც შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას ამართლებს. შესაბამისად, იმისათვის, რომ ნებისმიერი გარემოება არ მოხვდეს მითითებული დანაწესის მოქმედების სფეროში და შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა არ გაამართლოს, მნიშვნელოვანია სასამართლოს მხრიდან ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალურად შეფასდეს დამსაქმებლის მხრიდან მითითებულ ნორმაზე დაყრდნობით შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა ეფუძნება თუ არა ობიექტურად გამართლებულ გარემოებას. შრომის კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „ო“ ქვეპუნქტში მოცემული რეგულაცია არ შეიძლება გამოდგეს კეთილსინდისიერების, კეთილი ზნის საწინააღმდეგო გათავისუფლების გამართლებისთვის. შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლად გასაკიცხი მოტივი არ შეიძლება „ობიექტური გარემოებით შეიფუთოს“, არამედ, „ობიექტური გარემოება“ მოსამართლემ უნდა განსაზღვროს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, რადგან ყოველგვარ ვითარებაზე მორგებული განმარტება ვერ იარსებებს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ერთი და იგივე „ობიექტური გარემოება“ სხვადასხვა მოცემულობაში განსხვავებულად შეიძლება შეფასდეს...(საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 18 სექტემბრის №ას-577-2020 და 2023 წლის 27 იანვრის №ას-534-2022 განჩინებები).

საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ შრომითი ურთიერთობის შენარჩუნებას აქვს პრიორიტეტი მის რღვევასთან შედარებით. ამდენად, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა არის უკიდურესი ღონისძიება, რომელიც გამოყენებული უნდა იქნეს გამონაკლის და მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში, მყარი საფუძვლის არსებობის პირობებში. „თითოეული დასაქმებულის საქმის ინდივიდუალური შეფასებისას გამოყენებული უნდა იქნეს ე.წ. „favor prestatoris“ პრინციპი, რაც დასაქმებულთათვის სასარგებლო წესით უპირატესობას ნიშნავს. სწორედ აღნიშნული პრინციპის გამოყენებისას, საჭიროა დამსაქმებლისა და დასაქმებულის მოთხოვნებისა და ინტერესების წონასწორობის დაცვა სამართლიანობის, კანონიერებისა და თითოეული მათგანის ქმედების კეთილსინდისიერების კონტექსტში“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 29 იანვრის №ას-891-2015 განჩინება).

საკასაციო პალატა, სასარჩელო მოთხოვნების საფუძვლიანობის შემოწმებისას, ყურადღებას გაამახვილებს საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელიც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის:

- ა.ლ–ო - 25 წლის მანძილზე, ხოლო ი.ძ–ი 18 წლის მანძილზე დასაქმებულნი იყვნენ შპს „თ.ს.კ–იის“ ელ. მომარაგების სამსახურის განათების და საკაბელო ქსელების დისტანციის (მორიგე) ელ. მონტიორის პოზიციაზე. მხარეთა შორის არსებობდა უვადო შრომითი ურთიერთობა;

- მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებების თანახმად, ელ. მომარაგების სამსახურის განათების და საკაბელო ქსელების დისტანციის ელ. მონტიორი (მორიგე): პასუხს აგებს სამომსახურეო უბანზე არსებული განათების და საკაბელო ქსელის მოწყობილობების სწორ და გამართულ ფუნქციონირებაზე; უზრუნველყოფს 220/380 ვოლტი და 825 ვოლტის საკაბელო ქსელის გამართულ ფუნქციონირებას; პერიოდულად ამოწმებს დისტანციის დაქვემდებარებაში მყოფი 825 ვოლტი და 220/380 ვოლტის ქსელში ელ. მოწყობილობების მდგომარეობას და საჭიროების შემთხვევაში იღებს ზომებს ნაკლოვანებების დროულად აღმოფხვრისათვის და სხვა;

- „შპს „თ.ს.კ–იის“ საშტატო განრიგის, მისი ძირითადი პარამეტრების და საშტატო განრიგით განსაზღვრული თანამდებობების ძირითადი პარამეტრების დამტკიცების შესახებ“ გენერალური დირექტორის 2021 წლის 22 თებერვლის №21 ბრძანების №3 დანართით დადგენილი ელ. მომარაგების სამსახურის საშტატო განრიგით განსაზღვრული თანამდებობის ძირითადი პარამეტრების თანახმად ელ. მონტიორი (მორიგე) ექვემდებარება სავალდებულო სამედიცინო შემოწმებას ორ წელში ერთხელ;

- „დამსაქმებლის ხარჯით დასაქმებულის სავალდებულო პერიოდული სამედიცინო შემოწმების შემთხვევათა ჩამონათვალისა და წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 11 ივლისის №215/ნ ბრძანების №1 დანართის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი განსაზღვრავს სავალდებულო პერიოდულ შემოწმებას დაქვემდებარებულ საქმიანობათა და პირთა ჩამონათვალს, რომელიც მოიცავს მეტროპოლიტენის ან სხვა ტრანსპორტთან დაკავშირებულ საქმიანობას და ამ სფეროში მომუშავე დასაქმებულებსაც. ამავე დანართის მე-2 პუნქტში კი მითითებულია პირველი პუნქტით განსაზღვრული საქმიანობის დროს უკუნაჩვენები დაავადებები და ფიზიკური ანომალიები, მათ შორის მხედველობის დარღვევასთან დაკავშირებული დაავადებები;

- 2021 წლის 16 თებერვალს ა.ლ–ომ გაიარა სავალდებულო შემოწმება. ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შპს „მ–ის“ ამავე წლის 2 მარტის ცნობის თანახმად, ა.ლ– დიაგნოზია ანიზომეტროპია. სუბიექტური და ობიექტური მონაცემებით დარღვეულია ფერთა აღქმა. სამკურნალო და შრომითი რეკომენდაციები - არ დაიშვება სარკინიგზო და მეტროპოლიტენის ან სხვა ტრანსპორტთან დაკავშირებულ საქმიანობაზე, რომელიც უშუალოდ არის დაკავშირებული ტრანსპორტის მართვასთან და მოძრაობის უსაფრთხოებასთან მინისტრის ბრძანების შესაბამისად;

- შპს „თ.ს.კ–იის“ გენერალური დირექტორის 2021 წლის 10 მარტის №01/2-1/1/524 ბრძანებით, საქართველოს შრომის კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „ო“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ა.ლ–თან შეწყდა შრომითი ურთიერთობა 2021 წლის 13 მარტიდან. ა.ლ–ომ გათავისუფლების სანაცვლოდ მიიღო კომპენსაცია 2 თვის ხელფასის ოდენობით და 18 დღის ანაზღაურებადი შვებულების თანხა;

- 2021 წლის 23 მარტს ი.ძ–მა გაიარა სავალდებულო შემოწმება. ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შპს „მ–ის“ 2021 წლის 2 აპრილის ცნობის თანახმად, ი.ძ–ის დიაგნოზია: ასტიგმატიზმი, პრესბიოპია, ნისტაგმი. სუბიექტური და ობიექტური მონაცემებით აღინიშნება აკომოდაციის დარღვევა - ჰორიზონტალური თანდაყოლილი ნისტაგმი. სამკურნალო და შრომითი რეკომენდაციები - არ დაიშვება სარკინიგზო და მეტროპოლიტენის ან სხვა ტრანსპორტთან დაკავშირებულ საქმიანობაზე, რომელიც უშუალოდ არის დაკავშირებული ტრანსპორტის მართვასთან და მოძრაობის უსაფრთხოებასთან მინისტრის ბრძანების შესაბამისად.

- შპს „თ.ს.კ–იის“ გენერალური დირექტორის 2021 წლის 7 აპრილის №01/2-1/1/910 ბრძანებით, საქართველოს შრომის კოდექსის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ი.ძ–თან შეწყდა შრომითი ურთიერთობა 2021 წლის 10 აპრილიდან. ი.ძ–მა გათავისუფლების სანაცვლოდ მიიღო კომპენსაცია 2 თვის ხელფასის ოდენობით და 29 დღის ანაზღაურებადი შვებულების თანხა;

- შპს „ს.პ. ს.ს.ც.დ–ეს“ მიერ 2021 წლის 25 მარტს გაცემული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის თანახმად, ა.ლ– დიაგნოზია შერეული ასტიგმატიზმი, ანომალიური ტრიქრომაზია, აღენიშნება მხედველობის დაქვეითება, სამკურნალო და შრომითი რეკომენდაციები - შეირჩა შორსმხედველი სათვალე; დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრ შპს „ვ–ის“ 2021 წლის 11 აგვისტოს №09/02 დასკვნის თანახმად - ექსპერტიზისთვის წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ანალიზისა და ჩატარებული ექსპერიმენტის ფორმატში მიღებული მონაცემებიდან გამომდინარე, ა.ლ– ოფთალმოლოგიური სტატუსი (შერეული ასტიგმატიზმი, ანომალიური ტრიქრომაზია) არ უშლის ხელს შპს „თ.ს.კ–იაში“ ელ. მომარაგების სამსახურის განათების დისტანციის მორიგე ელ. მონტიორის ფუნქცია-მოვალეობების შესრულებაში. 2021 წლის 22 ივლისის სხდომაზე შპს „მ–ის“ დირექტორმა - ქ.ჯ–ძემ ა.ლ. შემთხვევაზე განმარტა, რომ ანიზომეტროპია ნიშნავს თვალის მიერ საგანთა აღქმის სიმკვეთრის ხარისხს, შპს „მ–ის“ ოფთალმოლოგის კონსულტაციის ბარათის თვალში იყო 60%. ასევე აღნიშნა, რომ 60% ნიშნავს იმას, რომ ა.ლ. საკუთარი მხედველობა თითოეულ თვალში ჰქონდა 60%, ხოლო სათვალის ტარების შემთხვევაში მას მხედველობა ორივე თვალში 100%-მდე უსწორდებოდა;

- შპს „ნ.ჰ–ის“ მიერ 2021 წლის 12 აპრილს გაცემული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის თანახმად, ი.ძ–ის დიაგნოზია დაბალი ხარისხის მიოპიური ასტიგმატიზმი, პრესბიოპია, ჰორიზონტალური ნისტაგმი. გაიცა რეკომენდაცია, რომლითაც პაციენტის მდგომარეობა არ ითვლება ხელის შემშლელ ფაქტორად დაკავებულ თანამდებობაზე მუშაობისთვის. დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრ შპს „ვ–ის“ 2021 წლის 10 აგვისტოს №09/04 დასკვნის თანახმად - ექსპერტიზისთვის წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ანალიზისა და ჩატარებული ექსპერიმენტის ფორმატში მიღებული მონაცემებიდან გამომდინარე, ი.ძ–ის ოფთალმოლოგიური სტატუსი (დაბალი ხარისხის მიოპიური ასტიგმატიზმი, პრესბიოპია, ჰორიზონტალური ნისტაგმი) არ უშლის ხელს შპს „თ.ს.კ–იაში“ ელ. მომარაგების სამსახურის განათების დისტანციის მორიგე ელ. მონტიორის ფუნქცია-მოვალეობების შესრულებაში. 2021 წლის 22 ივლისის სხდომაზე შპს „მ–ის“ დირექტორმა - ქ.ჯ–ძემ განმარტა, რომ ი.ძ–ის შემთხვევაში გაირკვა, რომ მას სათვალის გარეშე საკუთარი მხედველობა სათანადო ჰქონდა, მარჯვენა თვალში - 90%, მარცხენა თვალში - 70%. სათვალის შედეგად მასაც მხედველობა უსწორდება 100%-მდე;

- მოპასუხეს მოსარჩელეებისთვის, სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ 2021 წლის 28 ივნისამდე, სხვა პოზიციაზე დასაქმება არ შეუთავაზებია;

- 2021 წლის 28 ივნისს, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, მოპასუხემ მოსარჩელეებს შესთავაზა ავტოსატრანსპორტო მონიტორინგის სამსახურის, პერმანენტული კონტროლის მიმართულების კონდუქტორის პოზიციაზე დასაქმება. დამატებით მათ ეცნობათ, რომ კონდუქტორის პოზიციისთვის სამუშაო საათები დღის განმავლობაში შეადგენს საშუალოდ 15 საათს, 2 დღეში ერთხელ, ანაზღაურება - 635 ლარს, რასაც დაემატება ბონუსი, რაც თვის განმავლობაში საშუალოდ შეადგენს 850 – 900 ლარს (ხელზე მისაღები თანხა). ი.ძ–ი და ა.ლ–ო შეთავაზებას არ დაეთანხმნენ.

განსახილველ შემთვევაში, მხარეთა შორის არსებული შრომითსამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტის მიზეზად დამსაქმებელმა მიუთითა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 11 ივლისის №215/ნ ბრძანებით განსაზღვრული ჩატარებული სამედიცინო შემოწმების შედეგი - ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის თანახმად დასაქმებულები არ დაიშვებოდნენ სამუშაოზე, ვინაიდან მათი სამედიცინო დიაგნოზები ხელს უშლიდა სამუშაოს შესრულებაში.

საკასაციო პალატა ითვალისწინებს მხარეთა ახსნა-განმარტებებს, ექსპერტიზის დასკვნებს, სამედიცინო შემოწმებებს და დაკითხული მედიკოსების განმარტებებს და მიიჩნევს, რომ დასაქმებულებს სამედიცინო დიაგნოზები არ უშლიდა ხელს, შეესრულებინათ მათზე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 11 ივლისის №215/ნ ბრძანებით და შრომითი ხელშეკრულებით დაკისრებული მოვალეობები. პალატა ასევე ითვალისწინებს იმ გარემოებასაც, რომ დასაქმებულების სამედიცინო მდგომარეობა ექვემდებარებოდა მკურნალობას, რა შემთხვევაშიც შესაძლებელი იქნებოდა მხედველობის 100%-ით აღდგენა. ამასთან, ნიშანდობლივია, რომ არ დასტურდება მოსარჩელეების მდგომარეობის გამო დამსაქმებელი ორგანიზაციისთვის რაიმე ზიანის მიყენების ფაქტი. ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, სახეზე არ იყო შრომის კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ისეთი ობიექტური გარემოება, რასაც შეეძლოს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის გამართლება.

ზემოაღნიშნული არგუმენტაციის და საქმეში არსებული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, შპს „თ.ს.კ–იის“ გენერალური დირექტორის 2021 წლის 7 აპრილის №01/2-1/1/524 და №01/2-1/1/910 ბრძანებები არამართლზომიერია.

სადავო ბრძანებების ბათილად ცნობის საფუძვლების არსებობის პირობებში, საკასაციო პალატა გამართლებულად მიიჩნევს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ რესტიტუციის სახით კომპენსაციის განსაზღვრას და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაკისრებას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განსახილველი დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი და წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრულ, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, ვინაიდან: საქმე არ მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ასევე, არ ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი; სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. ამდენად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული, საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, შპს „თ.ს.კ–იის“ უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „თ.ს.კ–იის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ნოემბრის განჩინება;

3. შპს „თ.ს.კ–იას“ (ს/კ .....) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 1725 ლარის (საგადახდო დავალება №1675835377, გადახდის თარიღი 08.08.2023წ.) 70% - 1207.5 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ა. წულაძე

მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე

გ. მიქაუტაძე